ეკლესია და სოფელი, რომლის დაკარგვის საფრთხეც არსებობს

გარდაბანში, სოფელ ვახტანგისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში 2006 წლიდან მღვდელმონაზონი მამა ნეოფიტე (უროტაძე) და ერთი მორჩილი, 19 წლის გაბრიელი მსახურობენ. აზერბაიჯანელებით დასახლებულ მხარეში ეს ერთადერთი ქართული მართლმადიდებლური კერაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.

„ქრონიკა+“ მამა ნეოფიტესა და მორჩილ გაბრიელს თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე კაფე „მოკში“ შეხვდა, სადაც სასულიერო პირების ნახატებისა და ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული სამკაულების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.

როგორია იღუმენის ცხოვრება მონასტერში? რა პირობებში უწევთ მათ მსახურება? რა საფრთხის წინაშე დგას აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული საზღვრისპირა სოფელი და მონასტერში მოღვაწე ორი სასულიერო პირი?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე) ესაუბრება:
_ ორ სოფელში სრულიად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს და მესამე სოფელი ვახტანგისია, სადაც ჩვენ ვართ. ამ სოფელში 26 ქრისტიანია შემორჩენილი, ხოლო ჩვენგან 500 მეტრში აზერბაიჯანის საზღვარია.
_ როგორც ვიცი, თქვენ თბილისში მსახურობდით. რამდენად რთული იყო თქვენთვის უცნობ ადგილზე გადასვლა და რა სიძნელეების წინაშე დადექით?
_ გარდაბანი არ ვიცოდი, სად იყო. სირთულეზე რა გითხრათ, უბრალოდ, თბილისში მეტი მრევლი გვყავდა და ბუნებრივია, მრევლი ვერ ახერხებს იმ სიხშირით ჩამოსვლას, რა სიხშირითაც თბილისში ახერხებდა ტაძარში სიარულს. ხშირად წირვაზე მხოლოდ მე და მორჩილი ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, წირვა არასდროს ჩაგდებულა, ყოველთვის ვატარებთ. ხალხი ტაძრის დღესასწაულზე უფრო ახერხებს ამოსვლას. არ შემიძლია არ აღვნიშნო სვანური სოფელი ლემშვენიერა, რომელიც მე მოვძებნე და პატრიარქისგან კურთხევა ავიღე, რომ იქ წირვები ჩამეტარებინა.
რაც შეეხება წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას, გარდაბნის გამგეობამ პატრიარქს თხოვნით მიმართა, რომ საზღვარზე აეშენებინათ ტაძარი. ადგილობრივმა მრევლმა, ქალბატონმა მაყვალა კიკაბიძემ, სურვილი გამოთქვა, რომ ეს ტაძარი აშენებულიყო. მის ინიციატივას გარდაბნის გამგებელი ბატონი დავით ნადაშვილი შეუერთდა, რომელმაც დაასრულა და ხორცი შეასხა ამ სურვილს.
_ ე. ი. ხშირად წირვაზე მხოლოდ თქვენ და მორჩილი ხართ?
_ ხშირ შემთხვევაში ასეა. მრევლს შევთავაზეთ, რომ ჩვენივე მანქანით მივაკითხავდით და წავიყვანდით, მაგრამ, რატომღაც, ვერ ახერხებს ხოლმე. მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე ივსება ხალხით სასაფლაო, რადგან ღვინო დაასხან მიცვალებულის საფლავზე. დანარჩენი ნაკლებად აინტერესებთ.
_ მაგალითად?
_ თუნდაც ის, რომ მიცვალებულს პანაშვიდი გადაუხადონ ან პარაკლისი.
_ როგორ ფიქრობთ, სურვილი რატომ არ აქვთ?
_ ვერ გეტყვით. წირვაზე ვერ მოდიან, მაგრამ სხვა დღეებში მოსულან. შეიძლება, დილით ადგომა ეზარებათ, არ ვიცი. ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არაა, სხვა სოფლებშიც ანალოგიური მდგომარეობაა.
_ ბევრი ეკლესია-მონასტერი შემოწირულობებით არსებობს, თქვენ?
_ ჩვენი შემოსავლის წყაროც შემოწირულობაა, მაგრამ არა ადგილობრივი მრევლისგან, რადგან ადგილობრივი მრევლი არ გვყავს. სვანური დასახლებიდან ცდილობენ, რომ პროდუქტით დაგვეხმარონ ხოლმე. რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ ჩვენთვის და ძალიან დიდი მადლობა მათ.
_ კომუნალური გადასახადებები არ გეხებათ?
_ როგორ არ გვეხება. გაზს ვიხდით, მაგრამ დენის გადასახადი ძალიან ბევრი დაგვიგროვდა, 10 ათასი ლარი გვაქვს დავალიანება.
_ როგორ აპირებთ გადახდას?
_ ადგილობრივმა გამგეობამ გარე განათების ხაზზე გადაგვიყვანა და სახელმწიფო იხდის დენის გადასახადს. თვეში 300 ლარი მოგვდიოდა და შეუძლებელი იყო მისი გადახდა. საერთოდ, არასდროს ვსაუბრობთ ჩვენს გასაჭირზე და არავის ვთხოვთ დახმარებას. არც ერთი ხელისუფლებისთვის გვითხოვია დახმარება, არც მრევლისთვის და არავისთვის. ვისაც სურს, ის გვეხმარება და შემოწირულობას აკეთებს. გარდა ამისა, მე თექაზე მუშაობა ვისწავლე, მორჩილმა _ ქვებზე მუშაობა და გვირჩევნია, შრომით გამოვიმუშაოთ ფული და ისე მივხედოთ მონასტერს. პირველი გამოფენა როცა გავმართეთ, იმ თანხით ტაძრის ეზო გავაკეთეთ, გავალამაზეთ და ძალიან ბედნიერები ვიყავით.
_ საპატრიარქოს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს და ყურადღებას არავინ გაქცევთ?
_ საპატრიარქოს ბიუჯეტი ეპარქიებზე ნაწილდება. არც ერთ სასულიერო პირს, მღვდელს არ აქვს ხელფასი. მხოლოდ დიაკვანს აქვს ანაზღაურება, მაგრამ როგორც კი მღვდლის ხარისხში აკურთხებენ, ხელფასი ეხსნება და მხოლოდ მრევლის შემოწირულობაზე რჩება.
_ პატრიარქთან თუ გქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი?
_ არა, ამ თემაზე არ მქონია საუბარი.
_ იცის პატრიარქმა თქვენი მონასტრის არსებობის ან ყოფითი პრობლემების შესახებ?
_ არ ვიცი. ძალიან გამრავლდა ეკლესიები და ყველა ინფორმაცია პატრიარქამდე ფიზიკურად ვერ მივა. პატრიარქი ერთია და ეკლესია-მონასტერი _ უამრავი. ეპარქიები თვითონ მართავენ თავიანთ მონასტრებსა და ტაძრებს. თუ რამე მინდა, მე უნდა მივმართო ჯერ ეპისკოპოსს და თუ ის საჭიროდ მიიჩნევს, მან უნდა მიმართოს პატრიარქს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მირჩევნია, ვიშრომო და ჩემი შრომით მონასტერს მივხედო, ვიდრე ვინმეს რამე ვთხოვო. ჩვენი ეპისკოპოსი მოდის და წირვას ატარებს. ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს ადგილი სრულიად საქართველოს გავაცნო. ხალხისგან ბევრჯერ გამიგონია, რომ ეს აზერბაიჯანიაო, რადგან აქ, ძირითადად, სულ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, წარწერებიც კი აზერბაიჯანულია. ამ რეგიონის დაკარგვის საშიშროებას ვგრძნობ.
_ რას გულისხმობთ?
_ თუ ქართველი მოსახლეობა არ დარჩა, ამ ტერიტორიას დავკარგავთ, რადგან შესაძლოა, საზღვარმა გადმოიწიოს. ვიღაცამ თუ არ გაამაგრა ეს ტერიტორია, მხოლოდ ჩვენ, ორი ადამიანი, ვერ შეაკავებს ამ პროცესს.
_ როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ ტაძარიც გაქურდეს. მოგვიყევით, რა მოხდა?
_ დიახ. დილით თბილისში წავედით და როდესაც სოფელში დავბრუნდით, დაახლოებით, საღამოს 10 საათი იქნებოდა, ტაძრის კარი გაღებული დაგვხვდა. მთლიანად არეული იყო საკურთხეველი, შესაწირის ყუთი _ დამტვრეული, თანხა და ჩემი სამღვდლო ჯვარი _ წაღებული, ეტყობა, ძვირფასი ეგონათ. პოლიცია გამოვიძახეთ, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეორე დღეს თვითონ მოსახლეობამ იპოვა ის ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა.
_ მსგავსი ფაქტი აქამდე დაფიქსირებულა?
_ არასდროს. არ მინდა, ადგილობრივ მოსახლეობას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს ეკლესიასთან. ამ ფაქტით მოლაც ძალიან შეწუხდა და თვითონვე დაიწყეს ძებნა, აინტერესებდათ, თუ ვინ შეურაცხყო ეკლესია.
_ დააკავეს?
_ დააკავეს, მაგრამ მე არ მინდოდა და არც მომითხოვია ამ პიროვნების დასჯა. უბრალოდ, როგორც თქვეს, ამ პიროვნებას ერთი ადამიანი დაუჭრია, ამ საქმესაც რამდენიმე ფაქტი დაერთო და ამ შემთხვევაში პოლიციასთან უძლური ვარ. ძალიან მინდოდა გამერკვია, ვინ გააკეთა ეს. რაც ყველაზე მთავარია, ჯვარი დააბრუნა. სულ მეშინოდა, რომ ჯვარი არ გადაეგდო.
_ შესაწირში რამდენი იყო თანხა?
_ 27 ლარი. ყუთის გატეხვით უფრო დიდი ზარალი მოგვაყენა, ვიდრე თანხის წაღებით. თუკი ვალი ჰქონდა, ჩვენთვის რომ ეთხოვა, აუცილებლად მივცემდით.
_ როგორი განწყობით არიან აზერბაიჯანელები?
_ ძალიან კარგი, რადგან სულ ცდილობენ, რომ გვერდში დაგვიდგნენ. თუ დაგინახავენ, რომ მათ მიმართ თბილ დამოკიდებულებაში ხარ, ისინიც ანალოგიურად გექცევიან. ბიბლიური პრინციპია, რასაც დასთეს იმას მოიმკი. პირველივე დღიდან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს მათთან.
_ რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას და თქვენს ნახატებს, როდის დაიწყეთ თექაზე მუშაობა?
_ წელს დავიწყეთ ეს ნახატები. იანვარში გამიჩნდა სურვილი, რომ ნამუშევრები შემექმნა. ინტერნეტში ვნახულობდი, თუ როგორ მზადდებოდა თექისგან სხვადასხვა ნივთი. ვუყურებდი და ვსწავლობდი. მერე მირინოსი აღმოვაჩინე, ეს არის ესპანური ჯიშის ცხვრის სახელწოდება (მირინოსის ჯიშის ცხვარი), რომელსაც აქვს გრძელი, ფაფუკი ბეწვი და ძალიან განსხვავდება ქართული ცხვრის ბეწვისგან. შემდეგ ეს ბეწვი (მატყლი) ქიმიურად მუშავდება და სურათებს ვაკეთებ.
_ ძირითადად რა თემატიკაზე მუშაობთ, რას ხატავთ?
_ ვცდილობ, რომ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გავაცოცხლო თექაში.
_ მარტო აკეთებთ, თუ მორჩილი გაბრიელიც გეხმარებათ?
_ თექაზე მარტო მე ვმუშაობ, მორჩილმა ბუნებრივი ქვებით სამკაულების გაკეთება ისწავლა.
_ დაახლოებით რამდენი ნახატია წარმოდგენილი?
_ 18 ნახატი.

„ქრონიკა+“ მორჩილ გაბრიელს გაესაუბრა, რომელიც მონასტერში 15 წლიდან მსახურობს:
_ 6 წლიდან დავდიოდი ტაძარში, 12 წლის ასაკში სრულიად მარტო წავედი და მოვინათლე. შემდეგ სტიქაროსნად მაკურთხეს. ბავშვობიდან მიყვარდა ტაძარში ყოფნა, წიგნები მიმქონდა და ვმეცადინეობდი. საჯარო სკოლიდან გადავწყვიტე, რომ სწავლა სასულიერო გიმნაზიაში გამეგრძელებინა და უფრო ღრმად შევისწავლე ყველაფერი. ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც მონასტერში სტუმრად ჩავედი, მას შემდეგ აღარ წამოვსულვარ. დავრჩი და დავრჩი.
_ ძალიან პატარა ასაკში მიიღეთ გადაწყვეტილება და გააზრებული გქონდათ ის ყველაფერი, რასაც აკეთებდით?
_ რა თქმა უნდა. თავიდანვე ვიცოდი, რაზე ვამბობდი უარს, რატომ და ისიც ვიცოდი, რომ სიძნელეები შემხვდებოდა, ბრძოლები, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრება.
_ სამკაულების კეთება დამოუკიდებლად ისწავლეთ?
_ დიახ, ერთი წელია, რაც ამ სამკაულებს ვაკეთებ. თავიდან მოყვარულის დონეზე ვაკეთებდი და ყველას ვჩუქნიდი. უბრალო ქვებით დავიწყე, მერე ძვირფას ქვებს ვიწერდი და დიზაინს მე ვქმნიდი. ინტერნეტით ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე და გამოფენებს როცა ვაკეთებთ, ვყიდით, რადგან შემოსული თანხა მონასტერს მოვახმაროთ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ნამუშევრები ხალხს მოსწონს.

გიორგი საკარული