ბაჩუკი ქარდავა: „ოცნება“ ჭაობშია და ეს ჭაობი ყარს!“


პოლიტიკაში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ კარგი პოლიტიკური მენეჯერია. ჰოდა, სწორედ ამის გათვალისწინებით, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ და, კონკრეტულად, მისი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, იმ სისტემის მძევალია, რომელიც თავად შექმნა. ამასთან, „ქრონიკა+“-თან საუბრისას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ბაჩუკი ქარდავა იმის შესახებაც საუბრობს, თუ რატომ უნდა ჩრდილოეთს საქართველოს პრეზიდენტად მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილი და რატომ დგანან პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატის გვერდით ტრისტან წითელაშვილი, გოგა ხაინდრავა და კრემლის სხვა „შნირები“?

_ ბაჩუკი, მთელი საარჩევნო კამპანია, როგორც ვიცი, სამეგრელოში გაატარეთ, რეგიონში, სადაც „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, სერიოზული მარცხი განიცადა. არადა, „ოცნება“ იმედოვნებდა, რომ სამეგრელოში გამარჯვებას იზეიმებდა.
_ არ ვიცი, რას იმედოვნებდა, მაგრამ ფაქტია: „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ყველა დიდ ქალაქში წააგო!
რაც შეეხება სამეგრელოს, ამ რეგიონის წაგება, კახეთსა და ქვემო ქართლთან ერთად, „ოცნებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო.
_ სახელისუფლებო გუნდი ამომრჩეველზე ზეწოლას სამეგრელოშიც ახდენდა?
_ გეტყვით, თუმცა დავიწყოთ იმით, რომ თავიდანვე ვიცოდი, ის შედეგი დადგებოდა, რაც დადგა.
_ ამაში დარწმუნებული რატომ იყავით?
_ რატომ და მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოსახლეობასთან ინტენსიური ურთერთობა გვქონდა, თუმცა არც იმას დაგიმალავთ _ იმის იმედი ნამდვილად არ მქონდა, რომ 28 ოქტომბერს ის ციფრები „ამოვიდოდა“, რაც ამოვიდა, ანუ ამ მხრივ მოულოდნელობა აშკარად იყო.
დღეს „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას მაქსიმალურად ცდილობს, ასევე ცდილობს, რომ ქუჩისა და ე. წ. კრიმინალური სამყაროს მობილიზებაც მოახდინოს. ყველაფერი ეს პირველი ტურის წინაც ხდებოდა, მაგრამ ახლა ეს თემა ხელისუფლებამ უფრო „კონტროლზე აიყვანა“. მეტიც, თუ ვინმემ საარჩევნო ფული შეჭამა, ეუბნებიან, ეს, ასე ვთქვათ, ვალი ხმებით გადაიხადეო.
ერთი სიტყვით, მეორე ტურის წინ ახალი არაფერი ხდება, მაგრამ ამით „ოცნებისთვის“ სასურველი შედეგი მაინც არ დადგება.
_ რატომ არ დადგება?
_ არჩევნების ბედს კრიმინალური სამყარო, „ქუჩის ბიჭები“, პოლიცია და სუს-ი არ წყვეტს.
_ აბა, ვინ წყვეტს?
_ ვინ და, _ მოსახლეობა, რომელიც შენდამი კეთილად უნდა განაწყო, ანუ, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას სწორედ ხალხი იღებს, თან ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თვითონ სურს და ამაში კიდევ ერთხელ 28 ოქტომბერს დავრწმუნდი.
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სამეგრელოში მოვლენები დრამატულად განვითარდა _ 28 ოქტომბრიდან რამდენიმე დღე იყო გასული, როცა ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია დაიჭირეს, რომელიც რეგიონში ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. გოგია კორუფციაში ჯერ კიდევ სექტემბერში ამხილეს და მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა გისოსებს მიღმა მხოლოდ ახლა მოხვდა. ამბობენ, რომ მან საარჩევნო ფული გაფლანგა, შედეგი ვერ დადო და სწორედ ეს არ აპატიეს. სამეგრელოს მოსახლეობა ამ მოსაზრებას იზიარებს?
_ მე უფრო სხვა ინფორმაცია მაქვს.
_ კერძოდ?
_ გოგიამ საარჩევნო ფული კი არ შეჭამა, არამედ შტაბის ხელმძღვანელად იმ პირობით დანიშნეს, რომ სამეგრელოში „ოცნებისთვის“ კარგი შედეგი დადგებოდა და სანაცვლოდ, ზუგდიდის მერად დააბრუნებდნენ.
_ ეს პირობა ზუგდიდის აწ უკვე დაპატიმრებულ მერს ვინ წაუყენა?
_ ეს არ ვიცი. უბრალოდ, იმის შესახებ ვსაუბრობ, რაც ხალხისგან მესმოდა, ანუ ყველას ჰქონდა ასეთი განწყობა _ ბიძინა ივანიშვილი გოგიას მექრთამეობის გამო იმ პირობით არ დაიჭერდა, რომ ზუგდიდში და, საერთოდ, სამეგრელოში არჩევნებს მოიგებსო, მაგრამ იგივე მეორე ტურის წინ ივანიშვილმა ცხრა გოგიაც რომ გამოაგზავნოს და როგორი პირობაც უნდა წაუყენოს, ზუგდიდში „ოცნების“ მიერ არჩევნების მოგება წარმოუდგენელია, თუ ტოტალური გაყალბება, უფრო სწორად, ოქმების გამგეობასა თუ მერიაში დაწერა არ მოხდება.
_ ანუ არსებობს საფრთხე, რომ მეორე ტურის ოქმები „ოცნებამ“ მერიაში, გამგეობასა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში დაწეროს?
_ არ ვიცი, ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ თუ კონკრეტულად სამეგრელოზე ვისაუბრებთ, აქაური ამომრჩევლის განწყობას ვიცნობ და ვიცი, თან ამ შემთხვევაში, არც სოციოლოგიას ვეყრდნობი, არც _ ტელევიზიას და არც იმას _ ე. წ. ელიტურ საზოგადოებებში რას საუბრობენ. მე იმას გეუბნებით, რა განწყობაც სოფლებში, ორღობეებსა და ოჯახებშია.
_ და რა განწყობაა?
_ ის განწყობაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვერ ვიპოვე! ამიტომ შეუძლებელია, ამ ადამიანებმა არჩევნების მეორე ტურის დასრულების შედეგ ტელევიზიით მოისმინონ, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა!
_ ბაჩუკი, უნდა ჩავასუზტო: სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ კი არა, დამოუკიდებელი კანდიდატია!
_ არა, ზურაბიშვილი ხელისუფლების კანდიდატია და ამაზე ნუ ვიკამათებთ!
_ კარგი, არ ვიკამათოთ, მაგრამ როგორც ამბობთ, მეორე ტურის გაყალბების საფრთხე არსებობს. შესაბამისად, საინტერესოა, გაერთიანებული ოპოზიცია ხმების დაცვას როგორ აპირებს?
_ საპრეზიდენტო არჩევების პირველმა ტურმა დაგვანახა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ _ „ძალა ერთობაშია“ უბნების გაკონტროლება მეტ-ნაკლებად მოახერხა და ისევ სამეგრელოს რეგიონზე გეტყვით: მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ ყველანაირი დაპირების, დაშინებისა და მოსყიდვის მიუხედავად, ამომრჩეველმა იმოქმედა მესიჯით _ „მოგატყუათ „ოცნებამ“? მოატყუეთ თქვენც!“, ანუ ხელისუფლებამ იგრძნო, რომ მისი კანდიდატი მარცხდებოდა, უბნებთან მობილიზება დაიწყო, რომ ამომრჩეველი, რომელიც ხელისუფლებას ხმას არ აძლევდა, შეევიწროებინა და შეურაცხყოფა მიეყენებინა.
_ შევიწროება რაში გამოიხატებოდა, ბაჩუკი?
_ „ოცნებას“ ყველა აღრიცხული ჰყავდა და იცოდა, ვინ ვის აძლევდა ხმას, მაგრამ ერთი საინტერესო რამ მოხდა.
_ კონკრეტულად?
_ „ოცნებას“ იმანაც კი არ მისცა ხმა, ვინც ეგონა, რომ მისი ამომრჩეველი იყო, თუმცა ეს ხელისუფლებამ მას მერე აღმოაჩინა, როცა საარჩევნო ყუთები გაიხსნა.
რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, ვისზეც წინასწარ იცოდა, რომ ოპოზიციას აძლევდა ხმას, მაქსიმალურად ავიწროებდა _ შეურაცხყოფას აყენებდა, ემუქრებოდა და ცდილობდა, ამ კატეგორიის ხალხზე ზეწოლა მოეხდინა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სიტუაცია მხოლოდ შიგნით, უბნებზე კი არ გაგვეკონტროლებინა, არამედ კონტროლი გარე პერიმეტრზე გვქონოდა.
რაც შეეხება მეორე ტურს, ახლაც მაქსიმალურად ვემზადებით, რომ გაყალბება არ დავუშვათ და ეს მხოლოდ არჩევნების დღეს კი არ მოხდება, არამედ სრული მობილიზება უკვე დაწყებულია.
_ ეს მობილიზება მაინც, რას გულისხმობს?
_ გაერთიანებულ ოპოზიციას რამდენიმე პარტია შემოუერთდა, მათ შორის, ისეთი პარტიებიც, რომლებსაც საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები ჰყავთ.
_ „ევროპულ საქართველოს“ გულისხმობთ?
_ დიახ და ჩვენი რესურსი, რომ არჩევნების შედეგი არ გაყალბდეს, ერთიორად გაიზარდა.
_ ბაჩუკი, გამორიცხავთ, რომ საარჩევნო კომისიების ოპოზიციონერი წევრები ხელისუფებამ მოისყიდოს, განსაკუთრებით პერიფერიებში?
_ ამის მცდელობა პირველი ტურის წინაც იყო და ახლა ამის გაკეთებას „ქართული ოცნება“ გაორმაგებული ენერგიით შეეცდება, თუმცა იცით, რაბა ხდ?
_ რა?
_ როცა პროტესტის ტალღა ჩნდება, შეუძლებელია, ეს ტალღა შეაჩერო.
_ ანუ?
_ დღეს საქართველოში პროტესტის ტალღა აკადემიურია და არა _ რევოლუციური. დიახ, საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნეს და უკვე იციან, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში რაღაცის შეცვლა შესაძლებელია და არ ვიცი, ამის შეჩერებას ხელისუფლება როგორ შეძლებს! ამ მუხტის მოსყიდვას ერთი კი არა, ორი ბიძინა ივანიშვილის თანხაც არ ეყოფა! ხალხი არ იყიდება!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ „ქართული ოცნება“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ჩახუტება-მოფერების აქცია-კვირეულებიც კი დაიწყო. სხვა საკითხია, ხალხს ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძისა თუ ირაკლი კობახიძის მოფერება მოეწონება თუ არა, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, ყველანაირ დათმობაზე წავიდეს. აი, მაგალითად, ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს ე. წ. სოციალურს აღარ მოუხსნის, თუ ისინი დასაქმდებიან. ერთი სიტყვით, „ოცნება“ „ყაზარმულზეა“!
_ დამერწმუნეთ, ყველაფერი ეს ბლეფია!
_ ბლეფი რატომ არის?
_ „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი პირობა უნდა შეასრულოს, თუ უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ამომრჩევლის გული მოიგოს.
_ ეს რა პირობაა?
_ რა პირობაა და ყველა ის დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა, წინასწარ გათვლილი აფერის სახით, ოღონდ არჩევნებში გაემარჯვა, ჩამოარიგა, უნდა შეასრულოს!
ეს დაპირებებია: ლარის სტაბილიზაცია, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება და მზარდი ეკონომიკა, ანუ ადამიანებმა საკუთარ ჯობეზე უნდა იგრძნონ, რომ ბანკის ვალი კი არ ახრჩობთ, არამედ, შეუძლიათ, რომ შინ, შვილებს ლუკმა პური მიუტანონ! სანამ ადამიანები ამას ვერ იგრძნობენ, ისინი ყოველთვის იქნებიან განწყობილნი, რომ ხელისუფლება შეცვალოს!
_ ბაჩუკი, ისიც ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება „ოცნების“, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის ღირსების საქმეა! შესაბამისად, ყველაფერზე წავა და დამეთანხმეთ, რომ მეორე ტური პირველზე უფრო რთული და დრამატული იქნება.
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. მეტიც, ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და მარტო ოპოზიცია კი არა, ხელისუფლებაც უნდა იყოს მოწადინებული, რომ საქართველოსთვის ყველაზე კარგი შედეგი დადგეს.
_ ეს „ყველაზე კარგი შედეგი“ რა არის?
_ ყველაზე კარგი ის არის, რომ საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს!
თუ „ქართული ოცნება“, ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ამაზე უარს იტყვიან, ისინი ამით ცუდს გაუკეთებენ გაერთიანებულ ოპოზიციას კი არა, სახელმწიფოს დააკლებენ!
_ ოპოზიციონერი პრეზიდენტი ხელისუფლების შეცვლას არ ნიშნავს, ანუ იმის თქმა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არასახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებით ხელისუფლება შეიცვლება, თქვენი, გაერთიანებული ოპოზიციის პიარული დაპირება ხომ არ არის?
_ დიახ, საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. ხშირად ამბობენ ხოლმე, ოპოზიციის ხელში ხელისუფების ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია აღმოჩნდებაო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ოპოზიციის კი არა, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის ხელში აღმოჩნდება, ანუ მივიღებთ რეალობას, რომ ხალხის ხელში იქნება ხელისუფლების ერთი ინსტიტუცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერ აკონტროლებს! ეს რეალობა ჩამყაყებულ სიტუაციას გააჯანსაღებს და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პროცესიც, რომელსაც ოლიგარქი ეწევა, შეჩერდება და ბანდიტური მმართველობის _ 50-100-კაციანი დაჯგუფებების, მკოიანებისა და ფარცხალაძეების თემა და მოქმედება ბევრად უფრო გართულდება!
_ სხვათა შორის, სანამ „ოცნება“ ფსონს სალომე ზურაბიშვილზე დადებდა, ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, პრეზიდენტის პოსტი არ გვინდა და ოპოზიციამ წაიღოსო, თუმცა მოულოდნელად ეს „ჩვენება“ შეცვალა. ბაჩუკი, მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ და „ოცნების“ მიერ „პლასტინკის ამოტრიალებას“ რით ხსნით?
_ არ ვიცი, რამდენად ორიგინალურ პასუხს გაგცემთ, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის წევრები ვიყავით შეკრებილნი და ზუსტად ეს კითხვა დავსვი, _ ხომ ხვდებით, „ოცნებამ“ რამხელა შეცდომა დაუშვა-მეთქი?
_ ანუ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას „ოცნების“ შეცდომად მიიჩნევთ?
_ მართალია, საპრეზიდენტო არჩევნები თავისთავად მაღალი რანგის არჩევნებია, მაგრამ ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა ბარიკადები აღმართა და უკან დასახევი არ დაიტოვა!
_ ოლიგარქი ასე რატომ მოიქცა?
_ ეს, ალბათ, მისი ამპარტავნობის შედეგია, ვიდრე _ რეალური პოლიტიკური გათვლების.
_ თუ ამპარტავნებაზეა ლაპარაკი, მაშინ „ოცნება“ საკუთარ კანდიდატს დაასახელებდა და თამაშს არ დაიწყებდა, რომ თითქოს პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს…
_ ბოლო რამდენიმე კითხვით იმაზე საუბრობთ, რაც „ოცნებაში“ ხდება.
_ „ოცნებაში“ რა ხდება?
_ ხელისუფლებაში ქაოსი და აზრთა სხვადასხვაობაა!
მეტიც, იმ ხელისუფლებაში, სადაც ერთი ადამიანის სატელეფონო ზარების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, იმ პოლიტიკურ პარტიაში, სადაც ჯანსაღი მოსაზრების გაზიარების ეშინიათ, მუდმივად ჭაობი იქნება! ჭაობს კი, მოგეხსენებათ, სუნი ასდის!
_ ეს ბოლო არჩევნებია, როცა ხალხი პრეზიდენტს ე. წ. პირდაპირი წესით საბოლოოდ ირჩევს. ამასთან, პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციიტთ პრინციპში, უუფლებოა. ასე რომ, ეს ინსტიტუცია იგივე ოპოზიციას რად უნდა? ოპოზიციაც, ხელისუფლების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციას ხომ არ გადის და საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენს?
_ ჯერ ერთი, წეღან უკვე გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთი სახელისუფლებო ინსტიტუცია მაინც უნდა გამოვგლიჯოთ.
მეორე, დრო გვიჩვენებს, ეს არის თუ არა ბოლო არჩევნები, როცა პრეზიდენტს პირდაპირ ხალხი ირჩევს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ ვფქირობ.
_ ანუ, შესაძლოა, კონსტიტუცია შეიცვალოს?
_ ვერ გეტყვით, მაგრამ მარტო ჩემი მოსაზრება არ არის და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობაც ისეთია, რომ ხალხს არ უნდა წაერთვას უფლება, ქვეყნის პირველი პირი და მთავარსარდალი აირჩიოს!
ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ უფლებას გვართმევს. საქართველოს მოსახლეობა დღეს ზუსტად იმისთვის იბრძვის, რომ ეს უფლება ივანიშვილმა არ წაართვას!
_ ბაჩუკი, „ევროპული საქართველო“ არჩევნებამდე გაერთიანებულ ოპოზიციაზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ქილიკობდა. დღეს კი გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს მხარდაჭერას. ეს ამომრჩეველში გარკვეულ კითხვის ნიშნებს არ გააჩენს?
_ არ მგონია, კონსოლიდაციამ და გაერთიანებამ ამომრჩეველში რამე კითხვის ნიშნები გააჩინოს, რადგან ხალხზე ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ერთობა. ცუდია განხეთქილება, ქიშპი და ერთმანეთთან კომუნიკაციის სურვილის არქონა!
_ თუ ისე მოხდა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, „ძალა ერთობაშიას“ რა გეგმა აქვს?
_ ყველა გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს!
_ ვთქვათ, ამომრჩეველმა მიიღო გადაწყვეტილება და გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, მაგრამ ხელისუფელბამ არჩევნების შედეგები გააყალბა, ასეთ შემთხვევაში როგორ იმოქმედებთ?
_ გაყალბება არავის შერჩება! ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო უბანზე მიდის და ხმას აძლევს, დარწმუნებულია, რომ ის მოქალაქეა და მის ხმას ძალა აქვს! ყველაზე მრისხანე იარაღი ბიულეტენია, რომელიც ამომრჩეველს უჭირავს და გადაწყვეტილებას იღებს, ხელისუფლება ვინ უნდა იყოს!
თუ ამომრჩეველმა დაინახა, რომ გადაწყვეტილება მან კი არა, ცესკო-მ მიიღო, მაშინ თავად გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს!
_ ბაჩუკი, პოლიტიკის ანბანს ჩემზე უკეთესად იცნობთ და ამომრჩევლის ნებაზე მახვილის დასმა მაინც რიტორიკა მგონია. მთავარია, მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. პრინციპში, ყველაფერი ეს ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ _ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთი 20 დღე ფიქრობდა, საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ დაეშვა თუ არა…
_ დასავლეთი საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე თვალს არ დახუჭავს, მაგრამ ამაზე, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება არ დახუჭავს თვალს!
_ დასავლეთს როგორ დაუმტკიცებთ, რომ არჩევნები გაყალბდა?
_ დასავლეთი ინფორმაციას მარტო ოპოზიციისგან ან მარტო სამოქალაქო სექტორისგან არ იღებს. სხვა უამრავი სივრცე არსებობს, რომლითაც დასავლეთი საზოგადოებრივ აზრს სწავლობს და, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ ამ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოქმედებს!
ისე, როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მერკელის სიტყვები მახსენდება: „დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა!“
_ საქართველოში დემოკრატიის ანა-ბანაზე ლაპარაკი, მგონი, ნაადრევია. ეს თუნდაც იქიდან გამოჩნდა, რომ ხელისუფლება შვილმოკლულ მამებს ებრძვის და მათ რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის ნებას არ აძლევს. არადა, იგივე პიარის კუთხით „ოცნებას“ ხომ ერჩია, შვილმოკლული მამებისთვის _ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, მინიმუმ, სოლიდარობა გამოეცხადებინა?
_ ჯერ ერთი, უსამართლობა დასჯადია! როცა ხელისუფალი არღვევს კანონს და სამართლიანობას თელავს, ჯანსაღი საზოგადოება თვითონ აღასრულებს კანონიერებასა და სამართალს!
მეორეც, ის, როგორც ხელისუფლება შვილმოკლულ მამებს ექცევა, დიდ უსამართლობასთან ერთად, დიდი უგუნურებაცაა!
ხელისუფლება თავის მიერვე შექმნილ ჭაობში იძირება და ისეთ სისტემას ქმნის, რომელიც კანონზე მაღლაა და კონსტიტუციის გარეთ არის. ასეთი სისტემა თავად მათ შეჭმას იწყებს, ვინც ეს სისტემა შექმნა! ბიძინა ივანიშვილი და მთელი სახელისუფლებო აპარატი დღეს ამ სისტემის მძევალია. ამიტომაც უპირისპირდებიან შვილმოკლულ მამებს, ამიტომ ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს და ასევე ვერ ახორციელებენ რეალურ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური მიმართლებით სჭირდება!
დიახ, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ თვითონ მართავს, მაგრამ, სინამდვილეში, მას ის სისტემა მართავს, რომელიც შექმნა!
ამ დღეებში ხელისუფლების, კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის არაადეკვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა ვიხილეთ.
_ ივანიშვილის ბოლო ვიდეომიმართვას გულისხმობთ?
_ დიახ.
ეს ვიდეომიმართვა ტოვებდა განცდას, რომ არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ხელისუფლებაში მოსვლის დროს შუის გაკრეფით იმუქრებოდა და ზედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც მიაყოლა. დღეს კი უფრო შორს წავიდა _ ოპოზიციას, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მილიონი ხმა აიღო, პარტიებად არ მიიჩნევს, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც იმ მილონ ამომრჩეველს მიიჩნევს ამომრჩევლად, რადგან ყველა, ვინც მასთან არ არის, ვინც მისი მონა არ არის, მტერია.
ამ მიმართვაში ჭარბად იკვეთებოდა აგონიის ელემენტები. ხვდება ივანიშვილი, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია. „ქართულ ოცნებას“ ე. წ. მკვდარი წერტილი გავლილი აქვს და შესაბამისად, პოლიტიკური პროცესის შემობრუნების შანსიც აღარ გააჩნია.
გრძელდება ქართველი ხალხის უნამუსოდ მოტყუების მცდელობა _ ლარის კურსის კატასტროფული გაუფასურებისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ადამიანებს, კიდევ ერთხელ, მორიგ, ცრუ დაპირებებს აძლევს.
ჩემი სტუდენტობის დროს არსებობდა „ჩეკების“ მაღაზიები, სადაც ხშირად იყრიდნენ თავს „გადამგდებები“. ერთი მახსენდება, მეტსახელად „ყვარიას“ („ყვავი“) ეძახდნენ. ბლოკნოტი ჰქონდა, სადაც ინიშნავდა, თურმე, ერთხელ უკვე მოტყუებულ ადამიანებს, რომ მეორედ არ მისულიყო.
ივანიშვილი, „ყვარიასგან“ განსხვავებით, უსინდისოდ, უკვე მერამდენედ ცდილობს, მოატყუოს ქართველი ერი!
უკვე ისიც ჩანს, დიდი იმედი არ აქვთ, რომ მორიგ ჯერზეც მოტყუვდება ხალხი. განახლებაზე საუბრობენ და ძველებს ეძახიან, რიტორიკას არ ცვლიან, სარალიძე და მაჩალიკაშვილი საერთოდ არ ახსოვთ.
ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ოცნების“ მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალია!
მინდა, იმედი მქონდეს, რომ ამ დამარცხებას, რაც პოლიტიკის თანმდევია, დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის ფორმას არ დაუკარგავენ. ეს ერთადერთი სიკეთე იქნება, რაც მათ ქართულ სახელმწიფოს შეუძლია გაუკეთონ.
ჩვენ, ოპოზიცია, გამარჯვებას, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ, მაგრამ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ, დემოკრატიულ ჩარჩოებში დარჩენას.
_ წლევანდელი არჩევნების ერთ-ერთი მთვარი მოცემულობა პრორუსულობაზე აქცენტის გაკეთებაა, ანუ გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რუსულ ლინკებზე საუბრობს, თავად ზურაბიშვილი და, ზოგადად, მთელი „ოცნება“ კი იმის მტკიცებაშია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო…
_ ვხვდები, ამ კითხვის ქვეტექსტი რაც არის, მაგრამ ანალიზს მარტივად გავაკეთებ: გადახედეთ გრიგოლ ვაშაძის გარშემო შეკრებილ პარტიათა სპექტრს და ასევე გადახედეთ წითელაშვილს, გოგა ხაინდრავას და, მაპატიეთ, საქართველოში ყველასთვის ცნობილ რუსეთის „შნირებს“ _ აი, ვინ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს! ის პარტიები, რომლებიც გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს, საგარეო კურსის მიმართულებით, დასავლეთს ვგულისხმობ, მერყევნი არასოდეს ყოფილან!
_ „რუსეთის“ ზურაბიშვილს რატომ უჭერენ მხარს, ეს კრემლის დავალებაა?
_ არ ვიცი, თუმცა, ჩემი აზრით, ის, რომ „ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირა მხარი, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სიმპათია არ ყოფილა! არამედ, ეს, გარკვეუწილად, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სიმპათიაც იყო!
_ ამ აზრის გამყარება არგუმენტებით შეგიძლიათ?
_ ბუნებრივია, შემიძლია, თუმცა ეს ვრცელი თემაა. ერთს კი გეტყვით: ზუსტად ვიცოდი, რომ თუ თავად ბიძინა ივანიშვილი არ მიიღებდა პრეზიდენტად კენჭისყრის დავალებას, მაშინ ისეთი პიროვნება იყრიდა კენჭს, რომელიც პუტინისთვის მისაღები იქნებოდა და რომელსაც ივანიშვილი მხარს დაუჭერდა! პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოში აუცილებლად ისეთი პრეზიდენტი უნდა იყოს, რომელიც ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ გამოადგება და ასეთი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია!
მთელ მსოფლიოში ერთადერთი რუსეთია, რომელიც ამბობს, რომ საქართველო მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხა და მეორე სალომე ზურაბიშვილია, რომელიც იგივეს აცხადებს. რუსეთის ინტერესში, ბუნებრივია, არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ის ადამიანი გახდეს, რომლის პოზიციებიც პუტინისა და კრემლის პოზიციებთან აბსოლუტურ თანხვედრაში იქნება!
_ ე. ი., წინ ძალიან მძიმე მეორე ტური გველოდება, არა?
_ გაერთიანებული ოპოზიცია გამარჯვებაში დარწმუნებულია, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის პრინციპის დამკვიდრება!

გიორგი აბაშიძე