ნაარჩევნალი კახური ქრონიკები


10 ნოემბერს მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლების“ წარმომადგენლებმა თელავში აქცია გამართეს. მათ ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართეს და მოუწოდეს, უარი უთხრან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას. აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იგეგმება. სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით მაღრაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნისთვის საბედისწეროა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხელისუფლების სათავეში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს.

„ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, რათა აქტიურად ჩაერთონ არჩევნების მეორე ტურში. ეს, სამწუხაროდ, არ არის ისეთი არჩევნები, სადაც ერთმანეთს თავიანთ პროგრამას აცნობენ. ეს არჩევნები საბედისწერო ზღვარზე გადის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არავინ დარჩეს სახლში და ქუდზე კაცი გამოვიდეს“, _ განაცხადა დავით მაღრაძემ.
მაღრაძე და თელავი დიდი ხნის მეგობრები არიან…
თუმცა დავით მაღრაძე თელაველი 2012 წლის შემდეგ გახდა, რაც თელავში ზუზუბოს ტყეში განსაკუთრებული ვილა აიშენა. ვილამდე მისასვლელად, საშუალოდ, 500 მეტრის სიგრძის გზა სწორედ მაღრაძის სახლამდე დაიგო, ტყე გაიჭრა და სახლიც დამისამართდა. თელავში ქუჩის სახელწოდება არავინ იცის, მაგრამ იციან მაღრაძის სახლი.
საქართველოს ჰიმნის ავტორს სახლის მშენებლობა თითქმის 100 000 ლარამდე უნდა დასჯდომოდა, გზა კი, რომელიც მის სახლამდეა გაყვანილი, საშუალოდ, 120 000 ლარზე ნაკლები არ იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღრაძის სახლი და გზა მილიონის მეოთხედი მაინც დაჯდა. მაღრაძის შემოსავლებზე საჯაროდ ცნობილი არ არის. შესაბამისად, ალბათ, ოდესმე შესაბამისი სამსახურები მისი შემოსავლით დაინტერესდებიან. ასე რომ, თელავში ფიქრობენ, რომ მაღრაძეს „ოცნების“ ვალი ნამდვილად ჰქონდა და 10 ნოემბრის გამოსვლაც მისი ფეშენებელური სახლისა და გზის საფასურია.
შეხვედრას ხელისუფლებასთან დაახლოებული ივანე-ვანო იანტბელიძე უძღვებოდა. იანტბელიძე მედიკო მეზვრიშვილის ფავორიტი მსახიობი იყო. 2003 წლის შემდეგ ის თეატრის მმართველობიდან მაშინდელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუშვა. თელავში კარგად ახსოვთ დარჩენილი 100 000 ლარი ვალი, რის გამოც იანტბელიძეზე სამართალდამცველი ორგანოებიც მუშაობდნენ. თუმცა მაშინ მსახიობთა დასი ჩაერია და იანტბელიძეზე სისხლის სამართლის დევნაც შეწყდა. მაგრამ თელავს არ ავიწყდება, რომ მხოლოდ მის დროს აღმოჩნდა თელავის თეატრი ოფიციალური ყადაღის ქვეშ. მოგვიანებით, იანტბელიძე და მისი მეუღლე ბურჯანაძის გვერდით ვიხილეთ, 2012 წლის შემდეგ კი დეპუტატ ქანთარიას ლობირებით იანტბელიძის ვარსკვლავი კვლავ ზენიტში მოექცა. მისი მეუღლე თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსია 2012 წლიდან დღემდე. ასე რომ, თელავში 9-წლიანი რეჟიმიც ახსოვთ და დაყადაღებული თეატრიც, ამის გამო ამ ქალაქში ფიქრობენ, რომ ვანოს ვალი უსაზღვროა „ოცნებასთან“ და მისი სცენაზე ყოფნაც მისაღებია მისი სიკეთისთვის.
ცნობილია, რომ არჩევნები კახეთის 4 ყველაზე რთულ და დიდ მუნიციპალიტეტში „ოცნებამ“ წააგო, წაგება და საჯარო სამსახურების რღვევა და წმენდა ერთი აღმოჩნდა.
დაანონსებული ცვლილებებისა და ახალი დაპირებების კახეთში არ სჯერათ. ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას საკმარისი დრო ჰქონდა, მოსახლეობისთვის სასიკეთო ცვლილებები მოეტანა: „არ არის დასაჯერებელი მათი დაპირებები. 6 წელი არაფერი აკეთეს და ახლა გამოდიან და გვეუბნებიან, გვენდეთო. რა ნდობაზეა ლაპარაკი? ერთი ის არის, რომ სიწყნარეა და ვითომ დემოკრატიულობაა. ამ დემოკრატიული ფარდის უკან რა იმალება? საშინელი კორუფცია“.
კახეთში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ნაწილი თანამდებობებს ტოვებს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ირმა სიყმაშვილმა. სიყმაშვილი ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და მის წასვლას კავშირი არ აქვს არჩევნებში მიღებულ შედეგებთან.
ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსმა დავით ხაჩიძემაც. ისევე, როგორც „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ უფროსი, დავით ხაჩიძეც გვეუბნება, რომ მისი გადაწყვეტილება პირადია და პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება. ხაჩიძის თქმით, მან დაკავებული თანამდებობიდან წასვლა არჩევნებამდე გადაწყვიტა, ახლა კი ბიზნესის კუთხით აგრძელებს საქმიანობას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გურამ კაკალაშვილის თქმით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა არჩევნებისთვის მიღებული დავალებები ვერ შეასრულეს, რაც მათი განთავისუფლებით დასრულდა.
მერიაში გამორიცხავენ ირმა სიყმაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების კავშირს პოლიტიკასთან.
მართალია, ადგილობრივ ხელისუფლებაში უარყოფენ ზეწოლის ფაქტებს, მაგრამ იმის შესახებ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული სახის ზემოქმედება მიმდინარეობდა, ლაპარაკი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში.
ამას ადასტურებს „ქრონიკა+“-ის რესპონდენტიც, რომელიც ლაგოდეხში ერთ-ერთ ბაგა-ბაღში მუშაობს. ის გვეუბნება, რომ თუ პედაგოგები ხმას არ მისცემენ მთავრობის კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ:
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვის მთავრობაშიც ვმუშაობთ, იმ მთავრობისკენ უნდა ვიყოთ ბაღის აღმზრდელები. ასე არის და, აბა, ჩვენ რა შეგვიძლია? არ ვიქნებით მათ მხარეს და გაგვათავისუფლებენ“.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კახეთში აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები დააანონსა ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა. მიზეზად დასახელდა არჩევნებში მიღებული შედეგი, თანამდებობის პირების მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია, ქვეყანაში არსებული პრობლემები და შეფერხებული ინფრასტრუქტურული პროექტები. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში, მთელი კახეთის მასშტაბით, ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე თითქმის 4000 ხმით ნაკლები მიიღო.
ახმეტაში კი ახალი ერა იწყება. ახმეტას ძელი გვარდიელი, „ოცნების“ ცნობილი სახე, ზვიადაური დაუბრუნდა და ის მე-2 ტურს უხელმძღვანელებს. მაგრამ ზვიადაურის მთავარი მოთხოვნა ერთია _ არჩევნების დასრულების შემდეგ გადადგეს ახმეტის მერი და ასევე სამხარაულის მიერ დანიშნული კადრები.
სამეფო კარის თამაშები პიკზეა, ძველი და ახალი სახეების ომი უფრო ღია ხდება დღითი დღე.

მაკა მოსიაშვილი