თამარ ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე: „პირდაპირი, უაპელაციო, დაჟინებული დირექტივა პუტინისგან”

ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზე „ქრონიკა+“ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარეს, თამარ ჩხეიძეს ესაუბრა:

_ იმის მიუხედავად თუ როგორ დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ცხადია, რომ 28 ოქტომბერმა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
_ ახალი რეალობა, ალბათ, ისაა, რომ ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და მისადმი დაქვემდებარებული მთელი სისტემა სასიცოცხლოდ იყვნენ დაინტერესებული და ყველაფერს კანონით დასაშვებსა და სრულიად დაუშვებელს აკეთებდნენ, მათი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გაყვანისთვის არა მარტო პირველ ადგილზე, არამედ პირველივე ტურში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ფიასკო განიცადეს.
_ რა გახდა ამ ფიასკოს მიზეზი?
_ ამ ფიასკოს მიზეზი კომპლექსურია: „ოცნების“ მთავრობის ექვსწლიანი საქმიანობის ზოგადად უაღრესად უარყოფითი შედეგები _ მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ლარის მკვეთრი დაცემა, გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობა. დიდი როლი შეასრულა თავისუფალი ტელევიზიის ეთერით გადაცემულმა სკანდალური ჩანაწერების მთელმა კასკადმა, რომელიც ასახავდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველობის სრულიად უკანონო და კრიმინალურ ფორმას. სიმართლის ძიებაში თავიანთი პრინციპულობით და თავგანწირვით ორმა ძალიან ღირსეულმა ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანმა _ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა _ უდიდესი როლი შეასრულეს მოსახლეობისა და პოლიტიკური პროცესების საგრძნობლად გამოცოცხლებასა და სისტემის შერყევაში. ხელისუფლებამ ძალიან შეუწყო ხელი თავის დამარცხებას ისეთი საშინელი და თავხედური განზრახვით, როგორიც მარიხუანას პლანტაციების გაშენების პროექტი იყო. იმდენდ მიმზიდველი გახლდათ არაფორმალური მმართველისთვის გამდიდრების ახალი წყარო და იმდენად დიდი იყო მისი დარწმუნებულობა, რომ მისი ყოველი სურვილი მაინც შესრულდება, მან მოცდა არჩევნებამდეც არ ჩათვალა აუცილებლად. დიდი როლი შეასრულა „ოცნების“ კანდიდატის სისუსტემ და მისმა ყოვლად არაადეკვატური და სკანდალური განცხადებების კასკადმა უცნობ ენაზე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო ქართული პოლიტიკური სპექტრის და ქართული საზოგადოების მხრიდან სალომეს ყოვლად ანტისახელმწიფოებრივ, დამპყრობლის სასარგებლო განცხადებებზე სათანადო რეაქცია. გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გარეშეც ყველა სხვა მიზეზის რეალიზაცია ვერაფრით მოხდებოდა, იყო ოპოზიციის მხრიდან ჩატარებული კოლოსალური სამუშაო და მათი ხმების დიდი ნაწილის დაცვის მოხერხება. ჩემი აზრით, ეს არის ძირითადი მიზეზების კომპლექსი, რამაც 28 ოქტომბერს ახალი იმედის მომცემი რეალობა შექმნა.
_ ხალხი, ელექტორატი არჩევნების წინ ტრადიციული ფორმით – საპროტესტო აქციებით არ ამჟღავნებდა თავის განწყობებს და უცებ „განაცხადა“, რომ გაბრაზებულია, უკმაყოფილოა, „ასე ცხოვრება“ არ სურს. როგორ ახსნით ელექტორატის ამ ქმედებას?
_ მართალია, დუღილის ის ტემპერატურა, რომელიც ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლით იჩენს ხოლმე თავს, მართლაც არ ყოფილა. ადეკვატური აქტიურობის არარსებობა ზოგადად დამახასიათებელია ამჟამინდელი ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა რამდენიმე თვით ადრე საქმე თითქმის აქამდე მივიდა სარალიძე-მაჩალიკაშვილის მიტინგების დროს, რომელთაც მნიშვნელოვანწილად შეძლეს ქვეყანაში არსებული უსამართლობით გამოწვეული პროტესტის კონცენტრაცია, თუმცა შემდეგ გარკვეული ფაქტორების გამო მასობრივი პროტესტის ტემპერატურამ დროებით დაიწია. შემდგომმა პროცესებმა კვლავ გააძლიერა უკმაყოფილების გრძნობა და ის გამოიხატა იქ, სადაც ამის გამოხატვა უფრო პასიური ფორმით გახდა შესაძლებელი.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ არჩევნებზე რუსეთი საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი? კონკურენტები ერთმანეთზე გამარჯვების უმთავრეს მექანიზმად რუსეთის ფაქტორს იყენებენ. რა არის ამ „არგუმენტებში“ მართალი და ტყუილი, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვანი გახდა. საბოლოოდ კი ამდენი „რუსეთი“ ხომ არ შექმნის იმის საშიშროებას, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს აუცილებლად დარჩება განცდა _ ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის კაცია ან ქალია?
_ რუსეთი რომ ამ არჩევნებზე საკმაოდ დიდი დოზითაა წარმოდგენილი, ეს ბუნებრივია, რადგან რეალობაში ის კიდევ უფრო დიდი დოზითაა წარმოდგენილი. რუსეთი საქართველოში ფლობს მართვის მძლავრ ბერკეტებს, მისი პირდაპირი და გავლენის აგენტურა ინფილტრირებულია მთელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სტრუქტურაში, ყველა სფეროში; მას შესწავლილი აქვს ქართული საზოგადოება, რაზე და როგორ რეაგირებს ის. მიუხედავად ცხვირწინ არსებული ფაქტებისა და უპირველეს ყოვლისა ოკუპაციისა, ბევრი რუსულ ფაქტორს რაღაც შეთქმულების თეორიად აღიქვამდა და რელურად ვერც აცნობიერებდა მის როლს პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო, არჩევნებში. ახლა მაინც, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, რას შვრება და როგორ ერევა პუტინის რუსეთი შეერთებული შტატების არჩევნებშიც კი, კიდევ უფრო სასაცილო არაა, ადამიანი ვერ აცნობიერებდეს მის როლს მეზობელ ოკუპირებულ ქვეყანაში, რომელსაც ის საერთოდ თავის სამფლობელოდ მიიჩნევს, სადაც უამრავ ბერკეტსა და ძლიერ მეხუთე კოლონას ფლობს?
_ იქნებ, უფრო დააკონკრეტოთ…
_ ელემენტალური ლოგიკისა და არსებული ობიექტურ-სუბიექტური მოცემულობის გათვალისწინებით, შეუძლებელია ვერ მივხვდეთ, საიდან და რატომ გაჩნდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა. ვისაც ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა ივანიშვილის ბუნებაზე, სრულიად ნათელია, რომ იგი ვერ გუობს ოდნავ მაინც ამბიციებისა და საკუთარი, თუნდაც, არასერიოზული სახელის მქონე ფიგურებს გუნდშიც კი, არამცთუ პრეზიდენტად. მისთვის, დარწმუნებული ვარ, სრულიად არასასურველი იყო ასეთი გადაწყვეტილება; ძნელად ეგუებოდნენ ამ, ერთი შეხედვით, უცნაურ და მათთვის გაუგებარ გადაწყვეტილებას პარტიაშიც. ეს პროცესი და დამოკიდებულებები ჩანდა კიდეც გარედან. სასაცილო იყო, როცა ამბობდნენ, „ოცნებას“ იმდენად არავინ ჰყავს კანდიდატი, რომ სალომეზე შეჩერდნენო. თითქოს „ქოცები“ და მათი ბელადი საქართველოს პრეზიდენტად ვინმე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბრძენკაცს ეძებდნენ! სალომეზე ბევრად მათთვის შესაფერისს ათეულობით კანდიდატს მოძებნიდნენ, ამის უფლება რომ მიეცათ მათთვის.
ამის უფლება კი მათ კი არა, თვით მათ, ერთი შეხედვით, ყოვლისშემძლე ბელადსაც არავინ მისცა! თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბიძინას ტიპის მმართველს სალომეს ტიპის კანდიდატი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა წამოეყენებინა _ თუ მას მიღებული ექნებოდა პირდაპირი, უაპელაციო, დაჟინებული დირექტივა პუტინისგან _ ეს ქალი უნდა გაიყვანოთ პრეზიდენტად!
_ რატომ?
_ სრულიად ნათელია, რატომ: ამდენი ხნის მანძილზე რუსეთმა კი შეძლო პირდაპირი და მცოცავი ოკუპაციით საქართველოს მიწების დაპყრობა, მაგრამ ვერაფრით შეძლო მსოფლიოსა და საქართველოს „ახალ რეალობებთან შეგუება“, მცდელობის მიუხედავად ვერ დაამკვიდრა აზრი, რომ 2008 წლის ტრაგედიაში თავად საქართველოა დამნაშავე, ფაქტობრივად, ვერაფერი დააკლო არაღიარების პოლიტიკას. ჰოდა, აი, სალომე, რომელიც საფრანგეთის ქართული ემიგრაციიდანაა წარმოშობით, ფრანგი დიპლომატი იყო, ომამდე ცოტა ხნით ადრე კი ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა! ჰოდა, ეს სალომე თავიდანვე, ჯერ კიდევ, ომამდე აცხადებდა, რომ წითელუბანი თავად ქართველებმა დაბომბეს. ომის დაწყების შემდეგ მან ამ ომის დაწყება საქართველოს დააბრალა, ბრალდება წამოაყენა, რომ საქართველომ დაბომბა მძინარე ცხინვალი და ამით დაკარგა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნის უფლებაც კი. ქალბატონი სალომე არ დაკმაყოფილდა ანტიქართული განცხადებებით და ამას ყველაფერს იგივე თემატიკაზე ფრანგულენოვანი წიგნის გამოცემაც დაამატა, რათა მისი ზეპირი განცხადებების ციტირების გარდა პუტინს, ლავროვსა და ა. შ. წერილობითი მასალაც ჰქონოდათ საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ წარსადგენად. მაგრამ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები რუსეთისთვის კარგია, თუმცა მიზნის მისაღწევად არ კმარა. სულ სხვაა, როცა ამას საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტანციების წინაშე თავად საქართველოს პრეზიდენტი განაცხადებს! აი, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის სანატრელი და მიუღწეველი საქართველოს კოსოვიზაციის პროცესი ჩაირთვება და არაღიარების პოლიტიკასაც ძირი გამოეთხრება! კოსოვო რომ სერბიის ნაწილი იყო, არავინ უარყოფს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ მისი დამოუკიდებლობა ცნო, რადგან სერბია დადანაშაულებულია კოსოვოელების წინააღმდეგ! აი, ეს არის სალომეს კანდიდატურა და მისი გაპრეზიდენტების ერთადერთი მიზანი! საბედნიეროდ, მისი პოზიციის ანტისახელმწიფოებრივი არსი და გაპრეზიდენტების შემთხვევაში წარმოშობილი კოლოსალური საფრთხე კარგად შეაფასეს პოლიტიკურმა სპექტრმა, არასამთავრობოებმა და ქართულმა საზოგადოებამ. რაც შეეხება პირიქით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის კანდიდატის დადანაშაულებას რუსეთუმეობასა, „კაგებეშნიკობასა“ და ა. შ. ასეთ ამბებში, როდის იყო ივანიშვილსა და მის მიმდევრებს რუსეთუმეობა და თუნდაც „კაგებეშნიკობა“ ნაკლად მიაჩნდათ? მათგან ძალიან არაბუნებრივად და ხელოვნურად ჟღერს ასეთი საპასუხო ბრალდებები. მაგრამ რა ექნათ, დაინახეს, რომ სალომეს კანდიდატურის დასახელებისთანავე მისმა სკანდალურმა პრორუსულმა განცხადებებმა მის მიერ ლავროვის, პუტინისა და მედვედევის ნარატივის სიტყვა-სიტყვით გამეორებამ სათანადო შეფასება ჰპოვა ქართულ საზოგადოებაში და მას ადეკვატური სახელიც დაერქვა. სხვათა შორის, ხელისუფლების მხარდამჭერთა ახმაურება მათი კანდიდატის მოღალატედ შეფასების გამო და ამ მოვლენისთვის ქალის შეურაცხყოფის, ფაშიზმის, ბოლშევიზმისა და ა. შ. დარქმევა სრული უაზრობაა. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს სიტყვა, „სამშობლოს მოღალატე“, სულაც არ გამოუგონიათ ბოლშევიკებს, ფაშისტებსა და მათი ჯურის ხალხს, ისინი ამ სიტყვას დანიშნულების საპირისპიროდ და ბოროტად იყენებდნენ, თორემ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რეალობაში ეს ცნება არ არსებობს და ქვეყნის ინტერესების საპირისპირო მოქმედებას სახელი არ აქვს. ასეთ მოქმედებას არა მარტო სახელი აქვს და მორალურად და პოლიტიკურად ამაზრზენია, არამედ ეს არც მეტი, არც ნაკლები, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით. სხვათა შორის, ამ საკითხზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა „აფხაზთა კრებამ“, რაზეც, ცხადია, პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია და საერთოდ სალომეს მოქმედების კრიმინალური ხასიათი, რატომღაც, მიიჩქმალა მთელი კამპანიის განმავლობაში! _ მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, _ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა… _ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
_ ანუ ამით რისი თქმა გსურთ?
_ როგორც ხედავთ, სახელისუფლებო კანდიდატის მოქმედებები, ერთი-ერთზე, გასაოცარი სიზუსტით ჯდება ამ სისხლის სამართლის მუხლებში. ცხადია, მე პირადად ვინმეს დაპატიმრება არასდროს მდომებია, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატის დადანაშაულებას რუსეთუმეობაში – ეს, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ „მე კი არა შენს“ პრინციპით შემუშავებული იძულებითი ხელოვნური ბრალდებაა, არამედ მათი კანდიდატის დადანაშაულებისთვის ფასის დაკარგვას ემსახურება. იმის გარკვევა კი, რომელი კანდიდატი მუშაობს მართლა რუსეთზე, ძალიან მარტივია. ამისთვის მათი ბიოგრაფიების შესწავლა საჭირო კია, მაგრამ არასაკმარისია, ბიოგრაფიიდან ფაქტები უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ კომპლექსურად, საერთო კონტექსტში. მთავარი კითხვაა, _ ვინ მუშაობს რუსეთზე? ვინ აწყობს დღეს რუსეთს? ვაშაძის პიროვნებას არ ვიცნობ, ინფორმაციაც არასაკმარისი მაქვს. ვიცი, რომ მუშაობდა საბჭოთა პერიოდში საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ვიცი ისიც, რომ ის, ომის შემდეგ, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავგამოდებით დადიოდა მთელ მსოფლიოში, რათა არ დაეშვა სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობა, ის აქტიურად და დიდი წარმატებით ატარებდა არაღიარებისა და მთელი მსოფლიოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცედ და უცვლელად ცნობის პოლიტიკას. ამჟამადაც მისი და მისი წარმდგენელი პოლიტიკური ძალის პოზიცია ამ საკითხზე აბსოლუტურად ადეკვატურია. სახელისუფლებო კანდიდატი კი, ზურაბიშვილი, სწორედ ამ არაღიარების პოლიტიკას უთხრის ძირს, ომში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს, ოკუპანტთან საქართველოს საერთაშორისო დავაში მის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას და საქვეყნოდ და პერმანენტულად გაიძახის, _ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და ტერიტორიული მთლიანობის უფლება აღარ აქვსო. მოკლედ, რუსეთს რა აწყობს და ვინ აწყობს, ამის გარკვევა მეტისმეტად ადვილია, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს ბიძინას ფულებით თუ რაიმე სხვა პირადი ინტერესით ან წარმოუდგენელი სიბრიყვით არ აქვს მხედველობა დახშობილი!
ზემოთ აღვნიშნე, რომ სალომეს კანდიდატის წამოყენება ბიძინას არ ენდომებოდა და ეს მისი კი არა, პუტინის ინიციატივა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას მისი წამოყენება მაინც მოუხდა, ის უკვე სამკვდრო-სასიცოცხლოდაა მისი გაყვანით დაინტერესებული. ცხადია, თავად პრორუსული ინტერესების გამტარებელსა და თავიდანვე მსგავსი განცხადებების ავტორს პატრიოტული მოტივი არც ადრე უქმნიდა დაბრკოლებას, მაგრამ სალომეს გაყვანასთან დღეს მისი მმართველობის ყოფნა-არყოფნის საკითხია დაკავშირებული. ის, დაახლოებით, იმ მდგომარეობაშია ჩაგდებული, როგორშიც ზუგდიდის ახლახან დაპატიმრებული მაღალჩინოსანი იყო, თუ უკანასკნელი არ მოიგებდა ზუგდიდში არჩევნებს!
_ კანდიდატების უმეტესობას, თუ ყველას არა _ ამომრჩეველი ბრიყვი ჰგონია. რეალურად მათი დაპირებები, უმეტეს შეთხვევაში, სცდებოდა იმ უფლებამოსილების ფარგლებს, რაც პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ცხადია, რომ საბოლოო არჩევანი უფრო ღირებულებითი აღმოჩნდა, ვიდრე „პროგრამული“, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, კანდიდატებს მართლა ბრიყვები ვგონივართ?
_ ეგ არ ვიცი, რა ჰგონიათ. ზოგადად, ქართული საზოგადოება ხშირად ძალიან ადვილი სამართავია. მისი მოტყუება, გარკვეული დროით, აპრობირებულია და შესაძლებელია. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც შეეხება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების გარეთ არსებულ დაპირებებს, ეს ცოდვად არ მიმაჩნია, რადგან ისინი შეიძლება რეალური გახდეს, თუ „ოცნების“, უფრო სწორად, ივანიშვილის მმართველობა დასრულდება და თუნდაც მასზე ცოტა უფრო მაინც კონსტრუქციული ძალა მოვა ხელისუფლებაში. რაც შეეხება „პროგრამულ“ არჩევანს, თუ საქართველო როდესმე ნორმალური განვითარების გზს დაადგა, იქნებ მაშინ გახდეს ასეთი არჩევანი შესაძლებელი. დღეს არჩევანი მართლაც ღირებულებითია _ ან ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებებისკენ განვითარების შესაძლებლობის შექმნა _ მხოლოდ შესაძლებლობის _ ან რუსეთისთვის მიწების გადაფორმება და რუსულ-მაფიოზურ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში ცხოვრება, სადაც ხელისუფლების მეხოტბეებს ეძლევათ პრივილეგიები, რის გამოც ისინი საკმაოდ ადვილად ყიდიან ქვეყანას.
_ დავუბრუნდეთ წინასაარჩევნო კამპანიას, თქვენთვის რა იყო ამ კამპანიის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები?
_ დადებითი იყო ადამიანების ძალიან დიდი მასის მიერ კრემლის კანდიდატის პოზიციის გაცნობიერება, ოპოზიციის საკმაოდ ეფექტიანი მუშაობა რეალური არჩევანის უფლების დასაცავად. უარყოფითი იყო ხელისუფლების მიერ ყველა უკანონო რესურსის მაქსიმალური ჩართვა _ მოსყიდვა-დაშინება, არარსებული ამომრჩევლების მიწერები, ხელისუფლების სრულიად აღმაშფოთებელი განცხადებები _ ამ მხრივ ლიდერობდნენ კობახიძე, კალაძე და ცხადია, თავად ივანიშვილი. ეს განცხადებები მეტყველებდა, რომ მათ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვთ დემოკრატიაზე, ემუქრებოდნენ ოპოზიციას „დამთავრებით“, „თავში ჩარტყმით“ მედიასაშუალებას, რომ ერთ წელიწადში ასწავლიან, როგორ იმუშაოს, შეიტანენ იქ სიმართლეს _ ტყუილისა და სიმართლის განმსაზღვრელი, ცხადია, ივანიშვილია. აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ ძალაუფლებაში, პოლიტიკურ სისტემაში ოპოზიციის მობრუნებას. რას ნიშნავს, არ დაუშვებენ? აბა, რისთვის არსებობს არჩევნები? რატომ არის ოპოზიციის თუნდაც დამარცხება „დამთავრება“?არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაშისტების მხარდამჭერებად აცხადებენ და ა. შ. და ა. შ.
_ ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ თუ ვაშაძე გახდა პრეზიდენტი, იგი არ იქნება სააკაშვილის გავლენის ქვეშ, რაც მას დამოუკიდებელი პოლიტიკის გაკეთების საშუალებას მისცემს?
_ მე უკვე გითხარით, რომ არასაკმარისად ვიცნობ ვაშაძის პიროვნებას და რომც ვიცნობდე, იმის განსაზღვრა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ შემთხვევაში, ადვილი არ არის. მაგრამ ერთი რამე კი ვიცი: მიუხედავად იმისა, რომ მე მიშას მომხრე არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ „ნაციონალი“, არ მიმაჩნია მიხეილ სააკაშვილი ბუად, როგორადაც მას ხელისუფლება და მისდამი პათოლოგიური სიძულვილის მქონე ადამიანები სახავენ. მე მასაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ობიექტურად ვუყურებ თავის უარყოფით-დადებითიანად და ერთი რამე ვიცი უეჭველად, _ დღეს რის წინაშეც ვდგავართ, ეს საქართველოსთვის პარტიული არჩევანი არ არის, არ არის „ვაშაძე როგორიას“ საკითხი. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი ის გაცილებით სჯობს ივანიშვილ-ზურაბიშვილს. საკითხი ასე დგას _ მივცეთ პუტინს საშუალება სალომეს, როგორც პრეზიდენტის პირით, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ საქართველომ ჩაიდინა დანაშაული, ის მსხვერპლი კი არა აგრესორია და ამიტომ მას იურიდიულად უნდა ჩამოერთვას აფხაზეთ-ცხინვალი, თუ ამ ეტაპზე მაინც მოვიგერიოთ ეს უშუალოდ ჩვენს გულზე მიდებული იარაღი და ეს გავაკეთოთ ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი იარაღით. დღეს სხვა იარაღი არ არსებობს.
_ რა ხდება ზურაბიშვილის შემთხვევაში, რამდენად არის მისი ქმედებები პოლიტიკურად პროგნოზირებადი და ექნება კი მასზე რეალური გავლენა ივანიშვილს?
_ რა დროს რა ახალ კომიკურ, თუ ტრაგიკომიკურ ნონსენსს იტყვის ზურაბიშვილი თავისი ჩიქორთული ქართულით, ეს ნამდვილად არ არის პროგნოზირებადი, მაგრამ პოლიტიკურად ნამდვილად პროგნოზირებადია, რომ ის შეუდგება არჩევნებისთანავე _ უკვე განაცხადა, რომ ტერმინი ოკუპაცია ხელს გვიშლის (მაგას არ ამტკიცებს ლავროვიც(?), რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ, ანუ შევეგუოთ რაც მოხდა და მოვიცილოთ განგრენა ჩვენი მშობლიური მიწის სახით. ამას ყველაფერს ეს ქალი თავად ამბობს და ცხადია, ღმერთმა ნუ ქნას და ძალადობით ის გაიყვანეს. ცხადია, ამ პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ამას გააკეთებს ივანიშვილთან ერთად თუ რაღაც ეტაპზე მის გარეშე, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი ნამდვილად არაა, ამას არავინ ჰკითხავს არც მას და არც ივანიშვილს. სანამ ადგილზე ივანიშვილია გადამწყვეტი, ცხადია, ის ივანიშვილს დაემორჩილება.
_ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ, მაგრამ ვის თუ თქვენ, არ გკითხავთ, _ რას ჰგავს ქართული „ინწილიგენცია“?
_ სამწუხარო რეალობაა, რომ ინტელიგენციის ზედა ფენა, მისი უდიდესი ნაწილი, ძირითადად, ყოველთვის მიდრეკილი იყო და არის ხელისუფლების მორჩილებისა და მისდამი ხოტბის შესხმის ფასად, პრივილეგიების მიღებისა და პირადი ინტერესების განხორციელებისკენ. ზოგადი ტენდენცია ასეთია. ცხადია, ამით მე ყველას არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არც ყველას ეხება. საბჭოთა პერიოდშიც იყო ეს ტენდენცია, მაგრამ ამავე დროს იყო ამ ფენის წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული ფასეულობების დაცვის შემთხვევებიც. მაგრამ, ზოგადად, ეს ფენა მიჩვეული იყო ზემოდან პატივისცემით მოპყრობას და შესაბამის სოციალურ სტატუსს. ამავე დროს ისინი მიჩვეული იყვნენ ზემდგომად რუსეთის აღქმას და მის განხილვას ბუნებრივ, ნაცნობ და მშობლიურ გარემოდ. პოსტსაბჭოთა პერიოდში ამას თან დაერთო ქვეყანაში არასწორად განვითარებული პროცესების გამო სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გაუარესება, რის ფონზეც საბჭოური ცუდის მიმართ ნოსტალგია გაჩნდა. ეს უკანასკნელი გარემოება მარტო ამ ფენით არ შემოისაზღვრება. მათი ისედაც დამახასიათებელი ტენდენცია ხელოვნურადაც იქნა გაძლიერებული და მათ კიდევ უფრო რუსეთისკენ უბიძგა ზოგჯერ მათ მიმართ განხორციელებულმა არასწორმა მოპყრობამ უკვე დამოუკიდებლობის წლებში. მოკლედ, ეს საინტერესო და ვრცელი თემაა საკვლევად. კონკრეტულად ბიძინამ მათი ეკონომიკური დაინტერესებით ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე მოამზადა თავისი სოციალური დასაყრდენი. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში ადამიანთა დიდი ნაწილი გარკვეულ საფასურად ძალიან ადვილად იქცა მის უსიტყვო ან სიტყვიერ მხარდამჭერად, რომელნიც მზად არიან, აურიონ შავისა და თეთრის ცნებები და არად ჩააგდონ ქვეყნის ინტერესი, ოღონდ მათი პირადი ინტერესი დაკმაყოფილდეს.
_ რეალურად პოლიტიკური პრაგმატიზმი ვერ გუობს წარსულს, ამ პირობებში რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ადამიანები წარსულიდან წასრულის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ცოტა გასაკვირიც კი არის, პოლიტიკურ ძალას რატომ უნდა სჭირდებოდეს ამ წარსულის მოჰიკანების მხარდაჭერა და ვერ ხვდებოდეს, რომ მათი თანადგომა ხმებს უფრო აკარგვინებს, ვიდრე სძენს. მოკლედ, რა სენია ხელისუფლებების სურვილი, მიიკრას ეს ტკიპა, კვებოს და ფარად დაიყენოს განსაცდელის ჟამს?
_ არა მგონია, რომ ეს სენი გასაკვირი იყოს. ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ყველა სფეროში, ბუნებრივია, თქვენი სიტყვები რომ გამოვიყენოთ, „მიიკრავს, კვებავს და ფარად გამოიყენებს ყველა ტკიპას“, რადგან მას თავისი ანტიდემოკრატიული, კორუფციული, ქვეყნის საწინააღმდეგო პოლიტიკის მხარდამჭერები სჭირდება, ეს ხალხი კი ანალოგიური მენტალიტეტისა და ფასეულობების მატარებელია.
_ ვიყოთ სამართლიანები და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ვაშაძის წარმატება უფრო ივანიშვილის მარცხი იყო, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება. როგორ ფიქრობთ, რამდენად გასათვალისწინებელია ამომრჩევლის ეს ქმედება სამომავლოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის და თავად ამ ქმედების ფილოსოფიური არსი რაში მდგომარეობს?
_ გეთანხმებით, ეს უპირველეს ყოვლისა და უფრო ივანიშვილის მარცხი იყო, მაგრამ ეს მარცხი და მასზე დაფუძნებული გამარჯვება უკვალოდ გაქრებოდა, ოპოზიციას რომ კარგად არ ემუშავა. მან მნიშვნელოვანწილად _ ცხადია, მთლიანად ვერა _ შეძლო ხმების დაცვა, კამპანიაც საკმაოდ ეფექტიანი იყო. ამომრჩევლის ქმედების ფილოსოფიურ ანალიზს ამჟამად ვერ შევუდგები, ამის დრო ახლა არ არის და ინტერვიუც გრძელი გამოვიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც მოხდა, ასე გამოიყურება: ძალიან ბევრი ცუდი რამ დაგროვდა, მოსახლეობას ძალიან ცუდად მოექცნენ, ბოლოს რუსეთისთვის მიწების გადაცემასა და ერის მასობრივად განარკომანებას დაჰპირდნენ და მართალია, ამანაც კი მოსახლეობა სათანადოდ ვერ გაააქტიურა, მაგრამ მისმა დიდმა ნაწილმა ხმა მისცა აშკარად გამოკვეთილი ბოროტების, უკიდურესი გაჭირვების, სამშობლოს ღალატის, მათი შვილების დაუცველობისა და განარკომანების წინააღმდეგ.
_ რას ელოდებით მეორე ტურისგან? ვის უფრო მეტი რესურსი აქვს გასამარჯვებლად და რა რეალურ, ობიექტურ ფაქტორებს ეფუძნება ეს რესურსები?
_ დიდი ამბავი მოხდა, გამარჯვების, ხალხის ნების დაფიქსირების შესაძლებლობა გამოიკვეთა, არის კეთილსაიმედო გარემოებები, დემოკრატიული სამყაროს ფაქტორი, დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა, ხელისუფლების ბოროტმოქმედებათა სულ უფრო და უფრო მეტად გამომჟღავნება და ხალხამდე მიტანა. მაგრამ გარანტირებული გამარჯვება მაინც არ არის. ხელისუფლების ხელში რჩება პირდაპირი ძალადობა, დაშინება, უზარმაზარი თანხები და… რაც მთავარია, ოკუპანტის ფაქტორი. ხელისუფლება აქტიურად ცდილობს რუსული პოლიტექნოლოგიების გამოყენებით ხალხის გარკვეულ ნაწილში დანერგილი პათოლოგიური სიძულვილისა და შიშის რეანიმაციას.
_ რას უნდა ველოდოთ არჩევნებში ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებისას, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარების სცენარი ვაშაძის ან ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში?
_ ზურაბიშვილის გამარჯვება არ მინდა წარმოვიდგინო, რადგან ეს ნიშნავს ისედაც ცუდი მდგომარეობის გაუარესებას ყველა სფეროში. მაგრამ ესეც კი მთავარი არ არის, ამ კონკრეტული არჩევნების შემთხვევაში ეს ნიშნავს საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ცნობის უკან წაღების პროცესის დაწყებას. ესაა მთავარი, ამის დაშვება მართლაც ღალატია. ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში უკეთესი მდგომარეობის შანსი არსებობს. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ყველა საფრთხის მოხსნას, მაგრამ უდავოდ ნიშნავს კონკრეტულ მომენტში დიდ გადარჩენას ჩვენი ქვეყნისთვის. შემდეგ ამას მოყვება ივანიშვილის მმართველობის შესუსტება და ვადამდელი, თუ უარეს შემთხვევაში, ვადით გათვალისწინებული საპარლამენტო არჩევნები.

არმაზ მეტრეველი