მოსაწევისგან დაუცველი სკოლა

30 ოქტომბერს სოფელ კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელმა მოსწავლემ გაკვეთილზე გონება დაკარგა. როგორც შემდეგ გაირკვა, იგი ნარკოტიკული თრობის, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 120-ე საჯარო სკოლაში მარიხუანას მოხმარების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ჩხრეკის შედეგად სკოლის 14 წლის მოსწავლეს მარიხუანა ამოუღეს და საქმეზე უკვე სასამართლო მსჯელობს.
თბილისში, 115-ე საჯარო სკოლაში, მე-11 კლასის მოსწავლეს მანდატურმა მარიხუანა აღმოუჩინა.
ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში სკოლებსა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა.

მარიხუანას მოხმარების პრობლემა სკოლაში დიდი ხანია, არსებობს, თუმცა გაზრდილ სტატისტიკასა და საგანგაშო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სკოლის ადმინისტრაცია და მანდატურის სამსახური.
ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ არის დასაშვები მარიხუანას მოწევა.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა. შ.
ცვლილებები კანონში არ გულისხმობს მარიხუანას სრულ ლეგალიზებას. ამის სწორად გაგება და გააზრება საკმაოდ დიდ პრობლემად რჩება, რადგან კვლავ ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქმედება არის დასჯადი და რა მიიჩნევა კანონიერ ქმედებად?
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ლეგალური გახდა მარიხუანას, როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და არა შენახვა ან გასაღება. ასევე დაკონკრეტებულია მისი მასა, რომლის პირადი მოხმარებით შეძენა არ ითვლება უკანონო ქმედებად.
გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით, ასევე ნედლი მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ითვალისწინებს სანქციებსა და ციხეს.
მარიხუანას შეძენა-შენახვა-კულტივირებაზე, მოწევისგან განსხვავებით, ისევ არის ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
მიუხედავად ბევრი კითხვის ნიშნისა და გაუგებრობისა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების მოულოდნელ გადაწყვეტილებას მოჰყვა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მესამე პირად მოიაზრებიან მოზარდები, დაუშვებელი და მიუღებელია.
შესაბამისად, ბოლო პერიოდში სკოლებში მარიხუანას მოხმარების ფაქტების ზრდამ მიიქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყურადღებაც, რაც ამ კუთხით დაწყებული გამოძიების რაოდენობებზეც აისახა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მარიხუანას მოხმარების ფაქტების გახშირებაზე და ისაუბრა იმ ნეგატიურ შედეგებსა და საშიშროებებზე, რაც ამას თან ახლავს.
როგორც მან განაცხადა, არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დასაშვები მარიხუანას მოწევა სკვერებში, პარკებში, სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც საკმაოდ ბევრი რისკი არსებობს. სწორედ ამიტომაც მეზვრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა მარწუხების მოჭერის აუცილებლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი როლი ქვეყანაში მართლწესრიგის დასაცავად და არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

რამდენად დიდია მარიხუანას მოწევის ლეგალიზების გავლენა სკოლებში ნარკოტიკული თრობის ფაქტების გახშირებაზე და რა საფრთხეები ახლავს ამ ტენდენციას სამომავლოდ, „ქრონიკა+“-ს ესაუბრა სკოლაში მომუშავე ბავშვთა ფსიქოლოგი _ თამარ ჩოჩიშვილი:
_ ამ კუთხით ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, თუ როგორი მდგომარეობა იყო ძველად და ახლა როგორ შეიცვალა სიტუაცია, გაიზარდა თუ მოიკლო შემთხვევების რიცხვმა. ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ არ დაფიქსირებულა მარიხუანას მოხმარების ფაქტები, არც ადრე და არც ბოლო პერიოდში.
ამ სახიფათო ტენდენციის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება და ახალი წესები, რომელიც ამ კუთხით გარკვეულ შეღავათებს ქმნის. მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ბავშვებს არ აქვთ სრული ინფორმაცია ამ ნარკოტიკული საშუალების მავნებლობის შესახებ. ვსაუბრობთ მარიხუანას უვნებლობაზე, თუმცა რისკებსა და საფრთხეებზე ნაკლებად ხდება აქცენტირება.
რა თქმა უნდა, არ ვარ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგე, რადგან ამის გამო ადამიანის დაკავება მიუღებელია, თუმცა, მეორე მხრივ, სკოლებში უნდა დაიწყოს სერიოზული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მშობლის, მასწავლებლებისა და მანდატურის მიერ. სწორედ მათი შეთანხმებული ქმედებით უნდა მიეწოდოს მოზარდებს ზუსტი ინფორმაცია ამ ნარკოტიკული საშუალების, როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებსა და იმ საშიშროებებზე, რაც მას ახლავს. ასევე უნდა განიმარტოს სხვა ალტერნატივა, ჯანსაღი ცხოვრების წესები და მხოლოდ ამ სრული ინფორმაციის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ლეგალიზებასა და მის შედეგებზე.
პრობლემის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე რომ ვისაუბროთ, მარიხუანა სკოლის ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება ძალიან საზიანო და სახიფათოც აღმოჩნდეს. მარიხუანა აზიანებს ტვინის ნეირონებს, მოქმედებს გუნება-განწყობაზე, ასევე უქვეითებს ახალგაზრდებს შრომისა და სწავლის ნაყოფიერებას, რაც შემდეგ მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და სწავლის ხარისხზეც აისახება.
კონტროლის მექანიზმი საკმაოდ რთული საკითხია. მსგავს შემთხვევებში სკოლა ამბობს, რომ ის უძლურია, რადგან კანონი რთავს ნებას, მეორე მხრივ, მოსწავლეების ქმედებებზე უშუალო ზედამხედველობა მანდატურების ხელშია და ჩემი აზრით, სწორედ მათ ეკისრებათ ამ მოცემულ სიტუაციაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობაც, გააკონტროლონ მარიხუანას მოხმარების ფაქტები და დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე.
როგორც სიგარეტის მოწევის შემთხვევაშია, რომ პასიურ მწეველს უფრო დიდი ზიანი ადგება და ის უნებლიეთ ხდება სიგარეტის მავნებელი კვამლის მსხვერპლი, ასევეა ამ შემთხვევაშიც. გარდა ამისა, არსებობს მიმბაძველობის ან წახალისების საფრთხე, რადგან სკოლის ასაკში ბავშვის ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ის საკმაოდ მგრძნობიარეა და სარკისებური ეფექტით მოქმედებს. სწორედ ამიტომ ამ საფრთხეების გათვალისწინება და ყურადღების მიქცევაც აუცილებელია. თუმცა უფროსკლასელების შემთხვევაში, როდესაც მოსწავლეს მყარად აქვს ჩამოყალიბებული პირადი ღირებულებები და ფასეულობები, ის რასაც უნდა უყურებდეს, მაინც ინარჩუნებს მათ და არ გადაერთვება საზიანო ქმედებებზე.
პრობლემა კომპლექსურია. გამოსავლის ყველაზე ეფექტიან გზად მესახება მეტი საუბარი მოზარდებთან და მეტი ინფორმაციულობა, რადგან მოსწავლეს, რომელსაც ეცოდინება სრულად, თუ რა არის მარიხუანა და როგორ მოქმედებს იგი, ის მოახერხებს მეტად გააზრებულად მიიღოს გადაწყვეტილება, კონტროლი კი ამ კუთხით საკმაოდ რთული საქმეა. უნდა მოხდეს, პირველ რიგში, უფრო მეტად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამის პოპულარიზაცია. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას როგორც სკოლის, ასევე ოჯახისა და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მხრიდანა.

სკოლებსა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მარიხუანას მოხმარების გახშირებულ ფაქტებზე ყურადღებას ამახვილებენ ოფიციალური უწყებები, თუმცა კონტროლის მექანიზმები და სამომავლო პერსპექტივები მაინც პასუხგაუცემელი კითხვებია.
თბილისის კლასიკური გიმზანიის მანდატური „ქრონიკა+“-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მის სკოლაში მარიხუანას მოწევის ფაქტები არ დაუფიქსირებია, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ ეს პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია და ბევრ სკოლას აწუხებს:
„მარიხუანა კი არა, თამბაქოს მოხმარება თუ ვინმემ გაბედა, მაგაზეც მკაცრ ზომებს ვატარებთ. ჩვენთან სკოლაში არ დაფიქსირებულა მსგავსი, მაგრამ სკვერებსა და ბირჟებზე ყველგან ბოთლები ყრია და სუნია. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოსწავლეებიც იღებდნენ ამ ნარკოტიკულ საშუალებას სკოლის გარეთ.
ამ ეტაპზე ჩვენთან დაფიქსირებული არაა, მაგრამ მომავალში არაფერს გამოვრიცხავ. ხშირად ვატარებთ მოსწავლეთა პირად დათვალიერებას და არაფერი გვიპოვია, მაგრამ შესაძლებელია ისიც, რომ ვერ ვიპოვოთ, რადგან ჩვენ ჩხრეკის უფლება არ გვაქვს, მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით შემოვიფარგლებით.
თუ აღმოვაჩენთ უშუალოდ ფაქტს და მოსწავლეს, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე ეწევა მარიხუანას, ამ შემთხვევაში პოლიციას ვიძახებთ, ვაფიქსირებთ ოქმს, რომელიც რეაგირებისთვის დირექციას გადაეცემა. უმეტეს შემთხვევაში იბარებენ მშობელს და ხდება მარიხუანას მომხმარებელი მოსწავლის დაკითხვა და გამოძიების დაწყება.
სკოლაში მარიხუანას მოხმარება არც ადრე შეიძლებოდა და არც _ ახლა. ასაკით სკოლის მოსწავლეებისთვის ახლაც აკრძალულია. მხოლოდ სრულწლოვნებისთვის არის დაშვებული კანონით და ისიც პირად სივრცეში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სკვერები და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები მარიხუანას მოხმარების ადგილებად არის ქცეული. სკოლაში მკაცრად რომ არ ვაკონტროლებდეთ, აქაც გაბედავენ. არასწორად გაგებული ლეგალიზაციაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო გახშირდა ამ კანონის შემდეგ.
უნდა იყოს მკაცრი ზომები და თუ სკოლა მსგავს ფაქტს დააფიქსირებს და არ დამალავს, პოლიციას ჩართავს საქმეში, შესაბამისად კანონის ფარგლებში დაისჯება მოსწავლე ან დაჯარიმდება მშობელი, ამ შემთხვევაში დადებითი შედეგიც დადგება. მაგავსი ფაქტების წაყრუება და მიჩქმალვა გამოიწვევს პრობლემის გახშირებას და სავალალო შედეგი დადგება.
კანონში წერია, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ტაქსებით მიწევს მოძრაობა და ყოველი მეორე მძღოლი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა.
კონტროლი უნდა გამკაცრდეს ყველგან. ასევე აუცილებელია სკოლის მოსწავლეების შემოწმებაც, როდესაც ისინი ქუჩაში დგანან, სკოლას აცდენენ ან სკოლის მერე „აბირჟავებენ“. სკოლის შენობაში შეიძლება გამოგრჩეს შემოტანა, მაგრამ მოხმარება შეუძლებელია გამოგრჩეს, სუნი აქვს, ბოლოს და ბოლოს, ამ ნარკოტიკულ საშუალებას“.

რამდენად არის დაცული სკოლა ნარკოტიკისგან და როგორ შეიძლება საკანონმდებლო და საგანმანათლებლო წესების შეთავსება დარეგულირდეს? _ ეს კითხვები დღემდე აქტუალურია, პასუხს ვინ და როდის გაგვცემს, უცნობია.

ანა ურუშაძე