საქართველოს ოთხი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის ორი კანდიდატის ანატომია

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევს. ბოლოჯერ იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, ამის შემდეგ ხალხს, რომელიც ხელისუფლების წყაროა, პრეზიდენტის არჩევას აღარავინ შეეკითხება და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ე. წ. ხმოსნები გამოავლენენ. ზოგადად, ხმოსნების მიერ ქვეყნის უმაღლესი მმართველის არჩევა დასავლეთში აპრობირებულია, მაგრამ ისეთ პატარა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კორუფცია ყვავის, ანუ თანამდებობებზე ნაცნობ-მეგობრობით ინიშნებიან, „ხმოსების პრაქტიკა“ არცთუ მომხიბვლელად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, არსებობს საშიშიროება, რომ მას შემდეგ, რაც მეხუთე პრეზიდენტი თავისი მოღვაწეობის ვადას ამოწურავს, ამ პოსტს ის დაიკავებს, ვისაც ფულოსანთა ვიწრო ჯგუფი გაუწევს ლობირებას.

რა იქნება მომავალში? _ ამას, რასაკვირველია, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა თუ არსებული რეალობით, უფრო სწორად, წარსულით ვიხელმძღვანელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პრეზიდენტის სავარძელი დაწყევლილია. ყოველ შემთხვევაში, ყველა პრეზიდენტმა (გიორგი მარგველაშვილის გამოკლებით), რომელიც აქამდე გვყოლია, საკუთარი მოღვაწეობა ან ფატალურად დაამთავრა (ზვიად გამსახურდია), ან პოსტიდან წასვლის შემდეგ ემიგრანტად იქცა (მიხეილ სააკაშვილი).
ყველაფერ ამის მიუხედავად, ყველა პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში თავისი კვალი მაინც დატოვა, თუმცა ამას ვერ ვიტყვით, ჯერჯერობით, მოქმედ მთავარსარდალზე, რომელიც ბოლო დროს საეჭვოდ არის გაუჩინარებული, თუმცა ვიდრე გიორგი მარგველაშვილის მოღვაწეობას მიმოვიხილავთ, ისტორიის მოყოლა თავიდან დავიწყოთ. საამისოდ კი საჭიროა, ორი ათეულით უკან დავბრუნდეთ.
ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად 1991 წლის გაზაფხულზე შემოიღეს. ამ დროს საქართველოს სათავეში უკვე ეროვნული ხელისუფლება იყო. შესაბამისად, 1991 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტის თანამდებობა დაწესდა და მაშინ მოქმედ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები და დამატებებიც შევიდა. იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რესპუბლიკის პრეზიდენტად უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია აირჩია. დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ კი, 1991 წლის 26 მაისს, საქართველოში პირველი საერთო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა.
გამსახურდიას პრეზიდენტობა წინააღმდეგობებით იყო სავსე და ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც ჰქონდა. ჯერ ერთი, ქვეყანა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემიდან ახალი გამოსული იყო და არათუ მოსახლეობამ, თავად პოლიტიკოსებმაც არ იცოდნენ პოლიტიკის კეთება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს პოლიტიკური კლასიც არ გვქონდა და ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ხალხს და, მათ შორის, იმ ადამიანებსაც, რომლებიც ქვეყნის მართვაში მონაწილეობდნენ, რაღაცნაირად, ცეკა-ს მდივანი ეგონათ, ანუ ზოგს მიაჩნდა, რომ პრეზიდენტის სიტყვა სიმართლის ბოლო ინსტანცია იყო და იმას, რასაც ქვეყნის მთავარსარდალი იტყოდა, წყალი არ უნდა გასვლოდა.
ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტობაზე ასეთივე წარმოდგენა შესაძლოა, თავად გამსახურდიასაც ჰქონდა. ამიტომაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მის მმართველობაში ერთპიროვნული მართვის ნიშნები გამოიკვეთა. შესაბამისად, ყველაფერმა ამან ოპოზიცია გააღიზიანა და, საბოლოოდ, ძმათამკვლელ ომსა და სამხედრო გადატრიალებამდე მივედით.
ისე, სიმბოლურია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას ებრძოდნენ, დღესაც არათუ პოლიტიკაში არიან, არამედ, გვიკიჟინებენ, რომ „პრინციპული არჩევანი“ გავაკეთოთ და მთავარსარდლობა სალომე ზურაბიშვილს ვუფეშქაშოთ. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ გოგა ხაინდრავა, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტობის მოსურნე სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია და რომელიც ზვიად გამსახურდიას „ცეცხლითა და მახვილით“ ებრძოდა, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით.
დიახ, გოგა ხაინდრავა ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებას სათავეში ჩაუდგა და ზვიად გამსახურდია საქართველოდან გააძევა.
მართალია, თავად სალომე ზურაბიშვილს ამ სამოქალაქო ომში მონაწილეობა უშუალოდ არ მიუღია, მაგრამ საარქივო მასალები მოწმობს, რომ ზურაბიშვილი, რომელიც იმ დროს საფრანგეთში ცხოვრობდა, თავის აწ განსვენებულ მეუღლესთან ერთად ჟურნალს გამოსცემდა, რომელშიც „სალომე ქართველის“ ფსევდონიმით ბეჭდავდა სტატიებს და ზვიად გამსახურდიას შეიარაღებული გზით დამხობას უჭერდა მხარს.
ლაპარაკია 1992 წელს გაზეთ „ივერიაში“ ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე _ „საქართველოს საკითხი“, რომელშიც ის პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს. მეტიც, ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას დიქტატორად მოიხსენიებს და წერს, რომ თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის დაჯგუფებები, რომელმაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დაამხო, კანონიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ დღეს ზურაბიშვილს ამის გახსენება არ უნდა და არც სიამოვნებს. შესაბამისად, რომ შეეძლოს, საარქივო მასალას ისევე გააქრობდა, როგორც მისი პორტრეტები გაქრა საარჩევნო ბანერებიდან, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ამის გაკეთება შეუძლებელია.
ერთი სიტყვით, 1991 წლის დეკემბრის მიწურულს საქართველოში ხაინდრავამ და მისმა თანამოაზრეებმა სამოქალაქო ომი დაიწყეს. შედეგად, 1992 წლის იანვრის დასაწყისში საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ხელისუფლება სამხედრო საბჭომ აიღო ხელში. მოგვიანებით, ახლად არჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომლითაც პრეზიდენტის პოსტი გაუქმდა და ქვეყნის მმართველი სახელმწიფოს მეთაური გახდა. სამი წლის შემდეგ, 1995 წელს, ქვეყანამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლითაც პრეზიდენტის თანამდებობა აღდგა და საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახდა.
საქართველოს ცეკა-ს ყოფილ პირველ მდივანსა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ორჯერ ეკავა. ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტად პირველად, როგორც აღვნიშნეთ, 1995 წლის 5 ნოემბერს აირჩიეს. მეორე ვადით კი _ 2000 წლის 9 აპრილს, თუმცა შევარდნაძემ პრეზიდენტობის მეორე ვადა ვერ ამოწურა _ „ვარდების რევოლუციამ“ მოუსწრო და ის იძულებული გახდა, „სახლში წასულიყო“.
ვერ ვიტყვით, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველოში დემოკრატია ყვაოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს საქართველოში არაერთი საეჭვო ამბავი მოხდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შსს-ს შენობიდან ეჭვმიტანილები ხტებოდნენ. ასევე ყვაოდა კორუფცია და ადამიანის უფლებებიც ფეხის ყოველ ნაბიჯზე ირღვეოდა.
ამას გარდა, ქვეყანას მაფიოზური ბიზნეს და პოლიტიკური ჯგუფები მართავდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ არასასურველ ადამიანებს იტაცებდნენ, აწამებდნენ და გაჩუმებას აიძულებდნენ. იმ დროს არც ბიზნესი იყო თავისუფალი და არც _ სასამართლო.
რაც შეეხება მედიას, პრესაში ყველაფერი იწერებოდა, მაგრამ როგორც მაშინ ამბობდნენ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქმედებდა პრინციპით _ „წერე და იკითხე“. შესაბამისად, მედიას გავლენა არ ჰქონდა, თუმცა ზუსტად ამ დროს გამოჩნდა „რუსთავი 2“, რომელმაც შევარდნაძის ხელისუფლების მოჩვენებითი დემოკრატია გააშიშვლა. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „60 წუთი“ იყო _ გამომძიებელი ჟურნალისტები შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნებს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევდნენ.
ყველაფერი ეს გახდა იმის მიზეზი, რომ 2003 წელს, ნოემბერში, საქართველოში ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ეს მოვლენები ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს შევარდნაძეს პრეზიდენტობის მეორე ვადის მხოლოდ სამი წელი ჰქონდა „ამოწურული“ და შესაბამისად, შეეძლო, კიდევ ორი წელი, 2005 წლამდე მთავარსარდალი ყოფილიყო, მაგრამ ხალხის უკმაყოფილება ისეთი მასიური გახლდათ, რომ აწ განსვენებული შევარდნაძე იძულებული გახდა, პრეზიდენტობიდან გადამდგარიყო.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ საქართველოში, საპარლამენტოსთან ერთად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დაინიშნა.
ქვეყანამ მესამე პრეზიდენტი 2004 წლის 5 იანვარს აირჩია _ როგროც წლების წინ, ზვიად გამსახურდიას, ახლაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს მართვის მანდატი მისცა.
სხვათა შორის, სააკაშვილს თავად თავისმა წინამორბედმა უწინასწარმეტყველა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა. ეს ვაკის არჩევნების დროს მოხდა _ მაშინ სააკაშვილი აღნიშნული რაიონის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს შევარდნაძემ ხალხს უთხრა, _ აი, ეს არის თქვენი მომავალი პრეზიდენტიო.
ისე, შევარდნაძის მსგავსად, სააკაშვილსაც პრეზიდენტის პოსტი ორი ვადით ეკავა და ასევე შევარდნაძის მსგავსად, მან ბოლომდე ერთი ვადა ვერ ამოწურა, ანუ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, სააკაშვილი გადადგა და ვადამდელ საპარლამენტოსთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მეორე ვადა ამოწურა _ 2013 წელს ქვეყნის მეოთხე მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი გახდა, რომელიც არჩევის დროს ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო და ამბობდა, მე პლასტელინი ვარო, მაგრამ „პლასტელინა“ მარგველაშვილმა ივანიშვილსა და, ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ ნერვები არაერთხელ მოუშალა. მმართველ გუნდსა და მეოთხე პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი, როგორც ამბობენ, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია გახდა, ანუ სანამ გაპრეზიდენტდებოდა, „მარგველა“ ამბობდა, რომ იმ სასახლეში, რომელიც სააკაშვილმა ააშენა, არ შევიდოდა და მას „ბოროტების ბუდესაც“ ეძახდა, მაგრამ პრეზიდენტის მანდატი გაინაღდა თუ არა, სხვანაირად „აჭიკჭიკდა“ და ავლაბრის რეზიდენციაში დაიდო ბინა.
როგორ შეაფასებს ისტორია გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია, ანუ მისი მოღვაწეობა იმით დაგვამახსოვრდება, რომ ვეტოების დადებით იყო გატაცებული და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მარგველაშვილი ისტორიაში „გიორგ ვეტომდებელადაც“ შევიდეს, თუმცა მის საპრეზიდენტო ბიოგრაფიაში ტრაგიკული მომენტებიც არის _ იმის გარდა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები სხვადასხვა დროს სხვადასხვა კრმინალური მოტივით დაიჭირეს, მარგველაშვილმა ისეთი პატიმრები შეიწყალა, რომელთაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს.
ამის მაგალითია ვაკეში მომხდარი ტრაგედია, რა დროსაც მამინაცვალმა გერი, 24 წლის გოგო მოკლა. სულ ბოლო ფაქტი კი გორის ტრაგედიას უკავშრდება _ 9 წლის გოგონა სიცოცხლეს იმ პირმა გამოასალმა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, რამდენიმე თვის წინ დატოვა.
საშიში დამნაშავეების ნაცვლად, ჯობდა, გიორგი მარგველაშვილს დეკანოზი გიორგი მამალაძე შეეწყალებინა. ასევე შეეწყალებინა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი რომა შამათავა და სხვა გმირები, მაგრამ მარგველაშვილი სახლში ისე მიდის, რომ ეს არ გააკეთა.
რატომ? _ ამას ისტორია შეაფასებს.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას, თითოეულ მათგანს, რასკვირველია, ჰქონდა შეცდომები და ზოგი შეცდომა შესაძლოა, ისეთიც იყო, რომ დანაშაულს უტოლდებოდა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა მაინც პოზიტიურია, რადგან, ჯერ ერთი, ის ქვეყნის პირველი პრეზიდენტია; მეორეც, გამსახურდიას უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ჩვენი, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს პირველი ნაბიჯები.
ედუარდ შევარდნაძის დროს, კი ბატონო, აფხაზეთისა და ცხინვალის ომები მოხდა, დსთ-შიც მაშინ შევედით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მზემ ამოსვლა თანდათან დასავლეთიდან დაიწყო და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ასევე შევარდნაძის დროს მოექცა საქართველო დასავლეთისა და, მათ შორის, აშშ-ის ყურადღების ცენტრში და იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩანასახებიც გაჩნდა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, ედუარდ ამბროსის ძის პრეზიდენტობისას სახელმწიფო სახელმწიფოს არ ჰგავდა, ანუ არ არსებობდა სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანაში წვრილი, საშუალო და ელიტური კორუფცია ყვაოდა. სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. დიახ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩვენ ევროპული ცხოვრება ვისწავლეთ და იმასაც მეტ-ნაკლებად მივხვდით, რომ მაგალითად, ელექტროენერგია არ უნდა მოვიპაროთ ან პოლიციელს, იმის გამო, რომ კანონს ვარღვევთ, ქართამი არ უნდა მივცეთ.
„გაიშნიკების“ მავნე პრაქტიკას ბოლო სწორედ სააკაშვილმა მოუღო და შექმნა პატრული, რომელიც ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ მიღწევად მიიჩნევა.
რაც შეეხება საქართველოს ოთხი პრეზიდენტის ქონებას, მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ხელფასი არ აუღია, მის სახელზე საკმაოდ ღირებული უძრავი ქონება ირიცხებოდა, რაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს არ დაუგროვებია. ამ ქონებიდან აღსანიშნავია კოლხური კოშკი, რომელსაც 2009 წლის 19 მარტს, ანუ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“ მიენიჭა.
კოლხური კოშკი ვერაზე, გალის ქუჩაზე მდებარე ორსაუკუნოვანი სახლია, რომელიც 4875 კვ.მ.-ს მოიცავს.
კოლხური კოშკის გარდა ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა აფხაზეთში, ბიჭვინთასთან, კერძოდ, სოფელ ლიძავაში მდებარე აგარაკი, სადაც დღესაც დგას გასული საუკუნის 60-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აშენებული ოდა, რომელსაც აფხაზურად „აფსუა აბაა“ (აფხაზური სახლი) ჰქვია.
ალბათ, გახსოვთ: პრეზიდენტ გამსახურდიას დაჯავშნული „მერსედესი“ აჩუქეს, რომლის გამოც ოპონენტები მას მწვავედ აკრიტიკებდნენ. ეს მეშვიდე კატეგორიის ჯავშანმანქანა, კიდევ ერთ ავტოსთან ერთად, აწ განსვენებულმა კახი ასათიანმა გერმანიაში შეიძინა და თითოში 42 000 გერმანული მარკა გადაიხადა. ერთი პრეზიდენტის ესკორტს გადაეცა, მეორე – აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძეს.
სამთავრობო გადატრიალების შემდეგ ავტომობილი საქართველოს სამხედრო საბჭოს მფლობელობაში გადავიდა.
ედუარდ შევარდნაძემ ქონებრივი დეკლარაცია პირველად 1998 წელს შეავსო _ სწორედ ამ წლიდან გახდა სავალდებულო თანამდებობის პირებისთვის საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციის შევსება.
1998 წლის დეკლარაციის თანახმად, აწ გარდაცვლილი ედუარდ შევარდნაძის საკუთრებაში იყო 150 ათასი ლარის ღირებულების ნივთები. რაც შეეხება მისი ოჯახის იმდროინდელ საბანკო ანგარიშებს: „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ორ ანაბარში 261 331 ლარი და 195 023 დოლარი ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს 195 023 დოლარი ონასისის პრემია იყო.
1998 წელს შევარდნაძეს კიდევ ერთი ანგარიში „თბილიტერბანკში“ ჰქონდა გახსნილი, რომელზეც 61 358 აშშ დოლარს იანახავდა. დეკლარაციიდან გამომდინარე, 1997 წელს შევარდნაძის, როგორც პრეზიდენტის წლიური ხელფასი 3796 ლარს არ აღემატებოდა.
1999 წლის დეკლარაციით, ედუარდ შევარდნაძეს მიმდინარე ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდა. სამაგიეროდ, შემოსავალი ქართულ და უცხოურ ბანკებში გახსნილმა ანაბრებმა მოუტანა, ანუ ლაპარაკია 31 203 აშშ დოლარსა და 3 000 გერმანული მარკაზე.
როგროც 2000 წლის დეკლარაციით ირკვევა, შევარდნაძემ 10 000 აშშ დოლარი ლექციების ჩატარებითა და სტატიების გამოქვეყნებით მიიღო. 2001 წელს კი მისი საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა:
„საქართველოს ბანკის“ სამ სხვადასხვა ანგარიშზე 9 491, 225 109 და 3 327 დოლარი ერიცხებოდა. მისი ოჯახი კი „დოიჩე ბანკში“ 731 800 გერმანულ მარკას ინახავდა.
საერთო ჯამში, პრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახმა 2000 წელს, შემოსავლის სახით, მიიღო: 19 203 გერმანული მარკა, 1 180 აშშ დოლარი, 10 937 აშშ დოლარი და 1 055 აშშ დოლარი.
2001 წელს, ანუ „ვარდების რევოლუციამდე“ ორი წლით ადრე, შევარდნაძის, როგორც პრეზიდენტის წლიური ხელფასი 4800 ლარამდე გაიზარდა. ამდენივე სახელფასო შემოსავალი ჰქონდა მომდევნო 2002 წელსაც.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს ქონებრივი დეკლარაცია აღარ შეუვსია, რადგან სახელმწიფო სამსახურში აღარ იყო, თუმცა როგორც ცნობილია, კრწანისის რეზიდენცია მას საკუთრებაში გადაეცა. ასევე ცნობილია, რომ შევარდნაძე და მისი მეუღლეც ამ სახლის ეზოში არიან დასაფლავებულნი.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წლის მაისში შეავსო და, როგორც ამ დეკლარაციით ირკვევა, სააკაშვილის ოჯახის საკუთრებაში იყო 154 კვ.მ. ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. ამასთან, სააკაშვილი ფლობდა მიწის ნაკვეთს და სახლს ყვარელში.
დეკლარაციის შევსების მომენტში სააკაშვილს „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 42 328 ლარი ერიცხებოდა. მიმდინარე ანგარიშზე კი _ 7 080 ევრო და 23 000 დოლარი.
საქართველოს მეოთხე, ანუ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, როგორც დეკლარაციით ირკვევა, 120 კვ.მ. ფართობის ბინას ფლობს თბილისში, იაშვილის ქუჩაზე. მარგველაშვილის საკუთრებაშივეა მიწის სამი ნაკვეთი ქალაქ დუშეთში. დუშეთშივე აქვს მარგველაშვილს სახლიც, რომლის ფართობიც 200 კვ.მეტრია. როგორც ირკვევა, მარგველაშვილს საკუთარი ავტომანქანა არ აქვს. იმ დროს კი, როცა მის მიერვე დაფუძნებულ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ლექციებს კითხულობდა, მარგველაშვილის წლიური სახელფასო შემოსავალი 57 000 ლარს არ აღემატებოდა.
საპრეზიდენტო კანდიდატების _ გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის ქონება კი ასე გამოიყურება:
სალომე ზურაბიშვილი _ 2018 წლის 17 იანვარის მონაცემებით, „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ფლობს: 126,33 კვ. მ.-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს, რომელიც თბილისში, კუფტინის #5-ში მდებარეობს. ამავე ქუჩაზე აქვს 235 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 160 000 აშშ დოლარია. ორივე მათგანი ზურაბიშვილს 2006 წელს ნასყიდობით აქვს შეძენილი.
გარდა ამისა, ზურაბიშვილის მფლობელობაშია 60 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც საფრანგეთში, პარიზში მდებარეობს და 150 000 ევროს ღირებულებისაა. ბინა ზურაბიშვილმა 1989 წელს შეიძინა.
სალომე ზურაბიშვილი ყველა ამ საკუთრების 100%-იანი მფლობელია.
დეკლარაციის მიხედვით, ზურაბიშვილს ჰყავს 17 000 აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი, „Hyundai 2012“, რომელიც ნასყიდობით 2016 წელს შეიძინა. ის ასევე ფლობს ფასიან ქაღალდებს, ერთ-ერთის ემიტენტი (საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდი) „საქართველოს ბანკია“, სახეობის მიხედვით, ის აქციას განეკუთვნება, 1244,95 ბრიტანული პაუნდის ღირებულებისაა. აღნიშნული აქცია ზურაბიშვილს 2013 წელს მემკვიდრეობით ერგო. მისი ნომინალი 35,57 ბრიტანული პაუნდია და ასეთი ფასიანი ქაღალდი სალომე ზურაბიშვილს 35 ცალი აქვს.
ზურაბიშვილი კიდევ ერთ აქციას ფლობს, რომლის ემიტენტი „თელიანია“, მისი საფასური 206,4 ლარს შეადგენს, ეს აქციაც ზურაბიშვილს 2013 წელს, მემკვიდრეობით ერგო. ფასიანი ქაღალდის ნომინალი 17 თეთრია და ასეთი ქაღალდი ზურაბიშვილს 1212 ცალი აქვს.
ზურაბიშვილს ანაბრის სახით ანგარიში გახსნილი აქვს „საქართველოს ბანკში“ და მასზე 50 000 აშშ დოლარი ირიცხება. რაც შეეხება მიმდინარე სახელფასო ანგარიშს, ზურაბიშვილს ამავე ბანკში დეკლარაციის შევსების მომენტში, 3000 ლარი ჰქონდა. მიმდინარე CIC Banque transatlantique Paris-ის ანგარიშზე კი – 7400 ევრო.
სალომე ზურაბიშვილს 2017 წელს საქართველოს პარლამენტის წევრობის სარგოს სახით აღებული აქვს 57 645 ლარი.
გრიგოლ ვაშაძე _ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წლის 10 მაისს შეავსო, მაშინ იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გალხდათ. ამ მონაცემებით, ვაშაძე უძრავ ქონებას არ ფლობს, თუმცა მისი მეუღლის, ნინო ანანიაშვილის მფლობელობაშია 1000 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც თბილისში, მეტეხის აღმართის #6-ში მდებარეობს; ასევე 70 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე. წინანდალში კი აქვს 1100 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.
გრიგოლ ვაშაძე და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს. 2012 წელს,ვაშაძის მიმდინარე „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე 14 000 აშშ დოლარი ირიცხებოდა. მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, სარგოს სახით, 1 წლის განმავლობაში დარიცხული აქვს 89 959 ლარი.
ერთი სიტყვით, ასეთია საქართველოს ოთხი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატების ქონებრივი მდგომარეობა, თუმცა მთავარი ქონება კი არა, თითოეული მათგანის სახელმწიფოებრივი აზროვნებაა. ამ მხრივ ყველაზე სუსტი პოზიციები ზურაბიშვილს აქვს, რომელიც ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო და რომლის წიგნიც ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მთავარი სამხილია. ასეთი ბეგრაუნდის ადამიანის პრეზიდენტობა ქვეყანას არ წაადგება!
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი; საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებას;
არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში;
მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს;
საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ-მინისტრს;
კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე;
კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს, ათავისუფლებს და გადააყენებს თანამდებობის პირებს;
კანონით დადგენილი წესით ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს;
ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესებაში;
მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს;
ნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს;
საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს;
საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს…
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას;
საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
ომიანობისა თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომელიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე; ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს; უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენება დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე;
იღებს გადაწყვეტილებას ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების თაობაზე და დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
ამტკიცებს სამხედრო ძალების სტრუქტურას;
ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს;
კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს დეკრეტს, ბრძანებულებას, განკარგულებას, აგრეთვე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას;
ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს კონსტიტუციით დადგენილი წესით;
ხელს აწერს და აქვეყნებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს;
უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე…

გიორგი აბაშიძე