55 €-იანი საარსებო მინიმუმი საქართველოში და არასწორი მეთოდიკა

რთულად მისახვედრი არ არის, რომ საარსებო მინიმუმი შემოსავლის ის მინიმალური დონეა, რომელიც ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად გახლავთ საჭირო. არსობრივად, იგი ცხოვრების მინიმალური ზღვრის მაჩვენებელია.

უკვე წლებია, საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხდება და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ამ მონაცემებს ყოველთვიურად აქვეყნებს. ეს უკანასკნელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდს იყენებს, სასურსათო კალათა კი სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობის, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. ჯამში, მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და იგი 2300 კილო კალორიას შეადგენს.
საინტერესოა, რომ იმ მეთოდიკით, რასაც დღეს საქსტატი იყენებს, საარსებო მინიმუმს ითვლიან 70:30%-ზე პროპორციით, რაც იმას ნიშნავს, რომ 70% სასურსათო კალათას, 30% კი არასასურსათოს ეთმობა.
ექსპერტები ცალსახად ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომა აშკარად მოძველებული და აუცილებლად შესაცვლელია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად, საარსებო მინიმუმის გაანგარიშება საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შედეგად ხდება.
ე. ი. ის რეალური მაჩვენებლები, რაც საქსტატს სააშკარაოზე გამოაქვს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა მიწოდებული, ეს უწყება კი უკვე 15 წელია, არაფერს ცვლის, რადგან მონაცემების შეცვლით საარსებო მინიმუმის ზღვარი აიწევს, მინიმუმ, 2-ჯერ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას მოსახლეობაზე ზრუნვა მოუწევს და ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებაც გასაზრდელი იქნება. ეს უკანასკნელი კი არც ერთ მთავრობას არ აწყობს… ამიტომ ვიღებთ სურათს, რომელიც დღეს აშკარაა.
ბოლოს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით შემცირდა და უკვე სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 170.2 ლარს შეადგენს, როცა აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 171.4 ლარი გახლდათ.
ამ რიცხვების აბსურდულობაზე რომ არ დავიწყოთ საუბარი, ისიც ხომ აშკარაა, რომ შრომისუნარიანი მამაკაცი ერთ თვეში 170 ლარით ვერც სრულფასოვნად იკვებება, ვერც ჯანმრთელობას მიხედავს, ვერც კომუნალურებს გადაიხდის და აუცილებელი მინიმუმის გარდა სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია!
მაინც, საინტერესოა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.4 ლარით გახლავთ გაზრდილი, რადგან 2017 წლის სექტემბერში ეს მონაცემი უფრო მეტად დაბალი იყო და ის 168.8 ლარს შეადგენდა.
ამავე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინა თვესთან შედარებით, 2.2 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 285.4 ლარი გახდა, რაც წინა წლის სექტემბრის მონაცემთან შედარებით, 2.2 ლარით მეტია.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საოცარია, რომ ჩვენი ქვეყნის პირობებში საარსებო მინიმუმი 170 ლარს უტოლდება.
Reinis Fischer-ის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ევროპის ქვეყნების სია საარსებო მინიმუმის სიდიდის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
ლუქსემბურგი _ 1,998.59 €
ნიდერლანდები _ 1,578.00 €
ირლანდია _ 1,563.25 €
ბელგია _ 1,562.59 €
საფრანგეთი _ 1,498.47 €
გერმანია _ 1,498.00 €
დიდი ბრიტანეთი _ 1,395.00 €
ესპანეთი _ 859.00 €
სლოვენია _ 843.00 €
მალტა _ 747.50 €
ამ ქვეყნებს საქსტატის მიერ შემოთავაზებული საარსებო მინიმუმი ევროში რომ მივუსადაგოთ, გამოდის, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი 54.9320 € გახლავთ. ამ ყველაფრის გადახედვის შემდეგ იმას იფიქრებთ, რომ ეკონომიკურად ძალიან ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ ან კიდევ იმას, რომ მონაცემები არაზუსტია. ფაქტობრივად, არც ერთი აზრი არაა საფუძველს მოკლებული, თუმცა ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ იმ პირობებშიც კი, როგორშიც ცხოვრება გვიწევს, საარსებო მინიმუმი 170 ლარამდე, ცოტა არ იყოს, არარეალურია.

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
„დღეს საქტატი საარსებო მინიმუმის გამოთვლისას იმ მეთოდიკით ხელმძღვანელობს, რაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოიყენებოდა, ეს კი დაუშვებელია. კვლავ ამ მეთოდიკისა და თანაფარდობის ამგვარად გამოყენება იმ არარეალურ შედეგს გვაძლევს, რაც ნათელია. ხოლო მისი „სწორად“ დათვლის შემთხვევაში უკვე მთავრობას მოუწევს „შეწუება“ ხალხის დასახმარებლად, რაც არც ერთ ხელისუფალს არ სურს.
წინასაარჩევნოდ ყველა პარტია ცდილობს სწორედ ამ საარსებო მინიმუმით სპეკულირებას. ამბობენ, რომ ეს მონაცემები
არარეალურია და უნდა გადაისინჯოს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავიწყდებათ ის და ისევ ძველი მეთოდიკით და მეთოდოლოგიით ხდება მისი დათვლა. უნდა განიმარტოს, რომ მეთოდიკაში დათვლის ტექნიკაზეა საუბარი და აგერ უკვე რამდენი წელია, მას არ ცვლიან. არ შეიძლება, ქვეყანაში იმ მეთოდიკით ვიხელმძღვანელოთ, როგორიც იმ პერიოდში იყო, როცა იარაღიანი ხალხი დარბოდა ქუჩაში და სანთლის შუქზე უწევდათ ბავშვებს გაკვეთილების მომზადება. არსებითი ისაა, რომ თითქმის ყოველწლიურად ცვლიან საქონელწარმომადგენელთა დასახელებას, რაოდენობასა და წონებს. ამის გამო, შეიძლება, რომელიმე პროდუქტი ამოვარდეს, მაგრამ, არსებითად, საქონელწარმომადგენელთა მთლიანი ოდენობის მიხედვით გაანგარიშებული საარსებო მინიმუმის ღირებულებაში 70% მოდის სურსათზე და 30% _ დანარჩენი საჭიროების მქონე საქონელსა თუ მომსახურებაზე.
თვითონ ამ სისტემური უზუსტობის მიზანმიმართული ფალსიფიკაციის ფონზე ვღებულობთ არასწორ დასკვნებს. პროპორციებშია უზუსტობა! არ შეიძლება ასე გადანაწილება. ბევრ ქვეყანაში ეს პროპორცია 50:50-ზეა. განვითარებულ ქვეყნებში კი კიდევ უფრო სხვაა ეს მონაცემი და ითვლება, რომ თუ თანხის 1/3 იხარჯება სურსათზე, ოჯახი უფრო ღარიბია. მაგალითისთვის, აშშ-ში 4-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად წელიწადში $25 100 ითვლება და ეს მონაცემი სიღარიბის ზღვარია იქ. ამის გამო, მთელი სოციალური დახმარებები, სამედიცინო დახმარების პროგრამა და ა. შ. მათთვისაა გათვალისწინებული.
ბევრ ქვეყანაში სახელისუფლებო დახმარებები ამცირებს სიღარიბის მაჩვენებელს და პირობითად, მისი დონე 100-დან 75-მდე ჩამოჰყავს (25%-ით ამცირებს მას).
ქართულ რეალობაში, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ 170 ლარია საარსებო მინიმუმი და მასში 70% სურსათს უჭირავს, ეს, რა თქმა უნდა, უკვე ხელოვნურად ამცირებს მოცულობას, აბსლოლუტურ მაჩვენებელს.
ამ ეტაპზე უნდა გადავდგათ ორი პრინციპული ნაბიჯი: 1) სასურსათო ნაწილი დავტოვოთ 115-120 ლარის ფარგლებში (იგივე დონეზე, რაც 170-ლარის 70% იქნება), მაგრამ ერთი იმდენიც მივიჩნიოთ არასასურსათო საქონელზე. ანუ საარსებო მინიმუმი გვექნება არა 170, არამედ 350 ლარამდე;
2) სასურსათო კომპონენტში უნდა გადახალისდეს თანაფარდობა ცხოველურო და მცენარეული წარმოების პროდუქტებს შორის.
შეადარეთ 170 ლარი 350-ს. ანუ, ფაქტობრივად, რეალური სურათის მისაღებად დღევანდელი მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ, მინიმუმ, 2-ჯერ (80%-ით მაინც). ამ ნიშნულიდან რომ დავთვლით, აღმოვაჩენთ, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება არა ქვეყნის მოსახლეობის 21-22% (როგორც ახლაა გაჟღერებული), არამედ გაცილებით მეტი ადამიანი, შესაბამისად, გასატარებელი იქნება სხვა ტიპის პოლიტიკა, რაც ხელისუფლებას შემოსავლების გადანაწილებასა და უქონელთა, გაჭირვებულ ოჯახთა დახმარებას აიძულებს. სტარტეგია ექნებათ შესაცვლელი _ სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ცვლიან მეთოდიკას. ეს დამატებითი თავსატეხი იქნება ხელისუფლებისთვის.
ყველა ქვეყანას ინდივიდუალური საარსებო მინიმუმი აქვს. რეალურად, გაჭირვებული ოჯახების ოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამ გამოთვლებით მივიღებდით. ამასთან, ერთია, რამხელა შემოსავალი უფიქსირდება ოჯახს და მეორე _ რისი გამოყენების შესაძლებლობა აქვს მას, რადგან უმრავლესობას ბანკის მოვალეობა აქვს აღებული და შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ საკრედიტო ნაწილების დასაფარავად მიდის და მეორე _ საქართველოში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი, მასში მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული და აქაც ოჯახის შემოსავლის დიდი ნაწილი იხარჯება. გამოდის, ერთია თუ რამდენი აქვს შემოსავალი ოჯახს და მეორე, რამდენი რჩება მას საარსებოდ აღნიშნული გადასახადების შემდეგ“.

ვახო ჭარაია _ თსუ-ს ანალიტიკისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
„მიუხედავად საქსტატისადმი დიდი პატივისცემისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საარსებო მინიმუმისა და სამომხმარებლო კალათის დათვლას, ზოგადად, მოძველებული მეთოდიკით ახორციელებს. ანუ მათი დათვლისას, სასურსათო და არასასურსათო შემადგენლების წილი რომ არ ჩავთვალოთ, ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია სეზონურობის ფაქტორი, ასევე, რეგიონულ ჭრილში გადანაწილება არ არის გათვალისწინებული (არადა, ის ფასი რაც თბილისშია, შეიძლება კახეთში ან ზუგდიდში განსხვავებული იყოს) და არის მთელი რიგი პროდუქტებისა, რომელთა კალორაჟიც გადასახედია! ამ ფაქტორებს თუ გადავხედავთ, შეიძლება საარსებო მინიმუმი დაკორექტირდეს და ის უფრო ადეკვატური გახდეს. თუმცა, მთლიანობაში, რაც არ უნდა გავითვალისწინოთ, ახალი მეთოდიკა გვჭირდება, რომ მოსახლეობისთვის ადეკვატური რიცხვები მივიღოთ.
მეთოდიკა აუცილებლად დასახვეწია და ასე რომ მოხდეს, რეალური მაჩვენებლების მიღების შემდეგ, შეიძლება, სხვა პრობლემები წარმოიშვას უკვე პოლიტიკურ ჭრილში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ როცა პენსია 180 ლარი გვაქვს და საარსებო მინიმუმი 170 ლარია, ეს რაღაც ლოგიკაში ჯდება, მაგრამ საარსებო მინიმუმი რომ 350 ლარი გახდეს და პენსია 180 იყოს, მაშინ ეს არალოგიკური იქნება, საჭირო გახდება პენსიის გაზრდა _ ამის გაკეთება საქართველოში დღეს ძალიან რთულად წარმომიდგენია (შესაძლებელია, მაგრამ სხვა ფაქტობრების ხარჯზე). ამიტომ პოლიტიკური ფაქტორიც არის აქ. შეიძლება საქსტატი პოლიტიკური მოტივებით არ ხელმძღვანელობს, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი გადაიხედება, ქვეყანაში ამას პოლიტიკური აჟიოტაჟიც მოჰყვება“.

ცნობილია, რომ ზუსტად 2014 წელს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა კვლევა ჩაატარა, რომელიც ქვეყანაში საარსებო მინიმუმს ადგენდა. მკვლევართა გუნდში იყვნენ რამაზ გერლიანი, ქეთევან კრიალაშვილი და ირაკლი მაკალათია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმჟამინდელი საქსტატის მონაცემს რეალური საარსებო მინიმუმი 2.5- ჯერ აღემატებოდა.

უფრო დეტალურად კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიაზე ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია გვესაუბრა:
„საარსებო მინიმუმის გამოთვლაზე 2014 წელს რამდენიმე ადამიანმა ვიმუშავეთ, მას შემდეგ მას ვაკორექტირებდით და მაშინ გამოვიდა, რომ იმჟამინდელ საარსებო მინიმუმთან შედარებით, ჩვენ მიერ მიღებული მაჩვენებელი, დაახლოებით, 2,5-ჯერ მეტი იყო. თუმცა ბოლო წლებია, უკვე აღარ დაგვითვლია და კვლევა არ ჩაგვიტარებია. რაც შეეხება თვითონ დღევანდელ საქსტატის მეთოდოლოგიას, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ყველანაირად მოძველებულია, რადგან მასში 90-იანი წლების შემდეგ არაფერი განახლებულა.
პირველი, რაც გასათვალისწინებელია ისაა, რომ საარსებო მინიმუმი გაიანგარიშება მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების საფუძველზე, ანუ განსაზღვრული აქვთ მინიმალური აუცილებლობის 40 დასახელების პროდუქტი, რომელთა დღიური კილო კალორიების ჯამი შეადგენს 2300 კკ-ს და ამ პროდუქტებისგან გამოჰყავთ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება 70:30%-ის პროპორციით _ 70% მინიმალურ სასურსათო კალათაზე და 30% მინიმალურ არასასურსათოზე მოდის. თავიდანვე არ შეიძლება ამ პროპორციით 30% ჰონდეს კომუნალურ გადასახადს, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა მინიმალურ მოთხოვნილებას.
ჩვენს კლვევაში ეს თანაფარდობა 55:45% იყო. ანუ 55% ეჭირა მინიმალურ სასურსათო კალათას და 45% _ არასასურსათოს.
მეორე, რაც შესაცვლელია ისაა, რომ ეს 40 დასახელების პროდუქტი აუცილებლად გასამრავალფეროვნებელი გახლავთ და 2300 კკ-იაც გასაზრდელია 2500 კკ-მდე.
სასურსათო კალათის გაანგარიშების დროს ჩვენ განვსაზღვრეთ ორი კალათა _ ზამთრისა და ზაფხულის. ვგულისხმობთ, რომ ამ 40 დასახელების პროდუქტში, პირობითად, შედის საზამთრო, რომლის ფასიც გაიანგარიშება როგორც აგვისტოში, ისე იანვარში. იანვარში მათ ამ უკანასკნელის ფასები დაკორექტირებული გამოჰყავთ, მაგრამ ეს არაადეკვატურია და ამიტომაც, კვლევის შედეგად მათ შევთავაზეთ 2 სეზონური კალათა (ზაფხულის, რომელშიც არ იქნება ციტრუსები, სამაგიეროდ, ზამთრისაში არ იქნება საზამთრო, ბალი და ა. შ).
ანუ ამ ყველაფრის შემდეგ საარსებო მინიმუმი რეალურ მაჩვენებელს მოგცემს. ცხადია, საარსებო მინიმუმი 1000-1500 ლარი არ უნდა იყოს, ამ მაჩვენებლით მინიმალური ზღვარია დასადგენი სიღარიბესა და საშუალო ფენას შორის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა და 170 ლარი უკვე სიღატაკის ზღვარია!
და თან საასრებო მინიმუმი რომ იზრდება და მცირდება, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციის გამო. თუ დეფლაცია გვაქვს ქვეყანაში, მაშინ მოხდება საარსებო მინიმუმის შემცირება და თუ ინფლაცია, მაშინ მისი ზრდა.
სართო ჯამში კი მეთოდიკა ცალსახად შესაცვლელია“.

ქეთევან კრიალაშვილი _ ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობდა:
„საარსებო მინიმუმის ამგვარად საზოგადოებისთვის მიწოდებაში საქსტატის მეთოდიკა კი არა, ჯანდაცვის სამინისტროს როლია გამოსაკვეთი, ვინაიდან სწორედ ის აწვდის ძირითად ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და შემდეგ მონაცემებს ითვლიან. საქსტატს არაფერი აქვს დასახვეწი იქიდან გამომდინარე, რომ მას ეუბნებიან ფორმულას და ისიც ითვლის. მას უბრალოდ ციფრები შეაქვს. დღევანდელ ამ მონაცემებში უნდა დავადანაშაულოთ ის უწყება, რომელსაც ეს ეხება.
დღეს არსებული ეს მეთოდი არის 2003 წლის, შევარდნაძის მეთოდოლოგია, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეძლოს, დაფიქრდეს ამაზე და შეცვალოს იგი, მოარგოს იმ სტანდარტს, რაც აპრობირებულია ევროპაში. მეზობელი ქვეყნებიდანაც განსხვავებული მეთოდოლოგია გვაქვს და თუ გვინდა მართლაც რეალური მაჩვენებელი მივიღოთ, იქ შემავალი კომპონენტები და გადანაწილება სასურსათო და არასასურსათო კალათას შორის უნდა მოხდეს სხვანაირად და არა 70%-ს ავტომატურად დამატებული 30%. მთავარი ისაა, რომ თვითონ ამ 70%-ის დათვლაში არის გარკვეული პროდუქტების დაჯგუფებები, რომელთა ფასიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, დღის ნორმა თუ არის 15 გ მზესუმზირა, თხილი და ნიგოზი, საქსტატს შეუძლია მონაცემებში შეიტანოს როგორც 15 გ მზესუმზირის, ისე ნიგვზის ფასი (რომელიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან).
მეორე, ეს არის სეზონური პროდუქტები. მაგალითად, აბსოლუტურად სხვადასხვა ფასი აქვს საზამთროს ზაფხულში და ზამთარში, მაგრამ ეს უკანასკნელი ზაფხულის კალათაში შეაქვთ, ზამთრისაში _ არა, მისი ჩამნაცვლებელი პროდუქტები ჯგუფებში კი არ არსებობს! ამიტომ არის გარკვეული ჯგუფები, რომელთა ფასსაც საქსტატი ვერ ითვლის, ისინი ამოვარდებიან დათვლიდან და შემდეგ ვიღებთ იმ არარეალურ თანხას, რომელიც 120 ლარის ფარგლებშია და ავტომატურად ვუმატებთ 50 ლარს, ანუ 30%-ს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა დანარჩენი საჭიროებისთვის, ეს იქნება ჰიგიენა, კომუნალური გადასახადი, ტრანსპორტირება თუ სხვა.
რა უნდა გაკეთდეს: პირველი _ ეს დაჯგუფებები შესაცვლელია და სწორად დასათვლელი, ერთ-ერთი ყველაზე სწორი იქნება, თუ ჩვენ კალათას დავითვლით სეზონურად.
გადანაწილება უნდა მოხდეს ისე, რომ 70:30% არ იყოს, 60:40%-ზე მაინც იყოს. ამიტომ მთავარი ისაა, რომ როცა 2003 წლამდე ხორცის წილი იყო უფრო გაზრდილი, დღეს იაფფასიანი ჩამნაცვლებელი პროდუქტების წილია გაზრდილი. დღეს პურისა და ბურღულეულის რაციონი იმდენად დიდია კალათაში, რომ როდესაც ჩვენ თავის დროზე დიეტოლოგებსაც ვესაუბრეთ, მათ თქვეს, რომ ამ მაჩვენებლებით შრომისუნარიანობას ზრდასრულ ასაკშიც ვერ შეინარჩუნებს ადამიანი.
ჩვენ თუ კალათას სწორად გადავანაწილებთ, პურისა და ბურღულეულის წილს შევამცირებთ და ჯანსაღ რაოდენობას შევიტანთ, ხორცის წილს უფრო გავზრდით, ესეც დაგვაახლოვებს რეალურ მინიმუმთან.
2014 წელს ჩვენი კვლევის მიხედვით საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 350 ლარამდე იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფასების ცვლილებას, ინფლაციასა თუ გაცვლით კურსს, ამ მეთოდოლოგიით ალბათ დღეს 380-დან 400-მდე გვექნება მაჩვენებლი, ეს კი რეალობას უფრო მეტად ასახავს, ვიდრე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები“.

ცალსახაა, რომ მეთოდიკაში ბევრი რამ შესაცვლელი, დასამატებელი და გასათვლელია. 15 წლის მანძილზე შეუცვლელი დათვლის სტილი დღეს აბსოლუტურად აცდენილ სურათს გვაძლევს. რაც უნდა იყოს, ქვეყანაში, რომელშიც საარსებო მინიმუმი ოფიციალური მონაცემებით 55 ევროს შეადგენს, ეკონომიკის სიძლიერეზე საუბარი ნამდვილად ზედმეტი იქნება. როდის, რომელი მთავრობის შემთხვევაში გადაიხედება ეს ყველაფერი და დალაგდება, ჯერ უცნობია. ფაქტი ერთია _ თუ გაიზრდება საარსებო მინიმუმი, უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარებები, პენსია, შემცირდეს გადასახადები და ა. შ. ამის გაკეთებას კი, ჯერ კიდევ, მთავრობის კეთილი ნება სჭირდება.

ნინო ტაბაღუა