რიცხვი 48 და დაბრკოლება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ელოდება

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მათ მიერ წარდგენილი, დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, მას იმედები გაუცრუვდა და მარცხი განიცადა, საზეიმოდ გაშლილი საკონცერტო სცენა წამებში დაიშალა, ზურაბიშვილს მისთვის დამახასიათებელი ცინიკური ღიმილი კი სახეზე შეაშრა. გაგიკვირდებათ და ორდღიანი დეპრესიის შემდეგ კახელებიც შეუყვარდა და მეგრელებიც. მარცხმა, სავარაუდოდ, მიახვედრა, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, უბრალოდ, აღიარება მაინც გაუჭირდა. „ჯიუტი ვარ და ბოლომდე წამსვლელი“, _ ამბობს ზურაბიშვილი, მაგრამ რამდენად გამოადგება ან როგორ გამოიყენებს თავის სიჯიუტეს, ამაზე მეორე ტურის შედეგებით ვიმსჯელებთ.

მოკლედ, მარცხი მმართველი გუნდისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ გამწარებულმა მეოცნებეებმა მეორე ტურისთვის ბრძოლა უცნაური მეთოდებით დაიწყეს. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გედევან ფოფხაძე დაგვემუქრა, თითი დაგვიქნია და გვითხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, სამოქალაქო ომი დაიწყებაო.
უფრო კონკრეტულად: რა შეცდომები დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“? რატომ არ უნდა აერჩია სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო ნომრად 48? ვის აქვს გამარჯვების უპირატესობა მეორე ტურში? და ემუქრება თუ არა 8 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ დაშლა?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრება:
_ ბატონი მიხეილ, საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც მოხდა და როგორც დასრულდა იგი, ყველამ ვნახეთ. როგორია თქვენი მოლოდინი, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ?
_ ამ ყველაფერს თავისი მიზეზები და პრინციპები აქვს, რომელიც ძალიან ბევრ შეცდომას უკავშირდება. ეკონომიკური მხარე და მიგრაცია საშინელი, ასევე გულაცრუება და ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ კანდიდატია ქალბატონი სალომე. ამას დაემატა წმინდა ეზოთერული შეცდომები.
_ რა სახის შეცდომებზე საუბრობთ?
_ სალომე ზურაბიშვილი არის დრაკონის წელიწადში დაბადებული თევზები. დრაკონისთვის ეს წელიწადი ძალიან მძიმეა. უბრალოდ, ის დღე იყო კარგი, თორემ წაგებას ვერ გადაურჩებოდა. გრიგოლ ვაშაძეს რაც შეეხება, ის ძაღლის წელიწადში არის დაბადებული და მისი წელიწადია, ამიტომ მას მოგების გაცილებით მეტი შანსი და პერსპექტივა აქვს. როცა „ოცნება“ კანდიდატს ირჩევდა, ეს არავინ გაითვალისწინა და არავინ მიაქცია ყურადღება, თუ როგორი წელიწადი აქვს ქალბატონ სალომეს და ეს უკან დამხევი ფაქტორია. მეორე ფაქტორი იყო თვითონ არჩევნების თარიღი. ჩემთვის რომ ეკითხათ, თარიღს უფრო ადრე გადავიტანდი. 28 ოქტომბერს მზე იყო მორიელის ზოდიაქოში. მორიელი მარსული ენერგიის მატარებელია, ამიტომ დაძაბულობა, აგრესია, ლანძღვა-გინება ყოველთვის მაღალია. საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია მორიელის ზონა 23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე. მთელი მიტინგები, დარბევები და ეს უბედურებები ამ დროს იყო სულ და არჩევნები ისეთ დაძაბულობასთან არის დაკავშირებული, რომ სჯობდა, სასწორის პერიოდში დანიშნულიყო. სასწორი მშვიდობიანი ნიშანია, დიპლომატია წინა პლანზეა წამოწეული, გაცილებით მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი, ანუ 23 ოქტომბრამდე, მაგრამ ვინ მკითხა? _ არავინ.
_ რას იტყვით ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერ 48-ზე?
_ ძალიან მაინტერესებს, ვინ ურჩია 4 და 8? ასტრონუმეროლოგიის კუთხით 4 და 8 ყველაზე ცუდი ციფრებია, რომელიც დაკავშირებულია მძიმე ბარიერებთან, პრობლემებთან და წინაღობებთან. „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია ეგეთი რიცხვი თავის დროზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 აქვს, რომელიც გამარჯვების პლანეტის რიცხვია. 48 აუცილებლად მისცემს ძალიან დიდ დაბრკოლებას. შეიძლება, გადალახოს, მაგრამ დიდი სირთულეებით.
რაც შეეხება დროშას, ის ძალიან უცნაურია და არ მომეწონა _ შავი ფონი და ყვითელი წრე. შავ ფონზე ამის გაკეთება უკვე ნეგატივია და ხელის შემშლელი ფაქტორი. ვინ უთხრა? ვინ ურჩია? საიდან მოიტანეს? რა მოეწონათ ან შავის ენერგეტიკა არ იციან, რას ნიშნავს და როგორ? ამას დაემატა ელექტორატის პასიურობა, მმართველი გუნდი კი იმდენად ეიფორიაში იყო, რომ სალომეს გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ. ბევრი არც მივიდა არჩევნებზე, საშინელი პიარკამპანია ჰქონდა. რამდენიმე წელია, ბატონ ბიძინას ვუკიჟინებ, რომ საზოგადოების წინაშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოჩნდეს. შეიძლება, გადასარევი მამაა, გადასარევი ბიზნესმენი და კარი ქველმოქმედი, მაგრამ იგი არ არის პიროვნება, რომელიც საზოგადოების წინაშე უნდა გამოდიოდეს და მით უმეტეს, ტელევიზიით. აქ გასათვალისწინებელია ორატორული და ლოგიკური მსჯელობის ფაქტორი, ასევე ბევრი ისეთი რამ, რაც არ არის საჭირო, რომ გამოჩნდეს. მისი ცხოვრებისეული კრედო არის: კულისებს მიღმა, რუხი კარდინალი. გამოვიდა და რა გააკეთა? ძალიან ბევრი იყო იმედგაცრუებული, უკმაყოფილო.
_ სალომე ზურაბიშვილის პერსონას როგორ დაახასიათებდით?
_ ცოტა ხისტი დიპლომატია, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცნობ და არაფერი საწინააღმდეგო მის პიროვნებასთან არ მაქვს. რაღაცებში არ ვეთანხმები, მაგრამ მთლიანობაში არაუშავს. საქმე ის არის, რომ ქართული ენა ძალიან უჭირს. სანდრასაც უჭირდა ქართული ენა, მაგრამ ის უფრო ალაგებდა წინადადებებს. სანდრამ მეგრულიც ისწავლა და ქართულადაც ამღერდა, გადარია ხალხი. სალომე სხვა ტიპია, რომელსაც არც სიმღერა შეუძლია და არც ცეკვა. სწორედ ამიტომ მისი გამოთქმები წამგებიანი იყო. შეიძლება ფიქრობდა ერთ რაღაცას, მაგრამ ამბობდა მეორეს და საბოლოოდ სხვა რაღაც გამოსდიოდა. საშინლად ჩაატარა პიარკამპანია, რაშიც აშკარად ჯობნის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიას ბრწყინვალე მონაცემები აქვს პიარის კუთხით. როცა „ქართულმა ოცნებამ“ ზარები ჩამოჰკრა და უხაროდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, სწორედ მაშინ დავწერე, რომ „ოცნება“ დიდ შეცდომას უშვებს-მეთქი. „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ ჭკვიანი ხალხისგან შედგება. ის, რაც მათ გააკეთეს, ძალიან მომგებიანია და გეტყვით, რატომ: ცალკეულ პარტიებად დაიქსაქსა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად არ უჭირდათ, ყველა ცალ-ცალკე თანხას იღებდა; ამას გარდა, საინფორმაციო გადაცემებში „ოცნებიდან“ თუ ერთი წარმომადგენელი აკეთებს კომენტარს, მათი მხრიდან ხუთი წარმომადგენელი საუბრობს სხვადასხვა პარტიის სახელით, რომელიც ერთსა და იმავეს ამბობს. ანუ მაყურებელზე პიარშეტევა მოხდა, რომელიც ხუთჯერ ისმენს ერთის სააწინააღმდეგო ერთ ინფორმაციას. შესაბამისად, ის ხუთი იგებს. გინდა-არგინდა, ქვეცნობიერში ხუთჯერ გამეორებული ჯდება. მაშინვე აღვნიშნე, რომ თუკი გაერთიანების საჭიროება იქნება, აუცილებლად გაერთიანდებიან-მეთქი და ასეც მოხდა. ყველა შეცდომა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს დააბრალოს.
ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როცა მანიპულირებენ და საზოგადოებაში ვითომ შიშს ნერგავენ, რომ თუ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, სამოქალაქო ომი დაიწყება. ყველა პარლამენტარს მოვუწოდებ და, მათ შორის, ბატონ ბიძინას, რომ გაიარონ პოლიტიკის კურსი. პოლიტიკა არის მეცნიერება, სქელი წიგნი, იგი ისწავლება, სადაც წერია წესები, რომელიც უნდა გამოიყენო. არც ერთ მათგანს, ვინც დღეს პოლიტიკაშია ჩართული, რამდენიმე დიპლომატის გარდა, წარმოდგენა არა აქვს პოლიტიკაზე, არ იციან რა არის პოლიტიკა. ასეთი კრიზისული მდგომარეობაა, გამოდიხარ საჯაროდ და ხალხს ეუბნები, „ნაციონალების“ გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყებაო, ეს ნორმალურია?! ამით აპირებენ მეორე ტურის მოგებას? იმის მაგივრად, გამოვიდნენ და თქვან, რომ ჩვენ შეცდომები დავუშვით და ახალ პრეზიდენტთან ერთად ვეცდებით, ნელ-ნელა გამოვასწოროთო, გამოდიან და ამბობენ, თუ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ომი დაიწყებაო. ეს არ არის პოლიტიკური და დიპლომატიური განცხადება.
_ აგონიაში არიან. ე. ი. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ პოლიტიკური ანბანი უნდა შეისწავლოს და მერე მართოს ქვეყანა?
_ აბა, რატომ გეუბნებით ამას. ყველას მოვუწოდებ, რომ 3-თვიანი პოლიტიკის კურსები გაიარონ. არც ერთმა მათგანმა არ იცის პოლიტიკა. პოლიტოლოგიის წითელი დიპლომი მაქვს, მაგრამ ამ სპეციალობით არ ვმუშაობ. საოცარი წიგნია, რომელიც ძალიან გამოადგებათ. შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა, წარმოადგინონ ერთი წლის პროგრამა: რას აპირებენ პენსიების, განათლების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის კუთხით, რამდენი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას და ა. შ.
_ თუმცა ეს პროგრამა „ქართულმა ოცნებამ“, ჯერ კიდევ, 2012 წელს წარადგინა, მაგრამ ყველა დაპირება დაპირებად დარჩა. არც ერთი მათგანი არ განხორციელდა. ჩვენ „9-წლიანი რეჟიმის“ მეტი არაფერი გვესმის და ხალხს ძალიან მობეზრდა ამდენი დაპირება, ფუჭად საუბარი. რეალურად, 6 წლის მანძილზე ახალი არაფერი გაკეთებულა. პირიქით, გვაქვს განადგურებული ეკონომიკა და უკიდურესი გაჭირვება. როგორ ფიქრობთ, ხალხი მოტყუვდება?
_ ახლა გადასარჩენად აქვთ საქმე. ამიტომ პიარი უნდა გაუშვან.
_ რას ნიშნავს პიარის გაშვება?
_ ის, რომ დაპირებები არ შესრულდა, ეგ სხვა თემაა, კიდევ უნდა გავახსენოთ და მოვთხოვოთ, მაგრამ პიარში ვგულისხმობ იმას, რომ გამოვიდნენ ხალხის წინაშე და შეცდომები აღიარონ.
_ თუმცა შეცდომის აღიარება არ უნდათ.
_ საქმეც ეს არის _ არ უნდათ. გამოდი, აღიარე, თუ საჭიროა, ბოდიშიც მოიხადე და უთხარი ხალხს, რომ ყველაფერს გააკეთებ. აი, ეს არის პიარკამპანია, იმედის მიცემა, ელექტორატის მოზიდვის ტექნოლოგია. ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკა არ გაუვლიათ და არ იციან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მხრივ გაცილებით განვითარებულია.
_ როგორ ფიქრობთ, რომელი რიცხვია მეორე ტურისთვის მომგებიანი? რომელ რიცხვში უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები?
_ გამომდინარე იქიდან, რომ თანაბარი ხმები აქვთ, ეს ძალიან სერიოზული სიგნალია კოსმოსიდან, მინიშნებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი მინიშნება იყო, როდესაც არჩევნების დღეს, დილის საათებში მოხდა მიწისძვრა, მცირეოდენი, მაგრამ მაინც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა რიცხვში დანიშნავენ არჩევნების მეორე ტურს. მაგალითად, 2 დეკემბერი ცუდი და რთული დღეა. იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა, რომელიც 9 ნოემბერს გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში, რომელიც მართავს იდეოლოგიურ-პოლიტიკურ სფეროს და რელიგიას. დიდი ცვლილებების დრო მოდის _ ახალი პოლიტიკური, ქარიზმატული ლიდერების, როგორც ეკლესიაში, ასევე პოლიტიკაში და იქნება კადრების სერიოზული ცვლილება. ოღონდ არა ისეთი, როგორც აქამდე იყო. მაგალითად, ჯეჯელავა რომ გაუშვეს და ამით რა ქნეს? _ ახალი მინისტრი მოვიდა, რომელსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებია. თუ ასე გაგრძელდა, პირდაპირ გეუბნებით, რომ 2 წლის თავზე საპარლამენტო არჩევნები „ქართულ ოცნებას“ წაგებული აქვს. კოსმოსი აღარ აპატიებს. სამყაროში არის 9-წლიანი განვითარების ზონა. აქედან მერვე წელი არის კრიტიკული. „მოქალაქეთა კავშირი“ 9 წელი იყო მთავრობაში. თავის დროზე, როდესაც შევარდნაძეს ეს ვუთხარი, სიცილად არ ეყო და სწორედ მაგ დროს „მოქალაქეთა კავშირი“ დაიშალა. როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინაც დავწერე და ვთქვი, რომ 9 წლის მერე დაიშლებიან-მეთქი და ასეც მოხდა.
რადიკალური ცვლილებებია საჭირო და არა ის, რომ წინ შეღებო და უკან ყველაფერი ჩამპალი დატოვო. 9 წელი გავიდა და „ნაციონალური მოძრაობაც“ დაიშალა, დაკარგა ძალაუფლება. ასევე გავაფრთხილე „ქართული ოცნებაც“, მაგრამ, წინამორბედისგან განსხვავებით, „ოცნებას“ მერვე კრიტიკული წელი ელოდება, რომელმაც 9 წლამდე შესაძლოა ვერც მიიყვანოს. პლანეტა სატურნის დამსჯელი წელიწადია და ძალიან ბევრი მოეთხოვებათ. ჩვენ უკვე გავიარეთ 6 წელი, პირველი სამი წელი _ პირველი სიგნალია, მეორე სამი წელი _ მეორე სიგნალია სამყაროდან და მესამე _ 9 წლის სიგნალი იქნება, თუმცა მერვე წელს შეიძლება, ყველაფერი დასრულდეს. დაგებადებათ კითხვა, რა შემთხვევაში? უნდა იმუშაონ ცვლილებებზე, მუდმივი ევოლუციური ცვლილებების აღმავალი გზა უნდა იყოს. ვინც კი მოდის მთავარობა თუ ხელმძღვანელი, მნიშვნელობა არ აქვს, კომოსი ამას ითხოვს, ეს კანონია. ყოველთვის უნდა იყოს ვერტიკალური, ბრუნვადი, ზევით მავალი, ანუ პროგრესი. ესენი ახლა ბოლო სამწლიან ზონაში შედიან, 2 წლის მერე სატურნის პერიოდი უდგებათ, ანუ საპარლამენტო არჩევნები, სადაც ან გავლენ, ან _ არა, თუ რაღაცა არ შეცვალეს. საჭიროა ახალი ქარიზმატული ლიდერების მოსლა და სისტემური ცვლილებები ქვეყანაში. ეს ჩემი მოგონილი არაა, ეს კოსმიური კანონზომიერებაა. სხვათა შორის, 2021 წლიდან საქართველო შედის ძალიან პერსპექტიულ და სერიოზულ განვითარების ზოლში, 2019 წელი არის პირველი კოზირი, რომელიც საქართველოს სამყაროდან ეძლევა, რომ დავიწყოთ სისტემური და მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამ ჯგუფმა უნდა მიიღოს შოკი, რომ რაღაცაზე იფიქროს და შეცვალოს. ჩვენ ვდგავართ ქართული ისტორიისა და განვითარების სერიოზული ცვლილებების წინაშე.
_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე რას გვეტყვით, ვის აქვს გამარჯვების უპირატესობა?
_ თუ დეკემბრამდე მოესწრება, უკეთესი იქნება, მაგრამ თუ არ მოესწრო, ძალიან მცირე უპირატესობა აქვს ქალბატონ სალომეს, 1%-ზე ნაკლებიც კი. ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გაივლიან მეორე ტურამდე პერიოდს. თუ იქნება სერიოზული მიდგომა და ანალიზი თავიანთი შეცდომებისა და დაპირება, მაშინ ელექტორატი შემოტრიალდება და ცოტათი წაწევს წინ, მაგრამ თუ ეს არ იქნა და შეშინებები დაიწყეს, მაშინ ის პატარა პრობლემაც შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს. ამათ ხელშია ძირითადი ძალაუფლება, პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა, რომელსაც ყველა სახის პრივილეგია ეკვეცება და ძირითადად საგარეო საქმეებით იქნება დაკავებული, სამაგიეროდ ტემპერატურა ექნება ყოველთვის მაღალი. სულ იქნება პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მხრიდან გაუთავებელი ლანძღვა-გინება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახლა უნდა ჩამოდგეს ბაქანზე მატარებელი და უნდა ჩაგვსვას, რომელიც მიდის წინსვლისკენ. აქ თუ ჩვენ არ მოვემზადეთ და ვიკინკლავეთ, ამ 12-წლიან ციკლს დავკარგავთ და ძალიან ვინანებთ. მერე რა იქნება, უკვე კაცმა არ იცის.
_ ბიძინა ივანიშვილის პერსონაზე რას გვეტყვით? რამდენად დაეცა მისი რეიტინგი საზოგადოებაში და რა ელის მას?
_ ივანიშვილის რეიტინგი ძალიან დაეცა. არ ვიცი, საბოლოოდ, რა მართავს მას. პირველი, როცა ის მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ეგრევე კოჰაბიტაცია თქვა. შეგიძლიათ ამიხსნათ, საიდან ეს კოჰაბიტაცია, ვინ მოიტანა, რატომ კოჰაბიტაცია, როცა იქ ბევრი დასასჯელი და ბევრი რამ გასარკვევი იყო?.. შესაბამისად, აქ არის კიდევ სხვა ძალა, რაზედაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, მძევალია. როგორც ვიცოდი, ბევრ რამეს საქართველოში ამერიკის ელჩი წყვეტდა, მის გარეშე ვერავინ ვერაფერს აკეთებდა, ვერც სააკაშვილი და მით უმეტეს, ივანიშვილი. ბევრი გარე ძალა მუშაობს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს რა ძალა აქვს, ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენთან შეიძლება, მაგრამ თვითონ მას ვინ მართავს, ეგ კიდევ სხვა თემაა. მე მას ვუთხარი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი ის გააგრძელებდა ქველმოქმედებას, რადგან პოლიტიკა მისთვის დამანგრეველია. ბადრი პატარკაციშვილსაც ვუთხარი და ვთხოვე, რომ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაში არ უნდა მოსულიყო, თუმცა არ დამიჯერა. ივანიშვილი უნდა დარჩენილიყო ჩრდილში რუხ კარდინალად, არ უნდა გამოჩენილიყო ზედმეტად. სააკაშვილს ახლა გაცილებით უკეთესი და აქტიური პერიოდი აქვს.
_ ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?
_ ჩამოსვლით, ჯერჯერობით, არა, მაგრამ სააკაშვილს გაცილებით კარგი, პერსპექიული ვარიანტები უჩნდება. მაისში უკრაინაში არჩევნებია, დიდი შანსია, რომ პრეზიდენტი ტიმოშენკო გახდეს. შესაბამისად, ის სააკაშვილს გვერდიდან არ მოიშორებს. სააკაშვილს დღეს საქართველოზე მეტად უკრაინა რომ უფრო უნდა, ამაში ორი აზრი არაა.
_ რას გულისხმობთ?
_ უკრაინაში უფრო დიდი შემოსავალია, დიდი რესურსებია. საქართველოში მას თავისი დამქაში ეყოლება.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილს პოლიტიკური კარიერის გაკეთება უკრაინაში ურჩევნია?
_ რა თქმა უნდა. თქვენ ჩამოხვალთ საქათველოში მაშინ, როცა უკრაინაში ათჯერ მეტი გაქვთ შემოსავალი და კარგ თანამდებობას გთავაზობენ? ის გუბერნატორადაც კი წავიდა ოდესაში და პრემიერ-მინისტრობა რომ შესთავაზონ, უარს იტყვის და აქ ჩამოვა? ამიტომ მე ვიცი მისი ამბიცია და მისი პირადი ჰოროსკოპი. უკრაინა ძალიან იზიდავს.
_ როგორი იქნება 2018 წლის ბოლო?
_ ნოემბრის ბოლო საკმაოდ მძიმე იქნება. ეს თვე საქართველოსთვის ყოველთვის იყო რთული პერიოდი. უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც ძალიან ვთხოვ, რომ ყველფრისგან თავი შეიკავონ, რადგან აგრესიის მუხტი მაღალია. ომი არ იქნება, მაგრამ ერის გახლეჩის საშიშროებაა. ამ მხრივ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. შედარებით დალაგდება სიტუაცია დეკემბრის მეორე ნახევარში. არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლოდან დაიწყოს საკადრო ცვლილებები. მერვე წელი „ქართული ოცნებისთვის“ კრიზისული აღმოჩნდება.
_ შესაძლოა, რომ 8 წლის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულოს მოღვაწეობა?
_ კი, რადგან სატურნის 9 წელია და შესაძლოა, დიდი პრობლემები შეექმნათ. 2 წელი აქვთ გამოსასწორებლად.
_ საპატრიარქოსა და იქ მიმდინარე მოვლენებს მინდა შევეხო. რა ხდება მათ თავს?
_ ადრეული პერიოდიდან საპატრიარქო ფრაქციებად არის დაყოფილი: პროქართული, პრორუსული, პროამერიკული და ამას დაემატა პრონაციონალური მოძრაბის ჯგუფი, რომელიც ცალკე ჩამოყალიბდა და დღემდე ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის. ეკლესია ფლობს ძალიან დიდ სიმდიდრეს, მიწებს, ქონებას. თქვენ კარგად გახსოვთ ერთ-ერთი შეხვედრა საპატრიარქოში (სინოდის სხდომა), სადაც სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, როგორი მანქანებით მივიდნენ. დააკვირდით მათ მანქანებს? მეგონა, რომ ეს იყო მაფიოზური ხელმძღვანელების შეკრება.
_ და არ არიან?
_ არ მინდა, რომ მათ ეს ვაკადრო, მაგრამ არ შერცხვათ?! ამას ხომ ხალხი უყურებს?! ისინი ხომ ერის სულიერი მამები არიან?! ხალხი როცა შიმშილისა და განადგურების პირასაა და ისინი ასეთი მანქანებით მოძრაობენ, სულ ცოტა, უნდა შერცხვეთ. მეორე საკითხია, საიდან აქვთ ეს თანხები? ერთი მანქანა 100 ათას დოლარზე ნაკლები არ ღირს და საიდან? პროკურატურამ ნამდვილად უნდა გამოიძიოს ეს საკითხი და მესამე საკითხია, მოდის ჯგუფი, რომელსაც არ აწყობს პატრიარქი, რადგან ის ძალიან მორწმუნე და ინტელექტუალურია, ყველანაირად განვითარებული ადამიანია.
_ რამდენად ფლობს ძალას დღეს ილია მეორე?
_ გარკვეული ძალა აქვს, თუმცა არა ისეთი, როგორიც წლების წინათ ჰქონდა.
_ რატომ?
_ საპატრიარქოს შიგნით დიდი კლანური დაპირისპირებაა: ზოგი ამერიკაში მიდის შეხვედრებზე, ზოგი _ რუსეთში და როგორ ფიქრობთ, რატომ? რაც პოლიტიკაში ხდება, იგივე ხდება საპატრიარქოშიც.
_ დაბოლოს, რას გვეტყვით მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის შესახებ, რომელიც ქართულ მედია ბაზარზე უკვე წლების მანძილზე ლიდერის პოზიციას იკავებს, აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი, არის ყველაზე კითხვადი და ექსკლუზიური. „ქრონიკა+“ 24 აპრილს დაარსდა, რისი თქმა შეგიძლიათ, თუნდაც, ამ რიცხვზე?
_ დავიწყოთ რიცხვებით: ორი და ოთხი გვაძლევს ექვსს, ჩვენ გვეშინია სამი ექვსიანის, მაგრამ ერთი ექვსიანი ძალიან კარგია. ექსვი არის პლანეტა ვენერას რიცხვი, ვენერა მართავს სიყვარულსა და ფულს. თქვენ უკვე იბევებთ ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს. დაიბადეთ სწორედ მაშინ, როდესაც კურო გადიოდა ზოდიაქოს ნიშანს. კურო არის ერთგულებისა და სტაბილურობის ნიშანი, რომელსაც ადვილად ვერავინ ერევა, ძალიან მყარად დგას ფეხზე. აქედან გამომდინარე, თქვენ გაქვთ სტაბილურობა, ორგანიზებულ-დისციპლინური ფაქტორები წინა პლანზეა. ფინანსური კუთხით საკმაოდ მაღალ დონეზე იქნებით. ხარჯავთ, მაგრამ ზუსტად იცით, რაში ხარჯავთ, რას და როგორ შედეგს მოიტანს ეს დანახარჯი. კურო მართავს საბანკო-ეკონომიკურ-ფინანსურ სისტემას, ამიტომ ამ კუთხითაც კი თქვენ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გეძლევათ. მომავალი წელი „ქრონიკა+“-ისთვის უკეთესი იქნება, ვიდრე ეს წელიწადი. მხოლოდ მოვლენების მხრივ კი არა, თქვენი მდგომარეობა ფინანსურად გაუმჯობესდება. გექნებათ სტაბილურობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
_ დიდი მადლობა.

გიორგი საკარული