არჩევნებში დამარცხების გეოგრაფია

ამ არჩევნებზე მარტო სალომე ზურაბიშვილმა კი არა, მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“ მწარედ წააგო.
დავიწყოთ იმით, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი, უბრალოდ, არც მივიდა. აი, ასე, ერთიანად დაადო ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატსაც და ოპოზიციის წარდგენილსაც.
თავად განსაჯეთ, 3 504 082 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 1 637 956 კაცი! სულ 46,74%!
მაგრამ აქ, ასეთ დაბალ აქტივობაში, ახალი არც არაფერია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამაზე დაბალი აქტივობა იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კერძოდ, 46,6%. მაშინ ასეთი დაბალი აქტივობა იმით იყო განპირობებული, რომ რეალურად ყველამ იცოდა, ვინ გახდებოდა პრეზიდენტი _ რის გამოც „ოცნების“ ბევრმა მხარდამჭერმა თავი არ შეიწუხა მისვლით, მოწინააღმდეგემაც აზრი ვერ დაინახა მისვლის… (2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობა 56,62% იყო).
კიდევ უფრო დაბალი აქტივობა იყო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე (43, 31%) და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც _ 45,65%. შედარებით მაღალი იყო აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე _ 51,63%. ანუ ამომრჩევლის ნახევარმზე მეტი მივიდა და ხმა მისცა. მაღალი აქტივობა 2012 წელს იყო, ისიც ჰქვია მაღალი, თორემ მაშინაც სულ 60,8% იყო, არჩევნებზე ორ მილიონზე მეტი კაცი მივიდა _ 2 197 243 ამომრჩეველი.
ყველა სხვა შემთხვევაში, სამ მილიონ-ნახევრიდან, პრაქტიკულად, მილიონ-ნახევარი მიდის და ამ მილიონ-ნახევრის მიერ გაკეთებული არჩევანით ცხოვრობს მთელი ქვეყანა.
ქვეყნის პრობლემა, პრაქტიკულად, ესაა _ ხალხს ისე აქვს გული ყველაზე და ყველაფერზე აცრუებული, რომ აღარც მიდის და აღარც აკეთებს არჩევანს.
ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ყველა მხოლოდ ან უიმედობას, სკეფსისს თესს ან კიდევ ფშუტე იმედებს!
არის თუ არა ეს ხელისუფლებისა და მთელი პოლიტიკური კლასის მარცხი? კითხვა რიტორიკულია და პასუხს არ ითხოვს.
არადა, გადავხედოთ ისტორიას, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე 3 444 000 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 2 406 742 ამომრჩეველი მივიდა _ 70%-მდე!
1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოცხადდა თითქმის სამი მილიონი ამომრჩეველი _ 2 978 247!
იმედგაცრუება იწყება სწორედ იქიდან, როდესაც დაამხეს აი, ამ არჩევნებით არჩეული ხელისუფლება, პრეზიდენტი. ლოგიკა არის მკაფიო _ ვინც მინდოდა და ავირჩიე, არ გააჩერეთ, დაამხეთ, რა აზრი აქვს ჩემს არჩევანს? თუ იმას ავირჩევ, ვინც მე მინდა და არა თქვენ _ მოღალატურ ელიტას, ბნელიტას, ნომენკლატურას, _ მაინც დაამხობთ… ეს იმედგაცრუება კარგა ხანს დიდად არ შეეტყო ციფრებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შევარდნაძე აყალბებდა რეალურ შედეგებს, ყრიდნენ ბიულეტენებს, ოქმებში წერდნენ იმას, რაც უნდოდათ.
1992 წლის არჩევნებზე მისულად გამოაცხადეს 2 575 197 ამომრჩეველი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ არჩევნების გაყალბების ფუძემდებლის _ შევარდნაძის მამაძაღლობებს _ ბიულეტენების უპრაგონოდ ყრასა და ათას ვირეშმაკობას, საკითხავია, რეალურად რამდენი მივიდა? 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 2 127 946 ამომრჩეველი მივიდა (3 121 075-დან). დაახლოებით ასერთივე აქტივობა იყო იმ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც და შემდგომ არჩევნებზეც, ვიდრე მას ხელის შემშლელი არ ჰყავდა ბიულეტენების ყრასა და ციფრებით ჩათლახობაში. როგორც კი ხელის შემშლელები გამოუჩნდა, ეს მაჩვენებელი ხელად ჩამოსცდა 2 მილიონს.
მოკლედ, ასე. ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ 3 504 082 ამომრჩეველია. მათგან არჩევნებზე მივიდა 1 637 956 ამომრჩეველი, 1 866 126 ამომრჩეველმა კი, უბრალოდ, ზურგი შეაქცია პროცესებს. მათგან კი, ვინც პროცესს ზურგი არ შეაქცია და არჩევნებზე მივიდა, თავად „ოცნებას“ შეაქცია ზურგი.
ტარანი თვლითაა.
2012 წლის არჩევნებზე ქოცობამ 1 181 862 ხმა მიიღო. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 1 012 569 კაცმა „ოცნების“ კანდიდატ მარგველაშვილს მისცა ხმა. 2016 წლის არჩევნებზე ქოცებს 856 638 კაცმაღა მისცა ხმა! ახლა კი სალომემ სულ გაანიორწყლა ყველაფერი _ რის ჭინთვით და რის კვნესა-წკმუტუნით, ძლივს მიიღო 615 572 ხმა! 2012 წლის მერე, პრაქტიკულად, განახევრებულია მიღებულ ხმათა რაოდენობა! ნახევარ მილიონზე მეტმა ადმიანმა ქოცობაზე ხელი აიღო. თან ეს ყველაფერი ხდება „რადარებიდან გამქრალი“ პარტიის გაძლიერების ფონზე. თავად განსაჯეთ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაქრაძემ 2013 წელს 354 103 ხმა მიიღო და „ნაცმოძრაობამ“ 2016 წლის არჩევნებზე 477 053 ხმა, ამ არჩევნებზე ვაშაძემ მიიღო 601 224 ხმა.
მოკლედ და მამაპაპურად, „ოცნებამ“ ჩაისვარა. ციფრები ამას ამბობენ და ციფრებს ვერც თბილისის ტოლი თუ „ტაკაია მალადაია ი უჟე გურანდა“ ქარსელაძის აქტიურობა გადაფარავს და ვერც შაფათავას დაცქვეტილი ყურები.
ამ ყველაფრის გარდა, არის კიდევ ერთი გარემოება, ბევრ ოლქსა და უბანზე გაიძახიან, სალომემ მოიგო არჩევნებიო. არადა, სულაც არაა ასე!
ხალხურად რომ ვთქვათ, ნამდვილი და ჯანღონიანი გამარჯვება მაშინაა, როდესაც 50%-ზე მეტს აგროვებ, აი, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ არჩევნები მოიგე _ ეს ეხება ქვეყანასაც, ოლქსაც, უბანსაც. ხოლო როდესაც სხვაზე მეტ ხმას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ აი, იმას მოუგე არჩევნები, ხოლო თუ იმ ვიღაცამ შენზე მეტი ხმა მიიღო და ვერც იმან გადალახა მიჯნა და ვერ მიიღო 50%-ზე მეტი, ნიშნავს, რომ იმანაც არჩევნები კი არ მოიგო, შენ მოგიგო იმხელა სხვაობით, რამხელაც არის თქვენ შემთხვევაში.
ამ თვალსაზრისით, ანუ ხმების 50%-ზე მეტი, საქართველოს 75 საარჩევნო ოლქიდან, სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 14 ოლქში მიიღო. ყველაზე მეტი ივანიშვილის მშობლიურ საჩხერეში (77,08%), რომელსაც მოსდევს ასპინძა (59,46%); ახალქალაქი (59,46%); ბოლნისი (59,18%), ნინოწმინდა (59,16%); ლენტეხი (57,53%), მესტია (57,23%); ყაზბეგი (55,11%); წალკა (54,58%); დედოფლისწყარო (52,89%); ქედა (50,61%); ონი (50,4%); ბორჯომი (50,16%), ამბროლაური (50,12%).
აი, მარტო ამ ოლქებში მოიგო სალომე ზურაბიშვილმა, მოგება რასაც ჰქვია. სხვაგან ხმების ნახევარიც ვერ აიღო. ნახევარი კი არა, ხმების მესამედიც ძლივს აიღო მთელ რიგ რაიონებში:
ნაძალადევში ძლივს აიღეს ხმების მესამედზე მეტი _ 33,4%, ასევე ლაგოდეხში _ 33,59%, ასევე წალენჯიხაში _ 33,76%, ბათუმში _ 33,88%, ზუგდიდში _ 33,91%, ფოთში _ 34,11%, გორში _ 34,61%, ქარელში _ 35,16%, ზესტაფონში _ 35,51%.
ხმების მესამედი ნამდვილად ვერ აიღეს შემდეგ ოლქებში: ქუთაისში ხმების 28,7% მიიღო; გლდანში _ 29,84%; სამგორში _ 29,89%; ისანში _ 31,99%; თელავში _ 32,79%; სენაკში _ 32,34%; წყალტუბოში _ 32,93%; ხაშურში _ 33,13%; ახმეტაში _ 33,25%.
მესამედს და მით უფრო ნახევარს ვინ ჩივის, საზღვარგარეთ და აგერ, რუსთავში ხმების მეოთხედიც ვერ აიღო! საზღვარგარეთ ხმების 22,49% აიღო სულ, რუსთავში _ 24,33%.
ემიგრანტული წარსულით მოამაყე ზურაბიშვილმა ყველაზე მწარე მარცხი სწორედ ემიგრაციაში იწვნია. რაც მას დაემართა ამას წაგება აღარ ჰქვია, ამას ჰქვია გაფარჩაკება. საზღვარგარეთ გახსნილ 57 უბნიდან 43-ში ჩაისვარა. სამ ქვეყანაში ზუსტად იმდენი ხმა აიღო, რაც ვაშაძემ. თითო ოროლა ხმით აჯობა ვაშაძეს 7 ქვეყანაში. ვაშაძეზე მეტი ხმა მიიღო ავღანეთის ორ უბანზეც, მაგრამ ხმების ნახევარზე მეტის მოპოვება რასაც ჰქვია, მხოლოდ სომხეთსა და უზბეკეთში შეძლო.
სალომე ზურაბიშვილმა წააგო ბერლინში _ არჩევნებზე გამოცხადებული 130 მოქალაქიდან მხოლოდ 9-მ მისცა ხმა! ვაშაძეს _ 60-მა.
სალომე ზურაბიშვილმა წააგო მიუნხენში _ არჩევნებზე მისული საქართველოს 83 მოქალაქიდან სულ 5-მა მისცა ხმა! (გრიგოლ ვაშაძეს ლამის ცხრაჯერ მეტმა _ 43-მა მოქალაქემ).
სალომე ზურაბიშვილმა წააგო მაინის ფრანკფურტში _ 72-დან სულ 8-მ მისცა ხმა (ვაშაძეს _ 41-მა).
სალომე ზურაბიშვილმა წააგო ბარსელონაში _ 145-დან 13-მა მისცა ხმა, მაშინ როცა ვაშაძეს 95-მა მისცა ხმა!
სალომე ზურაბიშვილმა ასევე წააგო მადრიდში _ 117-დან 16-მა მისცა ხმა, ვაშაძეს _ 65-მა.
სალომე ზურაბიშვილმა წააგო ლონდონშიც _ 143-დან 23-მა მისცა ხმა (ვაშაძეს _ 67-მა).
სალომე ზურაბიშვილმა „უგარშოკოდ“ ჩაისვარა ვენაშიც _ 143-დან ძლივს 13 ხმა აიღო, ვაშაძის 80 ხმის პარალელურად.
ჰოლანდიაშიც წააგო _ 66 ამომრჩევლიდან 13-მა მისცა ხმა, არც პოლონეთში დაადგა კარგი დღე, 54-დან 11-მა გაიმეტა ხმა.
სალომე ზურაბიშვილი გაფარჩაკდა აშშ-ში! ნიუ-იორკის ერთი საარჩევნო უბნიდან, სადაც 293 ამომრჩეველი მივიდა, 20 ხმა ძლივს წამოიღო, ვაშაძემ _ 228!
მეორე უბნიდან, სადაც 225 ამომრჩეველიო მივიდა, ძლივს წაიღო 25! ვაშინგტონშიც ძლივს აიღო 23 ხმა!
სალომე ზურაბვიშვილს თავი მოეჭრა ოსლოშიც _ არჩევნებზე 27 კაცი მივიდა და სალომესთვის სულ 2-მა გაიმეტა ხმა, ვაშაძისთვის _ 10-მა.
სალომე ზურაბიშვილს თავი მოეჭრა ბუდაპეშტშიც _ 46 კაციდან მხოლოდ 7-მა მისცა ხმა.
სალომე ზურაბიშვილს თავი მოეჭრა შვეიცარიაშიც, არადა როგორ უყვარს იქ ციგაობა… არჩევნებზე მისული 54 ამომრჩევლიდან მხოლოდ 9-მ მისცა ხმა. წააგო შვედეთშიც _ 56-დან აქაც მხოლოდ 9 კაცმა მისცა ხმა.
სალომე ზურაბიშვილმა წააგო ისრაელში _ არჩევნებზე მისული 75 მოქალაქიდან სულ 13-მა მისცა ხმა (ვაშაძეს _ 45-მა).
ზურაბიშვილს თავი მოეჭრა რომში, ზედ კოლიზეუმის წინ _ 70-დან 12-მა მისცა ხმა.
სალომე ზურაბიშვილს დიდად არც პირამიდებთან უსახელებია თავი _ ეგვიპტეში 13-დან მხოლოდ 3-მა მისცა ხმა. ეგვიპტეში ფრე შედგა _ ვაშაძემაც 3 ხმა მიიღო. ასევე მოხდა კუვეიტშიც, ორივემ 13-13 ხმა მიიღო; ასევე მოხდა ირლანდიაში, ორივემ 11-11 ხმა აიღო;
სალომე დამარცხდა მოლდოვაში _ 26 ამომრჩევლიდან მარტო 4-მა მიუგდო ხმა.
სალომე დამარცხდა რიგაშიც _ 32-დან მხოლოდ 4-მა მისცა ხმა; დამაცხრდა კვიპროსზეც _ 45-დან 6-მა მისცა ხმა.
სალომე ზურაბიშვილმა მარცხი იწვნია ტალინშიც _ 76 ამომრჩევლიდან მხოლოდ 9-მ მისცა ხმა, ვაშაძეს _ 18-მა.
სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა ბულგარეთში _ 27-დან 5-მა კაცმა მისცა ხმა!
სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა ბელგიაშიც _ 169-დან 37-მა მსიცა ხმა (ვაშაძეს _ 86-მა).
სალომე ზურაბიშვილმა მარცხი დააჭაშნიკა მინსკშიც კი _ 66-დან მხოლოდ 14-მა მისცა ხმა (ვაშაძეს _ 38-მა).
სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა უკრაინაში გახსნილ სამივე უბანზე. ჯამში, უკრაინაში არჩევნებზე 314 ადამიანი გამოცხადდა, ზურაბიშვილმა სულ 83 ხმა მიიღო, მას უბრალოდ კი არ მოუგო ვაშაძემ, ვაშაძემ საერთოდ მოიგო არჩევნები უკრაინაში _ ხმების ნახევარზე მეტი მიიღო _ 189. ასევე მოხდა აზერბაიჯანშიც _ ვაშაძემ ხმათა ნახევარზე მეტი მიიღო. სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა აზერბაიჯანშიც. აზერბაიჯანში გახსნილი სამ უბანზე ჯამურად 147 ამომრჩეველი მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა სულ 39 ხმა წამოიღო აზერბაიჯანიდან, ვაშაძემ _ 88;
ასევე მოხდა თურქეთში გახსნილ სამ უბანზეც. ჯამურად ვაშაძემ თურქეთში ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვა. ანკარაში, სტამბოლსა და ტრაბზონში გახსნილ უბნებზე ჯამურად საქართველოს 198 მოქალაქე გამოცხადდა, სალომეს 56-მა მისცა ხმა, ვაშაძეს _ 106-მა.
სალომე ზურაბიშვილი მწარედ დამარცხდა და გაფარჩაკდა საბერძნეთში გახსნილ 6-ივე უბანზე. წააგო ათენში ზედ ოლიმპოს ღმერთების თვაწლინ და სალონიკშიც. ჯამურად, საბერძნეთში ხმის მისაცემად 1147 მივიდა, სალომესთვის მხოლოდ 168-მ გაიმეტა ხმა, ვაშაძისთვის კი 774-მა. ზურაბიშვილი დამარცხდა ყატარშიც, სლოვაკეთშიც
და რაც მთავარია, ვაშაძემ ზედ ეიფელის კოშკთან დადო ბეჭებზე სალომე ზურაბიშვილი!
140 ამომრჩევლიდან პარიჟანკა სალომეს 35-მა მისცა ხმა, ვაშაძეს _ 41-მა.
პარიზში დამარცხდა! სამაგეროდ მოიგო… უზბეკეთში. არჩევნებზე მისული 23 კაციდან 13-მა სწორედ სალომეს მისცა ხმა. ხმათა ნახევარზე მეტი მოიპოვა სომხეთშიც _ 42-დან 24-მა მას მისცა ხმა. სხვაგან ვაშაძეს აჯობა, მაგრამ ვერ მოიგო, ხმათა ნახევარზე მეტი ვერ მოიპოვა, უბრალოდ, კანადაში ვაშაძეზე 1 ხმით მეტი მიიღო, პორტუგალიაში, ლიტვასა და დანიაში 2-2 ხმით აჯობა ვაშაძეს. ასევე სულ 2 ხმით აჯობა ჩინეთში, სულ 3 ხმით მეტი მიიღო ჩეხეთში. ყაზახეთში 5 ხმით მეტი, ხმათა ნახევარზე მეტი არც ავღანეთში, ჯარისკაცებთან გახსნილ უბნებზე მიუღია. იქაც უბრალოდ, ვაშაძეზე მეტი ხმა მიიღო.
დავბრუნდეთ საქართველოში. როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, საქართველოში ასე საარჩევნო ოლქების დონეზე ყველაზე მეტად რუსთავში შეირცხვინა თავი სალომემ და მისმა მხარდამჭერმა თუ კიდის ამწევმა „ოცნებამ“.
რუსთავის 84 უბნიდან 83 უბანზე სამარცხვინოდ დამარცხდნენ, წამლად ერთადერთი უბანი მოიგეს, ისიც სულ 23 ხმით. რუსთავის ოლქში ვაშაძემ სალომეზე 10 533 ხმით მეტი აიღო! სალომეს ლექსიკით რომ ვისარგებლოთ, სადაც არ უნდა გათხარო, ყველა უბანზე გათხარეს მარცხი…
ქუთაისში გრიგოლ ვაშაძემ 11 527 ხმით მეტი აიღო ზურაბიშვილზე; რუსთავის ოლქის შემდეგ ქუთაისის საარჩევნო ოლქი მეორეა საქართველოში, სადაც ყველაზე მწარედ დამარცხდა ზურაბიშვილი _ 28,7% ძლივს აიღო. იმდენად ძლივს, რომ თავისი მრავალსართულიანი საყურეები კინაღამ გასძვრა. 123 უბნიდან სულ 9 უბანზე აჯობა ვაშაძეს, ისიც კინკილ-კინკილ. მაგალითად, 52-ე უბანზე ზუსტად 1 ხმით, 123-ე უბანზე მთელი 3 ხმით…
სალომე ზურაბიშვილმა მწარედ ჩაისვარა თელავში. აქ მან ხმების მესამედიც ვერ აიღო (32,79%), მაშინ როცა მისმა კონკურენტმა ვაშაძემ მასზე 4958 ხმით მეტი აიღო _ საერთოდ, ხმათა ნახევარზე მეტი აიღო _ 50,12%.
ვაშაძემ ასევე ხმათა ნახევარზე მეტი აიღო და დაამარცხა ზურაბიშვილი წალენჯიხაშიც. სალომემ წალენჯიხაში ხმების მესამედი ძლივს წამოკრიფა (33,76%), გროგოლ ვაშაძემ კი 50,48%. სალომე ზურაბიშვილი მწარედ დამარცხდა ზუგდიდშიც. ზუგდიდმა კლასი უჩვენა. მთელი ადმინისტრაციული რესურსით და ათასი მამაძაღლობით, ხმების მესამედი ძლივს აიღო (33,91%), მასზე მთელი 7379 ხმით მეტი მიიღო ვაშაძემ (49,41%). სენაკში საერთოდ ხმების მესამედიც ვერ აიღო (32,34%), ვაშაძემ მთელი 3044 ხმით მეტი მიიღო (48,84%). მარტვილშიც დამარცხდა ვაშაძესთან მთელი 1533 ხმით, სალომემ 36,17% აიღო, ვაშაძემ 45,32%. ზურაბიშვილი დამარცხდა ჩხოროწყუშიც (მან 38,02% აიღო, ვაშაძემ _ 47,89%). ზურაბიშვილი დამარცხდა ფოთშიც კი, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილობის მიუხედავად _ 34,11% აიღო, მაშინ როცა ვაშაძემ _ 39,82%.
პარიჟანკა მწარედ დამარცხდა წყალტუბოში. ვაშაძემ 48,21% აიღო, ზურაბიშვილზე მთელი 3778 ხმით მეტი. ზურაბიშვილმა აქ ხმების მესამედიც ვერ აიღო (32,93%). გვარიანად გაფარჩაკდა ზურაბიშვილი ტყიბულშიც. 35,82% აიღო და 1182 ხმით წააგო ტყიბულში 46,83%-იან ვაშაძესთან.
სალომე ზურაბიშვილმა მთელი 6757 ხმით წააგო ბათუმი, მართლა ხმების მესამედი ძლივს აიღო _ 33,88%, ვაშაძემ კი _ 44,82%. ქობულეთში ვაშაძემ 42,69% აიღო და 193 ხმით დაამარცხა ქობულეთში 42,11%-იანი სალომე ზურაბიშვილი. ასეთივე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო კასპში, ვაშაძემ 39,64% აიღო და სულ 64 ხმით დაამარცხა კასპში 39,27%-იანი სალომე ზურაბიშვილი. ხაშურში 2136 ხმით მეტი აიღო ვაშაძემ, ვაშაძემ ხმათა 43,22% აიღო, სალომემ _ 33,13%. გორი 3895 ხმით მოუგო ვაშაძემ ზურაბიშვილს. ქარელი 1172 ხმით. ზურაბიშვილმა 1962 ხმით წააგო ვაშაძესთან ლაგოდეხში. ახმეტაში ვაშაძეზე 1723 ხმით ნაკლები აიღო. ყვარელში _ 575 ხმით ნაკლები. 825 ხმით წააგო სამტრედია, ზესტაფონი _ 774 ხმით, 621 ხმით გარდაბანი, ბაღდათი _ 52 ხმით.
მცხეთაში ვაშაძეზე 1083 ხმით ნაკლები აიღო სალომე ზურაბიშვილმა. მოკლედ, ზურაბიშვილი საქართველოს ყველა ძველ დედაქალაქში დამარცხდა _ მცხეთაშიც, ქუთაისშიც. დიდად თავი არც თბილისში გამოუჩენია.
თბილისის ოლქებიდან ყველაზე მწარედ გლდანში დამარცხდა _ 29,84% ძლივს აიღო, მისმა კონკურენტმა ვაშაძემ კი 40,23%, მასზე მთელი 6192 ხმით მეტი! არანაკლები მარცხი იწვნია სამგორშიც. აქ 29,89% აიღო გაჭინთვით, მაშინ როცა მისმა კონკურენტმა 41,95%, მასზე მთელი 6848 ხმით მეტი! კარგა გვარიანად წააგო ისანშიც _ 31,99% ძლივს აკრიფა, მისმა კონკურენტმა ვაშაძემ კი 39,15%, მასზე მთელი 3101 ხმით მეტი. ვაშაძემ 1818 ხმით აჯობა ნაძალადევშიც და 201 ხმით _ კრწანისშიც.
თბილისის ოლქებში ხმათა ნახევარზე მეტი არც სალომეს აუღია, არც _ გრიგოლ ვაშაძეს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამგორში დაფიქსირდა, გრიგოილ ვაშაძემ ხმების 41,95% მიიღო. თბილისის 5 რაიონში ვაშაძემ აჯობა სალომეს, დანარჩენ 5 რაიონში _ სალომემ აჯობა ვაშაძეს.
მაგრამ იქ, სადაც სალომემ ვაშაძეს აჯობა, ის „ჯობნებაც“ ჩაფლავებაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მცირედით აჯობა და მეორე იმიტომ, რომ ამ პერო რაიონებში არც არასოდეს იგებდა „ნაცმო“ არჩევნებს _ ლამის ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული.
მთაწმინდაზე სალომე ზურაბიშვილმა 37,62% მიიღო, აი, იმ მთაწმინდაზე, რომლის მაჟორიტარიც გახლავთ და 2016 წელს რომ პირველ ტურში 44,42% მიიღო და მეორეში _ 67,58%. ორი წლის წინ სალომემ მთაწმინდაზე პირველ ტურში 10 350 ხმა მიიღო, მეორე ტურში _ 11360, მაგრამ 2 წლის შემდეგ 9573 ხმაც ჭინთვით მიიღო და სულ 1602 ხმით მეტი მიიღო, ვიდრე ვაშაძემ და ეს გამარჯვებაა? ან ის გამარჯვებაა, როდესაც 38-დან 4 უბანზე რომ ვაშაძე შენზე ბევრად მეტ ხმას მიიღებს? ბევრ უბანზე კი სულ რამდენიმე ხმით ძლივს აჯობებ? მაგალითად, მთაწმინდის მეორე უბანზე სულ 2 ხმით მეტი მიიღო, ვიდრე ვაშაძემ! მე-16 უბანზე _ 17 ხმით მეტი.
ვაკეში სალომე ზურაბიშვილმა აიღო 37,15% _ 18849 ხმა, ვაშაძემ _ 29,38% (14904 ხმა). სალომემ ვაკეში 3945 ხმით მეტი აიღო, ვიდრე ვაშაძემ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს ის რაიონია, რომელიც ზვიადის ჟამიდან მოყოლებული უცნაური და სპეციფიკურია.
ასე რომ, ამ მაჩვენებლის მიღება რეალურად „ნაცებისთვის“ გამარჯვებაც კია და ქოცებისთვის ჩასვრა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ვაკის 78 უბნიდან 15 უბანში ვაშაძემ აჯობა სალომეს, კიდევ არაერთ უბანზე კი სალომემ ძლივს გაასწრო ვაშაძეს ზოგან 5 და ზოგან 9-15 ხმით.
თავად განსაჯეთ, ვაკის, მთამწმინდისა და საბურთალოს უცნაურობა _ მთაწმინდაზე უსუფაშვილის პრეზიდენტობა 6,49%-მა დაიჯერა და მოინდომა! ვაკეში _ 8,05%-მა, საბურთალოზე _ 7,12%-მა.
გესმით? ვაკეში, საბურთალოზე და მთაწმინდაზე ცხოვრობს ხალხი, რომელსაც სჯერა და უნდა ის, რაც თინა ხიდაშელსაც კი არ სჯერა და გულით, მგონი, არც უნდა.
ვაკეში დავით ბაქრაძემ სულ 6,68% აიღო და მას აჯობეს უსუფაშვილმაც (8,05%) და ჯაფარიძემაც (7,33%).
საბურთალოზე სალომე ზურაბიშვილმა 4473 ხმით მეტი აიღო, დიდუბეში _ 2551-ით, ჩუღურეთში კი 1444 ხმით მეტი.
მოკლედ, 75 საარჩევნო ოლქიდან ზურაბიშვილმა ხმათა ნახევარზე მეტი მიიღო, როგორც უკვე ვთქვით 14 ოლქში, 28 ოლქში არჩევნები მას გრიგოლ ვაშაძემ მოუგო, 33 ოლქში კი ხმათა ნახევარზე ნაკლები, მაგრამ ვაშაძის მიერ მიღებულ ხმებზე მეტი მიიღო. რიგ ოლქებში სხვაობა რამდენიმე ათასიანია, ზოგან კი მცირე. ასე მაგალითად, აბაშა სულ 12 ხმით მოუგო ვაშაძეს, ხელვაჩაური _ 87 ხმით, სიღნაღი _ 351 ხმით, საგარეჯო 644 ხმით, დმანისი _ 955 ხმით და ა. შ.
საქართველოს კუთხეების მიხედვით თუ გადავხედავთ, ზურაბიშვილმა გაიმარჯვა გურიაში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო იმერეთში, კახეთის ნაწილში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში (გარდაბნის გარდა), მთლიან აჭარაში. სამაგიეროდ წააგიო ქვემო იმერეთში, ზღვისპირა აჭარაში (ბათუმ-ქობულეთში), სამეგრელოს დიდ ნაწილში, კახეთის ნაწილში (თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, ყვარელი) და მთლიანად პირწმინდად წააგო შიდა ქართლი (გორი, ხაშური, კასპი, ქარელი). ასეთია სალომე ზურაბიშვილისა და მასთან ერთად მთელი „ოცნების“ჩაფლავების გეოგრაფია. ფაქტია, რომ ზურაბიშვილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაფლავდა და ვაშაძეს სულ 0,9% (14 348 ხმით) გაასწრო.

რეზო შატაკიშვილი