„ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი პაციენტი ჯერ კიდევ არ არის“

ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ფასების მკვეთრი მატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ვინ მონაწილეობს მედიკამენტების ფასწარმოებაში? რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს შესაბამის პროცესებში ჩარევისთვის? და, საბოლოოდ, ვისზე აისახება ეს მოცემულობები განსაკუთრებულად? რომელი ჯგუფია უფრო მეტად პრიორიტეტული _ მოქალაქეები, თუ ბიზნესმენები?

აღნიშნულ საკითხებზე „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს ჯანდაცვის ექსპერტმა მარინა ბერაძემ უპასუხა:
_ დღევანდელი მდგომარეობით რამდენად საგანგაშოა მედიკამენტებზე დაწესებული ფასები?
_ ზოგადად, ყველა ვხედავთ, რომ არსებობს პრობლემა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით _ მედიკამენტების ფასები არის მაღალი. თუ ჩვენ ამ ფასებს მეზობელი ქვეყნების ან ევროპის მოწინავე ქვეყნების ფასებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ, ამ მაჩვენებლით, საკმაოდ მოწინავე ადგილი გვიკავია. ერთი და იმავე დასახელების წამლებზე ჩვენთან არსებული ფასები ბევრად აღემატება. რა თქმა უნდა, ამას აქვს საკუთარი მიზეზები. როდესაც მინისტრი ბრძანებს, რომ სახელმწიფო ვერ ერევა მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესში, ეს არის სრული სიმართლე. დღესდღეობით ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფოს რაიმე ბერკეტი ჰქონდეს, შესაბამის პროცესებში ჩაერიოს.
_ ვინ ადგენს მედიკამენტებზე ფასებს?
_ რა ხდება რეალურად? თუ სახელმწიფო არ ერევა, მაშინ ვინ განსაზღვრავს ამ ფასებს? ჩვენს ქვეყანაში არსებობს კერძო ფარმაცევტული კომპანიები. ისინი საკმაოდ მძლავრი ფარმაცევტული კომპანიები გახლავთ, რომელთა წარმოქმნისა და განვითარების ისტორია ძალიან დიდია და საუბარი შორს წაგვიყვანს. დღევანდელ დღეს ეს ფარმაცევტული კომპანიები განსაზღვრავს ფასწარმოქმნას ფარმაცევტული ბაზრის ყველა დონეზე _ ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებიდან დაწყებული, საცალო და საბითუმო რეალიზაციითა და, აგრეთვე, მედიკამენტების დანიშვნის პროცესით დამთავრებული.
ამის საშუალებას კი დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა იძლევა. მთელი პრობლემა არის არასრულყოფილი და, შეიძლება ითქვას, ძალიან მახინჯი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთი და იმავე სუბიექტის ხელში იყოს როგორც ფარმაცევტული წარმოება, ასევე _ საცალო და საბითუმო რეალიზაცია; ასევე იძლევა საშუალებას, რომ ეს სუბიექტი ფლობდეს კლინიკებსაც, სადაზღვევო კომპანიებსაც და, რიგ შემთხვევაში, ბანკებთანაც აქვთ მჭიდრო კავშირი. მსოფლიოში ასეთი სისტემა არ არსებობს. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ყველაფერი გახლავთ ერთმანეთისგან გამიჯნული. იმდენად მკაცრად რეგულირდება ეს პროცესები ნორმალურ ქვეყნებში, რომ საცალო რეალიზაციის სუბიექტს არ აქვს უფლება საბითუმო რეალიზაციისა. ეს კანონმდებლობით არის გამიჯნული. სწორედ ეს გახლავთ პირველი აუცილებელი ცვლილება, რომელიც უნდა გააქტიურდეს და საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწოს.
არავითარ შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი იყოს ერთ ხელში მოქცეული. ეს იმიტომ, რომ სწორედ ეს რეალობა ზრდის მედიკამენტებზე ფასებს. კანონით, ჩვენს ქვეყანაშიც და სხვა ქვეყნებშიც ექიმს ეკრძალება ეკონომიკური დაინტერესება. ეს არის ბუნებრივი. მაგრამ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა სწორედაც რომ ეკონომიკურ ინტერესს ეფუძნება. თუკი ფარმაცევტული წარმოება, კლინიკა _ სადაც ექიმები არიან, და სადაზღვევო კომპანია ერთ ხელში იქნება, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ბიზნესის კანონები კი ასეთია _ ნაკლები დანახარჯით მიიღო მეტი მოგება. წლების განმავლობაში ასე გრძელდება.
_ ტენდენცია როგორია _ წლების მანძილზე უფრო და უფრო იზრდება მედიკამენტების ფასები, თუ, ძირითადად, ეს პროცესი მერყევია?
_ მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ეს არ არის ბოლო პერიოდის მდგომარეობა. დიდი ხანია, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს. ეს ბიზნესი ვითარდება. განვითარების პროცესი ჩვენ, მოქალაქეებს, ტვირთად გვაწვება. ვიღაცისთვის ძალიან კარგია, ვიღაცისთვის კი _ ცუდი. მაგალითად, კონკურენციის თვალსაზრისით (ხომ არსებობს კერძო კომპანიები?) ეს კონკურენცია არ არის ჯანსაღი სწორედ იმის გამო, რომ ბაზარი აქვთ დანაწილებული. ეს ცუდია იმიტომ, რომ საშუალო ბიზნესის მწარმოებლებს (პატარა აფთიაქებს, რომელიც მიილია), კონკურენცის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ძალიან დიდი კონგლომერატია შექმნილი. ეს არ არის ჯანსაღი და ნორმალური პროცესი. საკანონმდებლო ბაზაში მთელი რიგი პრობლემაა. რატომ ხდება ასე? ჯანდაცვის სამინისტრო ამას ვერ შეძლებს. რას აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობის კმაყოფილების დონე გაზარდოს? რაღაც ღონისძიებებს ატარებს. ვთქვათ ის, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის მედიკამენტები ძალიან ხელმისაწვდომია _ მოხუცებისთვის, ბავშვებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მაგრამ სად არიან ისინი? ბავშვები, რომლებიც ბავშვთა სახლში ცხოვრობენ; მოხუცები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში არიან. ე. ი. საზოგადოება ამ სიკეთეს მაინც ვერ გრძნობს საკუთარ თავზე.
თუ ჩვენს ბიუჯეტს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ იგი, წლიდან წლამდე, იზრდება. დასკვნა: პრობლემა გვაქვს ბიუჯეტური თანხების არარაციონალური გამოყენების გამო. ამას რამდენიმე ტოტი აქვს _ ერთი პრობლემიდან ხდება მეორის წარმოქმნა. მე ძალიან მიჭირს, რომ ერთ რომელიმე ხაზს მივყვე. ისინი ყველა ერთმანეთს უკავშირდება იმიტომ, რომ ყველა პრობლემა ერთსა და იმავე ადგილზე იყრის თავს.
როდესაც ვამბობთ, რომ ექიმს ეკრძალება ეკონომიკური დაინტერესება _ თვითონ მინისტრი ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ექიმები არარაციონალურად ნიშნავენ მედიკამენტებს. სად არის აქედან გამოსავალი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ წამალი არ არის სასარგებლო? ის უნდა მიიღებოდეს ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც ის საჭიროა. სახელმწიფოში არათუ არ არსებობს ორგანო, რომელსაც აქვს ფასწარმოქმნაში მონაწილეობის მიღების ბერკეტი (გამიჯნოს საბითუმო და საცალო რეალიზება ერთმანეთისგან, აკრძალოს ერთი და იმავე სუბიექტის ხელში შესაბამისი დაწესებულებებისა და ინსტიტუციების არსებობა), არამედ, კანონით, არ ხდება დაცვა იმ წესისა, რომ არ უნდა იყოს ეკონომიკური დაინტერესება. წარმოიდგინეთ, ექიმი რომ დაისაჯოს, ყველას ესმის, რომ ეს ექიმის ბრალი არ არის. ამ დროს არ არსებობს ორგანო, სტრუქტურა, რომელიც გამოიკვლევს დანიშნული წამლებისგან გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. ამის მუდმივი კვლევა არის ნებისმიერი, კარგი ჯანდაცვის სისტემის პირდაპირი ვალდებულება. ეს ნამდვილად არის ყველაზე მთავარი. ჩვენ რა გვინდა? ის, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს უნდა, რომ, რაც შეიძლება, მეტი წამალი გამოუწეროს ადამიანს, თუ ის, რომ ჯანმრთელი გვყავდეს ქვეყანაში ჩვენივე მოსახლეობა?
ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი პაციენტი ჯერ კიდევ არ არის ჩვენს ქვეყანაში. მთავარი საზრუნავი არის კერძო ბიზნესი. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვას. ჯანდაცვის სამინისტრო ამას ვერ გააკეთებს, სანამ საკანონმდებლო ორგანო არის პარლამენტი. იქ უნდა მოხდეს შესაბამისი კანონების მიღება. მთავარი არის ის, რომ მთელ მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა უსაფრთხო და ხარისხიან მედიკამენტებზე. ხარისხის კონტროლისთვის არ არის არც ერთი სახელმწიფო ლაბორატორია. იმავე ფარმაცევტულ კომპანიებს საკუთარი ლაბორატორია აქვს.
სახელმწიფოს მექანიზმი ფასწარმოების პროცესში უნდა იყოს კანონი, რომელიც აკრძალავს, რომ საბითუმო რეალიზაციის პატრონს ჰქონდეს საცალო რეალიზაციის უფლება. ეს ბერკეტები რომ არ გააჩნია სახელმწიფოს, იმიტომ ვერ არეგულირებს შესაბამის პრობლემებს. ამას მოგონება არ სჭირდება. უნდა გაკონტროლდეს რეცეპტის სისტემა, რეცეპტში წამლის გამოწერის წესი (რომ რეცეპტში უნდა დაიწეროს ჯენერიკული დასახელება და არა _ საპატენტო დასახელება). როდესაც რეცეპტის გაცემის ელექტრონული სისტემა იქნება შემოსული, მაშინ სპეციალისტებს საშუალება ექნებათ, რომ ჩაერთონ და გააკონტროლონ შესაბამისი პროცესები.
მაგალითად, აშშ-ში არსებობს „ექიმთა ღიაობის“ ბარათი და ყველა ექიმი ვალდებულია, საკუთარი მონაცემები შეავსოს, როდის იმყოფებოდა რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე. ფარმაცევტული კომპანიები აუცილებლად საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას ახდენს. შემოწმება იმის გამო ხდება, არ დაუშვან შემდეგი ფაქტი _ თუ ექიმი რამდენჯერმე არის ნამყოფი ასეთ კონფერენციაზე, აკვირდებიან, ეს ექიმი მხოლოდ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ მედიკამენტებს უნიშნავს პაციენტებს თუ _ არა. შეიძლება მოხდეს შემთხვევა, როდესაც რეცეპტში ერთი და იმავე ჯგუფის წამალი არის გამოწერილი (ჩვენთან ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია იმიტომ, რომ სახელწოდებები არის სხვადასხვა, ხოლო აქტიური ნივთიერება ერთი გახლავთ).
ძალიან გულსატკენია, რომ ჩვენთან ფასდაკლებები არ არის რეალური ფასდაკლება. ეს არის გარიგების შედეგი და, ფაქტობრივად, დემპინგთან უფრო გვაქვს საქმე. ეს პრობლემაც არსებობს. ყველა ის პრობლემა, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ყველასთვის ცნობილია. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ სისტემა არ იცვლება და, რატომღაც, გვინდა, რომ სხვა შედეგი მივიღოთ. ვერ მივიღებთ სხვა შედეგს.
ტენდენციას რაც შეეხება, ერთი მხრივ, წინა წლებთან შედარებით ვითარება უკეთესია იმიტომ, რომ ვიღაცას შესაძლებლობა გაუჩნდა, წამალი მიიღოს. მაგალითად, იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლისთვისაც მედიკამენტებზე ფასდაკლება განხორციელდა, მაგრამ ცუდი არის ის, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო შესყიდვებით ხორციელდება. სახელმწიფოც ასევე დიდ ფასს იხდის მედიკამენტებში. ჩვენ, გადასახადების გადამხდელები, ვზარალდებით იმიტომ, რომ ვიხდით თანხას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენამდე სიკეთით არ მოდის. ჩვენი ფული იფლანგება. ამიტომ არის აუცილებელი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ფხიზლად იყოს. სისტემური ცვლილებების განხორციელების გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ.
_ ვინ უნდა განახორციელოს ეს ცვლილებები?
_ სისტემური ცვლილებები უნდა განახორციელოს სამინისტრომაც და პარლამენტმაც. პარლამენტში არის ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური ადამიანებით არის დაკომპლექტებული. კვალიფიკაციის პრობლემა არ აქვთ. თვითონ მათაც კარგად იციან _ სად რა პრობლემაა. ჩვენს ჯანდაცვას ისეთი პოტენციალი აქვს, რომ შეგვიძლია ვიყოთ საუკეთესოები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ კარგი მაგალითი ვუჩვენოთ ევროპის ქვეყნებსაც. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ამ სისტემის მოგვარების იმიტომ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს ყველაფერი სწრაფად მოგვარებადია. მეორე: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სახალხო მედიცინის რესურსი. ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი განვახორციელოთ. ეს ყველაფერიც უნდა იყოს მოგვარებული.
თვითონ სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დაფინანსება უნდა ეხებოდეს შემდეგს _ ექიმების მიერ რეცეპტის გამოწერა უნდა ხდებოდეს სწორედ იმ წამლების გათვალისწინებით, რომელიც პრევენციისთვის გვჭირდება და დაავადების პროფილაქტიკისთვის. ჩვენივე წარმოების ეს წამლები ძალიან ძვირი ღირს. დახმარება აქ არის საჭირო. სახელმწიფო აქ უნდა ჩაერიოს აუცილებლად, რომ მწარმოებლებს მიეხმაროს, რათა თვითღირებულება ნაკლები იყოს. ადამიანებს უნდა შეეძლოთ, პროფილაქტიკისთვის დალიონ ის წამლები, რომელიც მართლა არის მათთვის აუცილებელი.

ზემოხსენებულ საკითხს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე განიხილავს:
_ თქვენი შეფასებით, მოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურება მედიკამენტების ფასების ზრდაზე?
_ რა თქმა უნდა, მოქმედებს. ეს იმიტომ, რომ თუ ავიღებთ სამომხმარებლო ბაზარს, დაახლოებით, 70% არის იმპორტირებული საქონელი ჩვენს შიდა ბაზარზე. მედიკამენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, თითქმის, 95%-ია. ამიტომ რადგანაც საქონელი იმპორტირებულია, ვალუტის კურსი თავისთავად ახდენს ფასწარმოებაზე გავლენას. გარკვეულ შეღავათსა და ამორტიზებას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით აკეთებს ის გარემოება, რომ მედიკამენტების საგრძნობლად დიდი ნაწილი შემოგვაქვს იმ ქვეყნებიდან, რომელთა ვალუტაც ასევე განიცდის დევალვაციას ამერიკულ დოლართან მიმართებით და, რომ იტყვიან, რამდენადმე ანელებს, ამცირებს, თუმცა არ ხსნის გაუფასურების პროცესს. ეს პროცესი მაინც გრძელდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ფარმაცევტული ბიზნესი ბიზნესის სპეციფიკური, მაგრამ მაინც ერთ-ერთი სახეობაა, ის პირები, რომლებიც ამ სფეროს წარმომადგენლები არიან, ცდილობენ, შექმნან, „უსაფრთხოების ბალიში“. მხედველობაში მაქვს შემდეგი: ანუ მოახდინონ, წინსწრებით, ფასების მატება იმ საქონელზე, რომელიც არის იმპორტირებული _ იმის მოლოდინით, რომ ხვალ შეიძლება კურსი დაეცეს და მათ, წრებრუნვის სტადიაში, ზარალი არ ნახონ. ეს იმიტომ, რომ წამლების შემოტანითა და რეალიზებით თანხების ამოღებას გარკვეული პერიოდი სჭირება. ამ პერიოდის განმავლობაში რომ მათ არ იზარალონ და მოგების დაგეგმილ მაჩვენებელზე გავიდნენ, მათ სჭირდებათ გარკვეული დრო და თუ ამ დროის განმავლობაში კურსი გააგრძელებს დაცემას, ეს საშიში იქნება მათთვის და ამიტომ ცდილობენ, რომ წინსწრებით ფასები დააკორექტირონ მატების თვალსაზრისით _ ლარებში.
ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც, პირველი ყოვლისა, აზარალებს იმ სპეციფიკურ კატეგორიას, რომლისთვისაც მედიკამენტებს განსაკუთრებულად დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტი მედიკამენტი და სისტემური მკურნალობა სჭირდება. ამიტომ მათთვის მედიკამენტებზე ფასების ზრდა არ არის რიგით სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების ზრდა. ის მათთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქცია.
პირადად ჩავატარე ასეთი გამოკვლევა _ არა მხოლოდ ფარმაცევტული, არამედ სამედიცინო მომსახურებაც რომ გავაერთიანოთ ერთად, ყველაფერი ერთად ხომ ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩნდა, რომ საშუალო, წლიური ზრდის ტემპი იყო (გაერთიანებული გახლდათ სამედიცინო მომსახურება, თერაპიული ჩარევა, ქირურგიული მომსახურება, მედიკამენტები) 9.4%. საშუალოდ, ე. ი. რამდენად იზრდება ინფლაციის მაჩვენებელი? დაახლოებით, 3.5%-ით. უფრო სწრაფად იზრდება ფასები სამედიცინო მომსახურებაზე (მედიკამენტების კომპონენტის ჩათვლით), ვიდრე დანარჩენ სასაქონლე ჯგუფებზე.
ასეთ პირობებში, ცალსახად, უნდა ვთქვათ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას აქვს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა, ცალკე უნდა დავითვალოთ ინფლაციის მაჩვენებელი. მაგალითად, პენსიონერებისთვის _ მათ რომ ვეუბნებით, ინფლაციამ ქვეყანაში 3% შეადგინა და თქვენც გაგიზრდით პენსიას 3%-ითო, სინამდვილეში, მათთვის ინფლაცია, საბოლოოდ, გამოდის არა სამპროცენტიანი, არამედ გაცილებით მაღალი _ ხუთ, ექვს და მეტპროცენტიანი. ეს იმიტომ, რომ მათ ხარჯებში დიდი წილი უკავია სამედიცინო ხარჯებს, მედიკამენტებს, კვლევებს, ანალიზსა და ა. შ. ამიტომ მათთვის პენსიის ზრდა წინმსწრები უნდა იყოს ეკონომიკურ ზრდასთან შედარებითაც კი. ეს წინსწრება იმისთვის უნდა მოხდეს, რომ მათ, არსებულ დონეზე მაინც, შეინარჩუნონ წვდომა სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებთან.
_ რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასწარმოების პროცესებში ერეოდეს?
_ საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს, რომ ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების ძირითადი მარეგულირებელია. სახელმწიფოს შეზღუდული ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოს. აქვს პირდაპირი და ირიბი ბერკეტები. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია, მოახდინოს ამა თუ იმ მედიკამენტის შეძენა გარკვეული პროგრამის ფარგლებში და მედიკამენტების უფასო დარიგება. ბოლოს ფართომასშტაბიანი პროგრამა იყო ჩ ჰეპატიტის წინააღმდეგ, სადაც მოსახლეობას უფასოდ მიეწოდებოდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული მომსახურება. თუმცა ეს გახლდათ დონორების კეთილი ნების გამოხატულება. ეს თითქმის ასეულობით მილიონ ლარს შეადგენდა და ის მიიღო იმ მოსახლეობამ, რომელსაც დახმარება რეალურად სჭირდებოდა. ეს მოახდინეს საკანონმდებლო რეგულირების საშუალებით _ ვთქვათ, ამა თუ იმ მედიკამენტის წარმოების წახალისება ან რომელიმე მედიკამენტის მოხმარების შეზღუდვა.
ასე რომ, სახელმწიფოს პირდაპირი და არაპირდაპირი ბერკეტები აქვს. თუმცა, მთლიანობაში, მაინც ბაზარი არის ყველაფრის განმსაზღვრელი. ერთ ასპექტში დავეთანხმები პარლამენტის ერთ-ერთ წევრს, რომელმაც განაცხადა, რომ ღარიბისთვის ათლარიანი მედიკამენტიც ძვირია. მაგრამ იმავე პარლამენტარს უნდა გაუჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც ათლარიანი მედიკამენტიც ძვირია და ხელმიუწვდომელი, თვითონ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის, ანუ იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ხელისუფლებაშია და ვერ უზრუნველყოფს სიღარიბის მასობრივ დაძლევას. ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს.
_ საერთაშორისო დონეზე, მედიკამენტების ჩვენს ქვეყანაში არსებული ფასები, ეკონომიკური თვალსაზრისით, რა დაბრკოლებების მომტანია ქვეყნისთვის?
_ რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიკამენტების უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, თუ ეს ფასები იზრდება, ჩვენ სხვა დანარჩენ საქონელზე წვდომა გვექნება შედარებით ნაკლები. მარტივი მაგალითი ავიღოთ: თუ ადამიანი მხოლოდ ორი პროდუქტის მომხმარებელია და ამ ორიდან ერთი არის უცხოური მედიკამენტი და მეორე ჩვენს ქვეყანაში იწარმოება და ადამიანს აქვს განსაზღვრული თანხები, თუ ამ ადამიანს მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს უცხოური მედიკამენტის შესაძენად, ნაკლები თანხა დარჩება მას ადგილობრივი პროდუქციის შესაძენად. ამიტომ რაც უფრო ძვირია მედიკამენტები მსოფლიო ბაზარზე, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს კაპიტალისა და რესურსების გადინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
შესაბამისად, ნაკლები რესურსი რჩება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებისა და განვითარებისთვის. ასეთი, მეტ-ნაკლებად, ზუსტი გათვლებით, ყოველი მილიონი ლარის საქონლის შეძენის შემთხვევაში, თუ ეს საქონელი არის იმპორტირებული, დაახლოებით, 80% ისევ უკან გადის. თუ პროდუქცია ადგილობრივი წარმოებისაა, სულ ცოტა, 70% ადგილზე რჩება. სხვაობა ადგილობრივი და იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში არის ყოველ ლარზე ან ყოველ დოლარზე _ ნახევარი. თუ მილიონი დოლარის ადგილობრივ პროდუქციას ყიდულობთ, ანუ თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ქვეყანაში დარჩეს, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი დოლარი. თუ იმპორტირებულს ყიდულობთ, უნდა მიიჩნიოთ, რომ ეს თანხა ქვეყნიდან გადის.
ლარის გაუფასურების ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი არის ის, რომ საქართველოდან, ყოველწლიურად (იმის გამო, რომ ჩვენ არ გვყოფნის ადგილზე წარმოებული მარაგი), 500 დოლარი გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს თანხები რომ საქართველოში რჩებოდეს, ლარის კურსი იქნებოდა არა ის, რაც დღეს არის, არამედ გაცილებით სტაბილური.
საჭიროა მეტი ზრუნვა ადგილობრივ წარმოებაზე, მეტი ზრუნვა სამუშაო ადგილების არსებობაზე, ადგილობრივ დონეზე, მეტი დოვლათის შექმნა და ნაკლები დამოკიდებულება უცხოეთში წარმოებულ პროდუქციაზე.

მარიამ ტიელიძე