უცნობი საქართველოს ქონიკა – 1919 წლის იანვარი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-31.

1919 წლის იანვარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა პირველ ახალ წელიწადს შეხვდა. ახალი დასრულებულია სომხეთ-საქართველოს ომი. ქვეყანა დატოვა გერმანულმა არმიამ. მათ ნაცვლად ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ. გაურკვეველია ბათუმის სტატუსი. საქართველომ დაიბრუნა მესხეთ-ჯავახეთი. პარიზში იწყება სამშვიდობო კონფერენცია, სადაც გამარჯვებული ქვეყნების მეთაურებს ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობაზე უნდა ემსჯელათ. ამ კონფერენციაზე იბადებოდა ახალი სახელმწიფოები და მათ რიგში საქართველოც თავის ჯერს ელოდა. ამ კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს დელეგაციაც მიემგზავრება. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით.

ახალი წლის აღნიშვნა

გაზეთ „საქართველოს“ 5 იანვრის ნომერში მოცემულია უბრალო მოქალაქის პატარა წერილი, რომელიც ახალი 1919 წლის აღნიშვნას ეხება. ეს წერილი, „მელანიას“ ფსევდონიმით არის ხელმოწერილი. აქ ჩანს, თუ რა განწყობით ხვდებოდა საქართველო ახალ წელიწადს და რა სადღეგრძელოს სვამდნენ საახალწლო სუფრაზე: „რამდენმამე სახლობამ განვიზრახეთ ერთად მივგებებოდით არა ჩვეულებრივ გარემოებებში მომავალ ახალს 1919 წელს. უნდა მივგებებოდით სრულიად დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში პირველ ახალ წელს, რომელსაც თან მოჰქონდა ჩვენთვის შეურყეველი იმედი ბრწყინვალე გამარჯვებისა ვერაგ მტრებზედ. და განა ამაზედ უძვირფასესი და უტკბესი განცდა სამშობლოს მოსიყვარულე გულისათვის იქნება კიდევ სხვა რამე?
რამდენადაც არა უხვი და სადა იყო სუფრა, იმდენად დიდი იყო სიხარული და აღფრთოვანება სუფრაზე და აღფრთოვანებითაც წარმოითქვა: პირველი სადღეგრძელო ყველაზედ ახალგაზრდა თავისუფალ საქართველოს რესპუბლიკისა; მეორე _ მისი აწინდელი მთავრობისა და განსაკუთრებით ბ. ნ. ჟორდანიასი, რომელსაც გულის ფანცქალით შეჰყურებს მთელი გაერთიანებული საქართველო და გამოელის მისგან, რომ შეძლებს იგი აგრძნობინოს ფრიად საშიშარს ვერაგ მტერს საქართველოს ძალა და დიდება, და მესამე სადღეგრძელო _ საქართველოს რესპუბლიკის ძლევა-მოსილ ჯარისა და სახალხო გვარდიისა. ამ უკანასკნელ სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს დამსწრეთა შორის სურვილით შეიკრიფა რესპუბლიკის თავდაცვის ფონდისთვის 625 მანეთი“.
პირველ იანვარს გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს თბილისის, გორისა და თელავის მაზრების გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძის განკარგულებას, რომელიც საახალწლო დღეებში შემოღებულ წესებს ეხება. როგორც ირკვევა, საახალწლო ღამეს ქუჩაში თავისუფალი მოძრაობა მხოლოდ ღამის ორ საათამდე იყო ნებადართული. ვინც ამ წესს დაარღვევდა, მას პატიმრობა ემუქრებოდა. რადგან სომხეთ-საქართველოს ომის გამო თბილისში ჯერ კიდევ სამხედრო წესები მოქმედებდა, აკრძალული იყო საახალწლო ღამეს თოფის სროლა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოქალაქეს წელიწადნახევრით დააპატიმრებდნენ და ათი ათასი მანეთით დააჯარიმებდნენ.
სამხედრო წესები 13 იანვარს ნაწილობრივ, ხოლო 22 იანვარს სრულიად მოიხსნა. გამონაკლისს მხოლოდ რესტორნები, კაფეები და დუქნები შეადგენდა, რომელთა მფლობელებიც ვალდებულნი იყვნენ, დაწესებულება საღამოს 11 საათზე დაეკეტათ.
მაგრამ ამ აკრძალვების მიუხედავად, საქართველომ დამოუკიდებლობის პირველი ახალი წელი მაინც დიდი ხმაურითა და თოფის სროლით აღნიშნა. ეს განსაკუთრებით 14 იანვრის ღამეს შეინიშნებოდა. წინა წელს ქვეყანა დროის ათვლის ახალ სისტემაზე გადავიდა. მოსახლეობა ახალ კალენდარს ჯერ მიჩვეული არ იყო და ამიტომ ახალ წელიწადს ინერციით ისევ ძველი სტილით აღნიშნავდა.
1919 წლის 14 იანვარს საქართველოს დედაქალაქში ისეთი უსაშველო სროლა და ბათქა-ბუთქი ატყდა, რომ გეგონებოდათ თბილისს მტერი შემოესია და ქუჩებში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა. გაზეთი „ერთობა“ 15 იანვრის ნომერში ამ ვითარაებას ასე აღწერდა: „ახალ წელს, თფილისის ზოგიერთი მცხოვრებნი ძველი სტილით და ძველებური ჩვეულებით შეხვდნენ. საღამოს 10 საათიდან 13 იანვარს ქალაქში კანტი კუნტი სროლით დაიწყო ეს „შეხვედრა“. ღამით თანდათან გაძლიერდა სროლა და დილით, დაახლოვებით საათის 6-ზე ქალაქი ნამდვილ ბრძოლის ველს მოგაგონებდათ. ყოველ უბანში იყო სროლა – რევოლვერებიდან, თოფებიდან. მცხოვრებთა უმრავლესობამ ახალი წელი ახალი სტილით იდღესასწაულა ამ ცამეტი დღის წინათ. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მეორეჯერ „შეხვედრა“ ახალი წლისა აღარ განმეორდებოდა. ამაში იყო, ალბათ, დარწმუნებული ადმინისტრაციაც და წინასწარ ზომები არ მიუღია, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ბევრს ეჭვი დაებადა. ვერ გამორკვეულიყო, თუ რაში იყო საქმე. ფიქრობდნენ _ შეტაკება დაიწყოვო და სხვა. ნამდვილად კი ნაძირლების მოქმედებამ და ზოგიერთი „მოქალაქის“ თავაშვებულმა საქციელმა გამოიწვია ასეთი შიშიანობა“.
17 იანვრის ნომერში დაბეჭდილია ცნობა, რომ 14 იანვარს მოწყობილი სროლის გამო ხელისუფლებამ რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცა. დააპატიმრეს 25 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობა, როგორც აღმოჩნდა, მილიციის თანამშრომელი და სახალხო გვარდიის წევრი იყო.

სომხეთ-საქართველოს ომი

1918 წლის 31 დეკემბრის 24 საათზე საქართველო-სომხეთის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. ამ დროისთვის ქართული არმიისა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა მნიშვნელოვნად შეავიწროეს სომხური ჯარი. ომის პირველ დღეებში განცდილი მარცხის შემდეგ ქართულმა ფორმირებებმა წარმატებული კონტრიერიში წამოიწყეს და მთლიანად გაწმინდეს სომხებისგან ლორეს რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი. სომხები დამარცხდნენ შულავერთან, ეკატერინფილდთან (დღევანდელი ბოლნისი). 31 დეკემბრისთვის ქართული ჯარი სადახლოში შევიდა. დემორალიზებული სომხური არმია ყველა მიმართულებით უკან იხევდა.
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, 1919 წლის 10 იანვარს, თბილისში მხარეებს შორის ბრიტანელთა შუამავლობით სამშვიდობო კონფერენცია დაიწყო. ამ კონფერენციას სომხეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნილი ტერიტორიული დავა უნდა გადაეწყვიტა. სომხები იმედოვნებდნენ, რომ ბრიტანელები, რომლებსაც ისინი მოკავშირეებად მიიჩნევდნენ, მათ პოზიციას დაიკავებდნენ და სომხეთს ლორეს რაიონსა და ახალქალაქის მაზრას მიაკუთვნებდნენ, მაგრამ მათი იმედი არ გამართლდა. კონფერენციის შესახებ გაზეთი „საქართველო“ 17 იანვარს გვაწვდის ინფორმაციას: „10 იანვარს დაიწყო საქართველო-სომხეთის კონფერენციის მუშაობა იმ საკითხების გამოსარკვევათ, რომლებიც დაკავშირებული იყო 1918 წლის 31 ქრისტეშობის ღამის 12 საათზე ჩამოვარდნილ დროებით ზავის გარშემო. კონფერენციის შემადგენლობა: ინგლისისა და საფრანგეთის მხრივ _ პოლკოვნიკი სტიუარტი (თავმჯდომარე), კონსული დიურუა, კაპიტანი დუაბარი და სხვ. საქართველოს მხრივ გეგეჭკორი, საბახტარიშვილი რამიშვილი და გენერალი გედევანიშვილი.
კონფერენციას 4 სხდომა ჰქონდა. ყველა ძირითად საკითხების გარშემო, რომლებიც კი კონფერენციას წინ ედგა, საქართველოსა და სომხეთის შეხედულებები მეტად განსხვავებული აღმოჩნდა ერთი-ერთმანეთისაგან და ყველა ამ უთანხმოებებში გადამწყვეტ ხმად იდგა მოკავშირეთა წარმოამდგენლების ხმა, როგორც ნეიტრალური აზრისა.
პირველი დავა შეეხებოდა იმ ხაზს, რომელზედაც უნდა გაჩერდნენ საქართველოს რესპუბლიკის ჯარები. საქართველოს დელეგაციამ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ჯარები უნდა დარჩნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ ეჭირათ სამხედრო მოქმედების შეჩერების მომენტში, ე. ი. 31 ქრისტეშობის ღამის 12 საათამდე. სომხეთის დელეგაცია მოითხოვდა, რომ საქართველოს ჯარებს დაეხიათ იმ ხაზამდე, რომელზედაც ისინი იყვნენ „დროებითი“ ზავის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტში.
ორივე შეხედულების გამორკვევის შემდეგ, მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სრულიად ეთანხმებიან საქართველოს დელეგაციის შეხედულებას, ამისდა მიხედვით მოხდა დადგენილება კონფერენციისა. ამ დადგენილების წინააღმდეგ სომხის დელეგატებმა წერილობით პროტესტი შეიტანეს“.
კონფერენციის შესახებ დაბეჭდილი მასალა საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოკლედ ვიტყვით, რომ ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, რომლებსაც კონფერენციაზე გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდათ, პრაქტიკულად, ყველა სადავო საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტეს. სომეხთა დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კონფერენციაზე საერთოდ არ განხილულა ახალქალაქის საკითხი, რადგან ქართული დელეგაციის პოზიციით, ახალქალაქის მაზრა საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საქართველო საშინაო საქმედ თვლიდა.
ლორეს რაიონის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით სომხეთა მცდელობის მიუხედავად, ბრიტანელებმა ქართველთა პოზიცია გაიზიარეს და საზღვარი იმ ადგილას დაფიქსირდა, სადაც ქართული ჯარები იდგნენ. თავად ლორეს მაზრის ცენტრალურ ნაწილში ნეიტრალური ზონა ჩამოყალიბდა, რომელსაც შერეული ქართულ-ბრიტანულ-სომხური ადმინისტრაცია მართავდა. სომხების პროტესტის მიუხედავად, საქართველო მართავდა ლორეს მაზრაში მოქმედ ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთსაც.
გაზეთი „საქართველო“ 1919 წლის 7 იანვარს წერილს აქვეყნებს, სადაც სომხეთ-საქართველოს ომის ერთგვარი შეჯამებაა გადმოცემული. შესაძლოა ეს წერილი, რომელიც ომის ცხელ კვალზე დაიწერა, ზედმეტად ანტისომხური მიმართულებისაა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ეს სტატია იმ დროის ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას ასახავს: „ჩვენ ყველანი თანახმანი ვართ იმაში, რომ ამ ომიდან საქართველო ბრწყინვალედ გამარჯვებული გამოვიდა. მართალია ჩვენი ლაშქრის ტალღები შეჩერდა ლორის ქედის კალთებზე და თვით სომხეთის ზეგანი აღარ გადალეკა. მაგრამ ჩვენი გამარჯვების ღირებულება მარტო ვერსტობით არ განიზომება.
თითქმის ყველა სადაო საკითხები ფაქტიურად ჩვენდა სასარგებლოდ გადასწყდა. რასაკვირველია ჩვენ სომხეთს ვედავებოდით ბამბაკის ხეობასა და ლორის ველსაც, რომელიც ახლაც სომხის ჯარს უჭირავს, მაგრამ სამაგიეროდ მოწინააღმდეგე თბილისსა და თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს გვედავებოდა. ეკატერინეფელდისა და შულავერის გამარჯვებით ჩვენ მოვიგეთ საუკუნოებრივი ბრძოლა თბილისისათვის, რომელიც არ შემწყდარა ჩვენი დედა ქალაქის დაარსების დღიდან და რომელსაც ბოლო დროს შეკავშირებული რუსები და სომხები აწარმოებდნენ. გუშინ კიდევ თბილისი ნამდვილი ინტერნაციონალური ქალაქი იყო. დღეიდან თბილისი ნამდვილი ქართული ქალაქია. როგორც დავით აღმაშენებელმა არაბებს, როგორც ერეკლემ სპარსელებს, ისე ქართველმა დემოკრატიამ რუს-სომხების შეერთებულ ჯარებს ხელიდან გამოგლიჯა კავკასიის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი, ურომლისოთ შეუძლებელია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა.
ჩვენ ჯერ კიდევ სათანადო პერსპექტივა არ გვაქვს, რომ სამართლიანად დავაფასოთ სომხეთ-საქართველოს ომი. მაგრამ შემდეგი თაობები ისევე მადლობით მოიხსენებენ ეკატერინოფილდისა და შულავერის გმირებს, როგორც ჩვენ ასპინძისა ან კრწანისის გმირებს ვიხსენიებთ. სომხობა ჩვენთვის ძლიერ საშიში იყო როგორც სახელმწიფოს დამშლელი ელემენტი. ოსმალები და სპარსელები მოდიოდნენ, ქვეყანას არბევდნენ და უკანვე მიდიოდნენ. ეს ხალხი პირიქით, საუკუნოების განმავლობაში ჩვენ ტერიტორიაზე იყო დაბანაკებული და ხრავდა ჩვენი ეროვნული ორგანიზმის ხერხემალს. არც მურვან ყრუს, არც ჯელალედინს და არც შაჰაბაზის ურდოებს ისეთი ზიანი არ მიუყენებია ქართული სოფლისა და ქალაქისთვის, რაც მას უსახელო სომხის ჩარჩების ლეგიონებმა მიაყენეს“.
სომხურ-ქართულ ომზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან სომეხთა წინააღმდეგ მიღებული ზომებით დავასრულოთ. 1918 წლის დეკემბრის მიწურულსა და 1919 წლის იანვრის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სომხების დაპატიმრებები დაიწყო. 7 იანვარს გაზეთი „საქართველო“ მოკლე ცნობას ბეჭდავს: „კვირას ჩხრეკის დროს ქალაქის სხვა და სხვა უბნებში 2 ათასი სომეხი დაიჭირეს. ყველანი სომხების სემინარიაში წაიყვანეს. ვისაც ჰქონდა მოწმობა გენერალ-გუბერნატორისა თბილისში ცხოვრების ნებართავაზე, გაანთავისუფლეს. დანარჩენნი ქუთაისის გუბერნიაში გაგზავნეს“.
დაიხურა ქალაქ თბილისის თვითმმართველობასთან არსებული ლტოლვილთა განყოფილება. მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს საზღვრებს გარეთ სომეხი დევნილების გაძევება დაავალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმმა ღალატში ეჭვმიტანილი ყველა სომეხი ეროვნების მოქალაქე დაატუსაღა. დაიხურა თბილისში გამომავალი სომხური გაზეთები. სახელმწიფო სამსახურიდან დაითხოვეს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სომეხი თანამშრომლები; წმენდა ჩატარდა მილიციისა და არმიის რიგებში; თბილისში დააპატიმრეს სომეხთა ეროვნული საბჭოს წევრები.
ხელისუფლების განკარგულებით ქონება ჩამოერთვათ მტრის დახმარებაში ბრალდებულ სომეხ ვაჭრებს. თუმცა, როგორც საომარი ვითარების დროს ხდება ხოლმე, ამ დადგენილებას ხშირად უდანაშაულოებიც ეწირებოდნენ. ცხადია, რომ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს ყველა სომეხი არ იზიარებდა. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 27 დეკემბერი. დაბეჭდილია გორის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები სომხების ერთობლივი მიმართვა: „ჩვენ სოფელ ატოცში მცხოვრებნი სომხები, ვგრძნობთ დიდ დანაშაულს ჩვენი მოძმე ქართველი ხალხის წინაშე. საშინელ ზიზღს და სიძულვილს ვუცხადებთ მათ ვინც ქართველთა წინააღმდეგ გამოილაშქრა და უდანაშაულოდ მოძმეთა სისხლი დაღვარა, ამიტომ უცხადებთ საქართველოს სრულ ჩვენ ნდობას და მზათ ვართ დახმარება გაუწიოთ მას, თუ კი ჩვენი დახმარება იქნება საჭირო“.

დიდი ბრიტანეთი საქართველოში

1919 წლის იანვარში გაზეთებში სულ უფრო იმატებს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის საჯარისო ფორმირებების საქართველოში შემოსვლის შესახებ. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კავკასია დიდი ბრიტანეთის საპასუხისმგებლო ზონად გამოცხადდა. ბრიტანულმა არმიამ ჩვენს რეგიონში ოსმალური და გერმანული ნაწილების ჩანაცვლება დაიწყო. ბრიტანელი სამხედროების შესახებ პირველი ცნობა გაზეთ „საქართველოს“ 5 იანვრის ნომერში გვხვდება, საიდანაც ვიგებთ, რომ ბათუმიდან თბილისში 2 ათასი ინგლისელი ჯარისკაცი ჩამოვიდა. ამავე ნომერში გაზეთი იუწყება, რომ ბათუმის ოლქი მთლიანად ბრიტანელებმა დაიკავეს. ორი დღის შემდეგ, 7 იანვრის გამოცემაში, ბრიტანული ჯარის გადაადგილების შესახებ კიდევ ერთ ინფორმაციას ვხვდებით _ ფოთში 600 ჯარისკაცი ჩამოვიდა და ეს რაზმი მოკლე დროში თბილისისკენ გაემგზავრებოდა. 15 იანვარს გაზეთი „საქართველო“ გვაუწყებს, რომ საქართველოს დედაქალაქში ინდოელების (სიპაები) ბატალიონი განლაგდა, რომელშიც 1000 სამხედრო ირიცხებოდა.
ბრიტანელები აქტიურად ამოწმებენ და კონტროლს ამყარებენ ამიერკავკასიის რკინიგზაზე. რკინიგზის მდგომარეობას ინგლისელი ინჟინრების სპეციალური ჯგუფი სწავლობდა. 18 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობა, რომ რკინიგზის დასაცავად ბრიტანულმა კომენდატურამ სიპაების ბატალიონი მიავლინა. ინდოელ ჯარისკაცებს თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალის, აგრეთვე რკინიგზაზე არსებული ხიდების დაცვა დაევალა.
გაზეთ „საქართველოს“ 19 იანვრის ნომერში უკვე ბრიტანული სამხედრო მისიის თბილისში ჩამოსვლის რეპორტაჟია მოცემული: „16 იანვარს ტფილისში ჩამოვიდა მეთაური ინგლისის მისიისა გენერალი ფორესტიე-ვოლკერი. გენერალის სპეციალური მატარებლიდან გამოსვლის დროს, რომლითაც ის მოვიდა, სადგური წარმოადგენდა ლამაზ სურათს. ერთის მხრივ გამწკრივებული იყო საპატიო ყარაული, რომელიც შესდგებოდა 1-ლი ქართული ცხენოსანი პოლკის „ვზვოდისაგან“, მის პირდაპირ იდგა ინგლისელ ჯარისკაცთა ყარაული, რომელნიც გენერალს მოჰყვნენ. სადგურზე მოსულნი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი კ. საბახტარიშვილი და სამხედრო მინისტრის ამხანაგი გედევანიშვილი მიესალმნენ დიდ სტუმარს, რაზედაც გენ. ფორესტიე-ვოლკერმა მილოცვითვე უპასუხა და თფილი მადლობა გადაუხადა შემხვედრელებს. ამის შემდეგ გენ. ფორესტიე-ვოლკერი მისთვის საგანგებოთ მოწყობილ ბინაზე წავიდა“.
საქართველოში ბრიტანული არმიის შემოსვლასთან დაკავშირებით ქვეყნის პარლამენტის პრეზიდიუმმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო დიდ ბრიტანეთზე დიდ იმედებს ამყარებდა და რწმენას გამოთქვამდა, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.
გაზეთი „საქართველო“ ამ განცხადებას 19 იანვრის ნომერში სრულად ბეჭდავს: „საქართველოს პარლამენტი მხურვალედ გესალმებათ თქვენ, პატივცემულო ღენერალო და სალამს უძღვნის თქვენი სახით თავისუფლების მოყვარულ ინგლისის ხალხს და მოკავშირეთა სახელმწიფოებს. ქართველ ხალხს მტკიცედ სწამდა, რომ დიდი ბრიტანეთი ეს თავისუფლების აკვანი _ შემოვა ჩვენში, როგორც ძლიერი მეგობარი, რომელიც დაიცავს და მხარს დაუჭერს მრავალ-ტანჯულ ქართველ ხალხის სამართლიან ეროვნულ და ისტორიულ უფლებებს, ჩვენ უკვე ხელთა გვაქვს ამისი საბუთები, დღეს ჩვენ მიერ მიღებულია თქვენი მთავრობის ცნობა, რომ ის სიმპატიით ეპყრობა ჩვენს რესპუბლიკას და იმედს გვაძლევს, რომ მხარს დაგვიჭერს ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში მსოფლიო კონფერენციაზე. ჩვენ გთხოვთ თქვენ, ბატონო ღენერალო, გადასცეთ თქვენს მთავრობას, რომ ეს ცნობა საქართველოს ყოველი მოქალაქის გულში გამოიწვევს პატივისცემისა და მადლობის გრძნობას დიდი ბრიტანეთისადმი. საქართველო გაიგებს, რომ მას თავისუფლებისთვის ბრძოლაში თქვენი სახით ჰყავს ძლიერი მეგობარი, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს მის მისწრაფებას, რათა ისიც შევიდეს სრულ-უფლებიან წევრად განათლებულ ერთა ოჯახში“.

დამფუძნებელი კრების არჩევნების სამზადისი

1919 წლის თებერვალში საქართველოში დამფუძნებელი კრების, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს, იგივე პარლამენტის არჩევნები დაინიშნა. ეს იქნებოდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ამ ღონისძიებისთვის სამზადისი რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.
თუ გაზეთ „საქართველოს“ იანვრის ნომრებს გადავხედავთ, აშკარად დავინახავთ, რომ არჩევნების შესახებ ინფორმაცია ნელ-ნელა გაზეთის წამყვანი თემა ხდება. თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიები. იბეჭდება მოწოდებები. ტარდება პარტიული ყრილობები. ქვეყნდება დეპუტატობის კანდიდატთა პროგრამები და ა. შ. მსგავსი სურათია სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „ერთობის“ ფურცლებზეც. იმ დროის საქართველოში ძირითად პოლიტიკურ ძალას ქვეყნის მმართველი პარტია _ სოციალ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა. მეორე პოზიციას კი უდავოდ ეროვნულ-დემოკრატები იკავებდნენ.
გაზეთ „საქართველოს“ 10 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დამფუძნებელი კრების არჩევნები საქართველოში 1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალს ჩატარდებოდა. აქვე ჩამოთვლილია არჩევნების ჩატარების წესიც: „მთელი საქართველო წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს; არჩევნების უფლება აქვს ორივე სქესის ყველა მოქალაქეს, ვისაც ოცი წელი უკვე შეუსრულდა; რეგულიარულ ჯარში ჩარიცხულთ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს არა აქვთ ხმის მიცემის უფლება; თითეულ საარჩევნო უბანში მონაწილეობის უფლება იმასა აქვს, ვინც ამ უბნის საარჩევნო სიაშია შეტანილი; არჩევნების წარმოებას ჰხელმძღვანელობენ: რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქალაქო, სამაზრო, სოფლის საზოგადოება და სოფლის წვრილ საარჩევნო კომისიები“. საარჩევნო წესები სულ 13 პუნქტისგან შედგება, სადაც დეტალურად არის გაწერილი ხმის მიცემის პროცედურა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პირობები და ა. შ.
არჩევნებთან დაკავშირებით 15 იანვრის გაზეთში მოცემულია თბილისის გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძის საგანგებო განცხადება, რომლის მიხედვითაც ნებადართულად ცხადდება პარტიული კრებებისა და შეკრებების ჩატარება. ამასთანავე, მაღლაკელიძის მითითებით მილიციას ევალებოდა ასეთი კრებების ჩატარების ხელშეწყობა.
19 იანვრის გაზეთში დაბეჭდილია საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას ეხება. როგორც ირკვევა, თბილისის ცენტრალურ საარჩევნო ბიუროში სომეხი ეროვნების რამდენიმე ბოროტმოქმედმა ამომრჩეველთა ბარათები გაანადგურა. ცნობიდან ჩანს, რომ ისინი მხოლოდ ქართველების საარჩევნო ბარათებს ერჩოდნენ და ამ გზით ცდილობდნენ არჩევნებში ქართველების დამარცხებას: „როდესაც დღიურად მუშაობა გათავდა და ბიუროს გამგე ვას. ხახანაშვილი სახლში წავიდა, ბიუროს კანცელარიაში დარჩნენ ბიუროს მოსამსახურე პირნი: აკოპ პოღოსიანცი, სარქის მელიქ შახნაზაროვი, გიორგი კაჩაროვსკი (პოლონელი სომეხი, გრიგორიანის სჯულის). ამგენმა მოქრთამეს ბიუროს მსახური და შეუდგნენ იმ ამომრჩეველ ბარათების მოსპობას, რომელზედაც ქართველების გვარები იყო. თითო ბარათის მოსპობაში გადაუწყვიტეს 10 კაპიკი. ეს ამბავი შეიტყო ბიუროში მოსამსახურე თამარ იანქოშვილის ასულმა და სადაც ჯერ იყო შეატყობინა. რამდენი ბარათის მოსპობა მოასწრეს 17-ში და წინა დღეებში ჯერ გამორკვეული არ არის. მაგრამ ფიქრობენ, რომ მოსპობილია ათი ათას ბარათამდე. სამივე ბოროტმოქმედი დაიჭირეს და ციხეში გაგზავნეს“.

შავი ჭირის ეპიდემია

1919 წლის იანვარში საქართველოში ტიფის ეპიდემია გავრცელდა, რომელსაც მოსახლეობაში სხვანაირად შავ ჭირს, იგივე სახადს ეძახდნენ. მდგომარეობა იმდენად საგანგაშო გახდა, რომ ხელისუფლებამ თბილისში 17 იანვრიდან სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. 25 იანვრის მონაცემებით ე. წ. არამიანცის საავადმყოფოში ტიფით დაავადებული ათასი პაციენტი იწვა. საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი აღარ იყო და ამიტომ ახალ პაციენტებს ვეღარ იღებდნენ. დასნეულებულებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლემა 15 პროცენტს მიაღწია.
სენთან საბრძოლველად მთავრობამ 18 იანვარს საგანგებო ზომები მიიღო და სპეციალური სანიტარიული სათათბირო დააარსა, სადაც ექიმებთან ერთად სამხედრო და სამოქალაქო უწყების წარმომადგენლებიც შედიოდნენ. დაინიშნა განსაკუთრებული რწმუნებული, რომელსაც უფლება ჰქონდა, გამოეცა სავალდებულო დადგენილებები, მოეხდინა ექიმების მობილიზაცია. ვინც საგანგებო რწმუნებულის განკარგულებას არ დაემორჩილებოდა, მათ სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებოდათ. საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებდა, უზრუნველყო იმ პირთა ოჯახები, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის დროს დაიღუპებოდა. განსაკუთრებულ რწმუნებულად ექიმი კოპაძე დაინიშნა, რომელსაც ხელფასის სახით წელიწადში 3 ათასი მანეთი განესაზღვრა.
30 იანვარს გაზეთმა „საქართველომ“ ექიმ ვაშაძის ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც განხილული იყო, თუ რატომ ვრცელდებოდა საქართველოში ტიფის ეპიდემია და რა გზები არსებობდა მასთან საბრძოლველად. ვინაიდან წერილი საკმაოდ დიდია, მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ: „წარმოუდგენელია ის საშიშროება, რომელსაც გვიქადის შავი ჭირის გავრცელება საქართველოში. ეს ჭირი პირველად ძლიერ გავრცელებული იყო სომეხ ლტოლვილთა შორის და ეხლა დიდის სისწრაფით ედება მკვიდრ მცხოვრებლებსა და რამოდენიმე ჩვენი ექიმებიც იმსხვერპლა. საუბედუროთ გადამდებ სენთან საბრძოლველად დაარსებული საავადმყოფოები არ არიან საკმარისი და არც კარგათ არიან მოწყობილნი, რის გამოც ძლიერ ცოტა ნდობა აქვთ მათ ხალხში მოპოვებული. ავადმყოფები რჩებიან რამოდენიმე დღე თავის ბინაზე, რის გამო სენი სხვებზეც გადადიოდა და გადადის.
დღეს საქმე იქამდის მივიდა, რომ ძნელი გახდა ეპიდემიასთან ბრძოლა. ერთის მხრით ავათმყოფებს ვერ ვგზავნით ბარაკებში, სადაც ხშირად ალაგი არ მოიპოვება, მეორეს მხრით სახლში ავათმყოფებს არავითარი მოვლა არა აქვთ. მშობლებს ავათმყოფობის გადადების ეშინიათ და ამავე დროს სისუფთავეს ვერ იჭერენ და სენი ძლიერ ვრცელდება. შავი ჭირი კბენარების წყალობით გადადის ერთისაგან მეორეზე. ეგ არის მიზეზი, რომ შავი ჭირი იქ მძვინვარებს ხოლმე, სადაც სისუფთავე არ არის, სადაც პარაზიტები: ტილი, რწყილი, ბაღლინჯო ბლომად მოიპოვებიან. ამის გამო ამ ავათმყოფობას იძენენ სარდაფებში, ბნელ ოთახებში, ვაგონებში, სადაც ეხლა მეტისმეტად სიბინძურეა. აბანოებშიც იძენენ ავათმყოფობას, რადგან აბანოში ავათმყოფებისაგან კბენარები რჩებიან. აი, მაგალითიც: ექიმმა ლაზარეთში ვანა მიიღო. თურმე იმ ვანაში წინეთ ჭირიანს ტანი დაებანა. ექიმმა იგრძნო, რომ რაღაცამ უკბინა და მართლაც კბენარი გამოდგა. ორ-სამ დღეში ექიმი ავათ გახდა და მეშვიდე დღეზე სული დალია“.

მიხეილ ბასილაძე