გია ნოდია: „ივანიშვილი საბოლოო ჩაფლავების გზაზე დგას“

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცნობილია, _ 28 ნოემბერს ქართველი ხალხი პირდაპირი არჩევის წესით ბოლოჯერ აირჩევს საქართველოს მთავარსარდალს. მეორე ტურამდე მმართველმა გუნდმა მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საგულდაგულოდ გადამალა და მეტიც, _ ბილბორდებიდანაც კი ჩამოხსნა მისი სურათები, სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა ბახტაძის სურათებს ვხედავთ, ამომრჩეველი კი გაურკვევლობაშია და ვერ ხვდება, ვინ არის რეალურად საპრეზიდენტო კანდიდატი? ამ კომიკური რეალობის პარალელურად „ქართული ოცნება“ მიშას ჩამოსვლით გვაშინებს.

ეშინია თუ არა ქართველ ხალხს ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის? _ ამ კითხვაზე პასუხი არჩევნების შემდეგ გვეცოდინება, მანამდე კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ხრიკებზე, ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის რესურსებსა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე „ქრონიკა+“-ს პოლიტოლოგი გია ნოდია ესაუბრა:
_ პირველი ტურის შედეგების შემდეგ აზრები ორად გაიყო: ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ მარცხი, მეორე ნაწილის მტკიცებით კი არჩევნების შედეგები „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას ნიშნავდა. თქვენ რა დაგანახათ პირველი ტურის შედეგებმა?
_ რაც თქვენ თქვით ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ცხადია, ეს არის „ქართული ოცნების“ კრახი და „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე პირადად მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივეა. პირველ რიგში, ალბათ, მაინც, „ქართული ოცნების“ კრახია, რადგან „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით 2016 წლის არჩევნების მოგების შემდეგ ჰქონდა ერთგვარი რწმენა, რომ ოპოზიცია მისთვის სახიფათო აღარ არის, მისთვის არავინ სახიფათო აღარ არის და მინიმუმ, 2030 წლამდე გარანტირებულად იქნება ქვეყნის სათავეში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ხალხმა ის დასაჯა. ხალხის ძირითადი სუბიექტური მოტივი, ალბათ, ის იყო, რომ „ოცნება“ დაესაჯა. მეორე მხრივს კი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი რეაბილიტაცია. გასაგებია, რომ გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია, მაგრამ. პირველ რიგში. აღიქმება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იმიტომ, რომ ძირითადი ძალა ამ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობაა“. გაერთიანებული ოპოზიცია, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტალის გარშემო მოძრაობს. ვიცით, რომ არსებობდა პოპულარული მოსაზრებები, რომ ხალხი არასდროს აპატიებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე იყო მოსაზრებები, რომ არსებობს ამომრჩევლების მცირე ნაწილი, რომელიც ამ პარტიის ერთგულია, მაგრამ ამ მცირე ნაწილის გარეთ მას ხმას არავინ მისცემდა და „ნაციონალების“ მრევლი არასდროს გაფართოვდებოდა. არსებობდა ასევე ასეთი დამოკიდებულება, რომ ამომრჩევლებმა შეიძლება სხვას მისცენ ხმა, რაღაც მესამე ძალას, რომელიც ოდესმე გამოჩნდება, მაგრამ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, თან იგულისხმებოდა „ევროპული საქართველოც“, რომელიც „ნაციონალებიდან“ არის გამოსული და ყველა, ვინც ასოცირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისგან ძალიან მკვეთრად არ გამიჯნულა. თუმცა არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ყველაზე მეტად რომელი კანდიდატიც იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული, სწორედ მან მიიღო ყველაზე მეტი ხმა. თუ ამას „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსულ ორი პარტიის კანდიდატების ხმებს დავამატებთ, მაშინ ჯამში 50%-ზე მეტი აიღო ყოფილი „ნაციონალების“ კანდიდატებმა, ასე რომ, ამ არჩევნებმა არა მხოლოდ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში ძალიან გაუჭირდება, არამედ აჩვენა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც რჩება მთავარ პოლიტიკურ ძალად. მესამე ძალაც კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გამოსული. აქედან გამომდინარე, მესამე ძალის მომხრეებმა, ე. წ. შუაშისტებმა, რაღაც სერიოზული ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ვერ შექმნეს.
_ ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილს მუდმივი მოლოდინი აქვს მესამე ძალის. ჩვენ ვიცით, რომ როცა არსებობს საზოგადოების დაკვეთა, ასეთი მესამე ძალა ჩნდება, თუმცა ციცინათელებივით არიან, მალევე ჩნდებიან და ქრებიან. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ჩამოყალიბდა სერიოზული მესამე ძალა, რომელსაც „შუაშისტები“ დაეყრდნობიან და აირჩევენ?
_ ეს მოლოდინი იცით, რას მაგონებს? _ 90-იან წლებში შევარდნაძის დროს იყო მე-9 ბლოკის მოლოდინი. მე-9 ბლოკი თუ ჩაირთვებოდა, დენი გვექნებოდა, მანამდე დენის გარეშე უნდა ვყოფილიყავით. დაახლოებით იგივე სიტუაციაა, მესამე ძალაც რაღაცნაირად უნდა გაჩნდეს და გაანათოს. თითქოს ახლა სიბნელეში ვართ და მესამე ძალა გაანათებს ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს. ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების პრობლემაც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს, ძირითადად, პოლიტიკური ელიტის პრობლემაა. ნამდვილად არსებობს გარკვეული საარჩევნო სივრცე მესამე ძალისთვის, ანუ ისეთი ხალხია ჩვენს საზოგადოებაში, ვისთვისაც თანაბრად მიუღებელია „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, ასეთ ხალხს, შეიძლება ვთქვათ, რომ სჭირდება პატრონი. ამ არჩევნებში ასეთ პატრონად გამოსვლა დავით უსუფაშვილმა სცადა, რომლის მთელი კამპანია ეფუძნებოდა იმას, რომ ერთიც ცუდია, მეორეც ცუდია და მე ამირჩიეთო. საბოლოოდ კი უსუფაშვილმა 2,3% მიიღო. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ეს არის მესამე ძალის პოტენციური ამომრჩეველი. 2016 წელს რამდენიმე მესამე ძალა იყო: ბურჭულაძე, ალასანიას პარტია, ჯამში შეიძლება მათ აიღეს რაღაც პროცენტი, მაგრამ ცალ-ცალკე პარლამენტში ვერც ერთი გავიდა. არ ვამბობ, რომ მესამე ძალის სავარაუდო ელექტორატი 2%-ია, საპარლამენტო არჩევნები პრინციპულად სხვა რამეა. ასე რომ, ამისთვის იმედი მაქვს, მესამე ძალის მომხრეები რაღაცნაირად მოემზადებიან. ალეკო ელისაშვილმა უკვე განაცხადა, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბების ახალი მცდელობა იწყება.
_ რამდენად სერიოზული გგონიათ ელისაშვილის ეს განაცხადი?
_ პირადად ელისაშვილი ძალიან სერიოზული ადამიანი და ლიდერი არ მგონია, მაგრამ მთავარია ის, რომ მოლოდინი და ნება არსებობს. ვინ გამოდგება მესამე ძალის, შუაშისტების გამაერთიანებლად, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ უსუფაშვილი, როგორც ფიგურა, ამისთვის არ გამოდგება. მისი შუაშისტობა კი ძალიან საეჭვოა, რადგან „ქართული ოცნების“ პარლამენტის სპიკერი იყო 4 წელი და „შუაში“ ის ნამდვილად არ არის, უფრო „ქართული ოცნებისკენაა“. პრინციპში, შეიძლება ფიგურა ან ფიგურები გაჩნდნენ და ალბათ საპარლამენტო არჩევნებისთვის ცოტა სხვანაირი კონფიგურაცია გვექნება. მხოლოდ ორი ძირითადი მოთამაშე აღარ იქნება, სხვებიც გამოჩნდებიან, რაც თავისთავად საპარლამენტო არჩევნების არსიდან გამომდინარეობს იმიტომ, რომ პრეზიდენტად ვირჩევთ 1 კაცს, ხოლო პარლამენტში 150 ადამიანს ვირჩევთ. შესაბამისად, შესაძლებელია, რამდენიმე ძალა იყოს გამარჯვებული. საპრეზიდენტო არჩევნებში კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს გამარჯვებული. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ხალხის დაშინებას იმით ცდილობს, რომ მიშა მოვა, მგელი მოვა და ამიტომ ჩვენ მოგვეცით ხმაო, მაგრამ, პრაქტიკულად, „ოცნება“ იტყუება, როდესაც ასე ლაპარაკობს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილი ალბათ რაღაც ეტაპზე დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, უფრო აქტიურად ჩაერთვება პროცესებში, ფიზიკურად ჩამოვა და ა. შ., მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს ვერ მოხდება. პირველ რიგში, ვერ მოხდება იმიტომ, რომ ვაშაძე მას ვერ შეიწყალებს მიმდინარე საქმეებზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და გარდა ამისა, 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციის მოსალოდნელი და შესაძლებელი გამარჯვება სულაც არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ცალკე აღებული _ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას.
_ თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის გაიგივება მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ხდება, ეს რამდენად აკარგვინებს ამომრჩეველს ოპოზიციას?
_ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც შედარებით უფრო წარმატებულია და ხალხის დიდი ნაწილიც ამას იჯერებს, რომ ან „ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა თითქოს არ არსებობს. ამ არჩევნებში რა მოხდებოდა, იმასაც კი ვერ ვიწინასწარმეტყველებით ზაფხულში. 2 წლის შემდეგ რა მოხდება, ამის წინასწარმეტყველებაც, სამწუხაროდ, შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, პირველ რიგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ცალსახად მარტო მოიგოს არჩევნები, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 2012 წელს. თუ ოპოზიცია მოიგებს და დიდი შანსია, რომ მოიგოს, ეს იქნება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გამარჯვება და მათ მოუწევთ ერთმანეთთან კოალიციაში შესვლა.
_ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე ისაუბრეთ. მასზე მინდა გკითხოთ: ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ ტურამდე ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მუდმივად ჰქონდა თავის ამომრჩეველთან კონტაქტი. როგორ ფიქრობთ, მისმა ასეთმა აქტიურობამ რამდენად დადებითად იმოქმედა არჩევნების შედეგზე?
_ როგორც ჩანს, ამ აქტიურობას უარყოფითად ნამდვილად არ უმოქმედია. „ქართული ოცნების“ იმედი, რომ ხალხს მიშათი დააშინებდნენ, არ გამართლდა, რადგან ვაშაძემ მაღალი პროცენტი მიიღო. ნამდვილად ვერ განვსაზღვრავ, მიხეილ სააკაშვილი უფრო პასიური რომ ყოფილიყო, ვაშაძე მეტ ხმას აიღებდა თუ ნაკლებს. შესაძლოა, უფრო მეტი ხმაც მიეღო, ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა მისი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის შესაძლოა, კარგი იყო სააკაშვილის ჩართულობა. განსაკუთრებით ბოლო დღეებში სააკაშვილი ამბობს, რომ მთავრობაში არ მოვდივარო, ეს მას აქამდე არ უთქვამს. ის ამ განცხადებით აღიარებს, რომ მისით დაშინება ერთგვარად ეფექტიანია. მისი ამ განცხადებით აღიარებს იმასაც, რომ ის, ამ ეტაპზე, შეიძლება, ნეგატიური ძალაა ოპოზიციისთვის იმ კუთხით, რომ საბაბს აძლევს ხელისუფლებას, მისით დააშინონ ხალხი და ბევრი „ქართულ ოცნებას“ პირადად მისი შიშით აძლევს ხმას იმისთვის, რომ მისი მოსვლა ხელისუფლებაში თავიდან აიცილოს. სააკაშვილის ეს განცხადება სწორედ ამ აღიარებაზე მეტყველებს.
_ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გვიმტკიცებდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მათთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პირველი ტურის შემდეგ რადიკალურად შეცვალეს დამოკიდებულება, თითქოს არჩევნების მეორე დღეს გაიღვიძეს და მიხვდნენ, რომ სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა თავდაპირველად მათი ნარატივი?
_ ჯერ ერთი, გამოჩნდა, რომ ეს თავიდანვე იყო ბლეფი. ტრიუკი _ ბიძინა ივანიშვილს უყვარს ეს სიტყვა, სწორედ მისი პატარა ტრიუკი იყო, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებდა საპრეზიდენტო არჩევნები. გარკვეულწილად, ეს იყო წინასაარჩევნო სტრატეგია, ანუ ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა მაინც არ ჰქონდა. ეს რომ ხალხს დაეჯერებინა, „ქართული ოცნებისთვის“ კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ დაბალი აქტივობის პირობებში მათ გამარჯვების უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო ადვილად შეძლებდნენ ამომრჩევლის მობილიზაციას და მათი მობილიზებული ხალხი უფრო მეტ პროცენტს შეადგენდა. ტრიუკის ნაწილი იყო ისიც, რომ გვიან დაასახელეს თავიანთი პოზიცია და ასევე ბოლო დღეს მიიყვანეს გიორგი შენგელაია, ვითომ ირჩევდნენ, ვინ უნდა აერჩიათ, გარეთ კი შენგელაია პასუხს ელოდა. ფაქტობრივად, გააშაყირეს. არადა, ჩვენ ვიცით, რომ კანონიც კი შეცვალეს სპეციალურად სალომე ზურაბიშვილისთვის საფრანგეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. სწორედ აქედან ჩანს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად მისი წარდგენა დიდი ხნის დაგეგმილი იყო. „ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ ადვილად გაიმარჯვებდა არჩევნებში და ეს ბლეფი ამიტომ გაუვიდოდა. მერე კი იტყოდნენ, რომ ზურაბიშვილის გამარჯვება კი გვიხარია, მაგრამ დამოუკიდებელი კანდიდატიაო და ა. შ. „ოცნებას“ კი მართლა სჯეროდა, რომ გაიმარჯვებდნენ და არა მხოლოდ ხალხს აჯერებნენ ამაში, არამედ თვითონაც დარწმუნებულები იყვნენ. არ გამიგია სადმე, ეგზიტპოლებს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდეს, სრულიად უპრეცედენტო ამბავია. ეგზიტპოლი კვლევაა, რომელსაც სოციოლოგიური სამსახური აკეთებს და იმან უნდა გამოაცხადოს, რა შუაშია აქ მთავრობა?! მათ მიერ შედეგების გამოცხადება კი იმას ნიშნავს, რომ ეგზიტპოლების მართლა სჯეროდათ. ასეთი გამონათქვამიც კი დამკვიდრდა: ხალხს მოლოდინი ჰქონდა, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ და არჩევნების ნაცვლად ეგზიტპოლი გააყალბესო, _ რაღაც აბსურდი მიიღეს. არ შეიძლება, პატიოსან ეგზიტპოლს 15% შეეშალოს. „ოცნებას“ თვითონ თუ სჯეროდა ამ ეგზიტპოლის, ეს ნიშნავს, რომ ზურაბ ბიგვავამ მოატყუა, მანამდე მას ავალებდნენ წინასაარჩევნო გამოკითხვების ჩატარებას, სადაც დაახლოებით იგივე პროცენტით იგებდა სალომე ზურაბიშვილი, ე. ი. მათივე მკვლევარი უყალბებდა მათ მონაცემებს და ატყუებდა. სხვა შემთხვევაში ასე როგორ უნდა მოტყუვდე და შემდეგ ასე ძალიან გაიკვირვო შედეგი.
_ მმართველი გუნდი მხოლოდ ბიგვავას იმედზე ხომ არ უნდა ყოფილიყო? ეს მათი მხრიდან ზედმეტად არასერიოზული იყო, თქვენ რით ახსნით?
_ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავიანთი თავი გვაჩვენა, როგორც სრულიად დისფუნქციური ორგანიზაცია. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს, რომ მაგარი მენეჯერი ვარო, მაგრამ ის, როგორც პოლიტიკური ლიდერი, არაფრად ვარგა, ამას ვამბობ ეფექტიანობის თვალსაზრისით და არა მორალურად და დემოკრატიულად. ივანიშვილი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი გუნდის მუშაობას. მათ თვითონვე გაუკვირდათ, როდესაც საკუთარ გამოცხადებულ ეგზიტპოლებს არ დაემთხვა არჩევნების შედეგი. „რუსთავი 2-ისა“ და edison research-ის ეგზიტპოლები კი, პრაქტიკულად, დაემთხვა არჩევნების შედეგს ცდომილების ზღვარის ფარგლებში. არსებითად მნიშვნელოვანი არ არის ეგზიტპოლები, თუმცა ამან აჩვენა, რომ „ოცნებაში“ რეალობას იყვნენ მოწყვეტილები და, პრაქტიკულად, ერთმანეთს ატყუებდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ზურაბ ბიგვავას ატყუებინებდნენ თავს.
_ ამ ბლეფის გამოაშკარავებისა და მეორე ტურის სამზადისში ვნახეთ, რომ ზურაბიშვილი ბილბორდებიდანაც გააქრეს და მის ნაცვლად ივანიშვილი და კობახიძეა, რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?
_ დიახ, ამ ბლეფის „გასკდომის“ შემდეგ კიდევ ერთი აბსურდი მივიღეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ბანერზე, მისი სურათის ნაცვლად, ივანიშვილის სურათია. ამით ივანიშვილმა აღიარა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არასწორად შეარჩია. ისინი მიხვდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცუდი კანდიდატი იყო. ვიღაც სხვა რომ აერჩიათ, შესაძლოა, მეტი ხმაც მიეღოთ. ზურაბიშვილის პიროვნება კი ხალხის ზიზღსა და პროტესტს იწვევდა. „ქართული ოცნება“ ხალხს რომ აღარ მოსწონს, ეს გასაგებია, თუმცა ამას ზურაბიშვილის პერსონაც დაემატა და ნეგატიური როლი ითამაშა არჩევნების შედეგებზე. ივანიშვილი უკვე აღიარებს შეცდომას და ამის აღიარების ფორმაა, რომ საკუთარი სურათი დაკიდა ბილბორდებზე. ე. ი. ამომრჩეველი არა ზურაბიშვილს, არამედ ივანიშვილს აძლევს ხმას. ივანიშვილს იმედი აქვს, ხალხს დაავიწყდება ზაფხულში მისი ნათქვამი, რომ არ გვაინტერესებს, ვინ იქნება ჩვენი პრეზიდენტიო. მას ჰგონია, ამომრჩეველი ამ აშკარა ტყუილს გადაყლაპავს. ამ ბილბორდების გაკვრით კი ჩანს „ოცნების“ დამოკიდებულება, ანუ სჯობს ისევ ივანიშვილი იყოს სურათზე, ვიდრე ზურაბიშვილი, რადგან ზურაბიშვილი იმდენად ცუდი კანდიდატია, რომ აჯობებს, ხალხმა საერთოდ დაივიწყოს.
_ თქვენ თქვით: ივანიშვილმა ამ ქმედებით აღიარა, რომ არასწორად დადო ფსონი ზურაბიშვილზე, თუმცა აქტიურად საუბრობენ, რომ ზურაბიშვილი პუტინის პროექტია, ამ მოსაზრებას არ იზიარებთ? თუ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის აკვიატებაა ზურაბიშვილი და სხვა არაფერი?
_ ვერ გეტყვით, ზურაბიშვილს აქვს თუ არა კავშირი რუსეთთან. შეიძლება ყველას დააბრალო რუსეთთან კავშირი, მაგრამ ვინც აბრალებს, იმან უნდა დაამტკიცოს და წარმოადგინოს შესაბამისი საბუთი, რატომ აბრალებს. ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი რომ იყოს, ცოტა უფრო ჭკვიანურად მოიქცეოდა. ის არჩევნების წინ არ გაამჟღავნებდა თავს და მერე გაააკეთებდა რუსეთის საქმეს. თუ ის აგენტია, მაშინ რუსეთს ძალიან სულელი აგენტი ჰყოლია და მისთვის არასწორი ინსტრუქციები მიუცია. მე არ მგონია, რომ რუსეთმა რაღაც დაავალა ივანიშვილს. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის აკვიატება, სწორი სიტყვა შეარჩიეთ თქვენ. ივანიშვილმა ზურაბიშვილის წარდგენით საკუთარი გუნდის მიმართ გაღიზიანება გამოხატა. ივანიშვილი ხედავს, რომ საქმე ცუდად მიდის და ფორმალურად სწორედ ამიტომ „დაბრუნდა“ პოლიტიკაში. რთულ მდგომარეობას თავის თავს ხომ არ დააბრალებს, ამიტომ ის გუნდს სჯის. გუნდის დასჯის ფორმა იყო მისი მხრიდან ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება. ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის, მაგრამ გუნდის წევრი არ ყოფილა და, გარკვეულწილად, განზე იდგა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ნამდვილად იყო ივანიშვილის აკვიატება. რაც შეეხება ზურაბიშვილის გამონათქვამებს, მისი ძირითადი პირადი მოტივია სააკაშვილის სიძულვილი. ის სააკაშვილმა გახადა ქართველი პოლიტიკოსი, ჩამოიყვანა საფრანგეთიდან და შემდეგ გაათავისუფლა. ის ნაწყენია პირადად სააკაშვილზე. ზურაბიშვილს პირადი გართულება აქვს სააკაშვილზე და სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი მოტივი, როდესაც აგვისტოს ომის შესახებ განცხადებებს აკეთებს. მეორე მხრივ, არის დამოკიდებულება, რომ თუ ვიღაც პუტინის მოსაწონ განცხადებებს აკეთებს, ის აუცილებლად პუტინთან დაკავშირებული უნდა იყოს და იქიდან იღებდეს ინსტრუქციებს. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ზურაბიშვილი საფრანგეთში ჩამოყალიბებული ადამიანია, საფრანგეთის პოლიტიკურ ელიტაში კი ძალიან ბევრია პრორუსულად განწყობილი. მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი, ცნობილი მკვლევარი, ელენ კარერ დანკოსი, იგივე ელენ ზურაბიშვილი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში პუტინის მეხოტბე გახდა. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანი პუტინის მიმართ პოზიტიურად იყოს განწყობილი.
_ შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილმა, თავის დროზე, შეცდომა დაუშვა? მიშას რომ არ ჩამოეყვანა ზურაბიშვილი, დღეს იგი კანდიდატი არ იქნებოდა და მის შესახებ საერთოდ არაფერი გვეცოდინებოდა…
_ მიშას რომ არ ჩამოეყვანა, ახლა ზურაბიშვილი იქნებოდა საფრანგეთის ელჩი რუმინეთში ან რომელიმე მსგავს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მიშას ბრალია და, ალბათ, თვითონაც აღიარებს ამას. მახსოვს, მის ჩამოყვანას მეც მივესალმე, რადგან მაშინ ზურაბიშვილი საკმაოდ მაღალი რანგის დიპლომატი იყო. ბევრ ადამიანს ჰქონდა იმის იმედი, რომ ის საქართველოში დასავლური სტილის სამსახურს ჩამოაყალიბებდა. ჩვენ გვახსოვს, მაშინ როგორ არჩევდნენ მინისტრებს, ევროპული განათლება უნდა ჰქონოდათ, ამ ნიშნით ბევრი დაინიშნა, ზოგმა გაამართლა, ზოგმა კი _ ვერა. ზურაბიშვილს კი არა მხოლოდ განათლება ჰქონდა ევროპაში მიღებული, არამედ საფრანგეთში საშუალო რანგის დიპლომატი მაინც გახდა. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ეს რესურსიც უნდა გამოგვეყენებინა. მე ვერ შევაფასებ, მაგრამ რამდენადაც ვიცნობ ჩვენს გამოცდილ დიპლომატებს და საკმაოდ ბევრს ვიცნობ, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ის იყო ძალიან ცუდი მინისტრი.
_ რეალურად, ორი პარტიის კანდიდატი გვყავს და ერთმანეთს პრორუსებს ეძახიან. მართლა რომ გამოჩნდეს მომავალში მესამე პოლიტიკური ძალა და ის ნამდვილად იყოს პრორუსი, შესანიღბად კი „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ ეძახოს რუსული პროექტი, მაშინ რა ვითარება გვექნება და როგორ შეაფასებდით ამ კუთხით საფრთხის მასშტაბს?
_ გია ხუხაშვილს, რომელიც ალეკო ელისაშვილის მომავალ პარტიასთან არის ასოცირებული და მათი კონსულტანტია, facebook-ზე დაუწერია, რომ ორ რუს აგენტს შორის ვაკეთებთ არჩევანსო. ანუ მესამე ძალა თუ ხარ, ორივეს უნდა დაუძახო რუსეთის აგენტი. საბოლოო ჯამში, ეს ამ თემის დევალვაციას, გაუფასურებას იწვევს. ყველას თუ რუსეთის აგენტს დავუძახებთ, მაშინ ეს ხუმრობად აღიქმება. ზურაბიშვილის შემთხვევაში მისი გამონათქვამები რუსეთმა გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ, ანუ რეალურად საბუთი არსებობს, თუ ის რუსეთის აგენტი არ არის, ყოველ შემთხვევაში, რუსეთისთვის მომგებიანად მოქმედებს. ვაშაძის შემთხვევაში კი ის 2008 წლიდან ქართულ პოლიტიკაშია და ვერავინ ასახელებს ისეთ ნაბიჯს, როცა მან რამე საზიანო გააკეთა საქართველოსთვის. ვაშაძე საბჭოთა პერიოდში მოსკოვში ცხოვრობდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მუდმივად ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაშაძის მსგავსად უამრავმა ქართველმა დაამთავრა რუსული სკოლა, რუსულად გაიზარდა და რუსული კულტურის ნაწილია. ამის გამო რომ დავიწუნოთ ეს ხალხი, არ იქნება მართებული. საბჭოთა კავშირში სხვაგან სად უნდა წასულიყვნენ? _ საუკეთესო განათლების მისაღებად სწორედ მოსკოვში მიდიოდნენ, როგორც ახლა მიდიან ევროპაში განათლების მისაღებად და ეს კარიერული წინსვლისთვის აუცილებელია. ამის მსგავსად აირჩია მაშინ ვაშაძემ მოსკოვი. ეს არანიარად არ ნიშნავს იმას, რომ იგი ნაკლებად პატრიოტი იყო ან არაპატრიოტულად მოიქცა. ასე რომ, ვაშაძის შემთხვევაში სერიოზული არგუმენტი არ არსებობს. გასაგებია, რომ ზოგადად ყველას ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მაგრამ დამბრალებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სერიოზული არგუმენტი.
_ „ოცნებამ“ დაინახა, რომ 9 წელზე აქცენტის გაკეთება აღარ მუშაობს და ახლა უკვე სამოქალაქო ომის დაწყებით გვაშინებს. „ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომის საფრთხე იქნება. რამდენად რეალურად შეიძლება აღიქვას საზოგადოებამ ის, რომ გამარჯვებულმა ოპოზიციამ შესაძლოა, სამოქალაქო ომი დაიწყოს? რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ?
_ ჩემი აზრით, ეს განცხადება, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად, „ქართული ოცნებისთვის“ იყო დამაზიანებელი. თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, რატომ უნდა დაიწყოს სამოქალაქო ომი? ე. ი. „ქართული ოცნების“ მომხრეები არ მიიღებენ არჩევნების შედეგს და აჯანყდებიან. ანუ თავად დაიწყებენ სამოქალაქო ომს. აქედან გამომდინარე, პირადად ფოფხაძე არჩვნების შედეგს პატივს არ სცემს და არსებობს ხალხი, რომელიც ასევე პატივს არ სცემს არჩევნების შედეგებს. თუ ხალხმა ვიღაც აირჩია, ის უნდა იყოს პრეზიდენტი, თუ შენ სამოქალაქო ომს აცხადებ, ე. ი. საკუთარ ხალხს უპირისპირდები. ახლა ვერავინ დაიჯერებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არჩევნები გააყალბა. ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ პარლამენტის დეპუტატმა მსგავსი განცხადება გააკეთა, მაგრამ სამოქალაქო ომი, როგორც სერიოზული საფრთხე, არ უნდა განვიხილოთ.
_ კიდევ ერთი თემა, რომელზედაც წინასარჩევნოდ საუბარი „ოცნებას“ ტრადიციად გადაექცა, ეს არის დესტაბილიზაცია. ჩვენ მუდმივად ვისმენთ განცხადებებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მზადდება, თუმცა ფაქტები არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდებათ ეს გაცხადებული ტრიუკი?
_ აქამდე ამის თქმის რაღაც საფუძველი შეიძლება ჰქონოდათ იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, ეფიქრათ: ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, მაგრამ ისინი არჩევნების მომგებები არ არიან და ამიტომ სხვა რა გზა აქვთ და დესტაბილიზაციას მოინდომებენო. ახლა კი განსხვავებული ვითარებაა, _ ოპოზიციას არჩევნების მოგების პერსპექტივა აქვს, შესაბამისად, მის ინტერესებში დესტაბილიზაცია არანირად არ არის. არჩევნებს თუ იგებ ან საბურავები რატომ უნდა დაწვა ან რაღაცას რატომ უნდა შეუტიო? მინიმუმ, კანონით შედიხარ საპრეზიდენტო სასახლეში. ამავე დროს, პერსპექტივა გაქვს, რომ ცოტა ხანში შეიძლება პარლამენტში უმრავლესობით შეხვიდე. დესტაბილიზაცია ოპოზიციის პირობებში რაციონალური გამოსავალი არ არის, თუ არჩევნების მომგები ხარ. დესტაბილიზაციის თეორიული გამართლება არის ის, რომ არჩევნებს ვერ იგებ და არეულობით ცდილობ შენი მიზნების მიღწევას. თუ დესტაბილიზაციის თემით დაშინებამ აქამდე არ იმუშავა, მაშინ, მით უმეტეს, ახლა არ იმუშავებს.
_ კიდევ ერთი გამოსავლი, რასაც „ოცნებამ“ „მიაგნო“, არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნაა. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება? რამდენად აისახება არჩევნების შედეგზე იგი?
_ ძალიან უჭირს „ქართულ ოცნებას“ და ამიტომ ყველა ხრიკს მიმართავს, რაც შეიძლება არსებობდეს. საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საკითხი მას რაღაცნაირად აღიზიანებს. რაოდენობირვად შეიძლება ქვეყნის გარეთ ბევრი ადამიანი არის, მაგრამ ხმის მიმცემი ბევრი არ გახლავთ, დიდი ნაწილი ვერ ახერხებს არჩევანის გაკეთებას, ეს პირველ ტურშიც ვნახეთ, შესაბამისად, არჩევნების შედეგს ეს ვერ გადაწყვეტს. ისე არიან „ოცნებაში“ თითოეულ ხმას დახამებულები, შესაძლოა, ესეც უღირთ. ქვეყნის შიგნითაც, მათი ვარაუდით და შეიძლება სწორადაც ფიქრობენ, რომ სამუშაო დღეს არჩევნების ჩატარებით უფრო იზარალებს ოპოზიცია. „ოცნება“ ვის მობილიზაციასაც ახდენს, იმათ მიყვანას არჩევნებზე მაქსიმალურად მოახერხებს და ის ხალხი, ვინც მათი მობილიზაციის გარეშე მიდის, უფრო მეტად ოპოზიციას მისცემს ხმას, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნით კი ოპოზიციას ხმები დააკლდება, რადგან ამომრჩევლის გარკევული ნაწილი საკუთარი მობილიზაციით ვერ შეძლებს მისვლას. „ქართული ოცნების“ ეს ანგარიში საკმაოდ გამჭვირვალეა, შესაძლოა, იმდენად გამჭვირვალე, რომ ამან ხალხი გააღიზიანოს იმიტომ, რომ აშკარად ცხადია, რაღაც ხრიკების მეშვეობით ცდილობენ არჩევნების მოგებას. შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციას მიადგეს ზიანი, თუმცა „ოცნებაც“ იზარალებს, რადგან ხალხი კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ მმართველი გუნდი არჩევნების დროს სამართლიანად არ იქცევა და ცდილობს, ცხადი ხრიკების მეშვეობით მოიგოს.
_ პირველ ტურში აქტივობა 47% იყო, „ოცნება“ ფიქრობს, რომ დარჩენილ 53%-ის _ უმრავლესობაში მათი გაბრაზებული მხარდამჭერები არიან, რომელთა მობილიზაციასაც შეძლებენ, თქვენ ვის ხედავთ 53%-ში?
_ ასეთი ხალხიც ნამდვილად არის. გასაგებია, რომ ისინი ასე ანგარიშობენ და ამის იმედი აქვთ. მათ ამის იმედი, რომ არ ჰქონდეთ, მაშინ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ რამის იმედი და პირდაპირ უნდა თქვან, რომ ვაგებთო. ამ 53%-ში ისეთი ხალხიც არის, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული იყო, მაგრამ ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც მოიგებდა და არჩევნებზე წასვლას აზრი არ ჰქონდა. არჩევნების წინ იყო ასეთი განწყობა, რომ სალომე ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ მათ ეგონათ, ბიძინა ან გააყალბებდა არჩევნებს, ან რამეს მოიფიქრებდა და სალომე გაიმარჯვებდა. ახლა კი იმ 53%-დან ახალი ამომრჩეველი შეიძლება მართლა მივიდეს, მათი ნაწილი ხმას მისცემს ზურაბიშვილს, ნაწილი კი _ ვაშაძეს. რომლის ამომრჩეველი იქნება მეტი, ამის განსაზღვრა მე არ შემიძლია.
_ გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა საზოგადოებაში, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გარკვეულ ნაწილში ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია, საზოგადოებას გაახსენდა ამ ორი პარტიის გაყრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები და ბევრმა ღირსების საკითხზე დაიწყო საუბარი. რამდენად მიღებულია მსგავსი სვლები პოლიტიკაში და ეს ქმედება რამდენად აისახება ამომრჩევლებზე? თუცა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მათ, ვისაც ,,ევროპული სქართველო“ ბიძინას პროექტი ეგონათ, ამ ნაბიჯის შემდეგ გაღიმებულები დარჩნენ…
_ რამდენიმე რამ შეიძლება ითქვას. პირველი: ჩვენი კულტურა ისეთია, რომ ხალხი როცა ჩხუბობს, უკანასკნელი სიტყვებით ამკობს ერთმანეთს, თუმცა შესაძლოა, მეორე დღესვე შერიგდნენ, ეს ეშეიძლება ცოლ-ქმარს, მეზობლებს, მეგობრებს ეხებოდეს. პოლიტიკაშიც ასეა. მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, როცა ვიღაც ვიღაცის მტერი იყო და უცებ პოლიტიკაში პარტნიორები გამხდარან. ნამდვილად ცუდია ის, რომ ერთმანეთს ასე ამკობდნენ, მაგრამ ამის შემდეგ გარკვეულ საკითხზე თანამშრომლობა შესაძლებელია და ეს ძალიანაც არ უნდა გაგვიკვირდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მაგალითად, ამერიკაში, რესპუბლიკებსა და დემოკრატებს შორის ე. წ. პრაიმერიზების დროს კანდიდატები ერთმანეთზე ძალიან მწარე რაღაცებს ამბობენ, თუმცა როცა ერთი გაიმარჯვებს, იმ გამარჯვებულს ყველა მხარს უჭერს. მეორე ამბავია, რომ ყველაზე მწარე, რაც „ევროპულ საქართველოზე“ „ნაციონალების“ მხარდამჭერების მხრიდან ითქმებოდა, ეს იყო, რომ „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის პროექტი იყო და ისინი გაყიდულები არიან. ეს ყველაზე მძიმე ბრალდებაა და ძალიან რთულია ამ ბრალდების გადაყლაპვა, მონელება და პატიება, მაგრამ პოზიტიური ის არის, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ იმ ხალხს, ვინც „ევროპულ საქართველოს“ „ევროქოცებს“ ეძახდა, ამის თქმა გაუჭირდებათ. მესამე კი, რაც არაერთხელ ითქვა და როგორც ჩანს, ბევრი ვერ იჯერებს, არის ის, რომ ეს არ ნიშნავს „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ისევ ერთად შეყრას და არ ნიშნავს მათ გაერთიანებას. ეს არის პრაგმატული არჩევანი, რომ ამ პირობებში ორ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი დაუჭირა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ისინი დამეგობრდებიან. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მათი დაპირისპირება ვერბალურად ისევ ისეთივე მწვავე აღარ იქნება. ამავდროულად, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ისინი ჰარმონიულად იქნებიან ან თუნდაც ერთად წავლენ საპარლამენტო არჩევნებზე, რაც წარმოუდგენელი მგონია.
_ რეალურად ამომრჩევლების ძალიან დიდი ნაწილი არათუ ირჩევს პრეზიდენტს, არამედ რომელიმეს წინააღმდეგ აძლევს ხმას. გასაგებია „ოცნების“ 6 და „ნაციონალების“ 9 წელი, ისიც გასაგებია, რომ ამ კანდიდატების მიღმა ეს პარტიები დგანან, მაგრამ მაინტერესებს პრეზიდენტობის კანდიდატები, როგორც პერსონები, ამ კუთხით რა მოცემულობის წინაშე დადგა ამომრჩეველი?
_ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ამომრჩეველი უფრო მეტად სწორედ ნეგატიური მოტივით აძლევს ხმას. ცოტაა ისეთი, ვისაც მაინცდამაინც ან ზურაბიშვილი, ან ვაშაძე მოსწონს. რაც შეეხება კანდიდატებს, მათ შორის განსხვავება არის, ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხმას აძლევენ არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც „ქართული ოცნება“ არ მოსწონთ, არამედ არიან ისეთები, ვისაც ზურაბიშვილის პერსონა არ მოსწონთ და ამიტომ არ აძლევენ მას ხმას. ზურაბიშვილის ფიგურა იწვევს გაღიზიანებას, რასაც ვერ ვიტყვით ვაშაძეზე. ვაშაძე ნიშნავს მიშას, ვისაც ვაშაძე ეჯავრება, თვითონ ვაშაძე კი არ ეჯავრება, მიშა ეჯავრება. თვითონ ვაშაძეს ოპოზიციისთვის პიროვნულად დამატებითი ნეგატივი არ მოაქვს. გასაგებია, რომ მის რუსულ აგენტობაზე საუბრობენ, მაგრამ არა მგონია, ეს ვინმეზე მოქმედებდეს. ამაზე ისინი საუბრობენ, რომლებიც ისედაც „ნაციონალურ მოძრაობას“არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას. ამ კუთხით შეიძლება ვთქვათ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ უფრო კარგად შეარჩია კანდიდატი, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“, ანუ ივანიშვილმა.
_ ივანიშვილის ვიდეომიმართვაზე მინდა გკითხოთ, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გავრცელდა, სადაც ის ერთ წელს ითხოვს ყველაფრის გამოსასწორებლად. წამოეგება ამომრჩეველი ამ სატყუარას?
_ პრაქტიკულად ორი რამეა, რაც პირველი ტურის შემდეგ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილია: ერთი ეს არის ახალი დაპირებები, რომელიც უცებ გაჩნდა, მანამდე ხალხს არაფერს ჰპირდებოდნენ, ახლა კი თურმე პენსიისა და ხელფასების გაზრდას აპირებენ. თუ ასე იყო, აქამდე რატომ არ თქვეს?! ეს დაპირებები არ იმუშავებს, რადგან „ქართული ოცნების“ დაპირებების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას. მათი საარჩევნო კამპანიის ძირითად ნაწილი კი მაინც მეორეა, რომ მიშა ჩამოვა და როგორმე უნდა გააჩერონ ის. ძირითადად „ოცნება“ სწორედ ამას ეყრდნობა. ვნახეთ, რომ ეს საკმარისად არ მუშაობს, თუმცა დაპირებებზე უფრო ეფექტიანი მაინც ეს არის.
_ ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილს მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის 6 წლის თავზე სალაპარაკო ისევ „ნაციონალების“ 9 წელი აქვს და ხალხს მიშას ჩამოსვლით აშინებს. ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ მან ხელიდან გაუშვა რეალური წინსვლის შანსი და როგორც პოლიტიკურ ლიდერს ყველანაირი რესურსი ამოეწურა?
_ ცხადია, ასე ჩანს, _ მისი რესურსი იყო, რომ აჩერებს მიშას, მაგრამ უკვე ვეღარ აჩერებს. სხვა პოზიტიური, რომ მან რამე გააკეთა, პრაქტიკულად, აღარ აქვს. ის არის დამარცხებული პოლიტიკოსი იმ თვალსაზრისით, რომ მან აღიარა, ცუდად უძღვებოდა ამ საქმეს 6 წელი და ახალი ვერაფერი მოიფიქრა. მას შემდეგ, რაც ის მაისში „დაბრუნდა“ პოლიტიკაში, მისგან არაფერი გაგვიგია, ერთადერთი კვირიკაშვილთან შედარებით მამუკა ბახტაძეა ახალი, რომლის ქმედებებიც არაფერს გვეუბნება. ასევე ივანიშვილმა სრულიად კატასტროფული კანდიდატი შეურჩია თავის პარტიას. მეტი სიახლე მისგან არ გვსმენია და მას ახლის გაკეთების უნარი არ გამოუჩენია. თუ ივანიშვილი დაინახავს, რომ მისი გუნდი აგებს, ვგულისხმობ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო არჩევნებს, ეს იქნება მისთვის პირადი ტრაგედია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის პირადად ჩაფლავდა. ის ამას ასე აღიქვამს, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ამის შემდეგ რას იზამს, ეს უკვე აღარ ვიცი.
_ მისგან მოსალოდნელია, რომ დამარცხების დიდი ალბათობის დანახვის შემთხვევაში მან მიატოვოს გუნდი და „გაიქცეს“ პოლიტიკიდან?
_ სავსებით შესაძლებელია, რომ თქვას ის, როგორც პოლიტიკოსი, ჩაფლავდა და საერთოდ დაანებოს ამ საქმეს თავი. სრულიად ლოგიკურია, რომ ის ასე მოიქცეს და თუ ასე მოიქცევა, მისი გუნდისგან არაფერი დარჩება.
_ ამ მოცემულობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილი ჩაფლავების გზაზეა?
_ ივანიშვილი რაღაცნაირად უკვე ჩაფლავდა, ის ახლა საბოლოო ჩაფლავების გზაზე დგას.

ნენე ინჯგია