თაკო ჩარკვიანი: „ყელში ამოხვედით ტყუილებით, ქვეყნის დაძირვაზე ფიქრით, ავანტიურებით, პროვოკაციებით!“

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მიანიშნებს, რომ 28 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში დიდი ეროვნული გაერთიანება შეიქმნება, რომელიც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს და რომელსაც პრეტენზია ექნება, რომ „ოცნება“ შინ გაუშვას. ამის შესახებ სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა სოციალურ ქსელში ღია მინიშნებაც გააკეთა და დაწერა:

„ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არჩევანი არის გონიერი, პროფესიონალი, განათლებული და ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც უპატრონებს ამ ქვეყანას ამ ერთი ინსტიტუციით საერთაშორისო არენაზე. ამ ადამიანის არჩევით დიდი შანსი უჩნდება ქვეყანას, ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რაც უკეთეს სიბერესა და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალსა და განათლებას ნიშნავს; გავარღვევთ იმ მოჯადოებულ წრეს, რომელზეც დადის ეს ქვეყანა მრავალი წელია, ხოლო ნოემბერში, სრულიად ახალი გაერთიანებით, მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომ ეს სამარცხვინო, კანონდამრღვევი საკანონმდებლო ორგანო სახლში გავუშვათ!“
ვინ იქნებიან ახალი ეროვნული გაერთიანების ლიდერი ან სახეები? _ ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა „ქრონიკა+“-თან საუბრისას თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ქვეყანა რუსულ კორუფციულ ჭაობშია ჩაძირული და დროა, „ოცნება“ გონს მოეგოს.
„ყელში ამოხვედით ტყუილებით, ერთმანეთის ჯიბრით, ქვეყნის დაძირვაზე ფიქირით, სხვისი ხელფასების მოპარვით, ავანტიურებით, პროვოკაციებით… ძოვენ ჩვენს ქვეყანას თუ ქალაქს ვიღაც ტიპები და მე მგონი, დაგვაჯერეს კიდეც, რომ ასეა საჭირო. თუ დროზე არ გამოვფხიზლდით, ერთ მშვენიერ დღეს გამოვიღვიძებთ და რამდენიმე ბიძიას ხელში აღმოჩნდება ჩვენი ქალაქი თუ ქვეყანა“, _ ამ სიტყვების ავტორიც პუბლიცისტი თაკო ჩრკვიანია.
წერილი, საიდანაც ეს ამონარიდი მოვიხმეთ, პუბლიცისტმა ზუსტად 15 წლის წინათ, 2003 წლის თებერვალში გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ჩანს, მას შემდეგ ქვეყანაში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩვენმა გამოცემამ რეიტინგულ ქალბატონთან ინტერვიუ სწორედ ამ რიტორიკული კითხვით დაიწყო:

_ თაკო, წლებია, ერთ მოჯადოებულ წრეზე რატომ ვტრიალებთ?
_ „ნუ მოძოვთ ჩემს ქვეყანას“, _ ასე ერქვა იმ წერილს, რომლის ამონარიდიც ახლა გამახსენეთ. სხვათა შორის, ამ წერილს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საერთოდ, ყოველთვის იქ ვარ, სადაც ვარ _ ჩემი პოზიციები არ იცვლება. ვიღაცები მას მერე იცვლებიან, როცა თანამდებობებზე მიდიან და შენზე ბრაზდებიან, აი, აქამდე ხომ გვემხრობოდიო?! დიახ, მე შენს წესიერ და პატიოსან დაპირებებს ვემხრობოდი, მაგრამ თუკი ხალხს მოატყუებ, ბუნებრივია, აღარ მოგემხრობი!
_ ვხვდები, საუბარი საითკენაც მიგყავთ, ანუ „ოცნებამ“, რომელსაც 6 წლის წინ მხარს უჭერდით, ხალხი მოატყუა?
_ ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს ხმა არ მივეცი, მწვავე ოპოზიციაში ვიყავი და ამის შესახებ მისი პირველი ინაუგურაციის წინ საჯარო განცხადებაც გავაკეთე, თუმცა მიმაჩნია, რომ ხალხი მაშინაც სწორად მოიქცა, რადგან ცვლილებასა და სიახლეს მისცა ხმა…
_ 2012 წელსაც ადამიანებმა „ოცნებას“ სიახლის იმედით დაუჭირეს მხარი, თუმცა ბოლო ორი თვეა, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში კორუფცია და სახელმწიფო რეკეტი ჰყვავის. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი იყავით, რომელიც ამბობდით, ქვეყანა ფეოდალიზმისკენ მიდისო… „ოცნებამ“ ხალხს იმედი რატომ გაუცრუა?
_ ჩემს სიცოცხლეში გადაუმოწმებელ ინფრომაციაზე განცხადება არასოდეს გამიკეთებია და არც გავაკეთებ. განგაშის ზარს ყოველთვის ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობთ ვკრავ და სამწუხაროდ, ეს ინფორმაციები მართლდება ხოლმე. სხვათა შორის, 2012 წლის ივნისში წერილი გამოვაქვეყნე, რომელსაც ერქვა: „მე, ვასილ მაღლაფერიძე, გრომიკო და სამების აღმშენებელი“.
_ ისე, ნიშანდობლივია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე „ოცნების“ ერთ-ერთ ფარულ პიარკონსულტანტად მიიჩნევა…
_ იცით, მაშინ ეს წერილი რატომ დავწერე?
_ რატომ?
_ ვასილ მაღლაფერიძე „მე-9 არხზე“ ვიღაცებთან ერთად იჯდა და ზუსტად იმ აზრს ავითარებდა, რაზედაც ახლა ქალბატონი ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაზე საუბრობს.
_ იმას გულისხმობთ, რომ ზურაბიშვილი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს?
_ დიახ. ეს საუბარი მაშინვე არ მომეწონა. საერთოდ, მირჩევნია, ადამიანებს წინასწარ ვუთხრა, ვინ ვარ და რას ვფიქრობ. ამ წერილითაც იმ გუნდს, რომელიც 2012 წელს სათავეში უნდა მოსულიყო, მივანიშნე: მე და ჩემს ოჯახს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სხვა პოზიცია გვაქვს და ეს იცოდეთ-მეთქი. დიახ, ეს წერილი ჩემი აბსოლუტურად შეგნებული სვლა იყო, თორემ გრომიკოსა და სამების ამშენებელს რატომ დავწერდი? სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავი, ჯაჭვში მამაჩემთან ერთად ვიდექი, რადგან ჩემთვის რუსეთ-საქართველოს ომის თემა უმნიშვნელოვანესია. ქართული ანდაზაა, ბავშვი ნაბან წყალს არ უნდა გადააყოლოო. შეიძლება, სააკაშვილი არ მოგწონდა და არ მოგწონს, მაგრამ ვერ გავიგე, ამის გამო ომის დაწყება შენს ქვეყანას უნდა დააბრალო?! მაპატიეთ, მაგრამ ეს ან გონებასუსტის პრეროგატივაა ან _ რენეგატის! სხვა ვარიანტი არ არსებობს!
რაც შეეხება კორუფციას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლება მარიხუანას კულტივაციის დაკანონებას აპირებს. მართალია, ამბობს, ჯერჯერობით, ეს კანონპროექტი შევაჩერეო, მაგრამ რას ჰქვია, შეაჩერა? ეს ხელისუფლების მხრიდან გაბედვაა, რომლის წინააღმდეგაც ერი და ბერი გაერთიანდა!
ზოგი ამბობს, ეკლესია საერო საქმეებში რატომ ერევაო? ამას წინათ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კი ბრძანა, ყველა ხმალს ჯვარი აქვსო და, წარმოგიდგენიათ, საქმე რა უვიცობასთან გვაქვს? _ ქართულ ხმალს ჯვარი იმიტომ აქვს, რომ ეს ჩვენი ისტორიაა. ქართველი ერი ყოველთვის ბედკრული და თავის დაცვაში იყო, ამიტომაც ხმალსაც ჯვარს უკეთებდა _ ეს თავის გადარჩენა იყო! მეტიც, მინდა, ქალბატონ ზურაბიშვილს ვუთხრა, თავი რომ გადაერჩინათ, ქართველი ქალები მჭადსაც კი ჯვარს უსვამდნენ, მაგრამ, აბა, საიდან ეცოდინება?! _ მას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტობა უნდა
_ თაკო, ყველაფერი ეს ოცნებების დამსხვრევასა და ქვეყანაში ფესვგამდგარ კორუფციასთან რა კავშირშია?
_ დიდ კავშირშია და ახლავე აგიხსნით: პირველი, რაც „ოცნებამ“ გააკეთა და რაც არ მოგვეწონა, ის იყო, რომ საქართველოში რუსული ტიპის კორუფცია დააბრუნა! მეტიც, ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო 6 წელია, ხდება, რუსული ნარატივია! ახლა უნდათ, ყველაფერ ამას დასტურად სალომე ზურაბიშვილი დაუსვან, რაც, უბრალოდ, ქვეყნის დაქცევა და საქართველოში რუსული ფლანგის საბოლოო გამარჯვება იქნება!
_ იმის, რასაც ამბობთ, არგუმენტებით დადასტურება შეგიძლიათ?
_ რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად შემიძლია.
_ გისმენთ…
_ თავის დროზე, ძალიან მკაცრი განცხადება გავაკეთე და ვთქვი, _ აქედან მოსკოვში ჯგუფი იყო ჩასული და სთხოვდა, საქართველოში დროზე შემოდით, თორემ მერე გვიან იქნებაო. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, საქართველოში რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, წააგებს, რადგან ყველა გამოკითხვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ის ნაწილიც, რომელსაც სააკაშვილი არ მოსწონს, დასავლეთის მომხრეა! რუსეთი მიხვდა, რომ რეფერენდუმით ვერაფერს მიაღწევდა და ამიტომ ძალიან მზაკვრული და ცუდი გეგმა შეამოაგდო.
_ ეს „მზაკვრული და ცუდი გეგმა“, მაინც, როგორია?
_ როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილს, განა, არ შეეძლო, რომ დიპლომატისთვის ასეთი უსუსური განცხადებები არ გაეკეთებინა?
_ წესით, შეეძლო.
_ დიახ, შეეძლო, მაგრამ ეს განცხადებები განზრახ გააკეთა, რადგან რუსეთი სთხოვს, მთელ მსოფლიოს უნდა ვამცნოთ, რომ საქართველოს ნომერ პირველი ინსტიტუციის მტკიცებით, საქართველომ არათუ ომი დაიწყო, არამედ საკუთარი მოსახლეობა დაბომბაო. ეს, აპრიორი, იმას ნიშნავს, რომ მომავალში მსოფლიომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს და რუსეთიც ბედნიერი იქნება!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ საუბარი კორუფცით დავიწყეთ და კორუფციასთან ეს რუსული გეგმა ან ზურაბიშვილი რა კავშირშია?
_ პრეზიდენტს, რომელიც მთელ მსოფლიოში ივლის და დაამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, როგორ გგონიათ, იმის ძალაუფლება არ ექნება, რომ საქართველოში რუსულ კორუფციას „სახურავი“ გაუკეთოს?
_ ე. ი., რუსული კორუფციის, ასე ვთქვათ, მოსაძლიერებლად ნიადაგი წინასწარ მზადდება?
_ რა თქმა უნდა. ექვსი წელია, ეს უბედურება ნელ-ნელა მოდის და ახლა კორუფცია უკვე ღმუის. მურუსიძეს კი არ გადავეკიდე, არამედ, გირგვლიანის საქმეზე ხელის მომწერია და ამიტომაც მახსენდება ხოლმე, მაგრამ ამათ დააწინაურეს, ანუ „ოცნებამ“ უფრო იოლად სამართავი მოსამართლე მიიღო. აქამდეც არაერთხელ მიხსენებია „ყმაწვილი“ ლაშა ნაცვლიშვილი და, როგორ ფიქრობთ, შემთხვევითი ფენომენი იყო? შეიძლება, საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი აკადრო, მთავარი პროკურორის მოადგილედ კი _ ლაშა ნაცვლიშვილი? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ამ ადამიანზე ერთი ან ორი სტატია წაგიკითხავთ? სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ მარიხუანას კულტივაციაზე საუბარი სწორედ იმ წრეში დაიწყო, რომელშიც ეს ადამიანიცაა. ამას წინათ აშშ-ის საელჩოს, ასე ვთქვათ, დეკლარაცია წავიკითხე, სადაც წერია: თუ ოდესმე რომელიმე ბიზნესმენს ნარკოტიკების საწარმოში ინვესტიცია აქვს ჩადებული, აშშ-ში არაფერი ესაქმება.
საქართველოში აბრეშუმის კულტურა იყო, მაგრამ ეს თემა არაა წამოწეული. არადა, ვფიქრობდი, ამხელა მილიარდერი მოდის და დავიჯერო, ერთ საწარმოს არ გააკეთებს-მეთქი? ისე, ბიძინა ივანიშვილის ხსენება ბოლო დროს დავიწყე, თორემ მანამდე გამოკვეთილად არ ვახსენებდი.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ როცა ადამიანი სამართლებრივად არ ჩანს, წესი და რიგი არაა, სულ მისი სახელი და გვარი ატრიალო. ამიტომ ხან ღარიბაშვილს ვახსენებდი, რომელიც პრემიერი იყო, ხანაც _ კვირიკაშვილს, თუმცა ხშირად მითქვამს, კულუარებში არაფორმალურ მმართველზე საუბრობენ-მეთქი. მიუხედავად ამისა, პასუხს არ ვთხოვდი, მაგრამ ახლა, როცა ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ გაცხადებული თავმჯდომარეა, რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულია, გამოვიდეს და ყველაფერ ამაზე ისაუბროს!
მოკლედ, ბოლო ექვსი წელია, საქართველოში რუსული ტიპის კორუფცია ყვავის და ამ კორუფციის ნიმუში მოვისმინეთ, როცა ძალიან კარგი მამის შვილი ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, _ სამი მანქანა გადმომიფორმე და ვალების გაქვითვას დავიწყებთო. ეს რას ნიშნავს? თუ რომელიმე ბიზნესმენს დანაშაული აქვს ჩადენილი და სამ მანქანას აჩუქებს, დამნაშავე აღარ იქნება? კოჰაბიტაცია ხომ შემოიღეს და ახლა კონტრიბუცია შემოიღეს! ეს აბსოლუტურად რუსული სტილით მუშაობაა.
ადრე ვთქვი, ერთ ოჯახს ქუჩაში ზვარაკად მიიღებთ-მეთქი. დიახ, ერთი გადაცდომა და მთელ საქართველოს ქუჩაში მიიღებენ!
არ იციან, ბიზნესი როგორ აკეთონ და ამიტომ უფრო ადვილია, რუსული კორუფციული სისტემით იშვონ ფული, სახლები ევროპაში იყიდონ, შვილებსაც ევროპაში ასწავლონ, ჩვენს საწყალ მოსახლეობას _ პენსიონერებს, მოხუცებს და სხვის შვილებს კი რუსულ კორუფციულ სისტემასა და ეკონომიკურ სივრცეს სთავაზობენ, მაგრამ ამის უფლებას არავინ მისცემს!
საფრთხე უკვე საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრება! რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ძალიან საინტერესო პრეზიდენტები გყვავდა და მეოთხე პრეზიდენტიც საინტერესოა.
_ მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, რით არის საინტერესო?
_ მოგახსენებთ: პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც აბსოლუტურად ახალი სახელმწიფოს შექმნა და დაბადება უკავშირდება! რაც გამსახურდიასთან დაკავშირებით მოხდა, რუსეთის მიერ იუველირულად იყო ნამუშევარი და დღეს სწორედ ეს იუველირული მუშაობა აღარ გამოსდის! დღეს გარკვეულმა ადამიანებმა ყველაფერი ვიცით, მაშინ კი არაფერი ვიცოდით, ორვე მხარე ბეცივით ვიყავით და ერთმანეთი დავხოცეთ…
გამსახურდიას შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელმაც საქართველოში ნავთობსადენი გააკეთა _ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია დიდხანს არ ჰქონდა და ამ ნავთობსადენით გეოპოლიტიკური ფუნქცია რაღაცნაირად შეიძინა.
სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის სახელს უკავშირდება სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობა.
_ კი ბატონო, მაგრამ ელიტურ კორუფციაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც საუბრობდნენ…
_ ელიტურ კორუფციაზე საუბარი 90-იან წლებშიც იყო. მეტიც, მაშინ იმასაც ამბობდნენ, პანკისის ხეობაში ნარკოქარხნებიაო, რასაც მშვენიერი ჟურნალისტი გიორგი სანაია შეეწირა…
მოკლედ, კორუფციაზე საუბარი ყოველთვის იყო და იქნება, სანამ რუსეთს ინსტიტუციურად არ მოვიცილებთ, ანუ სათავეში აუცილებლად უნდა მოვიდეს ეროვნულად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფალი, რომელიც თავდაპირველად ოთხ-ხუთ კანონს მიიღებს.
_ ეს რა კანონებია?
_ სხვათა შორის, სააკაშვილმა ე. წ. ანტიქურდულ მენტალიტეტზე მიიღო კანონი, რაც ძალიან კარგი იყო.
ვიღაცას შეეშინდება, მაგრამ ძალიან გამიხარდება, თუ ერთ ჯგუფს ამის შეეშინდება და მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანტიკორუფციულ კანონს მიიღებს!
_ კორუფცია ისედაც დასჯადია, თაკო, შესაბამისად, ანტიკორუფციული კანონი რას ნიშნავს?
_ თქვენ გგონიათ, რომ მხოლოდ ქურდული მენტალიტეტი არსებობს? ესენი ბიზნესში უკვე „ქურდებად“ სხედან! ომის შემდეგ, როცა გერმანია განადგურებული იყო, 40 ადამიანი შეიკრიბა და განადგურებული ქვეყანა სწორედ კანონებით აღადგინა ფენიქსივით. დიახ, დროა, სათავეში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ეროვნულს იმ სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობის სურვილს დაუმატებს, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა და ასევე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც გაითვალისწინებს. რუსეთის მოგონილია, რომ, თურმე, ძალიან ცუდი ადგილმდებარეობა გვაქვს. არადა, საქართველოს ადგილმდებარეობა გენიალურია! ცუდი ადგილმდებარეობა რომ გვქონდეს, რუსეთი დიდი ხნის წინ დაგვანებებდა თავს.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მართალია, მას სახელმწიფო ინსტიტუტები არ შეუქმნია, მაგრამ მას საპრეზიდენტო ინსტიტუციის დაცვა მოუწია. მარგველაშვილმა მოახერხა და ეს ინსტიტუცია შეინარჩუნა, ანუ მან, გარკვეულწილად, საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მუდმივად დარტყმას აყენებდა, გადაარჩინა! ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუციის შერყევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა!
…ფარული ჩანაწერები, რომელიც ბოლო დროს ვნახეთ, შოკისმომგვრელია _ მივიღეთ კორუმპირებული კრიმინალების ხელისუფლება, მაგრამ ახლა ვიშვიშის დრო არ არის.
_ აბა, რისი დროა, რა უნდა გავაკეთოთ?
_ რა და არჩევნებზე უნდა ვუთხრათ უარი ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც სახელმწიფოს განადგურება გადაწყვიტა! ეს რა ხდება, ხალხნო?!
ქართული სახელმწიფოსთვის უნდა გავერთიანდეთ! არა კორუფციას, არა კრიმინალურ გარიგებებს, არა მარიხუანას სახელმწიფოს, არა ოკუპანტს! არა ყველაფერ ამის სახურავ-ლობისტ „ოცნების“ კანდიდატ ზურაბიშვილს!
ყველაფერი, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ და მოვისმინეთ, ქვეყნის ტრაგედიაა და ყველაფერ ამის ნახვის შემდეგ კითხვასაც რომ არ დასვამ იმის შიშით, „მამა მარჩენალს“ არ ეწყინოსო, აი, ზუსტად მაგას ჰქვია, „ლაგამამოდებული“ რომ ხარ, რად უნდა ამას ხმის ჩახლეჩამდე მტკიცება, არ ვარო?
შვილმკვდარ მამას რომ ამ დღეში ჩააგდებს ხელისუფლება (უკვე ზუსტად ჩანს, რომ ამ კრიმინალს ხელისუფლება აფარებს ხელს), შენ კითხვაც არ გაგიჩნდება ამ კრიმინალურ ხელისუფლებასთან და მუნჯად დაჯდები ან გამართლებას დაიწყებ, ზუსტად ეგ არის „ლაგამი“, ქალბატონებო და ბატონებო (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება)!
დიდი უბედურება ხდება ჩვენს ქვეყანაში. მართლა არ გვეკადრება, სირცხვილია, ქვეყანა ერთი და იგივე ფეოდალ-კორუმპირებულების ერთ წრეზე ვატაროთ მათზე დამოკიდებული ზოგიერთი ლაგამამოდებულის გამო!
„ლაგამი“ გიშლით, გავიგე, ბატონო, მაგრამ ასე „ხმის ჩახლეჩამდე“ ამ კრიმინალის ხმამაღლა დაცვა და გამართლება რაღა არის? თუ ვერ იღებ ხმას, გაჩუმდი მაინც, შე კარგო ადამიანო. ეს იფ, იფის ძახება რაღაა?!
პოლიტიკურად „გახრწნილი გვამების სუნი დგას“, ყარს ქვეყანა, ეს რა სირცხვილშია ქვეყანა!
ხალხია ძალიან ცუდ დღეში აი, ამ ტიპის კორუფციული „გარიგება-შეწერებით“. ამიტომ შიმშილობს მოსახლეობა. ერთი და იგივე ხალხით დაკომპლექტებული ბანდა აშიმშილებს თანამემამულეებს, აი, ამიტომ გვყავს ამდენი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული!
უკვე მრავალი წელია, ძარცვავს ეს ბანდა ქვეყანას. მას ყოფილი „მედიაშნიკები“ ჰყავს დასაქმებული „მატარებლებად“, ანუ ჰყავს დაქირავებული, რომ ცრუ ინმფორმაციები, ცილისმწამებლური სიბინძურეები გაავრცელონ, მაგალითად ის, რომ ვითომ „შვილმა მამაზე თქვა, რომ ის მოღალატეა.“ არადა, მსგავსი საქციელი ხომ „მათი“ „გამზრდელი მამის“, ნუგზარ ფოფხაძის სტილია და მხოლოდ მის ტვინში იხარშება. უკვე მრავალი წელია, ძველ, ანუ „ნაფტალინის პოლიტიკურ-ცვედანთა ბრიგადას“ იყენებს ეს ხელისუფლება, პრაქტიკულად, „გვამებს“ იყენებს, მაგრამ ხომ იცით, გვამი რომ გაიხრწნება, გარდა იმისა, რომ იხრწნება და სუნი ასდის, გაუსაძლისია ახლოს ყოფნა, ამავდროულად, საშიშია, რადგან არსებობს „გვამის დაავადება“, რომელიც მომწამვლელია. ამიტომაც გვამებს მარხავენ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით გვამებს ეხება, მაგრამ ასევეა „პოლიტიკური გვამი“ _ თუ არ „დამარხე“, პოლიტიკურად ააქოთებს ქვეყანას, მოწამლავს, ხალხს დააპირისპირებს, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ და მართლა დამარხავს ქვეყანას, პოლიტიკურად თუ ისე!
ყველამ ვიცით უკვე ამ ბანდის გვამების სახელები და გვარები ყანდიაშვილ-ფოფხაძიანად _ ამათ როგორ დავამარხვინოთ ეს მაგარი ქვეყანა?!
_ ისე, თაკო, სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, კოკა ყანდიაშვილი, რას გერჩით?
_ სტატუსი-წერილი მივიღე „ბებერი გენერლის“ „ოროსანი მოსწავლისგან“, „ყანდურ“-კოკა ყანდიაშვილისგან (როგორც მას მოიხსენიებენ უკვე მრავალი წელია, „თუთაშხიაში“ რომ ყანდურია, ხორბალს რომ აყრიან და რომ მარხავენ დათა და მისი მეგობრები, იმ ყანდურთან ასოციაციით), _ მამაშენი, ჯანსუღი, მიშას წინააღმდეგ იყო ოპოზიციაში და შენ რატომ არ ხარო?
დიახ, მეც, ჯანსუღიც და ხალხის დიდი უმრავლესობა ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ვიყავით ოპოზიციაში იმ დაშვებული შეცდომებისა და სისასტიკეების გამო და სწორადაც ვიყავით; არ აპატია ხალხმა ის დაშვებული სამართლებრივი სისასტიკეები და სახლში გაუშვა ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ (დღეს, როცა შენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და როცა „ბებერი გენერლის“ პატარა „ყანდურები“ ქვეყნის გადაბარებას ლამობენ და ყველაფერს აკეთებენ უკვე 27 წელია, რომ საქართველო რუსული კორუფციული მართვის სტილის ქვეყნად აქციონ და მარიხუანას ნარკოტრაფიკის ქვეყნად იქცეს), რადგან ოპოზიციაში ვიყავით, ამიტომ ეს ქვეყანა გადავაყოლოთ?!
ასე იყო მაშინ, 2008 წელს, როცა ომის დღეებში საყოველთაო ჯაჭვი გამოცხადდა, მახსოვს, მსახიობმა, გია როინიშვილმა დარეკა, რუსთაველის თეატრში შევიკრიბოთო, ჩვენ _ მე და მამა _ ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯაჭვში ვიდექით, ჯანსუღს ფეხზე დგომა უჭირდა (ფეხების გამო), ბიჭებმა სკამი გამოუტანეს და ბოლომდე ჯაჭვში იდგა.
სხვათა შორის, მაშინაც გვითხრა ერთ-ერთმა „პატარა ყანდურმა“, _ რატომ იდექით, თქვენ ხომ ოპოზიციაში ხართო? მაგრამ, აბა, როგორ გავაგებინებ, რომ 27 წელია, ჩემი ქვეყანა დანაწევრებულია, ძალიან მტკივა _ 400 ათასი ერთ მხარეს, 500 ათასი მეორე მხარეს, მილიონიანი ემიგრანტების _ გაწვალებული მშრომელი ადამიანების, სახელმწიფოსგან მიტოვებულების არმია.
„ყანდურები“, ფოფხაძეები არ დაელია ამ ქვეყანას, ამათი მოგონილია სიტყვა _ „ამისტი“ და „იმისტი“ და ესენი, ამ დროს, დიდ და ბინძურ ფულს აკეთებენ საქართველოსა და ხალხის დაპირისპირების, გაწვალების ხარჯზე.
ჰოდა, არ გამოგივათ ამჯერად, რადგან მე, მაშინდელმა ოპოზიციონერმა თუ შევძელი, რომ გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადამედგა და ეს გამოვიდა, ე. ი., ყველაფერი შეიძლება, რადგან ყველგან არიან გონიერი, წესიერი ადამიანები, რომელთა გაერთიანებით ქვეყანას უდავოდ ეშველება და არ დავუშვებთ საქართველოს რუსულ კორუფციულ სივრცესთან მიერთებას, რადგან „ყანდურ, ძმაო“, ჯანსუღმა მასწავლა სწორედ, რომ „მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი!“
ისე, მინდა გითხრათ, რომ ჯანსუღის ის პატარა ფუნაგორია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების~, შენ გეკუთვნის, კოკასა, კოკასაო.
მართლა შენ დაგიწერა, დაბეჭდა კიდეც გაზეთ „ქართულ სიტყვაში“ და კიდევ ერთი ჰქონდა ასეთი, მახსოვს, შენს „პედაგოგს“ მიუძღვნა:
„შენმა ენამ მე ვერ მავნო, შენ კი გავნო, გავნო, გავნო“ (ჯ. ჩ.).
დიახ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამო უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და ეს იქნება გონიერი, წესიერი ხალხის ახალი გაერთიანება, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში თავის სიტყვას იტყვის, უნდა დასრულდეს „ყანდურების“ „დაყავი და იბატონე“, რითიც ჩაძირულია ეს ქვეყანა ჭაობში და ერთი და იგივე „ყანდურ-ფოფხაძეების“ კორუფციონერთა ბანდას, რომელსაც ამ (სისტემატური, მრავალწლიანი) ადამიანების წაკიდება-დაპირისპირებით ერთ წრეზე დაჰყავს ეს ქვეყანა, ამჯერად ვერა, არ გამოგივათ ეგ „ძველი გეგმა“!
ყველა თქვენ მიერ ჩადენილი სიბინძურეები ცნობილია (თუ გნებავთ, მეტს მოგვიანებით მოგართმევთ), რადგან (გარკვეულმა ადამიანებმა) მიზანმიმართულად, ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ!
დაბოლოს, თქვენს რუსულ „შტაბკვარწირას“ ნუგზარ ფოფხაძის ხელმძღვანელობით გადაეცით, რომ მოუძველდათ მეთოდები და რუსთაველზე (თქვენდა სამწუხაროდ) რუსის ჯარის, ტანკის გრუხუნი აღარასოდეს განმეორდება!
კარგად დაიმახსოვრეთ: საქართველო შეცურავს დიდ ოკეანეში!
რაც შეეხება „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“! _ დიახ, ეს ფუნაგორიად ანუ ფუნა-გორიად ჯანსუღმა უთხრა (ხუმრობით, ცხადია) კოკა „ყანდურ“ ყანდიაშვილს, ანუ რა სიბინძურეც შიგ სულში გაქვს შენ, კოკას, ის გადმოედინება შენგან, კოკაო.
ახლა ეს „იუმორით“ სავსე ფოფხაძის ოროსანი მოწაფე მწერს, _ ეგ ხომ შოთა რუსთაველისაა და ჯანსუღი როგორ მეტყოდაო? ეგ შოთასია, ნაღდად, მაგრამ ახლა რასაც გეტყვი, „ყანდურ, ძმაო“, აი, ეს კი ნაღდად ჯანსუღის ფუნაგორიაა (გაგახსენებ, მესმის, არ გინდა, რომ გახსოვდეს, ალბათ):
„წამსვე შემიტოკდა ულვაში,
შენ რომ დაგინახე „ფიგარო“,
ილია არ ყოფილა დუმაში,
შენ ვის დუმაში ხარ, ჯიგარო?!“
ასე რომ, „კოკა სულ წყალს ვერ მოიტანს“, _ იუმორი, იუმორი, „ყანდურ, ძმაო“, ასე სერიოზულად სხვის ფუნა-გორიას ნუ შეხედავ, თორემ მხოლოდ ფუნა შეგრჩება, თუმცა ხომ იცი, „მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“!
_ თაკო, წეღან თქვით, ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელიც კორუფციული მენტალიტეტის საწინააღმდეგო კანონს მიიღებსო. კანონმა როგორ უნდა გაარკვიოს, თანამდებობის პირს კორუფციისკენ მიდრეკილება აქვს თუ არა?
_ ჩანაწერები, რომელიც ბოლო დროს მოვისმინეთ, აბსოლუტურად კორუფციული მენტალიტეტია, ანუ კორუფციული მენტალიტეტია, როცა წარმატებულ ბიზნესმენს კორუფციულ გარიგებას სთავაზობ. ყველაფერი ეს კარგმა პროკურატურამ და სასამართლომ უნდა აღკვეთოს, მაგრამ სადაა ან კარგი პროკურატურა ან კარგი სასამართლო?
_ გეთანხმებით: კარგი არც პროკურატურა გვაქვს და არც _ სასამართლო!
_ სწორედ ეს სისტემა უნდა შეირყეს და ამიტომაც საპრეზიდენტო ინსტიტუცია ოპოზიციონერმა კანდიდატმა უნდა აიღოს!
_ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან, თქვენი აზრით, გამოსავალი რა არის?
_ ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ესენი უნდა წავიდნენ!
_ 28 ოქტობერს საპრეზიდენტო არჩევნებია, შესაბამისად, ხელისუფლება ვერ შეიცვლება…
_ მესმის, მაგრამ 28-ში ეს ერთი ინსტიტუცია უნდა ავიღოთ. საკანონმდებლო ორგანო კი საპარლამენტო არჩევნებით უნდა გამოვცვალოთ! ხელისუფლებაში სახელმწიფო ინტერესებით გაერთიანებული ადამიანების მიერ შექმნილი პარტია უნდა მოვიდეს და ამოისუნთქავს მოხუცი, რომელსაც დასავლური ღირებულებების სიბერეს ვთავაზობთ!

გიორგი აბაშიძე