საქართველოს უცნობი ქრონიკა: 1919 წლის აპრილი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-34.

კრიმინალური მდგომარეობა

1919 წლის აპრილის ძირითადი მახასიათებელი კრიმინალური ფონის უკიდურესი დამძიმებაა. გაზეთ „საქართველოს“ ყოველ ნომერში წააწყდებით ცნობას, სადაც მკვლელობაზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე, ქუდრობაზე წერენ. ძარცვავდნენ ყველას: გლეხებს, სახელმწიფო მოხელეებს, უცხოელებს, მუშებს, მდიდრებსა და ღარიბებს, გამვლელებსა და მგზავრებს, მეზობლებსა და ნათესავებსაც კი. ბანდიტებთან ერთად, ხშირად, კრიმინალთა როლში თავად მილიციელები და სამხედროებიც გამოდიოდნენ. მოკლედ, ვისაც იარაღი ჰქონდა, ყველა შარა გზაზე იყო გამოსული და უბრალო მოქალაქეს გასაქანს არ აძლევდა.
2 აპრილი: „ამ დღეებში სამხედრო უწყების ყოფილ გიმნაზიის პანსიონიდან ბოროტ განმზრახველებმა 10 ათას მანეთად ღირებული თეთრეულობა მოიპარეს“.
4 აპრილი: „ხელახლა გაძარცვეს წმ. დავითის ეკლესია. ბოროტგამზრახველთ გაუღიათ ეკლესიის ეზოში მყოფ სამლოცველოს კარები და წაუღიათ ძვირფასი ნივთები“.
5 აპრილი: „სიღნაღის მაზრაში მრავალი გავარდნილი ყაჩაღი თარეშობს. თელავის არემარეში შესდგა ყაჩაღთა ბრბო „უტრუხუნეს“ მეთაურობით“.
11 აპრილი: „საღამოს 11 საათზე გრიბოედოვის ქუჩაზე მიმავალ მომღერალ დ. ლეჟავას დახვდა რამდენიმე შეიარაღებული პირი და მოსთხოვეს ფული. ლეჟავა გაუძალიანდა, რისთვისაც ბოროტ განმზრახველებმა მძიმედ დასჭრეს ხანჯლით“.
12 აპრილი: „ღამის 10 საათზე ელისაბედის ქუჩაზე ექიმ სიმხოვიჩის ბინაზე შეიჭრა რამდენიმე შეიარაღებული პირი და სიკვდილის მუქარით 30 ათასი მანეთი და სხვა ძვირფასი ნივთები წაართვეს. გარედ გამოსვლის დროს ასტყდა სროლა, რომლის დროსაც მოკლულ იქმნა მილიციონერი მესტიაშვილი დასჭრეს მილიციონერი მირაქოვი“.
24 აპრილი: „მატინოვის ქუჩაზე 3 შეიარაღებული პირნი თავს დაესხნენ ადერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ამხანაგ ტემირბეგ მაკინსკის და სიკვდილის მუქარით წაართვეს ფულად 3 ათასი მანეთი და ოქროს საათი. ეჭვით დააპატიმრეს მილიციელი ქვირიძე“.
ქვეყანაში არსებულ სრულ განუკითხაობას გაზეთმა „საქართველომ“ 15 აპრილის ნომერში პირველ გვერდზე ვრცელი, მეწინავე სტატია მიუძღვნა, რომელსაც შემდეგი სათაური ჰქონდა: „ყაჩაღთა თარეში“: „…რესპუბლიკა ბანდიტების სათარეშოდ არის გადაქცეული. აღვირ ახსნილი ყაჩაღობა კიდით-კიდემდე მოსდებია მთელ ჩვენს ქვეყანას! ათასი ჯურის მძარცველები სპეკულიანტებიდან დაწყებული, ქუჩაში დაუფარავად და მოურიდებლად დამბაჩა ამოღებული ავაზაკებით გათავებული _ შიშის ზარსა სცემენ მწუხრში ჩავარდნილ მშვიდობიან მცხოვრებს…
სავალალოა ნაძირლების უზომო თავგასულობა: ასეთი მოდგმის სუბიექტები არ დაილევა აროდეს! სამწუხარო ის არის, რომ მძარცველები და ქურდები დაუსჯელად აკმაყოფილებენ თავის მდაბალ ინსტიქტებს, ხოლო რესპუბლიკის „თავისუფალ“ მოქალაქენი სავსებით მოკლებულნი არიან სახელმწიფოსგან თავდაცვას…
ხალხის პირადი ცხოვრება უკიდურეს ყოფაშია! არავინ არის უზრუნველყოფილი, რომ დღეს-ხვალ ვიღაც არამზადას მეთაურობით სხვა ასეთივე არამზადები სიცოცხლეს არ მოუსპობენ, ან მთლად შიშველს არ დასტოვებენ!
საგაზეთო ქრონიკა მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ საქართველოს მოქალაქენი: გაძარცვეს, მოჰკლეს, გააუპატიურეს, გაქურდეს, სცემეს, დაასახიჩრეს და სხვ… ვინ არის ხალხის პატრონი და მშველელი? სადამდის უნდა მივიდეს ასეთი შეურაცხმყოფელი მდგომარეობა? სად არის სახელმწიფოს დამსჯელი კანონი, რომ მრისხანედ და ულმობელად არ მოევლინება ქვეყნის ამრევ-დამრევებს და არ მოსპობს ბანდიტების ბუდეებს!“
1919 წლის აპრილში გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი უამრავი კრიმინალური ცნობიდან რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. მაგალითად, აღსანიშნავია 6 აპრილს მოცემული ინფორმაცია, რომელიც გურიაში შემოქმედის ტაძრის ძარცვას ეხება. როგორც ცნობიდან ირკვევა, მძარცველებმა ტაძრიდან მთელი სიმდიდრე გაზიდეს. კერძოდ კი: 30 მილიონ მანეთად შეფასებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი მიტრა, ძველი ხატები, მინანქრის ჭედურობით და ა. შ. გაზეთი გადმოგვცემს, რომ ყაჩაღებმა მთელი ეს ძვირფასეულობა ჯერ ბათუმში გადაიტანეს და იქიდან შემდეგ თურქეთში წაიღეს. გამოცემა იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ქურდების კვალს მიაგნეს და მათი უმეტესობა დააკავა, თუმცა ნაძარცვის ტაძრისთვის დაბრუნება ვეღარ შეძლო.
ძარცვაში მონაწილეობდნენ: ამავე ტაძრის ბერი ურუშაძე, ადგილობრივი მკვიდრი ვინმე ტაკიძე და ბათუმიდან ჩამოსული რუსი მოწყალების და. ბოროტმოქმედები ტაკიძის მეუღლემ გასცა და აღმოჩნდა, რომ მძარცველები ყველა ბოლშევიკური პარტიის წევრები იყვნენ.
კიდევ ერთი გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა თბილისში 20 აპრილს, აღდგომის ღამეს მოხდა. ამის თაობაზე გაზეთი „საქართველო“ 26 აპრილის ნომერში გვამცნობს. საქმე ბრიტანელი სამხედრო ექიმის მკვლელობას ეხებოდა. ბრიტანელი სამხედრო ექიმი ჯონ ჰენრი მაგგოვენი მიხეილის პროსპექტზე, სამხედრო სასწავლებლის სიახლოვეს, მეგობარ ქალებთან ერთად სეირნობდა, როცა შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა. ისინი სამხედრო სასწავლებლის შიდა ეზოში შეათრიეს, სადაც ექიმი სიცოცხლეს გამოასალმეს, ხოლო მისი თანმხლები ქალები კი გააუპატიურეს.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ საქართველოს ხელისუფლებას, ამ შემთხვევის უმკაცრესი გამოძიება და მკვლელების უმოკლეს ვადაში დაკავება მოსთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ეს სასტიკი დანაშაული სახალხო გვარდიის წევრების ჩადენილი იყო, რომლებიც მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 26 აპრილი: „20 აპრილს ღამეს მოკლულ ინგლისელ ექიმის მკვლელთაგან დააპატიმრეს ხუთი: ჟღენტი, ცინცაძე, ბარამიძე, მუხაშავრია და ბერძენიშვილი. ვერ იპოვეს მეექვსე დამნაშავე პაიჭაძე. მთავრობის განკარგულებით 24 აპრილს საგანგებო სასამართლოში სასწრაფოდ გაირჩა დაპატიმრებულთა საქმე. სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯათ ჟღენტს, ბერძენიშვილსა და ბარამიძეს. 20 წლის კატორღა ცინცაძეს; 15 წლის კატორღა მუხაშავრიას. გასამართლების შემდეგ ტუსაღები მიიყვანეს სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში, საიდანაც გაძლიერებულ დამცველ რაზმის თანხლებით ღამის 2 საათზე ტუსაღები წაიყვანეს ყოფილ სამხედრო სასწავლებელში დასამწყვდევად.
როდესაც სამხედრო სასწავლებელს დაუახლოვდნენ, ჟღენტი და ბერძენიშვილი სხვა და სხვა მხრივ გაიქცნენ. დამცველებმა სროლა აუტეხეს დანარჩენებს. მოჰკლეს ბარამიძე და ცინცაძე. უვნებლად გადარჩა მუხაშავრია, რომელიც სროლის დროს მიწაზე გაწვა. სროლის დროს მძიმედ დაიჭრა სისხლის სამართლის მილიციონერი ყუფარაძე“.
მეორე დღეს _ 27 აპრილს, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაზეთი კიდევ ერთ ცნობას აქვეყნებს. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ბრიტანელი ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეექვსე პირი პაიჭაძე სახალხო გვარდიელებმა ჩოხატაურში დაიჭირეს და თბილისში გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით გამოამგზავრეს.
უჩვეულო შემთხვევის შესახებ გვამცნობს გაზეთი „საქართველო“ 24 აპრილის ნომერში. საქმე თაღლითობას ეხება. თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ტემირ-ბეგ მაკინსკი, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის კანცელარიის დირექტორი რაშიდ ბეგ იზმაილოვი და ექიმი ჰამიდგან-ზადე ჩამოვიდნენ. მათ თბილისის სახელმწიფო ბანკიდან 900 ათასი მანეთი უნდა გამოეტანათ.
ეს ფული აზერბაიჯანის მთავრობას დევნილების დახმარებაზე უნდა დაეხარჯა. იზმაილოვმა ბანკიდან თანხა კი გამოიტანა, მაგრამ შემდეგ ფული უეცრად აორთქლდა. აზერბაიჯანელმა სახელმწიფო მოღვაწემ განაცხადა, რომ ეს თანხა მას სასტუმროს ოთახიდან მოპარეს. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 24 აპრილი: „17 აპრილს იზმაილოვმა ეს თანხა თავის ბინაზე (სასტუმრო „ორიენტში“) წაიღო. შენახული ფული უეცრად დაიკარგა. 18 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო რაზმის უფროსს უბრძანა ენერგიული ზომების მიღება დაკარგულ თანხის აღმოსაჩენად. გამოძიების შემდეგ გამოირკვა, რომ ფულის მითვისება განუზრახავთ თვით დირექტორსა და მის შიკრიკს, რომელთაც ფული სასტუმროს ღუმელში დაუმალავთ. საგანგებო რაზმის უფროსმა ბოროტმომქმედნი დააპატიმრა“.

ახალციხის ფრონტი და არტაანის შემოერთება

1919 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს სამხრეთში საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა. ორკვირიანი შესვენების შემდეგ აჯანყებულმა მუსლიმმა ბეგებმა ფოცხოვის თემიდან მესხეთზე თავდასხმა განაახლეს. 4 აპრილს მოწინააღმდეგემ ქართული სადარაჯო რაზმის სიმცირით ისარგებლა და ახალციხის მაზრის რამდენიმე სოფელი დაიკავა. ამის საპასუხოდ ქართული არმია შეტევაზე გადავიდა. 6 აპრილს მომხდარი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგის 60 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა და მათ მიერ დაპყრობილი თითქმის ყველა სოფელი განთავისუფლდა. 7 აპრილს სოფელ ენიკევის რაიონში მტერმა სამი ქვემეხი დაკარგა, ხოლო გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ქართულმა საჯარისო ფორმირებებმა წინსვლა განაგრძეს.
10 აპრილს გაზეთი „საქართველო“ მესხეთში მიმდინარე ბრძოლებს ეხმაურება და მკითხველს რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური და სამხედრო ვითარების ვრცელ ანალიზს სთავაზობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად მუსლიმთა ბანდები არტაანიდან გადმოდიოდნენ და სულ უფრო მეტად აქტიურობდნენ. რა თქმა უნდა, ამას ოსმალები უწყობდნენ ხელს. გაზეთი „საქართველო“ ასკვნის, რომ თუ ამ ბანდების განადგურება თავად არტაანის ოლქში არ მოხდებოდა, საქართველოს მუდმივი თავდასხმის საფრთხე მოელოდა. ეს კი ქვეყნისთვის მეტად არახელსაყრელი იყო _ ამის გამო მესხეთში მუდმივ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ საჯარისო ნაწილები და ისინი მუდამ მომლოდინე პოზიციაში დარჩებოდნენ. ეს ქართულ არმიას მობილურობას დაუკარგავდა და გარდა ამისა, მესხეთში დაბანაკებული ნაწილების გამოყენება სხვა ფრონტებზე შეუძლებელი გახდებოდა.
გაზეთი აღნიშნავდა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არტაანის მოთარეშე ბანდების აღკვეთის ყველა ძალა გააჩნდა, მაგრამ ქართულ არმიას მტრის დევნა თავად არტაანის ტერიტორიაზე არ შეეძლო, რადგან ეს ტერიტორია დიდი ბრიტანეთის პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფებოდა. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 10 აპრილი: „ახალციხეში დამარცხებულ „არტაანის ჯარს“ თვით არტაანის ოლქში ვერ შევზდევთ, რადგან ამითვე ინგლისის უფლებრივ გავლენის ზონას შევეხებოდით და ეს კი უსიამოვნებას გამოიწვევდა.
ასეთ პირობებში „არტაანის მთავრობას“ ყოველთვის შეეძლება ახალ ახალი ბანდები შეადგინოს და საქართველოზე განუწყვეტლივი თავდასხმა აწარმოვოს. აშკარაა თუ რა გზით შეიძლება „არტაანის ჯარის“ თარეშის და ავანტიურის ლიკვიდაცია. ან ინგლისის სარდლობამ საკუთარი ძალით არტაანის ოლქში წესიერება უნდა დაამკვიდროს და შეუძლებელი გაჰხადოს „არტაანის ჯარის“ მობილიზაცია, ან და საქართველოს ჯარს უნდა მიეცეს ამის უფლება. მოკლეთ, ინგლისმა არტაანში თავის დროებით უფლებრივ ბატონობას, ფაქტიური ბატონობაც უნდა შეუკავშიროს, ან ჩვენ დაგვაყენოს პირისპირ „არტაანის ჯართან და მთავრობასთან“. დღეს არსებული ვითარების გაგრძელება შეუწყნარებელია, თუ არ გვსურს მუდმივი ანარქია და სისხლის ღვრა“.
აპრილის შუა რიცხვებში მესხეთ-ჯავახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. არსებობა შეწყვიტა „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის სახელმწიფომ“ – ოსმალების მხარდაჭერით შექმნილმა მარიონეტულმა წარმონაქმნმა, რომელიც ყარსის, ართვინის, ოლთისის, არტაანის, მესხეთ-ჯავახეთისა და ბათუმის ოლქებზე აცხადებდა პრეტენზიას. სწორედ ამ მარიონეტული სახელმწიფოს შეიარაღებული ბანდები აწარმოებდნენ ბრძოლას საქართველოს წინააღმდეგ მესხეთში. დიდი ბრიტანეთის სარდლობამ ყარსში, რომელიც ამ წარმონაქმნის დედაქალაქად იყო გამოცხადებული, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ხელმძღვანელები დააპატიმრა და ოსმალთა მხარდაჭერილი უცნაური სახელმწიფო ხუხულას მსგავსად დაიშალა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 17 აპრილს დიდ სტატიას აქვეყნებს, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება შექმნილი ვითარებით ისარგებლებდა და არტაანს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცევდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ არტაანის დაკავებით საქართველოს ისტორიული კუთხე დაუბრუნდებოდა და ამასთანავე მოიხსნებოდა სამხრეთიდან ბანდიტური დაჯგუფებების თავდასხმის საშიშროებაც. თუმცა გამოცემა იმასაც ხაზს უსვამს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა დიდი ბრიტანეთის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა და ქართულ ჯარს არტაანის დაკავება მხოლოდ ბრიტანელი სამხედროების თანხმობის შემთხვევაში შეეძლებოდა.
24 აპრილის ნომერში კი გაზეთი უკვე არტაანში ქართული ჯარის შესვლას გვამცნობს: „ჩვენი ჯარი გენერალ კვინიტაძის სარდლობით იჭერს საქართველოს სამხრეთის ნაწილს, რომელიც დიდი ხანია დედა-სამშობლოს იყო მოწყვეტილი და ჯერ ოსმალთა და მერე რუსთა ბატონობით იყო გადაგვარებული. გენერალ კვინიტაძის რაზმი უკვე შევიდა ჩვენს სანატრელ არტაანში და კვალდაკვალ მისდევს ოლთისისა და ყარსის მიმართულებით გაქცეულ მტერს. რამდენი საუკუნეა არტაანის მხარეს არ უნახავს საქართველოს ლაშქარი, რამდენი საუკუნეა იქ არ აფრიალებულა საქართველოს დროშა და ღერბი! რაც დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ იშვიათ ქართველთა გულის ნატვრას შეადგენდა, დღეს იგი საქართველოს საზღვრებში შემოიყვანა საქართველოს გამარჯვებულმა მხედრობამ, დაიპყრო და დაისაკუთრა სამხრეთის სამი კარიდან _ არტაანი _ საქართველოს სიმტკიცის ერთ კარს წარმოადგენდა და ამიტომაც საქართველოს ყველა გამოჩენილ სარდალთა და დიდ მეფეთა მუდმივ ზრუნვად იყო გადაქცეული.
ჩვენ აღტაცებით ვულოცავთ საქართველოს ჯარს და მის სარდალს გენერალ კვინიტაძეს არტაანში ბრწყინვალე შესვლას. სრული იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მხედრობა ამ მხარეში შეურყეველის სიმტკიცით დაისადგურებს და აუჩქარებელის, მაგრამ დარწმუნებულის მკლავით გაშლის თავის ოპერაციას მტრის შესამუსრად და საქართველოს იმ ძვირფასი მიწა-წყლის დასაუფლებლად, სადაც გაიშალა და გაიფურჩქვნა ქართველი ერის ძველი კულტურა და ლაღი სული“.
შემდეგ გაზეთი უკვე ქართული ჯარის მიერ თავად არტაანის აღების ამბავს გვამცნობს. ინფორმაციიდან ირკვევა, რომ არტაანთან ბრძოლები 18 და 19 აპრილს გაიმართა, რომლის შედეგადაც ქართულმა არმიამ მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლო და ქალაქს დაეუფლა. როგორც გაზეთი გვაუწყებს, არტაანში პირველები მე-6 პოლკის მოწინავე რაზმები შევიდნენ. ქართველმა სამხედროებმა მტრის აღალი და სამხედრო საწყობები ჩაიგდეს ხელში და მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალა გაანადგურეს.

ოსური სეპარატიზმი

საოცარია, თუ როგორ მეორდება ისტორია. ასი წლის წინ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები დღევანდელობას თითქმის ზედმიწევით იმეორებს. როგორც ასი წლის წინანდელი გაზეთებიდან ჩანს, ოსური სეპარატიზმი ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში არსებობდა და ისინი ზუსტად იგივე მეთოდებით იბრძოდნენ საქართველოდან სამაჩაბლოს განცალკევებისთვის.
29 აპრილს გაზეთი „საქართველო“ ოსურ პრობლემასთან დაკავშირებით წერილს გვთავაზობს, საიდანაც ირკვევა, რომ გორის მაზრის სოფელ ცხინვალში ოსების ეროვნული საბჭო შეიქმნა, რომელმაც რეგიონში, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლება ჩაანაცვლა და მხარეს თავად მართავდა. ასე მაგალითად, ოსურმა საბჭომ ჯავის კომისრად ხელისუფლების მიერ დანიშნული ცხოვრებოვი გადააყენა, გააუქმა საქართველოს ჯარში ახალგაზრდების გაწვევის განკარგულება, ხელს უშლიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებს და მის ნაცვლად სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს არჩევნებს ამზადებდა, რომელსაც საქართველოს შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის სტატუსი უნდა განესაზღვრა.
16 აპრილს გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილია ვრცელი სტატია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ამ წერილში ნათლად ჩანს, თუ საიდან იღებს სათავეს დღევანდელი ოსური სეპარატიზმი და როგორ მოქმედებდნენ ისინი საქართველოს წინააღმდეგ: „საქართველოს ოსობა არ ისვენებს. საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა თუ არა, ოსობა მაშინათვე შეუდგა საკუთარ დამოუკიდებლობის დამკვიდრებას, საქართველოს საზღვრებში ოსეთის შექმნას. ეს შემოხიზნული და საქართველოს მიწა-წყალზე დამჯდარი ხალხი იარაღით აუჯანყდა საქართველოს ნორჩ დამოუკიდებლობას და საერთო გასაჭირის დროს დაუნდობელი ბრძოლა გაუმართა. დიდი მსხვერპლი და ზარალი გასწია საქართველომ ამ აჯანყების ჩასაქრობად.
პირველ დამარცხების შემდეგ, ოსობა უფრო მეთოდურად და უჩუმრად შეუდგა ოსთა შორის „სეპარაციისა“ და საქართველოს მიმართ მტრობა-მუხანათობის თესვას. მას აქეთ ყრუ და მტკიცე წინააღმდეგობას უწევდა ყოველთვის საქართველოს ხელისუფლებას. „სამხრეთ ოსეთში“ ჩვენი ადმინისტრაცია ვერ შედიოდა, ამ კუთხის მართვა-გამგეობას ოსთა ეროვნული საბჭო მიუძღოდა. უილაჯო და სახელმწიფოებრივი შენების ცოდნას მოკლებული მთავრობა კი ამ ფაქტიურ ვითარებას აწყნარებდა და ოსობაც შეეჩვია ბატონობას „სამხრეთ ოსეთში“. მის ხელმწიფედ და ბედის გამგებლად ოსთა ეროვნულ ორგანიზაცია გარდაიქცა. ამგვარად, საქართველოს საზღვრებში თუ ერთის მხრით არსებობდა სრულიად საქართველოს ერთი მთავრობა, მეორეს მხრით მის გვერდით, საქართველოს ერთ ნაწილში ფაქტიურად ბატონობდა და გამგებლობდა აჯანყებული ოსობა.
ცხადია, რომ ასეთი მთავრობა მოკლებული რჩებოდა ყოველგვარ ძალის პრესტიჟს აჯანყებული ოსობის თვალში. ამ ბოლო დროს ოსობა შეუდგა დამყარებულ ფაქტიურ ვითარების ლეგალიზაციას და მისთვის კანონიერი ფორმის მიცემას. იმუშავებს საარჩევნო კანონს „სამხრეთ ოსეთის“ დამფუძნებელი კრებისთვის. მთელი ოსობა დაადგა საქართველოსგან განშორების გზას. ოსის სეპარატისტები ამ იდეას გაიტანენ საარჩევნო კამპანიაში, შეჰყრიან შესაფერ დამფუძნებელ კრებას, რომელიც გამოიტანს „სამხრეთ ოსეთის“ გამოყოფისა და ჩრდილო ოსეთთან მის დაკავშირების რეზოლუციას. ამ კავშირის ფაქტიურ განხორციელებისთვის ოსობა დიდი ხანია, რაც შეუდგა ლიახვის ხეობიდან როკის მთის გადასავალზე ფართე საურმე გზის გაყვანას.
ასე დაუსჯელად გვართმევს და გვიქუცმაცებს ტერიტორიას ოსობა; ასე გაბედულად ჰქმნის იგი ახალ სახელმწიფოს და ახალ ქვეყანას საქართველოს მიწა-წყალზე. ოსობა მეუფეობს და ხელმწიფეობს, საქართველოს ერთ კუთხეში იწვევს თავის დამფუძნებელ კრებას, რომ საქართველო შუაზედ გაჭრას და ასაოხრებელი და ადვილ გასატიალებელი გახადოს ჩრდილოეთის მტრის მიერ. ჩვენს მთავრობას სძინავს; იგი შეუპყრია უმოქმედობას და დამბლა დაცემული მოწმე ხდება საქართველოს გაჩანაგებისა და მისი პოლიტიკური სიკვდილის შემზადებისა“.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სამზადისი

1919 წლის მაისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლისთავი სრულდებოდა. ამ ღირშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად საქართველოს ხელისუფლებამ სამზადისი წინასწარ დაიწყო. გაზეთ „საქართველოს“ 24 აპრილის ნომერში მოცემულია ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ 16 აპრილს დამფუძნებელი კრების დარბაზში ხელოვნების კომისიის კრება შედგა, რომელსაც თბილისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის შესაბამისი ღონისძიებები უნდა დაეგეგმა. კრებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ხელოვნების დარგის გამოჩენილი მოღვაწეები. კომპოზიტორები: ნიკოლაი ჩერპნინი, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი; სახელმწიფო თეატრის კომისარი ალექსანდრე წუწუნავა, გერონტი ქიქოძე, იაკობ ნიკოლაძე, შალვა დადიანი, გრიგოლ დიასამიძე, ივანე გომართელი და სხვა.
გაზეთი „საქართველო“: „ამ დღეს თბილისის ყველა თეატრებში უნდა გაიმართოს კონცერტები, წარმოდგენები, მიტინგ-ლექციები, დაიდგას ოპერები. შესასვლელი ფასები ან ძლიერ მცირე იქნება, ან წარმოდგენებზე შესვლა უფასო იქნება. კ. ფოცხვერაშვილმა წარმოადგინოს გეგმა, რომელიც მას შეუმუშავებია და რომლის განხორციელებასაც ის კისრულობს. იმ დღისთვის მას ეყოლება 200 კაცისაგან შემდგარი ორკესტრი, 500 კაცისგან შემდგარი გრანდიოზული გუნდი და ორასი კაცისგან სიმებიანი ორკესტრი. ეს გუნდები იქნებიან მოძრავი. დაუკრავენ და იმღერებენ სხვა და სხვა ადგილას. მაგალითად სასახლის აივანზე, არტისტულ საზოგადოების და სახელმწიფო თეატრის აივანზე.
ალექსანდრე ნეველის ეკლესიის გალავანში გაიმართება „შევარდენის“ ვარჯიშობა, მონაწილეობას მიიღებენ გლადიატორები, შევარდნები; იქნება ცეკვა-ხორუმი, ლეკური, ჯირითობა და სხვა ეროვნული თამაში _ ასპარეზობა. სპეციალურად გამოყოფილ სამხატვრო კომისიას მიენდობა მთავარ-ქუჩებზე და მოედნებზე გამართოს კაბარები, არკები და მორთოს დღის შესაფერად ეს ადგილები. მიღებულ იქნა ბ. ალ. წუწუნავას წინადადება, რომ ამ დღისთვის ჩამოსხმულ იქმნეს მედალი“.

კულტურის ქრონიკა

1919 წლის აპრილი რამდენიმე კულტურული ამბით გამოირჩა. პირველ რიგში ეს იყო პოეტ ტიციან ტაბიძის საღამო. გაზეთ „საქართველოს“ 9 აპრილის ნომერი მკითხველს აცნობდა, რომ 17 აპრილს კონსერვატორიის დარბაზში ტიციან ტაბიძის პოეზიის საღამო გაიმართებოდა, სადაც პოეტი მსმენელთა სამსჯავროზე თავის ახალ ლექსებს გამოიტანდა.
საღამოზე მოხსენებას წაიკითხავდა გერონტი ქიქოძე. ლექსებს წარმოთქვამდნენ „ცისფერ ყანწებში“ გაერთიანებული პოეტები: პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ლელი ჯაფარიძე, ნიკოლო მიწიშვილი, გრიგოლ რობაქიძე. ამ საღამოს დაესწრებოდნენ ცნობილი ფუტურისტი პოეტები: სერგეი გოროდეცკი, ილია ზდანევიჩი, სერგეი რაფალოვიჩი. 15 აპრილს გაზეთში დაბეჭდილი აფიშა იუწყებოდა, რომ საღამოზე დასასწრები ბილეთები კონსერვატორიის დარბაზში და ქართულ საჩაიეში გაიყიდებოდა.
12 აპრილს გაზეთი „საქართველო“ კულტურის კიდევ ერთ საინტერესო მოვლენის შესახებ მოგვითხრობს. როგორც ირკვევა აპრილის დამლევს „დიდების ტაძარში“ ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ თანამედროვე ქართული მხატვრობისა და ქანდაკების გამოფენა გაიმართებოდა და ამ ღონისძიების ორგანიზატორები ქართველ მხატვარს გამოფენაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობდნენ.
3 აპრილის გაზეთი იუწყება, რომ კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა ახალი ქართული ლიტურგია დაასრულა, რომელსაც ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულთა საზოგადოება სულ მალე გაეცნობოდა.
სიახლე იყო ქართულ თეატრალურ სამყაროშიც, სადაც „არტისტული საზოგადოების“ თეატრმა მაყურებელს ახალი სპექტაკლი შესთავაზა. გაზეთი „საქართველო“, 1919 წლის 9 აპრილი: „ხუთშაბათს 10 აპრილს არტისტულ საზოგადოების თეატრში პირველად ქართველ მსახიობთა მიერ ქ-ნ ტასო აბაშიძის, ელ. ჩერქეზიშვილის, ნატ. ჯავახიშვილის, ბ-ნ ვასო აბაშიძის და სხვათა მონაწილეობით წარმოდგენილ იქნება „აშუღ ყარიბი“. 4 მოქმედება 7 სურათად. მუსიკით, ცეკვით, სიმღერით და კუპლეტებით. ყარიბის როლს შეასრულებს ს. მაღალოვი. ორკესტრს დირიჟორობს ცნობილი მეთარე „სიმონა“. ამ მოკლე ხანში იგივე დასი ამავე პიესით მიემგზავრება პროვინციებში გორიდან სოხუმამდე“.

მიხეილ ბასილაძე