საბედისწერო ავარია და დამნაშავე, რომელსაც შესაძლოა, პარლამენტარი მფარველობს

შვილმკვდარ მშობლებს ხშირად უწევთ სამართლიანობისთვის ბრძოლა. ამჯერად ჩვენ მოგიყვებით გიული გაბინაშვილის შესახებ, რომლის შვილიც, 39 წლის ზაზა გაბინაშვილი, ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც, როგორც დედამისი გვიყვება, სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობისა და უყურადღებობის გამო გარდაიცვალა. ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუციათ არც ის ადამიანი, ვინც გარდაცვლილს ტრაილერით დაეჯახა და არც ექიმები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ, სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლს მისივე ბიძაშვილი, პარლამენტარი სიმონ ნოზაძე მფარველობს.

„ქრონიკა+“-ს ამ თემასთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედა გიული გაბინაშვილი ესაუბრა:

რა მოხდა ავარიამდე?

ჩემი შვილი იმ მომენტში უმუშევარი იყო, სამსახური არ ჰქონდა. იმ საბედისწერო დღეს თავის ამხანაგს ეხმარებოდა და ვიცოდით, რომ მთელი ღამე მასთან უნდა ყოფილიყო. სანამ წავიდოდა, მანამ დამირეკა და მითხრა, რომ კომუნალურების ფულს დამიტოვებდა, თუმცა შემდეგ აღარ მოვიდა, რადგან რამაზს (მის მეგობარს) ცოლი გახდომია ცუდად, წამლები კი სამსახურში დარჩენია. ჩემმა შვილმა მანქანით გაუტანა სანზონაში ეს წამლები, იქიდან მობრუნდა და გზაში ვიღაც მთვრალი კაცი ჩაისვა მანქანაში. როგორც შემდეგ გაირკვა, ამ კაცს ახლობლები აცილებდნენ, თუმცა იმდენად მთვრალი იყო, ჩემს შვილს სთხოვეს, დეიდამისთან წაეყვანა დიღმის მასივში, სიმთვრალიის გამო კი ტაქსებს არ მიჰყავდათ. ჩემმა შვილმაც უარი არ უთხრა და წაიყვანა. როდესაც ტრასიდან დიღმის მასივის ჩიხისკენ გადაუხვია, მანქანა თხრილში ჩავარდა და გაჩერდა. ამ დროს ჩემი შვილი ტრასის მეორე მხარეს გადადის პროფილაქტიკაში, ამ კაცს კი მანქანაში სძინავს, მხოლოდ მეორე დღეს დილით იღვიძებს, როგორც გამომძიებლებს უთხრა, _ ვერ მიხვდა, ვის მანქანაში იყო, გადმოვიდა და თავის გზაზე წავიდა.

ავარია აღმაშენებლის ხეივანში და საეჭვო ვითარება ღუდუშაურის კლინიკაში

2014 წლის 5 დეკემბერს ჩემი შვილი, 39 წლის ზაზა გაბინაშვილი, დაახლოებით ღამის 12 საათზე დავით აღმაშენებლის ხეივანში მოყვა ავარიაში, მას მანქანა დაეჯახა. სასწრაფო მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე, ჩემს შვილს გონება დაკარგული ჰქონდა და შემდეგ, როგორც მითხრეს, სასწრაფომ მოიყვანა გონს. ამის შემდეგ კი გამომძიებელს თავისი ვინაობა უთხრა, მობილურის ნომრებიც ჩააწერინა. გამომძიებელი ჩემს რძალთან რეკავდა, რომელიც ღამე მობილურს თიშავდა და, შესაბამისად, ვერ დაუკავშირდა. მე ეს ამბავი მეორე დღეს დილით 8 საათზე გავიგე, მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ჩემს შვილიშვილს დაურეკა და უთხრა: მამაშენი წუხელ ავარიაში მოყვა, ფეხი აქვს დაზიანებული, მძიმედაა, თუმცა გადარჩა და ღუდუშაურის კლინიკაშიაო. ამის შემდეგ ღუდუშაურში მივედით, რეანიმაციაში ვიკითხე და გვითხრეს, რომ მიმღებში იყო, რამაც ძალიან დამაეჭვა _ თუ მძიმე მდგომარეობაში იყო, მაშინ მიმღებში რა უნდოდა?! დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ვერ გავარკვიე, ჩემი შვილი რა მდგომარეობაში იყო. შესვლა რომ მოვინდომე, ამის შემდეგ დაცვაც კი გააძლიერეს. იმ მომენტში ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა, როგორც ახლობლებმა მითხრეს, ექთნები და ექიმები საეჭვოდ იქცეოდნენ, თურმე პერიოდულად გამოდიოდნენ და გვაკვირდებოდნენ. ამასობაში გამომძიებლისთვის დაურეკავთ, თქვენ რომ გუშინ მოიყვანეთ, ის ადამიანი გარდაიცვალა და მოდითო. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილიშვილი კი საავადმყოფოს განყოფილების უფროსმა თავის კაბინეტში შეგვიყვანა და გვითხრა: 2 საათზე მოიყვანეს, უმძიმეს მდგომარეობაში იყო სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებებით და, სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ შევძელითო. იმ მომენტში ეს ყველაფერი ვერ გავიაზრე. ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, იქ ძალიან ბევრი ავადმყოფი და მათი ახლობელი იყო და არ მინდოდა, ჩემი ტრაგედიით, ტირილით ვინმე შემეწუხებინა, ამიტომ სახლში წამიყვანეს. როგორც ახლობლებმა მითხრეს, გამომძიებელი ძალიან განიცდიდაო. მას უთქვამს, _ არ ველოდებოდი, თუ კაცს ყურადღებას არ მიაქცევდნენ, რა სჭირდა სასიკვდილოო! ამის შემდეგ ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. იმდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩემს თავს და იმედნად მძიმედ იყო ჩემი შვილიშვილი მამის გარდაცვალების გამო, სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ბევრი რამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

შემთხვევით აღმოჩენილი გარდაცვლილის ფორმა #100 და ახალი გარემოებები გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით

ჩემი შვილის გასვენებაში იყო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, რომელიც ოჯახის ახლობელია. მას ამ ავარიის შესახებ უამბეს და მან აღნიშნა, რომ საეჭვო გარემოებები იყო, 8 დეკემბერს კი ეკა გაგუამ სიუჟეტი გააკეთა, სადაც რეგულირების სააგენტოსაც მიმართა და მათ მოკვლევა დაიწყეს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ამავე სიუჟეტში ღუდუშაურის ექიმმა განაცხადა, რომ ჩემს შვილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები ჰქონდა და თანაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დაახლოებით ამ ამბიდან 2 თვის შემდეგ კი სახლში აღმოვაჩინე ფორმა ასი, რომელიც ჩემი შვილის გარდაცვალების დროს საავადმყოფოდან სრულიად შემთხვევით წამოუღიათ ჩემებს. როგორც ფორმა ასში წავიკითხე, ჩემს შვილს ჰქონდა მოტეხილობები, ტრავმები, თუმცა ცდომის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაზიანებები სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ რეგულირების სააგენტოს მივაკითხე, მათ მითხრეს, რომ ჩემს შვილს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად გადარჩენა ვერ მოხერხდა. მე ფორმა ასი ვაჩვენე და ვუთხარი აეხსნათ, რომელი დაზიანება იყო სასიკვდილო და თუ მე ვცდებოდი, „კურიერში“ სიუჟეტისთვის ტელევიზიით ბოდიშს მოვიხდიდი. სააგენტოს ხელმძღვანელ ნინო ხუციშვილს ვესაუბრე, მას გაუკვირდა, _ როგორ, თქვენ მედიცინის მუშაკი ხართ, მე არ ვარ მედიცინის მუშაკი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი შვილი შინაგანი სისხლდენით იყო გარდაცვლილი და თუ ზოგადმა ქირურგმა ყველაფერი გააკეთა, რატომ ვერ მიხვდა, რომ პაციენტს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა? ხუციშვილიც დამეთანხმა, რომ შესაძლოა, სისხლდენით იყოს გარდაცვლილიო. ეს დაკვნა უკან გაიწვია და ბოდიში მომიხადა. მოკვლევა თავიდან დაიწყეს, თუმცა დასკვნას მანამ ვერ მომცემდნენ, სანამ სამხარაულის დასკვნა არ მექნებოდა. სამხარაული კი შეგნებულად აჭიანურებდა, მითხრეს, რომ კომისიური ექსპერტიზაც უნდა გაევლო. გაჭიანურებისა და გარკვეული დროის შემდეგ პასუხები დაიდო. ქალბატონმა ნინო ხუციშვილმა დამირეკა და მითხრა, აბსოლუტურად სწორი ბრძანდებოდითო. ამ დასკვნით კი აშკარად ჩანს, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი სისხლდენა იყო.

რა წერია გარდაცვლილის ისტორიაში?

ერთი წლის წინ კი ღუდუშაურის კლინიკიდან ჩემი შვილის ისტორია გამოვითხოვე, სადაც დეტალურად წერია დროები: რა დროს რას უკეთებდნენ ჩემს შვილს. ჩემი შვილის გარდაცვალების დროდ დილის 5 საათია მითითებული, მე კი 8 საათზე მივედი და რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა. ახლა როგორც ვხვდები, ისტორიას წერდნენ და თავიანთი დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობდნენ. ამ ისტორიიდან ჩანს, რომ ტრანსფუზოლოგმა მას შემდეგ, რაც ნახა, რომ ჩემს შვილს ჰემოგლობინი დაუვარდა და ანემია დაეწყო, ორი საათის შემდეგ გადაუსხა სისხლის შემცვლელი 260 გრ პლაზმა, მეორე 260 გრ კი რამდენიმე საათის შემდეგ _ ეს უშველიდა?! ისტორიიდან ისიც ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე 15 წუთით ადრე სუნთქვის მართვით აპარატზე გადაიყვანეს. მანამდე რატომ არ გადაიყვანეს? ტრავმატოლოგს ზედაც არ დაუხედავს ჩემი შვილისთვის, დროც კი არ აქვს მითითებული, როდის გასინჯა ჩემი შვილი. როგორც ჩანს, ზოგადი ქირურგი აქცევდა ჩემს შვილს ყურადღებას, რადგან ის დამატებით ითხოვდა კონსულტაციებს, ეს ისტორიიდან ჩანს, მათ შორის, რენტგენის გადაღებასაც, ასევე ნეიროქირურგის ჩამოყვანასაც ითხოვდა, რაზედაც არანიარი რეაგირება არ ყოფილა. ტრავმატოლოგმა რატომ არ აიყვანა რეანიმაციაში?! რატომ არ გაუკეთეს ოპერაცია?! უამრავი კითხვა მაქვს. რატომ არ უწერია მენჯის ძვლის მოტეხილობა? საერთოდ არ აქვთ აღნიშნული ამის შესახებ.

რას ასახელებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო გარდაცვალების მიზეზად?

სამხარაულის ექსპერტიზას კი უწერია, რომ თრომბით გარდაიცვალა, რადგან ცხიმოვანი ემბოლია იღვრებოდა, რომელიც სისხლს შეერია. ამავე ექსპერტიზაში წერია, რომ თრომბი განვითარდებოდა 8-12 საათის განმავლობაში, თუმცა ჩემი შვილი 5 საათში უკვე გარდაიცვალა. ასევე ექსპერტმა დაწერა, რომ იმდენად დიდი რაოდენობის ალკოჰოლი იყო ორგანიზმში, რომ ექიმების ჩარევის გარეშე ვერ გადარჩებოდაო. ჩემმა შვილმა მთვრალი კაცი ჩაისვა. როგორც გითხარით, ვინც ეს მთვრალი კაცი გამოაცილა, იმან ჩაუდო 2 ბოთლი ლუდი, ჩიფსები და კარალიოკი. იმ კაცს უთქვამს, _ ასე მითხრა, დედაჩემს უყვარს კარალიოკი და ამას წავუღებო. იმავე ღამეს მისულა პატრული გაჩერებულ მანქანასთან, ამ დროს, თურმე, ჩემი შვილი უკან სავარძელზე „ადიელას“ აფენდა, პატრული დაინტერესებულა და ჩემს შვილს უთქვამს, რომ მთვრალი იყო და სახლში უნდა წაეყვანა, პატრულს გადაუმოწმებია ყველაფერი წესრიგში აღმოჩენილა. წინა დღით ნასვამი იყო, შეიძლება ეს ლუდიც დალია, მაგრამ დიდი რაოდენობით ვერ იქნებოდა. ეტყობა, იფიქრეს, რომ ამით გამაჩერებდნენ და საქმის გამოძიებას აღარ გავაგრძელებდი.

ექიმები სავარაუდო დანაშაულზე დღემდე არ არიან დაკითხულები

ექიმების საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შევიტანე პროკურატურაში. პროკურატურამ საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზისა და რეგულირების სააგენტოს დასკვნას გაეცნო. პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ ცალსახად იკვეთება ექიმების დანაშაული, რომელიც ციხესაც კი იმსახურებსო, თუმცა დანიშნეს კომისიური ექპერტიზა, რომელიც შესაძლოა, 10 წელიც კი გაგრძელდესო. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ პროკურატურას დღემდე დაკითხული არ ჰყავს არც ერთი ექიმი. ერთადერთი, ვინც დაკითხეს, ეს იყო ბრიგადის ხელმძღვანელი ალიევი. ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, თუმცა იცით, რა გააკეთეს? _ მხოლოდ რამინ ალიევს შეუჩერეს სამედცინო საქმიანობა, რამდენადაც მახსოვს, ერთი წლით გაათავისუფლეს ღუდუშაურიდან და ვიცი, რომ ახლა სხვა საავადმყოფოში მუშაობს.
პროკურატურას ექთნები და სანიტრები ჰყავს დაკითხული, როცა პროკურორმა გვარები მანახა, ვუთხარი, რომ ჩემი შვილის საქმეში არც ერთი არ ფიგურირებდა, მე ხომ ისტორია მაქვს, რა გვარებიც პროკურორმა მითხრა, ის გვარები ჩემი შვილის ისტორიაში არ ფიგურირებს, ანუ სხვა ექთნები ჰყავთ დაკითხული. მე ვითხოვ ექიმების დაკითხვას და არა ექთნების. ექიმებმა არ მიაქციეს ჩემს შვილს ყურადღება.

დამნაშავეს პარლამენტარი სიმონ ნოზაძე მფარველობს?!

საქმეში ორი ვიდეოფირი არსებობდა, ერთი ვიდეო იყო, რომელშიც ჩანს, რომ ჩემი შვილი გზაზე გადმოდიოდა, მეორეში კი უშუალოდ ჩანს მანქანების მოძრაობა, თუმცა კამერების განლაგების გამო არ ჩანს, ავარიის მომენტი _ ზუსტად რომელი მანქანა ეჯახება. გამომძიებელს ვუთხარი, რომ დროში დაემთხვეოდა ჩემი შვილის გადასვლისა და შემდეგ ამ ავარიის მოხდენის დრო, ამით კი გაირკვეოდა, ზუსტად რომელი მანქანა დაეჯახა. მე ვიდეო ვნახე, ჩანს, რომ ტრაილერმა გაიარა, ამის შემდეგ, „მერსედესის“ მარკის მანქანა მოსდევს, შემდეგ კიდევ სხვა მანქანა და ასევე ტაქსი, რომელმაც გააჩაერა, ტაქსამდე კი არც ერთს არ გაუჩერებია. იქნებ, საერთოდ არ დაჯახებია ეს ტრაილერი?! იცით, რატომ მაქვს ეს ეჭვი? _ კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზის შედეგად ჩანს, რომ ამ ტრაილერზე არანაირი დაჯახების კვალი არ არის. ან უვიცი კრიმინალისტები ჰყავთ, ან კიდევ თუ ტრაილერის მძღოლია დამნაშავე, ის ყოფილა პარლამენტარ სიმონ ნოზაძის ბიძაშვილი. საეჭვო კი ის არის, რომ ტრაილერი თუ დაეჯახა, მხოლოდ ფეხზე მიიღებდა დაზიანებას? ფეხი ეკიდა კანზე. როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გადმოასვენეს, იქ უთქვამთ, _ ფეხზე ხელი არ მოკიდოთ, თორემ ხელში შეგრჩებათ ეს ფეხიო. თუ ტრაილერი დაეჯახა და გადააგდო, ექიმებიც ამბობენ საუბარში, რომ ფეხი ასე არ დაუზიანდებოდა. შეიძლებოდა რამდენიმე ადგილას გადატეხილიყო, თუმცა ის, რომ მხოლოდ კანი შერჩენოდა და ძვლები ასე ყოფილიყო ჩამსხვრეული, ეს ნაკლებად რეალურია. ვფიქრობ, რომ უფრო მსუბუქი მანქანა დაეჯახა. რაც შეეხება ტრაილერის მძღოლს, ის მესამე დღეს დააკავეს, თუმცა მხოლოდ მანქანა იდგა 8 თვის განმავლობაში საჯარიმო სადგომზე, მძღოლს კი ერთი დღეც არ გაუტარებია ციხეში. არც თავის საქმიანობა შეუწყვიტავს, უბრალოდ, სხვა მანქანაზე გადაჯდა და თავისი საქმე გააგრძელა. მძღოლი დამნაშავედ არ არის ცნობილი, დღემდე თავისუფალია, თვითონ უნდა აღიაროს დანაშაულიო. დავით დონაძეა გამომძიებელი, რომელსაც პირდაპირ ვუთხარი, რომ ნაბრძანები ჰქონდა ზევიდან, ხელი არ ეხლოთ მძღოლისთვის, რადგან მისი ბიძაშვილი პარლამენტარი სიმონ ნოზაძე იყო. მაშინვე თუ არ აღიარა დანაშაული, 4 წლის შემდეგ აღიარებს?! ერთი დღით მაინც დაეკავებინათ მძღოლი და შემდეგ გირაოს სახით გაეთავისუფლებინათ, რომ მეფიქრა, სამართალი არსებობს ამ ქვეყანაზე.

„სასაკლაოდ ქცეული ღუდუშაურის საავადმყოფო“

ღუდუშაურის საავადმყოფოში მომუშავე ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ზუსტად მაშინ შევიდა მიმღებში, როცა ჩემი შვილი მიიყვანეს, ამბობს, როგორ გაწიეს გვერდით საკაცე და რომ ჩემს შვილს საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება. ამის შესახებ ღუდუშაურის თანამშრომელმა სრულიად შემთხვევით უამბო ჩემს მეზობელს. ჩემს მეზობელსა და მას ბავშვები ერთად დაჰყავდა ცეკვაზე, მაშინ „კურიერში“სიუჟეტი გავიდა და ამ თემაზე საუბარი ჩამოვარდნილა. სწორედ ამ დროს უთქვამს ჩემი მეზობლისთვის, _ საწყალი ბიჭი, იქ ვიყავი და ვნახე, ზედაც არ დახედეს, საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათო. მას შემდეგ, რაც ჩემმა მეზობელმა უთხრა, რომ გარდაცვლილი მისი ნაცნობი იყო, ღუდუშაურის თანამშრომელი შეშინდა, _ მე არა მხოლოდ -სამსახურს დავკარგავ, არამედ ამას დიდი ამბავი მოყვებაო და თავისი შვილი საერთოდ გამოიყვანა ცეკვიდან. ამის შესახებ ერთი წლის შემდეგ გავიგე.
ერთმა გოგომ მოყვა, მთელი ღუდუშაური ამაზე საუბრობდა, _ როგორ არ მიაქციეს ახალგაზრდა კაცს ყურადღებაო. ჩემი შვილის ამბავი პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ღუდუშაურში არაერთი მსგავსი ტრაგედია მომხდარა, ღუდუშაური სასაკლაოდ არის ქცეული!

დაუღალავი ბრძოლა სამართლიანობისთვის

მომხდარიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ მცნეს დაზარალებულად, ავარიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექიმების უყურადღებობას, ამ საკითხზე დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი. ძალიან მძიმე დღეები გამოვიარე, ფინანსურადაც ძალიან გვიჭირდა და ამიტომ ადვოკატის აყვანის საშუალება არ გამაჩნდა. შემდეგში არასამთავრობოს მივმართე _ ალეკო ცქიტიშვილი და ნესტან ლონდარიძე დამეხმარნენ. ნესტანი საბუთებს ამზადებდა, რომ ამ საქმის შესახებ პარლამენტისთვის მიემართა. ზაფხულში კი P. S.-მა სიუჟეტი გადაიღო და, რატომღაც, ამ დრომდე არ გაშუქებულა. მესმის, რომ უფრო მნიშვნელოვანი ამბები მოხდა, ახლაც არჩევნებია და ამ ამბისთვის არავის სცალია, მაგრამ ველოდები, როდის გავა. ალბათ გაუშვებენ. ძალიან მინდა, „რუსთავი 2-მა“ეს თემა გააშუქოს, რადგან ყველა უყურებს. ტელეკომპანია „იმედზე“, სიმართლე გითხრათ, არც მინდა, არ ექნება გამოხმაურება, ასე მგონია. მეტსაც გეტყვით: პროკურატურაშიც ყველას „რუსთავი 2“ აქვს ჩართული. მე რომ გამომძიებელთან საქმის მასალების გაცნობის დროს ვიყავი, თანამშრომელი შემოვარდა ოთახში, _ ჩქარა წამოდი ფონიჭალაში, რაღაც შემთხვევა მოხდა, ახლა გადმოსცა „რუსთავი 2-მაო“. წარმოიდგინეთ, „რუსთავი 2-ს“ უყურებენ და ისე გებულობენ, რა ხდება ქვეყანაში. ახლა კი ერთადერთ ელისო კილაძისა და თქვენი გაზეთის იმედიღა დამრჩა. ეს უნიათო „ოცნება“ თუ გავა, საერთოდ დამეკარგება სამართლიანობის აღდგენის იმედი.
უბრალოდ, მინდა გაიგონ, რომ მე არ მძინავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს, ჩემი პენსია გამოტანილი მაქვს, 90 ლარზე ვარ დარჩენილი, სასწაული მოხდა, ერთ ადამიანს შევეცოდე და ხილ-ბოსტნის მაღაზიაში გამყდველად მიმიყვანა, თორემ რა გვეშველობოდა, არ ვიცი. ჩემი შვილიშვილი სოხუმის უნივერსიტეტში სწავლობდა იურიდიულზე დ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო სტატუსი შევუჩერე. ლექსებს წერდა, გამორჩეული ბავშვი იყო. თუმცა მამამისის გარდაცვალების შემდეგ იმდენად ჩაიქნია ხელი უსამართლობაზე, რომ ძალიან ჩაიკეტა. მიუხედავად ამ მიძიმე მდგომარეობისა ბოლომდე ვიბრძოლებ!

ნენე ინჯგია