„ოცნებამ“ მასობრივი ტერორი დაიწყო

მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამანადგურებელი მარცხი განიცადა, „ქართული ოცნება“ ღია ტერორზე გადავიდა. სხვათა შორის, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ამომრჩევლის დატერორებისა და მუქარის ბრძანება სპეცთათბირზე გაიცა, რომელიც 29 ოქტომბერს, საღამოს როსტომ მეფის სასახლეში გაიმართა.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ თათბირზე ითქვა, რომ ყველა, ვინც „ოცნების“ მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, მინიმუმ, უნდა გააჩუმონ და საამისოდ ყველა მეთოდი უნდა გამოიყენონ.
ამავე თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციის მიმართ სიმპათიის მქონე ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა განეიტრალდნენ.
ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 29-31 ოქტომბერს კიდევ ერთი სპეცთათბირი გაიმართა, რომელსაც თბილისის ყველა რაიონისა და სხვადასხვა მხარის მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ. ამ თათბირზე გაიცა კონკრეტული დავალება, რომ ადგილებზე მაქსიმალურად იქნეს შესწავლილი თითოეული ოჯახი; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს იმ ადამიანებზე, რომელთა ახლობლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ და მათთან ჩატარდეს „იდეოლოგიური სამუშაოები“, საჭიროების შემთხვევაში კი საქმეში ძალოვანები ჩაერთონ და ურჩი ამომრჩევლები, შეშინების მიზნით, პოლიციის განყოფილებებში დაიბარონ.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. კერძოდ, პანკისის ერთ-ერთმა მკვიდრმა დაწერა, რომ ხეობის ახალგაზრდებს მასობრივად იბარებენ დაკითხვაზე და ამ პროცესს „ოცნების“ კოორდინატორები უწევენ კოორდინაციას.
ამ თათბირზე მიღებული დირექტივები მალევე იქცა რეალობად _ ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. ამის პარალელურად მუქარები დაიწყო სოციალურ ქსელშიც.
„დედაჩემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჯარო მოხელეა და არ აპირებდა, შეხვედრაზე წასულიყო, რომელზე დასწრებაც „ზევიდან“ დარეკვით დაავალეს და ეს პოსტი ძალიან გავრცელდა, მის „ფეისბუკზე“ ჩვეულებრივი თავდასხმაა. მათი უმეტესობა ბოტია, ბატი, როგორც დედაჩემმა დაარქვა.
ვინც დედაჩემს არ იცნობთ, ვერ მიხვდებით, როგორ შეიძლება განიცადოს ერთი ცუდი სიტყვაც.
ვინც იცნობთ, იცით, უხეშად არავის გაგცემთ პასუხს და, ალბათ, ამიტომ შეისხით ფრთები, მაგრამ მე ცოტათი განვსხვავდები მისგან და შემიძლია, ვიუზრდელო (როგორც ამას თქვენ აკეთებთ დედაჩემის პოსტზე) ან საჯაროდ გითხრათ, რასაც ვფიქრობ, მაგრამ რადგან დედაჩემს არ უყვარს რადიკალიზმი და უხეშობა, ვიტყვი მშვიდად და მარტივად:
ბოტებსაც და არაბოტებსაც, მოგმართავთ რუდუნებით, თუ შეიძლება, შეეშვით დედაჩემს. არავის მოგცემთ უფლებას, მის ნერვებზე იმოქმედოთ!
ხომ იცით, არ მაინტერესებს და არც არასოდეს მაინტერესებდა, რას იტყვით ჩემზე, ამიტომ დავიწყოთ:
მოდით, დავიწყოთ იმით, რომ არ მახსოვს, დედაჩემს მორალი ეკითხოს ვინმესთვის პოსტებზე იმის გამო, რომ მის პოზიციას არ ეთანხმება. ეს რჩევაა.
და მაინც, ვერ ვხვდები, რა გახდა ერთი ქალის პოზიცია?! ლაიქებისა და გაზიარებების რიცხვი? რატომ არ უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება?!
ან ამის უფლება რომ აქვს, მადლიერი რატომ უნდა იყოს ვინმესი? ამჟამინდელი ხელისუფლების არჩევანი/მოქმედება/უმოქმედობა თუ არ მოსწონს, იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია?
ეს არის თქვენი ლოგიკა?
სხვაგან ვერ იხედებით?
თუ ამაზე დარდობთ, გეტყვით: არა, ბატონებო და ქალბატონები, დედაჩემი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. ის მოქალაქეა, რომელიც მთავრობას ქირაობს, სხვათა შორის, თქვენც!
ის, უბრალოდ, აზროვნებს და ითხოვს იმას, რაც თქვენ, ყველამ, მოქალაქემ უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან, კი არ უნდა ითხოვოს და ემადლიეროს, მოითხოვოს!
რაც შეგეხებათ ბოტებს, ეს ყალბი ექაუნთები რეალურად თქვენი სახეა და წარმოიდგინეთ, რა ტყვეობაში ხართ, საკუთარი სახელით და გვარით რომ ვერ წერთ იმას, რისი თქმაც გინდათ, მაგრამ უფრო საცოდავები ხართ, რადგან გავალებენ წეროთ ის, რასაც რეალურად არ ეთანხმებით. რომ ეთანხმებოდეთ, საკუთარი ექაუნთებიდან დაწერდით.
და მაინც, „გაუნათლებელ“ დედაჩემს შეუძლია, ერთი წინადადება დაწეროს და ასე აგაფორიაქოთ“, _ დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
„ოცნების“ მუქარა რომ მასობრივ სახეს იღებს, ეს კიდევ ერთი შემთხვევითაც დასტურდება.
კერძოდ, პირველ ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო გელაშვილმა, „ფეისბუკში“ სტატუსი გამოაქვეყნა:
„ვაააა, მუქარებიც დაიწყეს. თითით არავინ შემეხოთ, თორე დამთავრდებით არადემოკრატიულად“.
ამავე სტატუსში ვატომ, რომელიც აქტიურად აკრიტიკებს „ოცნებას“ და, ამავე დროს, ჩინოვნიკებს კორუფციაშიც ამხელს, „ქართული ოცნების“ ოფიცალური „ფეისბუკგვერდი“ მონიშნა.
ვინ დაემუქრა და რა სახის იყო მუქარა? _ „ქრონიკა+“ ვატო გელაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ „ოცნება“ საკუთარ კოორდინატორებსაც ემუქრებოდა და ფიზიკურადაც უსწორდება, რადგან 28 ოქტომბერს ის შედეგი არ დაიდო, რისი იმედიც „შუშის სასახლეში“ ჰქონდათ.

_ ვატო, 28 ოქტომბრის მარცხის შემდეგ კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „ოცნება“ ძალადობასა და მუქარაზე გადავიდოდა. როგორც ჩანს, ეს მუქარა შენც შეგეხო _ „ფეისბუქზე“ ამის შესახებ დაწერე. რა სახის მუქარა იყო და შენგან რას ითხოვენ?
_ სანამ პირადად ჩემი მისამართით განხორციელებულ მუქარაზე მოგახსენებთ, მანამდე გეტყვით, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა იმდენი ადამიანის მიყვანა ვერ შეძლეს, რამდენიც დავალებული ჰქონდათ.
ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ რომ ხალხი ცხვრის ფარა ჰგონია, ეს მათდამი დამოკიდებულებაშიც იგრძნობა, მაგრამ ამჯერად მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებისთვის ძალიან დიდი ფული დაიხარჯა.
მოკლედ, რაკი სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, კოორდინატორებსა და შტაბის უფროსებზე გადატყდა ჯოხი. ამ ფულის გამო, როგორც ვიცი, ბევრს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს და „ნაციონალების ჩანერგილებიც“ უწოდეს.
_ იმის თქმა გინდათ, რომ „ოცნება“საკუთარ მომხრეებზევე ძალადობს ფიზიკურად?
_ დიახ, ასეა. არაძალადობრივი აქტებისგან „ოცნების“ გამიჯვნა მითია და მეტი არაფერი. მეტსაც გეტყვით: როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროება მოითხოვს, ვნახავთ, მმართველი გუნდი ძალას როგორც გამოიყენებს. ამის ჩანასახი უკვე ჩანს და მეტიც, „ოცნების“ „ფეისებისგანაც“ ისმის.
რაც შეეხება ჩემდამი განხორციელებულ მუქარას, ეს სატელეფონო მუქარა იყო.
_ ვინ დაგემუქრა?
_ სამწუხარო ისაა, რომ ასეთი მიზნებისთვის ხშირად ახლობლებს იყენებენ. საერთოდ, წარუმატებელი ადამიანების თვისებაა, რომ საკუთარი მარცხი სხვას დააბრალონ.
_ ანუ „ოცნება“ იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, შენ გაბრალებს?
_ ასე გამოვიდა _ დამირეკეს და მითხრეს, _ სოციალურ ქსელში კომენტარებს ნუ დებო.
_ არ მგონია, რომ „ოცნება“ ამის გამო დამარცხებულიყო, თუმცა ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვინც ხელისუფლებას უმწვავესად აკრიტიკებს და პერიოდულად დასცინის კიდეც. არადა, 2012 წელს ჩვეულებრივი „ქოცი“ იყავი. ყოველ შემთხვევაში, შენი იმდროინდელი პარტია _ „თავისუფალი დემოკრატები“, კოალიციის წევრი იყო და „ოცნების“ შენც გჯეროდა. იმედები პირველად როდის გაგიცრუვდა და როდის მიხვდი, რომ ოცნებები, მით უმეტეს, პოლიტიკური, არ ხდება?
_ „თავისუფალი დემოკრატი“ 2010 წელს გავხდი. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ შეიქმნა, გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმარი ვიყავი და, რა თქმა უნდა, „ოცნების“ გამარჯვება ჩემს თავისუფლებას ნიშნავდა.
იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გაამართლებდა, „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციაში ყოფნა მაძლევდა. ეს იყო პროფესიონალებითა და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც ასეთივე ლიდერი ჰყავდა _ ირაკლი ალასანია, თუმცა იმან, რაც მერე მოხდა, დამანახა, რომ პროფესიონალ ადამიანებს ღალატიც პროფესიონალურად შეძლებიათ.
ჩემზე ამან ძალიან იმოქმედა _ თვალებს არ ვუჯერებდი, ვოლსკის კაბინეტთან სამარცხვინოდ ატუზული აბაშიძე და ცაგარეიშვილი რომ დავინახე, თუმცა მერე, როცა გავააანალიზე მათი ქმედება და გამოსვლები, მივხდი, რომ ეს ამბავი მოსალოდნელი იყო.
ხელისგულივით ჩანდა ამ პარტიის ასეთი ფინალი, მაგრამ, აბა, რაღა დროს? _ ურემიც გადაბრუნებული იყო და გზაც _ გამოჩენილი.
_ ცოტა ხანს ქვეყანაში გამეფებული კორუფცია, სახელმწიფო რეკეტი და სხვა უბედურებები დავივიწყოთ და ყველაფერს ემოციურად შევხედოთ, ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ვიცი, უსამართლოდ დაგიჭირა. აქედან გამომდინარე, წესით, დღეს „ოცნების“ მხარდამჭერი უნდა იყო, რადგან სხვა თუ არაფერი, საკუთარი თვალით გექნება ნანახი, რაც იმდროინდელ ციხეებში ხდებოდა. მოკლედ, „ქოცების“ ენაზე რომ ვთქვათ, მწამებლებს როგორ და რატომ უჭერ მხარს?
_ მე არავის ვუჭერ მხარს.
_ აბა, რას შვრები?
_ მე მიყვარს სიმართლის მხარდაჭერა, რადგან მიმაჩნია, მხოლოდ სიმართლეა იმის ღირსი, რომ ემსახურო! ამისთვის მემეტება ის დრო, რომელსაც კორუფციული გარიგებების გამოვლენას ვუთმობ.
ჩემსა და „ქოცებს“ შორის განსხვავება სწორედ ღირებულებებშია. ეს ადამიანები მართულები არიან _ თავიანთი აზრი არ გააჩნიათ. სხვას ემსახურებიან და ამაში გასამრჯელოს იღებენ.
ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვიცნობდი, რომელიც მომავალ პოლიტიკოსად უნდა გაზრდილიყო, თუმცა „ოცენებამ“ შთანთქა _ მათ თავიანთი მომავალი 800-ლარიან ხელფასზე გაცვალეს!
_ რაც შეეხება კორუფციას, პირველი კორუფციული სკანდალი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აგორდა, „თავისუფალ დემოკრატებს“ უკავშირდებოდა. ამ პარტიის მაშინდელი ლიდერი, ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრი იყო. რეალურად, რა მოხდა „კაბელების საქმეზე“ და ამ საქმის შეკერვა ვის და რატომ დასჭირდა?
_ სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მაგალითია „კაბელების საქმე“. ეს სკანდალი რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური მკვლელობისთვის გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“, ამაში არც მაშინ და არც ახლა ეჭვი არავის ეპარებოდა და ეპარება, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, კიდევ უფრო მეტ დეტალს აღმოვაჩენთ, რაც მაშინ არ ჩანდა.
აი, მაგალითად, ირაკლი სესიაშვილის როლი „კაბელების საქმეში“ ძალიან საინტერესოა.
_ კერძოდ?
_ სასამართლოზე სესიაშვილი დაკითხეს და მან განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიასთან თავდაცვის სამინისტროში იყო მისული და მიყვანილი ჰყავდა ვინმე ჭოლოკავა, რომელსაც აღნიშნული ტენდერის გადაცემას სთხოვდა.
დავიჯერო, სესიაშვილმა არ იცოდა, რომ ასეთი ქმედება უკანონოა? ვეჭვობ, ამას გარკვეული თანხის სანაცვლოდ აკეთებდა.
დღეს, როცა სესიაშვილისა და იზორიას ქონებას, ასევე ჩატარებულ ტენდერებსა და საეჭვო კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვუყურებთ, ვერაფერი და ვერავინ დამარწმუნებს, რომ კორუფციასთან არ გვაქვს საქმე!
_ ვატო, „შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხარ. შენი დაკვირვებით და ანალიზით, „ქართული ოცნების“ ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი ვინ არის?
_ ვის როგორი მოხერხება აქვს, იმის მიხედვითაა. მაგალითად, სოსო გოგაშვილმა შეძლო, რომ სოციალურად დაუცველის სიიდან მილიონერების სიაში მოხვედრილიყო.
ქუცნაშვილი, ბახტაძე, გომელაური, მოკლედ, ყველა, ანუ მთელი სისტემა კორუმპირებულია. აქ პატიოსან კაცს არც გააჭაჭანებენ!
_ ამას წინათ, სოციალურ ქსელში დაწერე, ერთი საათი პირდაპირი ეთერი მჭირდება და ეს მთავრობა აღარ იქნებაო. ჩათვალე, რომ პირდაპირ ეთერში ხარ, რა იცი „ოცნებაზე“ ისეთი, რისი თქმის შემდეგაც საზოგადოების ის 38%, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, პოზიციას შეიცვლის?
_ ამაში იმას ვგულისხმობდი, რომ დავისვამდი პროფესიონალებს და ვისაუბრებდი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც პირდაპირ იმაზეა აწყობილი, რომ გამდიდრდეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, დანარჩენები კი მსახურები ვიყოთ!
მან, ვინც ეკონომიკაში ოდნავ მაინც ერკვევა, კარგად იცის, ქვეყნისა და თავისუფალი ბაზრისთვის რა უბედურებაცაა ისეთი პროგრამები, როგორებიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, „იაფი აგროკრედიტები“, სუფსიდიები და ა. შ.
გადავხედოთ, ვინ სარგებლობს ამ პროგრამებით და მერე შეხედეთ, ვინ არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები? რა ეტყობა ჩვენს ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას, რომ ამდენი ფული იხარჯება, ერთი შეხედვით, წარმატებულ პროექტებზე?
იცის კი ჩვენმა მოსახლეობამ, რომ ამ პროექტების ბენეფიციარები მილიონიანი კაპიტალის მფობელი კომპანიები და ამ კომპანიების მილიონერი მფლობელები არიან?
_ მგონი, მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცის.
ისე, რატომ შეუერთდა „შეაჩერე კორუფცია“ გაერთიანებულ ოპოზიციას?
_ რატომ შეუერთდა და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ გამო. დღეს ეს სხვა ორგანიზაციაა. ადამიანები, რომლების მიმართაც შეკითხვები არსებობდა, შესანიშნავად „შეითვისა“ „ქართულმა ოცნებამ“.
ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს შეცდომა და გადაცდომა ბევრი იყო, მაგრამ ეს ყველგან ხდება, სადაც დინამიკაა. დიდი განათლება არ სჭირდება, ეს რომ იცოდე. ეს არის შესანიშნავი ღია პლატფორმა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც მოქმედება და ქვეყნისთვის შრომა სურს. მკაფიოდ გამოკვეთილი პროდასავლური კურსი აქვს, ასევე აქვს ქვეყნის მართვის პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილება.
ჩვენ ვნახეთ დემოკრატიის ხარვეზები, მაგრამ ვნახეთ ინსტიტუტების შექმნა და ქვეყნის აღორძინებაც _ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ კორუფციის მაქსიმალურად შემცირების ხარჯზე.
ნეგატიური გამოცდილება, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოცდილებაა და გავლილი გზის ანალიზის საფუძველზე ნეგატივის პოზიტივით შეცვლის ალბათობა ძალიან მაღალია, მით უმეტეს, რომ საზოგადოება გაიზარდა და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ისეთ რეციდივებს, რომელიც განვითარებისთვის შემაფერხებელი იქნება და საზოგადოების იძულებისთვის გამოიყენებენ.
მოკლედ, მიზეზი ბევრია… ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ სრული მიუღებლობაა. ჩვენ ჩიხში შეგვიყვანა ამ გუნდმა. ვუყურებ „ოცნების“ ლიდერებს და იოტისოდენი იმედი არ მაქვს, რომ ისინი შეძლებენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას…
ისინი არ არიან ამ მოტივით შერჩეულები. სამწუხაროა, რომ სწორედ შერჩეულები და არა _ არჩეულები. აღარ ვილაპარაკებ სრულიად არადემოკრატიულ გარემოებაზე _ არაფორმალურ მმართველზე, რაც კიდევ ერთი წინაღობაა დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე.
_ მაინც, რით არის უკეთესი ვაშაძე ზურაბიშვილზე ან პირიქით?
_ ზურაბიშვილის ნაშრომი გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ;
ზურაბიშვილს მხარს უჭერენ შევარდნაძისდროინდელი და სააკაშვილის დროს საქართველოდან გასული კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებმაც ქვეყანა, ლამის, ჭაობად აქციეს;
ზურაბიშვილს მხარს უჭერენ მკაფიოდ პრორუსული პარტიები და ორგანიზაციები…
თითო პირობაც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ თავმოყვარე ქართველს მისთვის ხმა არ მიეცა.
რაც შეეხება ვაშაძეს, ის იყო წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარების პოლიტიკაში, მაგრამ ეს მონაპოვარი ვერ შეინარჩუნა „ქართულმა ოცნებამ“ და, სამწუხაროდ, სირიამ, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფომ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიარა.
ეს ჩვენთან „გაფორმდა“, როგორც უმნიშვნელო მოვლენა, რაც ძალიან მცდარი შეხედულებაა, თუმცა ეს სხვა თემაა. ამ ორი ექსმინისტრის საქმინობის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თავი რომ დავანებოთ ზურაბიშვილის მავნებლურ განცხადებებს, ვაშაძე უკონკურენტოა.
შეიძლება, ვინმემ ზურაბიშვილის დროს გაყვანილი რუსული ბაზები გამახსენოს, მაგრამ ეს იყო დაწყებული პროცესის ფინალი, რომელიც მის მინისტრობას დაემთხვა და საუბარი თავად ზურაბიშვილის წვლილზე ამ პროცესში სადავოა, აბსურდული თუ არა.
_ შენი აქტიურობის გამო არ ფიქრობ, რომ შესაძლოა, რამე პროვოკაცია მოგიწყონ და დაგიჭირონ?
_ იმ საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, ეგ რისკები აქვს, მაგრამ ეს თავიდანვე ვიცოდი, თუმცა ამის მიუხედავად უკან არ დამიხევია. „შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო“…
_ ვატო, ისე, რა გარანტია გაქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ქვეყნის მართვას იგივე მეთოდებით არ დაიწყებს და, მაგალითად, ბიზნესს ფულს არ შეაწერს?
_ არ მგონია, ეგ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, მშვენიერი მაგალითია „ომეგას“ დამფუძნებელიც. ყველამ ამოიღოს დროულად ხმა და მე პირველი ვიქნები, ვინც ამას გავაპროტესტებ. დღეს სხვა დროა, სხვა ტექნოლოგიებია, მთავარია, მენტალიტეტს მოვერიოთ და ბიუჯეტს გადასახადები არ დავუმალოთ! ტყუილად ვეღარავინ ვერავის ვერაფერს წაართმევს.
_ „თავისუფალი დემოკრატი“ აღარ ხარ, მაგრამ ამ პარტიას კარგად იცნობ და რას ფიქრობ, მეორე ტურში ვაშაძეს რატომ არ უჭერს მხარს?
_ პრინციპებს არ ღალატობენ… სასაცილოა, მაგრამ ასე განმარტავენ. უფრო მგონია, რომ თავიანთი შესაძლებლობები იციან. მათი საჭიროება არაა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში.
არის მეორე ვერსიაც: ისინი ცდილობენ, მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ ან კიდევ უარესი: ფიქრობენ, რომ დაიბრუნებენ შემომწყრალი ივანიშვილის კეთილგანწყობას, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მიხვდება, რომ ისინი, ვინც დღეს გვერდით უდგანან, არაფრით არიან უსუფაშვილსა და შავგულიძეზე უკეთესები.
მე ერთი ვიცი: რას ნიშნავს იყო „თავისუფალი დემოკრატი“? ადამიანები, რომლებმაც ყრილობაზე ხმა მისცეს ამ ლიდერშიპს, დღეს სად არიან? ვის გვერდით არიან? რამდენი წავიდა პარტიიდან? რამდენი წევრია ამ პარტიიდან დღეს ჩვენ გვერდით და არა _ იმ პარტიის გვერდით, რომლის ხელმძღვანელებიც 2017 წელს აირჩიეს ყრილობაზე?
_ მარიხუანას ლეგალიზაციაზეც ვისაუბროთ, ეს, მგონი, ერთადერთი საკითხია, რომელშიც „ოცნებას“ ეთანხმები. რატომ?
_ მე ვეთანხმები იმას, რომ არ უნდა იყოს დასჯადი მკაცრი ფორმით, თუმცა არ უნდა იყოს ადვილად მისაწვდომი. უნდა ხდებოდეს მომხმარებლების აღრიცხვა და მათი შემოწმება, მაგრამ საქართველო პოტენციურად სხვა რისკის წინაშე დგას. მათი მიზანი ლეგალიზაცია კი არა, საქართველოს კანაფის პლანტაციების ქვეყნად გადაქცევაა, ამას კი ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს.
იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ სკოლებშიც შეაღწია კანაფმა და ეს ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება მომავალში. მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკი აღმოფხვრილი იყო ფართო სეგმენტიდან. დღეს სხვა ვითარებაა, საგანგაშო ვითარება.
_ ირაკლი ალასანიასთან თუ გაქვს ურთიერთობა და ყველაფერ იმაზე, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რას ფიქრობს იგი?
_ არ მაქვს ურთიერთობა. ბოლოს ერთი წლის წინ ვნახე. ერთი ვიცი, რომ თავის ქვეყანას ყველა პოზიციიდან და ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით ეხმარება.
გახსოვთ, ალბათ, ნატო-ს სამიტზე იყო მიწვეული. დიდი სურვილი კი მაქვს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ერთს ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანიას მიმართ პატივისცემას დღემდე ვინარჩუნებ და რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, მისი ტიპის ლიდერების დრო ოდესმე უნდა დადგეს ამ ქვეყანაში. ალბათ, მოვესწრებით ასეთ დროს.
_ და კორუფცია როგორ უნდა დამარცხდეს ამ ქვეყანაში?
_ დასჯადი უნდა იყოს, გამოძიება უნდა იყოს ეფექტიანი. კონკურენციის სააგენტო უნდა მუშაობდეს ეფექტიანად, მონოპოლიები რომ არ იყოს და ბაზარი ისე გადანაწილდეს, როგორი მოთხოვნაც გაჩნდება.
_ თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ან 2020 წელს რომელიმე პარტიის საარჩევნო სიაში ხომ არ გიხილავთ?
_ მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ მიფიქრია, რომ პარლამენტში უნდა იყოს ისეთი ჯგუფი, რომელიც კორუფციის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, ანუ მიფიქრია რომელიმე განვითარებული ქვეყნის მოდელზე, სადაც კორუფცია მინიმუმადეა დაყვანილი. ამ ჯგუფში პარტიის სახელით ვიქნები თუ _ არასამთავრობოს, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარია, კანონები მივიღოთ!

გიორგი აბაშიძე