რა სჭირს ლარს?

დოლარის გაუფასურების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს საკითხი ბოლო დროის ერთ-ერთი განხილვადი ეკონომიკური საკითხია. ამის კვალდაკვალ, უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მერყეობს _ გაუფასურებისა და გამყარების მონაცვლეობის ფონზე ის სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს ვერ იძლევა.

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკა+“-ს საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე ესაუბრა:
_ რა არის მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეს ნაბიჯი გადადგა?
_ რეალური ახსნა იმისა, რატომაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ რაოდენობის დოლარი შეისყიდა, ეს არის შემდეგი ოფიციალური ვერსია _ რეზერვების შევსება. თუმცა, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ბოლო პერიოდის რყევები, რაც ლარის კურსთან მიმართებით შეიმჩნევა, საერთოდ, არაადეკვატურია. ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის წესრიგში. განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა _ არც _ ინფლაცია, არც _ უმუშევრობა, არც _ ლარის მასა, ყველაფერი არის სტაბილურ დონეზე. ამის ფონზე, ამხელა რყევა, რაც დღეს ხდება ეკონომიკაში ლარის კურსთან მიმართებით, ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით, არის ძალიან არაადეკვატური და არარელევანტური რეალობა.
არ შეიძლება, კურსთან მიმართებით, ქვეყანაში იყოს ასეთი რყევა _ მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, რომელიც, თავიდან ბოლომდე, არის იმპორტიორი. კურსი ასე მაგრად მერყეობდეს იმის ფონზე, როდესაც ქვეყანაში სტაბილურობაა, არის ანომალია! ზაფხულის შემდეგ ლარმა რომ დაიწყო გაუფასურება _ და რაც ახლა ხდება, ვფიქრობ, რომ არის ხელოვნური ელემენტების შედეგი, რადაგან თავიდან დასახელდა, თითქოს, ტურიზმის სეზონი დასრულდა და შეჩერდა თანხების შემოდინება _ ამაში ვეთანხმები, მაგრამ ამას ამხელა რყევები ნამდვილად არ უნდა გამოეწვია.
მეორე მიზეზად დასახელდა ის, რომ ლირა გაუფასურდა თურქეთში და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოში ლარის კურსზე _ ამასაც მხოლოდ ძალიან მინიმალურ დონეზე უნდა მოეხდინა გავლენა. რეალურად კი ქვეყანაში ვიღებთ ისეთ სიტუაციას, რომლის ფონზეც რყევები, ფაქტობრივად, არის იმხელა, რომ ექსპორტიორები და იმპორტიორები გადალაგებას ვეღარ ახდენენ _ ქვეყანაში ისეთი მოლოდინებია შექმნილი, რომ არავინ იცის, მეორე დღეს ლარს რა დაემართება: გაუფასურდება თუ პირიქით _ გამყარდება? დღევანდელი ვითარებით ლარი გამყარებულია, მაგრამ რა ვითარების გამო, რატომ გამყარდა ის, არავინ იცის _ ზუსტად იგივე მდგომარეობაა, რაც ერთი თვის წინათ იყო. ეკონომიკური საფუძველი, ეკონომიკური ახსნა არ არსებობს ლარის კურსის მერყეობისა. ჩვენს ყველა შესაბამის პარტნიორ ქვეყანაში, ასე თუ ისე, სტაბილური ვითარებაა. ანუ თურქული ლირის გაუფასურება ამხელა გავლენას ჩვენ ქვეყანაზე ფიზიკურად ვერ მოახდენს. შიდა ფაქტორები რაც არის საქართველოში _ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, მეტ-ნაკლებად, ნორმალურია. ტურიზმის სეზონი უკვე დიდი ხანია, რაც დასრულებულია _ ველოდებით ზამთრის სეზონის გახსნას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ლარის კურსის დღევანდელი მდგომარეობა: რატომ მერყეობს ის ამხელა ამპლიტუდით?
_ თუ შეიძლება, რომ ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი შეფასდეს, როგორც დადებითი?
_ რეზერვების შევსების ახსნა არის ყველაზე სწორი ახსნა. რეზერვის შევსება, თავისთავად, დადებითი მოვლენაა. საერთაშორისო რეზერვებს ყველა ნორმალური ქვეყანა ავსებს პერიოდულად. 10 მილიონი დოლარი, რეალურად, არაფერი განსაკუთრებული რიცხვია. ეროვნულმა ბანკმა დოლარი შეისყიდა ბაზრიდან. ლარი საკმაოდ სწრაფად მყარდებოდა. დოლარზე მოთხოვნა იყო იმდენად მცირე, ვიდრე ის ბაზარზე იყო. ეს მოთხოვნა ეროვნულ ბანკს რომ გაეზარდა, ამიტომ იყიდა დოლარი. აქედან გამომდინარე, თუ მაშინ იყო კურსი 2.8, ეროვნულ ბანკს ეს 10 მილიონი დოლარი რომ არ შეესყიდა, კურსი, შეიძლება, უცბად გამხდარიყო 2.5. ზუსტად იმის გამო, რომ ეს არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა გადადგა ეს ნაბიჯი. ასე რომ, ერთადერთი დადებითი მომენტი გახლავთ რეზერვის შევსება.
თუმცა რეზერვების შევსება (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში) არ არის იმის ლოგიკური ახსნა, რატომ ხდება დღეს ლარის ასეთი გაუფასურება? ჩემთვის ეს მიზეზი არ არის იმიტომ, რომ მე კარგად ვიცი, რა არის რეზერვი, რა არის სავალუტო კურსი და კარგად ვიცი, როგორ დგინდება ბაზარზე სავალუტო კურსი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს მიმდინარე ვითარების შესახებ და უფრო გამჭვირვალე გახადოს ლარის კურსთან დაკავშირებული მოცემულობები.
-რამდენად გადაუდებელი იყო ეს ნაბიჯი?
_ იმ მომენტისთვის აუცილებელი იყო იმიტომ, რომ, რეალურად, ის ფონი, რაც შეიქმნა, იყო ხელოვნურად გაზრდილი _ მე ასე მჯერა _ ამიტომ ეს საპნის ბუშტი უცბად გასკდა _ ბანკებს აღარ სჭირდებოდა ამდენი უცხოური ვალუტა, სჭირდებოდა მისი მოშორება და, ამ მოშორების ფონზე, ლარი იმდენად სწრაფად მყარდებოდა, იმხელა ნახტომისებური ნაბიჯით, მაგ დროს რომ ეროვნული ბანკი არ ჩარეულიყო, ნამდვილად არ იქნებოდა სწორი. ამიტომ მან, ამ ფონზე, სწორი ნაბიჯი გადადგა _ რეზერვები შეავსო და ლარის სწრაფი გამყარება შეაჩერა. მაგრამ ფონი რატომ არის ასეთი, ჩემი აზრით, სწორედ ამ კითხვაზე გვჭირდება ჩვენ ეროვნული ბანკის პასუხები.
_ ამ ჭრილში რომ განვიხილოთ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების რისკები, რა სურათს მივიღებთ?
_ ასეთი ტიპის რისკების ქვეშ ჩვენ ყოველთვის ვართ იმიტომ, რომ იმპორტიორი ქვეყანა ვართ და, ისტორიულად, დოლარზე ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს და გვექნება კიდეც, სანამ ქვეყანაში გარკვეული ფუნდამენტური ძვრები არ მოხდება. ლარის ასეთი მერყეობა შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ რისკად, რამაც შეიძლება, ქვეყნის ეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. დესტაბილიზაცია შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა გარკვეული, მცირე კრიზისები მაინც იქნება თანმდევ პროცესებთან მიმართებით.
რეალურად, სხვა ეკონომიკური უსაფრთხოების მიზეზები, მიმდინარე ეტაპზე, მაინცდამაინც, შესამჩნევი არ არის. ასე თუ ისე, ყველა მაჩვენებელი წესრიგშია. პრობლემა არის ის, რომ ეკონომიკური ძვრა, ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაბალია. ამას ემატება ის, რომ ეროვნულმა ბანკმა დააანონსა ახალი რეგულაციები. მართალია, ეს რეგულაციები წლის ბოლომდე გადაიდო, მაგრამ ამანაც, შეიძლება, გარკვეული ზემოქმედება იქონიოს ეკონომიკაზე ზრდის თვალსაზრისით იმიტომ, რომ თუ ქვეყანაში დაკრედიტება შემცირდა (ანუ ბანკებმა შეამცირა სესხების გაცემა), ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. საზოგადოებისა და ეკონომიკური სუბიექტების აქტივობა, რეალურად, დამოკიდებულია სწორედ იმ თანხებზე, რაც ტრიალებს ქვეყანაში _ ის, რაც ჯიბეში გვაქვს. იმის ფონზე, როცა ეკონომიკურ სუბიექტს ჯიბეში არასაკმარისი ფული აქვს, ის, ავტომატურად, მიდის ბანკში სესხის ასაღებად. ბანკი ხდება მისთვის საკუთარი მოკლევადიანი მოთხოვნილებების დაფინანსების ერთადერთი რეალური წყარო.
თუკი ეროვნული ბანკი ამ ერთადერთ წყაროს შეზღუდავს და ბანკებს აუკრძალავს გარკვეული კრიტერიუმებისა და კატეგორიების სესხების გაცემას, ეს აუცილებლად იმოქმედებს ეკონომიკურ სუბიექტებზე _ ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი მოკლევადიანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას _ ვეღარ აიღებენ სესხს. ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან.
დღეს ჩვენ არ გვაქვს ინფლაციის ისეთი მაჩვენებელი, რომ ის დასაძლევი იყოს. აქ საუბარია რეალურ გარემოზე _ იმ გარემოზე, რაც ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს და იმ ეკონომიკური სუბიექტების აქტივობებზე, ვინც ასევე ჩვენ ირგვლივაა. ეკონომიკური სუბიექტების მასა რომ ავიღოთ, არის არამსყიდველობითუნარიანი _ მათი შემოსავლები, ფაქტობრივად, ძალიან შორს დგას მოკლევადიანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისგან. ისინი თავიანთი შემოსავლით, ფაქტობრივად, თვიდან თვემდე ძლივს ახერხებენ თავის გატანას _ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. იმის იქით უკვე (ოჯახში რომ დამატებითი მოთხოვნილებების საჭიროება გაჩნდეს) ეს პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული სესხებთან.
სესხების შემცირების, შესაბამისი რეგულაციების შემოღების ფონზე საზოგადოების მსყიდველობითუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდება. ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი ეკონომიკურ სუბიექტებს ეუბნება, რომ თუ შენ შენი ხელფასით არ გაქვს იმის საშუალება, რომ იყიდო ახალი მაცივარი ან _ ახალი ტელევიზორი, მაშინ განვადება არ უნდა გააკეთო. დაახლოებით, ასეთი შედარება შეიძლება, გაკეთდეს.
ამრიგად, სესხებისა და ახალი რეგულაციების შემოღება სერიოზულ პრობლემებს შექმნის ეკონომიკაში მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით.
ერთი შედეგი არის ის, რომ რეზერვი შეივსო 10 მილიონი დოლარით, მეორე შედეგი კი არის ის, რომ არ მოხდა ლარის მყისიერი გამყარება და მოხდა სტაბილური გამყარება, რაც კარგია.
_ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გავლენაზე თუ შეგვიძლია საუბარი?
_ ის არის ჩვენი ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც, პერიოდულად, გვაძლევს რეკომენდაციებს ფინანსურ სისტემაში გასატარებლად ეროვნული ბანკის მიმდინარე ნაბიჯების შეფასებით. თუმცა ის, რომ სსფ-მა რაიმე გავლენა იქონიოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე _ ასე არ მოხდება. სსფ-ი არის ჩვენი ერთ-ერთი კრედიტორი, რომლის ვალიც ჩვენ ძალიან დიდი გვაქვს. მეორე მხრივ, ის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ბევრ ქვეყანას ძალიან ბევრ რეკომენდაციას აძლევს.

მარიამ ტიელიძე