ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოკუპანტ რუსეთს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას აწვდის?!

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კონკრეტულად კი ამ უწყების დაქვემდებარებაში მყოფი საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სკანდალში გაეხვია.

როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გზების დეპარტამენტი იმ საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლის მფლობელებიც შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. უფრო კონკრეტულად კი საქმე ეხება ხორვატიულ კომპანია Institute IGH-ს, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობისა და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ სამუშაოებისთვის, რომლის ზედამხედველობასაც სამი წლის განმავლობაში Institute IGHუზრუნველყოფს, სულ 740 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლის 5,5%, ხელშეკრულების თანახმად, დაკისრებული ვალდებულების შესრულებისთვის ამ კომპანიას გადაეცემა, საუბარია 40 590 000 ლარზე. გარდა იმისა, რომ უწყება იმ კომპანიას უხდის ამ რაოდენობის თანხას, რომლის მფლობელები შესაძლოა, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩნდება კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა და თამამად შეიძლება ითქვას, _ საფრთხე, რომელიც გულისხმობს, რომ ამ კომპანიას პირდაპირი წვდომა აქვს გზების, გვირაბების მშენებლობაზე და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციაზე.
აღნიშნული ინფორმაცია Institute IGH-ის მფლობელებთან დაკავშირებით თავად ამ კომპანიაში გადავამოწმეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ კომპანია Institute IGH ეკუთვნის ჰონ-კონგში რეგისტრირებულ ფილიალს, რომლის საბოლოო ბენეფიციარებს წარმოადგენენ ევროკავშირის მოქალაქეები. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია მოიძიო კომპანიის ვებგვერდზე: www.igh.hr. მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომ კომპანიის ვებგვერდზე მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო, კვლავ დავუკავშირდით Institute IGH-ს, სადაც განმარტეს, რომ საიტზე მიმდინარეობს რებრენდინგი და შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით არ იყოს განთავსებული ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა: მას შემდეგ, რაც კომპანიის ქართველმა თანამშრომლებმა გაიგეს, რომ მფლობელები რუსეთის ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რამდენიმე თანამშრომელმა სწორედ ამ მიზეზით დატოვა სამსახური, თუმცა საჯაროდ კომპანიის თანამშრომლები ამის შესახებ საუბარს თავს არიდებენ. პირად საუბრებში კი დაგვიდასტურეს, რომ მათ არ სურდათ ოკუპანტი ქვეყნის კომპანიასთან თანამშრომლობა, ხაზგასმით ამბობდნენ იმასაც, რომ ინფორმაცია, რომელიც კომპანიის მუშაობის პირობებში ხელმისაწვდომი ხდება, სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ხოლ იმ შემთხვევაში, თუკი ოკუპანტის ინტერესები დადასტურდება, შესაძლოა, ეს ქვეყნისთვის დიდი საფრთხე აღმოჩნდეს.

რაც შეეხება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით, „ქრონიკა+“-მა ოფიციალური განმარტებისთვის უწყებას მიმართა, რის საპასუხოდაც მივიღეთ:
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში (შემდგომში _ დეპარტამენტი) 2018 წლის 17 ოქტომბერს შემოვიდა თქვენი 2018 წლის 17 ოქტომბრის განცხადება (რეგისტრაციის #21439/2) (შემდგომში _ განცხადება), რომლითაც ითხოვთ უცხოური საწარმოს ფილიალის „ს.ს ინსტიტუტ იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ (Institute IGH) შესახებ გარკვეულ ინფორმაციას. კერძოდ, ცნობილი იყო თუ არა დეპარტამენტისთვის, რომ აღნიშნული კომპანიის 51%-ის მფლობელი და რეალური მმართველები რუსები იყვნენ. გაცნობებთ, რომ წერილში დასმული საკითხები მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტი საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ათდღიან ვადას“.
„ქრონიკა+“-მა მოიპოვა დეპარტამენტსა და Institute IGH-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც დეტეალურად არის განსაზღვრული კომპანიის საქმიანობა და განკუთვნილი ანაზღაურებაც.
როგორც ჩანს, უწყება 10 დღის ვადაში მოგვაწვდის ოფიციალურ განმარტებას, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში. ასევე ამ თემაზე აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას და დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ

ნენე ინჯგია