პიანისტი, ვის გამოც საქართველო შეიყვარეს

დღეს იმ ადამიანზე უნდა მოგიყვეთ, ბავშვობიდან რომ მუსიკამ აქეთ შეიყვარა და ისეთ ნაწარმოებებს აკვრევინებს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესასრულებელია მსოფლიოში.

ის ვახტანგ აბრამიშვილია, თბილისში დაიბადა და აქვე გაიზარდა. პირველი გაკვეთილები 6 წლის ასაკში მამისგან მიიღო. 7 წლისამ უკვე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ სამუსიკო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც 11 წლის მანძილზე ეუფლებოდა საფორტეპიანო ხელოვნებას ჯერ პედაგოგ ჩარბაძის, შემდეგ პედაგოგ კარგარეთელის კლასში. 2009 წელს სწავლა განაგრძო გერმანიაში. 2009-2013 წლებში სწავლობდა ფრანკფურტისა და მოგვიანებით, ვისბადენის კონსერვატორიებში, პროფესორების შტეგემანისა და ფორაბერის ხელმძღვანელობით. ამ წლების მანძილზე მონაწილეობდა ისეთ კონცერტებსა და ფესტივალებში, როგორებიცაა კლოსტერ ებერბახი, კლოსტერ ანაბერგი, ვისბადენის კულტურის ფორუმი, ფრანკფურტისა და დარმშტადტის კონსერვატორიები, ბერშტაინისა და სტეინვეის როიალების სახლი.
2012-2013 წლებში მონაწილეობდა ფესტივალში „Hand und Instrument“. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული მასტერკლასებში ისეთ პროფესორებთან, როგორებიც არიან: ლუკას ბლონდილი, ბერნჰარდ ვეტცი, ვოლფგანგ მანცი, ვერნჰარდ აიკე, იან პოლივკა და რომან ზასლავსკი. 2015 წელს სოლო კონცერტი გამართა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. 2017 წელს ჩაწერა დისკი, რომელშიც შესულია ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის, შუმანის, შოპენის, ლისტისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. ამავე წლის ოქტომბერში დებიუტით წარდგა საერთაშორისო ფესტივალზე „ფერადი ბგერები“ გერმანიაში. 2018 წლის პირველ სექტემბერს კი კონცერტი უკვე ბათუმში ჰქონდა ღია ცის ქვეშ.

ჩვენი სტატიის მთავარი გმირის ყოველი დღე საკუთარ თავზე მუშაობით, როიალზე დაკვრით იწყება და ამავე ნოტზე გრძელდება. ესეც იმიტომ, რომ ის ძალიან უყვარს და თან არასდროს ბეზრდება. მისი საყვარელი კომპოზიტორების სიაში პირველ ადგილს შოპენი, ბახი და ბეთჰოვენი ენაცვლებიან. აღიარებს, რომ გერმანიაში წასვლის მთავარი მიზეზიც სწორედ მათი გავლენით ჩამოყალიბდა, რადგან სურდა, იმ ქვეყანაში ესწავლა, სადაც ეს ბუმბერაზი ადამიანები დაიბადნენ და ცხოვრობენ.
კითხვაზე, თუ რა ენატრება, ახალგაზრდა პიანისტი პასუხობს, რომ ყველაზე მეტად გერმანია და იქაური მეგობრები ენატრება, რომლებიც ზოგჯერ საქართველოშიც ჩამოდიან. ყოველ წელს კი თავად მართავს კონცერტებს გერმანიაში.
როდესაც მის ცხოვრებისეულ სირთულეებზე ვსაუბრობთ, ამბობს, შემიძლია ეს სირთულე გამოწვევად ვაქციო, სწორად დავგეგმო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ის გადავლახოო:
„ყველაზე დიდი და მეტი სირთულე გერმანიაში მქონდა, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ძალიან სიმკაცრეა. ფაქტობრივად, მიწევდა, რომ დილის 10 საათიდან საღამოს 18:00-მდე აკადემიაში ვყოფილიყავი, ლექციებზე მევლო და, პარალელურად, როიალისთვის დამეთმო დრო. ამ შემთხვევაში რასაც სწავლობ: დისციპლინა, დროის მენეჯმენტი _ ყველაფრის ზუსტად გათვლაა საჭირო“.
ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მის ცხოვრებაში სწორედ დროა, რომლის ფასსაც ბევრი ადამიანი, უბრალოდ, ვერ ხვდება. მისი თქმით, ეს ის განზომილებაა, რომლის რაციონალურად გამოყენებითაც ადამიანი ყველა დაბრკოლების გადალახვას შეძლებს. სწორედ გერმანიაში ყოფნის დროს ისწავლა მისი დაფასება, რომ მეტი დრო უნდა დაეთმო საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის და ნაკლები _ გართობისთვის. დრო ისაა, რასაც ახლაც ძალიან უფრთხილდება.
მიუხედავად იმისა, რომ დროის გარდა ბევრი მნიშვნელოვანი და ძვირფასი ღირებულება თუ განზომილება აქვს, მაინც არაფერი ენანება მეგობრებისა და ახლობლებისთვის, ნათესავებისა და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისთვის.
თამამად ამბობს, რომ საკუთარი თავი იპოვა:
„თუ ადამიანმა საკუთარი თავი გარკვეულ ეტაპზე იპოვა, არ მგონია, რომ ის უკვე ამოწურულია. ამიტომ ვფიქრობ, მიუხედავად საკუთარი თავის და ადგილის პოვნისა, ჯერ კიდევ მაქვს სათქმელი საზოგადოებისთვის. ჯერ კიდევ უნდა შევქმნა და დავტოვო რაიმე ღირებული.
ვფიქრობ, ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანმა ის უნდა გააკეთოს, რისი ნიჭიც ნამდვილად აქვს“.
დღევანდელი სტატიის გმირი ადამიანების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ოცნების ნაცვლად მიზნისთვის ბოლომდე იღვწიან და უკან არასდროს იხევენ. სწორედ ამიტომაა, რომ ყველა დასახულ მიზანს მიაღწია და დღესაც იმ ადგილასაა, სადაც თავს განსაკუთრებულად კომფორტულად გრძნობს.
ამბობს, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიჩუმე და მყუდროება, შესაბამისად, ხმაური და თბილისისთვის მანქანების აშკარად შეუსაბამო სიხვავე მაღიზიანებსო.
როცა მის კრიტიკოსებზე ვსაუბრობთ, ამბობს, რომ ყველაზე დიდი კრიტიკოსი მშობლები და ძმები არიან. საინტერესოა, რომ ვახტანგის მამა ისტორიკოსი და, ამავდროულად, მოყვარული მუსიკოსია, რომელიც ძალიან კარგად უკრავს და ჩვენი პიანისტი რესპონდენტიც სწორედ მაშინ დაინტერესდა მუსიკით უფრო მეტად, როდესაც მამის დაკრული მოისმინა. თან, როცა კლასიკურ მუსიკოსებს უსმენდა, სურვილი ჰქონდა, რომ ზედმიწევნით გაემეორებინა ის, რასაც ისინი უკრავდნენ:
„ჩემი ყველა სურვილი რომ დავიკმაყოფილე და მათი შესრულება ვისწავლე, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდოდა.
ხშირად მეკითხებიან, მაქვს თუ არა წარმატების რაიმე საიდუმლო ან თილისმა, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ მსგავსი არაფერი მაქვს. ცხადია, ყველა ადამიანი ნერვიულობს სცენაზე გასვლის წინ, ეს კარგიცაა, რადგან რაღაც დაბრკოლების გადალახვასა და ყურადღების გამახვილებაში გეხმარება, მაგრამ ამის დასაძლევად მხოლოდ საკუთარ გონებასა და გულს ვიყენებ!
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კონცერტს ერთი ადამიანი ესწრება, 20 თუ 2000, პასუხისმგებლობა ყოველთვის თანაბარია!“ _ ამბობს ის.
ადამიანში ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის გრძნობას აფასებს. გვიხსნის, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ღირებულია, რადგან პიროვნების არსს განსაზღვრავსო.
გვიმხელს, რომ აქვს გადაწყვეტილებები, რომელიც უნანია, მაგრამ აანალიზებს, რომ ცხოვრება გრძელდება, შესაბამისად, მათზე ფიქრიც არ ღირს, მთავარია, ყველა მათგანიდან სწორი და შესაბამისი გაკვეთილი ისწავლო.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, არის თუ არა მაქსიმალისტი და რაში გამოიხატება, ეს შემდეგნაირად გვპასუხობს:
„გამიჭირდება ამის თქმა, რადგან რაც უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ყველაფერთან ერთად, ზარმაციც ვარ, თუმცა ხშირად ვამარცხებ ამ სიზარმაცეს და იმის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძვი, რაც მართლა მინდა“.
ამბობს, საქარველოში წარამატების მიღწევის შანსი ნაკლებია, რადგან ქვეყანა და, შესაბამისად, ასპარეზი, ბაზარი ძალიან პატარაა: „გერმანიას რომ შევადაროთ, სხვაობა ძალიან დიდია, ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმალური წარმატების მისაღწევად საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გახვიდე, საქართველოს მასშტაბები საკმარისი არ არის“.
ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ხედავს, არაკომპეტენტური კადრების სიმრავლეა:
„სწორედ ამის გამო მომხმარებლისთვის ინფორმაციის ან სერვისის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდების პრობლემა იქმნება, რაც ძალიან არ მომწონს. ვფიქრობ, მიზეზი ჩვენი სოციალური მდგომარეობაა, რადგან საქართველოში დღეს ადამიანს ნაკლები შანსი აქვს, რომ თავისი პროფესიით რეალიზდეს, ამიტომ ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც არც იცის. არ ვიტყვი, რომ ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეა“.
მისთვის ცნება თავისუფლება დამოუკიდებლობასთან ასოცირდება, ესეც იმიტომ, რომ გერმანიაში ერთდროულად მოუწია გამხდარიყო დამოუკიდებელი და ამდენად, თავისუფალიც. ამ გადმოსახედიდან დღეს შეუძლია აკეთეოს ის, რაც რეალურად სურს.
პიროვნება, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა სტატიის მთავარ გმირზე, მისი მასწავლებელი გივი ჩარბაძე გახლავთ, რომელიც დღემდე ვახტანგის მეგობარია: „ხშირად გვსტუმრობს ხოლმე და ვმეგობრობთ, მე სწორედ მისი დამსახურებით გავხდი ის, რაც ვარ. ის რომ არა, ალბათ დღეს პიანისტი არ ვიქნებოდი!“
ამბობს, რომ ცხოვრება ბრძოლაა და თავადაც არსებობისთვის, სიცოცხლისთვის იბრძვის, რათა ყოველი დილა განსაკუთრებული ჰქონდეს. დილა კი ახალ შანსს აძლევს მეტი განვითარების, სწავლისა და გამოწვევებისთვის.
კითხვაზე, თუ რა აძლევს მუდმივად განვითარებისა და არდანებების მოტივაციას, შემდეგნაირად პასუხობს:
„მოტივაციას ახლის სწავლის სურვილი მიჩენს. მინდა, რაც შეიძლება მეტი ნაწარმოების დაკვრა ვისწავლო, მართალია, მთელი ცხოვრება არ მეყოფა მათ სრულად ასათვისებლად, მაგრამ მინდა, მეტი ვისწავლო და ცდა არ დავაკლო“.
ამბობს, რომ შინაგანად 25 წლისად გრძნობს თავს. ეს იმ პერიოდს ახსენებს, რომელიც განსაკუთრებულად საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში: სტუდენტობა, მეგობრები, სწავლა და პარალელურად სიამოვნების მიღება ყოველი წამიდან. მიაჩნია, რომ დღესაც სწორედ ისეთია, როგორც მაშინ, უბრალოდ მეტად დაფიქრებული და შორსმჭვრეტელი.
საინტერესოა, რომ სხვა ადამიანებისგან საკუთარ თავს მტკიცე ნებისყოფით ასხვავებს, თან ეს არა მხოლოდ მის საქმეში, არამედ, ზოგადად:
„ვფიქრობ, ნებისყოფის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, არ მიყვარს სულსწრაფობა და მსგავსად არასდროს ვიქცევი. ყველაფერთან ერთად შემიძლია ვიყო ზედმეტად მშვიდი და დამთმობი. ეს ყველა თვისება გერმანიაში ცხოვრების პერიოდში გამოვიმუშავე“.
გასაკვირი არაა, რომ ყველაზე ხშირად მუსიკაზე ფიქრობს. არ აქვს მნიშვნელობა, მგზავრობს თუ სეირნობს, ამბობს, რომ გონებაში მუდმივად მეცადინეობს ამა თუ იმ რითმსა და მოტივზე.
მისთვის ცხოვრების აზრია, ყოველთვის აკეთოს ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და ამით სხვა ადამიანებსაც ასიამოვნო:
„განსაკუთრებულ სიამოვნებას მაშინ ვგრძნობ ხოლმე, როცა კონცერტი სრულდება და ვხედავ, მსმენელიც ძალიან ნასიამოვნებია“. ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს საკუთარი მისია აქვს, გააჩნია, პიროვნება როგორ აღიქვამს მას.
ეიმედება მშობლები, ძმები და მეგობრები _ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მის ცხოვრებაში.
თამამად ამბობს, შანსი რომ მქონდეს, მე-19 საუკუნეში დავიბადებოდი, რადგან ეს ეპოქა განსაკუთრებულად მიყვარს და ახლოა ჩემთვის, თუმცა ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან მუსიკოსი ვიქნებოდიო.
გვიყვება ისტორიას იმაზე, თუ რატომ ჰქვია ეს სახელი და რამდენად დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს მის გამო:
„ეს ბაბუას ძმის სახელია, რომელიც გამოჩენილი არქიტექტორი იყო. მინდა, ღირსეულად ვატარებდე ამ სახელს და ვიყო ადამიანი, რომელსაც ბოლომდე მიჰყავს საქმე“.
საყვარელი გამონათქვამიც აქვს, _ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამბობს, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ რადგან წლები ემატება, ე. ი. ბერდება და იგივე შანსი არ აქვს, რაც ადრე. პირიქით, ის აწმყოთი უნდა ცხოვრობდეს და ყველაფერს აკეთებდეს მომავლისთვის. ფიქრობს, რომ ყველაფრის გამოსწორება და ხელახლა დაწყება ყოველთვის შეიძლება.
საბოლოოდ, იმ ადამიანის სათქმელი საზოგადოებისთვის, რომელსაც საკუთარი ქვეყნის სახელი ღირსეულად გააქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შემდეგია:
„ყველას მოვუწოდებდი, რომ თუ საკუთარ თავს კონკრეტულ საქმეში ხედავენ, მას ყოველდღიური სახე მისცენ, ბოლომდე იშრომონ, დაიხარჯონ, არ დანებდნენ და აუცილებლად დაიცვან დისციპლინა, იყვნენ ფორმაში, აკონტროლონ დრო, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია სასურველ კონდიციაში სტაბილურად ყოფნისთვის.
ვისურვებდი, ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის აღწევდნენ მიზანს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი მიიღწევა, თუ ადამიანს კარგი ნებისყოფა, საკმარისი მონდომება და ცოდნა აქვს. ასე რომ, ყოველთვის და ყველგან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“

ნინო ტაბაღუა