მთავარი საზოგადოება „საქართველო რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც გაუძლებს, თუ „ბაბაიას დიპლომატიის“ გზას არ დაადგება“

„საქართველო რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც გაუძლებს, თუ „ბაბაიას დიპლომატიის“ გზას არ დაადგება“

579
0
გაზიარება

  ფრაგმენტი აკაკი ბაქრაძის წერილიდან „ბაბაიას დიპლომატია“, სადაც განხილულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ასპექტები როგორც წარსულში, ასევე სამომავლო პერსპექტივაში: 

…პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ მოვლენებს რეალურად და ფხიზელი თვალით შევხედოთ. სულერთია, ვინ მართავს რუსეთს: რუსი ივანე მრისხანე თუ თათარი ბორის გოდუნოვი, გერმანელი ეკატერინე მეორე თუ ქართველი სტალინი. ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან…

საქართველომ თავისთავს, ქართველმა ხალხმა თავისთავს საკუთარი ძალით უნდა უპატრონოს. ეს პოტენცია საქართველოს აქვს. ამას ჩვენი ისტორია თვალნათლივ ადასტურებს. აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალთა სულტანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც.

გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო. არ უნდა იყოს ეს ანდაზა ძველი. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი, როცა ჩვენში ლაჩრობა არ ყოფილა პატივცემული. ანდაზა, ალბათ, მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოში ლაჩრობა კეთილგონიერებად მოინათლა. როცა საქართველო დაგლახდა და ბაბაიას ძებნა დაიწყო („ბაბა“ თურქულად „მამას“ ნიშნავს. ამ მნიშვნელობით იხმარება იგი დღესაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში). რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს ბაბა, არ გახდება იგი მოყვარე და არ გვიპატრონებს მამასავით.

გიორგი ბრწყინვალის საქართველო რომ დაეცა, იმის მერე ვის არ ვეძახეთ ბაბაია – სპარსეთს, თურქეთს, რუსეთს, არ გამოვიდა არაფერი. მტერი მტრად დარჩა.

ჩვენს საცოდავ მეფეებს ეგონათ, რუსეთს ბაბაიას თუ დაუძახებდნენ, ეშველებოდათ მათაც და საქართველოსაც. მოტყუვდნენ. ბაბაიამ საქართველოც შეჭამა და მათი დინასტიაც. ბაგრატიონთა გვარი სამად დაჰყო – გრუზინსკად, მუხრანსკად, და იმერეტინსკად – და საერთოდ გააქრო ისტორიის ასპარეზიდან.

ქართველ სოციალ-დემოკრატებსაც (სულერთია, მენშევიკი იყო იგი თუ ბოლშევიკი) ეგონათ, სოციალ-დემოკრატიულ, ანუ კომუნისტურ რუსეთს ბაბაიას თუ დავუძახებთ, გვეშველებაო, მაგრამ ისინიც მოტყუვდნენ. ზოგს უცხოეთში აღმოხდა სული, ზოგს – ციმბირში და ზოგიც საკუთარ კარიერას ემსხვერპლა. საქართველო კი მონის უღელდადგმული დარჩა.

არც დღეს გვიშველის ბაბაიას დიპლომატია. არ მოუტანს იგი საქართველოს კეთილს. დათვი დათვია და ბაბაიას ძახილით თვისებას არ გამოიცვლის…

თუ ვინმე იმედოვონებს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლით რუსეთი საქართველოს დაუბრუნებს აფხაზეთს და შიდა ქართლს (ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ აო-ს), ან თავს იტყუებს ან სხვის მოტყუებას ცდილობს. მას მერე, რაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში რუსეთმა გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, მოახდინა მისი ოკუპაცია, იგი (რუსეთი) თანამიმდევრულად ერეკებოდა ამ ტერიტორიიდან აფხაზებსაც (მოჰაჯირობა) და ქართველებსაც. დაცარიელებულ ტერიტორიაზე გეგმაზომიერად ასახლებდა რუსებს (ძირითადად კაზაკებს), სომხებს, ნაწილობრივ ჩრდილოკავკასიელებსა და სხვა ხალხებს.

რუსულმა საიდუმლო პროპაგანდამ 1921 წლიდან საგანგებოდ დაიწყო აფხაზებში ქართველთა მიმართ ფანატიკური სიძულვილის დანერგვა და მიაღწია კიდეც ამას. ეს მკაფიოდ გამომჟღავნდა ამ ომშიაც, როცა გუდაუთის ხროვა დაუნდობლად გაუსწორდა ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას. ამოწყვიტა იგი და ოკუპირებულ აფხაზეთში მოახდინა დექართველიზაცია. ამით რუსეთმა აფხაზეთის მითვისების მრავალწლიანი ოცნებაც აისრულა.

იგი აფხაზეთს ნებაყოფლობით არასოდეს დააბრუნებს… დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების ვარაუდი ზღაპარია. მოწიფულ ადამიანებს ზღაპრების დაჯერება არ შეეფერებათ…

უკანასკნელი ხუთი წლის მანძლზე ქართველმა ხალხმა თავგამეტებული იბრძოლა რუსეთისაგან თავდასახსნელად. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობამ ერთსულოვნად ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას. წელიწადზე მეტია, რუსეთი გამოუცხადებელ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. წაგლიჯა აფხაზეთი და შიდა ქართლი.

გაუგონარი მხეცობით გაანადგურა ქართული მოსახლეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ნაწილში. ყოველივე ამის შემდეგ რა იურიდიული, რა ზნეობრივი უფლებით მოითხოვს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლას? თან ყოვლად უსუსურ არგუმენტებს იშველიებენ. თურმე ამა თუ იმ დარგის ხელმძღვანელმა საქმეს თავი ვერ გაართვა. ეს კი იმის ბრალი ყოფილა, რომ რუსეთთან გაწყვეტილია ეკონომიკური კავშირი. ის, ვინც ასე მიამიტურად მსჯელობს, ცხადია, დღევანდელ ვითარებაში მინისტრად ვერ გამოდგება.

საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ ისინი, ვისაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა ეოცნებება და სხვა გზა ვერ მოუძებნია საქართველოს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, არც მთავრობაში უნდა იყვნენ და არც – პარლამენტში. თავის მართლება იმით, რომ ყველას აქვს უფლება, საკუთარი განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ამ შემთხვევაში არ გამოდგება.

ეს არ არის განსხვავებული აზრი. ეს არის მცდელობა საქართველოს პოლიტიკური მიზნისა და კურსის შეცვლისა. საქართველო დღეს მიდის დამოუკიდებლობის გზით. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა კი არის ისევ რუსეთის უღელქვეშ დაბრუნება. ასეთი ცვლილებების მოთხოვნას განსხვავებული აზრი კი არ ჰქვია, არამედ სრულიად სხვა სახელი.

აკაკი ბაქრაძე, ,,ბაბაიას დიპლომატია, 1995.

 ცნობილი ექსპერტი, ,,საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ დირექტორი, ალექსანდრე რონდელი, ცნობილი იყო თავისი კომპტენტური ანალიზითა და შეფასების უნარით. გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი ერთერთი ლექციიდან, რომელიც საქართველო-რუსეთისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ეხება: 

„ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია რთული გზაა. ჯერ ვუყურებდით, მერე შევაფასეთ სიტუაცია და მივხვდით, რომ ეს ყველაზე სწორი გზაა. შეიძლება, ტაქტიკა შევიცვალოთ, მაგრამ ეს არის გზა, რომლის შეცვლაც ქვეყნის დაღუპვას ნიშნავს. ამ გზას დიდი ინერციულობა ახასიათებს. ბევრი სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს გზა შემთხვევით არჩეული არაა.

…რუსეთის ხელისუფლებას აქვს დაშლის შიში. ამას დიდი ლოდინი სჭირდება და ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ რუსებმა კარგად იციან, რომ ისევე დაიშლებიან, როგორც, თავის დროზე, საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამიტომ რუსეთში რა მოხდება, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძლიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენზე ჰპოვებს ასახვას.

ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რუსეთიდან ნანგრევები ჩვენზე წამოვა. მთავარია, ვიყოთ ძლიერი შინაგანად. რუსი ფიქრობს, რომ შეიძლება დაიშალოს, ვერ გადარჩეს და ამ შიშის გამოძახილი იყო 2008 წლის აგვისტო. ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ უკან არ დაიხევდნენ. ამ ომით სცადეს ჩვენი შეშინება და კმაყოფილები არიან. ცოტა ძვირი კი დაუჯდათ ეს ომი, მაგრამ ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ვინმეს ჰგონია. ყველას აჩვენეს, რომ იღებენ იმას, რაც სურთ. მათ პანიკური შიში აქვთ იმისა, რომ თუ სადმე დათმეს, მერე სულ დათმობა მოუწევთ, ამიტომაცაა საშიში რუსეთთან ურთიერთობა.

ჩვენ საქმე გვაქვს საშიშ, სახიფათო სახელმწიფოსთან. ჩვენი დამოუკიდებლობა მისთვის პირად შეურაცხყოფასავითაა, მაგრამ ამის გამო ხომ ვერ ვიტყვით უარს არჩეულ გზაზე? რუსეთს ყოველთვის ეცალა საქართველოსთვის. ლოკალურად, სპეცსამსახურებით მუდამ აკონტროლებდა აქ გავლენის შენარჩუნებას. რუსი გენერლები ამბობდნენ, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ იქნებოდა დაცული, თუ საქართველოზე კონტროლს შეინარჩუნებდნენ.

აგვისტოს ომმა ერთი რამ გამოაჩინა კიდევ: ჩვენ არ ვიყავით მზად თავდაცვითი პროცესისათვის. ჯარი მზად არ იყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს მზადება ჯარის სპეციალური გაძლიერებისათვის, თითქოს რუსეთი არასდროს დაგვესხმოდა თავს. არადა, როკის გვირაბთან ცოტა ადრე რომ შეინიშნებოდა მათი მობილიზება, თან ამის გამო უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა, ამის დანახვა ვერ შეძლო ქართულმა დაზვერვამ მხოლოდ იმიტომ, რომ როკის ჩრდილოეთით არავის გაუხედავს.

პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლამ და მერე ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლამ დიდი დაღი დაასვა ორი ქვეყნის ურთიერთობას. თავიდან სააკაშვილს თაფლობის თვე ჰქონდა პუტინთან, მაგრამ როცა ისინი დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილი თავად ,,მოვლენაა” და მისი დამორჩილების შანსი არ იყო, უკვე ურთიერთობის სხვა პლანზე გადავიდნენ.

სააკაშვილი მიახვედრეს, ვინ არის ბატონი, მაგრამ რომ ვერ გააგებინეს, მერე უფრო მეტი წნეხის განხორციელებაზე გადავიდნენ. რუსების სტილია ის, რომ მათ ისე სურთ საქმის კეთება, რომ არც პასუხისმგებლობის აღება უნდათ, არც ფულს გიხდიან და თან გაძალებენ, მოდი, მე რომ გეტყვიო.

მათთან სააკაშვილი იქცეოდა ისე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი, რაც მათთვის მძიმე ასატანი იყო. ამიტომ ვერ იტანდა პუტინი. სააკაშვილის ურყევი პოლიტიკა იყო: ,,მე მაქვს ჩემი პოლიტიკა”. ასტანაში არაოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც დსთ-ს ლიდერები ესწრებოდნენ, პირდაპირ უთხრა პუტინმა სააკაშვილს, ახლა კი არის ცუდი ურთიერთობა ჩვენ შორის, მაგრამ ალბათ უფრო გართულდებაო. ასეც მოხდა.

არც ერთი აგრესორი არ იტყვის, რომ მან ომი დაიწყო. ის სულ ამბობს, რომ აუხტნენ, თავის ჭკუაზე ,,გაუტიეს”, ვეღარ გაუძლო და დაარტყა. რუსეთმა საერთაშორისო კანონი დაარღვია ამ ომით და ამიტომ ჩაწერეს ის, როგორც ,,ოკუპანტი” და არა იმიტომ, რომ ქართველებს ლამაზი თვალები გვქონდა. საქართველოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, შეუვალი და პრინციპული პოზიცია. ყოველდღე არ უნდა გააღიზიანო რუსეთი, მაგრამ დილას რომ ადგები, უთხარი: ,,შენ ხარ ოკუპანტი” და შემდეგ გააგრძელე ამ პოზიციებიდან მასთან დიალოგი.

რუსეთი არის ნიანგი, რომელიც ჯერ ხელს მოგაჭამს, მერე მკლავს და მერე, სულაც, გადაგყლაპავს. ეს მას სისხლში აქვს გამჯდარი…

ჭირივით მეჯავრება რუსეთი, თვალით არ მინდა მისი დანახვა, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას ახლა, ხელი მოაწერე მის დაშლასო, ვერ გავბედავ, რადგან ახლა ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ეს ყველაფერი თავზე დაგვეყრება. თუმცა რუსეთი ფიქრობს, რომ შეიძლება ხვალ დაიშალოს და 2008 წელს მისი შემოტევა ამ შიშის შედეგიც იყო. რუსეთთან ურთიერთობა სახიფათოა, რადგან ჩვენ  საქმე გვაქვს არანორმალურ სახელმწიფოსთან.

მან ომი არ იცის, ის ყოველთვის იგებს რაოდენობით და ტერიტორიით. რთული აღსაქმელია ეს სიტყვები, როცა იცი, რომ მან  ომი მოგიგო 2008 წელს, მაგრამ ეს რეალობაა. მას ძალიან უყვარს ხელის ფათური შორეულ ტერიტორიებში. ის გეუბნება: კაი, იყავი დამოუკიდებელი, მაგრამ იყავი მოძმე, ანუ ნუ დახტიხარ, შემეკითხე მე და მოიქეცი ისე, როგორც მე გეტყვი. ასეთი დამოუკიდებლობა ვის რად უნდა? ტუვალუს ამის პრობლემა არ აქვს, ამიტომ იმოქმედა თავის გადარჩენის ინსტინქტმა და ამიტომ დათანხმდა რუსეთს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ხელი როცა მოაწერა.

გამუდმებით მივცოცავთ ნატოს მთაზე. ხან ჩამოვვარდებით, ხან თოკზე ვეკიდებით, მაგრამ ის, რაც ცალსახაა, არის ის, რომ არც მთას შევცვლით და არც ცოცვას მოვეშვებით. მთავარი ახლა ისაა, თოკი არ გადაიჭრას, თორემ ბევრი ყინული შეიძლება ჩამოვარდეს. ეს თამაში არაა, დღეს ერთი მოგინდეს, ხვალ – მეორე. იმ გზაზე, რომელიც არჩეულია, ხანდახან გაჩერებებიც იქნება, მაგრამ ქართველებს ეს გადახვევები გვჩვევია. ჩვენ ხომ სწორ გზაზე სიარული არ ვიცით”.

ალექსანდრე რონდელი 2015 წლის 12 ივნისს 73 წლისა გარდაიცვალა.

ლუკა მენაბდე

 

 

 

დატოვეთ კომენტარი