მინისტრის ახალი ინიციატივა და ქართული ბიზნესის შესაძლო დისკრიმინაცია

უცხოელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას საქართველო მას შემდეგ ცდილობს, რაც ქვეყნის კურსი გახდა ცნობილი და ცივილიზებული სამყაროსკენ დავიწყეთ სვლა. სწორედ ამიტომაა, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო საერთაშორისო მასშტაბით წამყვან პოზიციებს არ თმობს, თუმცა მნიშვნელოვანია გავითავისოთ ისიც, რომ მხოლოდ უცხოელი ინვესტორებისთვის კი არა, ქართველი მეწარმე-ბიზნესმენებისთვის ხელის შეწყობაც კრიტიკულად აუცილებელია.

გასულ კვირას ცნობილი გახდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უცხოელი ინვესტორებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება იგეგმება.
ბახტაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, რათა მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შემდგომი გაუმჯობესებისთვის, იგი გადასახადების კიდევ უფრო შემცირებას გეგმავს, თუმცა საქმე ისაა, რომ იგეგმება არა მხოლოდ კორპორაციული გადასახადების გაუქმება საქართველოში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისთვის, არამედ ამ კომპანიებში მომუშავე პირების ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებაც.
საფიქრებელია, რომ ეს უკანასკნელი არათანაბარ პირობებში ამყოფებს ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს. ახალმა ინიციატივამ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია როგორც ბიზნესის სფეროში, ისე ექსპერტებშიც.
ერთი, რაზედაც ყველა თანხმდება ისაა, რომ ინიციატივის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევამდე აუცილებელია ყველა ტიპის რისკის დათვლა, საქმეში კომპეტენტური პირების ჩართვა და ბიზნესთან კონსულტაცია.

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
„ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, რომ იტყვიან, იგივეა ეს, რადგან პრეფერენციების დაახლოებით ასეთივე მოდელი უცხოელი ინვესტორების მიმართ შევარდნაძის დროს, 90-იანი წლების შუაში მოქმედებდა, მაგრამ მაშინ მან დაახლოებით 1-2 წელს იმუშავა და მერე ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორი საერთო საგადასახადო რეჟიმის ქვეშ მოექცა.
ვფიქრობ, დღეს ამ იდეის გაჟღერებისა და წინ წამოწევის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამერიკის სარეზერვო განაკვეთის პერმანენტული ზრდის პირობებში მთელ მსოფლიოში შეინიშნება დოლარის გაწოვა დანარჩენი მსოფლიოდან ამერიკაში და დოლარი, როგორც საგადამხდელო საშუალება, ვალუტა და საინვესტიციო რესურსი, გაძვირდა. ასეთ პირობებში, იმისთვის, რომ ინვესტორებმა, _ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც საკმარისი ფინანსური რესურსი აქვთ ინვესტიციის განსახორციელებლად, _ ამერიკიდან საქართველოს ეკონომიკისკენ იბრუნონ პირი, მათ სჭირდებათ დამატებითი პრეფერენციები, გარანტიები (მათ შორის, სამართლებრივ დონეზე) და ვფიქრობ, ეს ინიციატივაც აღნიშნული პროცესის გამოძახილია, სხვა ახსნა არ მოეძებნება. ადრე თუ გვიან ამერიკა სხვა პოლიტიკას გაატარებს ვალუტის მიმართ, მაშინ უკვე შეიძლება სხვა რეჟიმის შემოღება და გატარება ჩვენთანაც.
რაც შეეხება იმას, რამდენად თანაბარ პირობებში ჩააყენებს ეს ინიციატივა ქართულ და უცხოელ ბიზნესმენებს, გეტყვით, რომ აქ სასწორის ორ პინაზე დასადებია ის, თუ რა როლი უჭირავს უცხოელ ინვესტორებს ქართულ ეკონომიკაში და რა როლი აქვთ ადგილობრივ მეწარმეებს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. მთავარია, ისე არ გამოვიდეს, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ ჰქონდეს და ადგილობრივი წარმოების წახალისების სანაცვლოდ დავაზარალოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ არანაკლები წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
საბოლოო ჯამში, ძნელია თანაბარ პირობებზე საუბარი, როცა პრეფერენციები ერთი კონკრეტული უპირატესობის მქონე პირებისთვის კეთდება. ეს ინიციატივა გადასახედია და ვფიქრობ, რეალურად უნდა შეფასდეს ის უპირატესობები და საფრთხეები, რომელიც აღნიშნულს ახლავს“.

ვახო ჭარაია _ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
„თუ ამ ყველაფერს ისე შევხედავთ, რომ საშემოსავლო გადასახადებისგან მხოლოდ უცხოელს გაათავისუფლებენ და არა ქართველს, ეს დისკრიმინაციაა, მაგრამ თუ კონკრეტულ კომპანიაში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების შეღავათი იქნება, მაშინ აქ დისკრიმინაციას ვერ ვხედავ.
ვფიქრობ, ამ ახალ ინიციატივაში გარკვეული ხარვეზები მოიძებნება, მაგრამ მაინც ისე ვუყურებ, რომ ეს სტიმული იქნება ადამიანისთვის კარგ სამსახურში მუშაობის დასაწყებად.
პარალელი რომ გავავლოთ, სახელმწიფო სექტორში დღეს ბევრ ადამიანს არ უნდა მუშაობა, რადგან იქ ძალიან დაბალი ხელფასებია, თან ისეთი განწყობაა შექმნილი, თითქოს სახელმწიფო მოხელე ფულის მოპარვის გარდა არაფერს აკეთებს, ამ ფონზე უფრო მეტი ადამიანი ბიზნესისკენ ცდილობს წასვლას. თუ ამას დაემატება ისიც, რომ ამ სფეროში დასაქმების შემთხვევაში დაინახავენ, მეტი შანსი ექნებათ გადასახადებისგან განთავისუფლების, მაშინ ეს ცუდი არ იქნება. ამასთან, რამდენად ბევრი უცხოური კომპანიაც უნდა შემოვიდეს საქართველოში, ეს არ იქნება რამდენიმე ათასზე მეტი, შესაბამისად, დიდი აჟიოტაჟის ხვის საფუძველს ვერ ვხედავ. თან, ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ამ კომპანიაში დასაქმებულ უცხოელებზე არ არის მორგებული, ანუ თუ საშემოსავლოსგან ვათავისუფლებთ ვინმეს, ე. ი. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც იმ კომპანიაში იქნება დასაქმებული. უბრალოდ, კონკრეტულ სფეროში წარმატებულად მოღვაწე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ უფრო მეტი, მაღალი ხელფასი მიიღონ სამსახურიდან და გადასახადით არ დაიბეგრონ.
თუ ადამიანი კარგად სწავლობს, მას დღეს არ აქვს გარანტია, რომ თავისი სწავლით კარგ სამსახურს იშოვის და კარგი ხელფასი ექნება, მაგრამ თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ერთი მხრივ, საქარველოსგან იქნება მოზიდული და, მეორე მხრივ, ახალგაზრდები დაინახავენ, რომ ამ ორგანიზაციებში ისინი საკუთარი ნიჭით და ცოდნით იქნებიან ჩართულები, ეს კარგი სივრცე იქნება მათთვის, რომ წარმატებულ კომპანიაში იმუშაონ და გადასახადებიც დაზოგონ“.

ლევან სილაგავა _ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი:
„ამ ინიციატივის წინააღმდეგი არ ვართ, ვიცით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამის მოსაზიდად ყველანაირი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. თუმცა ეკონომიკის განვითარება მთლიანად უნდა ეფუძნებოდეს სტრატეგიას. საჭიროა, სწორედ სტრატეგიულად განვითარდეს კონკრეტული დარგები ქვეყანაში.
მიგვაჩნია, რომ ყველა ინიციატივამ, რომელიც უნდა გადავიდეს დადგენილებაში, საკონომდებლო ფორმაში, უნდა გაიაროს ე. წ. რეგულაციის გავლენის შეფასება (RIA), რათა დადგინდეს, თუ რა დადებითი და უარყოფითი შეიძლება მოჰყვეს ამ ინიციატივის განხორციელებას.
ჩვენი ხედვით, მისი განხორციელებისას აუცილებლად უნდა იყოს ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც უცხოელი ინვესტორების კომპანიებში დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები. შესაბამისად, ეს მეტ ტექნოლოგიას შემოიტანს, კადრები გადამზადდება, ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენთვის.
რაც შეეხება იმას, რომ ინიციატივის მიხედვით მხოლოდ კორპორაციული გადასახადები კი არ გაუქმდება საქართველოში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისთვის, არამედ ამ კომპანიებში მომუშავე პირებიც განთავისუფლდებიან ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადისგან, ცალსახაა, რომ ეს დისკრიმინაციული ფორმაა ადგილობრივი კომპანიებისა და ქართულ კომპანიებში მომუშავე ადამიანების მიმართ. თვალსაჩინოებისთვის ორი კომპანია რომ ავიღოთ, ქართული და საერთაშორისო, რა დააშავა იმ ადამიანმა, რომელიც ქართულ კომპანიაშია დასაქმებული და საშემოსავლო გადასახადს იხდის?!
ბოლო დროს ბევრი ინიციატივა მოდის მთავრობისა და მინისტრისგან, ბოლო მათგანი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შესაძლოა, გარკვეულწილად, დააკომპენსიროს იმან, რასაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვამბობთ _ გარკვეული პრეფერენციები მიენიჭოს ქართულ კომპანიებსაც. მაგალითისთვის, სახელმწიფო შესყიდვების დროს.
ფაქტობრივად, დღეს სახელმწიფო შესყიდვები ბიუჯეტის 1/3-ს წარმოადგენს (დაახლოებით 4-5 მლნ-ის ფარგლებში). ვფიქრობთ, რომ გარკვეული პრეფერენციები მიენიჭოს იმ კომპანიებს, რომელიც ქართული პროდუქციით შედის სახელმწიფო შესყიდვებში. ეს იქნება დაახლოებით 10%-მდე უპირატესობა (რა თქმა უნდა, ხარისხის ერთნაირი მაჩვენებლების პირობებში, რათა სტანდარტი არ დაირღვეს).
საქართველო რამდენიმე ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომელსაც სერიოზული ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი აქვს: სოფლის მეურნეობის პროდუქტები (ან ქართული ხორცი) ან ტექსტილი (როცა ჩვენს ქართულ ჯარს ან პოლიციას ფორმები და ფეხსაცმელი სჭირდება). ის კი არა, გვაქვს ქართული კომპანიაც, რომელიც ავსტრიულ პოლიციას უკერავს ფორმას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მექანიზმები, რომლითაც შეიძლება განავითარო და წაახალისო ადგილობრივი წარმოება, განავითარო სამუაო ადგილები, შექმნა დოვლათი და ხელი შეუწყო დასაქმებულებსაც.
ეს ინსტრუმენტი საკმაოდ კარგად მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებში და შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს გარკვეული საპირწონე ამ ინიციატივის უარყოფითი მხარეებისა, თორემ მისი უშუალო წინააღმდეგი ნამდვილად არ ვართ.
სტრატეგიულად, ვფიქრობთ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება დაჩქარდეს, არადა, ის უნდა ეფუძნებოდეს მთლიან სტრატეგიას და მასში ჩადებული უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, ადგილობრივი ბაზარი და რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიცია.
საერთო ჯამში, პირველ რიგში თავიდან ბოლომდე უნდა გადაიხედოს, შეფასდეს ეს ინიციატივა, გამოვლინდეს რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება ამან მოიტანოს და აქედან გამომდინარე შევიდეს იგი კანონის ფარგლებში. ამასთან, იგი უნდა განიხილონ ბიზნესთან და სხვა დაინტერესებულ პირებთანაც“.

საბოლოოდ, რა სახე მიეცემა პრემიერის ახალ ინიციატივას და როგორ იმოქმედებს იგი ქართულ ეკონომიკაზე? რამდენად განაწყენდებიან ან არასახარბიელო მდგომარეობაში იქნებიან თუ არა ქართული კომპანიები? ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც ინიციატივის საბოლოო ვერსია ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

ნინო ტაბაღუა