სენსორები, კამერები და სხვა ტექნიკა – საზღვრების პატრულირება გამკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით სასაზღვრო ზოლზე კონტროლის გაძლიერება იგეგმება. სამინისტრომ პარტნიორი და დონორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სასაზღვრო ინციდენტის აღმოჩენისა და მათზე რეაგირების საშუალებები მიიღო. ასევე დაგეგმილია მწვანე ზოლზე ტექნიკური აღჭურვილობის (სენსორები, კამერები) განთავსება.

უწყების განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს ამ ტექნიკის განლაგების ადგილი და განხორციელების ვადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი გეგმების თანახმად მესაზღვრეებს, მათი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გადაამზადებენ. უწყების ცნობით, 2018 წლის პირველი იანვრიდან შსს-ს აკადემიაში მიმდინარე კურსები 75-მა მოქმედმა თანამშრომელმა გაიარა, ამჟამად კი 16 მესაზღვრე გადის სასწავლო კურსს: „სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სადაც საზღვარზე დასაქმებული ადამიანების გადამზადება და მათი პროფესიული მომზადება მიმდინარეობს, ისწავლება კურსი „სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები“, რომლის მიზანია საზღვრის დაცვისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების სწორი და უსაფრთხო ექსპლუატაცია. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
ექსპერტები დადებითად აფასებენ უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას გულისხმობს, ასევე მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ სწავლებას კონკრეტული მიმართულებებით.
ზოგადად, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც დიდი ხანია, მსჯელობისა და განხილვის საგანია. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, მაშინ გასაგებიცაა ამ საკითხის აქტუალობა და მისი მნიშვნელობა.
ისტორიული კონფლიქტებისა და ომების გზაგასაყარზე საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების თემა ერთ-ერთი ძირეულია, რომელიც მნიშვნელოვან დამუშავებასა და ყურადღების გამახვილებას საჭიროებს.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე პუნქტს აერთიანებს, მათ შორის არის ეროვნული ინტერესები, რასაც განეკუთვნება სუვერენიტეტისა და ქვეყნის მთლიანობის ურზუნველყოფა, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება, ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება.
კონცეფციაში გაწერილია ის მნიშვნელოვანი რისკები და გამოწვევები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა უკვე წლებია, დგას. განსაკუთრებით გააქტიურებულია ეს აგრესიული ტალღა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა საზღვრის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების განვითარება და გაძლიერება. რა ხერხებითა და ამოცანებით ცდილობს ქართული სახელმწიფო ამ პრიორიტეტების გაძლიერებასა და განვითარებას, საკითხავი სწორედ ესაა.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილების თანახმად სახელმწიფოს საზღვრების მართვის პროცესში მონაწილე უწყებების სია საკმაოდ მრავალფეროვანი და დიდია. ის მოიცავს როგორც შინაგან საქმეთა, ასევე თავდაცვის სამინისტროებს, მათ შორის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და დევნილთა სამინისტროს. გამომდინარე აქედან, ეროვნული საზღვრების მართვა კომპლექსური პროცესია და ბევრი სფეროს ჩართულობასა და ცალკეულ დონეზე მათ განვითარებას მოითხოვს, რათა, საბოლოო ჯამში, ეროვნულ დონეზე იყოს დაცული სახელმწიფო საზღვარი, იქნება ეს საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო.
ხშირად საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში საზღვრებისა და მისი უკონტროლობის პრობლემებზე. ეს, თავის მხრივ, სერიოზულად აისახება არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ სახელმწიფო დონეზეც და საკმაოდ ბევრ საფრთხეს ქმნის.
სწორედ უკონტროლო ინციდენტებისა და შემთხვევების თავიდან ასაცილებლად იგეგმება კონტროლის გაძლიერება სახმელეთო საზღვრებზე. შეგახსენებთ: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 1839 კმ-ია, აქედან თურქეთის რესპუბლიკასთან _ 275 კმ., სომხეთის რესპუბლიკასთან _ 224 კმ., აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან _ 446 კმ., რუსეთის ფედერაციასთან _ 894 კმ., თუმცა ეს მონაცემები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტულ სახელმწიფოსთან შეთანხმების შედეგად, რაც საზღვრების დელიმიტაციას ითვალისწინებს.

რა მნიშვნელობის მატარებელია სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზღვრების დაცვა? როგორი მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში და რას მოიტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასთან დაკავშირებით?
„ქრონიკა+“-ს ამ საკითხებზე ესაუბრა ექსპერტი თავდაცვის საკითხებში _ ამირან სალუქვაძე:

_ როგორ შეაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახმელეთო საზღვრებსა და იქ არსებულ მდგომარეობას, რამდენად არის უსაფრთხოება დაცული და რა გამოწვევების წინაშე დგას ის დღეს?
_ მსოფლიოში იშვიათად იპოვით ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც ჩვენნაირი სირთულეები ჰქონდეს საზღვრის დაცვის კუთხით.
ამ სირთულეებში მოვიაზრებ როგორც საქართველოს ტრანზიტულ მდგომარეობას (ჩვენ კონტინენტებისა და რეგიონების გზაგასაყარზე ვიმყოფებით), ასევე საკმაოდ რთულ სამეზობლო ქვეყნებს, ა და საქართველოს გეოგრაფიულ და სხვა თავისებურებებს.
სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგარი გამოწვევები სწორედ ზემოთ აღნიშნული სირთულეებიდანაა გამომდინარე. არ მოვყვები იმ გამოწვევებს, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენი რთული სამეზობლოდან, ჩვენი ტრანზიტული მდგომარეობიდან. მკითხველისთვის ასევე გასაგები იქნება, თუ რამდენად რთულია მთაგორიანი რელიეფის პირობებში საზღვრის დაცვა და რამდენად დიდ რესურსს მოითხოვს ეს პროცესი.
შესაბამისად, საქართველოს სახმელეთო საზღვრების დაცვის მხრივ სიმშვიდის განცდა არ უნდა გვქონდეს.
ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი საზღვაო აკვატორიის კონტროლის მიმართულებითაც. ამ მხრივ, ჩემი აზრით, საზღვაო სასაზღვრო პოლიციას სამხედრო საზღვაო ფლოტი უნდა უმაგრებდეს ზურგს.
_ თქვენი, როგორც ექსპერტის შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზღვრების დაცვას?

_ პირველ რიგში, საზღვრის დაცვა ესაა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა. ამავე დროს, სასაზღვრო პოლიციას სხვადასხვა სფეროში, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, ეკოლოგიურ, სარეჟიმო და სხვა სფეროებში, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია.
ჩამოვთვლი ძირითად ამოცანებს:
– სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებთან ერთად უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა;
– სახელმწიფო საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
– სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვა, საბაჟო ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობა;
– საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაწესებული რეჟიმის უზრუნველყოფა, საზღვრის დაცვაში მონაწილეობის მიღება;
– სასაზღვრო-საპასპორტო რეჟიმის უზრუნველყოფა;
– ბუნების დაცვისა და სხვა ეკოლოგიური ამოცანების გადაჭრისას შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერა სასაზღვრო ზოლში.
ეს ამოცანები საკმარისია სასაზღვრო პოლიციის მნიშვნელობის აღსაქმელად სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
_ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით სახმელეთო საზღვრებზე ინციდენტების აღმოჩენისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით გარკვეული სიახლეები დაინერგება. რამ განაპირობა ეს სიახლეები და რა საჭიროებები დგას ყველაზე მეტად ჩვენს სახმელეთო საზღვრებზე?
_ სიახლეები გამოწვეულია ზუსტად იმ გარემოებებითა და სირთულეებით, რომელიც ზემოთ აღვწერე. ასევე გავიხსენებდი გახმაურებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებს, რომელიც შარშან ვიხილეთ და, რამდენადაც ცნობილი გახდა, მათ საზღვრის გადმოლახვა შეძლეს.
სამწუხაროდ, სასაზღვრო პოლიციის ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის საშუალება ამ თვეების მანძილზე არ მომეცა, თუმცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობ პოლიციის ახალ ხელმძღვანელობას. ისინი წლებია მოღვაწეობენ საქართველოს სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში და გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, რეფორმატორული გამოცდილებით. იგივეს ვერ ვიტყოდი ყველა მათ წინამორბედზე. ამიტომ მინდა, იმედი ვიქონიო, რომ გამოცხადებული ცვლილებები წაადგება ქვეყანას და საზღვრების კონტროლის ეფექტიანობას აამაღლებს.
_ სასაზღვრო ზოლზე ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება იგეგმება. ამას როგორ შეაფასებთ?
_ მისასალმებელია. ზუსტად ტექნიკური აღჭურვილობის განახლებაზე, საზღვრის დაცვის თანამედროვე სისტემების დამონტაჟებაზე ვაკეთებდი აქცენტს, როცა ცნობილი გახდა ახმეტ ჩატაევის ჯგუფის უკანონო შემოღწევა ჩვენს ტერიტორიაზე.
ტექნიკური გადაიარაღება უნდა შეეხოს არა მხოლოდ საზღვრებს, არამედ გამტარ პუნქტებსაც. უნდა შეიქმნას მართვის გაერთიანებული პუნქტი, საიდანაც სასაზღვრო ზოლების, გამტარი პუნქტებისა და სხვა სასაზღვრო ობიექტების კონტროლი განხორციელდება. იმედია, შსს უფრო დეტალურად გაგვაცნობს, თუ რა ღონისძიებები იგეგმება სასაზღვრო პოლიციაში, რაც უფრო დაწვრილებითი ანალიზის საშუალებას მოგვცემს.
_ შსს-ს ახალი გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი მესაზღვრეების გადამზადებას შეეხება. რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სასაზღვრო ზოლზე მომუშავე ადამიანების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და როგორ შეიძლება მოხდეს ეს?
_ თუ ზემოთ ჩამოთვლილ ამოცანებს ჩავუღრმავდებით, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია წყვეტს, დავინახავთ, რომ მესაზღვრეების კვალიფიკაციას, მათი მომზადების დონეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგივე ეხება სანაპირო დაცვას. არ უნდა დაგვავიწყდეს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება ორი გზით მიიღწევა: ესაა თეორიული მომზადება და პრაქტიკული გამოცდილება.
თეორიულ მომზადებაში იგულისხმება როგორც საწყისი, საბაზისო მომზადება, ასევე გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები სამსახურის განმავლობაში.
ამავე დროს მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება და მომზადებული კადრების გაფრთხილება. სამწუხაროდ, ამ კუთხით მოვიკოჭლებთ და ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, როგორც სასაზღვრო პოლიციაში, ასევე სხვა ძალოვან უწყებებში, საკადრო რეზერვი ვერ შევქმენით. იმედია, ამ მხრივ მიდგომები და დამოკიდებულება შეიცვლება და სასიკეთო შედეგებს მივიღებთ.

ანა ურუშაძე