გაურკვეველი აფიშა და კონცერტის ანონსი მოსკოვში ქართველი მომღერლების მონაწილეობით

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „ვეგას სითი ჰოლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა აფიშა, რომელზედაც წერია, რომ 13 ნოემბერს ქართველი მომღერლების მონაწილეობით რუსეთის დედაქალაქში „ქართული მუსიკის საღამო“ იგეგმება. „პირველად თანამედროვე ისტორიაში, ვარსკვლავთა ასეთი კომპოზიცია ქართველი მომღერლების შემადგენლობით ერთ სცენაზე მოიყრის თავს“, _ ვკითხულობთ ანონსში.

მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ლაშა ღლონტი, ნინო ჩხეიძე, ნატო გელაშვილი, გია სურამელაშვილი და ანსამბლი „ქართული ხმა“ თამთა ცქვიტავასთან ერთად. ანონსის თანახმად, ღონისძიებას ასევე შეუერთდებიან თამარ გვერდწითელი, დიანა ღურწკაია და ბესო კალანდაძე, _ ეს ის მომღერლები არიან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ კონცერტში, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აფიშაზე რამდენიმე მომღერლის სახელი და გვარი შეცდომით წერია. მაგალითად, ლაშა ღლონტისთვის არავის დაურეკავს და არც იცის, რატომ წერია მისი სახელი და გვარი დაანონსებული კონცერტის აფიშაზე, თუმცა მოგვიანებით მომღერლის სახელი და გვარი კონცერტის ორგანიზატორებმა აფიშიდან ამოიღეს.
„ქრონიკა+“-მა ის მომღერლები ჩაწერა, რომლებიც აღნიშნულ აფიშაზე იყვნენ. როგორც გავარკვიეთ, 13 ნოემბერს კონცერტი შესაძლოა აღარ ჩატარდეს, თუმცა რა მიზეზით, ეს მონაწილეებისთვისაც და ჩვენთვისაც უცნობია. სიმართლე ერთია _ ამ ფაქტმა საზოგადოებაზე უარყოფითად იმოქმედა.

„ქრონიკა+“ მომღერალ ლაშა ღლონტს დაუკავშირდა და დეტალები გადაამოწმა:
_ ლაშა, 13 ნოემბერს თქვენც მიდიხართ მოსკოვში?
_ შემოთავაზებები ძალიან ბევრი მაქვს ყველა მხრიდან, მაგრამ რაც შეეხება მოსკოვს, მათ შემოთავაზებებზე დიდი ხანია, უარს ვამბობ. ემიგრაციასაც უნდოდა ჩემი მიწვევა, თუმცა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადე.
_ რატომ?
_ თავს ვიკავებ ხოლმე და ოფიციალური კონცერტით არც ვყოფილვარ მოსკოვში.
_ თქვენი სახელი და გვარი როგორ მოხვდა აფიშაზე?
_ არ ვიცი, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რადგან მეც გამიკვირდა. ვერც გავარკვიე, საიდან მოვხვდი საერთოდ იმ სიაში. მსგავსი რამ აქაც ხდება ხოლმე. ახალი წლის კონცერტებზეც მინახავს საკუთარი სახელი და გვარი ბევრ აფიშაზე, რადგან ხალხი რომ მივიდეს, მაგრამ ყველა მათგანს ხომ არ ჩამოვუვლი და გარკვევას ხომ ვერ დავიწყებ. მოსკოვის აფიშაზე ვიყავი, თუმცა, ეტყობა, მერე უთხრეს და სიიდან ამომიღეს, შემდეგ ხელმეორედ დადეს ახალი აფიშა, სადაც ჩემი სახელი და გვარი ამოღებული იყო.

ლაშა ღლონტისგან განსხვავებით აღნიშნული კონცერტიდან შემოთავაზება მიიღო მომღერალმა სოფო ხალვაშმა, თუმცა როგორც მან „ქრონიკა+“-თან განაცხადა, კონცერტი ჩაიშალა:
_ სოფო, 13 ნოემბერს მოსკოვში კონცერტი იგეგმება, რომლის აფიშაზე თქვენი სახელი და გვარი წერია. მიდიხართ?
_ ეს კონცერტი აღარ გაიმართება. იქამდეც გადაწყვეტილი არაფერი ყოფილა. საერთოდ, ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, რომ სანამ რაღაცას შეგითანხმებენ, იქამდე აფიშაზე წერენ. კონცერტი გაუქმდა, თუმცა რატომ, არ ვიცი. მგონი, მერაბ სეფაშვილი და ბესო კალანდაძე აპირებენ წასვლას, მაგრამ 13 რიცხვს არ უკავშირდება.
_ ანუ 13 ნოემბრის კონცერტი ჩაიშალა?
_ ოფიციალურად გადაწყვეტილი არც ყოფილა. ეს აფიშაც ცოტა სიურპრიზივით იყო ჩვენთვის. როგორც კი აფიშა სოციალურ ქსელში გავრცელდა, მაშინვე დავწერე, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
_ თქვენ ვინმე დაგიკავშირდათ?
_ გია გოგორიშვილთან მქონდა კონტაქტი, თუმცა გიამაც თქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. დეტალები ნამდვილად არ ვიცი, ვინ აკეთებს და რა ხდება საერთოდ.
_ რასთან დაკავშირებით ტარდებოდა?
_ გადმოცემით ვიცი, რომ ქართველ ემგრანტებთან დაკავშირებით.
_ რომ გაიმართოს, წახვალთ?
_ ეგ უკვე აღარ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არ წავალ.

სრულიად გაურკვევლობაშია მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელმაც დღემდე არ იცის, თუ როგორ მოხვდა იმ კონცერტის აფიშაზე, რომელიც 13 ნოემბერს მოსკოვში „ვეგას სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება:
_ ქართველ ებრაელებში ძალიან დიდი სიყვარულით ვსარგებლობ და ყოველთვის მივდივარ ხოლმე მათ წვეულებებზე, კორპორაციულ საღამოებზე და ა. შ., მაგრამ რაც შეეხება კონცერტს მოსკოვში, მსგავსი შემოთავაზება არ მქონია და ყოველთვის ვფრთხილობ.
_ სიფრთხილეში რას გულისხმობთ?
_ წინასწარ ვკითხულობ, ვინ არის კონცერტის ორგანიზატორი, რასთან დაკავშირებით კეთდება, სად ტარდება, რატომ და ა. შ. შემდეგ უკვე დავფიქრდები, წავიდე თუ არა.
_ 13 ნოემბრის აფიშაზე თქვენც წერიხართ. დაგირეკეს?
_ ჩემთვის არავის დაურეკავს და საერთოდ, რატომ ვარ მაგ აფიშაზე, ეგეც გაურკვეველია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ვიღაცამ კარგად გამოიყენა საპიაროდ.
_ არავის დაუკავშირდით და გარკვევა არ სცადეთ?
_ მსგავსი პრობლემები სხვა კონცერტებზეც მქონია და როგორც ვიცი, ბევრი ჩემი კოლეგა აღმოჩენილა ამ გაუგებრობაში. გარდა ამისა, ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა ჩემი იქ წასვლა, რადგან ამ ეტაპზე ძალიან დაკავებული ვარ. მოგეხსენებათ, პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ვმონაწილეობ.
_ თქვენი რეაქცია როგორი იყო, როდესაც ეს აფიშა ნახეთ?
_ ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ არარსებულ, გადაუმოწმებელ კონცერტზე ატყდა ასეთი ამბავი. ზოგადად, ჩემს ყველა საქციელზე მზად ვარ, პასუხი ვაგო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც კი ვიცი, რა ხდება, რა კონცერტია და როგორ აღმოვჩნდი საერთოდ ამ აფიშაზე. ვფიქრობ, ძალიან პოლიტიზებული გახადეს ყველაფერი. პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეს საქმე არ გამოგვდის. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და არაა სავალდებულო, ყველა მიტინგზე ვიდგეთ და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდეთ. არ მიღირს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც უარყოფით რეაქციას გამოიწვევს ხალხში, ჩემს მსმენელში. მე ვმუშაობ მსმენელისთვის და მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ.

„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა კომპოზიტორსა და მომღერალ ნატო გელაშვილს:
_ დამირეკეს, რომ ქართული დიასპორებისთვის ტარდებოდა ეს კონცერტი, მაგრამ საბოლოო ჯამში ტარდება თუ არა, ეგეც არ ვიცი. მოსკოვში არასოდეს მქონია კონცერტი. როცა დამირეკეს, მითხრეს, ძალიან დიდი მოთხოვნაა თქვენზე და ქართველებისთვის კეთდებაო.
_ თქვენ დათანხმდით?
_ სიამოვნებით წამოვალ-მეთქი, სიამოვნებით ვუმღერებ ქართველებს. რა მნიშვნელობა აქვს, სად წავალ და ქართველებს სად ვუმღერებ, მაგრამ არაფერი სმის.
_ წასასვლელი ბილეთები არ დაგიჯავშნეს?
_ არა. საერთოდ, კონცერტი როცა კეთდება, სულ გიკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ. ახლა არ ვიცი, საერთოდ რა ხდება.
_ თქვენ ვინ დაგიკავშირდათ?
_ გია გოგორიშვილი.
_ ორგანიზატორია?
_ ეგეც არ ვიცი. მითხრეს, რომ რამდენიმე მომღერალი მივდივართ და მეტი არაფერი ვიცი. ყველაფერი გაურკვეველია.

გიორგი საკარული