უცნობი საქართველოს ქრონიკა – 1919 წლის თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-32.

1919 წლის თებერვალი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თვე დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე. საქართველოში ისევ ომი და არეულობაა.

ვითარება გართულდა ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან _ სოჭის ოლქში შეტაკება მიმდინარეობდა ქართულ საჯარისო ფორმირებებსა და რუსეთის თეთრი მოძრაობის არმიას შორის. დაძაბული მდგომარეობაა საქართველოს სამხრეთშიც, სადაც ოსმალთა წაქეზებით აჯანყება დაიწყო სამცხეში. ყაზბეგთან ქართულ სასაზღვრო ნაწილებს დენიკინისგან შევიწროებულმა ბოლშევიკებმა შეუტიეს.
სულ უფრო ძლიერდება შავი სახადის, იგივე წინწკლებიანი ტიფის ეპიდემია. დედაქალაქის ლაზარეთები, სპეციალური ბარაკები და საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევენ. უკიდურესად გაუარესდა ეკონომიკური ვითარება. ამას ემატება საშინელი სიცივეები. გაზეთის ფურცლები წალეკილია კრიმინალური ცნობებით. მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა გაუგონარ მასშტაბებს აღწევს. ქვეყანაში თავისუფლად დათარეშობენ ურიცხვი ბანდები, რომლებიც მოქალაქეებს დაურიდებლად ართმევენ ფულს, სურსათს, ძვირფასეულობას, ტანსაცმელს.
1919 წლის თებერვალი საქართველოში არჩევნების თვეც არის. ირჩევენ საკანონმდებლო ორგანოს _ დამფუძნებელ კრებას. არჩევნებია ადგილობრივ ორგანოებშიც. გაზეთები სავსეა საარჩევნო მოწოდებებით, დაპირებებით, პარტიების საარჩევნო პროგრამებით. ყველა ამ მოვლენის სრულფასოვან აღწერას, ალბათ, ათეული ფურცელიც არ ეყოფა. ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვან ამბებზე შევჩერდეთ და საქართველოს სამხრეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით დავიწყოთ.

აჯანყება სამცხეში

გაზეთი „საქართველო“ პირველ შემაშფოთებელ ცნობას სამცხიდან 4 თებერვლის ნომერში ბეჭდავს. როგორც ირკვევა, საქართველოს სამხრეთ საზღვართან სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ყარსის, ბათუმის, ტაო-კლარჯეთის, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. ამ თვითმარქვია მთავრობას ოსმალეთი უჭერდა მხარს, რომელიც კავკასიაში საკუთარი პოზიციების დაბრუნებას ცდილობდა. 4 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია ვრცელი სტატია, სადაც ავტორი შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას მიმოიხილავს: „დამაღონებელი და შემაშფოთებელი ცნობები მოდის სამაჰმადიანო საქართველოდან. ავანტიურისტ ბეგების მეთაურობით შემდგარა ეგრედ წოდებული სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა, რომელსაც მიზნად დაუსახავს ახალი სახელმწიფოს შექმნა. ამ მთავრობის პირველი ნაბიჯი იმაში გამოიხატა, რომ აჯანყება მოაწყო ფოცხოვსა და ახალციხის მაზრაში, რასაც ქართველი სადარაჯო რაზმების გაჟლეტა მოჰყვა და შემდეგ ჩვენი რესპუბლიკის თავმჯდომარეს კადნიერი დეპეშა გამოუგზავნა.
თავის თავად ცხადია, რომ ერთად ერთი ღირსეული პასუხი, რომელიც ამ წინადადებას შეეფერება, იარაღის სიტყვაა. უეჭველია, რომ ხიმშიაშვილები და ქვაბლიანელი ბეგები ოსმალო ემისრების შთაგონებით მოქმედებენ და თუ მათი ავანტიურა ახლავე არ აღმოიფხვრა, შემდეგ ძნელი იქნება საქმის გამოსწორება. მართალია, ოსმალეთმა იძულებით დასცალა სამაჰმადიანო საქართველო, მაგრამ, როგორც სჩანს, მას სრულიადაც იმედი არ დაუკარგავს უკან დაბრულებისა. სტამბოლის გაქნილი დიპლომატია სულგანაბულია და მოხერხებულ შემთხვევას ელის, რომ წინა აზიასა და კავკასიაში ხელ-ახლა ააღელვოს თურქული რასსა…
დღეს-დღეობით ჩვენს მთავრობას ახალციხის აჯანყების ჩასაქრობად ენერგიული ზომების მიღება მართებს. მილიტარულ ოპერაციებთან ერთად კულტურული შემოქმედებაც უნდა სწარმოებდეს…“
საქართველოში კვლავ მობილიზაცია გამოცხადდა. 15 თებერვლის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით, თბილისის გუბერნიიდან ჯარში იწვევდნენ 24-დან 27 წლის ასაკის მამაკაცებს. გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულია მებრძოლებისადმი მიმართული ქართული ლეგიონის მოწოდება: „ქართველთა ლეგიონი იწვევს მოხალისეებს ახალციხეში მოღალატეების წინააღმდეგ საბრძოლველად! მამულიშვილნო, ერთხელ კიდევ დავუმტკიცოთ მტრებს ქართველი ხალხის გმირობა. მოიყარეთ თავი ლეგიონის დროშის ქვეშ. მისამართი: დიდი მთავრის ქუჩა. მეორე ვაჟთა გიმნაზიის შენობა. ლეგიონის სარდალი ლეო კერესელიძე“.
გამოჩნდა ცნობები დაჭრილებისა და მოკლულების შესახებ. 7 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია მოკლე ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისში ჩამოიყვანეს ახალციხის ბრძოლებში დაჭრილი რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლი. 9 თებერვალს გადმოცემულია ფრონტიდან მოსული ცნობები: აბასთუმანთან ჩვენმა ჯარმა დაიკავა სოფელი ფარეკი. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს მეორე საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცები როდოფინოვი და ფაშალიშვილი. ახალციხესა და ახალქალაქის მაზრებში მოწინააღმდეგემ ჯაშუშური საქმიანობა გააძლიერა და მოსახლეობაში პროვოკაციულ და პანიკის გამომწვევ ხმებს ყრის.
ყველაფრიდან ჩანს, რომ ფრონტზე უმძიმესი მდგომარეობაა და ქართულ არმიას, ჯერჯერობით, მოწინააღმდეგესთან გამკლავება უჭირს და სამცხეში თანდათან პოზიციებს თმობს. 15 თებერვალს გაზეთი „საქართველო“ ჩვენი ჯარების მიერ ახალციხის დატოვების შესახებ იუწყება: „ახალციხის მაზრაში 11 თებერვალს, ასკერთა და აჯანყებულ მცხოვრებთა ძალების იერიშების შემდეგ, ჩვენი ჯარი, რომ მას გზა არ მოსჭროდა უკან, ზურგში ამბოხებულ მაჰმადიან მცხოვრებთა მიერ, იძულებული გახდა, უკან დაეხია. ახალციხეში მოწინააღმდეგე შევიდა“. ახალციხე დაიკარგა.
თანდათან ირკვევა თუ რა პროცესები ვითარდებოდა სამცხეში. 19 თებერვლის გაზეთში მოთავსებული წერილის მიხედვით, აჯანყების სათავეში ოსმალები იდგნენ. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მობილიზაციას ოსმალთა ოფიცრები და ასკერები ხელმძღვანელობენ. ისინი მეთაურობდნენ მათ წვრთვნასა და აღჭურვასაც. აჯანყებულთა მომზადება თავად ოსმალეთშიც კი მიმდინარეობდა. გაზეთი წერს, რომ ოსმალთა მუშაობის შედეგად, ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან შედგენილი რაზმები სულაც არ ჰგვანდნენ ამბოხებულთა უთავბოლო ბრბოს და ისინი უფრო რეგულარული არმიის ნაწილები იყვნენ.
20 თებერვალს დაბეჭდილი ცნობებით, ახალციხის დატოვების ფაქტზე საქართველოს მთავრობამ გამოძიება დაიწყო. სამხედრო მინისტრის ბრძანებით სამსახურიდან დაითხოვეს მე-4 პოლკის უფროსი გენერალი გელოვანი და მისი თანაშემწე პოლკოვნიკი მაჩაბელი. სოფელ ჩიხვიდან უკან დახევისთვის სამხედრო სასამართლოს გადასცეს მე-6 და მე-7 ასუელის მეთაურები. საომარი ვითარების დროს ბრძანების შეუსრულებლობისათვის დააპატიმრეს ცხენოსანი დივიზიის შტაბის ოფიცრები: მამულაშვილი და კანდელაკი. აქვე მოცემულია ახალციხის ბრძოლაში დაჭრილი და დაღუპული ქართველი მეომრების სია. ირკვევა, რომ შეტაკებაში მოკლეს 6 ოფიცერი 7 დაიჭრა, ხოლო 10-მდე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. უფრო მეტი ზარალია რიგითებში. დაიღუპა 62 და დაიჭრა 300-მდე ჯარისკაცი.
თებერვლის საომარი კამპანია ქართული არმიისთვის სავალალო გამოდგა. მოწინააღმდეგემ ახალციხის მაზრა თითქმის სრულად დაიკავა და ქართულმა სახელმწიფომ, ფაქტობრივად, სამცხეზე კონტროლი დაკარგა.

საბრძოლო მოქმედებები სოჭის ოლქში

1919 წლის 8 თებერვალს გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს სოჭის ოლქში საქართველოს წარმომადგენელ მიხრან ხოჭოლავას შეტყობინებას, საიდანაც ირკვევა, რომ ქართულ ნაწილებს დენიკინის მოხალისეთა რაზმებმა შეუტიეს. საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა: სამხრეთ ფრონტზე მუსლიმთა აჯანყების პარალელურად, ჩვენი ქვეყანა იძლებული გახდა, ჩრდილოეთის ფრონტზეც ებრძოლა. გაზეთი ხოჭოლავას შეტყობინებას სრულად ბეჭდავს: „ჩვენ ვსდგავართ მომხდარი ფაქტის წინაშე: დღეს დილით 4 საათზე ყოველის მხრიდან თავს დაგვესხენ „მოხალისენი“ და ბანდები. ჯერ დაიკავეს სადგური ლაო, გაანადგურეს იქ ჩვენი სადარაჯო რაზმი, ხოლო ნაწილი ტყვედ წაიყვანეს და ჩქარის სიარულით მოვიდნენ ინსტიტუტამდე; ჩვენმა ჯარმა უკან დაიხია. შუადღის შემდეგ, სოჭის ზურგით, გამოჩნდნენ „მოხალისენი“, სომხების შეიარაღებული „ბანდები“, რომელთაც, როგორც ეტყობათ, ღამით შორიდან მოუწყვიათ შემოვლა.
ჩემს მიერ გამოწვეული გენერალი კონიაშვილი და პოლკოვნიკი წერეთელი სოჭაში შემოსვლისთანავე ძლიერს ცეცხლში მოხვდნენ. ჩვენმა არტილერიამ, რომელმაც არ იცოდა, თუ რა ბედი ეწვია კონიაშვილს, სროლა აუტეხა მოხალისეთ, რომელთაც ქალაქის მაღლობები დაეკავებინათ.
ქალაქში თოფის სროლა გაჩაღდა. ჩვენი არტილერიაც განაგრძობდა სროლას. ჩვენი მხრით სროლა შეჩერდა, როგორც კი თეთრი ბაირაღი დავინახეთ. „მოხალისეთაგან“ თეთრი ბაირაღით მოვიდა დელეგაცია, რომელიც მე მივიღე. დელეგატებმა დაგვიწყეს ლაპარაკი კონფლიქტის მშვიდობიან დამთავრების შესახებ და სროლის შეწყვეტა მოითხოვეს…“
როგორც შემდეგ შეტყობინებიდან ირკვევა, ქართულ მხარესა და თეთრგვარდიელებს შორის მოლაპარაკება დაიწყო. რუსებმა ულტიმატუმი წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც ისინი სოჭის ოლქის დაცლას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, თეთრგვარდიელები ქართველებს სთავაზობდნენ იარაღის დაყრას და გარანტიას იძლეოდნენ, რომ ამის შემდეგ სამშობლოში ჩვენი ჯარისკაცების დაბრუნება უსაფრთხოდ განხორციელდებოდა. ულტიმატუმის ვადად მოწინააღმდეგემ 6 თებერვლის ღამის 12 საათი დაასახელა. დენიკინის წარმომადგენლებმა აგრეთვე განაცხადეს, რომ თუ ქართული არმია იარაღს არ დაჰყრიდა, ისინი სოჭზე სრულმასშტაბიან შეტევას დაიწყებდნენ.
შემდეგ ხოჭოლავა იუწყება, რომ მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე იგი თეთრგვარდიელებს ულტიმატუმზე პასუხს არ გასცემდა. ხოჭოლავას შეტყობინება შემდეგი სიტყვებით სრულდება: „ველი თქვენგან გარკვეულ დირექტივებს. ხალხი უნდა დავამშვიდო“.
ხოჭოლავას ინფორმაციასთან ერთად გაზეთი „საქართველო“ 8 თებერვლის ნომერში გენერალ კონიაშვილის მიერ გადმოცემულ დეპეშასაც ბეჭდავს: „სოჭაში დიდ ცეცხლის ქვეშ შემორტყმული დავრჩით: ზურგში „მოხალისეთ“ გადაგვიჭრეს გზა ღრმა შემოვლებული კოლონებით და დაიკავეს ხელმძღვანელი სიმაღლენი. მდგომარეობა მძიმეა. ფრონტზედ მრავალი დაჭრილი და დახოცილია. ხოსტში, „მოხალისეთ“ ზურგში გადმოგვისხეს დესანტი. ზღვაში ნაღმოსანი სდგას და ნიშანს ელის. ველი თქვენს კატეგორიულ ბრძანებას. გენერალი კონიაშვილი“.
როგორც გაზეთიდან ჩანს, სოჭის ოლქში საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებზე თავდასხმის შესახებ ჩვენმა მთავრობამ დიდი ბრიტანეთის მისიას შეატყობინა და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა. 9 თებერვალს გაზეთში დაიბეჭდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ ნოე ჟორდანიას ბრძანება, რომლის მიხედვითაც სოხუმისა და გაგრის ოლქებში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ ოლქებში გენერალ-გუბერნატორად გენერალი იოსებ გედევანიშვილი დაინიშნა.
9 თებერვლის გაზეთშივე მოცემულია ინფორმაცია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საპროტესტო ნოტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობამ „მოხალისეთა“ სარდლობას საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა, თუმცა გაზეთი იქვე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, სოჭის ოლქში შეტაკებები კვლავ მიმდინარეობდა.
14 თებერვალს გაზეთი „საქართველო“ ჩვენი მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ბეჭდავს, სადაც მოცემულია ის პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, საქართველო თანახმა იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტაზე: „საქართველოს მთავრობისთვის მისაღებია მხოლოდ შემდეგი პირობები: მოხალისეთა ჯარისგან სოჭის ოლქის სრული გაწმენდა და მისი ბედის საერთაშორისო კონფერენციაზედ გადაწყვეტამდე სრული ნეიტრალიზაცია ინგლისელ პიკეტების საშუალებით.
საქართველოს ჯარებმა კი უნდა დაიკავონ საქართველოს ბუნებრივ სახელმწიფო საზღვრები, გაგრის ჩრდილოეთით“.
დიდი ბრიტანეთის ჩარევის შედეგად, 15 თებერვალს, სოჭის ოლქში სამხედრო მოქმედებები სრულად შეწყდა. ქართულმა არმიამ პოზიციები მდინარე ბზიფთან დაიკავა. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 21 თებერვალი: „გუშინ ნაშუადღევის 2 საათზე საქართველოს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა შემდეგი განცხადება წაიკითხა:
19 თებერვალს ღამით ინგლისის დიპლომატიურ მისიის მეთურმა უოკერმა შემდეგი დეპეშა აცნობა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას: მის აღმატებულებას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს. თქვენო აღმატებულებავ. მაქვს პატივი გაუწყოთ, რომ მე დღეს მივიღე დეპეშა მოკავშირეთა უმაღლეს სარდლობისგან კონსტანტინეპოლში, რომლითაც იტყობინება, რომ ინგლისის მთავრობამ უბრძანა გენერალ დენიკინს დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები სოჭის ოლქიდან.
თქვენო აღმატებულებავ. კეთილ ინებეთ, ბრძანება მისცეთ საქართველოს ჯარებს არ გავიდეს იმ პოზიციებიდან, რომელზედაც ის ეხლა დგას. ამ ცნობას პარლამენტი ტაშით შეეგება.
სახაზინო თეატრში „ევგენი ონეგინის“ წარმოდგენის დროს, მეორე მოქმედების შემდეგ, თეატრის კომისარმა ა. წუწუნავამ დამსწრე საზოგადოებას აცნობა დენიკინის ჯარის მიერ სოჭის ოლქის დაცლა, რომელიც მოკავშირეთა სარდლობის ბრძანებით მოხდა. ამ ცნობას დამსწრე საზოგადოება სიხარულით დაუხვდა“.

დამფუძნებელი კრების არჩევნები

1919 წლის თებერვალში საქართველოში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს _ დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა. ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობის შენებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. ამიერიდან, ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება მართავდა, რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ.
არჩევნების თემას თებერვლის გაზეთებში წამყვანი ადგილი უკავია. 2 თებერვალს გაზეთი „საქართველო“ დამფუძნებელი კრების საარჩევნო კანონიდან ამონაწერს ბეჭდავს, რომელსაც შემდეგ უკვე თითქმის ყველა ნომერში იმეორებს. ეს ინფორმაცია ამომრჩევლისთვის იყო განკუთვნილი და მას შემდეგი სათაური ჰქონდა: „რა უნდა იცოდეს ყოველმა ამომრჩეველმა“. კანონიდან ამონაწერი 53-ე მუხლიდან იწყებოდა. ზოგიერთი მუხლი საარჩევნო კანონიდან მკაფიო შთაბეჭდილებას ქმნის, თუ რა პრინციპით ტარდებოდა არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში:
„53. ხმის მიცემა სწარმოებს საარჩევნო ბარათებით.
54. საარჩევნო ბარათები გარეგნობით ერთნაირი უნდა იყოს.
55. თვითეული საარჩევნო ბარათი უნდა შეიცავდეს ერთ-ერთ გამოცხადებულ საკანდიდატო სიას; ამ სიაში არავითარი ცვლილების შეტანა არ შეიძლება, არც ერთი კანდიდატის მეორის ადგილზე გადატანა. ბარათს უნდა ჰქონდეს ნუმერი საკანდიდატო სიისა და სახელწოდება ამ სიის წარმომადგენელი ორგანიზაციისა.
56. კონვერტები საარჩევნო ბარათებისთვის უნდა იყოს ერთნაირი, არა გამჭვირვალი სუფთა და ზედ უნდა იყოს დასმული ბეჭედი ცენტრალურ საარჩევნო კომისიისა“.
ამის შემდეგ მოდის დეტალური აღწერა ამ ბარათებისა და განმარტება თუ ვის მიერ უნდა იყოს ისინი დაბეჭდილი. განმარტებულია, რომ საარჩევნო კომისია ვალდებულია, ამომრჩეველს ბარათები არჩევნებამდე 2 დღით ადრე გადასცეს. აქვე აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებში უნდა იყოს რამდენიმე მოფარებული ადგილი ხმის მიცემისათვის, რათა მოქალაქეს საიდუმლოდ შეეძლოს არჩევანის გაკეთება. საარჩევნო უბნებში არ დაიშვებოდნენ შეიარაღებული პირები და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტული საარჩევნო უბნის ხელმძღვანელს მილიციისა და ჯარისკაცების გამოძახების უფლება ჰქონდა.
ერთი თვით თავისუფლების აღკვეთით ან სამასი მანეთით დაჯარიმდებოდა ყველა ის მოქალაქე, რომელიც ჩამოხევდა საჯაროდ გამოფენილ საარჩევნო მოწოდებას, ან საარჩევნო სიას. ციხე ემუქრებოდა ყველას, ვინც ხელს შეუშლიდა არჩევნების მიმდინარეობას ან იძალადებდა ამომრჩეველის ნებაზე ნებისმიერი ხერხით: „მუხლი 104. ვინც ამომრჩეველს გადაიბირებს დაპირებით მისთვის ან მისი ოჯახის წევრისთვის პირადის ან ქონებრივი სარგებლობის მიცემით, რათა უკანასკნელმა არ მიიღოს მონაწილეობა დამფუძნებელ კრების არჩევნებში _ დაისჯება სატუსაღოში ჩამწყვდევით.
100 ვინც განზრახ დაამახინჯებს ხმის მიცემის შედეგებს საარჩევნო ბარათების ჩამორთმევისა, დათვლისა და გამოქვეყნების დროს, ან და განზრახ გააფუჭებს, ან მოიტაცებს მიცემულ საარჩევნო ბარათებს ან სიყალბით ჩაუმატებს საარჩევნო ბარათებს, _ დაისჯება გამასწორებელ სახლში ჩამწყვდევით სამის წლის ვადისა“.
როგორც გაზეთიდან ირკვევა, დამფუძნებელი კრების არჩევნები ვერ ჩატარდებოდა ახალციხეში _ საომარი მოქმედებების გამო და დუშეთის მაზრის ორ რაიონში: ყაზბეგსა და გუდაურში _ დიდთოვლობის გამო.
ძალიან საყურადღებო სტატიას გვთავაზობს გაზეთი „საქართველო“ 14 თებერვლის ნომერში. ამ წერილში ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველებმა პარტიული ინტერესი გვერდზე უნდა გადადონ და ამ ძნელბედობის ჟამს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ: „ახირებულ პირობებში იწყება დამფუძნებელი კრების არჩევნები. სოჭის ოლქი მტრის ხელშია, ახალციხის მაზრაში ამბოხება მძვინვარებს; სახელმწიფოებრივი აპარატი მოდუნებულია, ხაზინა დაცარიელებულია. ასეთ პირობებში პირველ ადგილას სახელმწიფოს ინტერესები უნდა იდგეს და პატრიოტულმა ვალდებულებამ უნდა დაჩრდილოს პარტიული მოსაზრებები. საარჩევნო აგიტაცია კი ხალხს პარტიულ პლატფორმებისა და ლოზუნგების გარშემო რაზმავს, რაიცა უეჭველია ანელებს ეროვნულ ენერგიას…
მაგრამ ყოველ სოციალურ მოვლენას თავისი ლოღიკა აქვს და რაკი საარჩევნო ბრძოლა დაწყებულია, ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ავათ თუ კარგათ. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხსნა არ არის ერთ რომელიმე პარტიისა და კლასის საქმე. რაც დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება, რომ არც ერთ პარტიულ დოგმას არ შეუძლია ერის ცხონება. ჩვენ გვგონია, რომ დადგა დრო, როცა ქვეყანამ უნდა მოუწოდოს პრაქტიკულ საქმიანობისა და ზნეობრივ დისციპლინის ადამიანებს, რომელნიც თავისუფალნი იქნებიან ყოველგვარი დოქტრინური ფანატიზმისგან“.
დამფუძნებელი კრების არჩევნები 14; 15 და 16 თებერვალს ჩატარდა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ამ დღეებში საქართველოში საშინელი ყინვები იდგა და ამის გამო საარჩევნო უბნები თითქმის ცარიელი იყო. მოქალაქეების აქტიურობა ძალიან დაბალი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, არჩევნების გაყალბების თემა იმ პერიოდშიც ძალიან აქტუალური იყო. გაზეთ „საქართველოს“, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭვდით ორგანოს წარმოადგენდა, მრავლად მოჰყავს დარღვევების ფაქტები, რომელთა შორის პირველ ადგილს აშკარად ყუთებში საარჩევნო ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა იკავებდა.
საბოლოოდ, როდესაც ხმები დაითვალეს, აღმოჩნდა რომ პირველ ადგილზე ქვეყნის წამყვანი პარტია _ სოციალ-დემოკრატები გავიდნენ. მაგალითისთვის მოვიყვანთ თბილისის შედეგებს. 1919 წლის 18 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ მონაცემებით, თბილისში სოციალ-დემოკრატებმა 27 ათასი ხმა მიიღეს; ეროვნულ-დემოკრატებმა _ 3600 ხმა; სოციალ-რევოლუციონერებმა (იგივე ესერები) _ 134; სომხურმა პარტია „დაშნაკცუტუნმა _ 788; სოციალ-ფედერალისტებმა _ 368 და ა. შ. საერთო ჯამში, თბილისში არჩევნებზე 37 ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე მივიდა, მაშინ როდესაც ამომრჩეველთა რიცხვი 71 ათასი გახლდათ. ანუ გამოდის, რომ თბილისში არჩევნებზე 50 პროცენტზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა.

პატრიარქის კურთხევა

1919 წლის თებერვალში საქართველოში ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩიეს. კირიონ მეორის სიკვდილის შემდეგ კათოლიკოსის ტახტი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა. გაზეთი „საქართველო“ 18 თებერვლის ნომერში საკათოლიკოსო საბჭოს სხდომის შესახებ იუწყება, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს: „საქათალიკოზო და საეპარქიო საბჭოებმა გუშინ თავის უკანასკნელ სხდომაზე დაადგინეს: „აირჩიონ სრულიად საქართველოს ქათალიკოს-პატრიარქად თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე. მათი უწმინდესობის კურთხევა მოხდეს კვირას 23 თებერვალს“.
ამომრჩეველ საბჭომ გუშინვე ინახულა მათი უნეტარესობა, ამცნო თავისი გადაწყვეტილება და მიულოცა“.
22 თებერვალს გაზეთი უკვე კათოლიკოსის კურთხევის საზეიმო ცერემონიალის დეტალებზე წერს. როგორც ირკვევა, კათოლიკოსის ხელდასხმა 23 თებერვალს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგებოდა. ამ ღონისძიებაზე თბილისიდან სპეციალური მატარებელი დაინიშნა. ზეიმზე იგეგმებოდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასა და მინისტრების, აგრეთვე პარლამენტის პრეზიდიუმისა და დეპუტატების დასწრება. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებიც.
მცხეთის ტაძარში საზეიმო წირვა დილის ათის ნახევარზე დაიწყებოდა. წირვის შემდეგ სტუმრებისთვის წმინდა ნინოს მონასტერში გაიმართებოდა საგანგებო ტრაპეზი.
23 თებერვალს ახლად არჩეულმა კათალიკოსმა ლეონიდემ სვეტიცხოვლის ტაძარში პირველი სიტყვა წარმოთქვა. გაზეთ „საქართველოს“ 1919 წლის 28 თებერვლის ნომერში ეს სიტყვა სრულად არის დაბეჭდილი. ამონარიდი ლეონიდეს ქადაგებიდან: „ღვთის მადლით თავი დავაღწიეთ მტრის საზიზღარ ბრჭყალებს, გავათავისუფლეთ ეკლესია, დამოუკიდებლობა მოუპოვეთ სადიდებელ სამშობლოს. მაგრამ სინამდვილე გვიკარნახებს, რომ მარტო ეს არ კმარა, მარტო დამოუკიდებლობის შეძენა დიდი საქმის გარიგებას არ ნიშნავს. საქმე ამ თავისუფლების შენარჩუნება და განმტკიცებაა. თავისუფლება ქვეყნისა უნდა დაიცვათ ისეთი გაუტეხელი სიმაგრით, რომელსაც ხუროთ მოძღვრებაში მონოდიტს უწოდებენ, რომელიც ამოყვანილია მთლიან კლდეზე.
ქვეყანაზე არ მოიპოება მეორე ძალა, რომ ისე აერთიანებდეს, ისე ათვისებდეს, ისე ადუღებდეს და ასისხლხორცებდეს ერთმანეთთან საზოგადოების წევრებს, როგორც სარწმუნოება. ეს ძალა უნდა გამოვიყენოთ მოპოებული დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ჩვენში, ეკლესიის წმინდა საკურთხეველი უნდა შევქმნათ სამშობლოს თავისუფლების წარუხოცელობის ციხე-კოშკის საფუძვლად. ძველი აღთქმის ბრძენთა ბრძენი მეფე ამბობს: „ვითარცა წვიმა მძლავრი ურგებარს, ეგრეთ რომელთა დაუტეონ შჯულისანი გარემოივლებენ თვისისა ზღუდესა“. (იგავი სოლომონისა 28, 4).
დღეის შემდეგ მე ვიცოცხლებ მარტო იმისთვის, რომ რამდენადაც შემეძლება, ხელი შეუწყო ქართველ ერში შჯულის შეგნება-განმტკიცებას იმ ანგარიშით, რომ ამით განმტკიცდეს, გაძლიერდეს და გაღრმავდეს ჩვენი ერის თავისუფლება, ჩვენი ერის თვითარსებობა, ჩვენი სუვერენობა და ხელმწიფება. ყოველთვის სამშობლოს სიკეთისაკენ იყო და შემდეგშიაც, სანამ სული მედგმება პირში, აქეთკენ იქნება ჩემი ძახილი. ამიტომ, გთხოვთ და გევედრებით ყველას, ვისთვისაც სამშობლო წმინდათა წმინდაა, ნუ დაჰკარგავთ სარწმუნოებრივ სიმხურვალეს, დარჩით ერთგულ შვილებად მშობელი ეკლესიისა და თქვენს ცხოვრება მოქმედებას ნიადაგად გაუხადეთ სახარების უკვდავი მოძღვრება.
ქრისტე! სოფლისა მხსნელო! იხსენ სამშობლო ჩემი ყოველი განსაცდელისაგან და ყოვლად წმინდა დედაშენის წილხდომილ საქართველოს მოჰფინე უხვად ნათელი შენი! ამინ“.

მიხეილ ბასილაძე