გაერთიანებულმა ოპოზიციამ ეკონომიკის თემაზე საზოგადოებრივი დისკუსია გამართა

18 ოქტომბერს საზოგადოებრივი დისკუსიების ციკლ „წარმატების ქართული მოდელი _ ახალი თაობის რეფორმების“ ფარგლებში გაიმართა ფართო საზოგადოებრივი დისკუსია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესახებ. ზემოხსენებულ შეხვედრაზე განიხილეს დღევანდელ ქართულ ეკონომიკაში არსებული პრობლემები და ამ სფეროში გასატარებელი რეფორმები.

დასაწყისში რომან გოცირიძემ დააანონსა, რომ მიმდინარე შეხვედრა დისკუსიის რეჟიმს ითვალისწინებდა: „ჩვენ ახლა ვხვდებით აკადემიურ წრეებს, ექსპერტებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ეკონომიკური ხედვით. დამსწრე საზოგადოებას ჩვენს სათქმელს ვეტყვით, ჩვენს ხედვებს გავაცნობთ და, ამავდროულად, მოვისმენთ მათ აზრს, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ქართული ეკონომიკა განვითარდეს. ჩვენი ხედვა ძალიან მკვეთრია _ ქვეყანაში არ არის ეკონომიკური ზრდა. ამ ჩიხიდან გამოსავალი კი გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მარეგულირებელი ნორმების მაქსიმალურად შემცირება. საჭიროა საგადასახადო რეჟიმის კიდევ უფრო მეტად ლიბერალიზება _ ჩვენ ვთავაზობთ, რომ საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდეს; მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაწესდეს შემდგომი შეღავათები: დღგ არ უნდა გადაიხადოს იმ საწარმომ, რომლის ბრუნვაც 200 000 ლარზე ნაკლებია. ჩვენ კონკრეტული დარგობრივი შეთავაზებები გვაქვს. მაგალითად: ორ წელიწადში, საქართველოში, არ უნდა იყოს არც ერთი ადამიანი, არც ერთი სოფელი, რომელსაც სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი არ ექნება. მივარდნილი მთის ყველა სოფელშიც კი ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, რომელიც, თავის მხრივ, ახალ ტექნოლოგიებთან წვდომას გულისხმობს, თუნდაც _ ბიზნესმენებისთვის ახალი კავშირების დამყარებას და ა. შ“.

შეხვედრაზე მთავარ ხედვად შემდეგი პუნქტები ჩამოყალიბდა:
• ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მკვეთრი ზრდა და; შესაბამისად, სიღარიბის შემცირება. ასევე ორნიშნას მიახლოებული ეკონომიკის ზრდის ტემპი;
• მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, დაბალანსებული ბიუჯეტი და სტაბილური ლარი;
• საგადასახადო სისტემის შემდგომი ლიბერალიზაციის შედეგად ასევე _ ზედმეტი რეგულაციების გაუქმების, ბიუროკრატიის შემცირებით, კერძო საკუთრების დაცულობის გამოსწორებითა და სხვა ინიციატივებით საქართველო შეძლებს, დაუბრუნდეს ეკონომიკური ზრდის ტემპის მაღალ მაჩვენებელს;
• მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობის დაძლევაა.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციისთვის ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია: „ჩვენ გვჭირდება მათი რჩევები და ეთიკური შენიშვნები იმ პროგრამაზე, რომელიც ახლა ყალიბდება. ეს შეეხება სამართალდამცველი ინსტიტუციების რეფორმებს, სასამართლო რეფორმებს, განათლებას, ჯანდაცვასა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ის მთავარი პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, უპირველესად, ეკონომიკური ხასიათისაა: უმუშევრობა, სიღატაკის ზღვარზე ყოფნა, მშიერი ბავშვები, ქვეყნიდან გასული ადამიანები უკეთესი ცხოვრების ძებნისთვის… ეკონომიკური რეგრესი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, თავის დაღს ადებს დემოგრაფიასაც და საქართველოს მიმზიდველობასაც (ინვესტირების მხრივ). ყოველთვის მიკვირდა ხელისუფლების შეხვედრები ბიზნესთან, _ რა აქვს ბიზნესსა და ხელისუფლებას სალაპარაკო, როდესაც დიდი ხანია, სოციალური კონტრაქტი არსებობს? არავითარი შეხვედრები საჭირო არ არის იმის გამოკლებით, თუ სახელმწიფო იწყებს გიგანტურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, სადაც საჭიროა ბიზნესის აზრის მოსმენა.
გადასახადების დაწევა იწვევს ეკონომიკის ზრდას _ გადასახადების გაზრდა იწვევს ეკონომიკურ რეგრესს. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი არის ინვესტიციები. ამიტომ საქართველოს დიპლომატია უპირველესად უნდა იყოს ამაში ჩართული. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად უნდა შემოდიოდეს ფულის ნაკადი. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც მისი კაპიტალი დაცულია. ძალიან მოსაწესრიგებელია ჩვენს უნივერსიტეტებში ეკონომიკური განათლება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვისაც ჰკითხავ, ყველას აკლია პირველი კლასის ეკონომისტები. ის თაობა, რომელზედაც დღეს მთელი ტვირთი გადადის, მუდმივი არ არის“.

შეხვედრაზე გახმოვანდა ის კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელებაც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი საკამათოა, სადავოა და დისკუსიებს საჭიროებს. პროექტები მოიცავს შემდეგს: ქვეყნის საყოველთაო ინტერნეტიზაციის დასრულება უმოკლეს ვადაში; ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება; ქვეყნის ყველა რეგიონში, სულ მცირე, თითო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის წახალისება; ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება; აშენდება ორი ახალი აეროპორტი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში; მოხდება სტუდენტური სესხების პროცენტის სუბსიდირება მთავრობის მიერ; ახალდაქორწინებული ახალგაზრდა წყვილების საბინაო სესხის პროცენტის სუბსიდირება; აშენდება ქვანახშირზე მომუშავე ორი ელექტროსადგური და ა. შ.

მარიამ ტიელიძე