მოძალადე ცოლები და მსხვერპლი ქმრები

2018 წელი. საქართველო. ახალი დემოკრატიის ქვეყანა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვასა და მთავარი ღირებულებების ასპარეზზე გამოტანას ახლა სწავლობს.
ადამიანის უფლებებზე საუბრისას ბევრს მოწყვლადი ჯგუფები ახსენდება, ბევრს ძალადობა და ბევრსაც, უბრალოდ, ქალი. არავის მოსდის აზრად, რომ შეიძლება კაცის უფლებებიც მარტივად დაირღვეს და ისიც იმ შემთხვევაში, საერთოდ რომ არ წარმოგვიდგენია, ანუ ოჯახური ძალადობის დროს.

ბოლო წლების მანძილზე განვითარებული და გახმაურებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას. ამ ამბავში სრული სვლით ჩაეშვა როგორც არასამთავრობო და კერძო, ისე სახელმწიფო სექტორი _ შსს და პროკურატურა. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ დღეს, უკვე საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ტენდენციით, ქალების მიმართ ამგვარი „დაცვის“ სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ, მსხვერპლები უკვე მამაკაცები ხდებიან, რომლებსაც „შარში“ ცოლები განზრახ ხვევენ და სასურველ შედეგსაც იღებენ.
დღეს ჩვენ გიყვებით იმაზე, რაც, სავარაუდოდ, ბევრი ადამიანის პროტესტს გამოიწვევს, ბევრიც, უბრალოდ, სასაცილოდ მიიჩნევს მას, მაგრამ ფაქტი ერთია და ცალსახა _ ის რეალობა, რაშიც დღეს გვიწევს ყოფნა.
იმ მიზეზით, რომ ეს საქართველოა და „კაცობაში“ არ ჯდება ქალის მხრიდან მისი ჩაგვრის ხმამაღლა აღიარება, ბევრი საქმე იჩქმალება, როცა ეს ფიზიკურ ძალადობას ეხება. თუმცა დღეს გიყვებით იმ სქემასა თუ სურათზე, რაც საზოგადოებაში ქალების მიერ მათი უფლებების ბოროტად გამოყენების შემდეგ დადგა.

აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ ესაუბრა იურიდიული კომპანია KK Law Office-ს დამფუძნებელსა და დირექტორს, ადვოკატ ქეთევან ქავთარაძეს, რომელსაც არაერთი მსგავსი შემთხვევა ჰქონია პრაქტიკაში. ის საუბრობს როგორც ქალის მხრიდან კაცზე ძალადობის, ასევე ქალების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებისა და, ამავდროულად, მანკიერი სასამართლო პრაქტიკის შესახებ. საბოლოო შედეგი კი ერთია _ მსხვერპლი მამაკაცი და „გამარჯვებული“ ქალი:

_ ქეთევან, თავიდან რომ დავიწყოთ, განგვიმარტეთ, რას მოიაზრებს ოჯახური ძალადობა და ძირითადად რა შემთხვევებში კვალიფიცირდება დანაშაული ამდაგვარად?
_ თანამედროვე პრაქტიკის თანახმად, ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე ხდება (არა მხოლოდ ცოლ-ქმარს, არამედ ეს შეიძლება იყოს მამა-შვილს, ბებიასა და შვილიშვილს შორისაც), აკვალიფიცირებენ ოჯახურ ძალადობად. მაგრამ თავი რომ დავანებოთ სხვა შემთხვევებს, მე უფრო მაწუხებს ის ფაქტი, რომ გამკაცრებული კანონმდებლობის ფარგლებში ქალები თავიანთ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ ხოლმე კაცებთან მიმართებით. იციან, რომ თუ კაცს ხელოვნურად რამეზე წამოიკიდებენ, გააღიზიანებენ და ამით კაცების მხრიდან აგრესიას გამოიწვევენ, აღნიშნულით გარკვეულ სარგებელსაც მიიღებენ, შეუძლიათ, მამაკაცი თავიდან მოიშორონ კიდეც.
ასევე ძალიან ხშირია საქმეები, როდესაც რეალურად ძალადობა არ ყოფილა და ძალადობის ბრალდება მხოლოდ ქალბატონის მოგონილია კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
_ რა იგულისხმება კაცის მოშორებაში?
_ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს ოჯახური ძალადობა დაუდასტურდა, მაშინ მას მინიმუმ 6-თვიანი პატიმრობა გარანტირებული აქვს, მეტიც, აღნიშნულ დანაშაულზე (1261 მუხლი) სასჯელი დამძიმდა. ცხადია, ამ მუხლს თავისი დამამძიმებელი გარემოებები აქვს. ერთ-ერთი მათგანია არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახური ძალადობა, რასაც კიდევ უფრო კარგად იყენებენ ხოლმე ქალები _ თუ გამოძიების ეტაპზე მიუთითებენ, რომ მათ მიმართ კაცის მიერ განხორციელებულ თითქოსდა ძალადობას არასრულწლოვანი ბავშვიც ესწრებოდა, მაშინ დაახლოებით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მამაკაცს, როცა სხვა შემთხვევაში (თუ ინდივიდუალურია ეს კონფლიქტი ქალსა და კაცს შორის) თავისუფლების აღკვეთა ხდება 1 წლამდე ვადით.
მინდა გითხრათ, რომ ეს დამამძიმებელი გარემოებები დღეის მდგომარეობით უკვე კარგად არის ცნობილი ქალებისთვისაც და ხშირად, როცა პროცესზე პირადად მე მიწევს დაზარალებული ქალის დაკითხვა, მაშინ აშკარა ხდება ჩემთვის, რომ რიგ შემთხვევაში მათ ზედმიწევნით აქვთ გათვლილი, დასწავლილი ყოველი სიტყვა, საუბრობენ სამართლებრივი ტერმინებით, რაც გამომძიებლის აქტიურ მუშაობაზე მეტყველებს, რა თქმა უნდა. მიზანი კი ისაა, რომ ქმარი „მოიშორონ“. ისინი ზედმიწევნით აყალიბებენ ხოლმე სამართლებრივ ტერმინებსაც კი, მაგალითად, ამბობენ: „მისი ამ ქმედებით განვიცადე ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა“. მსგავსი პასუხები კიდევ უფრო ამყარებს ჩემს, როგორც ადვოკატის ეჭვს, რომ ამ ქალბატონებს თავიდანვე კარგად აქვთ დამუშავებული კაცის დასჯის გეგმა და შესწავლილი აქვთ კანონმდებლობაც კი.
ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მსგავს შემთხვევებში აშკარაა, რომ გამომძიებლები კარგად ამუშავებენ „დაზარალებულებს“.
_ როდის გამწვავდა ოჯახური ძალადობის პრობლემა და რა შედეგები დააყენა მან?
_ ეს პრობლემა უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც შსს-ს ინიციატივით ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულები უფრო დამამძიმებელ გარემოებად აღიარეს. გადაწყდა, რომ უფრო მკაცრად უნდა დაესაჯათ მსგავს საქმეში ბრალდებულები. უფრო შორს რომ გავიხედოთ, ტალღა აგორდა რამდნეიმე წლის წინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლეს ოჯახურ ძალადობაზე, რაც, რატომღაც, ავტომატურად მოიაზრებდა ოჯახში ძალადობას ქალზე და არა _ პირიქით. მასში ჩაება შსს, პროკურატურა და ისეთი ვითარება შექმენს, რომ თითქოს საქართველოში ქალებს უფლებები არ აქვთ.
პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ქალებს ეს პრობლემა ოდესმე ჰქონდათ, პრობლემა იყო ხოლმე ჩვენს თვითშეგნებასთან, რადგან ვერ ვიაზრებდით, რომ ძალადობის შემთხვევაში უნდა მიგვეღო საჭირო ზომები და მიგვემართა საპატრულო პოლიციისთვის. იმის გათვითცნობიერება არ შეგვეძლო, რომ ვალდებულები ვიყავით, გულხელდაკრეფილებს არ გვეყურა ძალადობისთვის.
გაჩნდა ილუზია, თითქოს ძალადობის ფაქტებს ვერ ვაკონტროლებდით, იყო დაუსჯელობის სინდრომი და ყველა მამაკაცი ცდილობდა ქალების დაჩაგვრას. ამგვარ ფაბულას აჰყვა არა მხოლოდ არასამთავრობო, კერძო სექტორი, არამედ შსს და პროკურატურა. კანონში შევიდა ცვლილება, გამკაცრდა სასჯელი ოჯახურ ძალადობაზე და პლუს, შსს-ს აქვს ინიციატივა, რომ ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულები დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნეოდეს.
_ თუ შეგიძლიათ კონკრეტულ საქმეზე მოგვიყვეთ, სადაც ძალადობის მსხვერპლი რეალურად მამაკაცია, თუმცა მოსამართლის განწყობა და გადაწყვეტილება მაინც ქალის სასარგებლოდ იხრება?
_ მაქვს საქმე, სადაც ყველა მტკიცებულება (დაზარალებულის ჩვენების გარდა) იმას მიუთითებს, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია. ადგილი არ ჰქონია არც დანის ან სხვა რომელიმე საგნით ზიანის მიყენებას ან ძალადობას. არც მუქარა ყოფილა დაზარალებულის მიმართ, მაგრამ საქმე ოჯახური ძალადობის მუხლითაა აღძრული და უკვე მე-7 თვეა, რაც ამ საქმის სასამართლოში განხილვა გრძელდება.
ამ ყველაფერთან ერთად საინტერესო ისაა, რომ თუ დღეს პატიმარი ოჯახური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, მაშინ აღკვეთის ღონისძიების სახით ყველა შემთხვევაში პატიმრობა ეფარდება სასამართლოს მიერ, რომელი ტენდენციაც, იმედი მაქვს, მალე შეიცვლება. სასამართლოს განმარტებით ოჯახური ძალადობა (სამართალში გავრცელებულია თეორია, რომლის თანახმადაც, დაზარალებულებს მსჯავრდადებულის მიმართ სიმპათია უჩნდებათ, უყვარდებათ იგი და ძალადობაც მოსწონთ. სიყვარულის ამ სახეს კი ძალადობად აღიქვამენ მოსამართლეები) ეს ის შემთხვევაა, როცა დაზარალებული ზოგ შემთხვევაში თვითონ ვერ აანალიზებს მისთვის მიყენებულ ზიანს, არის გაუთვითცნობიერებულ მდგომარეობაში, ამიტომ ყოველთვის მიიღებს შერიგების გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დაზარალებული ხელმეორედ არ გახდეს მსხვერპლი, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდება და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შანსიც მიზერულია.
დავუშვათ, ასეა და დაზარალებულს ურჩევნია, რომ ბრალდებულ მეუღლეს შეურიგდეს. ვერაფრით ვიგებ, რატომ არის სასამართლოს გადასაწყვეტი, გააგრძელებს თუ არა ოჯახურ თანაცხოვრებას დაზარალებული ბრალდებულთან?! დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს არჩევანი მასზე უნდა იყოს მინდობილი. შედეგად, ადამიანის არჩევანის უფლებაში სასამართლო ისე ერევა, რომ აღნიშნულს ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობის აღკვეთის მიზანს არქმევს.

ამასთან, ამ დრომდე არ მეგულება შემთხვევა, როცა ოჯახურ ძალადობაზე აღკვეთის ღონისძიების სახით არა პატიმრობა, არამედ, თუნდაც, გირაო შეეფარდებინათ. მეტიც, რა სახის მტკიცებულებებიც უნდა წარადგინო, რომ რეალურად ძალადობის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, მას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ერთადერთი, რასაც სასამართლო ითვალისწინებს, არის დაზარალებული ქალბატონის გამოკითხვის ოქმი, მისი პრეტენზია.
_ როგორია ზოგადი ფონი ამ შემთხვევაში მსხვერპლი კაცებისთვის?
_ სურათი ასეთია, ქალები ზოგ შემთხვევაში სპეციალურად, სხვადასხვა მიზნით აპროვოცირებენ მამაკაცის ქმედებას და შემდეგ სასამართლომდე მიჰყავთ საქმე. მიზანი კი რამდენიმე შეიძლება იყოს, როგორც ქონების მიღება, ისე ბავშვებზე მეურვეობა, სხვა მამაკაცთან ყოფნის სურვილი, უბრალოდ, ქმრის თავიდან მოშორება და ა. შ.
იმის შესახებ, რომ ქალები ხშირად სპეციალურად იქცევიან ამდაგვარად, თავად პოლიციის თანამშრომლებიც ხშირად აღნიშნავენ პირად საუბრებში.
ყოფილა შემთხვევები, როცა ქალები იურისტთან წინასწარ გადიან კონსულტაციას იმ შემთხვევებზე, რა მოხდება, თუ მათზე მეუღლე რაიმე სახით იძალადებს ან თუნდაც ფიზიკურად არ იძალადებს, მაგრამ ფსიქოლოგიურ სტრესს მიიღებენ მეუღლისგან.
შესაბამისად, შექმნილი ვითარების ფონზე ისე გამოდის, რომ, რეალურად, მსხვერპლი არის არა ქალი, არამედ კაცი, რომლის უფლებებიც გათანაბრებული არ გახლავთ ქალების უფლებებთან.
მთავარი კი ისაა, რომ ყველა საქმე, რომელიც ოჯახურ, ამ შემთხვევაში, ქალთა მიმართ, ძალადობას ეხება, ქალების სასარგებლოდ წყდება. მე ჯერ არ მახსოვს (ან ჩემამდე არ მოსულა) საქმე, სადაც კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე მამაკაცი გამართლებულიყო. ამიტომაა, რომ დღეს დაწესებულებაში მსხდომ პატიმართა 50%-ზე მეტი ოჯახური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.
ცხადია, ისეთ დანაშაულზე ვსაუბრობთ, რომელიც სხვებისგან არსებითად განსხვავდება თავისი დისპოზიციით, მაჩვენებლებით, ვითარებით და ა. შ., რადგან სიტუაცია ძირითადად ხდება სახლში, როცა ოჯახის წევრები, მეუღლეები მარტო არიან. ამ კონფლიქტს, მაქსიმუმ, ოჯახის მეორე წევრი ესწრებოდეს. თუ გაგიმართლა და ის ესწრება, ძირითადად, მაინც არ თანხმდება ჩვენების მიცემაზე. ამიტომ რთულია მოწმეებისა და, ზოგადად, მტკიცებულებების მოძიება ასეთ საქმეებზე. აქ სასამართლო მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას მიიჩნევს მტკიცებულებად.
_ ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც ოჯახური ძალადობა ხდება არასრულწლოვნების თანდასწრებით, თუ იყენებენ ამ ფაქტს ქალები სათავისოდ?
_ რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ამ შემთხვევაში, ძირითადად, ისე ხდება ხოლმე, რომ ქალები, რომლებიც სათავისოდ იყენებენ მეუღლის ციხეში გაშვების შემთხვევას, ბავშვებზე ფსიქოლოგიურად მუშაობენ, ამუშავებენ და მამების წინააღმდეგ განაწყობენ, ამიტომ ბავშვებს პროცესზე დაკითხვისას ეტყობათ ხოლმე დედის გავლენა. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში მამის, როგორც ბრალდებული მეუღლისა და მშობლის უფლებები ირღვევა.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები არ ხდება, ან მამაკაცი არ ძალადობს ქალზე რიგ შემთხვევებში, მაგრამ რასაც ვუყურებ, ძირითადი ფონი ისაა, რომ ქალები ირჯებიან ქმრების დასასჯელად, რაც არანაირ სამართლებრივ სტანდარტში არ ჯდება!
_ თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც მამაკაცი არა ამგვარი სქემის, არამედ უშუალოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა?
_ მქონია და, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაც ხშირად ხდება, უბრალოდ, ფაქტი საზოგადოებამდე არ მიდის. თვითონ კაცები ერიდებიან ამის თქმას. მესამე პირების თანდასწრებით არც ერთი კაცი არ იტყვის, რომ მასზე ცოლის მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოხდა.
ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საქმე, როცა ოჯახურ ძალადობაზე დაკავებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მამაკაცი, მას ბრალად სდებენ ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, მუქარას. არადა, ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო _ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მამაკაცი გახლდათ თავისი მეუღლის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ოღონდ, ცხადია, ამაზე საქმე არ არის აღძრული, რადგან, თავის დროზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ ფაქტის შესახებ არ გაუჟღერებია. თუმცა სასამართლო ეტაპზე ეს ყველაფერი ითქვა და იმისთვის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოს, ფართო აუდიტორიის წინაშე ქალის მხრიდან მასზე ძალადობა ეღიარებინა, ამისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მომიწია.
_ საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, რას გვიჩვენებს დღევანდელი პრაქტიკა?
_ თამამი განაცხადია, მაგრამ ვიტყვი, რომ რეალურად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები არიან უმეტესად კაცები და არა ქალები, როგორც ამას აცხადებს შსს, პროკურატურა, არასამთავრობოები. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა შემთხვევას! ეხება მხოლოდ იმათ, როცა ქალებისთვის კანონით მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენებასთან გვაქვს საქმე. ეს კი ქმნის შემდეგ სურათს: სტატისტიკურად დღეს დაწესებულებაში მოთავსებულ მამაკაცთა 50%-ზე მეტს ოჯახში ძალდობა აქვს ბრალად წარდგენილი ან უკვე იხდის სასჯელს.
აღსანიშნავია მანკიერი პრაქტიკაც, რომ მტკიცებულების ნაწილში სასამართლო და პროკურატურა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით ხელმძღვანელობას და სხვა სახის მტკიცებულება არ სჭირდება! მესმის ოჯახური ძალადობის მახასიათებლები, მაგრამ ისევე, როგორც სხვა დანარჩენი დანაშაულები, ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს მტკიცებულებები, რომელიც წარმოდგენილია საქმეში (თუნდაც ირიბად ადასტურებს მხარის უდანაშაულობას). სასამართლო აპელირებას არ უნდა ახდენდეს დაზარალებულის სქესზე, ამ უკანასკნელის არშესრულების გამო კი მთლიანად იკარგება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა _ როცა შსს-მ თავისი ინიციატივა გააჟღერა, რომ ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაული უფრო მძიმედ და მკაცრად უნდა დაისაჯოს, გამოდის, რომ თანასწორობას კი არა პირიქით, სქესის სისუტეს ესმევა ხაზი.
ვფიქრობ, პრობლემა კანონის სიმკაცრეში კი არა, მოქალაქეების სამოქალაქო ვალდებულებების აღქმაში გვაქვს, ვინაიდან დანაშაულზე თუ თვალი არ დაიხუჭება, შედეგიც არ დააყოვნებს!

ნინო ტაბაღუა