რა ფობიები სტანჯავს და რატომ ეშინია „ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“?

„არჩევნებზე მივხვდი, რომ საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა _ ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი“, _ განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, გოგა ხაინდრავამ მიტინგზე, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას მიმდინარე წლის 7 ნოემბერს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მოუწყო.

რა არის სტოკჰოლმის სინდრომი, რატომ ჰგონია ხაინდრავას, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ სინდრომით არის ავად და, ზოგადად, რა ფობიები სტანჯავთ ქართველ პოლიტიკოსებს? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“ ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტ ნანა ჩარკვიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ შიში გარემოს მიერ თავსმოხვეული რეაქციაა. ამასთან, სპეციალისტი განმარტავს, რომ ბავშვებს მხოლოდ ჩამოვარდნისა და მკვეთრი ხმაურის ეშინიათ, ყველა დანარჩენი შიში კი ცხოვრების განმავლობაშია შეძენილი. როგორც ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი „ქრონიკა+“-ს უხსნის, ყველა ადამიანს სურს, საკუთარ შიშებს გაუმკლავდეს, ვინაიდან ის ხელს უშლის დასახული მიზნის ან სასურველის მიღწევაში და ოცნებისკენ მიმავალ გზაზე გადაულახავ დაბრკოლებად აღიქმება:

_ შიში ნეგატიური რეაქციაა, რომელიც სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სოციალური წესრიგისთვის საფრთხის შექმნისას წარმოიშობა. შიშის ობიექტზე რეაქციას ახასიათებს მნიშვნელოვანი თავისებურება: ორგანიზმი მას იმახსოვრებს და შემდგომ აწარმოებს, ხელს უწყობს მის პროგრესირებას. თუ შიშებს არ შევებრძოლებით, ის ფობიებში გადაიზრდება, რომელიც გაღრმავდება და განმტკიცდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
_ შიშისა და ფობიის გავრცელებას პოლიტიკური გარემოც ხომ არ უწყობს ხელს?
_ შეიძლება, ასეც ითქვას, ანუ კონკრეტული შიშები და ფობიები, ასევე მათი გავრცელების დონე განისაზღვრება საზოგადოებაში არსებული ზოგადი სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობით, მაგრამ საკვანძო საკითხი ის კი არ გახლავთ, როგორ ვებრძოლოთ მასობრივ შიშებსა და ფობიებს, რადგან ისინი მუდამ იყო და იქნება, არამედ ის, თუ კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში რატომ წარმოიქმნება და ვრცელდება სწორედ ამგვარი ფობიები და საფრთხეები.
საერთოდ, ფობია შიშის აკვიატებული მდგომარეობაა. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი ტერმინი, რომელსაც სუფიქსი „ფობია“ ერთვის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების ან სხვა ობიექტების ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს და სამედიცინო ტერმინის ანალოგიით გამოიყენება. როგორც წესი, ამგვარ „ფობიებს“ განმარტავენ, როგორც შიშს, ზიზღს, უკმაყოფილებას, დისკრიმინაციას ან მტრულ დამოკიდებულებას „ფობიის“ საგნის მიმართ. ხშირ შემთხვევაში ამგვარი დამოკიდებულება ეფუძნება წინასწარ ჩამოყალიბებულ უარყოფით შეხედულებას და, ზოგადად, ქსენოფობიის კონკრეტულ სახეს წარმოდგენს.
თუ სოციალური შიშების დაძლევა არ მოხერხდა, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, ნამდვილი ფსიქოლოგიური კრიზისი დადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის სტრესმედეგობა, ანუ გამძლეობა თავის მინიმუმს მიაღწევს, რასაც, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, მაგალითად, მოსახლეობის დაშინებისას, რომ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში ომი დაიწყება, უთუოდ პანიკა მოჰყვება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანების უნარს, ადეკვატურად იმოქმედონ საგანგებო ვითარებაში. ამის ფონზე გაიზრდება და, ვგონებ, უკვე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც „მზისქვეშ“ ადგილისთვის მზადაა, რადიკალური მეთოდებით, მათ შორის, იარაღით ხელში იბრძოლოს.
_ ნანა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იგივე „ნაციონალების“ დაბრუნების რატომ ეშინია?
_ ადრე ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, რატომ გლოვობდნენ ადამიანები, როცა სტალინი მოკვდა? მერე მივხვდი, რომ ხალხს, თურმე, ეშინოდა, რომ ხელისუფლების შეცვლა გამოიწვევდა კატასტროფებს, მასობრივ სიკვდილს, დარბევებსა და შიმშილს. ეს იმიტომ, რომ ადამიანებს სჯეროდათ ხელისუფლების (სტალინის) და არ სჯეროდათ საკუთარი თავის.
_ საზოგადოების ნაწილს საკუთარი თავის არც დღეს სჯერა?
_ ადამიანებს ეშინიათ, რომ პოლიტიკოსის შეცვლამ შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს და ამას უფრთხიან არა მარტო ჩინოვნიკები, არამედ, უბრალო მოქალაქეებიც.
აი, ეს ფობია მსჭვალავს საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს, რომელსაც არ უნდა დაიჯეროს, რომ ხელისუფლის შეცვლა ისეთივე ბანალობაა, როგორც, ვთქვათ, ბავშვისთვის პამპერსის ან ავტომანქანისთვის ზეთის გამოცვლა და ეს, უმჯობესია, დროულად გააკეთო არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა დაიჯერონ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების და არა _ ვიღაც ბატონის (მიშა თუ ბიძინა), რომელიც იხსნის, რომელიც გარანტია, რომელიც ერთადერთია და მეტი აღარ იქნება. რაკიღა ახლა სრულიად საქართველო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია, შევნიშნავ, რომ ფობიები და შიშები პოლიტიკური კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
დემოკრატიულ სისტემებში ფობიების ექსპლუატირება ხდება არჩევნებში საჭირო შედეგის მისაღწევად. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკმაოდ ხშირად იყენებს ფობიებს მეორე, ცუდი პარტიის „გასაშავებლად“ და საკუთარი თავის მხსნელად გამოსაყვანად. ამავე დროს, შიშები და ფობიები შეიძლება სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილადაც იქცეს, რომელიც გააერთიანებს ხალხს, ჩამოაყალიბებს ზოგადეროვნულ ინტერესებსა და მიზნებს. მაგალითად, უცხოტომელების შიში, გადაგვარებისა თუ გადაჯიშების შიში, მრწამსის, ქართველობის, „მეობისა“ და ა. შ. დაკარგვის შიში და სხვ.
ამიტომაც ფობიების წყაროებად გამოიყენება სოციალური რეალობის სხვადასხვა ელემენტი: მსოფლმხედველობა და მენტალობა, ტრადიციები, რისკები და საფრთხეები, „ისტორიული მეხსიერება“.
_ დღეს საქართველოში ყველა ეს ელემენტი სახეზეა, არა?
_ როცა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვფიქრობ, მუდამ მახსენდება ანეკდოტი: ცირკის დირექტორთან მიდის კაცი და ეუბნება: „არაჩვეულებრივი ნომერი მაქვს, ასეთს ვერსად ნახავთ. დამითმეთ არენა. ოღონდ, რეკვიზიტები მჭირდება!“ „რა რეკვიზიტები?“ – იკითხავს დაბნეული დირექტორი.
„სპილო, უზარმაზარი კასრი, ფეკალიები, ბაგირი, მაკრატელი და თოვლივით ქათქათა კოსტიუმი!“ „რისთვის?“ „არენაზე დავდგამთ ფეკალიებით სავსე კასრს, რომლის თავზეც ბაგირით ჩამოვკიდებთ სპილოს. უნიფორმისტი მაკრატლით გადაჭრის ბაგირს და სპილო ფეკალიებიან კასრში ჩავარდება. წარმოგიდგენიათ სურათი? _ არენა ფეკალიებშია, ხალხი ფეკალიებშია, კედლები ფეკალიებშია, ყველაფერი ფეკალიებშია!“
„მერე?“ – გადაირია დირექტორი.
„და აი, ამ დროს სცენაზე გამოვდივარ მე, თოვლივით ქათქათა კოსტიუმში!“
_ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე საუბრისას ეს ანეკდოტი რატომ გახსენდებათ ხოლმე?
_ თუ ამას ვერ ხვდებით ან არ გინდათ, რომ მიხვდეთ, მაშინ ასეთ დისტოპიას შემოგთავაზებთ:
წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადღაც ალფა-ცენტავრაზე, რომლის ვიცე-სპიკერმაც ჩაცმა და ლაპარაკი არ იცის, სადაც მინისტრები ისე გამოიყურებიან, როგორც ყველაზე შავბნელი კოშმარის პერსონაჟები; სადაც აღტყინებით ლაპარაკობენ სამართლიანობის აღდგენაზე; სადაც ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ ქვეყანა, მინიმუმ, 50 წლით დაებრუნებინათ წარსულში… უკაცრავად, უკანალში! და რაც მთავარია, ეს უხარიათ! სადაც ისე ბნელა, როგორც პოლარულ ღამეში; სადაც ძაღლი არათუ პატრონს, სხვა ძაღლსაც ვერ ცნობს; სადაც ხალხს აშინებენ სამი ექვსიანით და ერის გადაჯიშებით; სადაც გამუდმებით ყბედობს დემოკრატიაზე პლებეი მხოლოდ იმიტომ, რომ სურს, თავი არისტოკრატად იგრძნოს; სადაც შარდის სუნი დგას სადარბაზოებში და მაღალჩინოსნებს ან ფეხსაცმელი უჭერთ ან ცოლი ღალატობთ; სადაც საკვანძო პოსტზე დანიშნული რომელიმე ბრიყვი პირველივე დღეს ისრულებს დიდი ხნის ოცნებას და ძვირადღირებულ ფეხსაცმელს ყიდულობს იმიტომ, რომ სხვა რამეზე, უბრალოდ, ფანტაზია არ ჰყოფნის; სადაც მზად არიან, სხვაგვარად მოაზროვნენი და განსხვავებულები ჩაქოლონ; სადაც შავი ავტომატიკა მუშაობს სოცქსელებსა თუ პიარკამპანიებში; სადაც მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოიწვერება!
ახალგაზრდა თაობას ვერ ემახსოვრება, მაგრამ მე მახსოვს ის სახეები, ახლა რომ ტელევიზორში ვხედავ და ჰომო სოვიეტიკუსები არიან.
ამ ხალხს ქერა ქალები ენატრება, იმ პლაჟზე ნანახი და ნაკოტრიალები, ჩვენ რომ წაგვართვეს.
ამ ადამიანებს თავისუფლების ეშინიათ იმიტომ, რომ მონობაში გაზრდილებს მონური სურვილები და მორჩილება ამოძრავებთ.
მათ თავიანთი კომფორტის ზონიდან გასვლა არ ნებავთ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა მათთვის უცხო სიტყვაა.
მათ სხვისი აშენებულის დანგრევის სურვილი წვავთ, რადგან თვითონ არასოდეს უშენებიათ.
ამ ადამიანებს პირზე აკერიათ: დაგიჭერ, დაგაპატიმრებ, ანგარიშს გაგისწორებ, გაგაცამტვერებ იმიტომ, რომ ბოლშევიზმის სუნით ყარან.
ამ ადამიანებისთვის ჯვარი იარაღია და ეკლესია – ინდულგენციების ჩამომრიგებელი დაწესებულება! არადა, მენდეთ, ვერც ერთი მათგანი „შპარგალკის“ გარეშე 10 მცნებასაც ვერ ჩამოგითვლით – ნაკითხი მაქვს თავის დროზე და ვერ მიპასუხეს.
ხელისუფლებაში მყოფებმა ისე იციან ქვეყნის მართვა, როგორც მე – ივრითი! სამშობლოსი რა გითხრათ, მაგრამ მათ ძალაუფლება და ფული მართლა გულწრფელად უყვართ!
ეს ხალხი ოთხ სიტყვაში ხუთს უტიფრად იტყუება და, საერთოდაც, სამეტყველო აპარატი ჩეკის ამოსარტყმელი აპარატი ჰგონია!
ხალხი კი, ხალხი, რომელსაც, უბრალოდ, ძლიერ და მასზე მზრუნველ სახელმწიფოში სურდა ცხოვრება, 2012 წლის შემდეგ მწარედ იმედგაცრუებული დარჩა, რადგან გულუბრყვილოდ ეგონა, რომ კეთილი ბიძია როგორც კი მოვიდოდა, ფეხბურთის მოედნისხელა მაგიდას დადგამდა, ზედ დასტებად ფულს დააწყობდა და ყველა მსურველს სათითაოდ ჩამოურიგებდა…
ხალხს გაცრუებული იმედების სანაცვლოდ ვერაფერი შესთავაზეს სამართლიანობის აღდგენის გარდა, რადგან პური დაენანათ.
ჰოდა, ვისთვის რა შინაარსი დევს სიტყვაში „სამართლიანობა“ – ნამდვილად საკითხავია, მით უფრო, როცა სამართლიანობისთვის უმეცრება იბრძვის.
ისე, რომ იცოდეთ, აღდგენილი სამართლიანობა ვერც დაგაპურებთ და ვერც _ გაგათბობთ, მით უფრო, რომ ეს ის სამართლიანობაა, რომლის ხსენებაც ჰომო სოვიეტიკუსის ხასიათსა და მსოფლმხედველობაში არც ჭაჭანებს.
ღამით ხალხს ქუჩაში გასვლის ეშინია, რადგან დღე ისე არ ჩაივლის, ვისამე მკვლელობის, ძარცვის, გაუპატიურების, გაქურდვის, ცემის, თვითმკვლელობის ამბავი არ შეიტყოს.
ერთი-ორი წლის წინათ ამაყად გიყვებოდნენ, როგორ გაიტანეს რუსეთის ბაზარზე მანდარინი, რომელიც ავოკადოს, ჩერიმოიასა და ლანგსატს „ნაჩვევ“ ელიტასა და კიდევ ონიშჩენკოს შემცვლელს ასი წელი არ სჭირდება და უკან გიბრუნებენ.
სხვათა შორის, ეს ის მანდარინია, აჭარაში ოხრად რომ ურჩებათ და ტონობით ზღვაში ყრიან იმიტომ, რომ სახელმწიფომ რომც ჩაიბაროს (და გიჟი ხომ არ არის, ჩაიბაროს!), მერე სად წაიღოს, არ იცის!
ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს ურტყამენ იმიტომ, რომ ისინი სხვაგვარად აზროვნებენ; პარლამენტში ჩოხა-ახალუხსა და ხანჯლების ტარება-არტარებაზე მსჯელობენ მაშინ, როცა ქვეყანა თავისი ეკონომიკიანად თავზე გვექცევა; როცა „დებატებს“ აჩაღებენ ბუსუსებიან პრეზერვატივებსა (იმიტომ, რომ სექსი მარტო გამრავლებისთვის ყოფილა საჭირო და ყოვლად დაუშვებელია მისგან სიამოვნების მიღება) და აბორტის აკრძალვაზე (აბორტი აკრძალული იყო საბჭოეთშიც); როცა ქუჩაში იყინებიან უსახლკაროები იმიტომ, რომ უპრიანი არ არის, უპოვართათვის თავშესაფრები ისეთმა ორგანიზაციამ გახსნას, სექსუალურ უმცირესობას რომ ესარჩლება (აბა, რა, ამას ხომ სიკვდილი ჯობს, მერე რა, რომ – სხვისი!).
როცა რუსეთი პირში გეუბნება, გინდაც „ლეზგინკა“ მიცეკვე კრემლში და გინდაც სოჭში მეახლე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ისევე ვერ ნახავ, როგორც საკუთარ ყურებს სარკის გარეშეო…
როცა გიმტკიცებენ, რომ რუსეთი ძმაა, თუნდაც სისხლის ზღვა ემართოს ქართველებისა და დასავლეთი – მტერი, რომელიც დალესის გეგმით გვიღებს ბოლოს და „ქართველობას გვართმევს“; როცა უნაშთო ნაძირალები ხალხს ტელეეკრანებიდან მოძღვრავენ; როცა საჯაროდ „ანადგურებენ“ ფარულ ვიდეოჩანაწერებს და საგულდაგულოდ ინახავენ მათ მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ქვეყნის სათავეში ფროიდისტები მოვიდნენ… როცა ხედავ, რომ ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ მიემართებოდა, მინიმუმ, 50 წლით უკან დააბრუნეს და ეს უხარიათ!
_ ყველაფერ ამას ვერ ვხვდები, პოლიტიკურ ფობიებთან რა კავშირი აქვს?
_ აი, ასე იქმნება ნიადაგი ახალი დროებისთვის, როცა პამპერსი მართლა გამოსაცვლელია…
ერთპარტიული მმართველობა, როგორც ეს ისტორიამ გვაჩვენა, უდავოდ საშიშია ისეთი არასტაბილური პოლიტიკური საზოგადოებისთვის, როგორიც ჩვენს ერშია.
მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ თეორიულად, „ხელისუფლება“ და „ხალხი“ საზოგადოებრივ დონეზე ერთი და იგივეა, თუმცა ისინი, ამავდროულად, ერთმანეთს სარკის პრინციპით არ ირეკლავენ, ვინაიდან „ხელისუფლება“, იგივე „მმართველი პარტია“, წარმოადგენს ორგანიზაციას (ან კორპორაციას), რომელიც გამოყოფილია ხალხისგან კერძო ბიზნესის მსგავსად.
ნებისმიერი ორგანიზაცია ან ბიზნესი კი ორიენტირებულია არა კლიენტზე (მომხმარებელზე), არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარ მოგებაზე.
როდესაც სახელმწიფოში (არაოფიციალურად) ერთპარტიული რეჟიმია, მმართველი პარტია კარგავს მოტივაციას, აკეთოს რაიმე ხალხისთვის, ვინაიდან ვერ გრძნობს ხელისუფლებიდან გადადგომის საფრთხეს. ამასთან, ხელისუფლებაში ფორმირდება ერთგვარი საზოგადოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არაობიექტურად აანალიზებს ხელისუფლების (საკუთარ) საქმიანობას, ხოლო თუ ამ მარტივი ფაქტის პარალელურად წარმოვიდგენთ, რომ არ არსებობს მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება ან საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, მივიღებთ სრულ სტრუქტურულ კოლაფსს.
აი, რატომ უნდა გამოვრთოთ „რუსთავი 2“, როგორც ეს ბატონ ბიძინას სურს.
დღესდღეობით საქართველოს მმართველი პარტია სრულიად დამოკიდებულია ერთი პიროვნების არჩევანზე, რომელიც ქვეყანას მართავს ოლიგარქიული პრინციპით, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აქამდეც იმავეს აკეთებდა, ოღონდ _ არაოფიციალური ფორმით.
მმართველი პარტიის უნებლიე დამოკიდებულება ასევე ნაწილდება ხელისუფლების ძირში გამჯდარ კორუფციაზეც. ერთი მხრივ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პარტიის არც ერთ წევრს ხელს არ აძლევს, თავისი განცხადებებით შეარყიოს საკუთარი ლიდერის პოზიცია, ხოლო, მეორე მხრივ, დათმოს საკუთარი პოსტი და დაკარგოს მომავლის პერსპექტივა და შემოსავლის წყარო.
რაც შეეხება თავად პარტიის ლიდერს, მისთვის საქართველოს საზღვრების დატოვება იმდენადვე არახელსაყრელია, რამდენადაც პარტიის წარუმატებლობა არჩევნების მეორე ტურში, რადგან უცხოეთში მის მიმართ აღძრული საქმის საპირწონედ არაფერი გააჩნია, ხოლო საქართველოში გასული 6 წლის განმავლობაში ნაშოვნი დოვლათი, რომელიც, სხვათა შორის, ხალხის მიერ არის გადახდილი ქვეყნის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა, მისი მფლობელობიდან უკან, ხალხისთვის განკუთვნილ საჭირბოროტო პროექტებს მოხმარდეს.
ერთი სიტყვით, რთული მისახვედრი არ არის, თუ როგორ მოახერხებს გაერთიანებული ოპოციზია 400-ლარიანი პენსიების გაცემას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
_ იმის თქმა გინდათ, რომ მმართველმა პარტიამ ხალხის ნდობა ყველაფერ ამის გამო დაკარგა?
_ მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა არა არჩევნების წინ, არამედ ამ წლების განმავლობაში _ ეტაპობრივად. იმ დანაპირებათაგან, რომელიც მან გასცა, ერთი პუნქტიც კი არ შესრულებულა, გარდა კოსმეტიკური სამუშაოებისა, მრავალი პროექტი გაჩერდა, მათ შორის, ისეთი, რომელიც ხელს უშლიდა რუსეთის ფედერაციას, მიეღწია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, ფოთის პორტის პროექტი, სარკინიგზო პროექტები, ლაზიკა და სხვა მრავალი, რაც დამოუკიდებელ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა საქართველოსთვის.
მმართველმა პარტიამ ასევე ურთიერთობა გაიფუჭა სამხედროებთან, როდესაც მათი პასუხისგებაში მიცემა გადაწყვიტა ჰააგის სასამართლოზე მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა არა სამხედრო ნაწილებსა თუ გენერლებზე, არამედ თავად ხელისუფლებაზეა.
სხვათა შორის, ეს ფაქტობრივი გარემოება ძალიან ცუდ პოზაში აყენებს საქართველოს ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს თვალში.
მათ ასევე გაიფუჭეს ურთიერთობა ეკლესიასთან, როდესაც მოინდომეს მისი მოსყიდვა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოს ნარკოკარტელად ქცევა სახელმწიფოსთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა. გაიფუჭეს ურთიერთობა როგორც შიდა ორგანიზაციებსა და მედიასთან, ასევე გარე პოლიტიკურ (საერთაშორისო) აქტორებთან.
ყველაფრის გვერდის ავლით პარტია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ხალხის გაურკვეველი ნაწილის ხმათა მოსაპოვებლად ჯერ გამოაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო, ხოლო შემდგომ კორექტივები შეიტანა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, რაც, ფაქტობრივად, ერთსა და იმავეს ნიშნავს, ვინაიდან ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩეულია.
ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის ობსესიურ-კომპულსიურმა აშლილობამ
ხეების მოგლეჯიდან, თავისივე თანაშემწეების ჩასარდაფებიდან და ქართული პრეისტორიული ადგილების აფეთქებიდან პოლიტიკის სფეროში გადაინაცვლა, არ მგონია, იმედის მომცემი იყოს, როგორც ქართველი ერისთვის, ისე თავად პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, მით უმეტეს, თუ ყურადღებას მივაქცევთ მისი საპრეზიდენტო კანდიდატის პირით ნათქვამ განცხადებაში, რომ, თურმე, ქართული საზოგდოება ორად არის გახლეჩილი.
ამ ყველაფრის სამარცხვინოობა, ალბათ, ყველაზე მეტად მაშინ აღწევს პიკს, როდესაც მმართველი პარტიის შიში პასიურ აგრესიულ ფორმებს იღებს. კერძოდ, ისეთ განცხადებებში, რომელიც მოიცავს სამოქალაქო ომის თემას, მაშინ როდესაც კარზე მომდგარი მცოცავი ოკუპაცია ჯერ კიდევ ცოცავს.
_ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა რა არის?
_ არ დავიწყებ კლასიკური განსაზღვრების ჩამოყალიბებას, ვიტყვი უფრო მარტივად _ ეს აშლილობა არის მუდმივად განმეორებადი ერთგვაროვანი ქმედებები განსხვავებული და არა ჩვეული შედეგის მისაღწევად, რაც, თავისთავად ცხადია, შეუძლებელია იმიტომ, რომ როცა ყოველდღე ხარშავ ბორშჩს, ვერაფრით გამოგივა ტორტი!
_ ისე, თქვენი აზრით, ივანიშვილი იმ დროს, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ხეებს რატომ ატარებს წინ და უკან?
_ ასევე დავსვამ კითხვებს: რატომ ერეკება პინგვინებსა და ზებრებს საკუთარ ნაკრძალში? რატომ სვამს ყოველ საღამოს სტაფილოს წვენს და იძინებს 10 საათზე? რატომ ცვლის ისტერიულად ერთსა და იმავე კადრებს ერთსა და იმავე თანამდებობებზე? რატომ იმეორებს მანტრასავით _ „დამელოდეთ“? რატომ ეშინია თავისუფალი სიტყვის? რატომ სურს საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა სხვისი დანაშაულების ფონზე?
იმიტომ, რომ განდიდების მანია და ნეოფობია _ ახლის, ცვლილებების შიში სჭირს. ისიც ხომ ჰომო სოვიეტიკუსია, რომელმაც 37-მანეთიანი ბილეთით რუსეთში დიდძალი ფულის დაგროვება შეძლო!
რაც შეეხება სტოკჰოლმის სინდრომს, ესაა ტერმინი, რომელიც მსვერპლსა და აგრესორს შორის დადებით ემოციურ ურთიერთობებს აღნიშნავს. ადრე ეს ტერმინი მხოლოდ დამნაშავეთა და მათი მძევლების ურთიერთობის პრიზმაში განიხილებოდა, ახლა კი უფრო ფართო გავრცელება ჰპოვა. მოკლედ მისი არსი ის გახლავთ, რომ მსხვერპლს, დროთა განმავლობაში, უჩნდება გარკვეული სიმპათია აგრესორის მიმართ, ემოიცურად დამოკიდებული ხდება მასზე და იცავს კიდეც დამნაშავეს სხვების თვალში. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტოკჰოლმის სინდრომი უჩნდებათ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ტიპის ე. წ. მსხვერპლის სააზროვნო სტრატეგია აქვთ.
_ ქართულ საზოგადოებას აქვს სტოკჰოლმის სინდრომი?
_ როგორც გითხარით, შიშები აქვს ყველას და ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა არჩევნების ფონზე: ვის სამოქალაქო ომის ეშინია, ვის _ მიშასი და ციხეებში ცოცხების დაბრუნების და ვის _ ხელისუფლების სათავეში პრორუსული ძალის მოსვლის. სწორედ აქ მუშაობს „ისტორიული მეხსიერება“ _ გვახსოვს რუსებიც, ომიც და ცოცხებიც. ასე რომ, გასაკვირი არაფერია და თუ ბიძინას კიდევ ერთ მანტრას დავეყრდნობით, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შევა, არც საშიში და საისტერიკო გვქონია არაფერი, რადგან ისტორიული მეხსიერება არასოდეს ნიშნავს, რომ მოვლენები აუცილებლად რომელიმე ერთი ცნობილი სცენარით განვითარდება! ეს, უბრალოდ, ტრიუკია არჩევნების წინ! აქვე არ დამეზარება და გეტყით, რომ „ოცნებას“ ძალიან ცუდი მარკეტოლოგები და პიარტექნოლოგები ჰყავს.
_ რატომ?
_ შორს რომ არ წავიდეთ, ხელისუფლების ამასწინანდელ ნაბიჯს გავიხსენებ, როცა დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერზე მისი ფოტო ივანიშვილის გამოსახულებით ჩაანაცვლეს. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობდნენ გაიგივების მექანიზმით, როცა საჭირო, მაგრამ ოდიოზურ ფიგურას შეცვლიდნენ საყვარელი ბელადის ფიგურით და ეს საარჩევნო ხმებს მოუტანდათ. რამდენად გაამართლა, სოცქსელებშიც ვხედავთ.
ასობით წიგნი წამიკითხავს წარმატებაზე, წინსვლაზე, ფინანსებზე, პოზიტიურ აზროვნებაზე და ამდაგვარ სისულელე-ბოდვებზე. ახლა ვიცი, რომ ეს მართლა ბოდვაა და სარგებლობა მოაქვს მხოლოდ მათი ავტორებისთვის, თან… ფინანსური.
იმაშიც დავრწმუნდი, რომ არ არსებობს წარმატების მიღწევის უნივერსალური ალგორითმი. არც _ საიდუმლო და არც _ რეცეპტი.
პრინციპში, ვიტყუები: ალგორითმი არსებობს, ოღონდ სწორედ იმისათვის, რომ მასებმა ისე იფიქრონ, როგორც ფიქრობენ და თან ეს საკუთარი აზრები ეგონოთ.
მოკლედ, იჭინთება ადამიანი ინტელექტუალურად, კითხულობს წიგნებს, უყურებს ვიდეოს, უსმენს ქასთებს – ერთადერთი მიზნით: როგორმე მიიღოს საკუთარი ცხოვრების მართვის ინსტრუმენტები! ჰოდა, ფიქრობს, რა სჯობია: თვითონ გაცუროს, თუ გემის ბილეთი იყიდოს? ოღონდ ისე, რომ ეს გემი „ტიტანიკი“ არ აღმოჩნდეს…
და იწყებს, ვთქვათ, თვითორგანიზაციის 30-დღიან კურსს, ახდენს დროის სტრუქტურირებას, ადგენს მოქმედების გეგმას და იძენს ნოხს მუცლის პრესის ვარჯიშებისთვის.
ექსპრესიული ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხალი, უფრო სწორად, ცოცხალ-მკვდარი შინაგანი ბავშვით, ფსევდომეტაფიზიკოსების რჩევებს აყურადებენ, უყურებენ ე. წ. პოზიტივებს და, გასაკვირი ამბავია, მაგრამ გაჭინთულების 2-3 პროცენტს უმართლებს. ანუ ეს მეთოდები მათთვის მუშაობს. სიმართლე კი ისაა, რომ მათთვის იმუშავებს ნებისმიერი სისტემა, რომელიც თვითჰიპნოზის ნაირგვარ ფორმას იყენებს.
დანარჩენი? დანარჩენი ერთი-ორ თვეს მოანდომებს თვითშეფასების ამაღლებას, მერე კი ისევ ჩვეულებრივად გათენდება…
კი, ედისონი მართალი იყო, ადამიანების უმეტესობა მზადაა, აკეთოს ყველაფერი, ოღონდ ფიქრმა არ მოუწიოს! ისინი სიამოვნებით ინფიცირდებიან თავისუფლების ფსიქოვირუსით, რაც ძალიან ძვირად უჯდებათ და აქ უკვე ლაპარაკი აღარაა მხოლოდ ჭინთვებზე.
ფსიქოვირუსები კი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ უშუალოდ მართოს მასობრივი ცნობიერება. პირობითად ისინი ორი სახისაა – პერიოდული და სუგესტიური და ნერგავს იდეოლოგიას, ცხოვრების წესს, პროდუქტებსა და სერვისებს.
პერიოდული ვირუსები ახალ ამბებში, ტოქშოუებსა და პირდაპირ რეკლამებში განმეორებადი ვირუსებია; სუგესტიური – ირიბი რეკლამები, რეზონანსული დანაშაულები და დადებითი ან უარყოფითი ხატებები.
აი, მაგალითად: ყოველ საღამოს (პრინციპში, დილასაც) შეგიძლიათ, ჩართო ტელევიზორი და 10 წუთი დააკვირდე ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ვერაფერს ცვლის არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, საკუთარ სახლშიც კი, სამაგიეროდ, სხაპასხუპით ბოდავს და მისი ჟესტიკულაციისა და გამომეტყველების შემყურეს გიჩნდება შეგრძნება, რომ ამ ადამიანს ან აჟრჟოლებს ან ამფეტამინების ზემოქმედების ქვეშაა.
რაზეც უნდა ფიქრობდე ახლა, ერთი წუთით შეწყვიტე და დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: „ეს ჩემი აზრია?“ ნამდვილი პასუხი ამ კითხვაზე იქნება ის, რომელიც პირველი მოგივა თავში!
ცხადია, თავისუფლებისგან ყველა არ გარბის. მაგრამ გზებს ყველა ეძებს. ყველგან. საკუთარი თავის გარდა.
არადა, ერთხელაც შეიძლება აღმოაჩინო, რომ დაინფიცირებული ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებას იწყებ, ანუ თავში აღარ უშვებ ნაგავს. ბლოკავ. უფრო მეტიც, უკვე შეგიძლია ვირუსის ამოცნობა და ზოგჯერ მისი სტრუქტურირებაც კი.
ყველაზე მაგარია, როცა ამ ვირუსების შექმნას თვითონ იწყებ. კრეატიულად და ელეგანტურად იმიტომ, რომ ამით შეგიძლია, სოლიდური თანხებიც გამოიმუშაო.
თუ არ გჯერა, „რეკლამშჩიკებს“, „პიარშჩიკებს“, მარკეტოლოგებს, ფსიქოლოგებს, ტრენერებს და უბრალოდ, ჭკვიან ადამიანებს ჰკითხე…
ეს ყველაფერი ზუსტად ისევე აისახება საზოგადოებაზე, როგორც მის ცალკეულ წევრზე. ჰოდა, ცხადია, გამონაკლისს არც სახელმწიფო მოხელეები და ჩინოვნიკები წარმოადგენენ. ისინიც ხომ გაიზარდნენ ოჯახში, ისწავლეს სკოლაში და ზოგმა უმაღლესიც კი დაამთავრა. მერე იღბლის ან სხვა გარემოებათა გამოისობით, ჰოპლა, ხელისუფლებაშიც აღმოჩნდა და რაკიღა ბევრ მათგანს არც ვირუსის შექმნა შეუძლია და არც თავად გამოჯანმრთლებულა ასეთი ვირუსებისგან, ბელადის ნაკარნახევი ვირუსების გავრცელება უწევს. ოღონდ, რაკი არც ეს მექანიზმი იცის კარგად და, პრინციპში, საკუთარი კეთილდღეობა უფრო აფიქრებს, ამიტომ გამალებით იწყებს ისეთი დიდი რამეების დაუფლებას, როგორიცაა დიდი სახლი, დიდი მანქანა, დიდი ფული… მერე, უცებ, ამ დიდი რაღაცების დაკარგვის ფობია უჩნდება, რადგან ვიღაც-ვიღაცები ემუქრებიან, რომ დღეს თუ არა ხვალ გუდიანი კაცი მოვა და იწყებს თავგანწირულ ბრძოლას იმ ერთადერთისთვის, ვინც მას არაფერს წაართმევს ან ჰგონია, რომ არ წაართმევს.
ასეთებს ისღა დარჩენიათ, ბოღმა და ზიზღი ანთხიონ… სალანძღავი სიტყვები, უწმაწური გამოთქმები და „ფეისბუქზე“ კურდღლის სამოსით გინების კორიანტელის დაყენება ცალკე თემაა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ხაინდრავას მიერ შეტყაპუნებული სამი მილიონი, რომლის დაბრუნებასაც კაციშვილი არ სთხოვს, აბა, ტყუილად გადაიღო ასმერამდენეღაც სერია ციხეში გაუპატიურებულ ქართველ ვაჟკაცებზე?!
მოკლედ, ეს თემა მნიშვნელოვანი იმითაა, რომ ადამიანის სახეს კარგად გამოკვეთს. არა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დილიდან საღამომდე მხოლოდ 9-სართულიანებით ილაპარაკოთ და არავის აქვს თქვენი შეჩერების უფლება ამ დემოკრატიულ საქართველოში, ოღონდ, სამწუხაროდ, ადამიანი ზუსტად ისეთია ყველა სფეროში, როგორც ვთქვათ, ჭამს, სვამს, სძინავს და იგინება… მისი ლექსიკონი ზუსტად გადმოსცემს ამ ადამიანის შიშებსა და ფობიებსაც. და საერთოდ, ხომ გაგიგიათ, ყველა იმაზე ლაპარაკობს, რაც აკლიაო?!

გიორგი აბაშიძე