„სალომე ზურაბიშვილი შულავერის კომიტეტი და სერგო ორჯონიკიძეა!“


იუსტიციის მინისტრი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, მათ შორის, სამხედროების უფლებებისა და ღირსების დაცვაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ თეა წულუკიანი უშვებს ალბათობას, რომ ჰააგის სასამართლომ ქართველი გენერლები შესაძლოა, დამნაშავეებად გამოაცხადოს.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ წულუკიანმა „იმედზე“, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, პრინციპში, დამარცხების შემდეგ, მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით შესაძლოა, ჰააგის სასამართლოს მიმართოს. იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას პოლიტიკური სპექტრისა და ექსპერტების მძაფრი რეაქცია მოყვა.

რატომ ცდილობს „ოცნება“ საკუთარი ოფიცრებისა და გენერლების დასჯას და რა კავშირშია ყველაფერ ამასთან რუსეთის ფედერაცია? _ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, „ქრონიკა+“-თან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ სამფაზიანი სპეცოპერაცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაგეგმა და ახლა ზუტად ამ სპეცოპერაციის მესამე ფაზის მომსწრეები ვართ, რაც ჩვენი სამხედრო ელიტის დამნაშავედ გამოცხადებას ისახავს მიზნად.
ინტერვიუ, რომელიც „ქრონიკა+“-მა დიმიტრი შაშკინთან ჩაწერა, ბევრ რამეს ჰფენს ნათელს:

_ ბატონო დიმა, უცნაურია, რომ აგვისტოს ომის თემა ჰააგაში 10 წლის შემდეგ გააქტიურდა. ისე, ხელისუფლებას არ ერჩია, ამ საკითხზე არჩევნების წინ არ დაესვა მახვილი? „ოცნების“ იდეოლოგები, ნუთუ, ვერ მიხვდნენ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ამ თემის პედალირება მათ წისქვილზე არ დაასხამდა წყალს?
_ ხელისუფლებამ ეს თემა ახლა კი არა, დიდი ხნის წინ, ანუ მაშინ წამოწია, როცა ჰააგის სასამართლოში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარი თქვა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ჰააგის დღის წერიგს ვერ აკონტროლებს და ამ თემის წინასაარჩევნოდ გააქტიურებაც, მხოლოდ და მხოლოდ, ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს საარჩევნო განრიგის დამთხვევაა და მეტი არაფერი.
_ შეიძლება, მაგრამ „ოცნებას“ თავის დროზეც ხომ უნდა ეფიქრა და მიმხვდარიყო, რომ ჰააგაში საქართველოს ინტერესების არდაცვა მას წყალს შეუყენებდა?
_ აქ, ჩემი აზრით, ერთმანეთს ორი ფაქტორი დაემთხვა: ერთი ის პათოლოგიური და შიზოფრენიული შიშია, რომელიც „ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის 9-წლიანი მმართველობის მიმართ აქვს და მეორე _ რუსეთის მთავრობის წინაშე ამ ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები.
_ ვხვდები, რომ ამ ვალდებულებებს ოფიციალური სახე არ ექნება, მაგრამ რა ვალდებულებებს გულისხმობთ?
_ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მოზდივა ხშირად ღია წყაროებით ხდება, ანუ ადრე ინფორმაციის მოპოვებაზე დაზვერვის სამსახურები დახურული წყაროებით მუშაობდნენ, ახლა კი ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ტელევიზია არსებობს და შესაბამისად, ინფორმაციის მიღება ღია წყაროებით შეიძლება.
_ კი ბატონო, მაგრამ ეს თქვენ მიერ ხსენებულ ვალდებულებებთან რა კავშირშია?
_ გეტყვით: აგვისტოს ომის შემდეგ პუტინი და მედვედევი არ მალავდნენ, რომ თავიანთი მთავარი ამოცანა ავერ შეასრულეს და მაშინვე განაცხადეს, ცოტა დრო გავა და ყველაფერ ამას სხვა გზებით მივაღწევთო. მიღწევა კი იმას ნიშნავდა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოყვანის სპეცოპერაცია ჩაატარეს. მიზნის მიღწევის მეორე ეტაპი იმ ოფიცრების ფიზიკური განადგურება გახლდათ, რომლებიც აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ და რომლებმაც რუსეთის ფედერაციას ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს _ სამწუხაროდ, ახლა ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ შეგიძლიათ, ნახოთ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სპეცდანიშნულების ძალების რამდენი ოფიცერია მოკლული.
_ მოკლული?
_ დიახ, მოკლული. გავიხსენოთ, მაგალითად, შალვა თათუხაშვილი…
_ თათუხაშვილის მკვლელობა ძალიან გახმაურებულია…
_ ცხადია, მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია…
სხვათა შორის, ამ დღეებში ის ადამიანი გარდაიცვალა, რომელმაც 2008 წელს რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
_ გია ცერცვაძეზე საუბრობთ?
_ დიახ და მის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ. აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ცერცვაძე, რუსეთის მოთხოვნით, იმ დოკუმენტების საფუძველზე დააკავეს, რომელიც ჩვენმა სამართალდამცველებმა რუსებს გადასცეს. შეიძლება დაუჯერებელ რამეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი სპეცდანიშნულების რაზმების შესახებ დახურული ინფორმაცია მტერს გადასცა და ამის საფუძველზე რუსეთმა ჩვენი სპეცრაზმელების დევნა დაიწყო!
დიახ, რასაც ახლა ვამბობ, დაუჯერებელია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა! აქედან გამომდინარე, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა სამნაწილიანი სპეცოპერაცია დაგეგმა, რომლის პირველი ნაწილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო. მეორე _ სპეცდანიშნულების ნაწილების იმ ელიტის განადგურება, რომელიც საქართველოში არსებობდა.
ახლა ამ სპეცოპერაციის მესამე ნაწილი ხორციელდება _ იმ გენერლებსა და ოფცირებს მიადგნენ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ.
საერთოდ, ეს ძალიან პრიმიტიული კომბინაციაა, _ რუსეთის ფედერაცია ინტელექტუალიზმით არასოდეს გამოირჩევა და ყოველთვის, რუსეთის იმპერიიდან დაწყებული დღემდე, ასეთი სვლების კრებული აქვს და ცდილობს, მიზანს ასე მიაღწიოს.
მოკლედ, 21-ე საუკუნეშიც რუსეთის ფედერაციამ ძალიან პრიმიტიული სამსაფეხურიანი კომბინაცია დაგეგმა _ არჩევნები, ფიზიკური განადგურება და ჰააგის გამოყენება!
_ გავყვეთ ამ ლოგიკას და რუსული პოლიტიკური სპეცოპერაციის საბოლოო მიზანი გავშიფროთ: ხელისუფლებაში „ოცნების“ მოყვანა და სპეცსამსახურის ელიტის ფიზიკური განადგურება გასაგებია, მაგრამ ჰააგით კრემლი იმის მიღწევას ხომ არ ცდილობს, საქართველოსგანვე მოხდეს მის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების აღიარება და შემდეგ, საქართველოს, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი „რესპუბლიკების ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანება?
_ რუსეთს ორი მიზანი აქვს, რასაც ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს. ზოგადად, ძალიან დიდი პოლიტიკური ან სამხედრო სტრატეგობა არ სჭირდება, რომ ამ დასკვნამდე მიხვიდე.
_ რა დასკვნამდე?
_ რუსეთის ნომერ პირველი მიზანი: ზემოხსენებული სამსვლიანი კომბინაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაა.
_ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა საქართველომ უნდა აღიაროს?
_ არა, საერთაშორისო თანამეგობრობამ.
ისე, თუ ჰააგის სასამართლოს საიტზე შეხვალთ, ნახავთ, რომ სერბეთის, ხორვატიისა და ალბანეთის ომის შემდეგ 150-ზე მეტი სამხედრო ოფიცერია გასამართლებული. მეტიც, ერთ-ერთმა ხორვატმა გენერალმა კი, რამდენიმე წლის წინ, როცა დამნაშავედ ცნეს, პირდაპირ ეთერში მოიკლა თავი.
იმის გამო, რომ იუგოსლავიის ყოფილ ტერიტორიაზე სერბეთს სამხედრო დანაშაულობები დაბრალდა, საერთაშორისო თანამეგობრობამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, ანუ სამხედრო დანაშაულობებში სერბების პირდაპირი დადანაშაულება რომ არა, კოსოვოს აღიარება არ მოხდებოდა.
სწორედ მაშინ თქვა პუტინმა, იგივეს გავაკეთებ საქართველოსთან მიმართებითო. ხალხო, ეს პუტინმა ღიად თქვა და ამ საბაბით, ე. ი., კოსოვოს მაგალითით, 2008 წელს აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი აღიარა. ღია წყაროებში დევს პუტინის განცხადება, _ მოვა დრო და ჰააგის სასამართლო საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას დამნაშავედ ცნობსო.
ახლა პუტინი ამის მიღწევას ცდილობს და იცით, როგორ?
_ როგორ?
_ რომის სტატუსიდან, ანუ იმ ხელშეკრულებიდან გამოვიდა, რომელიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობას აიძულებდა. ამით საკუთარი სამხედროები დაიცვა, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია ჰააგაში ტონობით ქაღალდს აგზავნის და ძალიან პრიმიტიულად იქმნება ყალბი მტკიცებულებები, რომ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ჯარმა თითქოს დანაშაული ჩაიდინა.
ამასთან, შეიქმნა ასობით ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ ე. წ. მტკიცებულებებს ჰააგაში აგზავნის და ამ დროს საქართველოს მთავრობა საქართველოს ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეების დაცისთვის არაფერს აკეთებს, არადა ეს სამხედროები საქართველოს მოქალაქეები არიან!
ნებისმიერმა იურიტსმა იცის, რომ სასამართლოს არსი ორი მხარის მოსმენაა, თუმცა ამჟამად ჰააგის სასამართლოში მხოლოდ ერთი მხარეა _ რუსეთი, მეორე მხარე, ანუ საქართველო, არ არსებობს!
ვინმეს ჰგონია, რომ ქართველ ოფიცრებსა და გენერლებს ადვოკატების დაქირავების საშუალება აქვთ, რომელთა საფასურიც დღეში 1000 დოლარია?
_ ამის ილუზია, მგონი, არავის აქვს… ბატონო დიმა, ჩაგეკითხებით: ყველაფერ იქიდან გამომდინარე, რაზეც საუბრობთ, გამოდის, რომ რუსეთსა და „ოცნების“ შემქმნელებს შორის ეს გარიგება, ჯერ კიდევ, 2011 წელს არსებობდა?
_ საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ ორი ფაქტორი არსებობს. ერთია სააკაშვილის მთავრობის მიმართ ზიზღი და მეორე _ რუსეთის ფედერაციის ფაქტორი. ამ მომენტში ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა. ამ ხალხს მიხეილ სააკაშვილი და ყველაფერი ის კარგი, რაც 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, ისე ეზიზღება, მზად არის, ქვეყანა, საკუთარი ოფიცრები გაწიროს და ასე ზიზღის წყურვილი დაიკმაყოფილოს!
რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რომელიც უფრო სტრატეგიულია _ თუ პუტინმა მიაღწია, რომ ჰააგის ტრიბუნალზე ქართველი ოფიცრები გაასამართლეს, ეს ყველა დანარჩენი ქვეყნისა და აღმოსავლეთ ევროპის შეიარაღებული ძალებისთვის ღია მესიჯი იქნება: ნახეთ, რუსეთი როგორი ძლიერია, საქართველოში შეიჭრა, ქართული სოფლები, ქალაქები დაბომბა, მშვიდობიანი მოსახლება მოკლა, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი წაართვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სასამართლოზე საქართველო გაამტყუნაო.
ხედავთ, როგორ ნონსენსამდე მივდივართ?! მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიოში ეს პარადიგმა ნელ-ნელა იქმნება და მის შექმნას საქართველოს მთავრობა უწყობს ხელს.
_ სხვათა შორის, 2011 წელს, როცა საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა, ივანიშვილმა საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა. მაშინ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, თუმცა ეს განცხადება რადიკალურად არ გაუპროტესტებია. რატომ?
_ ეს შეკითხვა ბევრჯერ საკუთარი თავისთვისაც დამისვამს.
_ მერე, რა პასუხი გაგიციათ?
_ სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო _ გვინდოდა, რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკეები ვყოფილიყავით!
დიახ, სამწუხაროდ, ვცდილობდით, ისეთი მეთოდებით გვემუშავა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენს დემოკრატიულ პროცესებზე რამე ზედმეტის თქმა არ შეძლებოდა.
სხვათა შორის, ახლა უნგრეთი ზუსტად ისე იქცევა, როგორც თქვენ ამბობთ _ ნახა, რომ საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ დემოკრატიულ პროცესებში ისეთი სიმაღლეების დაწესება სცადა, რომლითაც რუსეთმა ისარგებლა და რომელიც საქართველოს ცუდად დაუბრუნდა.
გაიხსენეთ 2012 წელი _ ჩვენ ვცდილობდით, რომ ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვეწარმოებინა, მაგრამ ახლა, როცა ვუყურებ, „ქართული ოცნება“ როგორც მუშაობს, თურმე, აბსოლუტურად ნეგატიური საარჩევნო კამპანია უნდა გვეწარმოებინა და არჩევნებსაც მოვიგებდით, მაგრამ ეს ჩვენი შეგნებული არჩევანი იყო და მას სწორად ვთვლიდით. ისე, ისტორია გვაჩვენებს, რომ შეიძლება, შეცდომა იყო.
_ მართალია, იუსტიციის მინისტრმა გადათქვა, ქართველი სამხედროების გასამართლებაზე არაფერი მითქვამსო, მაგრამ ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან იმაზე მინიშნება, რომ ჰააგის სასამართლო ცალკეულ სამხედროებს დამნაშავეებად გამოაცხადებს, მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვასა და ქართული ჯარის დისკრედიტაცია-დასუსტებასაც ხომ არ ემსახურება?
_ ერთ-ერთმა ოფიცერმა რამდენიმე დღის წინ მთავრობას მიმართა და უთხრა: ხალხნო, რას აკეთებთ, ამის მერე მტერი რომ შემოვიდეს, ერთი სამხედრო მოსამსახურეც ხომ არ გაისვრისო?!
ამ ქვეყნის დაცვა ყველას უნდა, მაგრამ ხელისუფლება ხალხს აჩვენებს, რომ მტერს წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს. რუსეთის მეორე მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ მხოლოდ მსოფლოში კი არა, საქართველოშიც ყველას აჩვენოს, რომ რუსეთს არავინ უნდა შეეწინააღმდეგოს, თორემ ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ დაისჯება!
საერთოდ, ნახეთ, რუსეთი რას აკეთებს _ იმ ინსტიტუტებს, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიას ემსახურება, ტოტალიტარიზმისა და დიქტატურის დასამყარებლად იყენებს!
_ მთელ ამ ამბავში სალომე ზურაბიშვილის ფიგურაც, ვფიქრობ, საინტერესოა _ ზაფხულში „ოცნებამ“, კერძოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო, პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციისთვის დაეთმო, თუმცა მოულოდნელად ე. წ. დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა მხარი…
_ თავიდანვე ბლეფი იყო, რომ პრეზიდენტის პოსტს „ოცნება“ ოპოზიციას მისცემდა, ანუ „ქართული ოცნება“ იმ ბლეფში გაეხვია, რომელიც თვითონვე შექმნა და ახლა მეორე ბლეფს ქმნის, როცა სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებს ივანიშვილის, კობახიძისა და ბახტაძის სურათებს აწებებს.
_ „ოცნებამ“ ფსონი ზურაბიშვილზე რატომ დადო?
_ ამაზე ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს _ ზურაბიშვილი ის ადამიანია, რომელსაც ივანიშვილთან მიხეილ სააკაშვილის მიმართ პათოლოგიური ზიზღი აერთიანებს!
_ არ მგონია, მხოლოდ ეს იყოს, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ზურაბიშვილი სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქართველი ემიგრანტების შთამომავალი საფრანგეთის ჟანდარმერიის საიდუმლო ხაზით მუშაობდა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, მათ შორის, კრემლთან ფარული ურთიერთობა ჰქონდა.
_ როგორც გითხარით, ზურაბიშვილს ივანიშვილთან მიხეილ სააკაშვილის პათოლოგიური ზიზღი აერთიანებს, შესაბამისად, ივანიშვილს, როგორც ჩანს, აქვს გარანტია, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ ამოცანას არ გადაუხვევს, რომელსაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება ჰქვია!
სამწუხაროდ, ასეთი გარანტიები, როგორც ჩანს, არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დავალებას არ გადაუხვევს! სალომე ზურაბიშვილი, რეალურად, შულავერის კომიტეტი და სერგო ორჯონიკიძე, ანუ ყველაფერი ერთადაა და მეტი არაფერი!
_ თუ ისე მოხდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, საქართველოს დსთ-ში ან, სულაც, ევრაზიულ კავშირში შესვლაც დადგება დღის წესრიგში?
_ სამწუხაროდ, არაფერს გამოვრიცხავ! ჩვენ ყველას გვახსოვს 90-იანი წლები, როცა საქართველოს დსთ-ში შესვლა დააძალეს: გაიხსენეთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პრობლემა ხელოვნურად შეგვიქმნეს, თორემ ქართველებსა და აფხაზებს შორის ეთნიკური კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტით უამრავი ადამიანი მოკლეს და შევარდნაძე დილემის წინაშე დააყენეს _ ან დსთ-ში შეხვალ ან საქართველო სახელმწიფოებრიობას დაკარგავსო.
არ ვიცი, მაშინ შევარდნაძეს ეს ესმოდა თუ არა, მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ვამბობ, რომ დილემის წინაშე იდგა, თუმცა ახლა, სამწუხაროდ, აშკარად ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ჩვენი საზოგადოება დილემის წინაშე დააყენოს _ ან რუსეთ ან არაფერი!
_ გამოუვალი მდგომარეობა, როგორც წესი, არ არსებობს და შექმნილი ვითარებიდან რა გამოსავალს ხედავთ, ბატონო დიმა?
გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემაც რომ გაიმარჯვოს, „ოცნების“ ხელისუფლება იმ კურსს, რომელიც აღებული აქვს, გააგრძელებს, არა?
_ ვერ გააგრძელებს, რადგან ოპოზიციას ის ბერკეტი ექნება, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია.
პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია და, მინიმუმ, ჯარს გადავარჩენთ, ანუ ჯარის სათავეში არ იდგება მოღალატე ადამიანი! სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა და ყველა ადამიანმა, ვინც 20 ლარის ან ხუთი კილო კარტოფილისთვის გაიყიდა ან გაიყიდება, ასევე მათ, ვისაც ეშინიათ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს თვალებში უნდა შეხედონ და როცა მარტონი დარჩებიან, საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა: ნუთუ, ეს 5 კილოგრამი კარტოფილი ან 20 თუ 50 ლარი იმის თანასწორია და ეკვივალენტია, რომ სამშობლო გაყიდონ და პრეზიდენტად მოღალატე მოიყვანონ, რომელიც ამას არც მალავს!
ჩვენ რაღაც შეთქმულების თეორიაზე კი არა, იმაზე ვსაუბრობთ, სალომე ზურაბიშვილი რასაც ღიად ამბობს _ ის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ღიად ადანაშაულებს. ასევე ღიად ამბობს, რომ ამ ომის დაწყებაზე საქართველო აშშ-მ წაახალისა _ ეს მისი სიტყვებია!
ჰააგის სასამართლოში რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნს იყენებს, როგორც იმის მტკიცებულებას, რომ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ანუ ეს, ერთი მხრივ, მარაზმი, მეორე მხრივ კი, ძალიან მწარე რეალობაა!
ისიც მწარე რეალობაა, რომ წულუკიანი ჩვენს გენერლებს ჰააგის ტრიბუნალითა და დაჭერით ემუქრება, მაგრამ ვის აჭერინებს წულუკიანი _ გენერალ დევი ჭანკოტაძეს, სამვარსკვლავიან გენერალს, უპატიოსნეს ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს იცავს? მას ერთადერთი მიზანი აქვს, დაიცვას თავისი სამშობლო. როდესაც დაჭრილი იყო გენერალი ხრულიოვი, გენერალი ბორისოვი დარბოდა ცხინვალის რეგიონში და დევი ჭანკოტაძის თავს ითხოვდა. „გერეუს“ სპეცდანიშნულების რაზმი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი ამოცანით იყო შემოსული, რომ ფიზიკურად გაენადგურებინათ დევი ჭანკოტაძე და მან ეს იცოდა, მაგრამ ერთი წამითაც არ დაუტოვებია ბრძოლის ველი და ამ ადამიანის გასამართლებას ითხოვს რუსეთი, რადგან „გერეუს“ დახმარებით და არმიის მეშვეობით ამას თავის დროზე ვერ მიაღწია. ახლა ამას აღწევს ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელით.
ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს ამაზე, სამვარსკვლავიანი გენერლის თავს ითხოვს რუსეთის ფედერაცია, ეს არის მებრძოლი გენერალი, ეს არ არის პარკეტის გენერალი, როგორც ახლაა ზოგიერთი. ეს არის მებრძოლი გენერალი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის საქართველოს დასაცავად.
რატომ სურდა რუსეთს დევი ჭანკოტაძის განადგურება? _ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ზარალი, ვინც მიაყენა, იყო დევი ჭანკოტაძე. საქართველოს არტილერია ათასი თავით მაღლა იდგა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, ყველაზე დიდი ზარალი, რაც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ამ საბრძოლო მოქმედებებში, იყო მიყენებული ჩვენი არტილერიით, რომლის სარდალიც სწორედ დევი ჭანკოტაძე გახლდათ.
რუსეთის ფედერაცია ასევე ითხოვს მამუკა ყურაშვილის თავს, გენერლისას, რომელიც ხელმძღვანელობდა ჩვენს სამშვიდობო ქვედანაყოფებს ცხინვალის ზონაში, ადამიანისას, რომელმაც შეიძლება ომის პერიოდში არასწორი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, მაგრამ ვიფიქროთ, რა სიტუაციაში იყო გენერალი ყურაშვილი. ის თავისი თვალით ხედავდა, როგორ კლავდნენ მის მეგობრებს, თანამებრძოლებს _ 2 აგვისტოს ათობით დაჭრილი იყო ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, ჩვენს სამშვიდობოებში. გენერალი ყურაშვილი სიკვდილს თვალებში ყოველდღე უყურებდა, მაგრამ იდგა წინა ხაზზე, არ იმალებოდა მებრძოლების უკან, არ ტოვებდა საბრძოლო ველს და ამ მომენტში შეიძლება, არასწორი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით სწორად იმოქმედა და ვფიქრობ, არასწორი პოლიტიკური განცხადებები ეპატიება იმიტომ, რომ იცავდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს!
რუსეთის ფედერაცია ჩვენი იმ არტილერისტების გასამართლებას ითხოვს, რომლებმაც მიაყენეს უზარმაზარი ზარალი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. პირდაპირ ითხოვენ სპეცდანიშნულების რაზმის, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და ჯარისკაცების გასამართლებას, რომლებმაც დაჭრეს გენერალი ხრულიოვი. რუსი გენერალი გარბოდა და ჩვენი მებრძოლების მიერ უკანა ნაწილში იყო დაჭრილი.
ამ ხალხის გასამართლებას ითხოვს რუსეთის ფედერაცია და ამას ხელს უწყობს ზურაბიშვილი. ისინი ერთად მოქმედებენ!
ახლა ანწუხელიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, მის გასამართლებას ხელს შეუწყობდა საქართველოს სახელმწიფო!
2008 წლის აგვისტოში, მარტო ცხინვალის მიმართულებიდან, იმაზე სამჯერ მეტი ცოცხალი ძალა შემოვიდა, ვიდრე საქართველოს შეიარაღებული ძალები იყო. ამას დაამატეთ ჰაერის სრული კონტროლი და არც ის დაგავიწყდეთ, რამხელა ძალა იდგა ზღვიდან და გიუმრიდან.
საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ასი ათასი ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა და დღეს ვიღაც სრული იდიოტები და შიზოფრენიკები გვიმტკიცებენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ!
_ რა გამოდის, ბატონო დიმა, საქართველოში პატრიოტიზმი დასჯადია?
_ ეს „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
სხვათა შორის, ბოლო დღეებში ძალიან საინტერესო ფაქტის მოწმენი გახვდით: იგივე სოციალურ ქსელებში ოფიცრები ჩვენი ჯარის მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნებენ. ერთია, როცა პატრიოტიზმზე ვსაუბრობთ _ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, პატრიოტიზმს უკვე კონკრეტული ობიექტი აქვს _ ათასობით ოფიცერი ომობდა, რომელმაც ჩვენი ტერიტორია დაიცვა და ჩვენ, ყველანი მათით ვამაყობთ! „ოცნებას“ ამ ოფიცრების დასჯა უნდა და აქ უკვე საქმე მხოლოდ პატრიოტიზმს კი არა, სამართლიანობასაც ეხება.
სკოლებში ბავშვებს ვასწავლით, თუ რა გმირობა ჩაიდინა გიორგი ანწუხელიძემ. ანწუხელიძე რომ დღეს ცოცხალი იყოს, ჰააგის ტრიბუნალის საფრთხის წინაშე იდგებოდა და ამ საფრთხეს ქმნის ივანიშვილი, წულუკიანი და, საერთოდ, მთელი „ქართული ოცნება“.
ამოსავალი წერტილიც სწორედ ეს არის _ თუ მზად ვართ, ჩვენს შვილებს თვალებში შევხდოთ და გავწიროთ ჩვენი ოფიცრები, რომლებმაც დაგვიცვეს, მაშინ ასეთ ქვეყანას მომავალი არ ექნება!
_ დაბოლოს, ბატონო დიმა, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ვაშაძეს რა ბერკეტი ექნება, რომ ქართველი გენერლები და ოფიცრები ჰააგის ტრიბუნალისგან დაიცვას?
_ ძალიან იურიდიულ საკითხებში არ შევალ, რადგან არ მინდა, მკითხველი დავღალო. ამიტომ მარტივად გეტყვით: გრიგოლ ვაშაძე, როგორც პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს და ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. პარალელურად, ის უმაღლესი მთავარსარდალია, რომელიც მიმართავს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩადის ჰააგაში და ყველა ამ საკითხზე საუბრობს.
სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ბევრი იურისტი ცდილობს, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და დაუმტკიცოს, რომ პრეზიდენტი თითქოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ასე არ არის. ეს არჩევნები, პირველ რიგში, საქართველოს გადასარჩენად რეფერენდუმია _ მოღალატე გვინდა თუ კარგი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ინტერესებს დაიცავს!
სალომე ზურაბიშვილი ღიად გამოხატავს ზიზღს ქართული არმიის წინააღმდეგ. ამერიკელ, თურქ, ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად ქართულ ჯარს არაერთი წელი ვაშენებდით, ანუ სამხედრო ელიტა ერთ დღეში არ იქმნება და ამას ათწლეულები სჭირდება. დღეს სწორედ ამ ელიტის განადგურებას ცდილობენ, ჯარს მიწასთან ასწორებენ. ჩვენ არ გვჭირდება ჯარი, რომელიც „ყარაული“ იქნება. ჩვენ გვინდა ჯარი, რომელიც დაგვიცავს!
_ 28 ნოემბერს მოსახლეობამ არჩევანი ღალატსა და პატრიოტიზმს შორის უნდა გააკეთოს?
_ უფრო შორს წავალ და ვიტყვი: 28 ნოემბერს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და შემდგარ სახელმწიფოს შორის! პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევა შემდგარი სახელმწიფოს არჩევანი იქნება, სახელმწიფოსი, რომელიც რუსეთის გუბერნიად იქცევა! ამ გუბერნიაში ხალხს პატრიოტიზმისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯიან და ეტყვიან, რომ 9 აპრილს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, ასფიქსიით დაიხოცნენ. იმასაც გვეტყვიან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კატასტროფაა, საბჭოთა კავშირი კი სიკეთის ბუდე იყო.
28 ნოემბერს ისეთი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც სახელმწიფოს სახელმწიფოებრობისა და ხალხის დაცვას შეძლებს!

გიორგი აბაშიძე