ვალერი გელბახიანი: „ეს იქნება ესკალაციებისა და კონფლიქტების კონსტიტუცია“

ქართულ რეალობაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირველი პოლიტიკური პრაქტიკა იქნება, როდესაც ლიდერის უფლებამოსილება ექვსი წლის ვადით განისაზღვრება. ამასთან, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც კვლავ პრეზიდენტის არჩევის საკითხი დადგება, მას არა მოსახლეობა, არამედ კოლეგია აირჩევს. ახალი კონსტიტუციური დებულებებით 2024 წლიდან პრეზიდენტს ხალხი ვეღარ აირჩევს. ამავე დებულებების თანახმად, ერთჯერადად ახლა არჩეული პრეზიდენტი ექვსი წლით აირჩევა.
ზემოხსენებულ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს იურისტი ვალერი გელბახიანი ესაუბრა:
_ პრეზიდენტის ექვსი წლის ვადით არჩევა, დღევანდელ ქართულ რეალობაში, ერთჯერადი შემთხვევაა. რატომ გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო?
_ ეს ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ანარეკლია. ვინაიდან ეს პროცესი განისაზღვრა იმ კონსტიტუციით, რომელიც ახლა უნდა შევიდეს ძალაში (მიმდინარე არჩევნების შემდგომ), ეს არის პირდაპირი წესით ბოლო არჩევნები, ამიტომ ის ვადა, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონოდა პრეზიდენტის სტატუსით, ექვსი წლით შეიცვალა. ეს ყველაფერი გათვლილია ირიბ საპრეზიდენტო არჩევნებზე _ საპრეზიდენტო არჩევნების შენარჩუნებით. მცდელობა არის იმისკენ, რომ საპარლამენტო მმართველობის პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, გარდამავალი პერიოდის შუალედში, საჭირო ხდება, რომ ექვსწლიანი უფლებამოსილების ვადით იყოს მედიატორი პრეზიდენტი ფუნქციით და არა _ ძალაუფლების მატარებელი პრეზიდენტი.
ეს არ არის ახალი მიდგომა. არსებობს ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ, მაგრამ პოლიტიკური სისტემის ფორმირებისთვის, ამ გარდამავალ პერიოდში, ბუნებრივია, გამოჩნდება ბევრი დადებითი მხარე და ბევრი უარყოფითი მხარეც, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
არ ვემხრობი იმ კონსტიტუციას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და მიმაჩნია, რომ ეს არ არის საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტი. ვფიქრობ, ქართველი ხალხის აზრიც არ არის გათვალისწინებული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სპეციალისტების აზრიც არად ჩააგდეს. ეს საკითხი კიდევ მრავალჯერ გადაისინჯება. იგი უკავშირდება არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ, მთლიანად, საარჩევნო სისტემას. ეს უკავშირდება პარლამენტში წარმომადგენლობის დამკვიდრებას იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული რეგიონები, კუთხეები და გვყავს ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა. ასევე გვაქვს პოლიტიკური წარმონაქმნები და იმისთვის, რომ დააბალანსოს სახელმწიფო მოწყობა, ურთიერთობები მხარეებსა და პოლიტიკურ ერთეულებს შორის, საჭიროა ფართო წარმომადგენლობითობა და გარანტიები, ანუ პარლამენტი უნდა ჩამოყალიბდეს ორპალატიან სისტემად.
აქედან გამომდინარე, ერთპალატიანი და შერეული ტიპის საარჩევნო პოლიტიკური სისტემის შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტის ამ ფორმით „ჩაკვეხება“ უკვე აღარ იძლევა ბალანსის შესაძლებლობას. პრაქტიკულად, არა მხოლოდ ფორმალურ და უფუნქციო როლში ტოვებს ამხელა მნიშვნელობის პოლიტიკურ ინსტიტუტს, არამედ მომავალში სიმბოლური ფუნქციის შესასრულებლად არის „განწირული“. მაგრამ ეს რომ კარგის მომტან პოლიტიკურ ნაბიჯად შეფასდეს, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმაა საჭირო, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიღებული კონსტიტუცია არ პასუხობს.
როდესაც არაპოლიტიკოსები მართავენ პროცესს, არასპეციალისტები წერენ კონსტიტუციას, არ აქვთ ხედვები იმის შესახებ, თუ რა სპეციფიკის ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორ შეიძლება რეგულაციური, გაწონასწორებული ბალანსის მექანიზმების შემოტანა კონსტიტუციურად, მაშინ ვიღებთ მარტივ, ავტორიტარიზმზე აგებულ კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს მომავალს არანაირად მოემსახურება. ეს იქნება ესკალაციებისა და კონფლიქტების კონსტიტუცია. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის უადგილო.
_ 6 წლის პრეზიდენტს აირჩევს არა ხალხი, არამედ _ კოლეგია. როდის და ვის მიერ შემუშავდა ეს დოკუმენტი?
_ სამასი წევრისგან შემდგარი კოლეგიაა. ძირითადად, ეს არის პარლამენტი და წარმომადგენლები მუნიციპალიტეტიდან – მერები, გუბერნატორები და ა. შ. გამოდის, რომ პრეზიდენტს აირჩევს ხელისუფლება. ეს არის სამარცხვინო დოკუმენტი, რომელიც არაფრით შეიძლება მივიჩნიოთ დოკუმენტად. არასდროს იქნება ასახული პოლიტიკური რეალობა. ისინი მარტივად მიიჩნევენ, რომ, მაგალითისთვის, კანდიდატი მიიღებს ხმათა 50%-ს და გაიმარჯვებს. სხვა რომ მიიღებს 10%-ს, 20%-ს, თითქოს, ეს ხმები არ იქნება ქართველი ხალხის ხმები. მეორე 50% უპატივცემულოდ რჩება, ანუ მარგინალურ დამოკიდებულებას იჩენენ და ხელოვნურ დაპირისპირებაში შეჰყავთ ქვეყნის მოსახლეობის ის 50%, რომელმაც მათ მხარი არ დაუჭირა. ნორმალური და საღი გონების პოლიტიკური ძალა ამას არ დაუშვებდა, მაგრამ ჩვენ პოლარიზებული პოლიტიკური რეალობა გვაქვს, სადაც „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმას იღებს საკუთარ თავზე, რაც მის ინტერესებშია. ანუ მანდატს იყენებენ ბოროტად _ მხოლოდ თავიანთთვის და არა _ ხალხისთვის.
_ ხალხს რა როლი ექნება თანმდევ პროცესებში?
_ 2024 წელს არჩეული პრეზიდენტი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მატარებელი იქნება. ის მონაწილეობას ვერ მიიღებს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. ექნება შემდეგი ფუნქცია: თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, მაშინ მიიღოს გადაწყვეტილება და ყოველთვის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებას აწყობს იმიტომ, რომ ის ხელისუფლების მიერ იქნება არჩეული. ძალიან მარტივად თუ ვიტყვით, „პოლიტიკურ სისულელესთან“ გვაქვს საქმე და არა _ გონივრულ, სამართლებრივ პოლიტიკურ მექანიზმებთან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კონსტიტუცია, რომელიც თავს მოგვახვია მმართველმა ძალამ, არის კონფლიქტების გამომწვევი კონსტიტუცია. ამის შესახებ ვწერდი კიდეც პრესაში და საჯაროდაც გამოვდიოდი. ვაფრთხილებდი, რომ შემდგომში ეს ნაბიჯი მხოლოდ დაპირისპირებებს მოგვიტანდა და ამ კონსტიტუციით ქვეყანა არ დალაგდებოდა.
როგორც ხედავთ, ის ჯერ არც არის ძალაში შესული და უკვე პირველივე არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ პოლარიზებულ სივრცეში მხოლოდ დაპირისპირებებსა და მტრობაზე საუბრობენ. მმართველი ხელისუფლება ვერ ეგუება დამარცხებას და მტრად მიიჩნევს ყველას, იყენებს ძალისმიერ, არადემოკრატიულ, არასამართლიან მეთოდებს. რასაც ვისმენ, ამ პერიოდის მანძილზე, ხელისუფლება მხოლოდ იმუქრება. შეფარული მუქარაა, როდესაც ამბობს: „მე მოვიგებ“.
_ საკუთარი მმართველობის ექვსი თვის მანძილზე, თუ პრეზიდენტი თვითონ იქნება თანამდებობის დატოვების ინიციატორი, ამ შემთხვევაში, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი?
_ მაგ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. მოვალეობის შემსრულებლად არავინ დაინიშნება, მაგრამ პრეზიდენტს, რომელსაც ჩვენ ახლა ექვსი წლის ვადით ვირჩევთ, ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, რომელიც არის მისი ექსკლუზივი _ თუ ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საჭირო იქნება მკაცრი პატრულირება, ის აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და მის ხელში გადადის მთელი ძალაუფლება.
ამის მაგალითი იყო თურქეთში ორი წლის წინ, როდესაც ერდოღანი არ იყო ძალაუფლების მატარებელი პრეზიდენტი, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება ჰქონდა. გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გამოიყენა შემდეგში: ოპონენტების დაჭერაში, მკაცრ ადმინისტრირებასა და ა. შ. ამ პირობებში ჩაატარა არჩევნები, საკუთარი თავი აარჩევინა, ამ პირობებში შეაცვლევინა კონსტიტუცია და პრეზიდენტი კვლავ დაუბრუნდა ძველი ადმინისტრაციული მმართველობის უფლებამოსილებებს.
ამიტომ თუ ბოროტად სურს ამ უფლებამოსილების გამოყენება, ნებისმიერ პრეზიდენტს შეუძლია მისი ამოქმედება. 60-იან წლებში იყო შემთხვევები, როდესაც შარლ დე გოლმა საგანგებო მდგომარეობა გამოიყენა, რომელსაც მსხვერპლი მოყვა. ამის გამო დე გოლი გადადგა, მაგრამ ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები, რომლებსაც სინდისი შეაწუხებთ და გადადგებიან.
აბსოლუტური ძალაუფლების მექანიზმის არსებობა ესკალაციურ პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხის მატარებელია. როცა სალომე ზურაბიშვილს ვაკვირდები, მას არანაირი სტაბილურობის განცდა აქვს. ის არის ემოციებით დატვირთული ადამიანი, რომელიც ზემოხსენებულ მექანიზმს გამოიყენებს, უფრო მეტად ემოციების ფონზე და არა _ ქვეყნის ვითარების სტაბილურობისთვის.
ახალი საკონსტიტუციო დებულება პოლიტიკურ სისტემას თავის სასარგებლოდ ტოვებს; არ აუქმებს საარჩევნო სისტემას; იტოვებს ბერკეტს, რომ მაჟორიტარული ოლქები ყოველთვის მოიპოვებს უპირატესობას პარლამენტის მართვის მოსაპოვებლად და მთავრობის ფორმირებისთვის.
ჩვენს ქვეყანაში ხდება ასე: პოლიტიკურმა პარტიამ რომ წააგოს პროპორციული არჩევნები, მაჟორიტარებს იმდენს იმატებს, რომ ის მაინც მოგებული გამოდის. როგორ არის წაგებული მოგებული? რანაირად შეიძლება, ეს სისტემა პოზიტიურად შეფასდეს?
ეს კონსტიტუცია ისე არის დაწერილი, რომ პრეზიდენტს მოქალაქეების ინტერესები არ აინტერესებს. იმის შემსრულებელია, რასაც პარტია უკვეთს. ამას დადებითი შეფასება ვერც ერთ ასპექტში ექნება. ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნის განვითარების კონსტიტუცია.
_ ბევრმა მოქალაქემ არ იცის იმის შესახებ, რომ 2024 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რატომ არ ხდება ამის უფრო მეტად აფიშირება?
_ ოპოზიციას არ სურს ამაზე საუბარი იმიტომ, რომ ფიქრობს, გამარჯვების შემთხვევაში შეცვლის ამას _ ამიტომ არ ამახვილებს ყურადღებას. ხელისუფლება იმიტომ არ საუბრობს ამაზე, რომ მას მიაჩნია, _ ეს უკვე კონსტიტუციური ინსტიტუტია და აზრი არ აქვს ამაზე საუბარს. ორივეს საკუთარი ინტერესები აქვს. ამ დროს ხალხი არავის აინტერესებდა, არავის აინტერესებს და არავის დააინტერესებს.

მარიამ ტიელიძე