ქართველი ამომრჩეველი „ქართუ ბანკის“ მძევალი ხდება?!

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა 19 ოქტომბერს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარის განულებაზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ სრულად ფარავს. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება მათზე, ვისაც ერთ
წელიწადზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2000 ლარამდე.
მთავრობის ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და, ამავდროულად, გაუგებრობაც გამოიწვია. უმრავლესობა აღნიშნულ საკითხს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს.

უკვე ცნობილია დეტალებიც – როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, ვალების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. ვალები გაუნულდება დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს. ბახტაძე ამბობს, რომ საქართველოში თითქმის 700 ათასი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც ისინი ვერ ეწევიან სრულფასოვან ეკონომიკურ საქმიანობას. აქედან თითქმის 95 პროცენტის, ანუ დაახლოებით 600 ათას მოქალაქის მიერ აღებული სესხის ძირი თანხა არ აღემატება ორი ათას ლარს. სწორედ მათ შეეხება ხელისუფლების ეს ინიციატივა. ანუ სესხი გაუნულდებათ მხოლოდ მათ, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2 ათას ლარამდე. პრემიერმა ბრიფინგზე თქვა, რომ განულდება ფინანსურ ვალდებულებები არა მარტო ბანკების, არამედ ონლაინ-ორგანიზაციების და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ. თუმცა, როგორც მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, აღნიშნულ ინიციატივას ყველა საფინანსო ინსტიტუტი არ დათანხმდა. მაგალითად, ვალების განულება არ შეეხებათ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის” მევალეებს. “ვივუსმა” უარი თქვა თავისი მომხმარებლებისთვის დავალიანების განულებაზე. ბახტაძის თქმით, ამ 600 ათასიდან 150 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეა, რომელთაც მცირე საბანკო დავალიანება ვერ გადაიხადეს. პრემიერი ამბობს, რომ ჯერჯერობით გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, ამიტომ ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ და დადებითი შედეგის მიღწევის იმედი აქვთ.

ბახტაძემ ამ პროცესს “უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება” უწოდა, რომელიც „მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს.“

მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე პირველად ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ბახტაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ივანიშვილის კუთვნილ საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“.

ამ გადაწყვეტილების მართებულობაზე საუბრისას ბახტაძემ “მოწმედ” იუნისეფის ბოლო კვლევა მოიყვანა”:

“იუნისეფის კვლევამ პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს მათ შორის ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე“, – განაცხადა ბახტაძემ.
ბახტაძის თქმით, ვიდრე ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩატარდა “ხანგრძლივი და რთული” მოლაპარაკებები როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

„მათმა უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის ე.წ. სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს”, – განაცხადა პრემიერმა.
თუკი არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას პოპულიზმსა და ამომრჩევლის მოსყიდვას უწოდებენ, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლების ამ ინიციატივასთან სხვა პრეტენზია აქვს – გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” -ს შტაბში აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა მათ ეს ინიციატივა მოპარა და დიდი ხანია ჭარბვალიანობის დასაძლევად ოპოზიციას ვალების განულებისა და კიდევ სხვა არაერთი ინიციატივა ჰქონდა.

„ჩვენ დიდი ხანია მსგავსი ინიციატივა გვაქვს და დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის გაჩერებული იმიტომ, რომ ის ვინც უნდა იყოს ეკონომიკურად აქტიური და უნდა შექმნას ეკონომიკა არასწორი სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე არის გაკოტრებული და ვალშია ყველა,” – განაცხადა ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.

ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ვალების განულების შესახებ გადაწყვეტილება არჩევნებში დამარცხების შიშით მიიღო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა ჭარბვალიანობის წინააღმდეგ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით პარტიას ეკრძალება კანდიდატის თუ ამა თუ იმ სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების, მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, გარკვეული საქონლის შეთავაზება, მომსახურება, მიყიდვა, ან მიწოდება. ამასთან დაკავშირებით აუდიტს მივმართავთ,რომ შეისწავლონ ეს საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინონ”, — განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

საიას დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია ისეთი სოციალური გასაცემლების, ან/და შეღავათების დაწესება, რომელიც არჩევნების დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული:

“ასევე, საინტერესოა როგორ ფიქრობს ხელისუფლება ამის განხორციელებას, ბიუჯეტში აისახება თანხები და ისე გაიცემა, თუ როგორ? სქემა არის საინტერესო”.

მისივე თქმით, 100 ლარზე მეტი ოდენობის თანხით მოსყიდვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების საფუძველია და შესაბამისად, აუდიტის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს უნდა გადაუგზავნოს საქმე.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლიან და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს”, — აცხადებენ პროკურატურაში მთავრობის ინიციატივაზე.

იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს” წევრს ოთო კახიძეს, რომელიც თავის ფეისბუკზე წერს:

“ამომრჩევლის მოსყიდვა კიარადა, მასშტაბური დაგოიმება მიმდინარეობს. მილიარდნახევარს გადაიხდისო ვიღაცაო, კეთილი ბიძიაო. ოღონდ, ჯერ ხმები გვინდაო და 16 დეკემბრიდან ვილაპარაკოთო. ანუ утром стулья, а днём деньги-ო, შემოგვითვალა დიდმა კომბინატორმა”, – წერს კახიძე.

რამდენად გასაგებია მთავრობის ეს გადაწყვეტილება, უშულოდ რა კატეგორიის მსესხებლებს შეეხება იგი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და იმოქმედებს თუ არა საზოგადოების ინფანტილურობის გაზრდაზე, ამ თემებზე „ქრონიკა+“ ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს ესაუბრა:

_ მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა, უმრავლესობა დაიბნა და ვერ მიხვდა, ვის ეხებოდა და რა კრიტერიუმებით შეირჩა 600 000 მსესხებელი ან შეხებოდა თუ არა მათ ეს გადაწყვეტილება? თქვენ, როგორც ეკონომისტმა, თუ შეიძლება განგვიმარტეთ, მკითხველისთვის, რომ უფრო ცხადი გახდეს, ვის ჩამოაწერენ 2000 ლარამდე ლარს?
_ შესაბამისი დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მხოლოდ ტელევიზიებით მოვისმინეთ პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებები. ამიტომ მხოლოდ ამ სიტყვების სწორ ინტერპეტირებას უნდა ვეცადოთ. მსესხებელს, რომელსაც რამდენიმე სესხი აქვს აღებული, რომელთა სიდიდე არ აღემატება 2000 ლარს და ვერ ახერხებს მის გადახდას, მას ჩამოეწერება ვალდებულება. ამ შემთხვევაში საუბარი იყო სესხის რაოდენობაზე და არა ფიზიკურ პირთა სტატუსზე. მეორე მომენტი არის ის, რომ ბიუჯეტი არ მონაწილეობს საჭირო რესურსების მობილიზებაში. „ქართუ ბანკმა“ საკუთარ თავზე აიღო აღნიშნული პასუხისმგებლობა. სწორედ ამ კუთხით პოლიტიკურ დატვირთვას ღებულობს ეს გადაწყვეტილება, ყველამ კარგად ვიცით, ვინ დგას აღნიშნული ბანკის უკან, მისი არაფორმალური სტატუსიც ყველასთვის ცნობილია. სხვადასხვა სფეროში მრავალი კრიტერიუმი არსებობს, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოებისა და მომეტებული რისკის კრიტერიუმები დგინდება, საბანკო სექტორში არ უნდა იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ ერთმა ბანკმა გადაწყვიტოს ქვეყნის მევალეთა მთელი რეესტრის განულება ან მათი სტატუსის შეცვლა. თუ ამ კუთხით მივუდგებით აღნიშნულ პროცესს, დავინახავთ, რომ თვითონ ფაქტი, ერთი შეხედვით, ძალიან მისაღებია. მაგრამ გარკვეულ რისკებს შეიცავს იმ თვალსაზრისით, რომ ხომ არ ხდება საზოგადოება ერთი კონკრეტული დაწესებულების და მის უკან მდგარი პოლიტიკური ძალის მძევალი? ე. ი. მის ნებაზე ყოფილა დამოკიდებული ამდენი ადამიანის კეთილდღეობის მდგომარეობის გამოსწორება ან გაუარასება. ეს კითხვები რომ ჩნდება, ზუსტად იმის ამსახველია, რომ საზოგადოებაში კითხვები არსებობს. საზოგადოების მდგრადი განვითარება შესაძლებელია მაშინ, როდესაც საზოგადოება არ იქნება ერთ ბანკზე ან ბანკირზე დამოკიდებული.
_ რამდენად ხედავთ იმას, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ამომრჩეველზეა გამიზნული და არა მსესხებელზე?
_ თქვენმა კითხვამ ერთი ისტორიული ფაქტი გამახსენა: როცა ტალეირანი გარდაიცვალა, პარიზი 2-3 თვე ბჭობდა იმაზე, რომ ტალეირანს რაღაცაში დასჭირდა, თორემ ისე არ მოკვდებოდაო. მთელი ცხოვრების მანძილზე ის საკუთარ ხეირზე მუშაობდა. არსებობს ასეთი გამონათქვამი, რომ ყველაფერს ყიდულობდა და ყიიდდა, გარდა საკუთარი დედისა, იმიტომ კი არა, რომ ის არ ემეტებოდა, არამედ იმიტომ, რომ მუშტარი ვერ ნახა. ამიტომ, რაც არ უნდა ვისაუბროთ და როგორც არ უნდა ვეცადოთ იმის გამართლებას, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება საარჩევნო ციკლს, ამ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი მაინც უკავშირდება არჩევნების მეორე ტურის პერიოდს. ნათქვამია, რომ გაჩერებული საათიც დღეღამეში 2-ჯერ ზუსტ დროს მაინც აჩვენებს, გარკვეული ლოგიკა არსებობს იმაშიც, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა ეს მაინც განხორციელებულიყო. ჩვენ უკვე ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური და ამიტომ, გვინდა-არგვინდა, ქვეცნობიერში მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მაინც არჩევნებს ვუკავშირებთ. ამ დამოკიდებულებაში დამნაშავე არ არის რიგითი მოქალაქე, უფრო რთულ მდგომარეობაშია ჩაყენებული ის, ვისთვისაც ეს განხორციელდა. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ეს სხვა მიზნებით არის განპირობებული და ეს არჩევნებს არ უკავშირდება.
_ რა რისკების შემცველია ეს გადაწყვეტილება, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას? გამოიწვევს თუ არა იგი ლარის კურსის რყევას?
_ არა მგონია, რომ ეს ლარის კურსის რყევაზე ახდენდეს გავლენას იმიტომ, რომ ლარის კურსზე გავლენას სხვა უფრო ფუნდამენტური ფაქტორები ახდენს. არსებობს ასეთი ქართული გამონათქვამი, _ არც მოგეცემა და არც დაგეკარგებაო. ზოგიერთის სესხებზე საუბრისას იყენებენ. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა აქაც. ისტორიას ახსოვს ისეთი პრეცედენტები, როცა უიმედო ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერა ხდებოდა. ეს იყო საქართველოშიც, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც და ასევე ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების ჩატარებასა და შემდეგ არჩევნების შედეგებს, რომ გვინდა-არგვინდა ამ მეორეხარისხოვან თანამდებობას ეგზისტენციური დატვირთვა მივეცით. უკან დასახევი გზა აღარ არის, ჩახერგილია ორივე მიმართულებით და ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს. ნახევრად ხუმრობით ამ მდგომარეობას შევადარებ ელ კლასიკოზე ბარსელონასა და მადრიდის რეალის თამაშს, აჟიოტაჟითა და თვალყურის დევნების კუთხით. მაკროეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ დავინახავთ, როგორი რთული მდგომარეობაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, სულ 3 მილიონ 700 000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან კი 600 000 მსესხებელს თანხის გადახდა უჭირს. ამ მოცემულობას რომ შევხედოთ არა პოლიტიკური კუთხით და არჩევნებთან მიბმის თვალსაზრისით, არამედ ცალკე, ძალიან დიდი ციფრია, ანუ ყოველ მეექვსე მსესხებელს აქვს ვალი და ის გადახდის უუნაროა. რაც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და იმაზე, რომ მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე ვართ, ეს ყველაფერი ხომ ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება, ეს კეთილდღეობა კი არ ჩანს, _ პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა.
_ ამ გადაწყვეტილებით დათვურ სამსახურს ხოიმ არ უწევს მთავრობა მსესხებელს, ანუ ამის შემდეგ შესაძლოა, სხვა ადამიანებმა აიღონ სესხი იმ იმედით, რომ შემდგომში მას ამ სესხს მთავრობა დაუფარავს, ეს გაზრდის ინფანტილურობას მსესხებლებში?
_ ამ პრეცედენტის შექმნა ქვეცნობიერში მაინც უბიძგებს მომავალ პოტენციურ მსესხებლებს იმ ფიქრისკენ, რომ მას ვიღაც, ადრე თუ გვიან, გადაუხდის თავის ვალს. ეს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აძლევს არასწორ იმპულსებს, ნაცვლად იმისა, რომ მსესხებელმა გიაზროს თავისი ეკონომიკური შესაძლებლობები და დაეყრდნოს თავის ძალებს, მათში მთავრობის ეს გადაწყვეტილება ინფანტილურ დამოკიდებულებას აღვივებს. ჩვენ, როცა ვთვლით, რომ ვაშენებთ და ვავითარებთ საბაზრო ეკონომიკას, ამ დროს გვჭირდება ისეთი მოქალაქეები, რომელთაც თავიანთი პასუხისმგებლობა ბოლომდე ექნებათ გააზრებული. თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, მათ ნაბიჯებს რა შედეგები მოჰყვება.
_ ამ მოცემულობაში ჩვენი საზოგადოება არის მზად, რომ ეს გადაწყვეტილება სწორად მიიღოს და მათში ინფანტილურობა არ გაიზარდოს?
_ არ არიან მზად და პირიქით, ამ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის გრძნობა მცირდება. ზოგადი პრინციპი არსებობს, რომლის თანახმადაც ადამიანი კანონების არცოდნისგან არ თავისუფლდება, ე. ი. თუ მან, რაღაც დაარღვია და შემდეგ თქვა, რომ ეს არ იცოდა, მას თავისი პასუხისმგებლობა არ ეხსნება. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, ხელისუფლებამ საზოგადოების ინფანტილურობის შენარჩუნებას ან გაზრდას ხელი არ უნდა შეუწყოს.
_ თქვენ ამბობთ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოების ინფანტილურობა გაიზრდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების გადაწყვეტილება გამართლებულია?
_ ეს შეძლება აღვიქვათ ხელისუფლების ისეთ ნაბიჯად, რომლითაც საზოგადოებამ და ბიზნესმა გარკვეული შეღავათები იგრძნონ. მომავალი წლის ბიუჯეტი რომ განვიხილოთ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს თითქმის 400 მილიონი ლარით იზრდება დაფინანსება განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულებით. აქედან აშკარად ჩანს, რომ სოციალურ ბლოკს სოლიდური თანხები გამოეყოფა. გადასახადების ჯამური სიდიდის თანაფარდობა შევადარე მთლიან შიდა პროდუქტთს, რაც შემცირებულია. 2018 წლის დონე რომ შენარჩუნებულიყო, 2019 წელს მოსახლეობას, ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს ერთად მოუწევდათ ბიუჯეტში, სულ ცოტა, 180 მილიონზე მეტი თანხის გადახდა. ესეც, გარკვეულწიულად, შეღავათია, ანუ სად მიდის ის ფული? რა თქმა უნდა, რჩება ისევ მოსახლეობას. სანამ ბახტაძე პრემიერი გახდებოდა, მან ფინანსთა მინისტრობის დროს წამოაყენა ინიციატივა, რომ გარკვეული საგადასახადო თამასა ზემოთ აწეულიყო, 100 000-ის ნაცვლად, 500 000-ის ზემოთ ყოფილიყო დაბეგვრა. თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ, მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოების წევრებმა უფრო კომფორტულად და დაცულად იგრძნონ თავი. ამასთანავე, ამას თუ დავუმატებთ კანონპროექტს, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება და რომლის მიხედვითაც უცხოელი მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ბინადრობის უფლების ფასის აიწევს, ე. ი. ეს ნიშნავს, რომ მათ გარკვეულ ბარიერებს ვუქმნით. ერთი მხრივ, შეღავათები აქვს საქართველოს მოქალაქეებს და მის ბიზნესს, ხოლო, მეორე მხრივ, კი გარკვეული ბარიერები უცხოური კაპიტალისთვის და ბიზნესისთვის. თუ არჩევნებს ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ, ხელისუფლების ეს დამოკიდებულება გასაგებია, ის ცდილობს, ქართველმა მოქალაქეებმა და მათმა ბიზნესმა საკუთარ ქვეყანაში თავი კომფორტულად იგრძნონ.
_ რამდენად საკმარისია ეს და რამდენად რადიკალურად ცვლის სიტუაციას ჩვენი ქვეყნის მოქალქეებისთვის და მათი ბიზნესისთვის?
_ ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი. თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში ხელიუსფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შევაფასებთ, მაგალითად, ესტონურ მოდელს, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესს აქვს საშუალება, მოახდინოს მიღებული მოგების რეინვესტირება წარმოების გაფართოებაში და ის ამ შემთხვევაში აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადიდან. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ამან საკმაოდ დიდი შემცირება მოგვცა, დაახლოებით 400 მილიონზე მეტი ლარით შემცირდა ბიუჯეტში შენატანი. მაშინ, როცა ეკონომიკა განვითარდ წესით მოგებაც მეტი უნდა ყოფილიყო. ბიზნესმა კი დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის რეინვესტირება მოახდინა, ამ მხრივ ბიზნესს მიეცა შეღავათი. ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს არის მორიგი ნაბიჯი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო მეტი სისტემურობა და მეტი კატეგორიულობა იმისათვის, რომ ბიზნესმა მეტი თავისუფლება იგრძნოს. ვფიქრობ, გაცილებით მომგებიანი და უპრიანი იქნებოდა ის, რომ სახელმწიფოს ეზრუნა ბანკის პროცენტზე, ანუ პროცენტი რომ ყოფილიყო უფრო დაბალი. როდესაც ბაზარზე საკრედიტო რესურსი განსაზღვრული გაქვს პირობითად 10 მილიარდი ლარის ოდენობით, თავისუფალი განაწილებისთვის კი 9 მილიარდი რჩება. ჩვენ ვიცით, მოთხოვნა-მიწოდების კანონის მიხედვით, რაც უფრო დარღვეულია პროპორცია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, ფასი იზრდება. ამიტომ, რაც უფრო აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო საბანკო სექტორიდან კრედიტების მოზიდვაში, ანუ შიდა ვალის ხარჯზე თავისი მიმდინარე ვალდებულებების დაფარვაში, ამით უფრო ხელს უწყობს სკრედიტო რესურსის გაძვირებას. ამიტომ ამ მიმართულებით ისეთი ბიზნეს და მაკროეკონომიკური გარემო უნდა შექმნას სახელმწიფომ, რომ საბანკო კაპიტალის ფასი შედარებით იაფი იყოს.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ძირეულ ცვლილებებს ვერ ხედავთ და ისაუბრეთ, რა უნდა შეიცვალოს, როგორ ფიქრობთ, ამის მზაობა არის ხელისუფლების მხრიდან?
_ მინდა დავიჯერო, რომ მზაობა არის, მაგრამ სისტემურობას ვერ ვხედავ. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ნიშნავს იმას, რომ მზაობა არის, ამ ყველაფერს კი სჭირდება სისტემურობა, რომ გადაწყვეტილების მიღება ერთნაირ კონტექსტში მოხდეს, მაშინ შედეგიც უფრო ეფექტიანი იქნება.

აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ ესაუბრა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს:
_ როგორ შეაფასებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ეს ივანიშვილის მორიგი ანკესია?
_ როგორც აღმოჩნდა, სქემა ასეთია: კომერცული ბანკებისგან „ქართუ ბანკი“ ჩალის ფასად გამოისყიდის ფულს, თუ დიდი ბანკები, როგორიცაა „საქართველოს ბანკი“ და „თი-ბი-სი“ ამას დათანხმდებიან, ეს იქნება მათთვის „ქართუსთვის“ პოლიტიკური საჩუქარი. „ქართუ“ კი ამას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როგორც ჩანს, სხვა კომერციულ ბანკებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მსგავსი აქტივები იაფად დაუთმონ „ქართუს“. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მსგავსი რამ პირველად გაიგეს. მათმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ „ქართუს“ მსგავსი ვალების შესყიდვა უნდა, სიმბოლურ ფასად ამას არ დათმობენ. ბუნებრივია, რომ ონლაინ სესხებიც ამ აქტივებს უფასოდ არ გაატანენ, თუკი არ იქნება ადმინისტრაციული ზეწოლა, დაშინება. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სესხების უკან დგას ქონება, რომელიც გადაყვება „ქართუ ბანკს“. მსესხებელს არსებული ქონება აქვს გირაოში, მეორე მხრივ, სახელშეკრულებო ვალდებულებაა, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქონების ან სხვა აქტივების სახით დაფარვა. ვის დარჩება ეს ქონება, _ მსესხებელს, თუ ამას „ქართუ“ დაისაკუთრებს?! „ქართუ“ არა მხოლოდ ვალდებულებებს, არამედ აქტივებსაც დაისაკუთრებს. ის, რომ მილიარდ-ნახევრის ოდენობის ჩამოწერა მოხდება, ეს არის სრული ბლეფი. საბოლოოდ დავინახავთ, რომ ამ აქციაში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა 1 ან 2 მილიონი და ამას ლამაზად ფუთავენ. მეორე მხრივ, ამ კატეგორიის სესხები უიმედოა და კომერციული ბანკებიც ყოველწლიურად ახდენენ მათ ჩამოწერას. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 50 მილიონი ლარის უიმედო სესხების ჩამოწერა ხდებოდა. რეალურად, უიმედო სესხების ჩამოწერის მექანიზმს დაემატება მცირეოდენი წაშველება „ქართუ ბანკიდან“ და შემდეგ ის გასაღდება, როგორც ძალიან დიდი აქცია. არსებითი პრობლემა ამ შემთხვევაში არა 2000 ლარამდე სესხებია, არამედ ასეულ ათასობით იპოთეკური სესხები, როდესაც ადამიანებს ბინიდან გამოსახლება ემუქრებათ. ეს პრობლემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ხოლო მთავრობის ეს გადაწყვეტილება კი საარჩევნო პოპულიზმზეა ორიენტირებული, თუმცა რაღაც კატეგორიის ადამიანებს რომ შეეშველება, ეს ბუნებრივია. თუმცა ეს არ არის იმ მაშტაბის აქცია, რომელიც არსებითად შეცვლის რამეს, როგორც იტყვიან, _ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.
_ რა გაძლევთ იმის საფუძველს, როცა ამბობთ: ისე არ წვიმს, როგორც ქუხს?
_ ეს ნამდვილად არის ქუხილი არჩევნების წინ, ვინაიდან დეტალებზე არ საუბრობენ. რეალურად, რის გაკეთებას აპირებენ, ამას უკვე დეკემბერში დავინახავთ, როდესაც ამ პროცესის ნამდვილი აღსრულება დაიწყება. ჩვენ არ ვიცით, როგორი მექანიზმებით მოხდება ამ ვალების ჩამოწერა და არც იმაზე საუბარი, რა მოუვა იმ ქონებას, რომელიც გირაოშია ჩადებული. ასევე გაურკვეველია, 2000 ლარში რა იგულისხმება, _ ის, რომ ადამიანმა თავიდან 2000 ლარი აიღო, თუ ის, რომ მას მეტი ჰქონდა აღებული და ახლა აქვს დარჩენილი 2000? ხომ შეიძლება, ადამიანს 10 000 ლარი ჰქონდა აღებულული და დღეს 2000 დარჩა გადასახდელი, ასეთ ადამიანებს ეხებათ? ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარი და მოუმზადებელი საკითხია. დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რა შედეგს გამოიღებს და რა რაოდენობის თანხებით მოხდა ამომრჩევლის მოსყიდვა ამ აქციის შედეგად. „ქართუ“ რომ ამაში კაპიკებს დახარჯავს, ეს ცხადია.
_ ამ 600 000 ადამიანში იქნებიან ისინი, ვინც გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევიან, მთავრობის ამ გადაწყვეტილებით კი შესაძლოა, მათ პოზიცია შეიცვალონ. ამ კუთხით თქვენ რა რისკებს ხედავთ, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ თქვენს ამომრჩეველს მეორე ტურამდე „ოცნება“ ამ გზით გადაიბირებს?
_ რა თქმა უნდა, სწორედ ამომრჩევლის გადაბირებაა მათი მიზანი. მათ რომ მოსახლოების დახმარება სდომოდათ, ამას ბევრად ადრე გააკეთებდნენ. მათ ნახეს, რომ პირველი ტური წააგეს და ახლა ნებისმიერ ხერხს იყენებენ, მათ შორის, ამ ხერხს. ეს არის რეაგირება წაგებულ არჩევნებზე. მათი გათვლა სწორედ ამომრჩევლის გულის მოგებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველა ეს ინიციატივა განხორციელდა მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ წამოაყენა საკუთარი ინიციატივები. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე რეაგირება, ეს იყო ასევე ვაშაძის მოთხოვნაზე რეაგირება, რომელიც მუდმივად მოითხოვდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმას ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ ამომრჩეველი ამას ჩათვლის არა ივანიშვილისა და „ქართუ ბანკის“ ქველმოქმედებად, არამედ ამას ჩათვლის ოპოზიციის გამარჯვებად. ამომრჩეველი დაინახავს იმასაც, რომ თურმე სახელისუფლებო კანდიდატის წაგება კარგი ყოფილა. რაც უფრო მეტად შეექმნა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე, მით უფრო სასარგებლო ნაბიჯებს გადადგამენ ხალხის საკეთილდღეოდ. თუ სამართლებრივ მხარეს შევხედავთ, საუბარია კომერციულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობაზე. ერთმა ბანკმა მეორე ბანკის აქტივები და პასივები იყიდა, აიღო ეს ვალი და ამავე დროს წამოიღო ქონება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის „ქართუ ბანკსა“ და კომერცუილ ბანკებს შორის გარიგება. როდესაც კომერციული ურთიერთობების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას აკეთებს და ამას შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებად ასაღებს, ეს არის პირდაპირი და უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში. მთავრობას არ აქვს უფლება, არჩევნებში ჩაერიოს, ვინაიდან მთავრობა ატარებს არჩევნებს. ხელისუფლება ამ შემთხვევაში ნეიტრალური უნდა იყო. როდესაც „ოცნების“ მთავრობა და მთავრობასთან აფილირებული კომერციული სტრუქტურები ეხმარება, ეს ყველაფერი კანონის ნორმებში არ ჯდება, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი არჩევნები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს მილიარდების მქონე ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა ფორმით შეუძლია ამომრჩევლების მოსყიდვა. წინა არჩევნებზე, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ის არიგებდა დიდძალ ფულს, სატელიტურ თეფშებს. ეწეოდა მედიის მოსყიდვას, ამიტომ რეალურად განუსაზღვრელი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანი პატივს არ სცემს კანონს.

ნენე ინჯგია