რომან გოცირიძე: „ქართულ ოცნებაში გლოვაა, ის ხაინდრავას მიტანილი თაიგულივით დაჭკნება“

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა რჩეულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნაადრევად იზეიმეს. შესაბამისად, გამარჯვების საზეიმოდ აწყობილი სცენის დაშლაც მოუწიათ და გოგა ხაინდრავას მიერ მიტანილი თაიგული აღარც სალომეს ახსოვდა. სიმბოლურია ისიც, რომ ყვავილები უყურადღებობით დაჭკნა. ქვეყანა მეორე ტურის სამზადისშია, წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულ ფაზაშია.

როგორ ემზადებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“? რას პასუხობენ მმართველი გუნდის ბრალდებებს? და რისი იმედი აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას?
ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული იუმორითა და საინტერესო არგუმენტებით ესაუბრა:

_ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დროს, მახსოვს, თქვენ განაცხადეთ, რომ „ქართული ოცნების“ დაისი დაიწყო. არჩევნების შედეგები მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ „ოცნების“ პოლიტიკური დაისი ფინალს მიუახლოვდა?
_ გოგა ხაინდრავას მიტანილი ყვავილების თაიგული ყველას კარგად გვახსოვს, არჩევნების მეორე დღესვე ვთქვი „ქართულ ოცნებაში“ ტრაურია-მეთქი. ხუმრობით პოსტიც დავწერე: „ქართული ოცნების“ წევრები მკითხავთან ყოფილან და იმას უთქვამს, _ ისე გახმებით, დაჭკნებით და გაქრებით, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი „გამარჯვების“ აღსანიშნავად მირთმეული ყვავილების თაიგულიო. გაქცეულან სამკითხაოდან პარტიის ოფისში თაიგულის სანახავად და რას ხედავენ _ ზეიმით გართულებს წყლის ჩასხმა დავიწყებიათ და თაიგული დამჭკნარა. ეს ხუმრობით, თუმცა რეალურად ისე დაჭკნება „ქართული ოცნება“, როგორც ხაინდრავას მიტანილი ყვავილები.
ხალხმა 6 წლის განმავლობაში უყურა ამ ხელისუფლებას, თავიდან იმედები ჰქონდა, ამ იმედებს კი ის მდიდრული დაპირებები განაპირობებდა, რასაც ხელისუფლება იძლეოდა. ასევე ივანიშვილის ფაქტორიც მუშაობდა, შეიძლება ზოგს ასეთი დამოკიდებულებაც კი ჰქონდა: „ამდენი მილიარდი აქვს კაცს და ცოტას ჩვენც გაგვინაწილებსო“. მსგავსი გულუბრყვილო დამოკიდებულება, ალბათ, გარკვეულ ნაწილს ჰქონდა, მაგრამ 6 წლის თავზე ამომრჩეველმა საშინელი სურათი დაინახა, რომ ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე, ბატონობს ძალადობა, არის ელიტარული კორუფცია და სამართალს ვერ იპოვი. განსაკუთრებით ბოლო ჩანაწერებმა ნიღაბი ახადა კლანური მმართველობის ფორმას. ეს იყო ბოლო წვეთი და საზოგადოებამ, ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა. არჩევნებზე დაახლოებით მილიონ 600 000 კაცი მოვიდა, აქედან მილიონმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ ზურგი აქცია. ოპოზიციამ მილიონი ხმა მიიღო, ანუ სხვაობა ოპოზიციის მილიონ ხმასა და ხელისუფლების 600 000 ხმას შორის 400 000-ია. შესაძლებელია, ამ პოზიციის ნაწილი, მაგალითად, უსუფაშვილი, რომლის ხმები 2,26% და 30 000-40 000-ის ფარგლებშია, მეორე ტურში ხელისუფლებისკენ შემობრუნდეს, მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ იგი არსებით გავლენას მეორე ტურზე ვერ მოახდენს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხმები არ იყო იდეური და „ოცნებისადმი“ ენთუზიაზმით გამსჭვალული ადამიანების ხმები, „ოცნების“ ხმათა დიდი ნაწილი დაშინების, მოსყიდვისა და სამსახურებიდან დათხოვნის შანტაჟით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებზე ზეწოლის შედეგად არის მოპოვებული. ანუ ე. წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები საკმაოდ დიდი იყო. ხელისუფლებამ უკვე დაკარგა მორალური უპირატესობა. არჩევნებზე საკუთარი ნებით მოსული ადამიანები არ წარმოადგენდნენ ხელისუფლების მთავარ ელექტორალურ ბაზას.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ზოგს ეგონა, ივანიშვილი მილიარდებს უწილადებდა. ასეთი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდ ნაწილს ჰქონდა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ივანიშვილზე დადეს ფსონი, სწორედ მისი მილიარდები იყო. გვაქვს თუ არა პრობლემა ამომრჩეველს ამ კუთხით და ამ გადმოსახედიდან გაიზარდა თუ არა საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნება?
_ რა თქმა უნდა, საზოგადოება იზრდება და ვითარდება. ამ დროის განმავლობაში ბევრი პოლიტიკოსი ნახა და გამოიცვალა. ხალხმა თანდათან ისწავლა ცრუ და რეალური დაპირებების გარჩევა. ხალხმა საკუთარი თვალით დაინახა, როგორ შეიძლება დანგრეული ქვეყანა აშენდეს, ვგულისმობ 9 წელიწადს, რასაც ასე ხშირად ახსენებენ. ამავე ხალხმა კარგად დაინახა ისიც, რომ რა გააკეთა ამ 6-მა წელმა, რომელმაც, ფაქტობრივად, აგურიც არ შეჰმატა ჩვენს აღმშენებლობას. დღემდე ეს ხელისუფლება ინერციით მოდის, თუ რამეს აკეთებენ, ეს ყველაფერი მაშინ დაწყებული საქმეების გაგრძელებაა. ყველა სფეროში ასეა, მათ შორის, ეკონომიკაშიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ინერციას თავისი დრო აქვს, 6 წელი ეს ძველი ენერგიით მოდიოდა, თუმცა უკვე, ფაქტობრივად, გაჩერდა, რადგან ხახუნის კანონიდან გამომდინარე, როცა წინააღმდეგობა შეხვდა, სათანადო ძალის არარსებობის გამო გაჩერდა. ამ ხელისუფლებას არ ჰქონდა ძალა, რომ ეს სისტემა წინ წაეწია. ამის მიზეზი კი არაერთია, მათ შორის ის, რომ ხელისუფლებაში მოსული ხალხი გაერთიანებულია არა ქვეყნის აღმშენებლობის იდეით, არამედ მათი გაერთიანების მიზეზი იყო ივანიშვილის ფულები. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ივანიშვილი ცენტრშია თავისი მიზიდულობის ძალით და მაგნიტივით იზიდავს პატარ-პატარა ნამსხვრევებს, ეს მაგნიტი კი ივანიშვილის ფინანსური რესურსებია. სხვა მიზეზით რატომ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკოსი ივანიშვილის საქმიანობით, შორსმჭვრეტელობით ან ივანიშვილის ქვეყნის მართვის უნარით აღფრთოვანებული? ერთადერთი მიზიდულობის ფაქტორი ფულია. ეს პოლიტიკოსები ივანიშვილის ირგვლივ ფულით მონუსხულები არიან გაერთიანებულები. მათ შორის ძალიან ბევრი პრაგმატიკოსია, რომელიც პერიოდულად გამოსტყუებს ხოლმე რესურსებს. მათ იციან რეალობაში რა ხდება, თუმცა თავიანთი მარიფათით მაინც ახერხებენ, ფული გამოსტყუონ. მაგალითად, გოგა ხაინდრავას მსგავსი გაიძვერები, თუნდაც, კინოს გადასაღებად წაართმევენ ფულს. ხაინდრავასნაირები წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით წველავენ ივანიშვილს. ზოგისთვის ივანიშვილი ძალაუფლების წყაროც კი არის და ამ მიზეზითაც ეტრფიან, თუმცა დიდი ნაწილისთვის ის მოსაწველი ძროხაა, რომელსაც ბევრი ფული აქვს და სანამ მათ ამის შანსი ექნებათ, იყენებენ და წართმევას ცდილობენ.
_ რატომ ვერ მოახერხა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარება და სწორად მართვა? როგორ ფიქრობთ, ეს მისი მიზანი არც ყოფილა თუ, უბრალოდ, არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი ლიდერი?
_ რამდენიმე მიზეზი არსებობს, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იგი რუსეთის ორბიტაში მოქცეული ადამიანია. მისი მოქმედებები არ არის თავისუფალი. ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში ერთი შენიშვნაც კი არ მოგვისმენია: პუტინისგან, მედვედევისგან ან რომელიმე დეპუტატისგან, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებაში გარკვეული გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ვგულისხმობ იმას, რომ ამ ადამიანებისგან მცირე კრიტიკაც კი არ გვაქვს მოსმენილი ივანიშვილის მისამართით. შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილი კრიტიკის სფეროდან სრულიად გამოსულია. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მას არავითარი უნარი და ხედვა არ აღმოაჩნდა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსავითარებლად. გარდა ამისა, მას ამოძრავებდა დიდი, პრაგმატული მიზნები და ეს ყველაფერი გამოისახა საქართველოში მის ბიზნეს-საქმიანობაში. მან ვერც გუნდი შეკრიბა. მისი გუნდი, დაწყებული გამგებლებით და გუბერნატორებით, დამთავრებული დეპუტატებითა და მინისტრებით, არის აბსოლუტურად საშუალო მოსწრების კლასი, დაახლოებით ოროსნები და სამოსნები. როგორც პრესაში დათვალეს, 70-მდე ადამიანი მოვიდა მხოლოდ „ქართუს“ ჰოლდინგიდან. ასე რომ, ქვეყანას უკიდურესად არაკვალიფიციური კადრები მართავს. როგორც ვხედავთ, ივანიშვილს კადრების შერჩევისა და მენეჯმენტის უნარიც ძალიან სუსტი აღმოაჩნდა. დღევანდელი მინისტრები ამ თანამდებობაზე რომ არ იყვნენ, ვინმესთვის გეჩვენებინათ და გეკითხათ, ანდობდნენ თუ არა ქვეყანას მათ, ნებისმიერს თითოეულ მათგანზე სიცილი აუტყდებოდა, თუმცა როცა მინისტრის სკამზე სხედან, ეს პოსტი მათ გარკვეულ სერიოზულობას ჰმატებს. სინამდვილეში კი ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც, ერთი მხრივ, არ აქვთ მომავლის ხედვა და მეორე მხრივ, არ გააჩნიათ ენერგია, ორგანიზების უნარი. პირიქით ისინი არიან შეშინებული, მორჩილი, ივანიშვილის ახირებების შემყურე ადამიანები. სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე ადამიანების, პარლამენტარების, მინისტრების, პროკურორების ძირითადი ორიენტირი არის ბიძინა ივანიშვილი, ისინი დამოკიდებულები არიან იმაზე, თუ რას იტყვის იგი. მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი, ანგარიშვალდებულება არ გამომდინარეობს კანონებიდან და კონსტიტუციიდან, ამ შემთხვევაში ანგარიშვალდებულება კულუარულია. მთავარი ამბავი ტრიალებს იმის გარშემო, თუ ვინ მიუტანს ივანიშვილს ვინმეზე კარგ ან ცუდ ინფორმაციას, ვინაიდან ივანიშვილი მათთვის ძალიან შორს არის, მზესავითაა და ახლოს მისვლის უფლება ბევრს არ აქვს, მივლენ და დაიწვებიან, ამიტომ ძალიან დიდი სკაფანდრით უნდა იყვნენ შეიარაღებული, ეს სკაფანდრი ან ნათესაური უნდა იყოს, ან ფარცხალაძის მსგავსი უნდა იყო, ვისთანაც საერთო ინტერესები აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ტიპური ფეოდალური მმართველობა, სადაც ერთი ადამიანი განაგებს ყველაფერს, მათ შორის დომინირებს ხელისუფლების ყველა შტოზე. დღეს საქართველოში სიღატაკისა და უსამართლო სისტემის ფორმირების საფუძველი სწორედ ეს უკანონო, არაკონსტიტუციური, ოლიგარქიული მმართველობაა. ხალხმა ეს დაინახა და იწყება კიდეც გამოფხიზლების პროცესი.
_ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ ნაწილს არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს. ამ შემთხვევაში ასეთი ამომრჩევლისთვის როგორ დგება საკითხი?
_ შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის ეს ორი კანდიდატი არ იყოს სასურველი. ზოგს საპრეზიდენტო კანდიდატი მესამე ახალი პოლიტიკური ცენტრიდან წარმოუდგენია და ასეთს მუდმივად ეძებს. იცით, ეს რას მაგონებს? _ ზოგი თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულს რომ ეძებს და ეს უფლისწული არა და არ მოდის. ამ 25 წლის განმავლობაში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს მიღმა საოცნებო პარტიისა თუ კანდიდატის ძიება ბევრს დასჩემდა, მაგრამ მათ დაინახეს, რომ პოლიტიკური კლასისა და ლიდერების გამოზრდას დიდი დრო სჭირდება, დაახლოებით, 10-20 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში ვინც მოულოდნელად გამოჩნდა, ასევე მოულოდნელად გაქრა. ყველაზე ნათელი ნიმუში კი „ქართული ოცნების“ სახეებია, რომლებიც გამოჩენიდან 6 თვეში სრულიად დევალვირდნენ. „ოცნებაში“ ყველა, მათ შორის, ივანიშვილის ჩათვლით, უფრო ადრე გაცვთა და ამორტიზირდა, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიისა და ლიდერის გამოწვრთნას სჭირდება ძალიან დიდი დრო და ბევრ ქარცეცხლში გამოვლა. ბოლოს და ბოლოს საზოგადოება ერთ რამეს მიხვდა, რომ თეთრ რაშზე ამხედრებული უფლისწული, რომელიც მოვიდა აკიდებული ოქროს ტომრებით, უფლისწული კი არა, ჯაგლაგზე ამხედრებული ადამიანი ყოფილა. ივანიშვილის მოსვლამ თეთრი რაშის ილუზიებიც გააქარწყლა. ხალხი მიხვდა, რომ ერთად უნდა ვეძებოთ ქვეყნის განვითარების გზა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება და ძალაუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის დამყარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი მმართველის მოსვლა და ერთი ხელის დაქნევით ქვეყნის აშენება. ძალიან ბევრი, რომლისთვისაც არ არის მოსაწონი არც სალომე ზურაბიშვილი და არც გრიგოლ ვაშაძე, აკეთებს პრაგმატულ და ჯანსაღ არჩევანს. არჩევანს ორ ფუნდამენტურ გზას შორის _ ერთი ვაშაძე და მის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი, რომელიც ასოცირდება მომავალთან, ევროპასთან, დემოკრატიასთან და მეორე ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ასოცირდება წარსულთან, რუსეთისა და ივანიშვილის გავლენასთან, ჯიბის პრეზიდენენტის სტატუსად ყოფნასთან. სწორედ ამ ორ არჩევანს შორის ჩამოუყალიბებლებმაც კი, დიდი ალბათობით, გადაწყვიტეს, რომ არ მისცემენ ხმას სალომე ზურაბიშვილს. ხელისუფლების წარმატების მიღწევის ერთადერთი შანსი ისევ არის ფული, ძალადობა, მოსყიდვა და გაყალბება, თავს კი იმით იმართლებენ, რომ თურმე ამომრჩეველთა რაღაც ნაწილი გაებუტა და გაბუტულები სახლში დარჩნენ. ახლა ცდილობენ შემორიგებას და ძალიან სასაცილო ლოზუნგით გამოვიდნენ, თურმე ორშაბათიდან იწყებენ ხალხის პრობლემების გულთან მიტანას, ხალხის ჩახუტებასა და მოფერებას. ეს გაბუტულობის თემა არის ყალბი თვითდამშვიდების საფუძველი, იმიტომ, რომ საქართველოში ოფიციალურად ითვლება, რომ 3,5 მილიონი ამომრჩეველია. ეს როგორ, როცა ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია? _ კითხულობენ გაკვირვებულები. იმიტომ, რომ ამომრჩეველთა რეალურ რაოდენობას დამატებულია 700 ათასამდე ემიგრაციაში წასული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. აქედან მხოლოდ 10 ათასამდე აძლევს ხმას სხვადასხვა მიზეზის გამო. სინამდვილეში საქართველოში 2,8 მილიონი ამომრჩეველია. ამიტომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა იყო არა 47, არამედ 60 პროცენტი. ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია. ასე იყო წინა საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ამიტომ ტყუილია ხელისუფლების მტკიცება, რომ „ოცნებაზე“ გაბუტული ამომრჩეველი სახლში დარჩა და ამიტომ მიიღო ასე ცოტა ხმა მათმა კანდიდატმა. მეორე ტურში ამ „გაბუტულების“ შემორიგებას აპირებენ. ტყუილად. გაბუტულმა კი არა, იმედგაცრუებულმა ამომრჩეველმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და სავსებით სამართლიანად.
_ მაშინ ასე გკითხავთ: რა ბერკეტები რჩება ხელისუფლებას?
_ ხელისუფლებას ერთადერთი იმედი დარჩა და ეს არის ადამიანების სიებით მიყვანა. ბევრი, რომელიც თბილისში მუშაობს, რაიონებში თუნდაც ფინანსური მიზეზის გამო ვერ ახერხებს ჩასვლას, სწორედ ასეთ ადამიანებზე დაიწყებენ ნადირობას. ხელისუფლების რესურსია მათ მიერ მიყვანილი ადამიანები და არა გულანთებული ამომრჩეველი, რომელიც იდეის საფუძველზე აძლევს ხმას. ასევე საშინელი, მდაბიური პროპაგანდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ გამარჯვების შემთხვევაში სამოქალქო ომი დაიწყება.
_ როგორია ხალხის დაკვეთა, თქვენ, როგორც პოლიტიკოსმა, რა მესიჯები ამოიკითხეთ არჩევნების შედეგებით?
_ ამ არჩევნების შედეგებმა კი დაგვანახვა, რომ ხალხს არ უნდა ერთმმართველობა. მათ შორის, არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ერთმმართველობა, რომელმაც იმ ისტორიულ მომენტში შევარდნაძის მიერ დანგრეულ და განადგურებულ ქვეყანაში ძალაუფლების კონცენტრაციის შედეგად საქართველო აქცია აღმშენებლობის გზაზე მდგარ სახელმწიფოდ, ამავე ძალაუფლების კონცენტრაციამ გამოიწვია უამრავი შეცდომა, რის გამოც სამართლიანი მარცხი იწვნია მაშინდელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, რომელმაც უზარმაზარი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის. ხალხმა მათ არ აპატია ძალაუფლების კონცენტრაცია, თუმცა ის ძალაუფლება დაფუძნებული იყო კანონებზე, ეს კონცენტრაცია კი დაფუძნებულია ივანიშვილზე, უკანონობასა და არაფორმალური ლიდერის ირგვლივ გაერთიანებულ ძალაზე. ახლა კი საზოგადოების დაკვეთა არის ასეთი: იყოს ბალანსი და ყველა ბერკეტი არ ჩავუგდოთ ხელში ერთ ადამიანს, იყოს ბევრი პარტია ერთად, რომელიც ერთმანეთს დააბალნსებს, ეყოლებათ გარე ოპოზიცია და შიგნითაც იქნებიან კონკურენტულ რეჟიმში. ხალხი დარწმუნდა ერთ რამეში: შეუძლებელია სიკეთის გაკეთება, თუ არ არსებობს თავისუფალი მედია, პრესა, თუ არ არსებობს ისეთი გაზეთი, როგორიც არის „ქრონიკა+“, თუ არ არსებობს ისეთი ტელევიზია, როგორიც „რუსთავი 2-ია“. რომ არა თავისუფალი მედია, დღეს ვერ გავიგებდით იმ დანაშაულებებს, რომელსაც ხელისუფლება სჩადის და სწორედ თავისუფალი მედია უნდა იყოს მაკონტროლებელი, მართლაც მეოთხე ხელისუფლება ამ კოალიციური მთავრობისა. დღეს მოთხოვნა არის არა ერთმმართველობისა, არამედ მრავალი პოლიტიკური ძალის გაერთიანებული მენეჯმენტისა. გამსახურდიას დროსაც იყო ძლიერი ლიდერის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოუტანდა. შევარდნაძის დროს იყო მოთხოვნა ასევე ძლიერი, ერთპიროვნული ლიდერისა, რომელიც საქართველოს კრიმინალური მდგომარეობიდან გამოიყვანდა. მიშა სააკაშვილის დროს იყო მოთხოვნა ერთმმართველი ლიდერის, რომელიც ჩვენს ქვეყანას სწორ, დასავლეთის გზაზე დააყენებდა და ძალიან სწრაფად უმძიმეს რეფორმებს გაივლიდა კრიმინალის დასამარცხებლად. ივანიშვილის დროსაც ხალხს გაუჩნდა მოთხოვნა, რომ ის ყოფილიყო ძლიერი ლიდერი. ხალხმა ჩათვალა, რომ თუ მან ფული ბიზნესში იშოვა, ე. ი. სახელმწიფოსაც აშოვნინებდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ფული ბიზნესით ნაშოვნი არ იყო და გიგანტური სახელმწიფოს ნგრევის დროს თავზე დაეცა მილიონებით სავსე ტომარა. ალბათობა. ნგრევის დროს რომ აგური დაგეცეს და მოკვდე, უფრო მეტია, ვიდრე ის, რომ ფული დაგეცეს, თუმცა ივანიშვილს რამდენიმე ოლიგარქის მსგავსად დაეცა ფულით სავსე ტომარა. ხალხს ეგონა, რომ მილიარდის მშოვნელი ადამიანი ათეულ მილიარდს აშოვნინებდა ქვეყანასაც და მათაც. ეს იმედები გაცრუვდა. ახლა ამომრჩეველში ცალსახად ჩამოყალიბებული მენტალობაა, მას არ უნდა ერთ პერსონაზე მიბმული ქვეყანა, მას უნდა მრავალპარტიული და სწორედ ამიტომ უხარიათ, რომ ჩვენ ირგვლივ გაერთიანდნენ სხვადასხვა პარტიები, რესპუბლიკურმა პარტიამაც დაგვიჭირა მხარი, ზოგს გაუკვირდა, _ როგორ, ისინი ხომ მტრობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასო“, თუმცა დიდმა ნაწილმა სწორად აღიქვა. რეალურად, ასეთი მოთხოვნაა ატმოსფეროში და ამ ატმოსფეროს 2-3 კვირაში შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, როგორი ენერგიაც არ უნდა დახარჯოს „ოცნებამ“. მით უმეტეს, „ოცნების“ სახეები საზოგადოებისთვის მიუღებელია თავიანთი ან კორუმპირებული წარსულით, ან ივანიშვილისადმი მონური მორჩილებით, ან ელემენტარული უინტელექტობის გამო. შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ დადებით გმირი არ ჰყავს. მათ არ ჰყავთ თუნდაც მისაბაძი პერსონა.
_ პერსონებზე „ოცნების“ კლიპი გამახსენდა „ორმოცდარვა“, რომელსაც საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია მოყვა…
_ რაც შეეხება ამ კლიპს, ახლა გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ ხარჯები და თურმე ამ მომღერლებს ყველას ნისიად აქვს ნამღერი. ზოგისთვის 1000 ლარი აქვთ მისაცემი, ზოგისთვის _ 500, 147, 30 და ა. შ. მათ ცნობადი სახეები ფულის მიხედვით შეაფასეს. ერთ მომღერალ გოგონას 1000 ლარი მისცეს, ვიღაცას 200 და ახლა რანგირების გამო ერთმანეთს დაერივნენ. ამიტომ მსახიობი იქნება, მომღერალი, ბიზნესმენი თუ სხვა ვინმე, ივანიშვილთან სიახლოვის მოტივი არის ის, რომ როგორმე მას ფული გამოსძალონ. აქედან გამომდინარე, არასდროს შემხვედრია ენთუზიასტი ქოცი. იდეური ქოცი არ არსებობს, არსებობს პრაგმატული ქოცი.
_ მმართველი გუნდიდან გვესმის, რომ ამომრჩეველი დამოუკიდებელი კანდიდატის გამო დაიბნა, ასევე ისმის მოსაზრება, რომ არჩევნების შედეგზე თავად ზურაბიშვილის პერსონამ იქონია გავლენა. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, ის, რომ მეორე ტური გახდა საჭირო და ოპოზიციამ მაღალი შედეგი დადო ეს ზურაბიშვილის პერსონის „დამსახურებაა“?
_ რა თქმა უნდა, ახლა თავს იმართლებს „ქართული ოცნება“, რომ სალომე ზურაბიშვილი არავის უნდოდა. არც მთავრობიდან და არც პარლამენტიდან არ ყოფილა ისეთი ვინმე, ვისაც ზურაბიშვილი უნდოდა, თუმცა ივანიშვილმა ეს არ შეისმინა. უმრავლესოობის დიდი ნაწილი გახარებულიც კი არის ზურაბიშვილის მარცხით, მათ უხარიათ იმის გამო, რომ ერთხელ მაინც დაისაჯოს ივანიშვილი სიჯიუტისთვის. შეიძლება ამ ადამიანებს ისიც კი გაუხარდეთ, რომ ზურაბიშვილმა წააგოს ეს არჩევნები. ბევრს ეს ნამდვილად გაუხარდება, ამით მიახვედრებენ ივანიშვილს, რომ მისი ჩაანალიზებები ალოგიკურია. სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, განსხვავებული შედეგი იქნებოდა, ამის თქმა სწორად არ მიმაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი ერთი და იგივე იქნებოდა. ხალხმა უნდობლობა გამოუცხადა არა საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ ბიძინა ივანიშვილს და მისი მმართველობის სტილს. თავის მხრივ, საპრეზიდენტო კანდიდატმაც, ბუნებრივია, ცუდი როლი ითამაშა, განსაკუთრებით მისი არაპატრიოტული და ანტისახელმწიფოებრივი გამონათქვამების გამო. მისი ყველა გამონათქვამი სახელმწიფოს ინტერესებისთვის, ფაქტობრივად, ლახვრის ჩამცემი იყო. რეალურად, ეს კანდიდატი რუსეთის ინტერესებზე წყლის დამსხმელია. „ოცნების“ ერთმა დეპუტატმა მითხრა, _ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ზურაბ აბაშიძის კანდიდატურას რომ დათანხმებოდა ივანიშვილი, დღეს ხომ გამარჯვებულები ვიქნებოდითო. ანუ მათი სავარაუდო კანდიდატების წრე შემოიფარგლებოდა რუსეთთან რაღაც ფორმით ლოიალური დამოკიდებულების მქონე ადამიანებით. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევისას ნომერ პირველი კრიტერიუმი იყო ის, რომ რუსეთს არ უნდა სწყენოდა. მთელი რუსეთის პროპაგანდა, მედია, რუსეთის დეპუტატები და, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი პირდაპირ ამბობს, _ თუ სალომე ზურაბიშვილმა არ გაიმარჯვა, ძალიან ცუდ ამბებს დაატრიალებს რუსეთი. ანუ ისინი ღიად უჭერენ მხარს ზურაბიშვილს. მათთვის ეს ქალბატონი უიდეალურესი კანდიდატურაა, რადგან მისი წიგნი და გამონათქვამები პირდაპირ რუსეთის ბანაკში სვამდა მას. ივანიშვილის მეორე კრიტერიუმი იყო: მის მიმართ კანდიდატს ჰქონოდა აბსოლუტური მორჩილება, რადგან ის აღარ დაუშვებდა მარგველაშვილის ფაქტორის განმეორებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ მარგველაშვილი ივანიშვილისგან თავქუდმოგლეჯილი არ გარბოდა, მაგრამ მას ძალიან დიდი პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენეს, ლანძღეს, არ აპატიეს იმ შენობაში შესვლა. უყვიროდნენ და იქიდან გამოგდებას უპირებდნენ, ამიტომ პერსონალური შეურაცხყოფა ვერ აიტანა მარგველაშვილმა. ზურაბიშვილი ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილბდა, ამიტომაც აირჩია ივანიშვილმა.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ წინასაარჩევნო კამპანიაზე: მმართველი გუნდიდან გაერთიანებული ოპოზიციის მისამართით მუდმივად გვესმოდა, რომ ბინძური კამპანია აწარმოა ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ეს მესიჯი არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ისმის. პარალელურად, ამ დღეებში ქვეყნდება სოციალური ქსელით ვაშაძისა და პუტინის ფოტო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ფოტოშოპია, ასევე გავრცელდა ნინო ანანიაშვილისა და პუტინის ფოტო. თითქოს კონტრშეტევაზე წამოვიდნენ, რას გვეტყვით ამაზე?
_ ყველა არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ უსაზიზღრეს შავ პიარს ეწეოდა. თავიდან მიშა სააკაშვილს უგონებდნენ ათას სისულელეს, მაგალითად თითქოს სანდრა ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა. მსგავსი სისულელების ტირაჟირება მუდმივად ხდებოდა, რუსულ პრესასა და ტელევიზიებში საათობით გადიოდა ამ თემაზე გადაცემები, სადაც რუსულ აგენტურასთან დაკავშირებული ხალხი მონაწილეობდა იგორ გიორგაძისა და მსგავსი მოღალატეების ჩათვლით. ასევე იყო დამონტაჟებული საუბრები, ვითომ ვიღაცას რევოლუციის მოწყობა უნდოდა. აშინებდნენ ხალხს, რომ თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ათასი საბურავი იყიდა მთავრობისა და რუსთაველის შემოსარტყმელად, ამით კი ვითომ გადატრიალებას ვაწყობდით. ისინი სწორედ ასეთი მეთოდებით მოქმედებდნენ. რაც შეეხება შავ პიარს, რომელიც სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის წინააღმედეგ იყო, ერთია ოპოზიციის რესურსი, რომელსაც ფული არ აქვს, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს აკრავდა პუტინთან ერთად და მას „კაგებეს“ აგენტს უწოდებდა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს რუსეთის „კაგებე“ ძალიან დაგვიჩლუნგდა, იგორ გიორგაძე გამოჰყავთ და ამბობს, რომ თურმე მიშას დედა, ქალბატონი გიული ალასანია, მის მიერ „დავერბოვკებული“ აგენტი ყოფილა. პარალელურად, თავიანთი აგენტურაც აამოქმედეს _ „ქართული მარში“ და ბედუკაძე. მიკვირს ყველაზე მთავარი, როგორ ავიწყება რუსულ „კაგებეს“, რომ თავისი არქივიდან გრიგოლ ვაშაძის აგენტურის დოკუმენტაცია ამოიღოს. თუ არ იციან, სად არის, მე ვეტყვი: ეს არის სმოლენსკში, არქივში, მეორე კოსპუსში, მეხუთე თაროზე დევს ყვითელი, მტვერმოდებული საქაღალდე. გამოიტანონ ეს გაასაჯაროონ და მორჩება ყველაფერი. როგორ ავიწყდება რუსეთის „კაგებეს“ ასეთი „ბომბის“ შემოგდება? პირველი ტურის დროს, ეტყობა, დაავიწყდათ და ახლა გამოიყენებენ. ამიტომ „ქართული ოცნების“ შავი პიარი დამაჯერებელი არ არის. როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია სალომეს წინააღმდეგ კომპრომატებს დებს, ეს კომპრომატები რეალურია, „ქართული ოცნების“ კომპრომატებისგან განსხვავებით. გაერთიანებული ოპოზიციას მოჰყავს არგუმენტები: ეს არის ზურაბიშვილის წიგნი, მისი გამონათქვამები, განცხადებები, ერთი მხრივ, ოპოზიცია დოკუმენტებით გამაგრებული არგუმენტებით გამოდის, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლება ჭორებისა და კარიკატურების შეთხზვის გზით ცდილობს შავი პიარის აგორებას ჩვენ წინააღმდეგ. მინდა ვთქვა, რომ ამაშიც დამარცხდა მმართველი გუნდი.
_ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ ასევე იყენებდნენ მის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის კულტურის ნაწილია, ამას როგორ ახსნით?
_ გრიგოლ ვაშაძეზე ყველაზე დიდი კომპრომატი ყოფილა ის, რომ მან ეს განაცხადა. დავიწყებ იმით, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოში იყო ორი რამით ცნობილი _ ეს იყო კლასიკური ბალეტი და ავტომატი „კალაშნიკოვი“. მეტი რუსეთს არაფერი ჰქონდა. როდესაც ნინო ანანიაშვილი ბალეტის ისეთი ვარსკვლავია, რომლის მსგავსიც საუკუნეში 5-6 იბადება, როგორ შეიძლება, გრიგოლ ვაშაძეს არ უყვარდეს რუსეთის კულტურა?! ბუნებრივია, რომ ამ კულტურის ნაწილი შეუძლებელია, არ ყოფილიყო ვაშაძე, ისევე როგორც მე ძალიან მიყვარს რუსული მწერლობა, ფილმები და მეც ძალიან მიყვარს რუსული ბალეტი. სწორედ რუსული ბალეტია ის, რასაც დღეს თბილისში ვუყურებთ. ასე რომ, ვერ ვხვდები, რატომ არის პრობლემა, როცა ადამიანს ობიექტურად მოსწონს რუსეთის კულტურა ან ისეთ მოცემულობაში, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა, თავად მიიჩნევს თავს რუსეთის კულტურის ნაწილად? ეს სულაც არ არის საგანგაშო. მეორე თემა, რაზეც განგაში ატეხეს, იყო ის, რომ გრიგოლ ვაშაძემ პასპორტი გვიან ჩააბარაო. თუმცა მისადმი როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ეს პრეტენზიები გვესმის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს სხვა ხინჯი არ გააჩნია. ამ ყველაფერში დადებითი იცით, რა არის? _ როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ვაშაძეს როგორ შეიძლება რუსეთი რამე კუთხით მოსწონდეს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ანტირუსული მიდგომა დღეს საზოგადოებას მოსწონს. „ქართულ ოცნებასაც“ კი ამომრჩევლის თვალში გრიგოლ ვაშაძის გაშავება უნდა რუსული კონტექსტით, ანუ საზოგადოება შეთანხმდება იმაზე, რომ თუ შენ რუსეთის წისქვილზე ასხამ წყალს, ე. ი. ხარ ცუდი. მმართველი გუნდის ტრიუკადაც კი იქნა გამოყენებული რუსეთის თემა, ეს უკვე საქართველოში იმ პოლიტიკური ძალების წარმატებაა, რომლის მიზანი ყოველთვის იყო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება, ევროპის კულტურასთან ზიარება და რუსეთის ორბიტისგან მოწყვეტა. რუსეთის ორბიტისგან მოწყვეტა არის თურმე კარგი ელექტორალური ფაქტორი და ამ ხრიკს „ოცნებაც“ კი იყენებს, ეს ნიშნავს საზოგადოების გამარჯვებას.
_ 6 წელია გვახსენებენ „სისხლიან 9 წელს“, თუმცა ამ მესიჯებმა არჩევნებზე არ იმუშავა, ახლა უკვე სამოქალაქო ომით გვაშინებენ, მუდმივად აკეთებენ აქცენტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშით დაბრუნდება. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ის 9 წელი მძიმედ შეეხო და დღემდე ახსოვს?
_ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიანად დამარცხდა, რადგან აუცილებელი იყო განახლება. ჩვენ ახლა ვხვდებით, რუსეთი როგორ ერეოდა აშშ-ს, ბალკანეთის ქვეყნებში, საფრანგეთში, პოლონეთში და ასევე უზარმაზარი როლი ითამაშა 2012 წელსაც რუსეთის ჯაშუშური აგენტურის მუშაობამ საქართველოშიც. დღემდე გამოუძიებელია, ვინ ჩაახრჩო ქვევრში პატარა ბავშვი, ბარბარე რაფალიანცს ვგულისხმობ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბედუკაძე, რომელიც რუსეთის აგენტი იყო, მთელი ციხის კადრები დადგა. განსაკუთრებით ცოცხების ეპიზოდი, სადაც ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს ალაპარაკებდა და ათამაშებდა. მთელი ეს დადგმული სცენარი ძალიან კარგად ამხილა თქვენმა გაზეთმა და ქალბატონმა ელისო კილაძემ. ფაქტობრივად, რუსეთმა მაშინ საქართველოში მისთვის სასურველი კანდიდატი დასვა, თუმცა ეს არ ამართლებს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში ნაკლები დანაშაულებები ხდებოდა?! განა მაჩალიკაშვილის, სარალიძის ტრაგედია და ამ დანაშაულებებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დამნაშავეებზე ხელის დაფარება არ არის სისხლიანი?! განა, ამ 6 წლის განმავლობაში კორუფციის უკან დაბრუნება და ხალხის გაღატაკება არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ხელისუფლებას ხალხმა უარი უთხრას?! ხალხმა 2012 წელს იმ 9 წლის ვერდიქტი დადო ახალი ხელისუფლების ფორმირებით და ახალი ძალის გამარჯვებით, ახლა უკვე საუბარია არა იმ 9 წელიწადზე, არამედ ამ 6 წლის შედეგებზე. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი? ხალხმა თქვა, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ამ ხელისუფლების ალტერნატივა არის ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის ძალების ენერგია, მრავალპარტიულობა და კოალიციური მთავრობა. ხალხი ახლა არჩევანს აკეთებს არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებაზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით, ძველი გამოცდილებით ახალი პოლიტიკური სპექტრის ხელისუფლებაში მოსვლაზე. რაც შეეხება გედი ფოფხაძისა და მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებს, ეს, რა თქმა უნდა, არის უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი და კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ ხალხი ამას უკვე სერიოზულად აღარ ღებულობს, რადგან ხალხი ხედავს, რომ ყველაზე უარესი გამოწვევის წინაშე დგას და ეს გამოწვევა სიღარიბეა. ივანიშვილის თაოსნობით ამ გუნდის არც ერთ წევრს არ შეუძლია სიღარიბის დაძლევა, ეს საზოგადოებამ გააცნობიერა. ახლა ხალხი ახალ ხელისუფლებას ეძებს, მომავალში პირველი ხელისუფლების კონფიგურაცია არის გაერთიანებული კოალიციური მმართველობა, ეს უნდა ვცადოთ, ასე იბადება ერი, სახელმწიფო. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ სელექციის უნარი ყოველთვის ხალხს აქვს და ხალხი არასდროს ცდება არჩევანში.
_ კიდევ ერთი თემა, რომელზედაც აქტიურად საუბრობენ მმართველ გუნდში, ეს არის შეწყალების საკითხი. აღნიშნავენ, რომ ვაშაძის გაპრეზიდენტების მიზანია სააკაშვილის, ახალაიასა და მერაბიშვილის შეწყალება. ამ მიმართულებითაც ცდილობენ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. რა არგუმენტებს დაახვედრებთ თქვენი მხრივ მსგავს მოსაზრებას?
_ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც კი არ მომხდარა ისეთი საშინელი წმენდა და რეპრესიები, როგორიც „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მოხდა. ფაქტობრივად ყველა, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ძალოვნების ხელმძღვანელები რეალურად იყვნენ რეპრესირებულები. ამიტომაც ეს ადამიანები უსამართლო სასამართლოს მიერ მსჯავრდადებული პირები არიან. მათი უმრავლესობა სწორედ პოლიტიკური პატიმარია. თუ ცალკეულ პირებს დანაშაული ჰქონდათ და ამას ობიექტური სასამართლო დაადგენდა, მაშინ საზოგადოება აღიარებდა ამას, მაგრამ დღეს არც ერთი საქმე არ არის სარწმუნო. ამიტომაც ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები და ბუნებრივია, ისინი უნდა შეიწყალონ. ამასთანავე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილი დეკემბერში ციხიდან უნდა გამოვიდეს, ყოველგვარი შეწყალების გარეშე. ბაჩო ახალაიაც 2 წელიწადში ისედაც გამოდის, მან გააკეთა კიდეც განცხადება, რომ არ აპირებს შეწყალების თხოვნით მიმართვას. „ქართული ოცნების“ განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით მეტყველებს მის უგუნურებაზე. მათ სურთ, რომ ეს ადამიანები მთელი ცხოვრება ციხეში იყვნენ გამოკეტილები?! როგორც ივანიშვილი ამბობს, 2030-მდე უნდა იყოს მმართველი, ისე უნდათ 2030-მდე მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში თავის ოროთახიან სოროში იყოს ლტოლვილი?! მე ვარ მასთან ნამყოფი და კარგად ვიცი, რა პირობებში ცხოვრობს ახლა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ის ცხოვრობს ოროთახიან „ხრუშჩოვკაში“. ივანიშვილს უნდა, 2030 წლამდე აქ იმეფოს და სააკაშვილი დევნილი იყოს?! კი მაგრამ, რატომ?! არავითარი ნეტაგიური დატვირთვა არ აქვს იმას, რომ პრეზიდენტი ვინმეს შეწყალებას აპირებს, მით უმეტეს, ეს ადამიანები თუ ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. ამას ნეგატიური გავლენა რომ ჰქონოდა, წინასაარჩევნოდ არავინ იტყოდა. ხალხი ამას უარყოფითად არ აღიქვამს. უბრალოდ, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს, ეს უარყოფითად წარმოაჩინოს.
_ ჩვენ ვხედავთ, რომ წამოიწყეს ახალი კამპანია: „არა მიშას“. რა შთაბეჭდილება გრჩებათ? ეს იმოქმედებს იმ ადამიანებზე, რომელთაც ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ სააკაშვილის მიმართ? აქვე გკითხავთ: მიშას აქტიურად ჩართვამ წინასაარჩევნო კამპანიაში რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა? თქვენივე მხარდამჭერების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ფორმით აქტიურობა არ იყო მომგებიანი…
_ ეს არის „ქართული ოცნების“ ინტელექტუალური სიღატაკე. მათ ჰგონიათ, თუ დაიწყებენ კამპანია „არა მიშას“, ეს დადებითად იმოქმედებს. მიშას ფაქტორი ამ გამარჯვებაში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო. მიშა არის „ნაციონალური მოძრაობის“ საპატიო თავმჯდომარე. ის დღესაც იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური ლიდერი, იურიდიულად ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. ის ქვეყნიდან განდევნეს, მოქალაქეობა წაართვეს და ბუნებრივია, ფორმალურად ვერ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ის რჩება საპატიო თავმჯდომარედ და არასდროს მიჯნავს თავს ქართული პოლიტიკური პროცესებისგან. სწორედ ამიტომ მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში დადებითი იყო. მათ ჰგქონიათ, რომ „არა მიშას“ კამპანიის შემდეგ მიშა დაიმალება? არა, მიშა არ დაიმალება და აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას. სწორედ მისი დამსახურებაა ოპოზიციის ხმები, ისევე როგორც ამ გაერთიანებაში შემავალი სხვა პარტიებისა და მათი ლიდერების. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა რეალობის ობიექტურად, კომპლექსურად აღქმის უნარი.
_ ტელეკომპანია „იმედის“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ამ შემთხვევაში გეკითხებით არა როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, არამედ როგორც პოლიტიკოსს, _ რამდენად სწორია, რომ მედია ასე ღიად ებრძვის კონკრეტულ პარტიას?
_ სწორია იმ შემთხვევაში თუ მედია იდეებს უჭერს მხარს. „რუსთავი 2“ მხარს უჭერს ევროპულ არჩევანს, დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და „რუსთავი 2“ არის ოპოზიციური, კრიტიკული ტელევიზია. „რუსთავი 2-ს“ მიაჩნია, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანას ევროპულ გზას ააცდენს. „იმედი“ იმით განსხვავდება „რუსთავი 2-ისგან“, რომ ის ივანიშვილს ემსახურება. ამიტომ გააუქმა ივანიშვილმა „მეცხრე არხი“, „ჯიდიესი“. მას საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეხქვეშ ამოდებული ჰყავს, ყველაზე დამამცირებელი ალიყური სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს გააწნა, როდესაც თავის ინტერვიუზე არ დაუძახა. დახურული „იბერიაც“ კი მიიწვია, თუმცა წიხლი გაარტყა საზოგადოებრივს. მან იცის, რომ მაინცდამაინც ვერ გამოადგება ეს არხი, ამიტომაც „იმედის“ გამოყენება გადაწყვიტა. „იმედის“ ეს განცხადება საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ძალიან საწყენია, მით უმეტეს ძალიან კარგი ჟურნალისტები მუშაობენ, ბევრს ვხვდებით პარლამენტშიც და ბუნებრივია, ეს თანამშრომლებს არ ეხებათ. პოლიტიკურად ოპოზიციისთვის ეს კარგია. ერთია, როცა ხელისუფლების ინტერესებს ემსახურები და ამას ღიად არ აცხადებ, თუმცა მეორეა, როცა ბრძოლის ქარცეცხლში ერთვები, ასეთ დროს კი იქიდან წამოსულ სიტყვას მნიშვნელოვნად ეკარგება ფასი. პოლიტიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე ეს ძალიან კარგია, თუმცა მედია პლურალიზმის კუთხით, რა თქმა უნდა, ცუდია.
_ როგორია თქვენი პროგნოზი, საბოლოოდ გამარჯვების ალბათობა რამდენად მაღალია?
_ თუ არჩევნები არ გაყალბდა, ძალიან დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი აგებს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იგებს.
_ ამჯერად ხმის დასაცავად რას გააკეთებთ, რა ბერკეტები გაქვთ?
_ ყველაფერს, რაც გავაკეთეთ პირველ ტურში, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უსამართლო იყო, უამრავი ფული დაიხარჯა სალომე ზურაბიშვილის კამპანიაზე. ფული, რომელიც ლეგალურად დაიხარჯა მასზე, ეს მხოლოდ რეკლამასა და იმ ხარჯებს ჰყოფნის, რომელიც ოფიციალურად დადასტურებულია. ფაქტობრივად ჯერ ხელფასები არ აქვთ გაცემული, არც მომღერლებისთვის მიუციათ, ალბათ მომღერლებს გაისტუმრებენ, მაგრამ ათეულ ათასობით ადამიანის ხელფასებზე, კოორდინატორებსაზე და ა. შ. „ქართული ოცნების“ პარტიის ხაზით მიდის შავი ფული. ახლა სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ხარჯები ყველა პარტიის ხარჯებს 2-ჯერ თუ აღემატება, რეალურად, შავი ფულის გათვალისწინებით, 20-ჯერ აღემატება. დიდი ფულისა, ადმინისტრაციული, პარტიული რესურსის, წინასაარჩევნო შავი პიარისა და ადგილზე გაყალბების მიუხედავად ჩვენ მაინც შევძელით ხმების დაცვა. ჩვენ არსებითი გაყალბების უფლება არ მივეცით და ახლაც შევეცდებით, ასე ვიმოქმედოთ.

ნენე ინჯგია