მთავარი საზოგადოება ახალგაზრდა, რომელიც ღვინით საქართველოს ისტორიას ჰყვება

ახალგაზრდა, რომელიც ღვინით საქართველოს ისტორიას ჰყვება

853
0
გაზიარება

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი მოიცვა ფოტომ, რომელიც ახალგაზრდების წამოწყებას _ ღვინის ახალი შეფუთვის გამოჩენას გვამცნობდა. პირველი, ვინც საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ჩვენი გაზეთის რედაქტორი ლაშა ბერულავა გახლდათ. საინტერესოა, რომ საქართველოს ამ სავიზიტო ბარათზე _ ღვინის ბოთლზე დატანილი ეტიკეტი _ იმდენად ნათელ შეტყობინებას იძლევა, რომ მას ყველა ქართველი დაუფიქრებლად გაიგებს, თუმცა ჩვენი ქვეყნის ისტორიის არმცოდნე ტურისტს კითხვა გაუჩნდება, რატომ ჰქვია ღვინოს -20%?..

დღევანდელი სტატიის გმირი, ჯერ კიდევ, 14 წლის იყო, როცა 2008 წლის ომი საკუთარი თვალით იხილა. ის გორის რაიონის იმ სოფლიდანაა, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს და რომლის იქითაც უკვე რუსების მიერ კონტროლირებადი ქართული ზონაა. იხსენებს ომში ნანახს და გაგონილს. იხსენებს იმასაც, თუ რამხელა პროტესტის გრძნობა გაუჩნდა მაშინ, რომელიც უკვე დღეს საკუთარი ღვინის შეფუთვაზე ასახა.
ყველა ადამიანმა, ვინც დღევანდელი სტატიის გმირის ღვინოს იმ ბოთლში ჩამოსხმულს დალევს, რომელსაც -20% აწერია, პირველ რიგში, საქართველოს ისტორია უნდა შეიტყოს, გაითავისოს და მისი ერთიანობის სადღეგრძელო შესვას!
დღეს ნიკა მარკოზაშვილზე უნდა გიამბოთ. ის 24 წლისაა, ბავშვობის ასაკიდან აქტიურ ცხოვრებას შეჩვეული რესპონდენტი საკუთარი ღვინის ჩამოსხმისა და იდეის განხორციელების ისტორიას თავად გვიყვება:
„გორის რაიონში მაქვს სოფელი დიცი, რომელიც ზუსტად გამყოფ ხაზთან მდებარეობს, იქ ოჯახური ტრადიცია გვაქვს _ მოგვყავს ყურძენი და ღვინოს ვაყენებთ. იმ ომის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა და თავისი პოზიციის დაფიქსირება ენდომებოდა. მეც მინდოდა რაღაცით გამომეხატა ჩემი პროტესტი, ამავდროულად, დიდი ხანია, საკუთარი ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა მინდა.
ის, რასაც ტურისტი აუცილებლად ყიდულობს საქართველოში, არის ღვინო. ამ უკანასკნელმა ქვეყნის ისტორია უნდა მოყვეს, ამიტომაც მას დავარქვით -20%. ეს გახლავთ ადგილობრივი თეთრი მშრალი ღვინო, სწორედ იმ ყურძნისგან დამზადებული, რომელიც სოფლ დიცში, გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ყურძნის ჯიშები კი გორული მწვანე და ჩინებულია.
იდეის განხორციელებაში ბევრი ადამიანი დამეხმარა და, საბოლოოდ, წელს პირევლი, საცდელი მზა პროდუქტი გამოვუშვით.
მას შემდეგ, რაც ლაშა ბერულავამ ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა, უამრავი ადამიანის მხარდაჭერა ვიგრძენი. ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც კი დამიკავშირდნენ ევროპიდან და ღვინის გაგზავნა მთხოვეს. ეს ყველაფერი მართლაც საოცარი და სტიმულის მომცემი იყო ჩემთვის“.
საინტერესოა, რომ ამგვარი იდეის განმახორციელებელი ახალგაზრდა საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებითა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით გამოირჩევა: ახალგაზრდა ეკონომისტმა ჯერ GIPA დაამთავრა, ახლა კი გორის უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს საჯარო მართვის მიმართულებით. გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისაც. მანვე, მეგობართან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების განვითარების საზოგადოება“ დააარსა, რომლის ფარგლებშიც შიდა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან მოქალაქეობრივ საკითხთან მიმართებით ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობდა.
ამჟამად საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში ორ მიმდინარე პროექტზე მუშაობს, რომელიც დუალური პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციას შეეხება.
მიუხედავად მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებისა, მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი ყველაზე დიდი წარმატება საკუთარ თავზე მუშაობა და იმის გათავისებაა, რომ არასდროსაა საკმარისი ის, რაც გაქვს. ყოველთვის შეიძლება უკეთესისა და მეტის გაკეთება. გამოწვევები ყოველთვის შედეგიანია და არასდროს _ უნაყოფო!
გასაკვირი არცაა და თავადაც ღიად ამბობს, რომ ბუნებით მაქსიმალისტია, არასდროს არაფერი აკმაყოფილებს და ყოველთვის იცის, რომ კონკრეტული საქმის უკეთ გაკეთება შეიძლება. საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ქმედებებს აანალიზებს, რათა შემდეგ მათი ხარისხი გააუმჯობესოს.
ამბობს, ცხოვრებაში ბევრი ადამიანია, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობას გიწევს მანამ, სანამ რაიმე კონკრეტულ საქმეს მნიშვნელობას მიანიჭებ, შემდეგ კი, როცა ჩანს, რომ შენი საქმე წარმატებით შეასრულე, გარკვეულწილად, გამარჯვების შეგრძნება გიჩნდება, იმ ადამიანების კრიტიკული დამოკიდებულება უკვე შენს დაფასებაში გადაიზრდება ხოლმეო.
გვიხსნის, რომ სირთულეები შეიძლება საინტერესოდ დაინახო, მიხვდე, ისინი იმიტომაა შენს ცხოვრებაში, პიროვნულად რომ გაიზარდო და ერთ ადგილზე არ დარჩე. თუ რჩები, ე. ი. ვერ ვითარდები და საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა გიჩნდებაო.
ჯერ მკითხველისთვის არ გვითქვამს, რომ 11 წლის მანძილზე ნიკა ქართულ ცეკვებსაც ეუფლებოდა და აქტიურადაც ცეკვავდა, თუმცა 2013 წელს ტრავმის გამო მას თავი დაანება და დღეს ძირითად საქმიანობაზეა გადართული.
ამბობს, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანებთან ურთიერთობა. „ეს მაცოცხლებს და ყოველთვის რაღაც ახალს მძენს. გარდა ამისა, განსაკუთრებულად სასიამოვნოა სხვისი დახმარება, რაც რეალურად შენ უფრო მეტ ძალასა და მოტივაციას გაძლევს“. ნიკას ძალიან უყვარს ნადირობა და ბუნებაში სეირნობა.
ზუსტად იმის გამო, რომ დღევანდელი სტატიის გმირი ბუნებით მაქსიმალისტია, საქმეს ან ბოლომდე აკეთებს, ან საერთოდ არ ჰკიდებს ხელს! სანახევროდ საქმის კეთება არ სჩვევია.
გულწრფელად გვიყვება, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახი და ის ადამიანები არიან, რომლებიც გვერდით ჰყავს, ადამიანში კი ყველაზე მეტად ღირსებას, პატივისცემას აფასებს.
განსაკუთრებულად ვერ იტანს უსამართლობას და სწორედ ეს აღიზიანებს ყველაზე მეტად, ფირქობს, რომ სამართლიანი დამოკიდებულებებით იქმნება ჯანსაღი ურთიერთობები და არა პირიქით!
საინტერესო და ერთგვარად გასაკვირიც კი იყო, რომ ნიკა წინასწარ არფერს გეგმავს და თითქმის ყველა გადაწყვეტილების მიღების დროს სპონტანურობით გამოირჩევა. ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს სიტყვით გამოსვლა, მაინც არასდროს ვამზადებ წინასწარ სიტყვას, რადგან ის არაბუნებრივი გამოდის, მე კიდევ უშუალობა და ყველაფრის მსმენელამდე მიტანა ბუნებრივი გზით მიყვარსო.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დროს, რომელიც ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, თითქმის, ყოველთვის შეზღუდული აქვს. როცა არ მუშაობს და დასვენება შეუძლია, მაშინაც დროის ნაყოფიერად გამოყენებაზე ფიქრობს, არ უყვარს ერთ ადგილას გაჩერება და ურჩევნია იმოგზაუროს, რაიმე ახალი აღმოაჩინოს ან მეგობრებთან გაერთოს.
ამასთან, არასდროს ნანობს იმას, რაც გაუკეთებია: „ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, რამეს შევცვლიდი, კონკრეტული ფაქტი, უბრალოდ, მოცემულობაა და ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ, ჯობია, აწმყოთი ვიფიქროთ და მომავალი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში შევქმნათ“.
კითხვაზე, თუ რა მიზანი აქვს ცხოვრებაში, შემდეგნაირად პასუხობს:
„ვაპირებ, რომ საკუთარი ძალისხმევით ნულიდან შევქმნა ყველაფერი და არა ვინმეს დახმარებით ან მშობლებზე დაყრდნობით. ის, რომ რაღაც შენი იქნება, ნაბიჯის გადასადგმელად მოტივაციასაც გაძლევს. როცა მიზანი გაქვს და მისკენ მიდიხარ, ის მარტივად და ერთბაშად არ მიიღწევა, მაგრამ არ უნდა დანებდე! საკუთარი შრომით შექმნილი ყოველთვის შენი საზომი იქნება.
კონკრეტულად ვერ გეტყვით რა, მაგრამ აუცილებლად მექნება ჩემი ბიზნესი, რომელიც არა მხოლოდ ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გააბედნიერებს, არამედ საზოგადოებისთვისაც დიდი სიკეთის მომტანი იქნება!“
ამბობს, ადამიანები, რომელთაც არსებითი გავლენა მოახდინეს მის ცხოვრებაზე, მშობლები და მისი შეყვარებული არიან: „დედა, რომელმაც შემართება და მაქსიმალისტობა დამანახა, მაჩვენა, რომ არასდროს უნდა დანებდე და ყოველთვის იპოვო გამოსავალი.
მამა, რომელმაც შრომისმოყვარეობა მასწავლა, დამანახა თუ რას ნიშნავს საკუთარი შრომით გამომუშავებული შემოსავალი, რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია იგი. მან შრომის შედეგის დანახვა, დაფასება მაჩვენა. მასწავლა, რომ არაფერი მოდის მარტივად.
რაც შეეხება ჩემს დას, ეს არის ადამიანი, რომელიც არასდროს მაძლევს მოდუნების საშუალებას, რომელიც მუდმივად მეუბნება, რომ ყველაფერი გამომივა იმაზე უკეთ, ვიდრე მე ეს წარმომიდგენია და ამასთან ერთად, არასდროს წყვეტს ჩემ გაკრიტიკებას. მაკო ის ადამიანია, რომელიც ჩემთან, ჩემ გვერდით და ჩემი გადაწყვეტილებების მხარეს მუდმივად იქნება!
ანუკა ჩემი შეყვარებულია, რომელიც ყოველთვის მოტივაციას მაძლევს და გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ამბის საზოგადოებამდე მიტანაში ანუკას დედას ლომის წვლილი მიუძღვის“.
სტატიის მთავარი გმირი აქტიურად ფიქრობს საზოგადოებრივ პრობლემებზეც საქართველოში:
„პირველ რიგში ჩვენივე, საზოგადოების დამოკიდებულებაა დასაკორექტირებელი ნებისმიერ სახელმწიფოებრივ საკითხთან მიმართებით. სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა, საკუთარი გარემოცვის გარდა, გლობალური საკითხებიც უნდა დაინახოს. თუნდაც თითოეული ადამიანის როლი ავიღოთ არჩევნებში, თითქმის ყველა მათგანში მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ დაბალია, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩივიან, მე რა უნდა ვქნა, რა უნდა შევცვალოო?! არადა, მათ ხმას მართლაც შეუძლია ბევრი რამის შეცვლა! არ არის მარტივი, ამ ადამიანებს თავიანთი წარმოდგენა შეუცვალო და დაარწმუნო, რომ მოქალაქეობრივი ვალის შესრულება უპირველესი და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ნამდვილად შეუძლიათ, რაიმე შეცვალონ!
ქვეყანაში უდიდესი პრობლემაა ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმების დაბალი მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამბიციურები ვართ და ყოველგვარი გამოცდილების გარეშე გვინდა სამუშაო დავიწყოთ ერთი ხელის მოსმით, კარგი ანაზღაურებით, თუმცა ამის მისაღწევად ბევრს არაფერს ვაკეთებთ, სათანადოდ არ ვცდილობთ.
ყველაფერს ემატება ისიც, რომ დღეს ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეებს ქვეყნიდან გაქცევა უნდათ. თუ ამას მასობრივი სახე მიეცა, ვერავინ შეცვლის ქვეყანას უკეთესობისკენ.
ცალსახაა, რომ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ამის მიმართ პროტესტს ბევრი ვერ ან არ გამოხატავს. გარკვეულწილად ნიჰილიზმი გაგვიჯდა, ერთიანობა გვაკლია, ერთმანეთის ყურებით გადის დრო და მერე გვიანია ხოლმე.
ამის გარდა, პრობლემაა ის, რომ აქტიურად ვიჭრებით სხვის ცხვოვრებაში. სხვისით მეტად ვინტერესდებით, იმის სანაცვლოდ, რომ თავად შეგვიძლია დალაგებული და სახარბიელო ცხოვრება შევიქმნათ. მგონია, რომ ამგვარ მენტალიტეტს მხოლოდ თაობათა ცვლის შემდეგ გადავაბიჯებთ.
ვფიქრობ, ერთად დგომით რეალურად შეიძლება საქართველოში რაღაცის მიღწევა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ დონეზე“.
ნიკასთვის თავისუფლება დამოუკიდებელი აზრის ქონასთან ასოცირდება _ მდგომარეობასთან, როცა არავინ გკარნახობს თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო; მოცემულობასთან, როცა საკუთარი ღირებულებებით და რწმენით ცხოვრობ! მისთვის თავისუფლებაა, შეგვეძლოს ღიმილი, არ ვიაროთ წარბშეკრულებმა და შეგვეძლოს ღიად, არგუმენტირებულად საუბარი, ნებისმიერი სურვილის რეალიზება და ემოციის გამოხატვა. სწორედ ამ გადმოსახედით ნიკა თავისუფალ ადამიანად მიიჩნევს თავს და ამბობს, საკუთარი თავი ჩვენვე გვეკუთვნის, შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვინდა და არა ის, რაც სხვებს უნდათ _ ყველაზე მაგარი შეგრძნება ესააო.
ახლა ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა სტაბილური და საინტერესო მდგომარეობისთვის ემზადება:
„ახლა მეტი შესაძლებლობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი უკვე ვიპოვე, მაინც, ჯერ კიდევ, პიროვნებად ვყალიბდები, ჯერ კიდევ ვეძებ ნაწილებს. ესეც იმიტომ, რომ ადამიანი არასდროს კმაყოფილდება იმით, რაც აქვს, ყოველთვის გამოწვევას ეძებს და ჩემთვის ეს ფაქტორი ყველაზე საინტერესოა. სამსახურიც მაძლევს საშუალებას, რომ მეტი ვაკეთო და მუდმივად ახალ იდეებზე, გამოწვევებზე გავიდე“.
ფიქრობს, რომ ადამიანებს მისია საკუთარი თავის წინაშე აქვთ.
ყველაზე მნიშვნელოვნად კი სახელის უკვდავყოფა და საზოგადოებისთვის ღირებული რამის შექმნა ესახება:
„ყველამ თუ საკუთარი თავის წინაშე პირნათლად შევასრულეთ მისია, ეს ერთიანობის ჯაჭვს შექმნის, რაც, საბოლოო ჯამში ბევრ დადებით შედეგს მოიტანს.
ჩემი მისია ისაა, რომ საკუთარი რესურსი მაქსიმალურად ამოვწურო და შესაძლებლობების პიკი ვიპოვო, ამ შესაძლებლობებით კი ბევრმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. იმ ერთობის წევრი მგონია თავი, რომელიც ეცდება, შემდეგი თაობისთვის ცხოვრება უფრო თავისუფალი და მარტივი გახადოს, რათა მათ უფრო მარტივად შეძლონ საკუთარი საქმისა და თავის პოვნა. თვითონ ჰონდეთ გადაწყვეტილების მიღების უნარი და ეს ყველაფერი იმ ბედნიერებას შექმნის, რომელიც მუდმივად ღიმილს ჰგვრის ადამიანს“.
პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებს, თავმოყვარეობაა. ამბობს, როცა ეგ ზღვარი ილახება, შეიძლება ადამიანი სულ სხვა პიროვნებად ტრანსფორმირდეს და ის აღარ იყოს, რაც ადრეო.
შანსი რომ ჰქონდეს, ერთი საუკუნით უკან დაიბადებოდა და ისეთი პიროვნება იქნებოდა, რომელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მართალია, ომების თავიდან აცილება ერთი ადამიანის ნებაზე ვერ იქნებოდა დამოკიდებული, მაგრამ ეცდებოდა, რომ წარსულიდან დღევანდელი რეალობა უფრო კარგი შეექმნა.
ფიქრობს, რომ იქნებოდა დიდი პასუხისმგებლობის მქონე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირი. ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს დემოკრატი მმართველი (ოღონდ არა ტირანის!).
საკუთარ თავში მოსწონს ის თვისება, რომ არ უყვარს გაჩერება და არ სჩვევია საქმის შუა გზაში მიტოვება. ძალიან მოსწონს გამოწვევები და ადამიანებთან ურთიერთობა.
როგორც თავად ამბობს, ნამდვილი ნიკა მარკოზაშვილი ემოციური ადამიანია, რომელიც საკუთარი ემოციების დამორჩილებასა და მათ დიპლომატიური ურთიერთობისკენ წაყვანას ცდილობს. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეძებს გზას გამოსავლისკენ.
დარწმუნებულია, რომ საკუთარ მომავალს თავადვე ვქმნით, შესაბამისად, ყველას შეუძლია საკუთარი ბედის განსაზღვრაც.
სამომავლოდ ღვინის წარმოების გაზრდას, საქმის ბოლომდე მიყვანასა და ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს. დიდი სურვილი აქვს, რომ მცირე საწარმო შექმნას, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება, დიდ ბიზნესად გადაიქცეს. ამით უფრო მეტი ადამიანი გაიგებს საქართველოს ისტორიის შესახებ, მეტი დარწმუნდება იმაში, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ნიკასთვის საკუთარი თავის რწმენაც უფრო გაიზრდება. ამ ყველაფრის განხორციელებას კი ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ მიზანდასახული ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია!
დაბოლოს, ნიკას გზავნილი საზოგადოებისთვის შემდეგია:
„ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ, გვიანი არასდროსაა! ყოველთვის შეიძლება რაღაცის შეცვლა. ყველა ადამიანს თავად შეუძლია რაიმე ღირებულის შექმნა და მომავლის შეცვლა. მთავარია, დრო სწორად გამოვიყენოთ და ის ვაკეთოთ, რაც გვაბედნიერებს. პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. მეტი ყურადღება და დრო დავუთმოთ საყვარელ ადამიანებს და საქმეს, ნაკლები კი _ საზოგადოების აზრს. ამ უკანასკნელმა არ უნდა დაგვაკომპლექსოს და ის არ უნდა იყოს კედელი, ზღვარი. ყოველთვის შეიძლება იმის მიღწევა, რაც გულით გვინდა, მთავარია, არ დავნებდეთ!“

ნინო ტაბაღუა

 

დატოვეთ კომენტარი