ნიკა ჩიტაძე: „ტყუილისმთქმელ „ოცნებას“ სიმართლეს აღარავინ დაუჯერებს“

პოლიტიკა სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაა, თუმცა ქართული პოლიტიკური სპექტრი არ არის განებივრებული ნამდვილი პოლიტიკოსებით. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ძირითადად, პირადი კეთილდღეობის მიზნით ირჩევენ გზას პოლიტიკისკენ, რაც, ცხადია, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების დონეზე აისახება.

როგორია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურა? რამდენად უპასუხა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ხალხის დაკვეთას? რა რეალობის წინაშე მოუწია დადგომა მმართველ გუნდს? და როგორია ქართული პოლიტიკური თამაშები?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“-ს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა:

_ როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რამდენად ასახავს ხალხის დაკვეთას?
_ არჩევნების პირველი ტურის შედეგები, ამომრჩეველთა რაოდენობისა და სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის ძალთა გადანაწილების გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად, რეალურად ასახავდა იმ სურათს, რომელიც საქართველოში არსებობს. დავიწყებ უარყოფით ფაქტორზე საუბრით: მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს პოლიტიკური პროცესების, პოლიტიკური პარტიებისა და მათი საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ, ამის შედეგი კი არის ის, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, 53% არჩევნებზე არ გამოცხადდა. მე ვერ ვიტყვი, რომ 53% პროცენტი უარყოფითად არის განწყობილი პოლიტიკური პარტიების მიმართ, შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა საარჩევნო უბანზე მისვლა ვერ მოახერხა. მაგალითად, ძალიან ბევრი თბილისში მუშაობს და რეგისტრირებულია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, სადაც ჩასვლა ვერ შეძლო. თუმცა ამ 53%-ში არიან ის ადამიანებიც, რომლებიც, ერთი მხრივ, ფიქრობენ, რომ „ოცნებამ“ მათი იმედები ვერ გაამართლა, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პროპაგანდის შედეგად, რომელსაც „ოცნება“ ეწეოდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალა, წარმოადგინა, როგორც დემონიზებული ძალა, მოსახლეობის ნაწილმა მიიჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ შეასრულებდა ხალხის დაკვეთას. აქედან გამომდინარე მოსახლეობის ნაწილს არც „ოცნება“ სურდა და არც „ნაციონალების“ დაბრუნება, ისინი ორ უკიდურესობას შორის აღმოჩნდნენ. სწორედ საზოგადოების ამ ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ჩვენ თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ ვნახავთ, რომ სხვაობა აქტივობას შორის საკმაოდ დიდია, მაშინ 60% დაფიქსირდა.
_ თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა გვქონდა…
_ დიახ, განსხვავებული პოლიტიკური ვითარება იყო. ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ბევრი აცხადებდა, რომ „ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის ხათრით მისცა ხმა. არ მინდა, ბევრი ჩემი თანამემამულე უარყოფითად მოვიხსენიო, მაგრამ მაშინდელი ეს დამოკიდებულება ძალიან სამწუხარო იყო.
_ სწორედ ამ ხალხს ეგონა, რომ ივანიშვილის მილიონებით ეშველებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს საზოგადოების სერიოზული შეცდომა იყო?
_ ივანიშვილის მილიონებზე და მის პოლიტიკაში მოსვლაზე საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში ასეთი გამონათქვამიც კი იყო: „ახლა მოვა ბიძინეო, ჭამე, სვი და იძინეო“. ამ ხუმრობიდან ძალიან კარგად ჩანს ხალხის მაშინდელი დამოკიდებულება, რაც ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანებს მუქთა ფულის მიღების მოთხოვნა აქვთ. ეს დამოკიდებუულება კი, გარკვეულწილად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არ იციან ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვამი: „ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი“ ან არისტოტელეს გამონათქვამი: „ბედნიერება არის იმ ადამიანის მხარეს, ვინც ბევრს შრომობს“. ამაზე საუბრისას მახსენდება ცნობილი ფილოსოფოსის, ერიხ ფრომის ნაშრომი, „თავისუფლებიდან გაქცევა“. ბევრმა არჩია თავისუფლების დათმობა იმის ნაცვლად, რომ ვინმე სხვა გააკეთებდა მის საქმეს. ამ შემთხვევაში ბელადი ივანიშვილი გააკეთებდა მათ საქმეს და, შესაბამისად, ბევრმა ამ დამოკიდებულების გამო მცდარი არჩევანი გააკეთა. შეიძლება, ადამიანს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იდეოლოგია მოგწონდეს, მაგრამ მის მიმართ სწორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. ჩემთვის ბევრი ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები არიან. მაგალითად, ჩემს მეგობარს, რომელიც უფროსი თაობის წარმომადგენელია, სწამს, რომ სტალინი დიდი ადამიანი იყო. თუმცა ის მასთან დამოკიდებულებაში გულწრფელია. მისი აზრით, სტალინი დიდი ქართველი იყო და მართლა ამაყობს იმით, რომ ქართველი მსოფლიოს აზანზარებდა. მე ასეთ ადამიანს პატივს ვცემ, რადგან ის გულწრფელი და სრულიად უანგაროა მასთან დამოკიდებულებაში. დიდი ეროვნული მოღვაწე იყო ბატონი გამსახურდია, რომლის, როგორც პოლიტიკოსის, გარკვეულ ნაბიჯებს შეიძლება არ ვეთანხმებოდი და ამასთან დაკავშირებით ბევრთან მქონდა კამათი. დღესაც არიან მისი მომხრეები და მათ მე პატივს ვცემ, რადგან ამ ადამიანებისთვის გამსახურდია სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა და ამ მიზეზით აქვთ მის მიმართ გამორჩეული გრძნობა. მათ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ გამსახურდია ფულს დაურიგებდა, ან საქმეს მათ ნაცვლად გააკეთებდა. ასე რომ, ასეთი უანგარო დამოკიდებულება ჩემთვის მისაღებია და გამართლებულია. ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა და სწორად მიღებაც უნდა შევძლოთ. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება ჩვენს სრულ ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ამიტომაც მხარს ვუჭერ იმ კონკრეტულ ძალას, რომელიც, ვფიქრობ, საქართველოს აღნიშნული მიმართულებით წაიყვანს, ასევე ქვეყანაში განამტკიცებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ჩემთვის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტი სწორედ დემოკრატიული განვითარებაა. ეკონომიკური მიმართულებით მემარჯვენე ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ, პირველ რიგში, მეწარმეობის განვითარება უნდა გახდეს ქვეყნის შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტი და არა სოციალური თანასწორობა. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური თანასწორობა, ანუ კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. რაც შეეხება ეკონომიკას, მგონია, რომ უნდა დამკვიდრდეს მერიტოკრატიის პრინციპი. ამერიკელმა მეცნიერმა დენიელ ბეილმა წარმოადგინა პოსტინდუსტრიული საზოგადოების კონცეფცია მერიტოკრატიის პრინციპის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც უფრო მეტს შრომობს, მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს.
_ 53%-ს რომ დავუბრუნდეთ და მათ შორის ამომრჩევლების იმ საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელსაც არც „ოცნების“ კანდიდატი სურს პრეზიდენტად და არც გაერთიანებული ოპოზიციის, ეს ადამიანები რეალურად მესამე ძალას ელოდებიან, დაკვეთა არის საზოგადოებიდან, თუმცა არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ მესამე პოლიტიკური ძალა არ გვყავს. ამას რა განაპირობებს?
_ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა ვერ წარმოადგინეს. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის შემდეგი ადგილი, ვნახეთ, რომ შალვა ნათელაშვილმა დაიკავა. ის ქარიზმატული ლიდერია, ხშირად აკრიტიკებს როგორც წინა, ასევე ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუმცა ის ნელ-ნელა რეიტინგს კარგავს. 1998 წელს, როდესაც საკრებულოს არჩევნები გაიმართა, „ლეიბორისტული პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა. 2002 წელსაც ჰქონდათ მაღალი შედეგი, სხვათა შორის, სწორედ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ლადო კახაძე გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარე. შემდგომში კი ნათელაშვილმა სააკაშვილს დაუთმო მანდატები, რატომ და როგორ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამ ყველაფერს კი იმიტომ ვიხსენებ, რომ გარკვეული რეიტინგი აღნიშნულ პარტიას ჰქონდა, მაგრამ დღეს არ გააჩნია. ნათელაშვილის კონკრეტული საქმიანობა მუდმივად უკავშირდება ხელისუფლების კრიტიკას, მაგრამ თვითონ რას სთავაზობს ამომრჩეველს? მისი პრობლემა ის არის, რომ აქცენტი მთლიანად ხელისუფლების კრიტიკაზე აქვს გადატანილი. მახოვს, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, მაშინ ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, _ თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში რა იქნებაო? მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილი ენამოსწრებული პოლიტიკოსია, ამ კითხვაზე საკმაოდ დიდხანს დაფიქრდა და დაიბნა, თითქოს ამ კითხვას არ მოელოდა. შემდეგ კი უპასუხა, რომ როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე, გაზზე ტარიფები გაუნახევრდება, ხელფასები გაეზრდებაო და ა. შ. მსგავსი დაპირებები ჩამოთვალა. მას არანაირი რეალური კონცეფცია არ უთქვამს. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ამ პარტიის რეიტინგმა დაიკლო დროთა განმავლობაში. ქვეყანაში კი, რეალურად, მესამე ცენტრი არ არსებობს, თუმცა ეს შესაძლოა, სულაც არ იყოს ტრაგედია. მაგალითად, ამერიკაში ორი ძირითადი პარტიაა: რესპუბლიკელები და დემოკრატები. ბრიტანეთში კი ბოლო პერიოდამდე: კონსერვატორები და ლეიბორისტები იყვნენ.
_ მესამე ძალის არარსებობაში პრობლემას ვერ ხედავთ?
_ გარკვეული პრობლემა შეიძლება არის, თუმცა მე უფრო სხვა სახის პრობლემას ვხედავ. 2012 წლის შემდგომ პერიოდში მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი სიმძიმის ცენტრი იყო „ქართული ოცნება“, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ეკავა და ამით სარგებლობდა კიდეც. ჩვენ კარგად ვიცით, რა ცვლილებებიც შეიტანეს ქვეყნის კონსტიტუციაში. მათ შორის ერთ-ერთი იყო უშიშროების საბჭოს გაუქმება მაშინ, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ეს კი იმით იყო განპირობებული, რომ პრეზიდენტის უფლებები შეეზღუდათ და თუნდაც იმით, რომ ასე სურდა დე ფაქტო მმართველს. ბევრისთვის კარგად ცნობილია ჩემი პოზიცია და სულ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალიან ბევრი გაკეთდა, იყო ცუდიც, თუმცა ქვეყანა 2012 წელს გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე 2003-ში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც არ მომწონდა ის, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდათ. მაშინაც არ იყო ძლიერი ოპოზიცია, შეიძლება ითქვას, რომ დესტრუქციული იყო. ამის გარდა კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ვხედავ, არის ის, რომ საქართველო სახელმწიფო მოღვაწეების ნაკლებობას განიცდის. არიან პოლიტიკოსები, მაგრამ არ არიან სახელმწიფო მოღვაწეები. ჩერჩილს აქვს კარგად ნათქვამი: „რა განსხვავებაა პოლიტიკოსსა და სახელწმიფო მოღვაწეს შორის? პოლიტიკოსი ფიქრობს მომავალ არჩევნებზე, სახელმწიფო მოღვაწე ფიქრობს მომავალ თაობაზე“. ეს სენი კი დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაში შემოიჭრა, ჯერ კიდევ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ პერიოდში გამოიკვეთა. მაშინ აქციებზე დავდიოდი, როგორც რიგითი მოქალაქე. იქ ისმოდა, რომ „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“, თუმცა მომავლის ხედვა არ არსებობდა. დამოუკიდებელი საქართველო რომ იქნება, მერე როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს, როგორი იქნება სახელმწიფოს მმართველობის სისტემა და ა. შ.? ამ თემებზე საუბარი არ ყოფილა.
_ ყველა ეტაპზე ორიენტირი იყო აწყმოზე და მომავალზე არ ფიქრობდნენ: მერე გვეშველება რამე, რაღაც იქნება, _ მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ყოველთვის ხალხსაც და პოლიტიკოსებსაც, ამ კუთხითაც სერიოზული პრობლემები გვაქვს, როგორც ჩანს…
_ „გვეშეველება რამე?!“ _ ეს ტერმინი ძალიან საინტერესოა. ვიცით, რომ კახი კავსაძესთან მივიდა ადამიანი, რომელიც მას ძალიან დიდ პატივს სცემდა და ეს კითხვა დაუსვა. აქედან იწყება პრობლემა, რადგან საზოგადოებას ჰგონია, რადგან კახი კავსაძე ცნობილი მსახიობია, ამიტომ შეიძლება პოლიტიკაზეც ჰკითხოს აზრი და მოსთხოვოს კომპეტენტური პასუხი. კავსაძეს შეიძლება ვკითხოთ ხელოვნებაზე, თეატრზე, იმ თემებზე, რაშიც ის კომპეტენტურია, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცნობილი მსახიობი იქნება, რეჟისორი თუ ფეხბურთელი, ხალხს ჰგონია, რადგან ცნობილები არიან, ამიტომ ყველაფერში ერკვევიან.
_ მსახიობებზე, ფეხბურთელებზე გამახსენდა _ ჩვენს პოლიტიკურ ველთან დაკავშირებით, სადაც სწორედ ამ სფეროდან მოსული ადამიანები მოღვაწეობენ, რასთან გვაქვს საქმე? მათი პოლიტიკაში მმოღვაწეობა რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის?
_ ჟან ბეშლერი ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსია, რომელმაც თქვა: „არსებობს პოლიტიკოსთა ორი კატეგორია: ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ პოლიტიკისთვის და არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ პოლიტიკით“. პოლიტიკისთვის ცხოვრობენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში ხედავენ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას, შედარებით მაღალ შემოსავალს, ასევე საზოგადოებაში უფრო მაღალ სტატუსს. სამსახიობო თუ სპორტულ კარიერაში გარკვეული მიღწევების შემდეგ მათ უჩნდებათ ახალი მოთხოვნილებები და პოლიტიკაში ცდილობენ თავის დამკვიდრებას. როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა არ იციან ილიას სიტყვები: „ჭკვიანი ადამიანი სულელისგან იმით განსხვავდება, რომ მან იცის, როდის უნდა გაჩერდეს“. მაგალითად ჯაჭვლიანი რომ განვიხილოთ, ის რომ თავის საქმიანობაში დარჩენილიყო, როგორც მსახიობი ბევრად მეტს ეყვარებოდა და უფრო დადებითი დამოკიდებულება ექნებოდა მის მიმართ საზოგადოებასაც. თუმცა პოლიტიკაში მოსვლით მან თავი შეირცხვინა და ახლა საზოგადოებას მისი სულელური გამონათქვამები ახსენდება. თუნდაც ივანიშვილის მაგალითზე რომ ვთქვათ, ის იქნებოდა მეცენატი, რომელიც ბევრს ეყვარებოდა, თუმცა მას უფრო მეტი ამბიცია და ძალაუფლების მოპოვების სურვილი გაუჩნდა. საზოგადოებამ შემდეგ სხვადასხვა სფეროდან მოსულ ადამიანებს ისევე მოსთხოვა, როგორც პოლიტიკოსებს სთხოვენ, თუმცა მათ შესაბამისი რესურსი არ აღმოაჩნდათ. ამბიცია კი მაშინ არის სასარგებლო, როცა ჯანსაღია და შესაბამისობაშია შესაძლებლობებთან. ამაზე სოფოკლეს აქვს კარგად ნათქვამი: „თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჭკუის სიმოკლის ნიშანიაო“, თუმცა, ამავე დროს, ფრანსუა რაბლეს გამონათქვამიც მახსენდება: „ადამიანი ღირს იმდენი, რამდენსაც აფასებს საკუთარ თავს“. იცით, დაახლოებით, როგორი დამოკიდებულება აქვთ, როცა სხვადასხვა სფეროდან მიდიან პოლიტიკაში? _ პარლამენტის წევრობის პენსია მაინც მექნება სამომავლოდ, რაც არასწორია, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფინანსურად უზრუნველყოფილი იყვნენ და მაინც მოვიდნენ პოლიტიკაში, მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილი. მახსოვს, მას ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, _ მობეზრდა თუ არა ფუფუნებაში ცხოვრება? რაზედაც უპასუხა, რომ ფუფუნებაც, იახტები, ვილები მოსაბეზრებელია. ამის შემდეგ კი მას ახალი ინტერესები გაუჩნდა _ პოლიტიკით დაინტერესდა.
_ ამ ადამიანებს პოლიტიკის სერიოზულად აღქმაში ჰქონდათ პრობლემა?
_ პოლიტიკოსობა ძალიან რთული საქმეა. ჩვენ ვინც ჩამოვთვალეთ, იმ ადამიანებს რომ ვკითხოთ, რა არის პოლიტიკა და საიდან წამოვიდა ეს ტერმინი, უმრავლესობა პასუხს ვერ გაგცემთ. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებსაც სათანადოდ ექნებათ გააზრებული თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობა და ეცოდინებათ სახელმწიფოს მართვა. ამავდროულად, ქვეყანას სჭირდება ძლიერი საზოგადოება, რომელსაც მაღალი პოლიტიკური კულტურა ექნება. პლატონს აქვს ნათქვამი: „სახელწმიფოს ღირსება დამოკიდებულია თითოეული იმ ადამიანის ღირსებაზე, რომელიც ცხოვრობს აღნიშნულ სახელმწიფოში“. პოლიტიკურ ლიდერთან ერთად გვჭირდება საზოგადოება, რომელიც მხარში ამოუდგება კონკრეტულ ლიდერს. დემოკრატიის სხვადასხვა ფორმა არსებობს და მათ შორის ერთ-ერთია ხელშემწყობი დემოკრატია, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქე საკუთარ ცხოვრების წესად აქცევს იმას, რომ მხარს უბამს ხელისუფლებას დემოკრატიის კანონების დამკვიდრებაში. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით ხშირად პასიურობა შეინიშნება ან არასწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას. მაგალითად, 2008-ში ოღონდ მიშა არაო და „გრეჩიხას“ აძლევდნენ ხმას. რეალურად ვიღაცის წინააღმდეგ აძლევენ ხმას.
_ ახლაც ხომ მსგავსი რეალობის წინაშე ვდგავართ, რეალურად ამომრჩეველს უწევს არა არჩევა, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ ხმის მიცემა. საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარით გავაგრძელოთ, ზურაბიშვილის შედეგი ეს იყო მისი პიროვნების თუ „ოცნების“ მარცხი? ზურაბიშვილის ნაცვლად „ოცნებას“ უფრო სხვა ტიპის კანდიდატი რომ დაეყენებინა, გამარჯვების შანსი პირველივე ტურში ექნებოდა?
_ მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში უფრო „ქართული ოცნება“ იყო. მით უმეტეს, როცა ამ პოლიტიკური ძალის მიმართ მაღალი მოლოდინები არსებობდა. ხალხს მართლა ეგონა, რომ „ოცნება“ ყველა დაპირებას შეასრულებდა, თუმცა ვნახეთ, რომ თანდათან „ოცნების“ რეიტინგი მცირდებოდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ იზრდებოდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვნებში „ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 60% მიიღო, მას მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, 2016 წელს „ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და საპარლამენტო არჩევნებში 48% მიიღეს. გავითვალისწინოთ ის, რომ ამომრჩეველთა ნახევარი გამოცხადდა, ანუ რეალურად არა 48%-მა, არამედ 25%-მა დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო უმრავლესობა კი „ოცნებამ“ მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვა. 73 მაჟორიტარულ ოლქში „მოიგო“, როგორ მოიგეს, ეს კარგად ვიცით. ასე რომ, წლების განმავლობაში „ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა კლებულობდა. ამასთანავე ამ ყველაფერს დაემატა ივანიშვილის განცხადებებიც, რომ „თუ კრედიტს იღებს მოსახლეობა, ბანკირები უნდა დაიქირაონ. ადამიანები ღარიბები რომ არიან, მთავრობას აბრალებენ და არა საკუთარ თავს“ და ა. შ., ბევრი მსგავსი შინაარსის გამონათქვამი გვახსოვს ივანიშვილისგან. ზურაბიშვილის ფაქტორმაც ძალიან იმოქმედა შედეგზე, მისი სახით ძალიან სუსტი კანდიდატი წარმოადგინეს. დიახ, მათ წარმოადგინეს, არავითარი დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბიშვილი არ ყოფილა. ხალხი იმანაც გააღიზიანა, რომ თუ დამოუკიდებელი იყო ზურაბიშვილი, პირდაპირ რატომ უჭერდნენ მხარს და ასე აქტიურად რატომ ეხმარებოდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში? რეალურად ხალხის მოტყუებას ცდილობდნენ, ვითომ მათ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირეს მხარი.
_ ჩვენ გვახსოვს „ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომ „ქართული ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო ინსტიტუტი არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრეზიდენტს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი ამბობდნენ იმასაც, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტის ჩვენება უნდოდათ და ამიტომ არ დაასახელეს კანდიდატი. რას ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები? პირველი ტურის მერე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის პოსტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა „ოცნებისთვის“.
_ ეს განცხადებები რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. პირველ რიგში არაჯანსაღი დამოკიდებულება, რომელიც არსებობს „ქართული ოცნების“ გუნდში, მათ შორის, ერთი კატეგორიაა მლიქვნელთა გუნდი, რომელიც ივანიშვილს ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადაა და მათ მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ჰქონდათ. მახსოვს, ერთხელ ივანიშვილმა თქვა, _ გუნდში მეუბნებიან, პელე ხარო. გუნდში შეიძლება უთხრან, მაგრამ ის უნდა იკითხოს, ხალხი რას ეუბნება მას. ე. წ. წითელი ინტელიგენციისთვის, რომელსაც ფულებს ურიგებს, შესაძლოა, მართლაც იყოს ივანიშვილი პელე. ამ ადამიანებს შორის არის თალღლითი ბიგვავა, ე. წ. სოციოლოგი, რომელიც არწმუნებდა, რომ ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა და ამაში დიდი თანხაც აიღო. ერთ მხარეს იყო ეს ფაქტორი და მეორე მხრივ, ბელადომანია. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ფრანგულენოვანი კანდიდატი ჰყოლოდა, სავარაუდოდ, მას საფრანგეთში სჭირდება გავლენები და ამიტომაც დადო ფსონი ზურაბიშვილზე, განაცხადა, რომ ის უნდა ყოფილიყო კანდიდატი და ვერავინ შეეწინააღმდეგა ბელადს.
_ თქვენ არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ზურაბიშვილი რუსული პროექტია და სწორედ რუსეთის მოთხოვნით წარადგინა ივანიშვილმა ის კანდიდატად?
_ მე უფრო მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილი თავისი უპასუხისმგებლო და სულელური განცხადებებით რუსულ თამაშს თამაშობს. მგონია, რომ ის სააკაშვილზეა დაბოღმილი და მის ქმედებებს შეიძლება, დაბოღმილი ქალის პოზიცია დავარქვათ, რომელსაც თავისი ამბიციები აქვს. რეალურად ის ანტისახელმწიფოებრივ როლს ასრულებს, როცა აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ზურაბიშვილი ასევე უტიფრად ამტკიცებს, რომ რუსული ბაზები საქართველოდან მან გაიყვანა, ხოლო სააკაშვილმა შემოიყვანა. რუსული ბაზების გაყვანის შესახებ პირველი შეთანხმება 1999 წლის 18-19 ნოემბერს ეუთოს სამიტზე იყო გაფორმებული. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყო. თუ ვამბობთ, რომ ეს ზურაბიშვილის დამსახურებაა, მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაიყვანა ჯარები, რადგან იმ პერიოდში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სწორედ სააკაშვილი იყო. ახლა კი ამტკიცებენ, რომ თითქოს სააკაშვილმა რუსული ჯარი შემოიყვანა. ამ ლოგიკით, თურმე, ერეკლე მეფემ აღა-მაჰმად-ხანის, ვახტანგ გორგასალმა 483 წელს სპარსელების, დავით აღმაშენებლმა თურქ-სელჩუკების ჯარი შემოიყვანა. მაგალითად, გუშინ ტელეკომპანია „იმედზე“ ბინძურად და არასწორად გაშუქდა სააკაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობდა: „დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების წარმოების შესახებ“. ამ სიტყვების არასწორად ინტერპრეტაციას ცდილობდნენ, როდესაც თავს დაგვესხნენ, ბუნებრივია, შევეცადეთ თავის დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალები გამოიყენება საქართველოზე შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში. ასევე საქართველო იყენებდა შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ტერიტორიაზე ბანდფორიმირებების ასალგმავად. მას რუსეთის წინააღმდეგ ომი არ დაუწყია. აღნიშნული არ ეწინააღმდეგებოდა არც საქართველოს კონსტიტუციას და არც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. საერთაშორისო სამართალში არსებობს 1974 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 33.15 აგრესიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ირიბ და პირდაპირ აგრესიას ერთი სახელმწიფოს მიერ მიმართულს მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველოს სამხედრო ქმედებები კი არ იყო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, ეს იყო მიმართული ბანდფორმირებების ასალგმავად საკუთარ ტერიტორიაზევე. აქედან გამომდინარე ეს ბინძური კამპანია, რომელსაც ზოგიერთი მედია საშუალება ეწევა, აბსოლუტურად მიუღებელია.
_ „ოცნების“ მხრიდან მუდმივად გვესმოდა ბრალდებები ოპოზიციის მიმართულებით, რომ ბინძურ კამპანიას აწარმოებდნენ ზურაბიშვილის წინააღმდეგ, როცა მას მოღალატეს ეძახდნენ, თუმცა პირველი ტურის შემდეგ ვნახეთ, რომ ვაშაძის წინააღმდეგ დაიწყეს მსგავსი კამპანია გაცილებით უფრო მასშტაბურად. რეალურად, ორი მთავარი ოპოზიციური ძალა ერთმანეთს ეძახის პრორუსს, რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ?
_ პრორუსულს რაც შეეხება, ვაშაძემ განაცხადა, რომ ის საბჭოთა დიპლომატია. იმ პერიოდში ის ვერც იქნებოდა ქართველი დიპლომატი იმიტომ, რომ საქართველო საკუთარ საგარეო პოლიტიკას არ აწარმოებდა. ეს იგივეა, რომ, ვთქვათ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს რუსულ არმიაში მსახურობდაო ან ერეკლე მეფე აღიზარდა ნადირ შაჰის კარზე ან ვახტანგ გორგასალი აღიზარდა სპარსეთის მეფე პეროზის კარზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მერე აკეთებდნენ თუ არა ქართულ საქმეს. მაგალითად, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დამთავრებული აქვს რეზო თაბუკაშვილს, რომელიც დიდი საზოგადო მოღვაწე იყო. პატრიარქმა ილია მეორემ, იმ დროს ილია შიოლაშვილმა, დაამთავრა მოსკოვში სასულიერო სემინარია და რა, ეს ადამიანი დღეს არ აკეთებს ქართულ საქმეს?! ან როდესაც საუბრობენ, მიხეილ სააკაშვილი მსახურობდა სასაზღვრო ჯარებში, რომელიც ექვემდებარებოდა „კაგებესო“ და ამაზე მთელი აჟიოტაჟია შექმნილი, ეს ყველაფერი მასაზეა გათვლილი. ძალიან იაფფასიანი და მდაბიო კამპანიაა, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მკითხველზეა გათვალისწინებული. ზურაბიშვილს რაც შეეხება, პარიზში დაბადებულია და კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ დღეს არ აკეთებს ქართულ საქმეს, როდესაც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. რაც შეეხება ბინძურ კამპანიას, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო დემაგოგიასა და ბინძურ კამპანიას „ოცნება“ ეწევა. წარმოუდგენელ რამეს ამბობენ: თურმე, „ნაციონალებს“ გაუყალბებიათ არჩევნები. იქნებ დაიქირავონ ნორმალური პიარტექნოლოგები და გამოასწორონ „ოცნების“ მდგომარეობა ამ კუთხით. საბოლოო ამში, „ოცნებამ“ იმდენი ცრუ დაპირება გასცა, იმდენჯერ მოიტყუა, თუნდაც ვითომ დესტაბილიზაციის მოწყობისა და რაღაც ამბოხებების შესახებ, რომ სიმართლის დაჯერება ხალხს გაუჭირდა. მოკლედ, შეიძლება ასე ტყუილისმთქმელ „ოცნებას“ სიმართლეს აღარავინ დაუჯერებს.
_ განგაშის სიგნალი ჩართულია, „ოცნებაში“ უკვე სამოქალაქო ომით გვაშინებენ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. შეიძლება თუ არა ახლო მომავალში ისინი ისე გაქრნენ პოლიტიკური ველიდან, რომ მათი არსებობა ყველას დაგვავიწყდეს?
_ საქართველოში როგორ და რატომ უნდა დაიწყოს ახლა სამოქალაქო ომი, ეს წარმოუდგენელია. ან რაში სჭირდება სამოქალაქო ომის დაწყება გამარჯვებულს? ამბობენ იმას, რომ თითქოს გაარკვიეს, როგორ მზადდებოდა დესტაბილიზაციის გეგმა, თუმცა ფაქტებს არ გვანახებენ. მუდმივად იტყუებიან. საზოგადოებასაც აღარ სჯერა ვითომ დესტაბილიზაციის გეგმების.
რაც შეეხება „ოცნების“ ხელისუფლებას, შეიძლება ვთქვათ, რომ იგი სერიოზულად შეირყა. საპრეზიდენტო არჩევნები, ვფიქრობ, რეფერენდუმი იყო იმის შესახებ, თუ რამდენად უჭერს მხარს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ეს არჩევნები „ოცნებისთვის“ უნდა იყოს გაკვეთილი, რათა სწორი დასკვნების გაკეთება შეძლონ. მათ უნდა გაითავისონ, რომ შეიძლება დამარცხდნენ, მაგრამ ამ დამარცხებას ღირსეულად უნდა შეხვდნენ. ასევე უნდა გაიაზრონ ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებით „ქართული ოცნება“ სამართლებრივად ძალაუფლებას არ დაკარგავს. მთავარ ფიგურად რჩება პრემიერ-მინისტრი, ასევე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობაც „ოცნების“ ხელშია, აქედან გამომდინარე, ეს მათთვის მოტივაცია უნდა იყოს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესად მოემზადონ.
რაც შეეხება „ოცნების“ დაშლას, არ მინდა, რომ „ქართული ოცნება“ დაიშალოს, ჩვენ გვქონდა მსგავსი მაგალითები: „კომკავშირი“ დაიშალა, როცა შევარდნაძე აღარ იყო, „აღორძინება“ დაიშალა, როცა ასლან აბაშიძე აღარ იყო. მე შეიძლება არ ვუჭერდე მხარს „ოცნებას“, მაგრამ არ ვისურვებდი ამ პარტიის დაშლას. უბრალოდ, უნდა დამთავრდეს ის პერიოდი, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია დამოკიდებული იყოს ბელადზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილი.
_ ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან რა დასკვნები გამოიტანეთ? რამდენად სწორად გაიაზრეს შეცდომები?
_ ივანიშვილი არჩევნებამდე გამოვიდა და ამბობდა, რომ თუ „რუსთავი 2-ს“ გამოვრთავდით, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ის შეცდომაში იყო შეყვანილი მლიქვნელების, ბიგვავას მსგავსი ხალხის მიერ, თუმცა მხოლოდ მათ ხომ არ უნდა უსმინოს, თვითონაც უნდა შეეძლოს დასკვნების გამოტანა. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, როგორ იშოვა 7 მილიარდი. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ მის გამოსვლას, პარტიის თავმჯდომარემ არ უნდა განაცხადოს, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს. მას არ უკავია სახელმწიფო თანამდებობა, შესაბამისად, როგორ იღებს პასუხისმგებლობას, ე. ი. მისი ეს განცხადება მის არაფორმალურ მმართველობას ადასტურებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კონკრეტული პარტია არ უნდა იყოს ბელადზე დამოკიდებული.

ნენე ინჯგია