1919 წლის მარტი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-33.

დამფუძნებელი კრება

1919 წლის მარტი. საქართველოში მოსახლეობის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს _ დამფუძნებელი კრების, იგივე პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ეს არ იყო მხოლოდ 1919 წლის მარტის გამორჩეული მოვლენა, ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი. საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ჰყავდა, რომლის საშუალებითაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მყარი საფუძველი ჩაეყარა.
გაზეთი „საქართველო“ 1919 წლის 9 მარტს მცირე ცნობას აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც ვიგებთ, რომ პარლამენტის პრეზიდიუმმა დამფუძნებელი კრების გახსნის დღედ 12 მარტი დაადგინა. აქვე აღნიშნული იყო, რომ პირველი სხდომა მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში შუადღეს 12 საათზე გაიმართებოდა. როგორც ირკვევა, სხდომას დამფუძნებელი კრების უხუცესი წევრი გახსნიდა, შემდეგ აირჩევდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს. ამავე დღეს შედგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერაც, რომელსაც დამფუძნებელი კრების ყველა წევრი მოაწერდა ხელს. ცნობაში წერია, რომ პირველ სხდომაზე არ იყო გათვალისწინებული დეპუტატების სიტყვით გამოსვლა და მილოცვების წარმოთქმა.
დამფუძნებელი კრების გახსნაზე მოხვედრა მხოლოდ სპეციალური ბილეთებით შეიძლებოდა. ბილეთების მფლობელთა სია კი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ იყო დაბეჭდილი.
დამფუძნებელი კრების შეკრების დღეს გაზეთი „საქართველო“ მოზრდილ წერილს აქვეყნებს, სადაც ხაზგასმულია თუ რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტს და რა როლი ენიჭება მას ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში: „დიდი ისტორიული დღეა. 12 მარტის თარიღით ქართველი ერის ცხოვრებაში სრულიად ახალი ხანა დაიწყო, ახალია არა იმით, რომ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას საზეიმო დასტური დაეცემა. საქართველოს დამოუკიდებლობამ წინ უსწრო საქართველოს დამფუძნებელ კრებას და თავისი-თავი ფაქტიურად თვითვე დაადასტურა იმ უწყალო სისხლით და აუარებელი მსხვერპლით, რომელიც მან ქართველ ერს გამოაღებინა, დამოუკიდებლობისა და მამულიშვილობის მთელი ათი თვეა, ქართველი ერის ბუნებას რომ ჩაეთვისა და აუზენაესებს…
…საქართველო 12 მარტს გამოეთხოვა სოციალ-პოლიტიკურ წყობილების ძველ ფორმას და ეზიარა ახალს, მომავლისას. 12 მარტი ზღვარია. მის უკან რჩება ფეოდალური სამეფო, მის წინ იშლება ხალხოსნური რესპუბლიკა. ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას მეთაურობდა მარტო თავად-აზნაურობა. ახლა კი საქართველოს მომავალი სიმტკიცისა და სახელმწიფოებრივ ბრწყინვალების შექმნას გაუძღვება მთელი ხალხი.
12 მარტი ისტორიული გამოთხოვების დღეა. ვიცით რა იყო წარსული. მომავალი მხოლოდ პერსპექტივაშია. დიდი იმედებით აღსავსენი მივესალმებით იმ წმინდა საიდუმლოს, როდესაც ქართველი ხალხი უზენაესი უფლებით შეიმოსა და პოლიტიკური შემოქმედების სუბიექტად გადაიქცა. დღევანდელ საზეიმო დღეს, როდესაც იხსნება საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრება, ვივიწყებთ ზოგიერთ მის სადავო ღირებულებას, შინაურ განწყობილების სფეროში, _ ეს დროებითია და წარმავალი; და მთელის ჩვენის რწმენის სიმტკიცით ვსცნობთ და აღვნიშნავთ მის ღირებულებისა და ავტორიტეტის სრულ უზენაესობას და უნივერსალობას საქართველოს დამოუკიდებლობის დაფუძნების საქმეში.
12 მარტის პირველ საისტორიო სხდომაზედ საქართველოს დამფუძნებელ კრებას საქვეყნოდ პირველად გამოაქვს ქართველი ხალხის ნამდვილი სიტყვა და ნებისყოფა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა-განმტკიცების შესახებ. მთელი ქართველი ერი ღრმა მოწიწებით მიესალმება დამოუკიდებლობის დადასტურების ამ დიად აქტს. გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელ კრებას. გაუმარჯოს 12 მარტს“.
გაზეთ „საქართველოს“ 13 მარტის ნომერში პირველ გვერდზე დაბეჭდილი იყო საქართველოს სახელმწიფო ღერბი, რომლის ქვეშ მოთავსებული ტექსტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრება, არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით, თავის პირველივე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებდა და ადასტურებდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს თბილისში გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ამის შემდეგ მოყვანილია თავად დამოუკიდებლობის აქტიც.
ამავე ნომერში მეორე გვერდი მთლიანად დამფუძნებელი კრების გახსნის აღწერას ეთმობა. გაზეთში დაბეჭდილი რეპორტაჟიდან ვიგებთ, რომ 12 მარტს თბილისის ქუჩებში დილიდანვე გამოცოცხლება და ხალხმრავლობა იგრძნობოდა. დახურული იყო ყველა მაღაზია. აივნებზე და სახლის სახურავებზე გამოფენილი იყო ეროვნული დროშები. საზეიმო მანიფესტაციები დილის ათი საათიდან დაიწყო. ხალხის უწყვეტი ნაკადი მეფის ნაცვლის ყოფილი სასახლისკენ მიემართებოდა.
რეგულარული არმიისა და ეროვნული გვარდიის ნაწილები გოლოვინის პროსპექტზე წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იკრიბებოდნენ. თავად სასახლე ეროვნული დროშებით იყო მორთული. როგორც რეპორტაჟიდან ჩანს, სასახლეში შესვლა სამი კარის მეშვეობით შეიძლებოდა. ერთი კარი მთავრობის წევრების, დეპუტატებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი. მეორე კარიდან საზეიმო სხდომაზე შედიოდნენ პრესისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყების თანამშრომლები. მესამე კარი კი მოწვეულ სტუმრებსა და საზოგადოების გამოჩენილ პირებს დაეთმო.
სხდომათა დარბაზი ახლად შეკეთებული გახლდათ. პრეზიდიუმის წინ მოწყობილი იყო საგანგებო ტრიბუნა გამომსვლელებისთვის და ორატორებისთვის, რომელსაც ბრინჯაოსგან დამზადებული საქართველოს სახელმწიფო ღერბი _ თეთრი გიორგი ამშვენებდა. აქვე გაზეთი იძლევა ცნობას, რომ ეს ბრინჯაოს ღერბი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ თბილისის არსენალში ჩამოასხა.
დარბაზში დეპუტატთა ადგილები ორ რიგად იყო მოწყობილი და თითოეულ რიგში ათ-ათი დეპუტატის ადგილი იყო განსაზღვრული. პრეზიდიუმიდან მარცხენა მხარეს სამთავრობო ლოჟა მოეწყოთ, მარჯვენა ლოჟა კი საკათოლიკოსო საბჭოსთვის და დიპლომატიური კორპუსისათვის იყო განსაზღვრული. სამთავრობო ლოჟის გვერდით მდებარეობდა ჟურნალისტების ადგილი.
გაზეთი „საქართველო“ 1919 წლის 13 მარტი: „12 საათისთვის დეპუტატები ადგილებს იჭერენ; მარცხენა სკამებზედ წინ ზიან სოციალისტ-რევოლუციონერების 4 დეპუტატები. მარცხენა წყობის უკანასკნელი სკამები სოციალ-ფედერალისტთა დეპუტატებს უკავიათ; შემდეგ და თითქმის მთელს დარბაზში სოციალ-დემოკრატები; მარცხენა რიგზედ ეროვნულ-დემოკრატები არიან. პირველი სხდომისთვის 130 დეპუტატიდან 99 გამოცხადდა.
მთავრობის ლოჟებში სჩანან: მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მისი ამხანაგი ალ. მდივანი. იუსტიციის მინისტრი შალვა მესხიშვილი და სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი“.
აქვე ჩამოთვილია დიპლომატიური კორპუსის წევრებიც. როგორც სტატიიდან ჩანს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომას ესწრებოდნენ: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, უკრაინის, ლიტვის, ჩეხოსლოვაკიის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები. საკათოლიკოსო ლოჟაში ბრძანდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოსი ლეონიდე, პროფესორ კორნელი კეკელიძისა და საკათოლიკოსოს საბჭოს წევრის რ. ივანიცკის (ინგილო) თანხლებით.
12 საათზე პრეზიდიუმში ადგილი დაიკავა დამფუძნებელი კრების უხუცესმა დეპუტატმა სილიბისტრო ჯიბლაძემ, რომელსაც მხურვალე ტაშით ეგებებიან. მის გვერდით ადგილს იკავებს კრების მდივანი, ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი გოგიტა ფაღავა.
შემდეგ სილიბისტრო ჯიბლაძემ კრების პირველი სიტყვა წარმოთქვა, სადაც იგი დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოს მთავრობას მიესალმა. გაზეთი „საქართველო“ ჯიბლაძის სიტყვას სრულად ბეჭდავს, რომელსაც ჩვენ მცირე შემოკლებით გთავაზობთ: „ამ კაი დღესაც მოვესწარი, ჩემი ცხოვრების ბჭენი მიწურულშია; ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს დღე ყველაზედ უნეტარესი და უბედნიერესი არის. ბედმა წილად მარგუნა გახსნა ამ დიდი, ორმაგათ დიდი და უჩვეულო დღესასწაულისა.
ბატონებო. დიდო ბატონებო! დამფუძნებელ კრების წევრნო! უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მოგიძღვნათ ჩემი გულწრფელი, გულის სიღრმიდან ამოღებული სალამი. ნება მიბოძეთ მოგილოცოთ ეს დიდი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულ წლოვანებისა…
ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ნება მომეცით მოგესალმოთ თქვენ! კეთილ იყოს თქვენი შემოსვლა ამ თეთრ დარბაზში, სადაც ვინ უწყის, რამდენი შავი საქმე გაკეთებულა; ბედნიერ იყოს თქვენი აქ დაბინავება.
კურთხეულ იყოს საფუძველი იმ ახალი სახელმწიფო შენობისა, რომლის ასახებათ მოსულხართ თქვენ აქ; მეტად სერიოზულ მომენტში გარგუნათ ბედმა ეს მძიმე მოვალეობა. დღეს ახალი სურათი იშლება საკაცობრიო ისტორიისა; ისტორია დღეს თითქოს, გამოერკვია საღათას ძილისაგან, უკან გამოიხედა და თითქოს, პირველად იხილა მან მთელი სიმძიმე იმ ცოდვებისა, რომლის მოწამეც ის არის. ჩვენ ვხედავთ, თუ რა თავბრუ დამსხმელი სიჩქარით მიექანება ცხოვრება; ჩვენ ვხედავთ თუ რა საშინელი ნგრევაა ძველისა და შენება ახლის; ჩვენ ვხედავთ როგორ ინგრევიან უზარმაზარი სახელმწიფონი და ისპობიან მთელი წოდებანი; ნაფოტივით იმტვრევიან ტახტები, რომელთა ერთი სახელი შიშის ზარს სცემდა ხალხს.
თავისთავად ისმება აქ საკითხი, თუ რა დავკარგეთ ჩვენ ამით და რა შევიძინეთ? პასუხი მოკლეა: დავკარგეთ ის, რის დაკარგვაც ბედნიერება არის. წყევლა-კრულვა ძველ მონობას და ჩაგვრას. გამარჯვება მოპოვებულ თავისუფლებას!“
ამის შემდეგ დამფუძნებელმა კრებამ თავმჯდომარედ სოციალ-დემოკრატიული პარიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩია. პირველი, რაც დამფუძნებელმა კრებამ მოიმოქმედა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება იყო. დამოუკიდებლობის ტექსტზე თითოეულმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. პირველი ხელმოწერის პატივი კი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ერგო.
დამფუძნებელი სხდომის დახურვის შემდეგ სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობასა და ჯარის ნაწილებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალ. ლომთათიძემ საზეიმო სიტყვით მიმართა და საჯაროდ დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა. ლომთათიძეს აქტის კითხვა მოსახლეობამ რამდენჯერმე ტაშით შეაწვეტინა.
ნაშუადღევის სამის ნახევარზე, ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა, აგრეთვე მილიციის რაზმებმა, მწყობრი ნაბიჯით და ეროვნული ჰიმნის სიმღერით სასახლის წინ მდებარე მოედანი დატოვეს და ყაზარმებისკენ გაემართნენ. ამის შემდეგ მოსახლეობაც დაიშალა.

საქართველოს ახალი მთავრობა

დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ დღის წესრიგში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხი დადგა, რომლის უფლებამოსილებაც საკანონმდებლო ორგანოს უნდა დაემტკიცებინა. 14 მარტს საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით გადადგა. გადადგომის წინ ჟორდანია დამფუძნებელი კრების წინაშე გაწეული სამუშოს ანგარიშით წარდგა, შემდეგ კი დეპუტატებს აუწყა, რომ მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. ნოე ჟორდანია: „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დაბლა თავს გიკრავთ, გისურვებთ კეთილ ბრძანებას და თან გეთხოვებათ. მთავრობამ მიაღწია ერთ თავის ძირითად მიზანს, მოიწვია საქართველოს ნამდვილი ბატონ-პატრონი. შეჰყარა დამფუძნებელი კრება და აი ეხლა მას შეუძლია თქვენს წინაშე განიმეოროს სიტყვანი მოხუცი მიმრქმელი სიმეონისა“, _ განაცხადა ჟორდანიამ.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი იყო. 22 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ნომერში მოკლე ცნობას ვხვდებით, სადაც უკვე ახალი მთავრობის შესახებ ვკითხულობთ. ხელისუფლების სათავეში კვლავ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია აღმოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის უწყება ევგენი გეგეჭკორმა ჩაიბარა; შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვა და განათლება ნოე რამიშვილის ხელში გადავიდა; ვაჭრობა-მრეწველობისა და ფინანსების საქმე კონსტანტინე კანდელაკს ჩააბარეს; მიწათმოქმედებისა და გზების მინისტრად კი ნოე ხომერიკი დაინიშნა.
ძველი მთავრობისგან განსხვავებით, საქართველოს ახალი მთავრობა ერთპარტიული გახდა და მას მთლიანად სოციალ-დემოკრატიული პარტია აკონტროლებდა. ამის გამო ოპოზიციურ პარტიებში უკმაყოფილება გაჩნდა. გაზეთი „საქართველო“, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭვდითი ორგანო გახლდათ, 25 მარტის ნომერში ახალ მთავრობას საკმაოდ კრიტიკულად უდგება და მეწინავე სტატიაში გაღიზიანებას ვერ მალავს: „ახალი კაბინეტიც შესდგა. 21 მარტს იგი წარსდგა დამფუძნებელი კრების წინაშე. ძველ მთავრობას და ამ ახალ მთავრობას შორის ის განსხვავებაა, რომ პირველის დროს თითო სამინისტრო თითო პირს ებარა, ახლა კი თითო პირს ორი და სამი სამინისტრო ჩაუბარებია. მსხვერპლად შეიწირა ფედერალისტების ორი სამინისტრო: იუსტიციისა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაყლაპა და განათლებისა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა შთანთქა. ასეთივე ბედი ეწვია ერთი სოციალისტ-რევოლუციონერების სამინისტროსაც, გზათა მინისტრმა შემოიღობა, ესევე მოუვიდა ამხ. ერაძის სამინისტროსაც, რომელიც იმავე გაუმაძღარმა ხომერიკმა თავისთვის გაიტანა. ვაჭრობა-მრეწველობისა და ფინანსების სამინისტროს სათავეში მოექცა ბატონი კანდელაკი, რომელიც ძველს მთავრობაში ამავე სამინისტროში მინისტრის ამხანაგის თანამდებობას ასრულებდა. ამ მომხდარ ცვლილებების გამო ახალმა კაბინეტმა მიიღო ერთფეროვანი სახე, სოციალ-დემოკრატიული. მთავრობის სათავეში ისევ ბატონი ნოე ჟორდანია დარჩა“.

ახალციხის ფრონტი

1919 წლის თებერვალში მესხეთში ოსმალთა წაქეზებით მოწყობილი მუსლიმთა ამბოხის შემდეგ რეგიონი, ფაქტობრივად, საქართველოს კონტროლიდან გამოვიდა. მხარე განუკითხაობამ და ანარქიამ მოიცვა. მკვეთრად გაიზარდა კრიმინალური ფონი. ყაჩაღთა ბანდები და მუსლიმი ბეგების მხარდამჭერი შეიარაღებული დაჯგუფებები მოსახლეობას დაუნდობლად ძარცვავდნენ.
ახალციხიდან და მესხეთის ქართული სოფლებიდან დევნილთა უზარმაზარი ნაკადი გაჩნდა. გაძარცვეს მემამულე ორბელიანი, მოკლეს მაზრის მილიციის უფროსი, მისი თანაშემწე, ყველა მილიციელი და ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელმაც რეგიონის დატოვება ვერ მოასწრო. ე. წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის მთავრობამ ძალდატანებითი მობილიზაცია დაიწყო და ვინც ამ კანონს არ ემორჩილებოდა ყველას სასტიკად უსწორდებოდნენ.
საქართველოს ხელისუფლებამ თებერვალში განცდილი მარცხის შემდეგ, როდესაც ახალციხე ამბოხებულთა ხელში აღმოჩნდა, ხოლო ქართული ჯარი დამარცხდა, რეგიონში სახალხო გვარდიისა და რეგულარული არმიის ნაწილები გააზავნა, რომელსაც გენერალი გიორგი კვინიტაძე ხელმძღვანელობდა.
8 თებერვალს გაზეთი მოკლე ცნობას ბეჭდავს, საიდანაც ვიგებთ, რომ ქართულმა ნაწილებმა ახალციხის დაბრუნება შეძლეს, 13 თებერვალს კი ფრონტიდან მიღებული უფრო დეტალური ინფორმაცია გაჩნდა: „10 მარტს ღამის 10 საათზედ საქართველოს რესპუბლიკის ჯარები შევიდნენ აბასთუმანში. გენერალ კვინიტაძის ოპერაციები ახალციხის ფრონტზედ, დაახლოებით ასე მიმდინარეობდა: სასტიკი ბრძოლის შემდეგ, რომელიც მან მისცა აწყურში გამაგრებულ ჯარს, იგი გაემართა ახალციხისაკენ, სადაც მტერი ისევე ძლიერად იყო გამაგრებული; ჯავშნოსნების ალყა შემოარტყა ქალაქს, ხოლო შიგ გაგზავნილ იქნა ცხენოსანი ჯარი.
ახალციხე აღებულ იქმნა, თითქმის, უბრძოლველად, საქართველოს ჯარებმა დაუყოვნებლივ დაიკავეს ფოსტა-ტელეგრაფი, ხაზინა და ყველა სახელმწიფო დაწესებულებანი; ინგლისელებმა, რომელნიც სდარაჯობდენ ქალაქში, ქართველების მისვლისთანავე მათ გადასცეს ყველა სადარაჯონი.
10 მარტს დილის 10 საათზედ აბასთუმანის გზაზედ, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებით გაემართნენ ჯავშნოსნები და უკან მოექცნენ სოფელ არხავს; საღამოს 10 საათზედ ჯარის მოწინავე ნაწილებმა აბასთუმანი აიღეს. მტრის რაზმებს, როგორც ამბობენ, დამარცხების შემდეგ თვით მოუკლავთ თავიანთი ხელმძღვანელები.
გენერალ კვინიტაძის ჯარში შესანიშნავი წესრიგია დამყარებული და არავითარ უწესობას ადგილი არა ჰქონია; ჯარის სულიერი განწყობილება აღფრთოვანებულია. ახალციხეში, საღამოს 7 საათიდან ყოველივე მოძრაობა აღკრძალულია და თვით სამხედრო პირებიც ვალდებულნი არიან საგანგები მოწმობები ატარონ თან. ყოველი განკარგულება მთავარ-სარდლისა დაუყოვნებლივ სრულდება. მცხოვრებლებიც დიდი პატივისცემით ეპყრობიან ქართველ გენერალს“.
როგორც საგაზეთო ცნობებიდან ჩანს, აბასთუმანის ოპერაციის დროს ქართულმა ნაწილებმა სამწუხარო დანაკლისი განიცადეს. მოკლეს 8 ჯარისკაცი, ხოლო 50-მდე დაიჭრა. თავად ახალციხე ჯერ კიდევ სავსე იყო ქართველი დევნილებით. ასევე ირკვევა, რომ ქართული ჯარი მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთით არ კმაყოფილდებოდა და უფრო წინ მიიწევდა. 25 მარტს დაბეჭდილი ინფორმაციის მიხედვით, ქართული არმია უკვე არტაანის ოლქში შევიდა. გაზეთიდან ირკვევა, რომ არტაანისა და შემდეგ უკვე ოლთისის ოლქების დაკავება დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული. გაზეთი „საქართველო“: „17 მარტს საქართველოს მთავრობამ თბილისში აცნობა ბრიტანეთის სამხედრო მისიას, საქართველოს ჯარების შესვლის აუცილებლობა ფოცხოვის რაიონში, სადაც იმყოფებიან საქართველოს მოწინააღმდეგე ბანდები. მთავრობამ წინადადება წამოაყენა, რათა არჩეულიყო შერეული კომისია საქართველოს წარმომადგენელთაგან და ინგლისის მისიის მონაწილეობით დროებითი საზღვრების გამოსარკვევად ახალციხის მაზრისა და არტაანის რაიონს შორის.
19 მარტს ბრიტანეთის სამხედრო მისიამ აცნობა მთავრობას, რომ ის თანახმაა შერეულ კომისიის შედგენაზე ბრიტანეთის ოფიცრის თავმჯდომარეობით. ამასთან ერთად მისსიამ შეატყობინა, რომ საქართველოს ჯარების წინ სვლა არტაანის ტერიტორიის მიმართ გამართლებული უნდა იყოს, რადგანაც იგი იყო აუცილებელი თავდაცვა საქართველოს მხრივ. უაზრობისა და უთანხმოების თავიდან ასაცილებლად მისსიამ სავალდებულოდ ჰსცნო საქართველოს ჯარებთან ერთად, არტაანის ოლქში წარმომადგენლათ გაეგზავნა პოლკოვნიკი სტუარტი“.

ტიფის ეპიდემია

1919 წლის მარტში საქართველოში ტიფის ეპიდემიამ კიდევ უფრო იფეთქა. გაზეთში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, გადამდები სენით ათასობით ადამიანი გახდა ავად. ტიფით, რომელსაც მოსახლეობა შავ სახადს ეძახდა, 1919 წლის იანვარში 1878 მოქალაქე დასნეულდა. თებერვალში ავადმყოფდა რიცხვი 1833 იყო, მარტის პირველ კვირას კი ეს დაავადება უკვე 554 კაცს შეეყარა. როგორც გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, მარტის დასაწყისში ქალაქის საავადმყოფოებში 1217 ტიფიანი პაციენტი იწვა.
თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკა გახლდათ. ავადმყოფთა რეალური რიცხვი კი გაცილებით მეტი იყო, რადგან ქალაქის საავადმყოფოები პაციენტთა მიღებას ვერ აუდიოდნენ და ადგილის უქონლობის გამო ხშირად ავადმყოფებს სახლში უშვებდნენ. გარდა ამისა, მოსახლეობა უმეტეს შემთხვევაში თავს არიდებდა საავადმყოფოებს, რადგან იქ პაციენტების მოვლის სათანადო პირობები არ იყო შექმნილი.
ქალაქში გადაიდო სწავლის პროცესი, დაიხურა სადალაქოები და აბანოები. მკაცრი კონტროლი დაწესდა სარკინიგზო სადგურებში. ქუჩაში აიკრძალა სასმელი წყლით ვაჭრობა. ქალაქის სანიტარიული სამსახური სპეციალურ ბროშურებს ავრცელებდა, სადაც მოსახლეობას ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებდა და ავადმყოფობის თავიდან აცილების მეთოდებს ასწავლიდა. დაიხურა თბილისის უკლებლივ ყველა სინემატოგრაფი. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 6 მარტი: „სანიტარული კომისიის უფროსი ექიმის გოპაძის დადგენილებით დახურულია ყველა კინემატოგრაფები დეზინფექციის გულისათვის, რადგან აუარებელი დამსწრე ხალხი თითქმის აქედან იღებს სახადის გადადებას. კინემატოგრაფები გაიხსნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სანიტარული დეზინფექციის საქმე მოგვარებული იქმნება“.
სენის გადადების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ექიმები და სანიტრები იყვნენ, რომლებიც ტიფიან პაციენტებს სპეციალურ ბარაკებსა და საავადმყოფოებში უვლიდნენ. 22 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მარტის თვეში ტიფით ორ ათეულამდე ექიმი დასნეულდა, რომელთაგან 8 გარდაიცვალა. ექიმები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საავადმყოფოებში ილეოდა მედიკამენტები, პაციენტებისთვის არ იყო საკმარისი საკვები. თავად ექიმები და სანიტრები კი დაბალი ხელფასის გამო მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. 1-ლ მარტს გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილია წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო თბილისის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი გაფიცვას აპირებდა: „გადამდებ სენით ავადმყოფების საქალაქო ქსენონების მოსამსახურეთა კრებამ დაადგინა, რადგან ქალაქის საბჭომ არ დააკმაყოფილა ყოველივე მათი მოთხოვნილება, პარასკევს 28 თებერვლიდან ყველამ სამსახურს თავი დაანებოს. თუ ეს გაფიცვა აასრულეს და ქალაქის გამგეობა ვერ ჰპოვებს საშუალებას მოსამსახურეთა მოთხოვნოლების დაკმაყოფილებისათვის, მაშინ ათას ასზე მეტი მარტო სახადით ავათმყოფი (სხვა გადასადებ ავათმყოფების გარდა) მოუვლელნი და უწამლოთ დარჩებიან საავათმყოფოებში.
ქალაქის გამგეობა აქამდე არ აკმაყოფილებს მათ ჯამაგირის მიცემით, რომელიც მათ ეკუთვნით იანვრის და თებერვლის თვეებისა. ამ ორ თვის ჯამაგირის ყველა დამატებითის მაგივრათ ქალაქის გამგეობა ურიგებს მარტო 200 მანეთს თითო მოსამსახურეს, რომელიც ეკუთვნით მათ იანვრის ანგარიშში პურის სიძვირით გამოწვეულ ზედ დამატებით შემწეობას“.

ეკონომიკური მდგომარეობა

თავისთავად, ტიფის ეპიდემიის გავრცელება ქვეყანაში შექმნილი სავალალო ეკონომიკური მდგომარეობის შედეგი გახლდათ. მოსახლეობა შიმშილის პირას იდგა. დეფიციტური გახდა შაქარი. საოცრად გაიზარდა ფასი პურზე. დახლებიდან გაჰქრა პირველადი მოთხოვნილების საგნები. კატასტროფულად გაუფასურდა მანეთი. 1-ლ მარტს მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, შავ ბაზარზე ერთი ამერიკული დოლარი 14 მანეთი ღირდა, ფუნტი სტერლინგი _ 33 მანეთი; თურქული ოქროს ლირა _ 126 მანეთი, საბერძნეთის დრახმა კი _ 2 მანეთი.
მთავრობა ვეღარ არიგებდა ხელფასებს, ხოლო რაც რიგდებოდა, მოსახლეობას ეს გაუფასურებული თანხა საცხოვრებლად აღარ ჰყოფნიდა. 1919 წლის მარტში საქართველოში გაფიცვების სერია დაიწყო. მოსამსახურეები ხელფასის მომატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გაიფიცნენ ტრამვაის დეპოს მოსამსახურეები, ყასბებმა შეწყვიტეს საქონლის დაკვლა, სამსახურზე უარს აცხადებდნენ მეეზოვეები.
საინტერესო ცნობას ვკითხულობთ გაზეთ „საქართველოს“ 22 მარტის ნომერში, რომლის მიხედვითაც ქალაქის გამგეობამ შაქრის დეფიციტის აღმოსაფხვრელად საკონდიტოროებს ტკბილეულის წარმოება აუკრძალა: „ქალაქის გამგეობას შეაქვს საბჭოში მოხსენება სავალდებულო გამოცემის შესახებ, რომლის ძალით უნდა აეკრძალოთ კონდიტრებს კანფეტების, ტორტების, ქადების და სხვა საკონდიტრო ნაწარმოების მომზადება, ვინაიდან თბილისს შაქარი შემოაკლდა და ყოველ დღე სპეკულანტები მასზე ფასებს ადიდებენ, რასაც კანდიტრები ხელს უწყობენ. რადგანაც მათ შაქრის სიძვირე არ აწუხებთ და ერთი ასათ იბრუნებენ სპეკულიანტების შაქარზე გადაცემულ ფულს. ამ უკანასკნელ ორ სამ დღეში შაქრის ფასმა აიწია 1550 მანეთზედ ფუთიდან“.

მიხეილ ბასილაძე