მოუგვარებელი პრობლემები თელავში

გამოკითხვები თელავში სამ ძირითად პრობლემას გამოარჩევს: ახალგაზრდების გადინება, უწყლობა და მოუწესრიგებელი პარკინგი. არადა, სამივე მათგანზე სოლიდური თანხა იხარჯება. მაშ, სად არის ძაღლის თავი დამარხული?

პრობლემა #1
სად მიდის ახალგაზრდობა?

კახეთის რეგიონიდან დღითი დღე იზრდება ნიჭიერი ახალგაზრდების მიგრაცია სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში. ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, სწორედ, ტვინების გადინება დაასახელა. რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას? რატომ ამჯობინებენ ახალგაზრდები დედაქალაქსა თუ საზღვარგარეთ გამგზავრებას? რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ადგილობრივი ხელისუფლის მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად და რას ითხოვენ ახალგაზრდები?
გამოკითხული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ყველა პროექტსა თუ პროგრამაში ძირითადად ჩართული არიან მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რის შედეგადაც ადგილობრივი კადრის იგნორირება ხდება. აღნიშნულის გადასამოწმებლად დავუკავშირდით თელავის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ ვახო კასრელიშვილს და ვკითხეთ, სულ რამდენი ადამიანია დასაქმებული თელავის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში და რამდენი სპეციალსტია თელავის მუნიციპალიტეტიდან ჩართული?
როგორც ვახო კასრელიშვილმა განაცხადა, თელავის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში დასაქმებულია დაახლოებით 30 ადამიანი, რომელთა შერჩევაც კონკრეტული ლოკაციების მიხედვით არ მომხდარა.
„თელავის გენერალური გეგმის განვითარებაზე მუშაობს საპროექტო ჯგუფი, რომელიც ჩაშლილია თემატურად. სხვადასხვა დარგს თავისი სპეციალისტი ჰყავს. ჯგუფები დაკომპლექტებულია სპეციალისტებით, რომლებიც პროფესიონალიზმის გათვალისწინებით შეირჩა და არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თელავის მერიასთან, საიდანაც სხვადასხვა სახის ინფორმაციას ვიღებთ, აგრეთვე, ხშირად ვხვდებით ფოკუს ჯგუფებს. თელავიდანაც გვყავს რამდენიმე სპეციალისტი ჩართული. ასე მაგალითად, ვახო გაგნიძე _ კულტურის მიმართულებით, ელიზბარ ელიზბარაშვილი, რომელიც კლიმატის დოკუმენტზე მუშაობს“, – აღნიშნა ვახო კასრელიშვილმა.
კახეთის რეგიონში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს, თუმცა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელსაც რეგიონში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს, ყოველწლიურად კლებულობს. თელავის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე გამოცხადებულ 700 ადგილზე 2015 წელს მხოლოდ 230 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ხოლო 700 ადგილზე 2016 წელს 278 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, 2017 წელს კი 585 ადგილზე 271 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
ჩვენ დავინტერესდით, რა სპეციალობებზე იყო მოთხოვნა 20 წლის წინ და რამდენი სტუდენტი აბარებდა თესაუში, ხოლო ახლა რა სპეციალობებია აქტუალური და რატომ შემცირდა სტუდენტთა რაოდენობა?

ნინო კახაშვილი _ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
„როგორც მახსოვს 20 წლის წინ თელავის უნივერსიტეტს ჰქონდა: ისტორია-სამართალმცოდნეობა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ფიზიკური აღზრდა. მაშინ ასეთი დაყოფა არ ყოფილა. ახლა ეროვნული გამოცდებით ირიცხებიან, ყოველ წელს დარეგისტრირებულია 2000-მდე სტუდენტი, მაგრამ ახლანდელი რეალობიდან გამომდინარე ყველა ვერ ირიცხება. დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნაა: აგრარულ მიმართულებაზე, სასურსათო ტექნოლოგიასა და აგრონომიაზე, აგრეთვე, სამართალზე, ეკონომიკასა და ტურიზმის მიმართულებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ოცი წლის წინ ყველა სპეციალობა ბოლომდე ივსებოდა“.
კახაშვილმა ისიც დასძინა, რომ აგრარული მიმართულებით დღესდღეობით შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულიად ახალია და სტუდენტებს პრაქტიკული მიმართულებით ხელი არ ეშლებათ.
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თბილისში სწავლის გასაგრძელებლად გადასული სტუდენტების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები ვერ ხედავენ რეგიონში დასაქმებისა და პიროვნული განვითარების პერსპექტივას, რის გამოც წასვლას ამჯობინებენ.

თიკო სადუნიშვილი:
„მე თელავის უნივერსიტეტში ფილოლოგიის სპეციალობაზე ვსწავლობ. მართალია, სწავლებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ მომწონს პროგრამა, მას ძალიან ზედაპირულად ვუდგებით. არ მაქვს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა, რის გამოც ვფიქრობ, ჩემი პროფესიით დასაქმება ძალიან გამიჭირდება. ამიტომ სხვა პროფესიასაც ვეუფლები კოლეჯში“.

სოფიო ჯეთერიშვილი:
„ახალგაზრდა ადამიანს რაღაც დონეზე დასაქმების შანსები ნამდვილად აქვს. მიმაჩნია, რომ შენი საქმის პროფესიონალი უნდა იყო და ყველა კარი ღია იქნება. ხშირად ამბობენ, რომ სამსახურის დასაწყებად აუცილებელია, ვინმე გყავდეს, რომ დაგეხმაროს. ამას არ ვეთანხმები, თუნდაც პირადი გამოცდილებით. რეგიონის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს თითოეულმა ჩვენგანმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ცხადია, „ტვინების გადინების“ პრობლემა მწვავედ დგას და ახალგაზრდების დიდი ნაწილი უკან აღარ ბრუნდება, მაგრამ ჩნდება კითხვა: „თუკი უკან აღარ დაბრუნდებიან და მასობრივად „გაედინება ტვინები“, რეგიონის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება? მალე აღარავის ექნება რეგიონში დარჩენის სურვილი“.

ეკა სესიკაშვილი:
„რეგიონებში ნაკლები პერსპექტივაა და, შესაბამისად, ნაკლებად არის შესაძლებელი, განვითარდე, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის სამუშაო ადგილები. თბილისმა განვითარების მეტი შესაძლებლობა და ჩემი პროფესიით დასაქმებით პერსპექტივა მომცა“.

თიკო ხახუტაშვილი:
„მიუხედავად იმისა, რომ თელავის უნივერსიტეტი დავამთავრე ჟურნალისტიკის მიმართულებით, რეგიონში დასაქმება ძალიან გამიჭირდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თბილისში გადასვლა და სწავლის გაგრძელება. ახლა სულ სხვა პერსპექტივები მაქვს და სხვა შესაძლებლობები, რასაც რეგიონში ნამდვილად ვერ შევძლებდი“.

თელავში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ რეგიონიდან „ტვინების გადინება“ სხვა პრობლემური საკითხების რეიტინგში რიგით მესამე ადგილზე მოხვდა.
პოტენციური პროფესიონალი კადრი სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში მიემგზავრება, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარება უცხოელ ექსპერტებსა და მოწვეულ სტუმრებს უწევთ. როგორც აღმოჩნდა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში არ ჰყავთ სპეციალისტი (კარტოგრაფი), რომელიც თელავის რუკას შექმნის, თუმცა, მერიის ინფორმაციით, ეს ფაქტი პრობლემას არ წარმოადგენს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით:
„შესაბამისი კვალიფიციური კადრის მოძიებაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მნიშვნელოვანი პრობლემა არ შექმნია“.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით კი:
„მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების საფუძველზე კახეთის რეგიონიდან 18-29 წლის ასაკის ემიგრანტების რიცხოვნობამ შეადგინა 1446 კაცი, ხოლო შიდა მიგრანტების რიცხოვნობამ _ 19 460 კაცი“.

ახალგაზრდებისთვის დასაქმების თვალსაზრისით არც კერძო სექტორი აღმოჩნდა ხელმისაწვდომი და სასურველი. საბანკო სექტორის, სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა კერძო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებში საშუალო ხელფასი 300-დან 600 ლარამდე მერყეობს. აუცილებელი მოთხოვნაა უცხო ენების ცოდნა, თუნდაც დამლაგებლის პოზიციაზე, ხოლო ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საჭიროა იყო 18-დან 30 წლამდე. სხვა რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ გააჩნიათ. შესაძლოა, ეს კონკრეტული მიმართულებით სხვადასხვა უნარ-ჩვევის მოთხოვნა იყოს.
სამუშაო ადგილების დეფიციტი, არასაკმარისი პროფესიული პრაქტიკა, მაღალი მოთხოვნები, დაბალი ანაზაღაურება, ადგილობრივი პროფესიონალი კადრის იგნორირება/ჩანაცვლება _ ეს ის ძირითადი საკვანძო საკითხებია, რის გამოც კახეთის რეგიონიდან „ტვინების გადინების“ პრობლემა გამოკითხული მოსახლეობის მიერ ყველაზე მწვავე პრობლემების სამეულის საპატიო ადგილს იკავებს. ახალგაზრდების მიგრაციით გამოწვეული ზიანის შედეგად კი რეგიონის „დაბერების“ ტენდენციას ექსპერტები არ გამორიცხავენ.

პრობლემა #2

ალექსი თეგერაშვილი თელავში, ამირეჯიბის 11-ში მცხოვრები მოქალაქეა, რომელიც წყლის პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აბონენტებს თელავში წყალი მიეწოდებათ გრაფიკით, ხოლო წყლის მოსვლამდე მილებში მაღალი წნევით მოდის ჰაერი,
რის გამოც თითოეული წყლის გამოშვებაზე აბონენტებს საშუალოდ 0,17 მეტრკუბი წყლის გადასახადი ეწერებათ.
ალექსი თეგერაშვილი:
„ის, რომ აბონენტები წყლის ნაცვლად ჰაერში იხდიან გადასახადს, რამდენჯერმე ჩატარებული საკონტროლო აზომვის შედეგად დადასტურდა. აზომვის ვიდეომასალა და წერილი გართიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორსა და ენერგოომბუდმენს გაეგზავნა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან არავითარი რეაგირება არ მომხდარა. რაც შეეხება ენერგოომბუდსმენს, მას პირადად ორჯერ შევხვდი, მათ შორის, ერთხელ მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელებთან ერთად.
რაც შეეხება ენერგოომბუდსმენის კახეთის წარმომადგენელს, მას თვეში ერთხელ მაინც ვეკონტაქტებოდი როგორც ტელეფონით, აგრეთვე პირადად. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ენერგომბუდსმენის თანამდებობა იმისთვისაა შექმნილი, რომ ენერგოკომპანიები დაიცვან მოსახლეობისგან“.
თეგერაშვილი იმასაც ჰყვება, რომ გამრიცხველიანება 2012 წელს სპონტანურად და არაორგანიზებულად მოხდა, კერძოდ, არ შეისწავლეს ქსელები და კონტრაქტორმა კომპანიამ ყველა აბონენტს არ დაუყენა მრიცხველი. გარდა ამისა, მრიცხველის კვანძების მონტაჟი განხორციელდა არა კონტრაქტში მოთხოვნილი სტანდარტის შესაბამისად, არამედ იმის მიხედვით, თუ სად როგორ მოხერხდებოდა:
„გამრიცხველიანების საფასური 100 ლარს შეადგენდა, რაც აბონენტს უნდა გადაეხადა. შემდგომში ეს ტვირთი მომწოდებელს გადაეცა, მაგრამ მრიცხველები ადრე ვისაც დაუყენეს, მათზე ეს შეღავათი არ გავრცელდა, რაც არასამართლიანია. გარდა ამისა, თელავის მოსახლეობას წყალი მოეწოდება ბურუსი-ნაქალაქევის სადრენაჟო სისტემის საშუალებით, სადაც წყლის მოპოვება და მიწოდება ხდება თვითდინებით, ელენერგიის გარეშე. შესაბამისად, თელავში წყალის ტარიფი მნიშვნელოვნად მცირე უნდა იყოს თუნდაც გურჯაანისგან განსხვავებით, სადაც, ძირითადად, ტუმბოებით მიეწოდება ქალაქს. თელავის სოფლებში წყალი მოსახლეობას, ძირითადად, ჭაბურღილებით მიეწოდება, ტარიფი კი ნულის ტოლია“.

თელავის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით:
თელავის მოსახლეობას წყალი მიეწოდება ყოველდღიურად. 10% – 6 სთ., 45% – 5 სთ., 45% – 4 სთ.-ის განმავლობაში, ხოლო წყლის ტარიფი ასე გამოიყურება:
საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი წყალი _ 0,419 ლ.; წყალარინება _ 0,08 ლ.; ჯამი: 0,499 ლ.
საყოფაცხოვრებო სულადობრივი წყალი _ 1,10 ლ.; წყალარინება _ 0,1 ლ.; ჯამი: 1,2 ლ.
საყოფაცხოვრებო წყალი _ 3,375 ლ.; წყალარინება _ 0,932 ლ.; ჯამი: 4,307 ლ.

იმის დასადგენად, რამდენად მოწმდება წყლის ხარისხი თელავში, „ქრონიკა+“ სურსათის უვნებლობის სააგენტოს დაუკავშირდა. მათი განცახდებით, წყლის შემოწმება ხდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით:
„ჩვენ წყლის ხარისხს ვამოწმებთ ზოგადად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში და ის, თუ რომელ ლოკაციაზე შემოწმდება წყალი, ამას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვახორციელებთ“.

როგორც თელავის გენერალური განვითარების გეგმიდან ირკვევა, თელავს არ გააჩნია სანიტარიული ზონა, რის გამოც მოსახლეობის უზრუნველყოფა სასმელი წყლით სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევით ხდება.

რობერტ დიაკონიძე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეორნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი:
_ აუცილებლია წყლის ხარისხის შესწავლა, რათა დადგინდეს, რა ინგრედიენტებია, რომელ ნივთიერებებს შეიცავს წყალი, რამდენად უსაფრთხო იქნება მისი სასმელად გამოყენება ადამიანებისთვის.
ჭებს თავი ღია ჰქონდათ და რამდენიმე ჭას თავი ჩვენ დავახურეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება, ჭაში ცოცხალი ორგანიზმი ჩავიდეს, რადგან მოკვდება. შეიძლება ძაღლი ჩავარდეს და წყალი ბიოლოგიურად დაბინძურდება“.

თბილისში ტექნიკური წყლის ტარიფი 21 თეთრს შეადგენს, ხოლო თელავში მოსახლეობას ტექნიკური წყალი მიეწოდება, ნაცვლად სასმელი წყლისა, რადგან იგი არ მიეწოდება 24 საათის განმავლობაში, ხოლო ტარიფი საგრძნობლად მაღალია. თელავში კიდევ ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს სანიტარიული ზონის არარსებობა და მრიცხველებზე ასახული თანხა, რომელსაც წყლის ნაცვლად ჰაერი წვავს.

პრობლემა #3
საპარკინგე ადგილების პრობლემა თელავში

თელავში ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ერთ-ერთ პრობლემად საპარკინგე ადგილების არარსებობა დაასახელა. დავინტერესდით, ნამდვილად არსებობს თუ არა აღნიშნული პრობლემა ქალაქში? რას ფიქრობენ მძღოლები და როგორია ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება პარკინგის საკითხთან დაკავშირებით?

თემურ გიგაური, მოქალაქე:
„დღესდღეობით თელავში პარკინგის პრობლემა საკმოდ მწვავედ დგას და სასწრაფო აღმოფხვრას საჭიროებს.
ყოველდღიურად უამრავ პრობლემას ვაწყდები საპარკინგე ადგილების არარსებობის გამო. ხშირია შემთხვევები, როცა მანქანის გასაჩერებლად ადგილს ვერ ვპოულობ. საპარკინგე ადგილების პრობლების გამო დაპირისპირებაა მძღოლებს შორის და ასევე მრავლად არის მოძრაობის წესების დარღვევისა და დაჯარიმების ფაქტები“.

მძღოლი:
„პარკირება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქალაქში არ არის საპარკინგე ადგილები. მოიმატა დაჯარიმების შემთხვევებმა, რადგან მძღოლები ხშირად იძულებული ვხდებით, სავალ ნაწილზე გავჩერდეთ. საპარკინგე ადგილები რომ გამოიყოს და სიმბოლოური გადასახადი დაწესდეს, მირჩევნია ის გადავიხადო, ვიდრე ჯარიმა“.

მძღოლი:
„ელემენტარულად, ბაზარში რომ გინდოდეს შესვლა, მანქანას ვერ გააჩერებ. ყველაფერი მაინც ხარჯებს უკავშირდება. მთავრობა ან გადასახადს აწესებს, ან ჯარიმას გახდევინებენ“.

მძღოლი:
„ქალაქში 12 საათიდან უკვე ჭირს გაჩერება, რადგან მოძრაობა მატულობს. მძღოლები იძულებული ვხდებით, დგომა-გაჩერების წესები დავარღვიოთ, რის გამოც ჯარიმების გადახდა გვიწევს“.

დავით ღაღანიძე _ სივრცითი დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე:
„პარკირება პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს, რადგან მანქანების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა აღნიშნული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება და თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება როგორც უფასო, ასევე ფასიანი სივრცეები.
თავდაპირველად, როცა გზები გაკეთდა, რა თქმა უნდა, არ იყო გათვლილი ტრანსპორტის იმ რაოდენობაზე, რაც დღეს არსებობს. შესაბამისად, მანქანების რაოდენობის გასამმაგებამ და გაოთხმაგებამ პარკირების პრობლემის წინაშე დაგვაყენა. ეს პრობლემა თანაბრად აწუხებს მძღოლსაც და ქვეითსაც“.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, როგორ იყო თელავში მოწყობილი საპარკინგე ადგილები 2003 წლამდე.

პეტრე კაკუნაშვილი _ 1977 წელს შექმნილი სამგზავრო ავტოსაწარმოო გაერთიანების დირექტორი 1986-2003 წლებში:
„პარკირების პრობლემის მოგვარება აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლის მხრიდან, რათა თავიდან ავიცილოთ ავტო-საგზაო შემთხვევები და დაჯარიმების ფაქტები.
1977 წელს კახეთის რეგიონული გაერთიანება შეიქმნა. მე გაერთიანების მთავარ ინჟინრად ვმუშაობდი. 1986 წლიდან 2003 წლამდე გაერთიანების დირექტორად ვმუშაობდი, შემდეგ გაერთიანება დაიშალა და კერძო პირის ხელში გადავიდა. ვფიქრობ, სახელმწიფო რეგულირების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს ტრანსპორტის კონტროლი. ტრანსპორტი არის საზოგადოებრივი, ამით სარგებლობენ ადამიანები და აუცილებელია, სახელმწიფომ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. ტრანსპორტი, რომლითაც მოქალაქე მგზავრობს, ტექნიკურად გამართული უნდა იყოს, ხოლო მძღოლი _ პროფესიონალი. მართალია, გაერთიანება აღარ არსებობს, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია გასცეს ლიცენზიები. თელავი პატარა ქალაქია და ამიტომ პირველ რიგში ტაქსების ის ოპტიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს, რაც ქალაქს სჭირდება“.

როგორც ირკვევა, პარკირების პრობლემას ცალსახად ავტოსატრანსპორტო საშუალებების მატება განაპირობებს, რაც თავის მხრივ იწვევს დგომა/გაჩერების წესების ა და მოძრაობის შეფერხებას. შესაბამისად, დღითი დღე მატულობს საავარიო სიტუაციის შექმნისა და მძღოლების დაჯარიმების ფაქტები. დღესდღეობით საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლი მინიმუმამდეა დაყვანილი, რის გამოც უკმაყოფილოა როგორც მოსახლეობა, ასევე მძღოლები.

მაკა მოსიაშვილი