რატომ თქვა უარი გიორგი სუხიტაშვილმა საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობაზე?

გიორგი საკარული

თბილისობის დღესასწაული, ახალი წელი და არჩევნები _ ეს ის დღეებია, როდესაც ქართველ მომღერლებს (და არამარტო) ამღერებენ და ხშირად პოლიტიკური შეკვეთების შესრულებაც უწევთ, თუმცა მავანი ამბობს, რომ ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევითო, არადა, სცენაზე საპირისპიროს გაჰყვირიან.

მოკლედ, კულტურის მუშაკები რომ ამისიანებად და იმისიანებად არიან დაყოფილები, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ზოგჯერ პატივმოყვარეობას ფულის სიყვარული რომ წონის, ეგეც კარგად ვიცით. იშვიათად, ვინმე თავმოყვარეობამ ან აპოლიტიკურობამ შეაწუხოს და ფულზე წინ თავისი საქმე დააყენოს. ასეთი აღმოჩნდა მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი, რომელმაც საარჩევნო კონცერტებზე სასტიკი უარი განაცხადა.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რატომ ამბობს სუხიტაშვილი კონცერტებში მონაწილეობაზე უარს?
_ რატომ თქვით უარი წინასაარჩევნო კონცერტებზე, ფინანსურად ხომ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა?
_ ფინანსურად, როგორც ვიცი, ძალიან კარგი ანაზღაურებაა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ჩემი მსმენელი შეიძლება ყველა პარტიის მომხრე იყოს, ამიტომ ეს კონცერტები არანაირ თანხად არ მიღირს. თან ამ ყველაფერში უნდა იყო დამაჯერებელი. მომღერლები საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობენ და ამბობენ, მის პოლიტიკას ვემიჯნებიო, სადაა ლოგიკა და არგუმენტად მოჰყავთ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ერთი ქალაქი ჩვენი ქვეყნის ხელაა. ბევრი რაღაცა დევს სასწორზე. ყველა ადამიანი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს. წინასაარჩევნო კონცერტებზე რომ მივიღო მონაწილეობა, ძალიან მყარი არგუმენტი მექნება. ყველაფერი ფული არ არის.
საპარლამენტი არჩევნებზეც ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე პარტიებს, რომ გავახსენდი, მაგრამ მათთაც უარი ვუთხარი. თუ გვინდა, რომ მოსახლეობას ვასიამოვნოთ, ზეიმი, კონცერტი ვაჩუქოთ, არჩევნები რომ დასრულდება, შეუძლიათ კონცერტები გააკეთონ და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. გამიხარდება, რაც უფრო მეტი კონცერტი იქნება რეგიონებში, რადგან ხალხს კულტურული ღონისძიებები აკლია.
გული მწყდება, რომ ბევრი მომღერალი რთული დილემის წინაშე დგას ხოლმე. ბევრს ჰგონია, რომ მომღერლებს კარგი შემოსავალი აქვთ, მაგრამ ეს ასე არაა. თუ მომღერალი მხოლოდ სიმღერით ირჩენს თავს, თვის ბოლოს ჩვეულებრივად მიწევს კომუნალურებზე და სხვა საჭიროებებზე ფიქრი. იმისთვის, რომ ბევრი საქმე მოვასწრო, ყოველდღე დილის 6 საათზე ვიღვიძებ და ღამის 2 საათზე ვიძინებ.
_ წინასაარჩევნო საკონცერტო ჰონორარები რამდენში მერყეობს?
_ არ ვიცი. ჰონორარამდე არასდროს მიმიყვანია საუბარი. პირდაპირ ვეუბნები _ არას!
_ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დაგირეკათ?
_ რამდენიმემ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების დროს ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დამირეკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი საწინააღმდეგო ამ კონცერტების არ მაქვს, უბრალოდ, თუ ჩვენს ქვეყანაში დადგება დრო, როდესაც კონცერტი გამიჯნული იქნება ყოველგვარი პოლიტიკისგან, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
_ თუმცა ფინანსები ძალიან დიდ როლს თამაშობს…
_ ნამდვილად, არავინ თქვას, რომ ფინანსები დიდ როლს არ თამაშობსო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მე ვინმესთან ვაჭრობაში შევედი, შემდეგ ჰონორარზე ვერ შევთანხმდით და ამიტომ ვთქვი უარი. საბედნიეროდ, ფინანსებამდე არასდროს მიმიყვანია საქმე. ისეთი საოცარი თანხა უნდა იყოს, რომ არგუმენტად მაინც ვთქვა, კარგად ვარ, ძმებო და მინდა, რომ თქვენც იგივე გისურვოთ-მეთქი.
_ რამდენია თანხა, რის გამოც მიიღებდით წინასაარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას?
_ არ მიფიქრია.
_ ხომ ამბობთ, რომ საოცარი თანხა უნდა იყოსო და რამდენია თქვენთვის ეს საოცრება?
_ მართლა არ ვიცი და არც მინდა ამაზე ფიქრი, სწორედ გამიგეთ. მაგაზე რომ მეფიქრა, აუცილებლად დავასახელებდი კონკრეტულ თანხას და ციფრს. მირჩევნია, იმდენი მქონდეს, რომ მშიერი არ ვიყო, ვიდრე ბევრი მქონდეს და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მივეკუთვნებოდე.
_ თუ სწორად მივხვდი, თქვენი უარი მხოლოდ წინასაარჩევნო კონცერტებს ეხება და არა, ზოგადად, სახელმწიფო ღონისძიებებს?
_ რა თქმა უნდა. სახელმწიფო ღონისძიებებზე არასდროს მითქვამს უარი და არც ვიტყვი. ყველა მთავრობის დროს გამოვდიოდი სხვადასხვა სახლმწიფო ღონისძიებაში და მომავალშიც მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს ჩემი მოვალეობაა, ჩემი პროფესია, საქმე და სამსახურია. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში მიმყავს „დილის პიკის საათი“, ასევე ვარ თბილისის მერიის „ბიგ-ბენდში“, რომელიც მერიის ბალანსზეა და მეამაყება, რომ უკვე 8 წელია, ამ ორკესტრის წევრი ვარ.
_ თქვენმა კოლეგებმა თუ გამოგიცხადეს მხარდაჭერა?
_ არა, არც ვიცი და არც მაინტერესებს. მე იმიტომ კი არ ვაკეთებ ამას, რომ სხვამ გამომიცხადოს მხარდაჭერა, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება და პოზიცია. არავის საქმეში არ ვერევი. თუ ვინმე კონკრეტული პარტიის ან ადამიანის მხარდასაჭერ კონცერტში მონაწილეობს, მას მიაჩნია, რომ ეს სწორია ან იზიარებს კონკრეტული პარტიის პოზიციას, ან, უბრალოდ, „ევასება“ და იმიტომ მონაწილეობს, არ ვიცი, ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს. მე რას ვფიქრობ, ეს ჩემი დამოკიდებულება და პირადი საქმეა. არ წამოვალ და ტალახის სროლას არ დავიწყებ.
_ საინტერესოა, რას სთხოვენ წინასაარჩევნო კონცერტზე მომღერლებს, საზოგადოებას თუ მოუწოდებენ კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისკენ? ან სცენიდან მათი სლოგანის ყვირილსა და ა. შ.?
_ არ ვიცი. აქ ხომ მარტო მომღერლები არ არიან. თუ წინასაარჩევნო ღონისძიებებს დააკვრდებით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან და მონაწილეობენ: რეჟისორები, მსახიობები, სპორტსმენები _ ყველას ჰყავს გარკვეული ტიპის მიმდევარი სახელოვნებო სფეროდან. ყრილობებსაც რომ გადახედოთ, მიხვდებით, ვინ იყო იძულებით მისული და ვინ _ არა. რა კითხვაც თქვენ დამისვით, ძალიან შიდა სამზარეულოა, რაზედაც, ბუნებრივია, ვერ გიპასუხებთ.
_ დაბოლოს, თქვენ თუ მიდიხართ არჩევნებზე?
_ გულწრფელად რომ გითხრათ, გადაწყვეტილება ჯერ ვერ მივიღე. ჩემი შეხედულება მაქვს რაღაცების და ვიღაცების მიმართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კონკრეტულ პარტიებს სხვა კანდიდატები რომ წარმოედგინათ, უფრო მეტი შანსი ექნებოდათ. ახლა ცოტა გაურკვევლობაში ვარ და ვეცდები, ჩემი არგუმენტები ისე დავალაგო, რომ არჩევნებზე მივიდე.

გიორგი საკარული