გორის კლანის ნეპოტიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროში

საპრეზიდნეტო არჩევნების პირველი ტურის წაგების მერე ხელისუფლება რამდენიმე დღე დუმდა, შემდეგ კი უცნაური სტრატეგია აირჩია.
„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად კარგად დავიწყებული ძველი სახეები ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კარგად გადამღერებული თემებით გამოჩნდნენ.
მოძრაობა „არა ნაციზმს“, „ჩვენ გვახსოვს შვიდი ნოემბერი“, ნანა კაკაბაძე, ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, ია მეტრეველი, დაჩი ცაგურია, მელორ ვაჩნაძე, კოკა გუნცაძე და სხვები „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
„სისხლიანი ცხრა წელი“ _ ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ყველაზე საყვარელი ფრაზაა. ვინ შექმნა ეს „სისხლიანი რეჟიმი“ და სად არიან ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იჭერდნენ?

„ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი _ ე. წ. გორის კლანი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები სუს-ში და კუდ-ის ყოფილი სპეცრაზმელები საჯარო სექტორში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველ მოადგილედ კახა საბანაძე დანიშნა. მანამ, სანამ საბანაძის ბიოგრაფიასა და მის მიერ შს სამინისტროში ნეპოტიზმით დანიშნულ კადრებს დავუბრუნდებით, აქვე გეტყვით, რომ ე. წ. გორის კლანს სწორედ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძის მამა ემზარ საბანაძე ხელმძღვანელობს.
ემზარ საბანაძე პროფესიით ფილოლოგი და 1982-85 წლებში მოსკოვის პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულია. ცხადია, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მოსკოვის პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულს ე. წ. სპეციალური „ვერბოვკის“ გარეშე საქართველოში არავინ გამოუშვებდა. 1979-1999 წლებში ემზარ საბანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო კახა თარგამაძის მარჯვენა ხელი და რუსეთის „გრუს“ რეზიდენტ თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარი. „ვარდების რევოლუციამ“ საბანაძეს 2003 წელს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე მოუსწრო. ცხადია, მან დაკარგა პრივილეგიები და კულისებში გადაინაცვლა, სამაგიეროდ ასპარეზზე მისი შვილი, კახა საბანაძე გამოვიდა. „ოცნების“ შს მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძეს თავისუფლად შეიძლება, „ვარდების რევოლუციის“ პირმშო ვუწოდოთ _ მან სააკაშვილის ხელისუფლების დროს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა:
2004 წლის მარტი-სექტემბერი _ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი;
2004-2006 წლები _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე;
2006-2007 წლები _ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი;
2007-2008 წლები _ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2008-2010 წლები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;
2010-2011 წლები _ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ უსაფრთხოების/კრედიტებისა და გადახდების სამსახურის უფროსი;
2011-2013 წლები _ შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე;
2012-2014 წლები _ შპს „ნორბის“ დირექტორი;
2015-2017 წლები _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2017 წლის მაისიდან 2017 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული კახა საბანაძის ბიოგრაფია ნამდვილად არ საჭიროებს დიდ ანალიზს. ფაქტია, რომ სუს-ში ის სოსო გოგაშვილის მისვლის მერე აღზევდა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს კი შვილი საბანაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის პროტეჟეა. თავდაცვის სამინისტროდან წასვლის შემდეგ კეზერაშვილმა საბანაძე საქართველოს ლატარიის კომპანიაში დაასაქმა, რაც შეეხება შპს „ნორბს“, ამ კომპანიის საქმიანობას „ქრონიკა+“ სამომავლოდ კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.
„ქართული ოცნების“ „ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა ყოფილი „გაიშნიკი“ და თარგამაძის მარჯვენა ხელი ემზარ საბანაძე. დღეს ის ონის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია და საპატრულო პოლიციის უფროს თემურ კუპატაძის სიმამრთან ერთად სრულიად აკონტროლებს ონის რაიონს.
საბანაძეების უხუცესმა, შვილის ხელით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საკუთარი „პალაჟენიის“ დაყენება კარგა ხანია, დაიწყო.
ემზარ საბანაძის ნათლული, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა.
„ქართული ოცნების“ მომხრეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ მუხროვანის ამბოხს და ამბოხის მერე მუხროვანის ბაზაზე გადაღებულ ვიდეოს, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს. ეს ვიდეო ვანო მერაბიშვილის დაკავების მერე გამოჩნდა და დიდხანს ტრიალებდა სოციალურ ქსელში. ამ ვიდეოზე ჩანს ამირან მესხელის ყოფილი თანაშემწე და შს სამინისტროს ამჟამინდელი მაღალჩინოსანი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ფაქტის დასტურად ვაქვეყნებთ ფოტოს მუხროვანის ბაზაზე გადაღებული ვიდეოდან. ალბათ, მარტივი გასათვლელია ის ფაქტი, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ამბოხებულ ბაზაზე ვერ მოხვდებოდა ვერც ერთი ის პირი, რომელიც ვანო მერაბიშვილის განსაკუთრებული ნდობით არ სარგებლობდა.
შსს გენერალური ინსპექციის უფროს ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ბიოგრაფია არც შს სამინისტროსა და არც გენერალური ინსპექციის ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება. როგორც ჩანს, ასე ცდილობს იგი საკუთარი ბიოგრაფიის იმ წლების დამალვას, რომელიც ამირან მესხელისა და ვანო მერაბიშვილის გვერდით, კონტრდაზვერვასა და თავდაცვის სამინისტროში გაატარა. სამაგიეროდ, „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის „ლუბიმჩიკია“. „კეზერა“ „ხოჯევანას“ ხშირად ეხუმრებოდა, _ რა უცნაური გვარი გაქვს, სრულად მისი გამოთქმა მიჭირს, ამიტომ მოადგილეს დაგიძახებ ხოლმე და შენი მეტსახელიც „მოა“ იქნებაო, გენერალური ინსპექციის უფროსს დღემდე სწორედ კეზერაშვილის შერქმეულ „კლიჩკა“ „მოას“ ეძახიან.
მინისტრის მოადგილის მამა მხოლოდ ამ დანიშვნებით არ შემოფარგლულა. დღეის მდგომარეობით კახა საბანაძის ქვისლი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია, მანამდე ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. „ოცნების“ კადრი არც კონსტანტინე ანანიაშვილია, ისიც 2005 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის უფროსი.
კახა საბანაძის მეუღლე ანა ვახტანგიშვილია, კონსტანტინე ანანიაშვილის მეუღლე კი _ გვანცა ვახტანგიშვილი. ეს ფაქტი დოკუმენტურად დადასტურებულია საბანაძისა და ანანიაშვილის ქონებრივ დეკლარაციებში.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა თორნიკე რიჟვაძე, არამედ სწორედ ანანიაშვილი აკონტროლებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყველა ბიზნესი, მშენებლობები, გასხვისებული მიწები, საზღვარი და ა. შ. სწორედ კახა საბანაძის ქვისლთან ლაგდება. მათ შორის, მასთან ალაგებენ ურთიერთობას კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ყველაზე ხშირად სწორედ საზღვრისპირა რეგიონებში ატარებენ ქურდულ „სხოდკებს“.
მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გააგდეს, მას თან გუბერნატორებიც მიაყოლეს, ამ ფაქტით ისევ კახა საბანაძემ ისარგებლა და საკუთარი გავლენები კიდევ უფრო მეტად გაფართოვა. შიდა ქართლში გუბერნატორის პოსტზე, არც მეტი არც ნაკლები, მამამისის ნათლულისა და გენერალური ინსპექციის უფროსის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშნა.
ძმისგან განსხვავებით გიორგი ხოჯევანიშვილს საკუთარი ბიოგრაფია ჯერ არ დაუმალავს, მისი კარიერული წინსვლაც „ვარდების რევოლუციის“ დროს დაიწყო:
2006-2007 წლებში იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის სახელშეკრულებო განყოფილების მრჩეველია სამართლებრივ საკითხებში;
2007 წლის სექტემბერ-დეკემბერში მუშაობდა „ვენეციის კომისიის“ კონსულტანტად;
2008-2010 წლებში ეროვნული კომისიის უფროსი იურისტია;
2009-2010 წლებში _ „ვენეციის კომისიის“ წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში;
2010-2013 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსია;
2013-2018 წლებში მუშაობდა „მაგთიკომში“ იურიდიული სამსახურის უფროსად;
2018 წლიდან გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორია.
გოგა ხოჯევანიშვილის ბიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო სწორედ ის პერიოდია, როცა იგი ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის დროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსია. ეს ის პერიოდია, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად საუბრობს ციხეებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე. იმართება საპროტესტო აქციები და ადვოკატებსაც კი სულ უფრო ურთულდებათ დასაცავ პირებთან კომუნიკაცია. ციხიდან განთავისუფლებული პატიმრები ყვებიან ე. წ. წითელ პარასკევზე, როცა კარანტინიდან პატიმრების კორპუსზე აწევა ხდება და პატიმრებს არაადამიანური წამების გავლა უწევთ „დუბინკების“ თანხლებით. მოგვიანებით, ვრცელდება ე. წ. ციხის კადრები, რომლის მთავარი ეპიზოდი სწორედ კარანტინის დაშლის კადრებია. ამ კადრების გასაჯაროების მერე დასავლეთმა ერთხმად აღიარა სისტემური დანაშაული, რომელიც პენიტენციურ სისტემაში ხდებოდა, არადა, ამ დრომდე და ციხის კადრების გავრცელების პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხოჯევანიშვილი დასავლეთსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებდა, რომ ქართული ციხე ნამდვილი სამოთხეა.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა კიდევ ერთი ნათესავი დანიშნა თანამდებობაზე. გენერალური ინსპექციის უფროსი არ ჩამორჩა საკუთარ პროტეჟე კახა საბანაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის ხელმძღვანელად, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარი ქვისლი _ ნიკა გელაშვილი დანიშნა.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მეუღლე ქეთი იორდანიშვილია, ნიკა გელაშვილის _ გვანცა იორდანიშვილი. ფაქტი დოკუმენტურად ხოჯევანიშვილისა და გელაშვილის ქონებრივი დეკლარაციებით დასტურდება.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გიორგი გახარია ერთხანს ძალიან უკმაყოფილო იყო კახა საბანაძის საქმიანობით და თანამდებობიდან მისი გადაყენება ჰქონდა გეგმაში. საბანაძემ პოსტი მხოლოდ იმიტომ შეინარჩუნა, რომ მისი ადგილის დაკავება სუს-ის უფროსის მაშინდელ მოადგილე სოსო გოგაშვილს უნდოდა. გოგაშვილის მოადგილეობას გახარიამ ისევ საბანაძის მოადგილეობა არჩია.
„ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთი ბინძური ტაქტიკა შვილმოკლულ მამებთან შვილმოკლული მშობლების დაპირისპირებაა. ბუტა რობაქიძის დედამ 7 ნოემბერს აქციაც კი მოაწყო „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი შვილის მკვლელების დასჯა.
ია მეტრეველის საყურადღებოდ: დღეს კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ ფოტოს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილიდან, კადრში ჩანს პოლიციის მაღალჩნოსანი დავით ბედია. დავით ბედია 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევას ხელმძღვანელობდა, მაშინ მას შს სამინისტროს აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, თუმცა ამის მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დააწინაურეს და კრიმინალური პოლიციის უფროსად დანიშნეს. მისი რეკომენდატორი ირაკლი ღარიბაშვილთან ალექსანდრე ტაბატაძე იყო. დავით ბედიას გვარმა კიდევ ერთ სკანდალში გაიჟღერა ამჟამად, ახალი ხელისუფლების პირობებში. საქმე ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას, რომლის გამოც თანამდებობიდან გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.
„ტრაქტორების საქმეში“ შვიდი პირის დაკავების საფუძველი გახდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მომზადებაშიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის სპეციალისტი, დავით ბედიას მამა მონაწილეობდა.
მიუხედავად სამართლიანობის აღდგენის დაპირებისა, „ოცნების“ ხელისუფლებამ დავით ბედია ამჟერად სუს-ში დააწინაურა და ის დღეს ალეკო ტაბატაძის მარჯვენა ხელია, არც ია მეტრეველი ჩქარობს სუს-თან აქციის მოწყობას და არც ვახტანგ გომელაური _ ბედიას თანამდებობიდან გადაყენებას.
კიდევ ერთი ოდიოზური ფიგურა, რომელიც სუს-ში დააწინაურეს, სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილია.
ჯერ კიდევ 2015 წელს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებდა, რომ გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმე 2015 წლის მარტში გაიხსნებოდა და პირდაპირ ასახელებდა ზვიად ხარაზიშვილს. კობაიძე აცხადებდა, რომ იმ დროისთვის კარალეთის სპეცრაზმის უფროსი თანამდებობას მალე დატოვებდა და მას დააკავებდნენ. „რატომ რჩება თანამდებობაზე ეს ადამიანი, ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ რადგან მე ვიცი პროკურატურის დამოკიდებულება, უკვე მშვიდად ვარ, ის ჩამოშორდება სამსახურს“, _ აცხადებდა ლექსო კობაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, სამი წელიც გავიდა, მაგრამ ზვიად ხარაზიშვილი არათუ დააკავეს, არამედ დააწინაურეს და სუს-ის სპეცრაზმის უფროსად დანიშნეს. ამ წლების განმავლობაში ხარებას დაწინაურება არც გია კრიალაშვილის ადვოკატსა და არც კრიალაშვილის დას, ლია კრიალაშვილს გაუპროტესტებია, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.
კიდევ ერთი პირი, რომელიც სუს-ის მაღალჩნოსანია, ისევ მუხროვანის ბაზაზე გადაღებულ ვიდეოში ვანო მერაბიშვილის გვერდით მდგომი გურამ შარაძის ძმისშვილი, ნიკა შარაძეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ში დააწინაურა.
სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობაზე დანიშვნას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ლობირებდა.
კიდევ ერთი ყოფილი ზონდერი „ქრონიკა+“-მა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აღმოაჩინა, _ გუბერნატორის მოადგილე გიორგი დალაქიშვილი საკუთარ ბიოგრაფიაში საგულდაგულოდ მალავს იმ ფაქტს, რომ 2007 წელს კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო და „იმედის“ დარბევაში, ტელევიზიის აპარატურის დაზიანებასა და ავტომობილებიდან ტექნიკის მოტაცებაშიც მონაწილეობდა.
ეს არის არასრული სია იმ მაღალჩინოსნებისა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებიდან ივანიშვილის ხელისუფლებაში გადმოპორტირდნენ.
პირველი ასეთი დიდი როტაცია 2014 წელს განხორციელდა, შს სამინისტროში თამაზაშვილის მიერ დანიშნული ყოფილი ზონდერების სიით იური ვაზაგაშვილი რედაქციიდან რედაქციაში დადიოდა. მისი ბოლო ინტერვიუ „ქრონიკა+“-მა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილმა ეს სია ბიძინა ივანიშვილსაც მიუტანა, გაბრაზებულმა ივანიშვილმა კი თამაზაშვილის პროტეჟე ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
იმედია, ვინმე კეთილგონიერი ადამიანი ბიძინა ივანიშვილს ამ ფაქტებსაც გააცნობს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზონდერებსა და „სისხლიანი რეჟიმის“ შემქმნელებს საჭირო მისამართებზე მიაკითხავენ.
„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და გადამოწმებულ ფაქტებს გზადაგზა მოგაწვდით.