ანი ნადარეიშვილი: “ბაჩო დარწმუნებულია, რომ მოვა დრო, როცა სუბელიანის მსგავსად, მოსამართლეებიც ალაპარაკდებიან…”

მირზა სუბელიანის ჩანაწერებმა საბოლოდ ცხადყო, როგორ დააყენა ამ ხელისუფლებამ განაჩენი ბაჩო ახალაიას საქმეზე. „ქრონიკა+“ ესაუბრება ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ქალბატონ ანი ნადარეიშვილს:

_ მირზა სუბელიანის ჩანაწერის შემდეგ, სადაც ის, სხვა ყველაფერთან ერთად, იმის შესახებაც საუბრობს, როგორ აწამებდნენ ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებს და რა გზით იღებდნენ მათგან ჩვენებებს, საბოლოოდ გაირკვა, როგორც გამოუტანეს განაჩენი მას.
_ ორი წლის განმავლობაში 13 გამამართლებელი განაჩენი ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდა და მაინც წინასწარ პატიმრობაში იყო, მირზა სუბელიანისგან განსხვავებით კი არც დარეკვის და არც ოჯახის წევრების ნახვის უფლება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი იმჟამად დეპუტატი იყო, მაინც არ უშვებდნენ შვილთან. შემდეგ, ორი წლის თავზე, როგორც იქნა, განაჩენი დააყენეს და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიუსაჯეს. სუბელიანი სწორედ ამ საქმეზე ლაპარაკობდა ჩანაწერებში. ახსენა, რომ გატაცებული და ნაწამები ჰყავდა ნავთლუღის სპეცოპერაციის მოწმეები, ითხოვდა, წამებაზე წამიყენონ ბრალიო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც მიაღწიეს ამ ყველაფერს. ამჯერად თავად სუბელიანი ალაპარაკდა, თორემ ამ ყევლაფერზე ჩვენ ვლაპარაკობდით, თავის დროზე, იმიტომ რომ ჩვენთან მოდიოდნენ ეს მოწმეები. ყველას ახსოვს, მაგალითად, გატაცებული მოწმე გია გორგოძე. გორგოძე თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთან ოფისში და გვითხრა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ და სიმართლის თქმა უნდოდა. მაშინ ჩვენ იქით გვადანაშაულებდნენ მოწმეებზე ზეწოლაში, ამიტომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი გვქონდა, როგორ მოვიდა ჩვენთან გორგოძე თვითონ, რომ ე. ი. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ჩვენ მაინც ვურჩიეთ მას, პრესკონფერენცია გაემართა. მივიდა და ჩაანიშნინა კიდეც პრესკონფერენცია „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში, მაგრამ, როგორც ჩანს, ტელეფონზე გვისმენდნენ და მას იქ პროკურატურის წარმომადგნელები დახვდნენ და გაიტაცეს. „რუსთავი 2“-ის კამერას დაფიქსირებული აქვს მისი გატაცების ამბავი. ეს ადამიანი 14 საათი ჰყავდათ წაყვანილი და ამ 14 საათის მერე გამოუშვეს. ეს იყო მოწმე ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, როგორ გაიტაცეს უცნობმა პირებმა შავი ჯიპით წყნეთის ტყეში, როგორ სცემეს და როგორ ეუბნებოდნენ, რომ უნდა გაგახსენოთ ის, რაც უნდა გახსოვდესო. მოყვა, როგორ წაართვეს ტელეფონი და დააგდეს ნაცემი, როგორ დატოვეს ტყეში და როგორ ეძებდა ფეხმძიმე ცოლი. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ მაშინვე მიუთითა პროკურორს, ამ საქმის გამოძიება დაწყებულიყო, არათუ არავის არაფერი გამოუძიებია, ამ ფაქტზე საერთოდ არც დაუწყიათ გამოძიება. კაცი თავისი პირით მოჰყვა, რაც დამართეს, ამის ჩანაწერიც არსებობს და ესეც გამოვაქვეყნეთ. შალვა თათუხაშვილის ამბავი ყველამ კარგად იცის, მთელი სამი კვირა ოჯახი ცალკე ეძებდა და ჩვენ _ ცალკე. ვეძებდით და ვერსად ვპოულობდით. სამი კვირის შემდეგ მოიყვანეს ნაწამები და დაიღუპა კიდეც. გარკვეული რაღაცების მოყოლა მოასწრო, ოჯახი გააფრთხილა. მოკლედ, ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით და ვაქვეყნებდით კიდეც მტკიცებულებებს. მიუხედავად ამისა, ამის მოსმენა პირველწყაროსგან, იმ ადამიანისგან, ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ეს მოწმეები აწამა, ძალიან ემოციური იყო. ბაჩომ ეს ყველაფერი არ იცოდა, მე მოვუყევი, მორე დღეს რომ შევედი მასთან. 2016 წლიდან პატიმრებს „რუსთავი 2“ არ აქვთ და ბაჩო სხვა არხებით ცოტა გვიან იგებს ამ ყველაფერს. ციხეში „რუსთავი 2“ 2016 წლის არჩევნების წინ გათიშეს და მას შემდეგ პატიმრები „რუსთავი 2“-ს ვერ უყურებენ. სხვაგან არ ვიცი, როგორაა, მაგრამ „მატროსოვზე“ არავის აქვს. პატიმრებს არ აქვთ, თორემ ადმინისტრაციას აქვს და უყურებენ კიდეც. როცა შევდივარ, მესმის ხოლმე „რუსთავი 2“-ის ხმა. აი, ესაა გასაოცარი დემოკრატია, რომლითაც თავს იწონებენ.
_ რა თქვა ბაჩომ, როცა ეს ინფორმაცია მიაწოდეთ, ეს ყველაფერი მოუყევით?
_ არც გაჰკვირვებია. თქვა, კარგია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ გაიგო, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, დადგება დრო და თავად მოსამართლეები მოჰყვებიან ამ ყველაფერს. ეს მითხრა ბაჩომ და მეც ვიცი, რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ მოსამართლეები. ზუსტად ვიცი, რომ ემუქრებოდნენ და ზეწოლა ხორციელდებოდა მოსამართლე ბუგიანიშვილზე, რომელმაც გადაწყვეტილებები გამოიტანა ნავთლუღის სპეცოპერაციაზე, კაბელების საქმეზე, დეკანოზ მამალაძისა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე. ეს ინფორმაცია სასამართლოს სისტემიდან, შიგნიდან მაქვს, უბრალოდ, მტკიცებულებებს არ ვფლობ. მოვა დრო და ისიც მოყვება, მოვა დრო და რა თქმა უნდა, პროკურორებიც მოყვებიან, ვინ ავალებდა ამას და როგორ აკეთებდნენ და როგორ კერავდნენ საქმეებს. ან თვითონ არიან გარეული, გორგაძის გატაცაებაში პროკურატურის ტიპები ჩანდნენ, გურგენ გილაური იყო, რომელიც თათუხაშვილის გატაცებაშიც მონაწილეობდა, ონიანის საქმეშიც მონაწილეობდა, ერთი და იგივე ადამიანები არიან ესენი ყველა და როდესაც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, სასჯელის შესამსუბუქებლად ისინი აუცილებლად მოყვებიან, ვისი დავალებით მოქმედებდნენ.
_ ემოციურად როგორ მიიღო, როდესაც ამ ჩანაწერების შემდეგ პირველად შეხვედით და მოუყევით?
_ რომ გითხრა, ბაჩო ძალიან ემოციურია და რაღაცებს ისე აღიქვამს, როგორც, თუნდაც, მე, ასე არაა. საკმაოდ გაწონასწორებულია, ყველაფერი უკვე გათვლილი, დათვლილი და ათასჯერ გადახარშული აქვს. მაგალითად, აქ რომ ჩამოვიდა, იცოდა, ციხეში მიდიოდა. ვერ წარმომედგინა, დაიჭირეს და კიდევ ვერ წარმომედგინა, რომ ჩემი ქმარი ციხეში იქნებოდა, მით უმეტეს, ამდენი წელი… არაა ემოციებს აყოლილი ადამიანი, ამიტომ, რომ გითხრა, რაღაც დიდი ემოცია ჰქონდა-მეთქი, მოგატყუებ. რა თქმა უნდა, გაუხარდა, რომ კიდევ ერთი რაღაცა პირდაპირი მტკიცებულება იქნა მოპოვებული.
_ ანუ მისთვის ეს ყველაფერი კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულება იყო და სხვა არაფერი.
_ დიახ, სხვა არაფერი, ნამდვილად და ამბობს, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება. დარწმუნებულია, რომ თავად მოსამართლეები მოყვებიან ამას. იგი ამას ელოდება. სულ ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ეს მოხდეს, რომ ამას გააკეთებს თავისი შვილებისთვის, რომ მათ იცოდნენ ის ყველაფერი, რასაც მას აბრალებდნენ, იყო ტყუილი და ცილისწამება.
_ სადაც თხისა, იქაც მგლისა ვთქვათ, რომ ამ გაუთავებელი სასამართლო პროცესებით ბიძინა ივანიშვილმა ბაჩო ახალაიას საშუალება მისცა, მთელი ის ტალახი ჩამოერეცხა, რასაც მას წლების მანძილზე ესროდნენ ოპონენტები, რუსეთის სპეცსამსახურები თუ თვითონ მისი თანამებრძოლებიც, რატომღაც. სწორედ ამ სასამართლოებმა მოგცათ საშუალება, დაგემსხვრიათ ყველა ის მითი, რაც ბაჩოზე არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მათი ამოცანა, მაგრამ ეს გამოუვიდათ.
_ კი, დიდი მილით მოსდგა და ჩამორეცხეს მთელი ტალახი, რაც აქამდე უსროლია ვინმეს, ეგ გააკეთეს ნამდვილად. სწორედ მაგიტომაც ჩამოვიდა ბაჩო. ბაჩო რომ არ ჩამოსულიყო და ეგ სასამართლო პროცესები არ გამართულიყო, წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენი ტალახი ექნებოდა ზედ, ჩაძირული იქნებოდა უკვე ტალახში, ყველაფერს ბაჩოს შეაწმენდდნენ, შინაურიც და გარეულიც. ყველა ბაჩოს შეაწმენდდა ხელს და ვერც საზოგადოება დაინახავდა სიმართლეს. ეს ყველაფერი ფაქტებით რომ არ დამტკიცებულიყო, რაც მოხდა. მე რამდენიც არ უნდა მეყვირა, ვინ დამიჯერებდა? ყველა ჩათვლიდა, რომ ცოლია და იცავს. ამიტომ რა ვიცი, რა გითხრათ? _ მისი ემოცია და მისი რეაქცია იყო ის, რომ იგი უფრო მეტს ელოდება. ეგ არის და ეგ, მარტო სუბელიანის აღსარება მისთვის არ კმარა.
_ რას ცვლის სუბელიანის ეს აღიარება იურიდიული, თუნდაც, პოლიტიკური თვალსაზრისით?
_ ეს ყველაფერი, ეს მტკიცებულებები ჩვენ სამართლებრივად ისედაც გვქონდა და ამ ყველაფერს მოჰყვებოდა თუ არა თავისი პირით მირზა სუბელიანი, ამით ჩვენ არაფერი გვეცვლება. მთელი ეს მტკიცებულებები, ყველაფერი წარდგენილი მაქვს საზოგადოებისთვისაც, პროკურატურისთვსაც და სასამართლოსთვისაც და აქედან გამომდინარე ვიცი, რომ არაფერი შეიცვლება, თუმცა სტრასბურგისთვის ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა, თუ როგორ იღებდნენ ჩვენებებს ბაჩოს საქმეებთან დაკავშირებით. ამიტომ გავაგზავნეთ კიდეც ეს ყველაფერი უკვე სტრასბურგში. ეს არის და ეს, ჩვენთვის პოლიტიკურად შეიცვალა ის, რომ ადამიანები, რომლებიც მე არ მიჯერებდნენ და კიდევ ეჭვი ეპარებოდათ რაღაცაში, საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე ფაქტებით ვსაუბრობდი, ფაქტები მქონდა წარდგენილი, მათ მაინც სუბიექტურად ეჩვენებოდათ ჩემი მონაყოლი, მაგრამ ახლა თვითონ სუბელიანისგან მოისმინეს ეს ყველაფერი და დარწმუნდნენ. ვიმეორებ, ესაა და ეს, თორემ იურიდიულად არაფერი იცვლება, სამწუხაროდ. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არც სასამართლო არსებობს, არც _ პროკურატურა და არც არანაირი სამართალი.
_ მოუწევს თუ არა ამ ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ჩანაწერებით გამოვლინდა?
_ დიახ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ამ ყველაფერზე. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვერც პოლიტიკური ანალიზისა და ვერც პოლიტიკური განცხადებების კეთებას ვერ დავიწყებ. ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა, ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო რაღაც დოზით ჩემს ცხოვრებაში. ეტყობა, ზუსტად ამიტომაც მაქვს ეს მიუღებლობა, რადგან ყოველთვის მართალი ადამიანები ისჯებიან ამ პოლიტიკაში ჩემ ირგვლივ, სამწუხაროდ. მოკლედ, ვერაფერს ვიტყვი. ერთადერთი, ზუსტად ვიცი, მართლაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევთ ამ ყველაფრისთვის ფასის გადახდა. ადამიანებში ეს ყველაფერი ილექება და ერთხელაც იქნება, იფეთქებს. ამ სუბელიანის ჩანაწერებამდე სხვა ჩანაწერები იყო და ჩვენ გავიგეთ, რა ხდება ფარცხალაძის სარდაფში, თურმე აქ რაღაც შეიარაღებული ბანდფორმირებები არსებობს და ჩვეულებრივ „მხედრიონი“ დაბრუნდა, უბრალოდ, ჯერ ჩვენთვის ხილული არ არიან, მაგრამ ადამიანები სარდაფში ჩაჰყავთ, იტაცებენ, აწამებენ და ა. შ. რაც არ უნდა მალო, ასეთ ფაქტებს ბოლომდე ვერ დამალავ. ასეთი ფაქტების მსხვერპლები შეიძლება „რუსთავი 2“-თან არ მოჰვნენ ამ საშინელებებს, მაგრამ ვიწრო წრეში აუცილებლად მოყვებიან და ყვებიან კიდეც, ხმაურდება კიდეც. ზუსტად ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოუწევთ პოლიტიკური ფასის გადახდა ამ ყველაფრისთვის, სხვანაირად არ არსებობს. უბრალოდ, არავის შერჩენია და… როგორ არ შერჩენია, შერჩენია და…
_ ეგ მინდოდა მეთქვა სწორედ: ჩვენ ვუყურებთ ხაინდრავას, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი შერჩა 90-იანი წლებიდან მოყოლებული.
_ კი, მაგალითად, გახარიას ვეძახი პატარა იგორ გიორგაძეს. გიორგაძეს რომ არ მოეთხოვა პასუხი თავის დროზე, იმას ვიმკით დღეს გახარიას სახით და ვნახეთ, როგორ მონაწილეობს იგი ბიზნესის რეკეტსა და ყველა ამ ბინძურ საქმეში. ჩვენ მისი სახელი გავიგეთ აქ, სუბელიანის ამ ჩანაწერებშიც და იქ, ოქუაშვილის ჩანაწერებშიც. ყველგან ფიგურირებს ეს გახარია. თავის დროზე რომ არ ისჯებიან ასეთი პირები, იმიტომაც გვევლინებიან მერე ასპარეზზე მათი კლონები და შვილობილები და ამიტომაც ბედავენ შემდეგ იგივეს, რასაც ბედავდნენ მათი წინამორბედები. ამიტომაც ვიღაცამ, ბოლოს და ბოლოს, პასუხი უნდა აგოს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, აუცილებელი არაა, ყველა ციხეში წავიდეს, მაგრამ ყველას ქმედებას უნდა დაერქვას სახელი იმისთვის, რომ შემდგომი ცხოვრება გავაგრძელოთ და ჩვენმა შვილებმა მაინც იგივე წრეზე არ იარონ და განვითარებულ ქვეყანასა და სახელმწიფოში იცხოვრონ. ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, სამწუხაროდ, ქვეყანა გვაქვს მხოლოდ. ქვეყანაში ვცხოვრობთ, უბრალოდ.
_ რას ამბობს ბაჩო, იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას ეს ჩანაწერები ამ არჩევნებზე? როგორია მისი პროგნოზი?
_ ბაჩოს აზრით, ის, რაც 2012 წელს საქართველოში მოხდა, იყო „ფეესბეს“ ჩვეულებრივი ოპერაცია და დღეს რუსეთი საქართველოს ასე ადვილად არ დათმობს, რომ ჩვენ არჩევნები მოვიგოთ და ხელისუფლება შეიცვალოს. მისი აზრით, ეს ასე იოლად ვერ მოხდება. ბიძინა ივანიშვილი მოსვლის დღიდან 2030-ს გაიძახის. ტყუილად არ გაიძახის, მას თავისი გეგმები აქვს, დავალება აქვს და ეს დავალება უნდა შეასრულოს. ბაჩომ კარგად იცის, რომ ეს ასე იოლად არ მოხდება, თუმცა ისიც კარგად იცის, რომ არც ქართველი ხალხი დათმობს და ისევ რუსეთის იმპერიის რაღაც ნაწილი არ გავხდებით. ამისთვის იბრძოლებს ქართველი ხალხი, ამაში დარწმუნებულია. 2012 წლიდან დღემდე ადამიანების ტვინებში ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი ვინმე ბევრ რამეს მიხვდა და ალბათ კიდევ რაღაც დრო გვჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მიხვდეს ამ ყველაფერს. ალბათ დღეს და ხვალ ეს ყველაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ზეგ და მაზეგ აუცილებლად შეიცვლება. აი, ამას ფიქრობს ბაჩო.
ეს არჩევნები ერთმნიშვნელოვნად მოგებული გვაქვს, მოგებული გვაქვს! პირველად ვამბობ ამას ამდენი წლის შემდეგ, არც 2016-ში ვამბობდი და არც 2017-ში, ეს არჩევნები მოგებული აქვს გრიგოლ ვაშაძეს! უბრალოდ, ჩვენ მოგვპარავენ ამ გამარჯვებას და დასაცავი გაგვიხდება! მოგებული გვაქვს, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები აძლევენ გრიგოლ ვაშაძეს ხმას, რომლებიც ვერ წარმომედგინა, რომ როდესმე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მისცემდნენ ხმას. კი ბატონო, გროგოლი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა.
ვხედავ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილს არავინ აძლევს ხმას, თვით მამალი „ქოცებიც“ კი, ამიტომ ზუსტად ვიცი, ეს არჩევნები მოგებული გვაქვს. უბრალოდ, გამარჯვებას მოგვპარავს, იმიტომ რომ ასე ადვილად რუსეთი საქართველოს არ დათმობს. ბაჩოც ფიქრობს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს. აი, როგორც უტიფრად ატყუებენ ადამიანებს, როგორც ჩანაწერების მერე თავად დგამენ ჩანაწერებს, მერე გამოდიან, თვალებში გვიყურებენ და უტიფრად გვეუბნებიან, რომ ესეც ჩანაწერების ნაწილიაო, ასე უტიფრად მოიქცევიან არჩევნებზეც, გამოაცხადებენ ციფრებს, რომელიც აწყობთ, გეტყვიან, რომ იცი, რა, ასე იყო და მორჩა. გინდა დაიჯერე, გინდა _ არა.
_ მორჩება მერე ამით? საზოგადოება ყლაპავს მაგას?
_ აი, ეგ არის მთავარი. ეს ყველაფერი ამ საზოგადოებაში ილექება და აერთხელ აუცილებლად ამოხეთქავს, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, მზად ვართ მაგისთვის? თუ ჯერ კიდევ გასასვლელია რაღაც დრო? ალბათ, რაღაც დრო უნდა, თუმცა პიკზეა, ქუჩაში რომ გადიხარ, ხალხი უკვე საუბრობს იმ ყველაფერზე, რაც ხდება, რასაც იგებს. გვესმის, რომ ხალხი ამ ჩანაწერებზე, სახლებზე ლაპარაკობს. ვნახოთ, რა მოხდება.
_ ამ ჩანაწერში სუბელიანი ამბობდა, რომ მან „გააბოზა“ ქურდები, რაც ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისთვის. რას ამბობს ბაჩო, ეს გამოიწვევს თუ არა ამ ხელისუფლების ურთიერთობების გაფუჭებას ქურდულ სამყაროსთან?
_ არა, ეს რატომ გამოიწვევს? კახი კალაძე ჰყავთ აგერ ძმაკაცი და მას აუგი არ დასცდენია ქურდებზე, კიდევ ბევრი სხვა მეგობარი ჰყავთ ხელისუფლებაში. გოგა ხაინდრავა ჰყავთ დამლაგებელი, თეა წულუკიანი ჰყავთ, კრიმინალური ავტორიტეტების სხვა ძმაკაცები და არა მგონია, რომ ერთი სუბელიანი გაუფუჭებდეს მაგათ ურთიერთობას, თან ნამდვილად მშვენივრად გრძნობენ თავს. თუ რაღაც შევიწროებას იგრძნობდნენ და იმ შევიწროებას ეგ განცხადებაც დაემატებოდა, ალბათ იმოქმედებდა, მაგრამ ახლა გადასარევად არიან და ერთი სუბელიანის ლაპარაკი რას არევს? მშვენივრად არიან გინდა შიგნით, გინდა გარეთ, გინდა ციხეში, გინდა საქართველოს გარეთ.
_ სტრასბურგთან დაკავშირებით რა ხდება, რა ეტაპზეა ბაჩოს საქმე?
_ სტრასბურგში გაგზავნილი და გასაჩივრებული გვაქვს მხოლოდ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული დარღვევები, თორემ რაზეც მიუსაჯეს, ის საქმე არ გვაქვს გაგზავნილი. მოგეხსენებათ, საქმე რომ გაასაჩივრო, ჯერ ადგილზე უნდა ამოწურო მთელი პროცედურა და აქ არ ამოგვიწურია. 4 წელი მიდიოდა პროცესი აპელაციაში, ახლახან დამთავრდა და წინ უზენაესი სასამართლო გვაქვს, იქაც უნდა ამოვწუროთ, მთელი ეს პროცედურა უნდა გავიაროთ და მხოლოდ შემდეგ შევძლებთ სტრასბურგში გასაჩივრებას. მიუხედავად იმისა, რომ თავის ვადები აქვს აპელაციასაც და უზენაესსაც, 6 თვე და 3 თვე, წლები მიდის პროცესები, მიზანმიმართულად წელავენ წლობით ამ ყველაფერს. რაც შეეხება პატიმრობასთან დაკავშირებულ საჩივარს, რაც გაგზავნილი გვაქვს, კომუნიკაცია უკვე დამთავრებულია და გადაწყვეტილებას ველოდებით.
_ რა არის მოსალოდნელი, რას შეცვლის?
_ შეცვლით როგორც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არაფერი შეცვალა, აქაც არაფერს შეცვლის, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ალბათ უფრო კრემლის მითითებებს დაემორჩილებოდა, ვიდრე სტრასბურგისას. სტრასბურგი ნაკლებად აინტერესებთ. ამათ არ აინტერესებთ, თორემ ქვეყნისთვის ნამდვილად პრობლემაა, როდესაც სტრასბურგი გეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმარი გყავს.
_ დავუბრუნდეთ არჩევნების თემას. არსებობს მოსაზრება, რომ სალომე სულაც არაა ივანიშვილის კანდიდატურა და ის პირდაპირ კრემლის კანდიდატურაა. ივანიშვილმა რუსეთს ვერ შეუსრულა მთავარი _ აფხაზეთის, ცხინვალის აღიარება, ვერ გახსნა რკინიგზა. მოკლედ, ვერ თუ არ გააკეთა ის, რისთვისაც მოიყვანა. რომ ის უფრთხილდება როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში დაბანდებულ ფულს და შესაბამისად ლავირებს. ამიტომ კრემლი ზურაბიშვილს გზავნის იმის გასაკეთებლად, რასაც ვერ აკეთებს ბიძინა და ამ შემთხვევაში ბიძინას ერთადერთი ის ევალება, რომ როგორმე გაათრიოს სალომე. დანარჩენს უკვე სალომე გააკეთებს და თადარიგიც დაჭერილი აქვს, ამბობს, რომ აფხაზეთი არის განგრენა და მოსაკვეთი, კასპში გაიძახის, რომ საზღვარი ახლოსაა…
_ მეზობელი აფხაზეთი და ასე შემდეგ…
_ ბიძინასთვისაც ეს კომფორტულია იმ გაგებით, რომ დასავლეთთან სათქმელი ექნება, მე რა შუაში ვარ, აგერ ხალხის არჩეული პრეზიდენტი აკეთებს მაგას. ბიძინას, უბრალოდ, ახლა აქვს დისკომფორტი, როგორმე უნდა გაიტანოს და დადოს სალომე.
_ ზუსტად ასეა და ეს რომ ასეა, ამას მოწმობს გაცხადებულად პრორუსი პოლიტიკოსების ასპარეზიდან უეცარი გაქრობაც. არც ბურჯანაძე, არც ინაშვილი ამ არჩევნებში არ მონაწილეობს. ეგრევე გამოეთიშნენ, ჩაწეულები და გვერდზე გაწეულები არიან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პირდაპირ კრემლიდან მოდის. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი კრემლის კანდიდატურაა და მთელი რუსული არხები სალომე ზურაბიშვილის ფარზებით ცხოვრობს, საქართველოზე თუ რამეს აშუქებენ, სალომე ზურაბიშვილის ფრაზებით იწყებენ და ამთავრებენ.
_ ბაჩოც ასე აღიქვამს, რომ ეს არის უშუალოდ კრემლის დირექტივა და არა ივანიშვილის სურვილი?
_ რა თქმა უნდა, ბაჩოს ღრმა რწმენით, სალომე ზურაბიშვილი პუტინის კანდიდატია. ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ, დავალებული აქვს, რომ მხარი დაუჭიროს და გაათრიოს ეს ქალი. სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ეს ლეგიტიმაცია უნდა გამოიყენოს და ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს აფხაზეთის ცნობასთან დაკავშირებითაც, სამაჩაბლოს ცნობასთან დაკავშირებითაც. კიდევ ბევრი სხვა უბედურება გველის, თუ ეს ქალი დაგვასვეს თავზე.

რეზო შატაკიშვილი