ორი საქართველო ანუ ვაშაძე VS ზურაბიშვილი


საარჩევნო დაძაბულობა და დუღილი კატასტროფულ ზღვარს უახლოვდება. ხელისუფლება გრძნობს, რომ ეს არჩევნები, შესაძლოა, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხალხი ირჩევს არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ხმას აძლევს ნდობა-უნდობლობის ვოტუმს მმართველი კოალიციას (პირობითად კოალიციის, თორემ ცხადია, კოალიციაში ფორმალურად შემავალი ყველა პარტია აფილირებულია „ქართულ ოცნებასთან“) და მის ლიდერებს. ამიტომ ხელისუფლებისთვის („ქართული ოცნება“) მომავალი არჩევნები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმავე გაერთიანებული ოპოზიციისა და იმ პარტიებისთვის, რომლებმაც მეორე ტურისთვის გრიგოლ ვაშაძის საჯარო მხარდაჭერა გამოხატეს.

სურს ამის აღიარება თუ არა „ქართულ ოცნებას“, ფაქტი ფაქტად რჩება, გრიგოლ ვაშაძის წარმატება, რომელმაც მეორე ტური განაპირობა, უკვე კონვერტირდა „ოცნების“ მომავალ დამარცხებად და რამდენიც არ უნდა იძახონ მისმა სპიკერებმა „ის 9 წელი“, ამომრჩეველმა _ ხმის მიმცემმაც და სახლში დარჩენილმაც _ მკაფიოდ უარყო „ეს 6 წელი“. და აქ ვინმე მხოლოდ ვაშაძე-ზურაბიშვილის ხმების ტოლობას ნუ ითვლის, ის დაითვალონ, მთლიანად რამდენი იყო „ოცნების“ კანდიდატის წინააღმდეგ, სხვა კანდიდატების მიერ მიღებული ხმების ჩათვლით.
ამ წამს თუ გვერდზე გადავდებთ სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში მისი წამოცდენებით თუ შეგნებული რიტორიკით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს, მაინც უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ეს წარმატება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ კონფიგურაციას არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ქვეყანაში. ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა იგრძნეს ძალა და რწმენა, რომ მათ შეუძლიათ აჯობონ ფულს ან ფულიან კაცს, რომლის კაპიტალი ლამის ორჯერ აღემატება საქართველოს ბიუჯეტს.
ათი, ასი, თუ ათი ათასი ხმით მეტი ან ნაკლები ეს უკვე უმნიშვნელო დეტალია. ანუ ოპოზიციისთვის გამარჯვება უდიდესი ბონუსი იქნება, ხოლო წაგება სულაც არ იქცევა კატასტროფად, პირიქით, მომავალი გამარჯვების უპირობო საწინდრად იქნება განხილული, რადგანაც იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ უფრო მეტი ადამიანი განიხიბლება.
„ოცნება“ მეორე ტურს აღიქვამს სამკვდრო-სასიცოცხლოდ. მისთვის დამარცხება ხელისუფლების, ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასად განიხილება _ ციხეებში „ნაციონალთა“ ჩანაცვლებით დაწყებული, უამრავი პრივილეგიისა და სიკეთის დაკარგვით დასრულებული. გამარჯვების შემთხვევაში კი „ოცნებას“ შანსი რჩება, კატასტროფული პოლიტიკური რყევების გარეშე მივიდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ძალაუფლების განხორციელებას თავისი ლოგიკა აქვს და სწორედ ამ ლოგიკამ მიიყვანა „ნაციონალები“ 2004-2005 წლებში „ტელედაჭერებამდე“. ისინი შიშობენ, რომ დაბრუნებულები ისევ დაიწყებენ „ტელედაჭერებს“ და რევანშის ეშინიათ. მართალია, მოქმედი ხელისუფლების ბევრი ჩინოსანი გულის სიღრმეში აღიარებს, რომ დასაჭერი თავადაც შეიძლება იყოს, მაგრამ არ სურს, ყოფილებმა დაიჭირონ, არ სურთ წვალებ-წვალებით მოპარული, ნაქურდალი და ნაბაცაცევი დაკარგონ. განა, თავად არ იციან, რას ნიშნავს შერჩევითი სამართალი და შიშობენ, _ ვაი, თუ თავად შეარჩიონ სამართლისთვის.
დიახ, „ოცნების“ ლიდერებმა ეს იციან და ამიტომაც ძრწიან. ეს ძრწოლა ხშირად გამოიხატება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ აგრესიასა და მუქარაში, რისი მაგალითიც ქართულ პოლიტ და მედიასივრცეში არაერთი გვაქვს.

ბოლტონის მისია

დასავლეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და მაღალ დონეზე აფრთხილებს ხელისუფლებას. ჯონ ბოლტონის მისია და „მორიგე ფრაზები“ თითქოს არაფერს ამბობს. „ოცნებაში“ ბევრმა მიიჩნია, რომ დასავლეთს, აშშ-ს საქართველოს უუფლებო პრეზიდენტის არჩევნები არ აინტერესებს.
დიახ, ბოლტონმა პრესკონფერენციაზე ღიად, თითქოს, არაფერი ითქვა, მაგრამ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან გაკვრით ნახსენები არჩევნები უფრო მეტ მიზანს ისახავდა. სამწუხაროდ, ქართული დიპლომატიური და პოლიტიკური აზროვნება ამას ვერ შესწვდა და ქართული პოლიტიკის სირცხვილი _ ირაკლი კობახიძე _ ბოლომდე მიაწვა და აწვება პირველ ჩვენებას. ცხადია, რომ „კულულა ბიჭს“ არც კი უფიქრია _ მიხოს, ძუკუს და გიჟუას გარდა მის განცხადებას, პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოება აფასებს.
მმართველ პარტიაში ვერ გათვალეს, რომ დასავლეთი არც ერთ შემთხვევაში არ მოითმენდა წინასაარჩევნოდ სიტყვის თავისუფლების რაიმე შეზღუდვას ნებისმიერი ფორმითა და საბაბით; ხოლო სამოქალაქო სექტორზე თავდასხმას დასავლეთში კიდევ უფრო სენსიტიურად აღიქვამდნენ.
NDI-ისა და საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის უკიდურესად ნეგატიური შეფასებები კი სწორედ რომ ბოლტონის მოზომილი განცხადების გამოძახილი იყო და რამდენიც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, _ გარემო დემოკრატიულიაო, _ მეორე ტურის წინ ენძელ მკოიანის (რომელსაც ასევე სრული თანადგომა გამოუცხადა ამხანაგმა კობახიძემ) საგმირო საქმე სამომავლო ანგარიშებში უფრო მეტად წონადი იქნება, ვიდრე არჩევნების დღეს გამოვლენილი ერთად აღებული ყველა პროცედურული დარღვევა.
გავლენიანი ძალები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ცდილობენ, „ოცნების“ ლიდერი დაარწმუნონ, რომ წარუმატებლობა მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაციისა და გარკვეული გადაცდომების ბრალია. გადაცდომებად კი ქვედა რგოლის ჩინოვნიკების თავნებობა სახელდება მეტწილად _ აბა, იმას ხომ არ იტყვიან, ჩვენ მიგვიძღვის ბრალი და ჩვენმა ლექსიკამ, აზრთა წყობამ და უგვანო ქმედებებმა დააყენა ეს შედეგიო. ისიც ცხადია, რომ თავად ივანიშვილი საერთოდაც ვერ ხედავს საკუთარ ბრალეულობას მოშლილ სახელმწიფო მანქანასა და ინსტიტუტებში.
გავრცელებული აზრის მიუხედავად, თითქოს „ივანიშვილს საქართველოში არაფერი აქვს და მისი ყველაფერი დასავლეთშია“, სინამდვილეში აქაც ძალიან ბევრი რამ აქვს: მთლიანობაში, დაახლოებით, მილიარდ დოლარზე მეტის. მარტო შუშის სასახლე 250 მილიონი დოლარი ღირს, სხვა ქონებაზე თუ არაფერს ვიტყვით. უმთავარესი კი მაინც მისი რეპუტაციაა, რომელიც თავად დააყენა საფრთხის ქვეშ და უკიდეგანოდ ათელინა იგვლივ შემოკრებილ მედროვეებს. ანუ ივანიშვილს, რეალურად, ბევრი რამ აქვს დასაკარგი, რაც თავადაც შესანიშნავად იცის. ამიტომ მისი მიმართვა „ოცნების“ ყოფილი თუ განაწყენებული წევრებისა და აქტივისტებისადმი სწორედ ბევრ დასაკარგს უკავშირდება.
ბოლტონის მისიის კონტექსტში ეს დასაკარგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო მეტია. მაგრამ, ვგონებ, ივანიშვილი მაინც ვერ ათვითცნობიერებს ამას ბოლომდე, სხვაგვარად, მინიმუმ, იმ აგრესიულ რიტორიკას, რომელიც „ოცნების“ სპიკერების ბაგეებიდან იფრქვევა, აუცილებლად შეცვლიდა.
ბოლტონი ბოლტონად და ბიძინა აწ უკვე თავში საცემი კანდიდატის ინტერესების რეალიზებისთვის იბრძვის და დღეს, სავარაუდოდ, ნანობს საკუთარ თუ შემოტენილ არჩევანს.

წარსულის „ახალი“ დინოზავრები

სწორედ ხელისუფლების შენარჩუნების აუცილებლობის მიზნით არის გამოყენებული ყველა რესურსი. მათ შორის „მოქალაქეთა კავშირის“ „დინოზავრები“, წითელი და კონფორმისტი ინტელიგენცია, ცნობილები, დაჩაგრულები, ბიზნესმენები, ბიზნესის კეთების მსურველები, მომღერალ-მოლექსეები, მჩხიბავებიც კი. თუმცა სცენარში ბუნებრივად ეწერება ახალი თაობის ზოგიერთი ტიპი თუ „ტიპშა“, რომელსაც მერკანტილური მიზნები ამოძრავებს საკუთარი კომფორტის უზრუნველსაყოფად.
„ნაციონალებს“ რომ არანაირი სისხლიანი სცენარი არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ, ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია. მაგრამ კითხვები ნამდვილად არსებობს იმასთან მიმართებით, რა უნდათ სამომავლოდ და როგორ? _ ტრაფარეტული „აღმშენებლობის“ სურვილის გარდა. ახლა, თუ არა საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს იმის განმარტება _ როგორ და რის ფასად აპირებს „აღმშენებლობას“? ამავდროულად, ნამდვილად განსამარტია მესამე პრეზიდენტის ფრაზა: „ყველას მინუს ერთი“. დასაზუსტებელია, _ რატომ მინუს ერთი? ან რატომ არა „კანონი ყველასთვის კანონია“? ზოგადად კი პოლიტიკური ამნისტია ან ყველას ეხება, ან _ არავის.
საბოლოოდ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, პასუხისმგებლობა ყველაფერზე, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლებას დაეკისრება და არა ოპოზიციას. ეს პოლიტიკის ურყევი კანონია: ხელისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ პასუხისმგებლობასაც.
რამდენიც არ უნდა უარყონ ცალკეული ფაქტები პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა, მთავარია იცოდნენ, რომ მათი გეგმების შესახებ ცნობილია და ქვეყანა მორიგჯერ არ გადაჩეხონ უფსკრულში.

ორი საქართველო?

და აქვე უნიშვნელოვანესი საკითხი „ორი საქართველოს“ შესახებ. ცხადია, რომ არანაირი ორი საქართველო არ არსებობს _ ის, რაც საქართველოში ხდება. ღირებულებების ჭიდილია. სიტუაცია არასოდეს აღიწერება ცალსახად. შესაბამისად, ჩვენი მდგომარეობაც არ არის რადიკალურად პესიმისტური და უკიდურესად რადიკალური შეფასების ღირსი. ჩვენში ხშირად ჩივიან, რომ ამომრჩეველი უგრძნობელია წინასაარჩევნო პროგრამების მიმართ და პიროვნებებზე აკეთებს აქცენტს. მაგრამ ამჯერად პერსონების _ კანდიდატების მიღმა ღირებულებითი დისბალანსია და თუ ეს ნაკლებად ესმის ამომრჩეველს, ის ნამდვილად ესმის, რა ხდება მის ოჯახში, მის გარემოცვაში და საახლობლოში. ამომრჩეველი ნათლად ხედავს და გრძნობს საკუთარ ბედშავ დღეს და ასევე „წუხს“ იმაზე, რომ სესიაშვილის აუზში წყალი არ ასხია.
„ოცნებაშიც“ და გაერთიანებულ ოპოზიციაშიც უნდა ესმოდეთ, რომ პოლიტიკა არც მხოლოდ პროგრამული დოკუმენტების შექმნის უნარია ან მოწინააღმდეგის დისკრედიტება და არც მხოლოდ პიარი _ გნებავთ, შავი და გნებავთ, თეთრი. ზოგადად, პიარი პიარია.
დროა, ჩვენმა ამომრჩეველმა პიროვნულ უნართან ერთად კანდიდატების ღირებულებით არჩევანი და მისწრაფებები შეაფასონ არა მხოლოდ პიროვნული, არამედ სახელმწიფოებრივი პერსპექტივის პრიზმაში.
როგორც კი ამომრჩეველი იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე მაღლა აყენებს თავს და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიმაღლიდან ერთგვარ პედაგოგიურ ფუნქციას კისრულობს, ჩათვალეთ, რომ ის გაირიყება და მარცხისთვის არის განწირული.
თუ ამომრჩეველი პოლიტიკოსში ვერ გრძნობს გულწრფელობას, ნებას და ენერგიას, ჩავთვალოთ, რომ მას ტყუილად უთენებია ღამეები გამარჯვებაზე ფიქრში.
ჩვენი ამომრჩეველი თავისი თავის პიარ ხრიკებით გაბითურებაზეც ხუჭავს თვალს, თუ მიიჩნევს, რომ „ახლა ასეა საჭირო“ და რომ ამჟამად ალტერნატივა არ არსებობს. მე თუ მკითხავთ, ამაშიც ჩანს მისი პრაგმატული სიბრძნე. ვაშაძის _ ოპოზიციური კანდიდატის პირველ ტურში წარმატების საიდუმლო სწორედ აქ მეგულება. „ოცნება“ უნდა მიხვდეს, დროის განმავლობაში უბრალო მოქალაქე მზად იყო, მოეთმინა ჰიპერტროფირებული პიარიც, კორუფციაც, უვიცობაც, უინიციატოვობაც, სტაგნაციაც და ლოკალური ძალადობაც, სანამ გრძობდა, რომ ყველაფერი ეს საშუალებას აძლევდა, „9 წლის“ განმავლობაში დაგროვილი შლაკისგან განთავისუფლებულიყო. მერე კი, როდესაც ყველაფერი ეს წრეზე დატრიალდა და ტკივილის, სიღარიბისა და ტოტალური სიცრუის მეტი არაფერი მოჰქონდა, „6 წელს“ უთხრა უარი. როგორ უპასუხებს ამას „ოცნება“, ჯერაც უცნობია. თუმცა ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, მაგრამ მოვლენების დაკვირვება ბევრ რამეს გვანახებს.
ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ამ არჩევნებზე, მეორე ტურისთვის, ჩვენი ამომრჩეველი გაცილებით პრაგმატული იქნება და კოლექტიური ენთუზიაზმი, რომლის წყალობითაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალა _ კანდიდატი, არაბუნებრივი პროცენტული მაჩვენებლით მოდიოდა ხელისუფლებაში, ამ არჩევნებზე დიდ როლს არ შეასრულებს. ჩვენ ყველანი ვხედავთ, ძირითადი აქტორები როგორ ცდილობენ ამ ენთუზიაზმის აღძვრას, მაგრამ ბევრს ვერაფერს აღწევენ. თუ დღევანდელი ამომრჩეველი ქუჩაში არ დგას და ერთი შეხედვით პასიურია, ეს რაციონალური პასიურობაა. დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეზე არ მოიძებნება ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უპირობო მხარდაჭერას მოიპოვებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული პრაგმატიზმი კი ჩვენს ამომრჩეველს სწორ არჩევანს გააკეთებინებს. ვნახოთ, ეს არჩევანი საბოლოოდ მოუღებს კი ბოლოს თუნდაც პოლიტიკურ ცხოვრებაში „ორი საქართველოს“ არსებობას?

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი