„ქართული ოცნების“ ლიდერებს მიშასი ეშინიათ, შიშზე აგებული ქვეყნის აშენება არ გაიშვა!

საპრეზიდენტო არჩევნებმა დაგვანახა, რომ ძალა არა ხელისუფლებაში, არამედ ხალხშია. შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „ქართული ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქტიურად ემზადება მეორე ტურისთვის. წინ დაძაბული და საინტერესო მარათონი გველის, მანამდე კი: რა დაგვანახა პირველმა ტურმა? რაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები? დაიწყო თუ არა „ქართული ოცნების“ დემორალიზაცია? რა უპირატესობები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველ გუნდთან შედარებით?

აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“-ს ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა:
_ რაზე მეტყველებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, _ ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ პასუხი აგებინა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ალტერნატივის სახით ბევრად უფრო საინტერესო და მომგებიანი აღმოჩნდა ამომრჩევლისთვის?
_ ეს იყო წმინდა წყლის ნეგატიური არჩევნები. მთლიან კომპრომატზე და ნეგატივზე იყო აგებული. შესაბამისად, ამ არჩევნებში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნოდა ამომრჩეველს, რომელიც ხმას აძლევდა არა ვიღაცას, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ. ნეგატიურმა ნარატივმა ასეთი შედეგი გამოიღო, რომ ერთსაც და მეორესაც ძირითად ამომრჩევლად ჰყავდა ადამიანი, რომელიც მოწინააღმდეგის ჯინაზე აძლევდა ხმას. საბოლოოდ, სწორედ ასეთი სურათი მივიღეთ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შუაზე გაიყო _ ერთი ნაწილი თანხმდებოდა, რომ „ქართული ოცნებაა“ კომპრომეტირებული, ხოლო მეორე ნაწილის აზრით „ნაციონალური მოძრაობა“ იყო კომპრომეტირებული. აქედან გამომდინარე ეს იყო ანტი არჩევანი და არა მხარდამჭერების მიერ მომავლის სახელით გაკეთებული არჩევანი.
_ არჩევნების შედეგზე ზურაბიშვილის, როგორც პერსონის ფაქტორმა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა?
_ მე არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო. ამას არ აქვს მნიშვნელობა, უფრო მნიშვნელოვანია სამწუხაროდ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მორალური უპირატესობა დაკარგა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეული პრობლემატიკა წყდებოდა, ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ 6 წლის განმავლობაში ეყრნობოდა და გარკვეულ უპირატესობას აძლევდა, ეს იყო მორალური აქტივი. ვგულისხმობ „სისხლიან 9 წელს“ და ა. შ. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი ისე მიმოფანტა, რომ ამ კუთხით ამომრჩეველმა ჩათვალა, _ ისინი ერთმანეთად ღირან, ანუ ორივე ერთმანეთზე უარესი არის. ვინც იფიქრა, რომ უარესია „ნაციონალური მოძრაობა“, მან „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ვისაც პირიქით მიაჩნდა, მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე გააკეთა არჩევანი. შესაბამისად, ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს არ ჰქონდა, რადგან ამომრჩეველმა, ფაქტობრივად, ერთ კანდიდატსაც და მეორესაც ერთჯერადი კონტრაქტის საფუძველზე მისცა ხმა, ანუ ეს ამომრჩევლები მათი მხარდამჭერები კი არ არიან, არამედ მათი ოპონენტების მოწინააღმდეგეები არიან. ვინც არ უნდა იყოს, ერთჯერადი კონტრაქტით მოსული პრეზიდენტი კი, ბუნებრივია, ვერ იქნება ლეგიტიმური.
_ ერთი მხრივ, „ოცნებას“ თუ მოვუსმენთ, ის ამბობს, რომ ამომრჩეველი, რომელიც სახლში დარჩა, პოტენციურად მათი მხარდამჭერია; მეორე მხრივ, ოპოზიცია თავის პროცენტულ უპირატესობაზე საუბრობს. ამ მიმართულებით რომ შევაფასოთ, რა მოცემულობის წინაშე ვართ?
_ რამდენიმე ასპექტი შეიძლება განვიხილოთ. მე თავს შევიკავებ პროგნოზისგან, პროგნოზის გაკეთება რეალურად შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრ სუბიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული, ასევე მეორე არის ისიც, რომ ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ პერიპეტიებში ისე დამკვიდრდა, რომ პროგნოზი თუ გააკეთე, აუცილებლად ჩაგთვლიან, რომ რაღაც კონიუნქტურას ემსახურები. არ ფიქრობენ, რომ ობიექტურად აფასებ, არამედ მიაჩნიათ, რომ კონიუნქტურაში ხარ, ვიღაცის მომხრე ხარ, სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება _ ადამიანები ასე რომ ფიქრობენ. რაც შეეხება ობიექტურ ფაქტორებს, არითმეტიკულად გრიგოლ ვაშაძეს გარკვეული უპირატესობა აქვს, რესურსების მხრივ კი, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“. მეორე ტურში არგასული კანდიდატების ხმების უფრო მეტი ნაწილი, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბეღელში მიდის. გარკვეულწილად კი „ქართული ოცნების“ პლუსი იქნება „პატრიოტთა ალიანსის“ ელექტორალური ბაზის მიზიდვა და გააქტიურება მეორე ტურში. ასე რომ, საბოლოო ბალანსის დასმა ძალიან ძნელია. აღვნიშნავ ასევე კიდევ ერთ ფაქტორს, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით „ნაციონალურ მოძრაობას“, გარკვეული, ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ინიციატივა ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთაა და მათი ამომრჩეველი უფრო ნატურალურად მობილიზებული იქნება მეორე ტურისთვის, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებაში“, სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული დემორალიზაცია შეიმჩნევა. ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს ყველაფერი საერთოდ ისტერიკაში გადადის. საქმე ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან ის ადამიანები, რომლებსაც მაშინაც ეშინოდათ მიშასი და ახლაც ეშინიათ მისი. მე იმით განვსხვავდები ამ ადამიანებისგან, რომ არც მაშინ მეშინოდა და არც ახლა მეშინია. ადამიანების მთავარი მამოძრავეელი ძალა როდესაც შიშია, ბუნებრივია, რაციო ითიშება და შიშზე აგებული ქვეყნის აშენება არ გაიშვა!
_ როდესაც „ქართული ოცნების“ უპირატესობებზე საუბრობდით, ახსენეთ რესურსები. როგორ ფიქრობთ, პირველ ტურში ადმინისტრაციული რესურსის სათანადოდ გამოყენება ვერ შეძლეს?
_ მათ გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი და როდესაც ვსაუბრობ არითმეტიკულ უპირატესობაზე, ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ ჩვენ თუ ჩამოვაშორებთ „ქართული ოცნების“ შედეგს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მაშინ „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან შემაშფოთებელ ციფრზე გავალთ. რა თქმა უნდა, მეორე ტურშიც რესურსები მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ადმინისტრაციული რესურსის საშუალებები საკმაოდ შეზღუდულია და მეორე ტურში ის, პირველ ტურთან შედარებით, უფრო დასუსტდება, ამას კი განაპირობებს ზუსტად დემორალიზაციის პრინციპი. სამწუხაროდ, გარკვეულ ადგილებზე „ქართულ ოცნებაში“ შეიმჩნევა, რომ თვითონ არ სჯერათ გამარჯვების და სარეზერვო კალათაში შეიძლება, კვერცხების ჩადება დაიწყონ ადამიანებმა. ვსაუბრობ იმათზე, რომლებიც, თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდნენ. ახლა, როგორც ჩანს, მათ, გარკვეულწილად, ისევ უკან გადაბარგებისკენ უჭირავთ თვალი. შესაბამისად, თუ ეს ადამიანები პირველ ტურში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აქტიურად მუშაობდნენ, მეორე ტურში შეეცდებიან, რაღაცნაირად გაძვრნენ და ეს ყველაფერი გაახალტურონ. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება, გარკვეული ფაქტორები მუშაობს ერთ მხარეს, გარკვეული ფაქტორები _ მეორე მხარეს.
_ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: ის აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და ინტერნეტით მუდმივად ეკონტაქტებოდა ამომრჩეველს, ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ამან დადებითად იმოქმედა შედეგზე, მეორე ნაწილის აზრით კი მიშას ასეთი აქტიური გამოჩენით ამომრჩეველთა ხმები გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაკარგა. როგორია თქვენი პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით?
_ ძალიან ექსცენტრიკულია და პოლიტიკური ლოგიკის თვალსაზრისით ხშირად მისი გამოსვლები დამაზიანებელია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტრორატის მაკონსოლიდირებელი ელემენტი მიშა სააკაშვილია. რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს ის სისულელეს, ჭორს, ექსპრესიულად ილაპარაკებს თუ წყნარად, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს ხომ, გარკვეულწილად, რელიგიაა და მიშა არის უპირობო ლიდერი. მისი ამომრჩეველი კი არასდროს რაციონალური არგუმენტებით არ აფასებდა მის აქტიურობას. ბოდიში ასეთი შედარებისთვის, მაგრამ ნებისმიერი რელიგია რომ ავიღოთ, წმინდანებს ხომ არასდროს განიკითხავენ. შესაბამისად, მიშას აქტიურობა, რაც არ უნდა სულელურად ეჩვენებოდეს ვიღაცას ან ქირქილებდეს ამაზე, სინამდვილეში, ყოველთვის ჰმატებს მხნეობას მის ამომრჩეველს. ჩემი აზრით, ეს სრულიად აშკარაა. თუ შიგნით ვინმე სხვანაირად ფიქრობს, მას პოლიტიკის არაფერი ესმის.
_ ივანიშვილის ფაქტორმა რა როლი ითამაშა არჩევნების შედეგებზე და მის ინტერვიუებზე რას იტყვით? რეალურად, ეს მან იმისთვის გააკეთა, რომ ამომრჩევლის გული მოელბო. რამდენად სწორად გამოუვიდა?
_ ამ ინტერვიუებს არ შევაფასებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ნაწილობრივ ჩემი მიმართულებითაც იყო ტალახის სროლა და პირდაპირ გეტყვით, ეს იყო სრულიად დაუმსახურებელი. უბრალოდ, ერთ მარტივ რაღაცას ვიტყვი: როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ჭარბ ნდობასთან დაკავშირებით აქვს ილუზია. სამწუხაროდ, მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია და საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება სახიფათოდ კრიტიკულია, _ მე ეს არ მიხარია. მას ვურჩევ, რომ ეს გააცნობიეროს და გაისიგრძეგანოს იმიტომ, რომ მას კიდევ შეუძლია რაღაცის გაკეთება, თუმცა ძალიან დიდი დრო ამისთვის არ აქვს.
_ რეალურად ძალიან ცოტა დრო რჩება მმართველ გუნდს შეცდომების გამოსასწორებლად, _ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვე და საპარლამენტომდე, სულ რაღაც, 2 წელი. დეგრადაციის პროცესის შეჩერება რამდენად რეალისტური გგონიათ და რა უნდა გააკეთონ ამისთვის?
_ ვფიქრობ, რომ ცაიტნოტში არიან და არც მაქვს იმედი, რომ რაღაცას სისტემურად შეცვლიან. ისინი დღეს მუშაობენ თვითგადარჩენის რეჟიმში და მათი ერთადერთი ამოცანაა არჩევნების მოგება. მგონია, რომ ჭკუას ვერ ისწავლიან, რადგან თუ არჩევნები მოიგეს, მიიძინებენ, სისტემურად რომ რამეს შეცვლიან, ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს. თუ არ შეცვლიან, მინდა გავაფრთხილო, რომ 2020 წლისთვის ხელისუფლების დაკარგვისთვის განწირულები არიან. დეგრადაციის პროცესს ვერ შეაჩერებს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება იმიტომ, რომ ისეთი პოლიტიკური ფასი აქვთ უკვე გადახდილი და ისეთის გადახდა მოუწევთ, 2020 წელს უკვე განწირულები არიან. ერთადერთი შანსია, რომ სისტემური რეფორმები დაიწყონ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ მათ ამის რესურსი კიდევ აქვთ.
_ ბიძინა ივანიშვილის თქმით პიარსა და მენეჯმენტშია პრობლემები. ხშირად გვსმენია ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან, რომ პიარი არ უვარგათ. ეს შეიძლება ჩავთვალოთ „ქართული ოცნების“ რეალურ პრობლემად?
_ თუ ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ პრობლემა აქვთ მხოლოდ ტექნოლოგიაში ან საარჩევნო კამპანიის არასწორი ტაქტიკის გამო, რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან შორს არის საღი აზრისგან. მათი პრობლემა ის კი არ არის, რომ კამპანიაში რაღაცას არასწორად აკეთებდნენ, მათი პრობლემა არის ის მოცემულობა, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ეს მოცემულობა უკვე უახლოვდება იმ ფაზას, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ხალხი ვერდიქტს გამოუტანს. ეს გაფორმდება 1 თუ 2 წელიწადში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია. გადარჩენის ერთადერთი შანსია სისტემური ცვლილებები ყველა მიმართულებით. მე სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ეს რესურსი არის, თუმცა თუ ისინი ამას მოახერხებენ, ნამდვილად გამიხარდება იმიტომ, რომ ჩვენი პრიორიტეტი ქართული სახელმწიფოა და თუ რამე კარგი გაკეთდა, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი იქნება. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ ეს შეუძლია თუ არა, სწორედ აქ მაქვს დიდი კითხვის ნიშანი.
_ ხშირად საუბრობენ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად კომფორტის ზონაში არიან. მე მახსოვს ჩემთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ როდესაც საზოგადოების დაკვეთაა, ყოველთვის ჩნდება მიწოდება, რეალურად საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილი მესამე ძალას ითხოვს, რატომ ვერ გამოჩნდა მაშინ ეს ძალა?
_ 2020 წლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი ალტერნატივა და შეიძლება, არაერთიც შეიქმნას. ისტორიული კანონზომიერება აჩვენებს, რომ ასეთი ალტერნატიული ცენტრები აუცილებლად გაჩნდება. ასეთი ცენტრები ამ არჩევნებზე ნამდვილად არ გვინახავს. ვნახეთ „ევროპული საქართველო“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის ბუნებრივი ნაწილია. ისინი კი იყვნენ გაყოფილები, მაგრამ ეს გაყოფა უფრო პიროვნული კინკლაობის პროდუქტი იყო და არა ფუნდამენტური, სისტემური. ახლა კი ვუყურებთ, რომ მათი რეინტეგრაციის პროცესი დაიწყო. ისინი თავის დროზე გაიყვნენ სუბიექტური მიზეზებით და, საბოლოო ჯამში, ობიექტურმა პროცესმა ისევ გააერთიანა. ეს გარდაუვალი იყო. თუ ვინმეს მაშინ ეგონა, რომ ეს ასე არ მოხდებოდა ისიც არ ყოფილა შორსმჭვრეტელი. მე მაშინვე ვამბობდი, რომ მათი ერთიანობა, ადრე თუ გვიან, აღდგებოდა.
_ მას შემდეგ, რაც პირველ ტურშივე ვერ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, მმართველ გუნდში უფრო ხაზგასმით დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ოპოზიციამ ბინძური პიარკამპანია აწარმოა, ამ დღეებში კი ვხედავთ, რომ ანალოგიურად მოქმედებენ ზურაბიშვილის მხარდამჭერები, ვგულისხმობ ინტერნეტ სივრცეში ფოტო მასალების გამოქვეყნებას. რას ფიქრობთ ამაზე, რა წესებით თამაშობენ ისინი?
_ სასაცილო რამეს ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად ასეა: „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას. ჩვენ დღეს რა ბრძოლას ვუყურებთ? ვუყურებთ მტრის ბანაკში ჩანერგილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და ნატურალური „ნაციონალური მოძრაობის“ ორთაბრძოლას. ვინ არის კოლექტიური მურუსიძე, ვინ არიან ეს ხალხი, ხომ არ იცით?! ეს არ არის ის „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. გადავხედოთ პოლიტიკურ ელიტას, ვინ გვყავს: ადეიშვილის თანაშემწეები და ა. შ., შესაბამისად, მეთოდებიც ერთი აქვთ. ეს სრულიად ბუნებრივია ერთი მეთოდებით იბრძვიან.
_ კიდევ ერთი ახალი მესიჯი გაისმა უმრავლესობიდან, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, როგორ აღიქვამთ მის განცხადებას?
_ ვინ არის გედევან ფოფხაძე, რომ ამის უფლებას აძლევს საკუთარ თავს?! პირი გამოირეცხოს და ისე ილაპარაკოს. ეს საზოგადოება, მისგან განსხვავებით, იმდენად გაიზარდა, რომ ამას არავის მხრიდან არ დაუშვებს. ნუ გვაშინებენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი შიშიდან და ისტერიკიდან გამომდინარე აკეთებენ განცხადებებს. თავის შიშებს ოჯახში მოუაროს და წამალი დალიოს, ბოლოს და ბოლოს.
_ პარალელურად ტელეკომპანია „იმედი“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, მათ ღიად განაცხადეს, რომ რეჟიმის (ენმ-ის) დაბრუნების წინააღმდეგ იმუშავებენ. როგორ შეაფასებდით მათ ამ გადაწყვეტილებას?
_ საზოგადო მოღვაწე მაშინ კი არ კვდება, როდესაც ის ფიზიკურად მიდის, არამედ მაშინ კვდება, როცა მის მემკვიდრეობას შეურაცხყოფას აყენებენ. ამ სრულიად ბრიყვული განცხადებებით ახლა ბადრის მემკვიდრეობას აყენებენ შეურაცხყოფას. ძალიან მაინტერესებს, მანამდე რას აკეთებდა „იმედი“?! საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლა რა საჭირო იყო, ვერ ხვდებიან, რომ ამით ტელევიზიას აყენებენ დარტყმას? ეკეთებინათ, რაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ ისე. ეს განცხადება სიბრიყვეა და მეტი არაფერი, ამით ხომ ტელევიზიას ყელი გამოჭრეს. ბადრის მემკვიდრეობა თავზე დაიმხეს.
_ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვნახეთ ჩანაწერების ომი, ამჯერად რას უნდა ველოდოთ?
_ ამ ადამიანების ფანტაზია შორს არ მიდის. ისევ ნეგატივი, შეშინება ამომრჩევლის და შიშით არჩევანის გაკეთება _ ისევ ამას უნდა ველოდოთ. შიშით გაკეთებული არჩევანი არჩევანი არ არის და ეს ვერ იქნება ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე. შიშით ფსიქოზს დამართავენ ადამიანებს და ამ ფსიქოზში უნდა გვაცხოვრონ. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ. როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი მოქალაქე, რომ აიძულებდე მას, თავისი არჩევანი შიშით გააკეთოს და არა სიყვარულით?!
_ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა ვნახეთ, როგორი აღშფოთება და ნეგატივი გამოიწვია საზოგადოებაში, მას მოღალატედაც კი მოიხსენიებენ. პარალელურად ვაშაძეს რუსეთის პასპორტსა და მის მიერ ნათქვამ სიტყვებს, „რუსეთის კულტურის ნაწილი ვარ“, ახსენებენ. ამ ორ თემას შორის ტოლობის ნიშნის დასმა შესაძლებელია?
_ ამ ორ თემას შორის ტოლობის ნიშანი ვერ დაისმევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ პრეტენზიებს 2008 წელთან დაკავშირებით ობიექტური საფუძველი აქვს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამის გამო მოღალატე ვეძახო, ამის საფუძველს ნამდვილად ვერ ვხედავ, თუმცა ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებები იყო სიბრიყვე და პოლიტიკური კეკლუცობა. ის, როდესაც ამას ამბობდა, არ ფიქრობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა სახელმწიფო დაეზიანებინა. საერთოდ, სახელმწიფოზე ფიქრობს ვინმე ამ ქვეყანაში?! პოლიტიკურ კეკლუცობას გადააყოლა სახელმწიფო ინტერესები, ეს არ მიკვირს, რადგან პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა ასეთია. საკუთარ ბოღმას და საკუთარ კეკლუცობას შეუძლიათ გადააყოლონ ქვეყნის ინტერესი. ამას ჩვენ ვხედავთ ყველა ნაბიჯზე.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მის მიმართაც არის, ალბათ, პრეტენზიები, მაგრამ ამ შემთხვევაში შავი პიარის ელემენტები ძალიან მაღალია. ორივესთან მაქვს პრეტენზიები და პირდაპირ გეუბნებით, რომ არც ერთს არ ვაძლევ ხმას. არც მიმიცია ხმა და არც ახლა ვაპირებ რომელიმესთვის ხმის მიცემას.
_ საკმაოდ ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, რა გამოსავალი, რა ალტერნატივა რჩებათ ასეთ ადამიანებს?
_ მომავალი გვრჩება. ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, ასეთი მოცემულობა გვაქვს დღეს და ასეთ მოცემულობაში უნდა ვეცადოთ, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს ქვეყანამ და იმ მინიმალური შესაძლებლობებიდან შედარებით ნორმალურად გავიაროთ ეს პერიოდი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში ისევ ამ ბაკქანალიაში არ ამოვყოთ თავი.
_ არ შემიძლია არ აღვნიშნო, არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ვინც არჩევნებზე არ მიდის, ამით მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს, განსაკუთრებით მოგვიწოდებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მივსულიყავით, რათა „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ხმები სათავისოდ არ გამოეყენებინა, ამაზე რას იტყვით?
_ არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მე თავისუფალი ადამიანი ვარ. ვიღაც თუ მაშინებს ან მყიდულობს ამის გამო, მე თუ არჩევანს ვაკეთებ, ე. ი. მანიპულაციის ობიექტი ვხდები. ის, რომ არჩევნებზე თუ არ წახვალ, ეს ვიღაცისთვის მიცემული ხმაა, ამ კონცეფციას არ ვიზიარებ, რადგან დღეს ორივე მხარემ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ურთიერთკონტროლი და ჩემს ბიულეტენს იქ ვერავინ ჩააგდებს. ამას თვითონვე ამბობენ. შესაბამისად, დაბალი აქტივობა პროტესტის გარკვეული ფორმაა.
_ უკვე მითხარით, რომ პროგნოზისგან თავს შეიკავებთ, თუმცა მინიშნებების კუთხით მაინც რომ გვითხრათ რამე.
_ რა თქმა უნდა, ჩემი პროგნოზი მაქვს, მაგრამ შეგნებულად არ ვიტყვი. ადამიანებს, რომლებსაც ერთი უჯრედიც კი არ აქვთ, ჰგონიათ, რომ შენ თუ ექსპერტი გქვია და რამეს ამბობ, ე. ი. მათი აზრით შენ ეს გინდა, რომ მოხდეს. მათ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რომ ექსპერტი ჰქვია ადამიანს, რომელიც მწარეს, მაგრამ ობიექტურ რეალობას უნდა უსწორებდეს თვალს. ეს ადამიანები ისე დაეცნენ, რომ ეს ვერ წარმოუდგენიათ. სამწუხაროდ, ამისთვის ანგარიშის გაწევა გვიწევს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემს მოსაზრებას ამ კუთხით რაღაცაზე გავლენა შეუძლია მოახდინოს, მე მაინც შევიკავებდი თავს ამ მოსაზრებების გამოთქმისგან.
_ თუმცა „ქართული ოცნების“ შანსები ბევრად დაბალია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
_ ბუნებრივია და ამასაც მოხერხება უნდოდა, რომ იმდენად დაეკარგა „ქართულ ოცნებას“ მორალური უპირატესობა, რომ ასეთი მდგომარეობა მიეღო. შესაბამისად, ეს მოცემულობა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. ის, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია ხდება, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება კი არ არის, არამედ მთლიანად „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
_ და თავად ივანიშვილის, რომლის ხელშიცაა მთელი პარტია…
_ რა თქმა უნდა, არ არსებობს „ქართული ოცნება“ ივანიშვილის გარეშე, ისევე როგორც ივანიშვილი არ არსებობს „ქართული ოცნების“ გარეშე.

ნენე ინჯგია