კანონდამცველები კანონის წინააღმდეგ

ქვეყანაში წესრიგის დაცვის საქმეში დიდი როლი აქვს სამართალდამცველ ორგანოებს, რომელთაც უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კანონის ფარგლებში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ევალებათ. 
საკანონმდებლო ნორმები და მუხლები არა მხოლოდ დანაშაულებრივ ქმედებებს განსაზღვრავს და შესაბამის სასჯელს აწესებს, ასევე თავად სამართალდამცველების ქმედებებსა და მათი უფლებამოსილების არეალსაც შემოსაზღვრავს.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის, პირადი ცხოვრებისა და ხელშეუხებლობის უფლებებს, სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსა და მათი წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, პოლიციის თანამშრომელთათვის. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან, იცნობდნენ და, ამასთანავე, იყენებდნენ როგორც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ისინი ასევე ვალდებულნი არიან, მუდმივად შეასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობები, ემსახურონ საზოგადოებას, დაიცვან ყველა პირი უკანონო ქმედებებისგან, თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესაბამისად. პოლიციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტი პატივს უნდა სცემდეს კანონიერების, აუცილებლობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, პროპორციულობისა და ჰუმანურობის პრინციპებს.
ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული და დადგენილი ნორმა, რომელზედაც ყველა თანხმდება, თუმცა ჩვენს რეალობაში გამოვლენილი ფაქტების სიმრავლე ადასტურებს, რომ კანონდამცველები ხშირად თავად არღვევენ კანონს და ამეტებენ თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
სიცოცხლის არაკანონიერი ხელყოფის აკრძალვასთან ერთად საქართველოს კანონმდებლობა უშვებს მართლზომიერი ძალის გამოყენების შედეგად პირის სიცოცხლის ხელყოფის შესაძლებლობას, მაგალითად, აუცილებელი მოგერიების დროს, როდესაც მკაცრად არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ ძალასა და არსებულ საფრთხეს შორის.
საქართველოს კანონმდებლობა ასევე ცნობს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ისეთი ძალის გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიწვევს სასიკვდილო შედეგს. აღნიშნული ნორმები ძირითადად განსაზღვრულია პოლიციის შესახებ კანონში. 2005 წლის 11 ნოემბრის ცვლილებების შედეგად დეტალურად განისაზღვრა პოლიციის მუშაკის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობები.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიციელს უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება აქვს: 
ა) მოქალაქისა და თავისი თავის დასაცავად ისეთი საფრთხისგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) მძევლების გასათავისუფლებლად;
დ) დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;
ე) მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებისას, თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან ცდილობს გაქცევას;
ვ) მოქალაქეთა ბინებზე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ თუ კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;
ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით, როდესაც მძღოლი არ ემორჩილება ბრძანებას და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
კანონის მოთხოვნის თანახმად, ზემოხსენებული ყველა შემთხვევისას პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება იარაღის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
თუმცა „პოლიციის შესახებ“ კანონი ასევე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც პოლიციელს შეუძლია, გაფრთხილების გარეშე გახსნას ცეცხლი. ასეთ შემთხვევებად მოიაზრება: შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, სატრანსპორტო თუ მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმა, ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან პატიმრის გაქცევა, დამნაშავის დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევა, დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეზღუდული ხილვადობისა თუ ტყიან ადგილებში გაქცევა.
თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა სამართალდამცველების მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამის შესახებ იუწყებოდა ჯერ კიდევ 2016 წლის სახალხო დამცველის აპარატის ანგარიში, რომლის თანახმადაც პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება დიდი პრობლემა და გამოწვევა იყო პოლიციის სისტემაში.
ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ სამართალდამცველების უკანონო ქმედებებს ეხება და ასახავს 2014-2018 წლებში მომხდარი შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებსა და პრობლემებს.
ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ უმეტეს საქმეზე გამოვლენილია სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან პირის დაკავების პროცესში არაპროპორციული ძალის გამოყენება. 14 საქმიდან მხოლოდ 4 საქმეზე დადგა სამართლებრივი შედეგი. ორ საქმეზე, რომელზედაც გამოძიება გაჭიანურდა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ცენტრმა საქმეების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ პოლიციის თანამშრომლები დაკავებულს ფიზიკური ძალადობის გამოყენებით და სიტყვიერი შეურაცხყოფით აიძულებდნენ, ხელი მოეწერა წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. უმეტეს საქმეზე პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაწყებულია გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთ-ერთ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება გაგრძელდა წამების მუხლით, მაგრამ სამართლებრივი შედეგი ჯერ არ დამდგარა.
პრობლემად რჩება ასევე გამოძიების გაჭიანურება, საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა, ასევე ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, რომელსაც დაზარალებულად არ აღიარებენ.
ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, სადაც აღწერილია ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის ფაქტები და მათი გამოძიების ან უმეტესად არ გამოძიების საკითხები.

რა გახდა ცენტრის მხრიდან კვლევით დაინტერესების მიზეზი და რა პასუხი აქვს საქართველოს ძალოვან უწყებებს მათი თანამშრომლის გადამეტებულ ძალისმიერ ქმედებებზე? 
ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი _ ეკა ქობესაშვილი: 
_ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ ანგარიშში შესული საქმეები ყველა არის ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში. ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვთ, რომ საქმეებზე, სადაც იკვეთება სამართალდამცველთა მხრიდან გახორციელებული ძალადობა, გამოძიება იყოს სამართლიანი და ეფექტიანი.
ასევე საქმეები გამოიძიოს პროკურატურის იმ უწყებამ, სადაც უწყებრივად არ მუშაობენ ის თანამშრომლები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან ძალადობის ჩადენაში. მაგალითად, როდესაც მოქალაქეზე ძალადობა მოხდა ახალციხის გამომძიებლების მიერ, ამ საქმეზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა აწარმოებდეს ახალციხის რაიონული პროკურატურა.
პრობლემა არის სამართალდამცველთა მხრიდან გახორციელებული ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიების არაგონივრულად გაჭიანურება და მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭება. აგრესიისა და ძალადობის მიზეზი უმეტესწილად არის სასურველი ჩვენების მიღება.
მივმართეთ რეკომენდაციებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს პროკურატურას, თუმცა აქამდე არც ერთი უწყება არ გამოგვხმაურებია, შესაბამისად, არც რეაგირება დაწყებულა.
პრობლემა ნამდვილად არის და ამის პრევენცია აუცილებელია. პრევენციისთვის, პირველ რიგში, უნდა დადგეს შემაჯამებელი შედეგი ყველა იმ საქმეზე, სადაც სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის საქმეებზე გამოძიება, მეტ-ნაკლებად, იწყება, მაგრამ ეს საქმეები წლების მანძილზე არაგონივრულად ჭიანურდება, ფაქტობრივად, მათი წარმოება არც მიმდინარეობს.

არსებული პრობლემები და საგამოძიებო სფეროს გამოწვევები „ქრონიკა+“-თან შეაფასა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა _ დიმიტრი ნოზაძემ:
_ საკმაოდ მომრავლდა ბოლო პერიოდში პოლიციელების მხრიდან თავიანთი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავს საქმეებზე არ ხდება რეაგირება, მიმდინარეობს ძიება, მაგრამ შედეგი არის ნული. თითქმის არც ერთ ადამიანს, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა პოლიციელის მხრიდან, დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ამ თემის გამოკვლევა დავიწყეთ.
პოლიციის მხრიდან ძალადობა დაუშვებელია. არ შეიძლება მოვალეობის შესასრულებლად გამოიყენონ ისეთი მეთოდები, რომელიც სხვა ადამიანების უფლებებს არღვევს. განსხვავება არ იქნება პოლიციელსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის, რომელსაც ის აკავებს, თუ მსგავსი ქმედებები გაგრძელდა.
პოლიციას ყველანაირი რესურსი აქვს, რომ ეს საქმეები სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს, მაგრამ დაინტერესება არ არსებობს. ჩვენს ცენტრში არის საქმეები, რომელიც განყოფილებაში დაკითხვისას ადამიანების მიმართ გამოვლენილ აგრესიასა და ფიზიკურ ძალადობას ასახავს. მე პირადად ვმუშაობ მსგავსი ტიპის საქმეებზე და სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა საკმაოდ საგანგაშოა.
ადამიანი, რაც უნდა მძიმე საქმეში იყოს ბრალდებული, სამართალდამცველს მასზე ძალადობის ან ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის უფლება არ აქვს. ჩვენების ამოღება და გამოძიება კანონიერი გზით უნდა განხორციელდეს.
ბევრი პრობლემაა საგამოძიებო სფეროში, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც წლებია, უცვლელი რჩება, არის უმოქმედობა, ასევე გამოძიების უშედეგობა და არაეფექტიანობა.
არ მიგვიღია შესაბამისი ორგანოებიდან პასუხები, თუმცა ჩემი მოლოდინი არც იმდენად ოპტიმისტურია. წესით და რიგით რეაგირება და საპასუხო შედეგები უნდა იყოს, თუმცა პირადად დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ბევრჯერ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. მათი შეფასებით, გამოძიებამ არ დაადგინა ძალადობის შედეგად მიყენებული ზარალი და შესაბამისად მათ დაზარალებულის სტატუსიც არ მიენიჭა.
არ უნდა მოხდეს უფლებამოსილების გადამეტებაზე თვალის დახუჭვა ან ხელის დაფარება, რადგან სანამ დაუსჯელობის სინდრომი იქნება, სულ მსგავსი პრობლემების წინაშე ვიდგებით.
ეს პრობლემა საკმაოდ მასშტაბური და ხშირია. გარდა იმ საქმეებისა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ბევრი მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავს, მათ შორის ადვოკატები, რომ ხშირია სამართალდამცველების მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები და მათი უფლებების შელახვა. ეს შემთხვევები უფრო ხშირია, როდესაც საქმე ნასამართლევ ადამიანს ეხება. ავტომატურად ჩნდება დამოკიდებულება, რომ ის ყველაფრის ჩამდენია და, შესაბამისად, გამოძიება არც იმდენად საფუძვლიანად და სამართლიანად მიმდინარეობს.
რიგი პოლიციელები ვერაფერს გააკეთებენ და ვერც ვერაფერს დააშავებენ, თუ მათ მხარდამჭერა არ აქვთ ზემდგომი ორგანოებისა და ხელმძღვანელებისგან. პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ რიგითი პოლიციელები, ასევე იმ უწყების სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი დააფარეს მათ უკანონო ქმედებას. სამართალდამცველებმა უნდა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ და რისი _ არა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თავადაც არ იციან თავიანთი უფლებამოსილების შესახებ.

ანა ურუშაძე