„პრეზიდენტი“ ახალი კონსტიტუციის ჩარჩოებში

2018 წელს საქართველო ახალ პრეზიდენტს ირჩევს, ამჯერად _ ექვსი წლის ვადით. ახალი საპრეზიდენტო ვადის კვალდაკვალ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც ახალი მმართველის ინაუგურაცია შედგება, ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია _ ახალი ვალდებულებებით, შეზღუდვებით, პრიორიტეტებით, უფლებებითა და სახელისუფლებო შტოების უფლებამოსილებებით.

ახალი კონსტიტუციაც ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია _ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით. თუმცა იმავე კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შენარჩუნებისა და კეთილდღეობის პროცესებში. ქვეყნის პირველ პირს ხალხი ვეღარ აირჩევს. ვერ აირჩევს პრეზიდენტს _ თანამდებობას, რომელიც, ფაქტობრივად, სიმბოლური დატვირთვის მატარებელი იქნება.
ახალი კონსტიტუცია, ჯამურად, 11 თავისა და 78 მუხლისგან შედგება.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით არჩეული პრეზიდენტი სამი ტიტულის მატარებელი იქნება:
1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი;
2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი;
3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა:
_ არსებობს პოლიტიკური წესრიგი, რომელსაც ჩვენ ვქმნით და რომლის ნაწილებიც ვართ. და როდესაც შევდივართ ამ პოლიტიკურ წესრიგში, უკვე იგულისხმება, რომ რაღაც საკითხები გადაწყდება უმრავლესობითა და უმცირესობით, რაც ნიშნავს იმას, რომ მე აუცილებლად ოდესმე მოვხვდები უმცირესობაში. მეტიც, შეიძლება, ერთსა და იმავე დროს, რაღაც საკითხში, უმცირესობაში ვიყო, რაღაც საკითხში _ უმრავლესობაში. თუმცა, ამავდროულად, მე უნდა ვიცოდე წინასწარ, რა არის ის მინიმუმი, რა არის ის გარანტიები, რომელსაც ეს ყოველდღიური პოლიტიკა და უმრავლესობა/უმცირესობის გადაწყვეტილებები არ შეეხება. რა მაქვს მე პოლიტიკურად დაბევებული, რომელსაც ვერავითარი უმრავლესობა ვერ წამართმევს, რაც უნდა უმცირესობაში მოვექცე _ იქნება ეს სიტყვის თავისუფლება, სოციალური გარანტიები და ა. შ. ეს არის მუდმივი რამ, რაც კონსტიტუციის არსებობის პირობებში იქნება შეუცვლელი. კონსტიტუცია, ამ თვალსაზრისით, არის ამ გარანტიების კრებული _ ის, რაც ყოველდღიური პოლიტიკის მიღმაა, რასაც ყოველდღიური პოლიტიკა არ ეხება, რაზეც უკვე გადაწყვეტილია საკითხი და რაზეც მსჯელობა არ მიმდინარეობს რუტინულ პოლიტიკურ პროცესებში.
_ როდიდან ამოქმედდება ახლად მიღებული კონსტიტუცია და ვის მიერ არის ის შემუშავებული?
_ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ის შემუშავებული გახლავთ საქართველოს პარლამენტის მიერ, თუმცა ამ კონსტიტუციის შემუშავებას წინ უძღოდა საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის უშუალო მუშაობა.
ამ კონსტიტუციის მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, არის საარჩევნო სისტემა _ საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა 2020 წლისთვის. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია შემდეგი _ ეს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ორპალატიან პარლამენტსა და ხელისუფლების რეგიონულ დონეს, რაც, საბოლოოდ, ხელს უწყობს პოლიტიკურ ჯგუფს (ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს _ იქნება ეს მოქმედი, თუ მომავალი მმართველი ჯგუფი), ხელისუფლების ძალაუფლების კონსოლიდაციაში.
_ ამ კონსტიტუციის თანახმად, რა ძირითადი შეზღუდვები ექნება პრეზიდენტს და რა უფლება-მოვალეობები შეუნარჩუნდება მას?
_ ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, პრეზიდენტის ინსტიტუციური როლი და ადგილი სახელმწიფოში არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, გარკვეული უფლებამოსილებები მოემატა და რაღაცებიც შეიცვალა. თუმცა, ძირითადად, მისი შესაძლებლობები შემცირდა, პრეზიდენტის ადგილი და როლი კი უცვლელია. მაგალითად, მას აღარ ექნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წარდგენის უფლება. თუკი აქამდე საგარეო საქმეებში უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებები პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე არ ფორმდებოდა სახელმწიფოსთვის, ახლა მას ეს უფლებაც ჩამოერთვა. შეიკვეცა ასევე მისი, როგორც მხედართმთავრის უფლებები. თუმცა დანარჩენი, პრინციპში, შენარჩუნებული აქვს _ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის უფლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნის უფლება და ა. შ.
_ პარლამენტის დათხოვნის უფლება თუ ექნება პრეზიდენტს?
_ პარლამენტის დათხოვნის უფლება პრეზიდენტს აქვს, მხოლოდ და მხოლოდ (ვალდებულება აქვს მას ასეთი) ორ შემთხვევაში _ ორივე შემთხვევა დაკავშირებულია იმასთან, როდესაც პარლამენტი უუნაროა იმისთვის, რომ მან დააკომპლექტოს მთავრობა.
_ რა შეიცვლება პარლამენტის მიმართ პრეზიდენტის უფლებებისა და მოვალეობების თვალსაზრისით?
_ პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთმიმართება ისედაც ძალიან იშვიათი გახლდათ კონსტიტუციურ სისტემაში. ის, უპირატესად, დაკავშირებული იყო ზოგიერთი კონსტიტუციური თანამდებობის პირის დანიშვნასთან. ამასთან დაკავშირებით, როგორც უკვე ვთქვი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პრეზიდენტი აღარ დანიშნავს. ასევე პრეზიდენტს აღარ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ, საკუთარი ნებისა და სურვილის შესაბამისად, მიმართოს პარლამენტს. ეს უკანასკნელი მხოლოდ წელიწადში ერთხელ წარდგება მოხსენებით საკუთარი საქმიანობის შესახებ.
_ პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებებთან დაკავშირებით რა ცვლილებები დაფიქსირდა ახალ კანონმდებლობაში?
_ პრეზიდენტი არის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი. თუმცა შეზღუდულია მთავრობის ნებართვით. ადრე იყო ხოლმე ასე _ შესაბამის ხელშეკრულებებზე მთავრობა, პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, ხელს ვერ მოაწერდა. მთავრობა ვერ მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო/სამხედრო კავშირებში გაწევრიანებას, მაგალითად, დღეს კი უკვე ამ თემებთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის ჩარევის გარეშე გადაწყდება. პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებებია: ზოგადი წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში; საერთაშორისო მოლაპარაკებები; საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება; დიპლომატიური წარმომადგენლების მიღება და აკრედიტაცია. ყველა ეს უფლებამოსილება მას მთავრობის თანხმობით მოჰყავს სისრულეში.
_ ამ კონსტიტუციის მიხედვით, საზოგადოებას რამდენად ექნება იმის ბერკეტი, რომ ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესებში?
_ უპირველეს ყოვლისა, ეს ბერკეტი აუცილებლად უნდა იყოს საარჩევნო სისტემა. და როდესაც მე საარჩევნო სისტემას ვაკრიტიკებ, სწორედ იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ მისთვის პრიორიტეტულია ელიტის წარმომადგენლები და ის პატარა ჯგუფები, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი და ნაკლებად მიუწვდებათ ხელი იმისთვის, რომ ჩართულები იყვნენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.
პრეზიდენტს უცვლელად უნარჩუნდება შემდეგი: კონსტიტუციური შეთანხმების დადების; კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების; შესაბამისი მიმართვის არსებობის შემთხვევაში რეფერენდუმის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტის (პრემიერის თანახელმოწერით); პარლამენტის სხდომისა და სესიის მოწვევის; ვეტოს; მსჯავრდადებულთა შეწყალების; პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნისა და მთავრობის ფორმირების უნარის არმქონე პარლამენტის დათხოვნის ფორმალური უფლებამოსილებები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს, გახლავთ ის, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო აღარ იფუნქციონირებს. მის ნაცვლად ეროვნული თავდაცვის საბჭო იმუშავებს. ის საქართველოს პირველი პირის მიერ იქნება მართული. სამხედრო საკითხებში ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილებებს რაც შეეხება, პრეზიდენტი ვერც აქ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს _ ის დამოკიდებული იქნება მთავრობის ან პრემიერმინისტრის უშუალო ჩარევაზე.
როგორც ჩანს, პრაქტიკულად, თანამდებობა „პრეზიდენტი“ უმრავლესი უფლებისა და შესაძლებლობისგან დაცლილია. ის, როგორც ქვეყნის პირველი პირი, გარდაუვლად ვერ მიიჩნევს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც, ადრეულ შემთხვევებში, მხოლოდ საკუთარი უფლებით მიიღებდა. პრეზიდენტი ვეღარ იქნება ძალაუფლების მატარებელი. საბოლოო სიტყვას მაინც იტყვის მთავრობა და თანამდებობის ის პირები, რომლებსაც, უშუალოდ, ის დანიშნავს თანამდებობაზე დიდ პოლიტიკაში.

მარიამ ტიელიძე