სამოხელეო დანაშაული იზრდება – “კორუფციის წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს”

დღევანდელ რეალობაში გაიზარდა იმ დანაშაულების რიცხვითი მაჩვენებელი, რომელიც საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს უკავშირდება. 2018 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, სამოხელეო დანაშაულის 516 ფაქტი დაფიქსირდა. ანუ გაზრდილია იმ შემთხვევების სტატისტიკა, როდესაც თანამდებობის პირები საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებენ, მას ბოროტად იყენებენ, არის სამსახურებრივი გულგრილობა, სიყალბე, ქრთამის აღება და სხვა მსგავსი ფაქტები.

შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის ყოველწლიური ანგარიშების საფუძველზე ირკვევა, რომ უტენდერო (ერთ პირთან მოლაპარაკებით) სახელმწიფო შესყიდვების მაჩვენებელი, ბოლო წლების განმავლობაში, მუდმივად იზრდება, რაც კორუფციის პირველ წყაროს წარმოადგენს და მიუთითებს კორუფციის ზრდაზე.
ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება:
2014 წელი _ 915 მილიონი (ტენდერის გარეშე შესყიდვა) – 32% (წილი მთლიან შესყიდვებში);
2015 წელი _ 1,1 მილიარდი _ 34%;
2016 წელი _ 1,1 მილიარდი _ 37%.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, 2019 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, იზრდება 140 მილიონი ლარით და აღწევს 1,965 ლარს. 2013-2019 წლებში სამინისტრომ, დაახლოებით, 9 მილიარდი გახარჯა, რაც ამ წლებში არსებული ქვეყნის ბიუჯეტის ერთი წლის საშუალო მაჩვენებელია. თუმცა ინფრასტრუქტურაზე დახარჯულ აღნიშნულ 9 მილიარდზე უკუგება ძალიან დაბალი იყო.
2004-2012 წლებში ქვეყნის ცხრა წლის ჯამურმა ბიუჯეტმა 49 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2013-2018 წლებში ქვეყნის ექვსი წლის ჯამური ბიუჯეტი 61,3 მილიარდი გახლავთ. ანუ სხვაობაა 12 მილიარდი ლარი.
გარდა ამისა, 2004-2012 წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯებმა, დაახლოებით, 4 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2013-2018 წლებში ეს მაჩვენებელია 6,8 მილიარდი ლარი.

„ქრონიკა+“-ის შეკითხვებს რომან გოცირიძე პასუხობს:
_ „ქართული ოცნების“ ხელში, საქართველოს პარლამენტს ერთი კანონის მიღება, თითქმის, ორჯერ მეტი უჯდება. 2012 წელს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ბიუჯეტი იყო 36 მილიონი ლარი, 2019 წელს იქნება 64 მილიონი. ასეა ყველგან. ბიუჯეტი იზრდება, გაკეთებული საქმე კი მცირდება“.
ძირითადად, რა ტიპის სამოხელეო დანაშაულებთან გვაქვს საქმე?
_ რა თქმა უნდა, ძირითადი დანაშაული გახლავთ კორუფცია. კორუფციის წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა მიმდინარეობს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იჭერენ იმ ადამიანებს, ვისთანაც „ხელი მიუწვდებათ“ და არსებობს იმ „ხელშეუხებელ“ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, ძირითადად, საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს სახელმწიფოს ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკას. განაწილებული აქვთ სფეროები. ფაქტობრივად, არსებობს გარკვეული „ელიტური ჯგუფი“ (ევროკავშირის რეზოლუციაშიც იყო ხაზგასმული, რომ ქვეყანაში არსებობს „ელიტური კორუფცია“) და ამ „ელიტური კორუფციის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის ერთი შემთხვევაც კი არ გამოვლენილა ამ ექვსი წლის განმავლობაში. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი, „საშუალო რგოლის“ კორუმპირებული მაინც დაესაჯოთ. მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტროში ოთხი მინისტრი შეიცვალა და ახლა უკვე მეხუთეა სამინისტროს სათავეში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს რაც შეეხება, უკრაინულ კომპანიას 47 მილიონი ლარი გადაურიცხეს. ეს თანხა დაიკარგა. ერთი მხრივ, ეს კომპანია აღმოჩნდა თაღლითი და, მეორე მხრივ, გარანტია, რომელიც უნდა ყოფილიყო უკრაინული ბანკიდან, ის ბანკიც თაღლითი აღმოჩნდა. ის 47 მილიონი დღეს უკვე 75 მილიონად არის ქცეული ახალი კურსით. ამისთვის არავინ დასჯილა. მიუხედავად იმისა, რომ შიდაპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, კლანური ურთიერთობებია და ერთ პრემიერ-მინისტრს მეორე პრემიერ-მინისტრი ცვლის, ფაქტობრივად, რაიმე სერიოზული ქმედება ამ ელიტური კორუმპირებულების დასჯის კუთხით ქვეყანაში არ ყოფილა.
-რატომ არის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი მზარდი?
-იმიტომ, რომ არსებობს ფაქტები იმისა, რომ ეს დანაშაულები ნამდვილად ხდება. ბუნებრივია, ამაზე ყოველთვის მოხდება რეაგირება. ეს სტატისტიკა გვაჩვენებს იმ მზარდ სეგმენტს, სადაც პოლიტიკური მფარველობა ნაკლებად ვრცელდება. მაგრამ ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნებოდა, რეალურად რომ ყოფილიყო აღნუსხული ის დანაშაულები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ; რომლებიც, თუნდაც, ქონების სახით, მედიაში ჩნდება _ რომლებსაც სჩადიან მოსამართლეები, პოლიტიკური პირები, ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირები და ა. შ.
ასე რომ, თუ ამ მაჩვენებელს „ხელშეუხებელთა“ კატეგორიას დავუმატებთ, დავინახავთ, რომ გაცილებით მეტი დანაშაული ხდება სახელმწიფო სტრუქტურებში, ვიდრე ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. ფაქტი კი არის ის, რომ, მიუხედავად ხელის დაფარებისა, სტატისტიკას ვერ შეაჩერებ.
_ რა მექანიზმებითა და ვის მიერ უნდა ხდებოდეს იმის ხელშეწყობა, რომ ამ ტიპის სამოხელეო დანაშაულები შესუსტდეს?
_ დანაშაულთან ბრძოლა, თავისთავად, არ არის სწორი მიდგომა, ვინაიდან, თითქოს, ქვეყანაში უნდა არსებობდეს პატიოსანი და სამართლიანი ორგანო, რომელიც შემდეგ ყველაფერს „მიხედავს“. ასეთი არის, მაგალითად, სუს-ში, ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც არაფერს აკეთებს და, პირიქით, თუკი სუს-ში არის კორუფცია, ვინ გამოიძიებს მის კორუფციას? თავისთავად, ეს სტრუქტურა არის არასწორი. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად, შესაძლებელია ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, ოღონდ ეს არ იქნება ყოვლისშემძლე, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში მომხდარი დანაშაულების გამოძიებისთვის სასურველია, რომ ასეთი რამ ქვეყანაში არსებობდეს.
ანტიკორუფციული ბრძოლის ნიმუში იყო სწორედ იმ ცხრა წელიწადში, როდესაც უამრავი რამ გაკეთდა და არა _ ბრძოლა. თუმცა დაკავებებსაც საკუთარი ეფექტი ჰქონდა იმიტომ, რომ ჩინოვნიკების დაუსჯელობის შეგრძნება არ უნდა დარჩენილიყო. ნაკლები უნდა იყოს ისეთი საქმე, რომელშიც ჩინოვნიკი ფულს იშოვის. ამის მთავარი რესურსი კი იყო დარეგულირება _ ანუ ნებართვებისა და ლიცენზიების შემცირება და ბიზნესსა და ადამიანებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონოდათ ჩინოვნიკებთან. ჩინოვნიკისთვის უფლებების წართმევა გახლდათ მთავარი ანტიკორუფციული მექანიზმი.
დღეს ეს ყველაფერი უკან დაბრუნდა იმიტომ, რომ უამრავ ლიცენზიასა და უამრავ ნებართვასთნ გვაქვს საქმე. უამრავი სახელმწიფო დაწესებულება შეიქმნა. თვე არ გავა, რომ პარლამენტში რაღაც კანონი არ შემოვიდეს და რაიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია არ იქმნებოდეს.
რა თქმა უნდა, შედეგია ის, რასაც ჰქვია ქვეყანაში გამეფებული არაკონსტიტუციური და უკანონო მართვა. არ არსებობს შტოები, რომელიც ერთმანეთს აბალანსებს. მთავრობა უფრო მეტად ზემოქმედებს პარლამენტზე და პარლამენტი მთავრობის „მორჩილ ნოტარიუსად“ არის გადაქცეული ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას „ეშინოდეს“ პარლამენტის და ანგარიშს უწევდეს მას. მთავრობაც ვერ არის მთავრობა, ვინაიდან მინისტრი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, სანამ ივანიშვილს არ შეუთანხმდება. სასამართლო მთლიანად არის გაკონტროლებული „არაფორმალური მმართველობის“ მიერ ისევე, როგორც _ პროკურატურა. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის პირადი ადვოკატები ინიშნებიან პროკურორებად. ყველა შტო _ სასამართლო, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მედიის ნაწილი _ ეს ყველაფერი იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ, რასაც ხალხმა შემდგომ „არაფორმალური მმართველობა“ უწოდა. თუმცა ეს რეალობა ქვეყანაში უფრო მეტია, ვიდრე _ არაფორმალური მმართველობა.
ამან უკვე მიიღო დანაშაულებრივი მმართველობის სახე, ვინაიდან უკვე ივანიშვილი სასამართლო ფუნქციასაც ითავსებს. კლასიკური დანაშაულებრივი მაგალითი იყო, თუ როგორ ამბობდა ის, რომ, მაგალითად, ორ ბიზნესმენს, რომელიც სასამართლოში დაობდა, გამოატანინა სასამართლოდან საქმე, თვითონ „გაურჩია საქმე“ და ერთმა მეორეს მოუგო 100-0. ასევე მისი ფრაზაა, რომ „უნდა დავსაჯო“. ანუ, თურმე, ვისაც უნდა, იმას დასჯის. სინამდვილეში, თურმე, ამ ქვეყანაში არც პროკურატურა არსებობს და არც _ სასამართლო. ეს უკვე, მთლიანობაში, „ქურდულ-კრიმინალურ“ მმართველობას ემსგავსება. ეს არის პრობლემა. კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის ის, როდესაც სახელმწიფო რესურსების განკარგვა ხდება ხელისუფლების მიერ დაფუძნებული კომპანიების მიერ, ან მათთან პოლიტიკურად დაახლოებული ფირმების თაოსნობით.
დაახლოებით, 7 მილიარდი დაიხარჯა ამ ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ გზებზე და შესაბამის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მხოლოდ ერთი სამინისტროს _ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. თუმცა ინფრასტრუქტურაზე სხვა სამინისტროებიც იხარჯება. ვხედავთ, რამდენი ფული იკარგება, რამდენია მოპარული, ტენდერებში ხშირად იმარჯვებს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, შემდეგ ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და ის, რაც უნდა გაკეთებულიყო უფრო ადრე, კეთდება უფრო გვიან. ასე ხდება ყველგან. უამრავი ფული ჩაიყარა სოფლის მეურნეობაში, შედეგი არათუ მომგებიანი, არამედ _ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა, ფიზიკურ გამოხატულებაშიც კი, საკმაოდ კლებადია.
ყველა მიმართულებით, სახეზე გვაქვს გაფლანგვა, უყაირათობა, უსარგებლო პროექტების დაფინანსება _ ეს უკვე არის ისეთი სახის კორუფცია, როდესაც წვდომა გაქვს სახელმწიფო რესურსებთან და მეორეა, როდესაც უკვე აკონტროლებ მთლიან დარგებს. მაგალითად, ცემენტის იმპორტიორებს, სიტყვიერი მითითებით, პროდუქცია გაუჩერეს და 30-მდე ფირმა გაკოტრების ზღვარამდე მიიყვანეს იმის გამო, რომ ივანიშვილის ცემენტი ეყიდათ. ასევე კორუფციაა ის, რასაც ბაზრის 15%-ის კონტროლი ჰქვია _ როდესაც ამ პროცენტული მაჩვენებლის წართმევა უნდოდათ მცირე ბიზნესმენებისთვის.
დღეს, მაგალითად, ებრძვიან ირანულ ცემენტსა და ირანულ არმატურას და ამბობენ, რომ ირანული არმატურა არის უხარისხო. არადა, როგორ შეიძლება, იყოს უხარისხო, როდესაც ისინი აწარმოებენ საკუთარი სტანდარტებით. მაგრამ იმის გამო, რომ ის არის იაფი და თან ხარისხიანი, ებრძვიან მას, სიტყვიერად აჩერებენ საზღვარზე და უნდათ, რომ, არაკანონიერი მეთოდებით, კონკურენცია შეავიწროონ. მაგრამ ეს შეუძლია ვის? შეუძლია იმას, ვინც არის ხელისუფლებასთან დაახლოებული.
სეგმენტებს აკონტროლებენ – დომინირებენ საბანკო სექტორში, სამშენებლო სექტორში და ა. შ. რეალურად, სწორედ მსგავსი კონტროლით, საქმე გვაქვს სამოხელეო დანაშაულებთან, ვინაიდან ასეთ ვითარებებს სწორედაც რომ უზრუნველყოფენ მოხელეები.
წინათ, შევარდნაძის პერიოდში, ყველამ იცოდა, რომ კანონები იყიდებოდა. უნდა გადაგეხადა პარლამენტში ფული და შემდეგ მთავრობა შემოიტანდა კანონპროექტს. იყო ხატოვანი გამოთქმა, რომ „ყოველი კანონის უკან ცნობილი ადამიანების პორტრეტები იმზირება“. ანუ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების უკან ვინ იდგა, ეს შეიძლებოდა გაგეგო შევარდნაძის დროს. დღეს კანონები არ იყიდება, მაგრამ უკვე, ნელ-ნელა, ბრუნდება ტენდენცია _ პარლამენტში მოვიდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა, რომელიც ეკუთვნის პატარკაციშვილის ოჯახს და კასპის ცემენტის ხელმძღვანელობა, რომელიც ასევე ერთობლივად ეკუთვნის პატარკაციშვილისა და ივანიშვილის ოჯახებს, უცხოელ ინვესტორთან ერთად. ისინი ცდილობენ, რომ პარლამენტმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც იქნება მათზე მორგებული. ამიტომ ურჩევნიათ, ხარისხის კონტროლის კანონში გააკეთონ ჩანაწერები და ნებისმიერი, მათთვის არასასურველი კონკურენტის პროდუქცია, პირდაპირ გააჩერონ საზღვართან და თქვან, რომ, მაგალითად, ნუ შემოვა ირანული არმატურა, რადგან ის უხარისხოა. დამთავრებული იქნება. დაგიწერენ ქაღალდზე რაღაცას და ეს იქნება.
მაგრამ, ჯერჯერობით, ბუნებრივია, რომ ამის მიღწევა და პარლამენტში კანონის გატანა შეუძლიათ იმათ, ვინც დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან და არაფორმალურ მმართველობასთან. ესეც დანაშაულია. თუ ეს დადგინდა, მოვა დრო, როდესაც დეპუტატებსაც გაუშვებენ ციხეში კანონების გაყიდვისთვის თუ არა, ლობირების ხელშეწყობისთვის მაინც.
_ რა შედეგებს იწვევს სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის ფაქტების დიდი რაოდენობა?
_ პირდაპირი შედეგი არის ის, რომ იფლანგება მოქალაქეების ფული. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთა დასკვნა, რომ საქართველოში ტენდერების 95%-ში შესყიდვები ხორციელდება ერთი პირის მიერ. საკმარისია, გაჩნდეს კონკურენცია და მონაწილეობდეს ორი კომპანია, რომ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, მომენტალურად, მცირდება რამდენიმე პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ არაკონკურენტული, ხელოვნური ტენდერების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან მილიონობით ფული იხარჯება, რომელიც, სხვა შემთხვევაში, უნდა მოხმარებოდა განათლებას, თავდაცვას, პენსიების ზრდას და ა. შ. ეს არის ჩინოვნიკების ხელშეწყობით ფულის გადასვლა, ანუ, რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შემოსავლების უკანონოდ მითვისება.
რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ რესურსები იკარგება და იფლანგება, ბუნებრივია, კორუფცია თავისთავად უშლის ხელს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას. ეს იმიტომ, რომ შეზღუდვა ყოველთვის აფერხებს ბიზნესს და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ბიზნესის განვითარებისთვის. მაგალითად, სამშენებლო ნებართვების გაცემის შემცირება 4-5%-ით შეამცირებს სამშენებლო ბიზნესს. შეიძლება, მოტივი იყოს დადებითი, რომ არ გაიჩეხოს ხეები და ქალაქში არ დაიწყოს მშენებლობები ისეთ ადგილებში, რომლის მიმართაც, ხშირად, პროტესტია, მაგრამ ამას შემდეგ სათავისოდ იყენებენ ჩინოვნიკები და იქ, სადაც შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გაცემა, იქაც შემდეგ ფულს ძალავენ. ნელ-ნელა, ამ ნებართვების ჭრილში, ჩვენთან კორუფცია ბრუნდება.
ეს შეზღუდვები, ნებართვები და ა. შ., სინამდვილეში, ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას. განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის გავითარებას, ვინაიდან, უპირველესად, სწორედ ის ზარალდება ხოლმე.
_ უმაღლესი კანონმდებლობა რატომ ვერ „ერევა“ სამოხელეო დანაშაულების აშკარა ფაქტებს?
_ ეს იმიტომ, რომ, უპირველეს ყოვლისა, ამ ტიპის დანაშაულების გამოვლენა შერჩევითია. თუ პოლიტიკური მფარველი არ გყავს, ძალიან რთულია, ვინმე ამხილო სამოხელეო დანაშაულში. მეორე კი არის ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის უმაღლესი კანონმდებლობა ვერ არის საკუთარი მოწოდების სიმაღლეზე. რეალურად, ქვეყანას მართავს ივანიშვილი იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მინისტრებს დავალებებს აძლევენ. ანუ უმეტესობას ჰყავს შუამავალი, რომლისგანაც ღებულობს „სიგნალებს“. სახელმწიფო სტრუქტურები ვერ მუშაობს კანონის საფუძველზე. თუ ცენტრიდან ძალიან შორს ხარ, მეტია დაუსჯელობა და განუკითხაობა. მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და ა. შ. _ დიდი რაოდენობით ფულის ფლანგვა და ბევრი კორუფციული ფაქტია, რომელთა დასჯაზეც ძალოვან სტრუქტურებს ხელი არ მიუწვდება. ანუ ნელ-ნელა, ჩვენ ვემსგავსებით იმ ქვეყანას, რომელიც იყო შევარდნაძის დროს. არ ვამბობ, რომ დღევანდელი საქართველო შევარდნაძისდროინდელი საქართველოს მსგავსია, ვინაიდან იმ ცხრა წლის განმავლობაში იმდენად მყარი ინსტიტუტები ჩამოყალიბდა და გარკვეული ფუნდამენტები იმდენად მყარად აშენდა, რომ მათი შეცვლა, არც თუ ისე, ადვილია. მაგრამ შერყევა რომ დაიწყო, ეს ფაქტია. თუნდაც კრიმინალთან დაკავშირებით.
საზოგადოება იცავს საკუთარ მონაპოვარს. მას მიაჩნია, რომ, გარკვეულ სფეროებში, მან წარმატებას მიაღწია ამ წლების განმავლობაში. ის იცავს იმ შედეგებს, რასაც მიაღწია. ბუნებრივია, რომ კორუფციის ფაქტების ტელევიზიით მხილება აშინებს ბიუროკრატებს. რამდენი მამხილებელი გადაცემა გადიოდა ტელევიზიებით? რამდენი იწერებოდა კორუფციის შესახებ? მაგრამ, ვინ დაისაჯა? ვინ აგო პასუხი?
ამ შემთხვევაში ერთია, რომ მედიას პრევენციის როლიც აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც არ არსებობს სასამართლო და პროკურატურა (და პოლიტიკური ნიშნით ხდება ასეთი ფაქტების გამოძიება), რა თქმა უნდა, სამართლიანობის ძიება რთულდება. ქვეყანაში შეირყა ყველა ინსტიტუტი, რაც კი იმ პერიოდში არის შექმნილი _ იქნება ეს საგადასახადო სისტემა, ბიუჯეტში ხარჯების კონტროლი თუ სხვა. ძალიან დიდი ბზარები მიიღო ამ სისტემამ. როგორც ჩანს, ეს ექვსი წელიწადი საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, საზოგადოებას გაეცნობიერებინა, რომ ქვეყანაში უარყოფითი მეტი ხდება და უკან მივდივართ.
_ როგორ არის შესაძლებელი, იზომებოდეს იმ ადამიანის სანდოობა, რომელიც ორიენტირებულია, წარმოადგენდეს სახელმწიფო სტრუქტურას?
_ არსებობდა კონკურსების სისტემა, რომელიც დღეს უკვე მოშლილია. არსებობდა დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც არჩევდა ადამიანებს სხვადასხვა უწყებისთვის. ახლა არათუ დამოუკიდებელი მექანიზმი არ არსებობს, არამედ უკვე სამინისტროებშიც კი აღარ ტარდება ასეთი ტიპის კონკურსები. ერთმა მითხრა, რომ ორი თუ სამი წელია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსი საერთოდ არ ჩატარებულაო _ კადრების განახლების მიზნით. ანუ ის, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, მთლიანად შეიცვალნენ კორუმპირებული კადრები (შევარდნაძის შემდეგ) საბაჟო, საგადასახადო და სხვა ორგანოებში აბსოლუტურად სხვა კადრები მოვიდნენ _ ისინი იყვნენ კონკურსით მოსული კადრები _ ყოველგვარი ნეპოტიზმისა და მსგავსი ქმედებების გარეშე. სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს ანტიკორუფციული კლიმატი. ზოგიერთი მათგანი შემდეგ დაწინაურდა და მინისტრი გახდა ან სხვა მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა _ აბსოლუტურად, კონკურსით შერჩეული ადამიანები. ეს სისტემა, ფაქტობრივად, უკვე აღარ არსებობს. დღეს თანამდებობებზე არიან პიროვნებები, რომელიც დაინიშნენ ნათესავის, მეგობრისა და სხვა მსგავსი სტატუსების გამო. რეალურად, ჯანსაღი სისტემისათვის საჭიროა კონკურენცია და კადრების შერჩევითი წესები, რაც, ფაქტობრივად, დღევანდელ საქართველოში პარალიზებულია.

მარიამ ტიელიძე