სანდრო, იგივე ალექსანდრე _ ორი ბატონის მსახური


თბილისის ქუჩებში ბანერები ლოზუნგით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ წინანდალში მცხოვრები ბიზნესმენის, ალექსანდრე, იგივე სანდრო მეგუთნიშვილის დაკვეთით განთავსდა. როგორც მეგუთნიშვილი აცხადებს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში იგი უკანონოდ დააკავეს და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს, აღნიშნული ბანერები კი მისი პროტესტის გამოხატულებაა.

წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორის, ალექსანდრე მეგუთნიშვილის თქმით, ბანერების დამზადებისა და განთავსებისთვის 51 841 ლარი დახარჯა.
„წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა დავით ლორთქიფანიძემ, ზურაბ ლალიაშვილმა და ზურაბ გრძელიშვილმა დიდი ოდენობით თანხა გამომძალეს. მაიძულეს, მათთვის ავტომობილები შემეძინა და თანხა გადამერიცხა. დამაკავეს და ციხეში არაადამიანურ პირობებში ვიყავი. ამის დავიწყება შეუძლებელია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო დავა დავიწყე, რომელიც 4 წელი გაიწელა. 2016 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება _ 135 ათასი დოლარი _ უკან დამიბრუნა. ამ თანხის ნაწილი _ 60 ათასი ლარი _ 2016 წლის პირველ სექტემბერს უკან დავაბრუნე, ანუ „ქართულ ოცნებას“ შევწირე. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია არ დამიფინანსებია. გადავწყვიტე, ბანერები დამემზადებინა. კონსულტაციებისთვის ტელეკომპანია „ობიექტივის“ დამფუძნებელ მირიან ყარაულაშვილს შევხვდი და მან მოაგვარა ყველაფერი“, – ამბობს ალექსანდრე მეგუთნიშვილი.
თბილისში ახალი ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ გუშინ გამოჩნდა. ბანერებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები არიან გამოსახულნი.
სანდრო მეგუთნიშვილი იხსენებს, როგორ არაადამიანურად ეპყრობოდნენ მას და მის თანამშრომლებს თელავის პოლიციაში და შემდეგ უკვე გლდანის მერვე საპყრობილეში.
„რუსთავი2-თან“ სატელეფონო საუბრის დროს მეგუთნიშვილი ამბობს, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა. თუმცა ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ პირები, რომლებმაც მაშინ მას თანხა გამოსძალეს, ამ დრომდე ხელისუფლებაში რჩებიან.
„ჯერ კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემს დაჭერაში მიიღეს მონაწილეობა. ის, ვისთანაც ფული მივიტანე, დღეს ამ ხელისუფლებას კი უზის ბუნების დაცვაში და მეორე დღესაც სუს-ში მუშაობს.
ეს ვერ ვაპატიე ამათ. მე მოვითხოვე, რომ ბანერზე ეგენიც ყოფილიყვნენ გამოკრულები, მაგრამ მსხვილები დაბეჭდეს, ეგეც სასაყვედურო მაქვს. დიზაინი ჩემთან ერთად შეარჩიეს, მომეხმარნენ. ვინ დამეხმარა და ჩემი მეგობარია ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს, მირიან ყარაულაშვილი. მე ჩემი ფეხით მივედი. 10 დღეზე მეტია, დავდივარ თბილისში კონსულტაციებზე. მე ვთხოვე, ამ 50 ათასი ლარის ფარგლებში მინდა, რომ შევწირო. მირიანი აგვარებდა ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილის კამპანია მე დავაფინანსე ბანერებით“, _ აცხადებს „წინანდლის ღვინის ქარხნის“ მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილი.
„ქრონიკა+“-მა გაარკვია, ვინ არის ის ყოფილი კუდელი, ვისზეც მეგუთნიშვილი საუბრობს. ზაზა უზუნაშვილი კახეთის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის უფროსია. ის ჯერ კუდ-ში ხოლო მოგვიანებით უკვე სუს-ში მუშაობდა. უზუნაშვილი პაატა ბატიაშვილის ახლო მეგობარი და მარჯვენა ხელია. შესაბამისად, როდესაც პაატა ბატიაშვილი სუს-ის მაღალჩინოსანი გახდა, უზუნაშვილი თან წაიყვანა. მოგვიანებით კი ბატიაშვილი გარემოსდაცვით სამინისტროში გადავიდა და შემდეგ იქ გადაიყვანა მეგობარი სამუშაოდ. სწორედ ამ ადამიანზეა დღეს გაბრაზებული მეგუთნიშვილი, როგორც საუბრობს, თუმცა მიუხედავად თავისი გაბრაზებისა, არ მალავს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს, სადაც მას მისი ძველი, თელავის რაიკომის დროინდელი მეგობარი მირიან ყარაულაშვილი ეხმარება. მირიან ყარაულაშვილი სოსო გოგაშვილის პროტეჟეთი დღეს „ქართული ოცნების“ ანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობს. ე. ი. მეგუთნიშვილისა და გოგაშვილის საერთო ინტერესები აქ გაერთიანდა, რადგან უზუნაშვილი, როგორც პაატა ბატიაშვილის მეგობარი, ბატიაშვილთან ერთად გაათავისუფლა გოგაშვილმა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეგუთნიშვილს სახელმწიფომ კუთვნილი ყველა „პრადო“ დაუბრუნა, ასევე დაუბრუნეს თანხაც. დავა, რაზეც მას ლალიაშვილთან ჰქონდა 2012-2015 წლებში, საბოლოოდ მეგუთნიშვილის სარგებელით დასრულდა. დღეს მეგუთნიშვილს ყველა ზარალი ანაზღაურებული აქვს.

სანდრო მეგუთნიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ზაზა უზუნაშვილი ასე ეხმაურება:
„სანდრო მეგუთნიშვილი რომ ყ*** იყო, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ თუ ამ დონის პიტალოც იყო, ამას ვეღარ წარმოვიდგენდი. ამ პრემიქსით გასიებულმა ღორმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ დამზადებული ბილბორდები მისი დაფინანსებულია და ამ საქმის მოგვარებაში მას დახმარებას უწევდა მირიან ყარაულაშვილი, რომელიც მუშაობს „ქართულ ოცნებაში“. ამ ***ლეთაოზას ვინმემ აუხსენით, რომ თავისი უტვინო განცხადებით უხერხულ სიტუაციაში აყენებს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ვინაიდან ეს შემოწირულობად ითვლება, რომელიც არ არის დეკლარირებული და პრეზიდენტობის კანდიდატს აუდიტის სამსახურის მხრიდან ფინანსური სანქციები ემუქრება“.

უფრო ადრე კი უზუნაშვილი მეგუთნიშვილის ბრალდებებს ასე გამოეხმაურა:
„მე გახლავართ ქ. თელავში მცხოვრები ზაქარია უზუნაშვილი; თუ პატივს დამდებთ, რამდენიმე წუთს გამონახავთ და ამ წერილს წაიკითხავთ, თქვენთვის ნათელი გახდება, რომ მე გავხდი 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახალი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესს ამოფარებულ, შარლატანი, ცილისმწამებელი და თაღლითი პიროვნების, თელავის რაიონში „მოღვაწე“ ე. წ. ბიზნესმენის _ ალექსანდრე მეგუთნიშვილის ცილისწამებისა და შანტაჟის მსხვერპლი.
ცილისწამების მსხვერპლი იმიტომ, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებიდან დღემდე, 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად და გეგმაზომიერად, ეს პიროვნება ცილს მწამებს ათასგვარ უღირს საქციელსა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, რასაც პერიოდულად აქვეყნებს პრესაში, ასევე მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში, რომელიც მიძღვნილია სამართლიანობის აღდგენის თემასთან;
შანტაჟის მსხვერპლი იმიტომ, რომ მისი ქმედებები იყო და არის განპირობებული მხოლოდ ერთი მოტივით, შანტაჟის გზით გამომძალოს გარკვეული თანხა.
ქალბატონო ინგა, ა. მეგუთნიშვილმა 2016 წლის აპრილის თვეში მონაწილეობა მიიღო თქვენს გადაცემაშიც, სადაც მის მიერ გამოთქმულ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად (ობიექტურობის პრინციპებიდან გამომდინარე) გადაცემის მსვლელობისას, სამწუხაროდ, არავინ დამკავშირებია და არ შემოუთავაზებია ჩემი პოზიციის დაფიქსირება. სწორედ ჩემი პოზიციის დაფიქსირებად ჩათვალეთ ეს წერილი.
მთელი ამ წლების განმავლობაში, იმის გამო, რომ ვმუშაობდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საჯარო მოხელის თმენის ვალდებულების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, თავს შეგნებულად ვიკავებდი მეგუთნიშვილის ბინძურ პასკვილებზე პასუხის გაცემისგან. მეტიც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემდამი უსაფუძვლო ბრალდებებით არ შელახულიყო ჩემი სამსახურისა და კოლეგების ღირსება, საკუთარი ნებით დავტოვე თანამდებობა და სუს-ის რიგები. გაგიკვირდებათ და ეს სუბიექტი თავის გარემოცვაში ტრაბახობს, რომ ჩემი განთავისუფლების სანაცვლოდ სუს-ის ცალკეულ მაღალჩინოსნებს გადაუხადა გარკვეული თანხა, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ მეგუთნიშვილის ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია. სამსახურიდან წამოსვლისა და რამდენიმეთვიანი უმუშევრობის შემდეგ, საკონკურსო წესით (და არა ვინმეს მფარველობით და ხელშეწყობით, როგორც ამას მეგუთნიშვილი წერს მის მიერ შექმნილ ერთ-ერთ მომდევნო „შედევრში“) დავინიშნე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ერთ-ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. არც აქ ასვენებს გამჩენი მეგუთნიშვილს და მიჰყო ხელი ახალი ცილისმწამებლური განცხადებების წერას (დაწყებული სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურიდან, დამთავრებული თვით პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილებით), პარალელურად კი გამომიგზავნა შუამავალი, მისთვის გარკვეული თანხის (კერძოდ 30.000 ლარის) გადახდის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მემუქრება ჩემი ღირსების შემლახველი სტატიების თუ ინტერვიუების გამოქვეყნებით.
ქალბატონო ინგა, ყოველივე ზემოაღნიშნულით იმიტომ შეგაწყინეთ თავი, რომ, როგორც მეგუთნიშვილის გარემოცვიდან ჩემთვის გახდა ცნობილი, იგი უახლოეს პერიოდში კვლავ გეგმავს თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღებას, რათა კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს თავი „სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის მსხვერპლად“, ხოლო მე _ ამ რეჟიმის ერთ-ერთ „თვალსაჩინო წარმომადგენლად“.
აქვე მოკლედ მოგასენებთ ა. მეგუთნიშვილის თაღლითური ჩანაფიქრის არსს: საქმე ის არის, რომ ა. მეგუთნიშვილმა, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, 2010 წელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (უმოწყალოდ სცემა) და ხელკეტებით საკუთარი ავტომანქანა დაუმტვრია შსს კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს, ჩემს კოლეგა ზურაბ გრძელიშვილს. მომხდარ ფაქტზე შსს თელავის რაიონულ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დააკავეს ა. მეგუთნიშვილი და მისი თანამზრახველები, რომლებიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იგრძნო რა ა. მეგუთნიშვილმა შანტაჟის გზით ფულის გაკეთების მარტივი შესაძლებლობა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იჩივლა „სამართლიანობის აღდგენის“ მოტივით, ბინძური ბრალდებებით შეთითხნილ სარჩელში კი მიუთითა, თითქოს იგი უსაფუძვლოდ დააკავეს, გამოსძალეს თანხა, არაადამიანურად ექცეოდნენ ციხეში (წარმოიდგინეთ, 2012 წელს ვინ არ დაიჯერებდა კუდ-ის თანამშრომლების მიმართ ასეთ ბრალდებებს, ანდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტს), რის ფონზეც კახეთის კუდ-ის ყოფილ უფროს ზურაბ ლალიაშვილს გამოსძალა 80.000 აშშ დილარი, ხოლო მის მიერვე უმოწყალოდ ნაცემ ზურაბ გრძელიშვილს გამოსძალა 30.000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ემუქრებოდა დაჭერით.
სასურველი თანხის მიღების შემდეგ, ა. მეგუთნიშვილმა პროკურატურიდან გამოიტანა საჩივარი და „დაასრულა“ სამართლიანობის აღდგენის პროცესი. საქმე ის არის, რომ როგორც გარკვეული პერიოდის წინ პირისპირ შეხვედრაზე განმიცხადა, ზემოაღნიშნულ პირებს არ დაასვენებს მთელი ცხოვრება და პროკურატურაში ხელახალი ჩივილის შანტაჟით, პერიოდულად „აახევს“ (მისი ტერმინია) გარკვეულ თანხებს, ასევე მეც არ მომცემს საჯარო სამსახურებში მუშაობის საშუალებას, თუ არ გადავუხდი 30.000 ლარს (იმ თანხას, რომელიც გადაიხადა პროკურატურასთან ზემოთ ნახსენები საპროცესო შეთანხმებისას), წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში მიჩივლებს მხოლოდ მე.
სწორედ ამის გაკეთებას აპირებს თქვენს გადაცემაშიც, სადაც მე დამასახელებს მისი დაკავების ინსპირატორად და ინიციატორად, დამაბრალებს მისთვის პერიოდულად სხვადასხვა ოდენობით თანხის გამოძალვას, დამადანაშაულებს შსს-სთვის მანქანების ყიდვის დაძალებაში, მისი საქმის გამოძიების პროცესში მოწმეებსა და მოსამართლეზე ზეწოლასა და სხვა, მისი ავადმყოფური წარმოსახვით ნაკარნახევ მრავალ სიბინძურეში (რაც აქამდეც შეუთითხნია და გამოუქვეყნებია მედიაში და რაც არაერთხელ დაუფიქსირებია პროკურატურაში ჩემ მიმართ შეტანილ საჩივრებში).
თვით ის ფაქტი, რომ მე დღემდე დაპატიმრებული არ ვარ (ან როგორ დამაპატიმრებენ იმისთვის, რაც არ ჩამიდენია), მეგუთნიშვილისთვის მეორეხარისხოვანია, მთავარი კი არის ნებისმიერი გზით ჩემი დაშანტაჟება, რათა მიიღოს მისთვის სასურველი, ნანატრი, ერთადერთი, ყველაზე ახლობელი და ძვირფასი, ორგანულად მისი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი (რის გარეშეც მას ცხოვრება არარაობად მიაჩნია) _ ფული. მისთვის არ არსებობს არც ნათესავი და ახლობელი, არ ჰყავს მეგობრები, ვერ ამჩნევს გაჭირვებულს, არ იცის, რა არის სარწმუნოება და ეკლესია, უცხოა ქველმოქმედება და პატივისცემა. მისთვის ბიბლია იწყება ფრაზით: „პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ფული“. იშვიათად თუ შემხვედრია ცხოვრებაში პიროვნება, ფულისადმი ასეთი მანიაკალურ-შიზოიდური მისწრაფებით და სიყვარულით.
ფულის გამოძალვის პირველი ეტაპის შემდეგ, თავის უნამუსო ინტერვიუებში და წერილებში, ა. მეგუთნიშვილი, ჯერჯერობით, აღარ ახსენებს ზემოთ მითითებულ პირებს, ასევე დროებით აღარ აქვს პრეტენზიები თელავის მერის მოადგილე ა. საჩიშვილთან, რომლის მფარველობაში თქვენს გადაცემაში ადანაშაულებდა პარლამენტის დეპუტატ ი. სესიაშვილს (არც მთლად ისეთი უტვინოა მეგუთნიშვილი, რომ არათანაბარ წონით კატეგორიაში იჭიდავოს). ეს პროცესიც დროებით გადადო სამომავლო ხელსაყრელი დროისთვის. ყოველივე აღნიშნულის ფონზე კი მეგუთნიშვილს შემოსავლის პოტენციურ წყაროდ დავრჩი მე, რომელსაც, გარწმუნებთ (და ეს მარტივად შეგიძლიათ თელავში გადაამოწმოთ), საჯარო სამსახურში მუშაობით არანაირი ფული და ქონება არ მიშოვია. ელემენტარულად იმის ფინანსური საშუალებაც კი არ გამაჩნია, რომ ადვოკატი დავიქირავო და სამართლებრივი გზით დავამტკიცო ჩემი სიმართლე.
ქალბატონო ინგა, ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს, უბრალოდ, იმისთვის, რომ იცოდეთ, თუ რა შუბლის ძარღვგაწყვეტილ არამზადასგან მოგიწევთ ინტერვიუს აღება თქვენს გადაცემაში, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ „რამდენიმე ეპიზოდი ა. მეგუთნიშვილის ცხოვრებიდან“:
თელავის რაიონის საზოგადოებისათვის ა. მეგუთნიშვილი ცნობილი ხდება 1990-იანი წლებიდან, როგორც კორუმპირებული საჯარო მოხელე, როდესაც იგი დაინიშნა თელავის რაიონის გაგეობაში მიწათმომწყობის თანამდებობაზე. საკმაოდ მსუყე თანამდებობა იყო, საიდანაც იშოვა დიდძალი ფული, კერძოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით და კორუფციული გარიგებებით გაყიდა რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწები, აგრეთვე საძოვრები. თითოეული მიწის ნაკვეთის ცალკეულ პირებზე გასხვისების სანაცვლოდ, ქრთამის სახით იღებდა მნიშვნელოვან თანხებს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მეგუთნიშვილი ერთი და იგივე მიწის ნაკვეთს ჰყიდიდა რამდენიმე პირზე. თელავის რაიონის სოფ. ყარაჯალის მცხოვრებლებს მიჰყიდა აღნიშნული სოფლის მიმდებარე ქართული სოფლების: ვარდისუბნისა და რუისპირის მნიშვნელოვანი ტერიტორიები (სამოსახლო და საკარმიდამო ნაკვეთები), შედეგად აზერბაიჯანული დასახლების ტერიტორია თითქმის 1 კილომეტრით გაიზარდა. პარალელურად გამსხვილდა მეგუთნიშვილის ჯიბე და გაიზარდა მისი ამბიციები. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მიითვისა სოფ. ყარაჯალაში მდებარე, ერთ-ერთი ქართველი პიროვნების კუთვნილი რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობები, შედეგად დაზარალებული პიროვნება ნერვიულობის ფონზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მეგუთნიშვილს ამჟამად გაშენებული აქვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაო, რომელიც გამოირჩევა ანტისანიტარიით და სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს დედაქალაქს, სადაც აღნიშნული სასაკლაოდან ყოველდღიურად იგზავნება დიდი რაოდენობით დაბინძურებული საქონლის ხორცი. საზოგადოებაში ტრიალებს ლეგიტიმური აზრი, რომ ხორცის სარეალიზაციოდ აუცილებელ ვეტერინარიულ ცნობებს, საქონლის ხორცის სათანადო შემოწმების გარეშე, გასცემს უშუალოდ მეგუთნიშვილი, რისთვისაც საქონლის მეპატრონეებისგან იღებს გარკვეულ თანხებს. სასაკლაოს ირგვლივ კი სუფევს ანტისანიტარია, რაც გამოწვეულია სასაკლაოს ტერიტორიაზე დახოცილი საქონლის ნარჩენების დაყრით, რასაც, როგორც ზოგადად სჩვევია, ეს არამზადა აბრალებს სოფ. ყარაჯალის მოსახლეობას.
გარდა იმისა, რომ მეგუთნიშვილმა გაყიდა გომბორის მთის საძოვრები, დაახლოებით 300 ჰა საძოვარი მიითვისა უშუალოდ თვითონ, რომელიც გაფორმებული აქვს მისი ნდობით აღჭურვილ პირებზე. აღსანიშნავია, რომ საძოვრებზე მყოფ მწყემსებს მეგუთნიშვილი თითო სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ახდევინებს 5 ლარს.
მეგუთნიშვილმა მიითვისა მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის, სოფ. სანიორეში მცხოვრებ აწ გარდაცვლილი ნოდარ საქუაშვილის კუთვნილი, დაახლოებით 700 ჰა საძოვარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე სხვა პირებზე აქვს გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ საძოვრებზე ცხვრის გამოსაზამთრებლად, თითო ფარის მეპატრონისგან, მეგუთნიშვილი იღებს 20-30 ათას აშშ დოლარს. ნოდარ საქუაშვილი იყო „ენმ“-ის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი, რომლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაც, თელავის რაიონის მოსახლეობაში გავრცელებული მოსაზრებით, უკავშირება სწორედ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბიზნესინტერესებს, რის გამოც იგი თითქოსდა მოწამლეს, ხოლო ყოველივე აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მხარე, ვინც განსაკუთრებული სარგებელი ნახა (ზემოხსენებული 700 ჰა საძოვრის მითვისებით), არის სწორედ ა. მეგუთნიშვილი.
მან ასევე გადააგდო და შანტაჟის გზით მოიშორა ნ. საქუაშვილის რამდენიმე კომპანიონი (აზერბაიჯანელი ეროვნების პირები), რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ აღნიშნული საძოვრების შესყიდვით და ნ. საქუაშვილის ოჯახისთვის გადახდილი ჰქონდათ დაახლოებით 200.000 აშშ დოლარი. მითითებულ პირებს მეგუთნიშვილი დაემუქრა პროკურატურაში ჩივილით, საქმის შეკერვით და დაპატიმრებით, რის შემდგომაც ისინი გადაიხვეწნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და ელოდებიან შესაფერის დროს მათი კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად და ამ ნაძირალასთვის სამაგიეროს მისაგებად.
საყურადღებოა, რომ ა. მეგუთნიშვილი არის სოციალურად საშიში პიროვნება, რეციდივისტი, მრავალჯერ ნასამართლევი. თუმცა, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან სიახლოვის გამო იგი სისტემატურად თავს იძვრენდა რეალური სასჯელის მოხდისგან. მაგალითისთვის: ა. მეგუთნიშვილმა ცულით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თელავის რაიონის ყოფილ დეპუტატ თ. ხიდაშელს. პროკურატურამ კი მკვლელობის მცდელობის მუხლი მეგუთნიშვილს შეუცვალა ხულიგნობის მუხლით და ჯარიმის სახით მიზერული თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სანაცვლოდ კი მეგუთნიშვილი, სისტემატურად, მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევდა ენმ-ს წინასაარჩევნო პერიოდებში, მათ შორის, განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო წინასაარჩევნო პერიოდში.
მედროვე, ყველა მთავრობას მორგებული საცობი _ ალექსანდრე მეგუთნიშვილი ამჟამად აცხადებს, რომ არის „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი და ვინაიდან, მისი თქმით, დააფინანსა 2016 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია, ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ მე გამათავისუფლონ სამსახურიდან და საერთოდ ამიკრძალონ საჯარო სამსახურში მუშაობა. თუმცა არაფერს ამბობს, თუ ვისი მხარდამჭერი და დამფინანსებელი იყო 2012 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლით. არ ახსენებს ასევე, რომ ენმ-ის მმართველობის წლებში მასზე არანაკლებ არამზადა მისი ძმა, პათოლოგიური ლოთი არჩილ მეგუთნიშვილი, იყო თელავის რაიონის სოფ. წინანდლის გამგებელი, ენმ-ის კოორდინატორი წინანდლის ზონაზე და ენმ-ის რაიონული შტაბის წევრი. მას ასევე შექმნილი ჰქონდა ზონდერ-ჯგუფი, რომლის მეშვეობით ფიზიკურად უსწორდებოდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კონკურენტად, წინანდლის საარჩევნო უბანზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა არჩილ მეგუთნიშვილმა, რითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გარკვეული რაოდენობის ხმების დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა, მით უმეტეს, რომ მას სერიოზულ კონკურენციას უწევდა ენმ-ის კანდიდატი. სწორედ ეს გარემოება გამოიყენეს ძმებმა მეგუთნიშვილებმა ხელისუფლების დასაშანტაჟებლად და მიაღწიეს იმას, რომ არჩილ მეგუთნიშვილის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ, მას სამსახური დააწყებინეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში. მისი სამსახური კი გამოიხატება სამუშაო საათების დასრულებამდე (ნასვამ მდგომარეობაში) კაბინეტში ძილში.
ძმები მეგუთნიშვილების პილიტიკურ ორიენტაციაზე ჩემს შესაძლო სუბიექტურ აზრს გაამყარებს სიუჟეტი, რომელიც გადაღებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, ჯერჯერობით, არაფერს ვამბობ ალექსანდრე მეგუთნიშვილის პიროვნების მორალურ-ზნეობრივ ასპექტებზე. ამ ეტაპზე (დროებით) ამ თემის დაწვრილებით განხილვისგან თავს შევიკავებ სწორედ ჩემი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, მით უმეტეს, რომ ამ ფაქტების გასაჯაროება, შესაძლოა, გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს ცალკეულ პირთა მხრიდან არაკაცი ალექსანდრე მეგუთნიშვილის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებისა“.
დაბოლოს, 2012 წლის არჩევნებზე სანდრო მეგუთნიშვილის ძმა, არჩილ მეგუთნიშვილი, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დასდევდა და სოფელ წინანდალში უბრალო პლაკატების გაკვრას უკრძალავდა და ასე მიმართავდა ჟურნალისტებს: „დავაიიი“, დაახვიეთ!

P. S. ასე ხდება, როცა ორი ბატონის მსახური ხდები…

მაკა მოსიაშვილი