ასმათ ტყაბლაძე პოლიტიკაში მიდის?!

29-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრიდან გამოუშვეს. ამბობს, რომ თეატრში არსებულ უსამართლობას ვერ შეეგუა. ეს დღემდე სტკივა, სიზმრები არ ასვენებს, ენატრება, ჰგონია, რომ სულ აგვიანდება, თუმცა თეატრის კარი მსახიობ ასმათ ტყაბლაძისთვის უკვე 20 წელია, რაც დაიხურა.

პრინციპულ და მიზანდასახულ ქალბატონს ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია. ყოველთვის ბრძოლის განწყობაზეა, ვერ ეგუება უსამართლობასა და პატივმოყვარე ადამიანებს. სიალალე მისთვის საყვარელი სიტყვაა და ამაყობს, რომ პატიოსან, წესიერ ოჯახში გაიზარდა.
მსახიობი ასმათ ტყაბლაძე პირველი ქალბატონი იყო, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოდა. ჯერ კიდევ მაშინ მან განაცხადა, რომ დედაქალაქს კარგი დიასახლისი სჭირდებაო. ახლაც იგივე აზრზეა, ამბობს, რომ მისნაირი ადამიანები პარლამენტში უნდა იყვნენ.

აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას? რას შეცვლიდა ის, რომ პოლიტიკაში იყოს? რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილზე? ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ესაუბრება:

_ ქალბატონო ასმათ, არ გენატრებათ თეატრი?
_ ძალიან მენატრება. მესიზმრება კიდეც. 20 წელია, თეატრის გარეშე ვცხოვრობ და შეგრძნება მაქვს, რომ სულ მაგვიანდება, ვიღაცა მიჭერს. მსახიობისთვის თეატრი არის ყველაფერი, ვინც მსახიობია, თორემ ვისაც პოპულარობა უნდა მხოლოდ, კინოს არჩევს, თუმცა კინოც ძალიან საინტერესოა. თვითონ გადაღების პროცესი ძალიან გავსებს, მაგრამ მსახიობი ბოლომდე მხოლოდ თეატრში იხარჯება, პირდაპირი კონტაქტი გაქვს მაყურებელთან. 29 წელი ვმუშაობდი თეატრში და სცენაზე ვიდექი.
_ მას შემდეგ, რაც თქვენ თეატრიდან გამოგიშვეს, მარჯანიშვლის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი შეიცვალა. ამ 20 წლის მანძილზე შემოთავაზება არ გქონიათ?
_ რომც შემოეთავაზებინათ, არ დავბრუნდებოდი. დიდი დარღვევები ჰქონდათ, მაგათი საბუთები პროკურატურაში შევიტანე, ყველა ვერ ბედავს ბრძოლას და ძალიან ცუდად ჰქონდათ საქმე. მომიგზავნეს ხალხი, იქნებ, გაჩერდე, იქნებ, დაბრუნდე და არ დააჭერინო ჩვენი თავიო.
_ თქვენ როგორ მოიქეცით?
_ არ დავაჭერინე, მაგრამ დაბრუნებაზე უარი ვუთხარი.
_ რა მოხდა რეალურად, რატომ გაგიშვათ ოთარ მეღვინეთუხუცესმა მარჯანიშვილის თეატრიდან?
_ ძალიან დიდი ამბიცია ჰქონდა. ღმერთმა აპატიოს და ხსოვნა იყოს, მაგრამ ძალიან პატივმოყვარე და ამბიციური ადამიანი იყო. მლიქვნელებს უფრო იტანდა, ვიდრე პირში მთქმელ ადამიანებს. პირდაპირ მითხრა, _ შენ გრძელი ენა გაქვს, შენი საქმე რაც არ არის, რატომ უნდა იცოდე, იქ რა ხდებაო და შენც მიყვები ამ ხალხს თეატრიდანო. _ მივყვები და წავყვე, არაა პრობლემა-მეთქი.
_ ანუ თქვენთან ერთად სხვებიც გაუშვეს?
_ 35 კაცი გამოუშვეს, მერე 14 მსახიობი დააბრუნეს და 21 კაცი გარეთ დატოვეს. მაშინ, როდესაც ყველაზე გაჭირვებული და გამწარებული პერიოდი იყო და მსახიობის ხელფასი 7 ლარს შეადგენდა. ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა და მერე როცა მას გაუჭირდა, მაშინ ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
_ გურანდა გაბუნიას ფაქტორმა ხომ არ იმოქმედა?
_ რა თქმა უნდა. ეს არის დაუმთავრებელი ადამიანი.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ გურანდა გაბუნია ვერასდროს ვერ იქნება და გახდება დედოფალიო. რას გულისხმობდით?
_ დედოფალი რანაირად იქნება, როდესაც ადამიანებთან ურთიერთობა არ შეუძლია. თავისნაირებთან აქვს ურთიერთობა და მათი რიცხვი ძალიან ცოტაა.
_ ისე, ჰქონდა გურანდა გაბუნიას დედოფლობაზე პრეტენზია?
_ კი, რა თქმა უნდა. ვერიკო ანჯაფარიძის ადგილი უნდოდა, რომ დაეკავებინა. სხვათა შორის, ვერიკოს ადგილის დაკავება ძალიან ბევრ მსახიობს უნდოდა, მაგრამ მხოლოდ სკამზე დაჯდომა კი არ ნიშნავს ვერიკოს ადგილის დაკავებას _ ნიჭიერი უნდა იყო და ხალხის სიყვარული უნდა გქონდეს. ხალხს თუ უყვარხარ, მაშინ ხარ ვიღაცა, რაც ჰქონდა თენგიზ არჩვაძეს, გივი ბერიკაშვილს, სესილია თაყაიშვილს, ვერიკო ანჯაფარიძეს და ძალიან ბევრს.
_ ამ წლების მანძილზე სხვა თეატრებიდან არ გქონიათ შემოთავაზება?
_ იცით, როგორ არის? _ ქმარს რომ გაეყრები და ვიღაცა რომ გეუბნება, გინდა თუ არა, გამომყევი ცოლად და შენ აღარ გინდა, რა. რთულია, როდესაც ერთი ოჯახი დაგენგრევა და მეორე ოჯახს ქმნი. სწორედ ამას ჰგავს ეს სიტუაცია.
_ სცენაზე არ დგახართ, მაგრამ თქვენი ასეთი პოპულარობა რას უკავშირდება?
_ მე ვარ სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანი. არანაირ სიტუაციაში არავის არ ვემლიქვნელები და ასე ვარ ბავშვობიდან. საბავშვო ბაღიდან იმიტომ წამოვედი, რომ მასწავლებელი ცუდად მომექცა.
_ თავიდანვე პრინციპული იყავით.
_ ნამდვილად. პრინციპულად არ შევედი რუსულ სკოლაში. 6 წლის ბავშვმა გამოვაცხადე, რომ ქართველი ვარ და არ მინდა რუსულ სკოლაში შესვლა-მეთქი. არადა, რუსული მასწავლეს, რადგან საჭირო იყო. იმდენად პრინციპული ვიყავი, რომ მშობლები არ მეწინააღმდეგებოდნენ, პირიქით ხელს მიწყობდნენ ჩემი სურვილის შესრულებაში, თუმცა უაზრო, გადაბჟირებული სურვილები არასდროს მქონია.
_ საკუთარ თავთან, როცა მარტო დარჩენილხართ, არ გინანიათ თქვენი პრინციპული ხასიათი?
_ აბსოლუტურად არ მინანია. პრინციპულობა მომწონს როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვაში. დედაჩემი და ჩემი წინაპრებიც ძალიან პრინციპულები და მართლები იყვნენ. უწესიერესი და უპატიოსნესი ოჯახიდან გახლავართ. ზოგი შეიძლება აკადემიკოსობას ტრაბახობს, მაგრამ მე ჩემი წესიერი და პატიოსანი ოჯახით ვამაყობ. ოჯახით, რომელსაც სამშობლო განსაკუთრებულად უყვარდა. ძალიან განათლებული პაპა მყავდა, 38 წელს პოლიტიკური პატიმარი გახლდათ, ყველა საკითხზე შეეძლო საუბარი, მსჯელობა და როდესაც ციხიდან გამოვიდა, მოგეხსენებათ, მუშაობის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ დაიწყო სამხედრო შინელების კეთება. მეც ასეთი ვარ, როდესაც გამიჭირდა, ჩემი ოჯახი არ დამიყენებია უკან, რაღაცების კეთება დავიწყე და შემდეგ გაყიდვა. ძალიან ვგავარ პაპაჩემს.
_ თქვენი ასეთი პრინციპულობის გამო არ წაგიგიათ ცხოვრებაში?
_ ბევრი რამ, სამაგიეროდ ის თვისებები, რაც მე მაქვს _ პრინციპულობა, სამართლიანობა და ალალობა, _ უპირველესია ჩემს ცხოვრებაში. სხვათა შორის, ალალობა ძალიან კარგი სიტყვაა. მიყვარს ალალი ადამიანები.
_ რუსთაველის თეატრიდან მსახიობები გამოუშვეს. რა პარალელებს გაავლებთ, თქვენც ხომ ერთ დროს მარჯანიშვილის თეატრიდან გამოგიშვეს და შეიძლება ითქვას, რომ შეეწირეთ ერთი ადამიანის ხუშტურებს?
_ რობიკოს ამაში არ ვეთანხმები. არის სიტუაციები, რისგანაც თავი უნდა შეიკავო. რობიკო ძალიან დიდი და ძლიერი რეჟისორია, რომელმაც მართლა ეპოქა შექმნა რუსთაველის თეატრში. არის სპექტაკლები, რომელსაც რამდენჯერმე დავსწრებივარ. მაგალითად, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხანუმა“ კი იმდენჯერ მინახავს, რომ ვერ ვითვლი. ყველა სპექტაკლი, რაც კი მან დადგა, საოცრებაა. საერთოდ, ყველა რეჟისორს აქვს დიდი წარმატება და მერე გაჩერება.
_ და მაინც, რატომ გამოუშვა თეატრიდან მსახიობები?
_ არ ვიცი, ერთი ის ვიცი, რომ ნამდვილად არ უნდა გაეკეთებინა და მიეღო ეს გადაწყვეტილება. დავუშვათ, ვიღაცამ ცუდი რამ თქვა მასზე, ეს არ ნიშნავს და არ გაძლევს უფლებას, რომ ვინმე გაუშვა თეატრიდან. გაშვების უფლება როცა გაქვს, სწორედ მაშინ არ უნდა გააკეთო ეს და ცუდად არ უნდა გამოიყენო შენი უფლებამოსილება.
_ კულტურის პოლიტიკაზე რას გვეტყვით. გვაქვს?
_ კულტურის პოლიტიკა აუცილებელია. კულტურის გარეშე ქვეყანა არაფრად ივარგებს. თეატრსა და კინოს უნდა აღზევება. ამ სფეროს დახმარება და დიდი ქველმოქმედება სჭირდება. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, რადგან მართლა ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. იყო ეპოქა, როდესაც ამდენი ბუმბერაზი მსახიობი, ვინც ჩვენ გვყავდა, სხვა დიდი ქვეყნისთვის საოცრება და დიდი ფუფუნება იქნებოდა. ქვეყანას, რომელსაც ერთ საუკუნეში ჰყავდა ახმეტელი, მარჯანიშვილი, თუმანიშვილი, ჩხარტიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ჩხეიძე, რობიკო სტურუა, თემურ ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, მედიკო კუჭუხიძე, გოგი თოდაძე, შენგელაიები და რავიცი, უამრავი კარგი რეჟისორი, როგორც თეატრში, ისე კინოში. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. რაც შეეხება მსახიობებს, ვარსკვლავების ცვენა იყო. ავიღოთ ოპერის თეატრი, რამდენი კარგი მომღერალი გვყავდა და დღესაც, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ზურაბ სოტკილავა, ზურაბ ანჯაფარიძე, რომლებიც მოსკოვში მღეროდნენ, მაგრამ მერე რა. ასევე ანანიაშვილი, როგორი უდიდესი ბალერინა გვყავს.
_ ქეთი დოლიძესთან დაპირისპირებაზე რას გვეტყვით?
_ ქეთი დოლიძე ძალიან ცუდად ერეოდა მარჯანიშვილის თეატრის საქმეებში და როდესაც ის ვამხილე, არ მოეწონა. ახლა დამიპირისპირდა და მე თუ გამიბედა ვიღაცამ დაპირისპირება, ხურდის გარეშე არ დავტოვებ.
_ დღეს ყველა სფეროში ძალიან ცუდი სიტუაცია: პოლიტიკაში, კულტურაში, სპორტში…
_ გეთანხმებით, სპორტში ნამდვილად საშინელება ხდება. ადამიანები მხოლოდ პირად გამდიდრებაზე გადავიდნენ. თანამდებობას დაიკავებენ და უკვე აღარ ფიქრობენ ქვეყანაზე და მის მომავალზე. სამარცხვინო ამბავია.
_ 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. რა დაგამახსოვრდათ ამ წლების მანძილზე?
_ ჯანდაცვის მხრივ ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა. ადრე საშინელება იყო, ახლა საყოველთაო დაზღვევა მაინც არის. სხვა ისეთი არაფერი მახსენდება. ხალხი უკეთესად ცხოვრობს-მეთქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. პენსია თითქმის 100 დოლარი იყო და დღეს 40-55 დოლარია. ადამიანებს ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. ეს კოჰაბიტაცია საშინელება იყო, დასასჯელი უნდა დაისაჯოს. მეც რომ ვიყო და დანაშაული ჩავიდინო, უნდა დავისაჯო. საშინელება გააკეთეს, როდესაც საყდრისი ააფეთქეს. პირველ რიგში, სოციალურ საკითხს უნდა მიხედონ და იმ საშინელ მდგომარეობას, რაც დღეს ხდება საქართველოში. რაც არ მომწონს, ყველაფერს ვამბობ, რადგან ქვეყანა დავიცვა. კარგად ხედავთ, რომ არც პარტიაში შევსულვარ და არც არსად, არაფერი მაინტერესებს გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს კარგად. არ შემეძლო სადმე გაწევრიანება? როგორ არ შემეძლო, ჩემნაირ აქტიურ ქალბატონს ყველგან მიიღებენ, მაგრამ არ მინდა.
_ თქვენ ხომ იყავით ლეიბორისტულ პარტიაში?
_ პარტიაში არ ვყოფილვარ. ლეიბორისტებმა წარმადგინეს, როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. გარდა ამისა, სიმპათიები მაქვს შალვა ნათელაშვილის მიმართ და მის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი.
_ პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას ხომ არ აპირებთ?
_ იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მე სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ ყოველთვის ხმას ამოვიღებ და ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვიქნები.
_ საპრეზიდენტო არჩევნებზე მინდა გკითხოთ. როგორ შეაფასებთ იმ შედეგებს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში დაიდო?
_ „ქართული ოცნება“ ძალიან დარწმუნებული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა, თუმცა კი ხედავთ, რა შედეგებიც დაიდო. ისინი („ნაციონალური მოძრაობა“, _ ავტ.) ძალიან ძლიერები არიან იმ მხრივ, რომ რასაც ხელს მოჰკიდებენ, ბოლომდე მიჰყავთ საქმე და შეკრული გუნდია. მე პიროვნებების წინააღმდეგი კი არ ვარ, უბრალოდ, არ მინდა ის რეჟიმი, რაც გვახსოვს. 5 მოწვევის დეპუტატი რომ ხარ და ჩემს ქვეყანას რომ არ ეტყობა შენი გაკეთებული არაფერი, აღარ მინდა, რომ ისევ დეპუტატი იყო.
_ ვის გულისხმობთ?
_ ხუთი მოწვევის დეპუტატი ვინც იყო, ყველას გადახედეთ და მათ ვგულისხმობ. მსახიობობა, მხატვრობა, რეჟისორობა, კომპოზიტორობა, არქიტექტორობა ნიჭია, პროფესიაა, მაგრამ დეპუტატობა _ არა. არ მომწონს, რომ მხოლოდ პულტისთვის, ხელფასისთვის ან თანამდებობისთვის ხდებიან დეპუტატები. თანამდებობამდე სხვანაირები არიან, თანამდებობის შემდეგ კი იცვლებიან. საშინელი თვისებაა პატივმოყვარეობა. გაგიჟებული ვარ, როცა ვხედავ, როგორ იყიდება ჩემი ქვეყნის მიწა. ყველა, ვინც მიწას გაყიდის, რომელიც მოამრავლებს სხვა ერს და ჩემს ერს ისე დატოვებს, არ მინდა, ეგეთი დეპუტატები. მთაში შობადობა აღარ არის.
_ დღევანდელი პოლიტიკის შედეგიც ესაა…
_ რა თქმა უნდა. ეს ქვეყანა რომ უყვარდეთ, პირველ რიგში, სოფელს გააძლიერებდნენ. ყველა სოფელში გავიყვანდი გაზს, მოვაწესრიგებდი წყლის მდგომარეობას, დავაგებდი გზას, შევიყვანდი ელექტროენერგიას, ინტერნეტს და ყველგან შევქმნიდი კარგ საცხოვრებელ პირობებს. ყველა სოფელში იქნებოდა ძალიან მაღალ დონეზე ტურიზმი განვითარებული. ძალიან დიდ ინვესტიციას ჩავდებდი ამ საქმეში.
_ სამშობლოს სიყვარული ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს უყვარს საქართველო?
_ თვითონ ამბობს, კიო, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ სიყვარულს.
_ თუმცა რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ივანიშვილი ამ ყველაფერს, ჯერ კიდევ, 2012 წელს ჰპირდებოდა ხალხს, დაპირება კი დაპირებად დარჩა.
_ დაპირება არ არის მთავარი. ერთ-ერთი დაპირება ისიც იყო, რომ არ მოგიმატებთ გადასახადებსო, მაგრამ ხედავთ შესრულებულს? ამას წინათ ერთი ჩემი ნაცნობი ქალბატონი შემხვდა და მელაპარაკებოდა, რომელიც ერთ დროს ძალიან წინააღმდეგი იყო „ნაციონალური მოძრაბის“. „ოცნებაზე“ რომ ცუდი გეთქვა, მოგკლავდა, დღეს კი ამბობს, რომ აუცილებლად „ნაციონალებს“ მივცემ ხმას და მისაბუთებს, რატომაც. ხედავთ, რა მოხდა?
_ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაეცა.
_ დაეცა და, ზოგადად, ძალიან ადვილად იყიდებიან ადამიანები. ამიტომ ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ისეთ კანდიდატს, რომელიც საქართველოსთვის უკეთესი იქნება.
_ ვინ არის ასეთი კანდიდატი?
_ ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
_ სალომე ზურაბიშვილზე რას გვეტყვით?
_ პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ მის მეუღლეს ვიცნობდი, მულებს და მათ ოჯახს. ძალიან კარგი ხალხი არიან, არაჩვეულებრივი ქალბატონები. არ მომწონს ზურაბიშვილის ამბიციურობა, ცოტა ხისტი ხასიათი აქვს. მისი ახლობელი რომ ვიყო, ბევრ რამეს ვურჩევდი.
_ მაგალითად, რას?
_ ვეტყოდი, რომ ცოტა რბილი იყოს. საქმის გარდა ცხოვრებაშიც დიპლომატი უნდა იყო.
_ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი თქვენთვის იგი მისაღებია?
_ ჩემთვის ქალი პრეზიდენტი მისაღებია.
_ სალომე?
_ ზოგადად, ქალბატონებზე ვსაუბრობ. ქალი პრეზიდენტი მისაღებია. რაც შეეხება სალომეს, როგორც მასზე ამბობენ, ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული. ქართული ბევრს ეშლება, მათ შორის, ჟურნალისტებსაც და მთავრობის წარმომადგენლებსაც. კარგი ქართულით ბევრი ვერ საუბრობს.
_ თუმცა აქ ქვეყნის იმიჯსა და მომავალ პრეზიდენტზეა საუაბარი.
_ გასაგებია, მაგრამ შეიძლება, რომ პრეზიდენტმაც გამოასწოროს შეცდომები და გამართული საუბარი ისწავლოს. მაგალითად, კახი კალაძე. მან მოინდომა თბილისური, ლიტერატურული ქართულით საუბარი და ლაპარაკობს. კალაძის წინა ინტერვიუები მოსმენილი მაქვს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის სააკაშვილის მომხრე იყო და საშინელი რბილი ლ-ებით და კილოთი ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა მშვენივრად, გამართულად საუბრობს. ეს ყველაფერი გამოსწორებადია, უბრალოდ, სწავლა უნდა.
_ საუბრის გარდა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება სხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული. მაგალითისთვის ავიღოთ ოკუპაცია. ის ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს რამდენად მოსაწონია ქალბატონისგან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია?
_ ეს ხმამაღლა არ უნდა თქვას. მტრის გასაგონად როგორ თქვა ეს სიტყვები? ანუ რა გამოდის, ჩემს ტერიტორიაზე მე დავიწყე ომი? ვის ვებრძვი? ჩემს ერს? თუ რუსებს ვებრძვი, მაშინ სისულელეა რუსებთან ომის დაწყება, რადგან ვერ ვაჯობებ, ხოლო ჩემს მოქალაქეებთან ომის დაწყება ძალიან სამარცხვინოა. როცა ასე ფიქრობ, ეს ხმამაღლა არ უნდა თქვა, მით უმეტეს, არჩევნების წინ. ამაშიც კი დიპლომატიურობაა საჭირო. ყველაფერი არ ითქმის.
_ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის მიეცით ხმა?
_ რა თქმა უნდა, შალვა ნათელაშვილს. მე არ მქონდა ღალატის უფლება, რომ სხვისთვის მიმეცა ხმა.
_ მეორე ტურზე მისვლას აპირებთ?
_ არ ვიცი, იმისდა მიხევით, თუ როგორ ხასიათზე გავიღვიძებ და რა მოხდება იქამდე.
_ თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ დეპუტატობა არ არის პროფესია, თუმცა თქვენი უმრავი კოლეგა დღეს პარლამენტშია.
_ თუ საქმეს არ გააკეთებ, რა უნდათ პარლამენტში? მე რომ მათ ადგილას ვიყო, აბსოლუტურად ყველაფერში ჩავერეოდი.
_ თუმცა ისინი დუმილს ამჯობინებენ…
_ შეიფერეს ეგ მდგომარეობა და იმიტომ. ეგენი რომ გარეთ იყვნენ, გაცილებით მეტ საქმეს გააკეთებდნენ, უფრო აქტიურები იქნებოდნენ, ვიდრე მანდ ჯდომით. ჩემთვის ეს დუმილი წარმოუდგენელია, თუ ქვეყანაში საქმე არ გაკეთდებოდა, ყველას წინააღმდეგ წავიდოდი.
_ თქვენი პრინციპულობიდან გამომდინარე გაგიჭირდებოდათ პარლამენტში ყოფნა.
_ გამიჭირდებოდა და წამოვიდოდი. ჩუმად ვერ ვიჯდებოდი და ვერ დავუწყებდი ყურებას, თუ როგორ იღუპება ჩემი ქვეყანა. თეატრს შეველიე და პარლამენტიდან წამოსვლა ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. ძალიან გული მწყდება, რომ ზაზა პაპუაშვილი, ასეთი უნიჭიერესი მსახიობი, დღეს არ არის თეატრში და არის პარლამენტში.
_ რა არის ასმათ ტყაბლაძის მთავარი სათქმელი?
_ ჩემი ქვეყანა უზომოდ მიყვარს და ძალიან მინდა, რომ ყველას ჩემნაირად უყვარდეს ეს ქვეყანა.
_ საპარლამენტო არჩევნებზე ხომ არ გეგმავთ კენჭისყრას?
_ თუ უკან ძლიერი ზურგი არ გყავს, რთულია, სადმე მოხვდე. ზურაბიშვილს რომ არ უჭერდეს „ოცნება“ მხარს, რა პროცენტს მიიღებდა? _ არაფერს, ნული იქნებოდა შედეგი. ვაშაძის უკანაც მთელი გუნდი რომ არ იდგეს, რას გააკეთებდა ან რას გააკეთებს? _ ვერაფერს. მერობის კანდიდატი რომ ვიყავი, ერთი ბანერი არ მქონია, პიარკამპანიაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მაგრამ სამ პროცენტ-ნახევარი მივიღე. ეს არ არის ცოტა. დიდი ხნის პოლიტიკოსებმა 0.1% მიიღეს. ამბიციურობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემნაირი ადამიანები უნდა იყვნენ პარლამენტში, ქალიც და კაციც, რადგან საჭიროა.
_ „ქართული ოცნებისგან“ რომ მიიღოთ შემოთავაზება, დათანხმდებით?
_ არავითარ შემთხვევაში! სხვის ჭკუაზე ვერასდროს გავივლი. ხომ ხედავთ, ვინც არ იარა თავიანთ ჭკუაზე, მოიშორეს. არც დამიძახებენ. „ქართულ ოცნებას“ ჩემნაირები არ უნდა.
_ ამ გადმოსახედიდან ვის გვერდით წარმოგიდგენიათ თავი?
_ დამოუკიდებელ კანდიდატად წარმომიდგენია თავი. ვიღაცისტი და რაღაცისტი ვერასდროს გავხდები. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა, რომ ჩემი ქვეყანა, ხალხი იყოს გახარებული და ბედნიერი.
_ წარმატებებს გისურვებთ.

გიორგი საკარული