მთავარი რელიგია დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საჭიროა ახალი „რუის-ურბნისი“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საჭიროა ახალი „რუის-ურბნისი“

210
0
გაზიარება

ჩვენ გვინდა დასრულდეს მუდმივი კრიტიკა და ეჭვები საქართველოს ეკლესიის ირგვლივ.

საეკლესიო და საერო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ესაუბრა:

_ ქართულ საზოგადოებაში ერთგვარად მიყუჩდა საუბარი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დროს მართლმადიდებელ სამყაროში საკმაოდ დიდი რყევებია. ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები. რეალურად რა ვითარება გვაქვს დღეის მდგომარეობით?
_ უმნიშვნელოვანესი იყო ა. წ. 3 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვიზიტი სტამბოლში, ისტორიულ კონსტანტინოპოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან, სადაც მათ მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მოხდა ოფიციალური შეთანხმება უკრაინის დამოუკიდებელი, ანუ ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსებაზე. „დღეს ისტორიული დღეა. ჩვენ შევთანხმდით პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე უკრაინასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის, რომელსაც ჩვენ ეს-ესაა ხელი მოვაწერეთ პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად“, _ განაცხადა პოროშენკომ. თავის მხრივ, პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ „ხელს შეუწყობს უკრაინის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ერთიანობას“. პატრიარქმა პოროშენკოს მადლობა გადაუხადა თურქეთში ვიზიტისთვის და კიევში წმიდა ანდრიას ეკლესიის მსოფლიო საპატრიარქოსთვის სტავროპიგიად, ანუ მეტოქიონად (რაც ნიშნავს საეკლესიო წარმომადგენლობის ადგილსამყოფელს საეკლესიო ტერმინოლოგიით) გადმოცემისთვის. „ვლოცულობ უკრაინაში სწრაფი ვიზიტისათვის და ვლოცავ ღმრთისმოსავ უკრაინელ ხალხს“, _ დასძინა პატრიარქმა ბართლომეოსმა. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს თვეებში მსოფლიო პატრიარქი თავად ჩავა კიევში და გადასცემს ახლად დაფუძნებულ ავტოკეფალიურ ეკლესიას ავტოკეფალიის ბოძების ტომოსს, ანუ სიგელს.
_ მკითხველს შევახსენოთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იტორიული პასაჟები.
_ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ კიევის მიტროპოლია დაფუძნებულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ 988 წელს და მასვე ექვემდებარებოდა 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლიის ქვემდებარე იყო თავად რუსეთის ეკლესია 1461 წლამდე, რომელიც მას თვითნებურად გამოეყო და ყოველგვარი კანონიკური ნორმების დაცვის გარეშე ავტოკეფალია გამოაცხადა. 1685 წლიდან კიევის მიტროპოლია ასევე არაკანონიკური გზით, მოსკოვის სამეფოს საერო ხელისუფლების დახმარებით მიითვისა მოსკოვის საპატრიარქომ და დღემდე ახორციელებს უკრაინის ეკლესიის ანექსიასა და რუსიფიკაციას. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იმხანად შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო ვერ ახერხებდა, წინ აღდგომოდა გაძლიერებული მოსკოვის საპატრიარქოს ამბიციებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამას თავად დაპყრობილი უკრაინელებიც ვერ ახერხებდნენ. რუსეთის იმპერიის დანგრევისთანავე, 1918 წელს, დაიწყო ძლიერი ავტოკეფალისტური მოძრაობა უკრაინაში, მაგრამ საბჭოთა რუსეთის მიერ უკრაინის ხელახალმა ოკუპაციამ ეს პროცესი შეაჩერა, თუმცა დროებით. საბჭოთა დიქტატურის რღვევისთანავე, 1989 წლიდან, ავტოკეფალისტური მოძრაობა უკრაინაში განახლდა. 1991 წლის ბოლოს უკრაინის ეკლესიის ყველა ეპისკოპოსმა ხელმოწერით დაადასტურა ავტოკეფალიის მოთხოვნა, მაგრამ მოსკოვმა მტკიცე უარით ჩაახშო ეს მოთხოვნა და ეპისკოპატის მეთაური, კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) თანამდებობიდან გადააყენა. სიმბოლურია, რომ უკრაინის ავტოკეფალისტური მოძრაობის დაწყებიდან ასი წლის თავზე ეს ბრძოლა გამარჯვებით გვირგვინდება. ასი წელი დასჭირდა, რომ მომზადებულიყო ის პოლიტიკური და საეკლესიო მზაობა მსოფლიოში, რომ ეს საკითხი დადებიდათ გადაჭრილიყო, მიუხედავად რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებათა მძაფრი წინააღმდეგობისა.
_ როგორია მოლოდინები, ანუ როგორ შეიძლება, მოვლენები განვითარდეს?
_ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გზაზე მთავარი პრობლემა მოსკოვის საპატრიარქოა, რომელსაც არასდიდებით არ სურს გავლენის დაკარგვა უკრაინაზე. ეს არაა გასაკვირი თუ რუსეთის ეკლესიის წარსულსა და აწმყოს გავეცნობით. რუსეთის ეკლესია საქართვლოს ეკლესიის განთავისუფლებაზეც კატეგორიულ უარს აცხადებდა და ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესია სქიზმატურ დაჯგუფებად გამოაცხადა 1917 წელს. ეს პოზიცია მოსკოვის საპატრიარქომ მხოლოდ 1943 წელს, იოსებ სტალინის მითითებით შეცვლა და ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და მასთან ევქარისტიული (თანაზიარებითი, _ ავტ.) კავშირი დაამყარა. და თუ საქართველოს ეკლესიაზე მბრძანებლობის ამხელა ამბიცია ჰქონდათ მოსკოვის პატრიარქებს, ეს რამდენად უფრო მწვავედაა უკრაინასთან მიმართებით, სადაც სამ საუკუნეზე მეტია, მოსკოვის საპატრიარქო ახორციელებდა თავის ძალაუფლებას.
_ აუცილებლად უნდა შევეხოთ აფხაზეთის საკითხს. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო პატრიარქი მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში და აქ დაადასტუროს აფხაზეთის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი კუთვნილება. ამის მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში კვლავაც არიან ღვთისმსახურები, რომლებიც ღიად გამოხატავენ რუსეთის ეკლესიისადმი მხარდაჭერას და მიუთითებენ, რომ ამ დაპირისპირებაში რუსეთი მართალია. ამ ფაქტის თქვენეული ანალიზი როგორია?
_ რუსულ იმპერიალისტურ ინტერესებს თავისი ლობისტები და აგენტები ყველგან ჰყავს, ბუნებრივია, ქართულ სამღვდელოებაშიც. არსებითი კი ისაა, რომ ვიცოდეთ შემდეგი რეალობა: დღევანდელი მდგომარეობით აფხაზეთში ანტიკანონიკურად მსახურობს მოსკოვის საპატრიარქოს ადიღე-მაიკოპის ეპარქიის 11 მღვდელი. ბესარიონ აპლიას გამოკლებით, ყველა დანარჩენი, ათივე მღვდელი, ნაკურთხია მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსების მიერ.
წარმოგიდგენთ მათ სიას, რომ ქართველებმა კარგად გავიაზროთ, რა მასშტაბის საეკლესიო შემოჭრასა და მტაცებლობას ახორციელებს მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთში, საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე: 1. მღვდელი ბესარიონ აპლია, 2. იღუმენი იგნატი კიუტი, 3. იღუმენი სერგეი ჯოპუა, 4. მღვდელმონაზონი ვასილისკ ლეიბა, 5. მღვდელი ნიკიტა ადლეიბა, 6. მღვდელი დალმატ გოპია, 7. მღვდელი ალექსანდრე სერგეევი, 8. მღვდელი მათე ტუჟბა, 9. მღვდელი იგორ არტემიევი, 10. მღვდელი ანდრეი გორბუნოვი, 11. მღვდელმონაზონი დავით გვაზავა. ეს 11 მღვდელი შედის ე. წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭოში, რომელსაც თავმჯდომარეობს სქიზმატი მღვდელი ბესარიონ აპლია, რომელიც ადრე ატარებდა ქართულ გვარს (ფილია). იგი 1991 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დავით ჭკადუამ მღვდლად აკურთხა, ხოლო 1993 წლიდან განუდგა საქართველოს საპატრიარქოს, ანუ გავიდა სქიზმაში და ანტიკანონიკურად (განტევების სიგელის გარეშე) გადასულია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. 2002 და 2008 წლებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ წმ. სერაფიმ საროველის და წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის საეკლესიო ორდენებით დააჯილდოვა. ბესარიონ აპლია, პრაქტიკულად, არის მოსკოვის საპატრიარქოს მიერ მართული მთავარხუცესი, ანუ რუსული ტერმინით „ბლაგოჩინი“ აფხაზეთში.
_ ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი: რუსეთის საპატრიაქოს წარმომადგენლები რამდენიმე ხნის წინ რომის პაპს შეხვდნენ და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიო პატრიარქი დააბეზღეს. საინტერესოა, ეს ნაბიჯი როგორ ფასდება საეკლესიო პრიზმაში?
_ დიახ, ზუსტად ასე იყო. ძალიან საძრახისია მოსკოველთა ქმედება, შიდამართლმადიდებლური საკითხების გასარჩევად ჩარიონ რომის პაპი. თუმცა მოსკოვის საპატრიარქოსგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, ისინი იბრძვიან და ყოველთვის იბრძოდნენ ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდით. მათი გავეშება და გაბოროტება მათვე აკარგვინებს გონიერებასა და რაციონალიზმს: რომის პაპს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად ან რა ინტერესი და სარგებელი უნდა ჰქონდეს მას, რომ მოსკოვის საეკლესიო იმპერიალისტური ამბიციებისთვის თავი გამოიდოს?! უბრალოდ, ღიმილის მომგვრელი კურიოზია.
_ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემისა და უპირველესი მღვდელმთავრის გამორჩევის შემდგომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწევს კანონიკურ სამართალში ჩაჯდომა. მინიმუმ უკრაინის პატრიარქის მოხსენიება. ცალკე სინოდსაც მოუწევს მსჯელობა ამ საკითხზე. როგორია თქვენი მოლოდინები? ხომ არ მოხდება ისე, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თვითიზოლაცია მოახდინოს და ისიც სქიზმაში აღმოჩნდეს?
_ არ მგონია, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის უმრავლესობა იმათ მიემხროს, ვინც საუკუნეზე მეტი ხანი გააუქმა საქართველოს ეკლესიის პატრიარქობა და სინოდი, ხოლო საქართველოს საპატრიარქო თავის საეგზარქოსოდ აქცია, ძარცვეს და გაარუსეს ქართული ეკლესია-მონასტრები. ქართველებმა უკრაინელებზე არანაკლებ მწვავედ ვიგემეთ რუსული საეკლესიო მონობის სიმძიმე. დღეს ყველაზე მკაფიოდ კვლავ ჟღერს წმ. კირიონ მეორის (მოსკოვის პატრიარქ ტიხონის მიერ სქიზმატიკოსად გამოცხადებულის) სიტყვები: „ეკლესიური მონობა ყველანაირ მონობაზე ურესია!“.
_ „ქართულ ამბებს“ მივხედოთ. საქართველოში დიდი პოლიტიკური ციებ-ცხელებაა. არჩევნების პირველი ტურის წინ საპატრიარქომ დუმილის პოზა აირჩია. თქვენი აზრით, როგორი იქნება საპატრიარქოს პოზიცია მეორე ტურის წინ და რამდენად არის მოსალოდნელი სასულიერო პირების გააქტიურება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ? აქვე საინტერესოა პირადად თქვენი პოზიცია ორ კანდიდატთან მიმართებით, იმის გარდა, რომ თქვენ სასულიერო პირი ხართ _ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით.
_ სამოქალაქო საზოგადოება ახლა შენდება საქართველოში, ახლა შენდება ახლიდან მრავალსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს რთული ეთნოფსიქიკური და პოლიტიკური პროცესი ქალის სამშობიარო ტკივილებს ჰგავს: მწარეა იგი, მაგრამ ნაყოფი კეთილი უნდა ჰქონდეს. ადამიანების ნაწილს უჭირს იმის გააზრება, რომ სასულიერო პირიც ქვეყნის რიგითი მოქალაქეა თვისი შეხედულებებით და არჩევანის უფლებით. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ რაიმეს იტყვი, ან დაწერ, ჰგონიათ, რომ მღვდელი პოლიტიკაში ერევა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა: პოლიტიკაში ჩარევა არის პოლიტიკური პროცესების მართვა და პოლიტიკური თამდებობების დაკავება, ასევე თუ ადგილი ექნება მრევლის იძულებას გარკვეული პოლიტიკური არჩევანის სასარგებლოდ. პოლიტიკურ თემებზე აზრის გამოთქმა კი ყველა ადამიანის ბუნებითი უფლებაა და ეს არავის უნდა უკვირდეს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება სამშობლოს მომავალს. ეკლესია მარადიული ინსტიტუციაა, რომელიც ყველა ხელისუფლების მიმართ უნდა იყოს ლოიალური, თუ სახეზე არაა ანტიჰუმანური და ანტიქრისტიანული ხელისუფლება.
_ დაბოლოს, დღეის მდგომარეობით, რა მიგაჩნიათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
_ ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებისა და პრობლემების გააზრებაა. კერძოდ: საეკლესიო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა და ხარჯვის მიზნობრიობა; სამღვდელოების ქონებრივი დიფერენციაცია, უხელფასობა და სოციალური დაუცველობა; ეკლესიის ჰუმანიტარული მსახურების გაძლიერება; ღვთის სიტყვის დროის ენასთან შესაბამისი და ადეკვატური ქადაგება; სამღვდელოების სულიერ-ზნეობრივი და ინტელექტუალური მდგომარეობა. ეკლესია ზედროულია, მაგრამ ამავე დროს კონკრეტულ დროში მოღვაწე. ამიტომ იყო, რომ საუკუნეთა მანძილზე მრავალი მიმდინარე საეკლესიო კრებით ხდებოდა ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემატიკის გადაჭრა. ჭეშმარიტი საეკლესიო კრება ესაა არა ფორმალობა _ კრება კრებისთვის, არამედ კრება აუცილებელი ცვლილებისთვის და ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ რუის-ურბნისის კრება შორეული წარსულის კუთვნილებად დარჩა. საჭიროა ახალი „რუის-ურბნისი“. ფორმალურობა, დაშორებული რეალურ შინაარსს, ყოველთვის იწვევს დიდ პრობლემებს ინსტიტუციაში, რომელთა გადაჭრა, რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება. აუცილებელია მსოფლიო მართლმადიდებლობასთან (არ ვგულისხმობ რუსეთის ეკლესიას, რომელიც დიდი ხანია, ქცეულია რუსული სახელმწიფოს პოლიტიკურ-იდეოლოგიურ სტრუქტურად და საქართველოს ეკლესიის განადგურებაში ლომის წილი მიუძღვის 1811 წლიდან დღემდე) უმჭიდროესი კავშირი და მათი გამოცდილების გაზიარება მართვასა და ადმინისტრირებაში. საბჭოთა ეპოქამ სრულად ჩაკლა და დაამახინჯა საეკლესიო ცხოვრება საქართველოში და ამის გამოსწორება მხოლოდ შენობების აღდგენა-აშენებით არ მოხდება: აუცილებელია კრებითობის, როგორც ეკლესიის მართვის ერთადერთი კანონიკური საფუძვლის აღდგენა მმართველობის ყველა დონეზე _ როგორც საპატრიარქო, ისე საეპარქიო, სამონასტრო, სამრევლო დონეებზე. აუცილებელია, საქართველოს ეკლესიაში თანამედროვე მდგომარეობის გათვალისწინებით აღდგეს 1917 წლის პირველი საეკლესიო კრების მიერ მიღებული „საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“, რომლის თანდათანობითი მოშლა-გაუქმება საქართველოს ეკლესიის დიდი კრახია. ამ დებულებით ეკლესიაში კრებითობისა და სამართლის მოქმედება იყო მკაცრად რეგლამენტირებული და დაცული, ამის გარანტი იყო საკათოლიკოსო საბჭო, საეკლესიო სასამართლო, საკათოლიკოსოს, ანუ მთელი საქართველოს ეკლესიის, გაფართოებული საეკლესიო კრებები და საეპარქიო კრებები, რომელიც რეგულარულად, განსაზღვრულ ვადებში უნდა ჩატარებულიყო. თუ ჩვენ გვინდა დასრულდეს მუდმივი კრიტიკა და ეჭვები საქართველოს ეკლესიის ირგვლივ, ეს ყველაფერი გადასაჭრელი და მოსაგვარებელია საეკლესიო კანონიკის საფუძველზე.

არმაზ მეტრეველი

დატოვეთ კომენტარი