„ქვეყნიდან გაქცევა მინდოდა!“

თუ პლანეტა დედამიწას და, მათ შორის, საქართველოსაც რამე დაღუპავს და გაანადგურებს, ეს მესამე მსოფლიო ომი კი არა, ორპირობა, ადამიანთა ორმაგი სახე და მერკანტილური ინტერესები იქნება! დიახ, ისეთი დრო მოვიდა, რომ ადამიანები, ოღონდ პირადი ცხოვრება მოიწყონ და არც საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვაზე ამბობენ უარს!

ეს მძაფრი შეფასებაა, მაგრამ იმას, რაც დღეს ხდება, ნამდვილად „საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა“ ჰქვია და რაოდენ სამწუხარო და დასანანიც უნდა იყოს, ამ შარში _ არც მეტი, არც ნაკლები _ ის ადამიანი გაეხვია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, მთელი ქვეყნისა და ერის სათაყვანებელი პერსონაა! ლაპარაკია ქართული კინოსა და თეატრის ნამდვილ ვარსკვლავზე, მსახიობ ზურა ყიფშიძეზე, რომელზეც, თავის დროზე, ამერიკული „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა:
„…ყიფშიძის დონ ჟუანისთვის მზად ხარ, მოკვდე… მისი თითოეული ჟესტი პოეზიაა, მეტყველება _ სიმფონია. ყოველი გამოხედვა _ ჟრუანტელის მომგვრელი. თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები _ ეს ბიჭი ყველას მტვერში აგორავებს“.
ამ სიტყვების დაწერიდან გავა ზუსტად 28 წელი და თუ ადრე საზოგადოება იყო მზად, ზურა ყიფშიძის მიერ შესრულებული როლებისთვის მომკვდარიყო, ახლა თავად მსახიობია მზად, „მოკვდეს“ სალომე ზურაბიშვილისთვის _ პრეზიდენტობის იმ კანდიდატისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო და რომელიც, ასევე, ურცხვად აცხადებს, რომ საქართველომ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა!
სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნება“, ანუ ის პარტია უჭერს მხარს, რომელსაც არცთუ შორეულ წარსულში ზურა ყიფშიძე და მისი ოჯახი ზომაზე მეტად აკრიტიკებდა.
ამის დასტურად გამოდგება მსახიობის ვაჟის, ასევე მსახიობ გიორგი ყიფშიძის ინტერვიუ, რომელიც 2016 წლის მაისით თარიღდება:
„ყველგან ვალი გვაქვს, „პიზდეცია“, ზურა ამბობს, აღარ მინდა, მათხოვარი ვიყოო…“ – ასე ერქვა ამ ინტერვიუს, რომელშიც გიორგი ყიფშიძე ამბობდა:
„…შარშან გონიოში წამოვიწყე ბიზნესი, კაფე გავაკეთე და ის ბინა ჩავდე. კარგი კაფეა, მაგრამ გონიოში ძალიან ცოტა ხალხი იყო და ვალებში გადავვარდით. ახლა ბინის გაყიდვა მიწევს. რაღაც თანხა კი დამრჩება, მაგრამ ნახევარი ვალებში წავა.
– თქვი, ფინანსურად დამარტყა ტელევიზიის მიღმა ყოფნამო. ლენუკაც საუბრობდა მატერიალური პრობლემების შესახებ…
– რაც თქვა, ეგაა. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, მაგრამ „პიზდეცია“. ზურა ამბობს, 62 წლის ვარ და აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო.
იცი, რა მანქანა ჰყავს ზურას? დინოზავრის ასაკისაა, ოფიციალური დინოზავრი ჰყავს. არავინ იცის, როდის მოკვდება, ნეოლითის ხანისაა. ყველგან ვალი გვაქვს…
კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ასეა. ზოგადად, როცა სატელევიზიო პროექტში ვარ ჩართული, მაშინ პრობლემა არ გვაქვს. თავისუფლად შემიძლია, მთელი ოჯახი შევინახო. ტელევიზიას იმდენი ანაზღაურება აქვს, რომ მე მინიმალური პრობლემები არ მქონდეს და არც მქონია, როცა რაიმე პროექტში ვყოფილვარ, მაგრამ ეს, მაქსიმუმ, ოთხი თვე გრძელდება.
…ზურამ ამ სპექტაკლის გამო 20 000 დოლარზე თქვა უარი იმიტომ, რომ რუსეთში უნდა წასულიყო და იქ გადაეღოთ ფილმში. დროში ემთხვეოდა იმ ფილმისა და ამ სპექტაკლის გამოსვლა. გამოდის, რომ დათანხმებოდა, აქ დაწყებულ საქმეზე უარი უნდა ეთქვა და ორი თვით წასულიყო რუსეთში. აზრზე ხარ, რაზე თქვა უარი? 20 000 დოლარი ძალიან მაგარი ფულია ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს, აქ რასაც გიხდიან, იმ ფონზე, უარი რომ თქვა, კინაღამ მოვკალი, მაგრამ რა? მერე სხვებმაც თქვეს რაღაც შემოთავაზებებზე უარი. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, თან ბიზნესშიც არ მაქვს გამოცდილება. ხომ ხედავ, რაღაცას ხელი მოვკიდე და მოგების ნაცვლად ზარალში გადავვარდი. ოჯახში ფულის შემომტანი, ძირითადად, მე და ზურა ვართ. „ქერჩში“ რომ ვმონაწილეობდით, იქაც კარგი ანაზღაურება გვქონდა, მაგრამ ისიც დროებითი იყო. ამ დროებითი ფულით, კიდევ, აღარ იცი, რომელი ერთი გააკეთო და რა თანხაც უნდა აიღო, სწორ მიმართულებას ვერ აძლევ. ნაკლები შემოსავალი რომ იყოს, მაგრამ სტაბილური – ეს კიდევ კარგია. აბა, რვა კაცის ორი ათასი ლარით შენახვა ძალიან რთულია“.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან გავა ერთი წელი და ზურა ყიფშიძის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისევ მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
2017 წელს მსახიობის ბედით მედია იმიტომ დაინტერესდა, რომ მაშინდელი კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებაც.
ამის გამო ზურა ყიფშიძის ვაჟმა, გიორგი ყიფშიძემ, სოციალურ ქსელში მიმარვთა გაავრცელა და კოლეგებს გაფიცვისკენ მოუწოდა:
„მსახიობებმა მომწერეთ!!! ვინც ხართ თანამოაზრეები! იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ, ყველას გთხოვთ, დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ.
ყველამ თავისი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენ მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს… არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ!
ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით“.
გიორგი ყიფშიძის ამ მიმართვას დიდი სკანდალი მოჰყვა. ჟურნალისტებთან საუბრისას მსახიობმა აღნიშნა:
„კულტურის სამინისტრომ თეატრებს დაფინანსება შეუმცირა… შესაბამისად, შემცირდა ჩვენი ხელფასები. 10 000 რომ მქონდეს ხელფასი, ალბათ, მნიშვნელოვნად ვერც ვიგრძნობდი შემცირებას, მაგრამ შემოჭერილ ქამარს უფრო რომ მიჭერ და უფრო მეტიც, ქამარზე დამატებით ნახვრეტს მაკეთებინებ, ეს აღმაშფოთებელია.
ამიხსნას ვინმემ, რატომ უნდა ჰქონდეს მამაჩემს ვალი და 500 ლარი ხელფასი, ვიღაც ჩინოვნიკს კი _ 5000 ლარი? 800 ლარის ნაცვლად 500 ლარს რომ მაძლევ ხელფასს და მშია, ამოვიღებ ხმას, აბა, რას ვიზამ?!
ავდგებით და აღარ ვიმუშავებთ. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს და სადაც საჭიროა, იქამდე მივა ხმა. ყელში ამოვიდა უკვე ეს ყველაფერი, გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ!“
შვილის პროტესტი მამამაც, ანუ უფროსმა ყიფშიძემაც გაიზიარა და ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა:
„მოიჭირეთ ქამრები“ _ ძალიან საინტერესო გამონათქვამია. რამდენიმე შემთხვევაში იჭერენ ამ ქამრებს. საინტერესო საკითხია, ყველანი ვიჭერთ თუ არა ქამრებს?! მოვიჭერთ, ეგეთები მოგვიჭერია?! მაგრამ თუ ყველა მოიჭერს და რამდენს?
ზოგს მოსაჭერი ადგილი აქვს, ზოგს _ არა. ალბათ, ეს უნდა გავითვალისწინოთ.
რა თქმა უნდა, ყველას გვაღელვებს ჩვენი საქმე და ამ საქმის გარშემო რაც ხდება. უჭირთ ადამიანებს, გამოდიან და საჯაროდ ამბობენ, ჩვენ ვფიქრობთ, ასე და იქნებ, მოგვხედოთო…
მე შემიძლია დავჯდე და შორიდან ვუყურო ყველაფერს, მაგრამ ახალგაზრდები არიან ცოდოები.
საწყენია, რომ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები იგრძნობენ თავს ისე, როგორც მე, ჩემხელები რომ გახდებიან. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ უნდა გამოვიდნენ ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც და თავიანთი სათქმელი თქვან.
როცა გიჭირს, შენ დაგეხმარებიან, ვიღაცას პატივს სცემენ და ა. შ., მაგრამ სხვებმა რა ქნან? ის საჩუქარი, რომელსაც ვიღებთ, სამი თვე გაგვიჩერეს. მერე თქვეს, რომ საჩუქარს დააკლდებაო, მერე გავიგეთ, რომ ისეთ მსახიობებს მოეჭრათ, რომლებიც დღეს სცენაზე არ გადიან, მაგრამ იმდენი დაიმსახურეს, რომ ხელფასი ჰქონდეთ.
მარტო პურის ფულს რომ დაუტოვებ და მთელ ხელფასს წაართმევ, მგონი, არ არის ლამაზი. სამ-ოთხ სამუშაოზე ყოფნა უხდებათ: ტელევიზიაში, თეატრში და… მხოლოდ იმიტომ არა, რომ საინტერესოა სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა და მუშაობა, უბრალოდ, ეს ხელფასისთვის სჭირდებათ და ამიტომ იხევიან ათ ნაწილად. ან ესმით ეს, ან არ ესმით“.
ზოგადად, ბოლო წლებში ზურა ყიფშიძე ჟურნალისტებთან საკუთარი გაჭირვებული ყოფის შესახებ ხშირად საუბრობდა და ამბობდა, რომ ხელმოკლედ ცხოვრობდა:
„სამი ბინა მაქვს გაყიდული: ჩემი, დეიდაჩემების და დედაჩემის. მათი გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა და სხვა გზა არ გვქონდა. ბევრჯერ ლომბარდშიც მიგვიტანია ნივთები და არ მესმის, რატომ უკვირს ეს ვინმეს, თუმცა არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ და არავითარ მოთხოვნას არ ვაყენებ.
25 წლის მანქანა მყავს და დამცინიან, უკვე სირცხვილია ამით სიარულიო, თუმცა არ მგონია, სწორი იყოს, როცა ადამიანს დიდი ოჯახი გაქვს, შენ მაგარი მანქანით დადიხარ და სანაცვლოდ, ოჯახს ბევრი რამ დააკლო, თან ჩემი მანქანა ცოტა შელახული კია, მაგრამ კარგად დადის და შემიყვარდა კიდეც“.
ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმულიდან აშკარად იგრძნობოდა, რომ მსახიობი ზურა ყიფშიძე, სოციალური მდგომარეობის გამო ხელისუფლების მეხოტბე არ იყო.
ამ განწყობის კულმინაცია მიმდინარე წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც ზურა ყიფშიძეს სახლი აუქციონის წესით გაუყიდეს.
სახლის გაყიდვის შესახებ საზოგადოებამ ზურას ქალიშვილის, ლენუკა ყიფშიძისგან შეიტყო, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
„საერთოდ ვერ ვიტან კომენტარების წერას და საჯაროდ რაღაცების განხილვას. პირველ რიგში, მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად მყავდეს და ჯანმრთელად. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად.
არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი მიხედავს, ვინ ვინ არის და ყველა მაგის გამო მიიღებს“.
ამავე პერიოდში გახდა ცნობილი, რომ სახლი, რომელიც თბილისში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც ყიფშიძეებს ბანკმა აუქციონზე გაუყიდა, ზურა ყიფშიძის დედის, ცნობილი მსახიობის, ლენა ყიფშიძისა და მისი დის საკუთრება იყო.
ამ ამბავს საზოგადოების მხრიდან, ცხადია, აღშფთება მოჰყვა, თუმცა ხელისუფლებამ დუმილი შეინარჩუნა.
მომხდართან დაკავშირებთ მედიასთან კომენტარი თავად მსახიობმაც გააკეთა და ზურა ყიფშიძემ განაცხადა:
„დაახლოებით ერთი წლის წინ ოჯახის ახლობელმა ბანკიდან იპოთეკური სესხი გამოიტანა 280 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით და სანაცვლოდ ჩემი ბინა ბანკში ჩადო.
რამდენიმე თვის წინ კი ამ მეგობარმა თავი მოიკლა, შესაბამისად, კრედიტიც დაუფარავი დარჩა. როცა პრობლემები შეიქმნა, პირადად მივედი პრობლემური სესხების უფროსთან, რომელმაც მითხრა, რომ 12-თვიან ვადას მაძლევდა და ამ დროში მე თვითონ შევძლებდი რეალურ ფასად ბინის გაყიდვას.
ვინაიდან კრედიტის პროცენტის გადახდის საშუალება არ გვქონდა, მთელი ოჯახი ჩავერთეთ პროცესებში და რეალურ მყიდველებს ვეძებდით. ამასობაში კი ბანკის წარმომადგენელმა ჩემს ცოლს დაურეკა, რომელიც ვერც მიხვდა, რა ხდებოდა.
მოგვიანებით გავიგეთ, რომ ბინა 12 თვეზე გაცილებით ადრე გაგვიყიდეს. ფაქტობრივად, გაფრთხილების გარეშე.
ბევრი ვინერვიულე, ძალიან მერიდება ამაზე ლაპარაკი. შვილებმა ეს ამბავი უნებართვოდ გაავრცელეს, თორემ ხმას არ ამოვიღებდი, ისე ვიბრძოლებდი სამართლიანობისთვის.
იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ქვეყნიდან გაქცევა მინდოდა. ბევრი ადამიანია საქართველოში ასე“.
მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა და გვამცნო, რომ ზურა ყიფშიძის აუქციონზე გაყიდულ სახლს მაღალჩინოსნის ახლობელი დაეპატრონა:
„დაახლოებით ერთი კვირის წინ მსახიობ ზურა ყიფშიძეს სახლი აუქციონზე გაუყიდეს. ეს ინფორმაცია მსახიობის ქალიშვილმა, ლენუკა ყიფშიძემ დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ არავინ მათი მდგომარეობა არ გაითვალისწინა. ამჟამად ოჯახი რთულ მდგომარეობაშია.
ჩვენი ინფორმაციით, სახლი მაღალჩინოსნის ახლობელმა იყიდა. იგი 120 000 დოლარად იყო ჩადებული ბანკში, 115 ათასად გაიყიდა და აქეთ გვეუბნებიან, 5000 მოიტანეთ, თორემ რაც გაქვთ, იმასაც დაგიყადაღებთო. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. ფული თუ არ გაქვს, არავინ ხარ ამ ქვეყანაში“, _ ციტირებდა ერთ-ერთი მედია საშუალება ზურაბ ყიფშიძის ქალიშვილის, ლენუკა ყიფშიძის სიტყვებს.
ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, არავინ ელოდა, რომ ზურა ყიფშიძე ხელისუფლების მეხოტბეთა რიცხვში აღმოჩნდებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა _ რამდენიმე კვირის წინ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თბილისის ინტელიგენციასთან შეხვედრა გაიმართა, რომლის წამყვანადაც _ არც მეტი, არც ნაკლები _ ზურა ყიფშიძე მოგვევლინა. ამან საზოგადოებაში, რასაკვირველია, კითხვები გააჩინა, თუმცა მსახიობმა უხერხულობის გაფანტვა სცადა და განაცხადა, უბრალოდ, საღამო წავიყვანეო, მაგრამ მოგეხსენებათ, ეშმაკები დეტალებში იმალებიან.
ჰოდა, მედიამაც ერთ ძალიან მნიშვნელოვან „ეშმაკურ დეტალს“ მიაგნო. კერძოდ, ჟურნალისტებმა გამოჩხრიკეს და დაადგინეს, რომ ზუსტად მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილის ზემოხსენებულ შეხვედრაზე გამოჩნდა, მსახიობ ყიფშიძეს ბანკისგან წართმეული ბინის დაბრუნების შანსი გაუჩნდა.

ინტერვიუ, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ, 8 ოქტომბერსაა ჩაწერილი:
„_ ბატონო ზურა, თქვენი ბინა, როგორც ცნობილია, გასულ თვეში აუქციონზე გაიყიდა, მოახერხეთ ბინის დაბრუნება?
_ ერთ კვირაში თუ დამირეკავთ, ზუსტ პასუხს გეტყვით. შეიძლება, მასმედიის ჩართვა მოგვიხდეს, რომ ბინა დავიბრუნოთ. შეიძლება, ჟურნალისტების დახმარების გარეშეც მოგვარდეს ყველაფერი.
დღეს ჩემმა ცოლისდამ ისეთი ზარი მიიღო, რომ შეიძლება, უკეთესობისკენ შეტრიალდეს ყველაფერი. მგონი, ვინც იყიდა, მიხვდა, რომ მოტყუვდა. მართლები რომ არ ვიყოთ, ხმას საერთოდ არ ამოვიღებდით. ფულთან ჩვენ შეხება არც გვქონია. მოგვატყუეს, ბინა ბანკში ჩადეს და ისე გაყიდეს, რომ არაფერი ვიცოდით.
_ გასულ კვირას მხარდაჭერა გამოუცხადეთ სალომე ზურაბიშვილს, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილხართ, ახლა რატომ გადადგით ასეთი ნაბიჯი?
_ პოლიტიკურად აქტიური არასდროს ვყოფილვარ, არც ახლა ვარ. უბრალოდ, საღამო წავიყვანე ადამიანის, რომელიც ამ პრეზიდენტობის კანდიდატების ფონზე ყველაზე მისაღებად მიმაჩნია. უბრალოდ, წამყვანი ვიყავი.
პოლიტიკურ თამაშებში არ ვერევი და არც ჩავერევი. ყველას თავისი აზრი და სიმპათიები აქვს.
თურმე, ამ საღამოს მერე საშინელებებს წერენ ჩემზე, მე არც ვკითხულობ და არც ვიცი, რას წერენ „ფეისბუქზე“.
_ საზოგადოების ნაწილის ცუდი გამოხმაურების შემდეგ ხომ არ ინანეთ, რომ საღამო წაიყვანეთ?
_ არა, რატომ უნდა მენანა ვიღაცის აზრის გამო და რას წერენ ჩემზე?
_ გაკრიტიკებენ…
_ გასაგებია. მასე მე მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის აღსანიშნავი კონცერტი მიმყავდა ოპერაში, მაშინ რატომ არ მაკრიტიკებდნენ?
ოპოზიცია ყველაში მტერს ეძებს და ხედავს. იმ პრეზიდენტობის კანდიდატების ფონზე ყველაზე ნორმალურ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი მიმაჩნია, მაგრამ ეს ჩემი პირადი საქმეა და როგორც მსახიობმა, საზოგადოებას წარვუდგინე. ამაში ცუდი არაფერია“.
ვერაფერს იტყვით, მართლაც, უცნაური დამთხვევაა _ ბინას, რომელიც ყიფშიძეების ოჯახს ბანკმა რამდენიმე კვირის წინ გაუყიდა, მას შემდეგ, რაც ზურა ყიფშიძე სალომეს მიმდევარი გახდა, იგივე ბანკი კეთილ ნებას იჩენს და უკან აბრუნებს?!
ზოგადად, ასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე, მაგრამ თუ ხელისუფლება გიდგას ზურგს უკან, ყველა პრობლემის მარტივად და ადვილად მოგვარება შეიძლება! მსახიობიც, ალბათ, იძულებული გახდა, რომ იმის შიშით, ემანდ, ქუჩაში არ დავრჩეო, ზურაბიშვილის „ფანი“ გამხდარიყო.
ისე, 90-იანი წლები აღარ არის, როცა ხალხის „ტვინის გამორეცხვას“ პოლიტიკური ელიტა ე. წ. ფეისების დახმარებით ცდილობდა, მაგრამ „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, წარსულში ცხოვრობს და იმედი აქვს, რომ ისეთი არაფრისმთქმელი საარჩევნო კლიპით, რომელშიც რამდენიმე ცნობილი მსახიობი, სპორტსმენი და მომღერალი ნაძალადევად ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერს ამბობს, მოსახლეობაზე ემოციურად იმოქმედებს და 28 ოქტომბერს აუცილებლად პრეზიდენტობის იმ კანდიდატას მისცემს ხმას, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს!
ამ კლიპის ფინალურ სცენაში ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერს, თეატრალური ხმით, მამა-შვილი ყიფშიძეები ამბობენ და, ალბათ, ესეც „ოცნების“ პიარგათვლა იყო, რომ ფინალურ კადრში ყიფშიძეები გამოჩენილიყვნენ, თორემ, აბა, მაგალითად, გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილით რომ დამთავრებულიყო კლიპი, ამომრჩეველი ვერც იცნობდა, ეს ქალბატონი ვინ იყო ან რაღაც რიცხვს რატომ ამბობდა. აი, ყიფშიძეებზე მახვილის დასმა კი, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ მათ, როგორც მსახიობებს, ხალხი პატივს სცემს და „ოცნებამ“ იფიქრა, ამაზე კარგ ადგილას სადღა უნდა გავთხაროთო, მაგრამ ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს _ ხალხი პოლიტიკაში იმაზე უკეთესად ერკვევა, ვიდრე „ქოცებს“ ჰგონიათ.
ზოგადად, საარჩევნო კამპანიაში „ფეისების“ მონაწილეობა დასავლეთში აპრობირებული მეთოდია, მაგრამ დემოკრატიულ სამყაროში მსახიობებსა თუ მომღერლებს ჩამოყალიბებული პოლიტიკური მრწამსი და შეხედულებები აქვთ. ჩვენთან კი, თუ წარსული გამოცდილებით ვისმჯელებთ, ე. წ. შემოქმედებითი ელიტა საარჩევნო კამპანიაში, უმეტესად, პირადი დაინტერესებით ერთვება ხოლმე. ისიც ცნობილია, რომ საარჩევნო კოცერტებში მონაწილეობისთვის არტისტებს სოლიდურ ჰონორარებს ურიგებენ და მათაც რა ქნან _ გაჭირვებულ ყოფას პოლიტიკური ფულით რამდენიმე კვირით მაინც დააღწევენ თავს, მაგრამ როცა სასწორზე სამშობლოს დამოუკიდებლობა და ფული დევს, ფულის ან, სულაც, მმართველი ელიტის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად არჩევანის გაკეთება, მაინცდამაინც, კარგი საქციელი არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს რღაცნაირად „ორმაგ სახეზე“ მეტყველებს.
იგივე ყიფშიძეების მაგალითზე, საიტერესოა, როდის იყვნენ ისინი გულწრფელები _ როცა ზურა ყიფშიძე და მისი ოჯახი ხელმოკლეობაზე წუწუნებდა და ირიბად ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ 500 ლარით უწევდა არსებობა თუ ახლა, როცა სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს და, ამ დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკი გაყიდულ ბინას უბრუნებს?
ეს ხომ გაშიფრული თამაშია, რომელსაც ხალხი თავის სახელს ნამდვილად დაარქმევს?!
ჩვენში დარჩეს და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყიფშიძეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და ურთიერთგამომრიცხავად იქცევიან. მაგალითად, ერთი წლის წინ, როცა გიორგი ყიფშიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ მაშინდელი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილეის გამო მამამისს შემოსავალი შეუმცირდა და, პრაქტიკულად, უსახსროდ დარჩა, მიხეილ გიორგაძემ, რომელიც იმ დროს კულტურის უწყებას ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად განაცხადა, რომ ზურა ყიფშიძეს სოლიდური შემოსავალი ჰქონდა.
„იმისთვის, რომ სპეკულაცია გამოვრიცხოთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო სხვის ხარჯზე ცდილობს ოპტიმიზაციის გაკეთებას, მოგახსენებთ, რომ თავად ცენტრალურ აპარატს 20%-ით შეუმცირდა ბიუჯეტი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავია და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურ ქსელში. მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურა ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ ის 400-ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს.
ბატონი ზურაბი ბევრად მეტ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრებში.
ის ასევე არის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი „პირველ არხზე“.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველნაირ პოლიტკორექტულობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან და მე იძულებული ვარ, ამაზე ვისაუბრო“,

P. S.სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილს კლიპს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
„48-ს რომ იძახიან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში „ცნობილი“ სახეები, ორი-სამის გარდა ვინაა ცნობილი? ან რითაა ცნობილი?
ძალიან დავარდნია კლასი „ოცნებას“, ჩვენი მინისტრებისა არ იყოს“.
ცოდვა გამხეილი სჯობიაო და ეს ის შემთხვევაა, როცა ძნელია, რომან გოცირიძეს არ დაეთანხმო,
ასევე ძნელია, არ დაეთანხმო გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძეს, რომელიც ზემოხსენებულ ე. წ. კლიპს, აგრეთვე, „ფეისბუქში“ გამოეხმაურა:
„ჟანრის კრიზისი აქვთ აშკარად! ერთი სიმღერა ვერ დაუწერეს სალიომეს?
მარტო „48-48-48“-ს ძახილი ძალიან უსახური ამბავია.
კლიპი „გიხაროდენ“ რომ იყო, ისეთი უნდა, მაგრამ ბაბუს არ უშველა, მაინც დაულიეს ჩაი“.
ჰოდა, ახლა „გიხაროდენის“ კლიპის მსგავსი კლიპიც არ არის და ეს კი, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ სტაფილოს წვენს ის დალევს, ვინც აქამდე არ სვამდა!

გიორგი აბაშიძე