„მიუღებელია, ქალს მხოლოდ იმიტომ ჰქონდეს კაცზე დაბალი ანაზღაურება, რომ ქალია!“

გენდერი და სქესი _ ორი „მოვლენა“ განსხვავებული შინაარსით და, არც ისე იშვიათად, მათი გაერთმნიშვნელიანებით. დღესაც კი, საკმაოდ ხშირად, მიაჩნიათ, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ნიშნავს, ქალსა და მამაკაცს ჰქონდეთ ერთნაირი ფიზიკური უნარები და შესაძლებლობები, მაგრამ ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა იცის, რომ ამ ტიპის თანასწორობა არ გულისხმობს ერთი და იმავე წონის პროდუქტის მიტანას სახლამდე, საკუთარი ფიზიკური უნარების გათვალიწინებით.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, ქალი და მამაკაცი თანაბარი გონებრივი, ინტელექტუალური და თანდაყოლილი შესაძლებლობებით იყვნენ ჩართული სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სახის რეალობაში; ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები, მოახდინონ საკუთარი რესურსების რეალიზება; ორივე იყოს ჩართული საკუთარი ოჯახების მართვისა და უზრუნველყოფის პროცესებში და, ამასთან, თანაბრად იყოს დაფასებული შრომა როგორც ქალის, ისე _ მამაკაცის შემთხვევაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. შესაბამისი სტატისტიკის თანახმად: „გენდერული თვალსაზრისით, 2017 წელს, ქალებისა და კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 5.3 და 7.2%-ით გაიზარდა და, შესაბამისად, 770.2 და 1197.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თითქმის ყველა სექციაში აღემატება ქალების საშუალო ხელფასს“.

„ქრონიკა+“ ესაუბრება ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაია რუსეცკაიას:
„ზემოხსენებული ცხრილის მიხედვით საუბარია საშუალო ნომინალურ ხელფასზე, რაც განპირობებულია გადაწყვეტილების დონეზე და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ქალთა დაბალი მონაწილეობით.
მიუხედავად იმისა, რომ კანონით ყველა თანასწორია, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ქალთან მიმართებით, ძირითადად, უკავშირდება აუნაზღაურებელ რეპროდუქციულ შრომას, რაც ქალებს გამორიცხავს და არახელსაყრელ პირობებში აყენებს შრომით ბაზარზე და კარიერული ზრდის პროცესში. ასევე შესაბამისი პირობები არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან. მაგ.: საბავშვო ბაღი, რომელშიც ბავშვის მიყვანა შეიძლება მხოლოდ ორი წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახმა უნდა გააკეთოს არჩევანი _ ვინ იქნება დაკავებული რეპროდუქციული შრომით (ბავშვის აღზრდით), რაც ზემოთ აღნიშნული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ძირითადად, ქალებს მოეთხოვებათ.
შედეგად, ქალს, უმეტესწილად, უწევს, უარი თქვას დასაქმებასა და კარიერულ ზრდაზე. ერთი შვილის შემთხვევაში ქალს უწევს, მინიმუმ, ორი წლით უარი თქვას სამსახურზე, ორი შვილის შემთხვევაში, მინიმუმ, ოთხი წლით და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 000 გოგონათი მეტი ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, მათ დიდ ნაწილს ვეღარ ვხედავთ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.
კანონი ვერ უზრუნველყოს ქალების სრულ დაცვას, რაც ნაჩვენებია გაეროს ერთობლივი პროგრამის კვლევაში:
„არსებული გამოწვევების მიზეზი არის როგორც ნორმატიული ჩარჩო, რომელიც, დღევანდელი მდგომარეობით, გენდერული თანასწორობის საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ვერ აკმაყოფილებს, ასევე საზოგადოებაში დამკვიდრებული მიდგომები და სტერეოტიპები, რომელთა მიხედვით, საოჯახო საქმიანობის, ბავშვთა, თუ მოხუცთა მოვლის ტვირთი, ძირითადად, ქალებს აწევთ. ასევე საზოგადოება კაცს მიიჩნევს როგორც ძირითად მარჩენალს და ქალის შრომას ნაკლებ ღირებულებას ანიჭებს“.
საზოგადოებაში დაბალია ცნობიერება ქალთა უფლებებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. ქალების უმეტესობას, იმავე სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, არ მიაჩნიათ, რომ ირღვევა მათი უფლებები და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იწყებენ საკუთარი უფლებების დაცვას, ძირითადად, როცა უკვე საქმე ეხება სამსახურის დაკარგვის საფრთხეს.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის კუთხით, საქართველო, გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, ქალისა და კაცის საშუალო შემოსავლებთან დაკავშირებით, მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის, იმყოფება 114 ადგილზე, რაც აჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებში მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.
ერთსა და იმავე პოზიციაზე სქესის ნიშნით დასაქმებულთა სტატისტიკა არ არის ხელმისაწვდომი წლების მიხედვით იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობის შედარებითი ანალიზი გავაკეთოთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, ქალთა უფლებები შრომის ბაზარზე დარღვეულია, რაც დამატებით საჭიროებს როგორც საკანონმდებლო სივრცის მოწესრიგებას, აგრეთვე სტერეოტიპებთან ბრძოლის მეტ ძალისხმევას სახელმწიფოს მხრიდან“.

ყველა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობაზე ყოველდღიურად საუბრობენ. თუმცა საკუთარი კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, განურჩევლად სქესისა, ყველა განსხვავებულად იბრძვის ან საერთოდ არ იბრძვის. მოლოდინებისა და თანმხლები მოცემულობების გააზრების საფუძველზე ადამიანებს ან უღირთ ბრძოლა, ან _ არ უღირთ ის. დაუფასებლობა კიდევ ერთი მძაფრი მოცემულობაა, როდესაც ინდივიდები ან ძლიერდებიან, ან პირიქით _ სუსტდებიან და ნებდებიან.
„საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა მასალა სახელწოდებით „ქალი და ბიზნესი“. ამ მასალის მიხედვით, „ქალის როლის ამაღლება საზოგადოებაში არსებითად განაპირობებს ქალისა და მამაკაცის თანაბარ შესაძლებლობებს, უფლებებსა და პასუხისმგებლობას. ქვეყნის გავითარების პროცესში ქალთა და მამაკაცთა სრულფასოვანი მონაწილეობისთვის აუცილებელია, მათ თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი სოციალურ და ეკონომიკურ რესურსებზე, მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს ქალთა შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება აუცილებელია, პირველ ყოვლისა, თვით ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად, ვინაიდან თვითრეალიზაციისკენ, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა მათი უფლებაა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალის მიერ ოჯახში თუ ოჯახს გარეთ გაწეული შრომა მნიშვნელოვნად განამტკიცებს სახელმწიფოს ძლიერებას“.

ამავე პუბლიკაციის მიხედვით, შრომის ბაზარზე ქალთა დასაქმების თვალსაზრისით, განვითარებულმა პროცესებმა დაგვანახვა ქალთა შრომითი უფლებების სერიოზული დარღვევები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია:
– აშკარა დისკრიმინაცია შრომითი დასაქმების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ქალებისათვის;
– ფეხმძიმე და ჩვილბავშვიან ქალთა დისკრიმინაცია;
– დასაოჯახებელ ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევები (სამსახურში მისაღებ პირობად სიტყვიერი დათქმა, სახელშეკრულებო პერიოდში დაოჯახებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით);
– ოფიციალურ განცხადებებში ასაკობრივი, გარეგნული და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია;
– უთანასწორობა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურებრივი დაწინაურებისას;
– სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის იძულება და ზეწოლა;
– სამუშაო ადგილებზე შრომის პირობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა ნეგატიური ტენდენციები.

ზემოხსენებულ საკითხებსა და მის რეალურ გამოვლინებებზე „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს პასუხობს გენდერისტი _ მარი მესხი:
_ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალისა და მამაკაცის შრომის განსხვავებულ ანაზღაურებაზე (თუ ეს ეხება ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფ ქალსა და მამაკაცს), საჯარო სექტორში თითქმის წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მათ ჰქონდეთ არათანაბარი ანაზღაურება. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ქალი და მამაკაცი შტატით იკავებს ერთსა და იმავე პოზიციას (მაგალითად, წამყვანი სპეციალისტი პარლამენტში), ანაზღაურება მათ აქვს აბსოლუტურად ერთი და იგივე. სახელფასო ბადე როდესაც მუშავდება, ის არ განისაზღვრება გენდერული მახასიათებლებით. განისაზღვრება პოზიციურად. აქ საკითხი არის მეორენაირად. როდესაც საუბარია, რომ საერთო სტატისტიკური მაჩვენებლით, ქალებს აქვთ მამაკაცების ანაზღაურებაზე ნაკლები ანაზღაურება, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან და მამაკაცს მეტი აქვს ხელფასი. კიდევ არის სხვა შემთხვევა, როდესაც ვსაუბრობთ პრემიებსა და დანამატებზე. აი, აქ უკვე ჩნდება იმის საშუალება, რომ ვიღაცას ჰქონდეს სხვაზე მეტი ანაზღაურება. ეს უნდა ხდებოდეს გაწეული სამუშაოს, დახარჯული ენერგიის, პასუხისმგებლობის მიხედვით. პრინციპი უნდა იყოს დატვირთვა და სამუშაოს ტიპისა და მოცულობის ნიშნით განსაზღვრა და _ არა კადრების გენდერული ნიშნით გარჩევა.
არ გამოვრიცხავ, რომ კერძო სექტორში ქალის საშუალო თვიური ხელფასი იყოს კაცის საშუალო თვიურ ხელფასზე ნაკლები. კერძო სექტორში ეს, გარკვეულწილად, თავად არის დარეგულირებული კომპანიის მიერ. ერთი საკითხია, რომ, თითქოს, ჩვენ კომპანიას ამის უფლება არ უნდა წავართვათ. რეალურად, მას შეუძლია, გადაწყვიტოს და დააკომპლექტოს გუნდი იმ მაჩვენებლების მიხედვით, თუ რამდენი კადრი სჭირდება და რა პოზიციაზე რა სახის ანაზღაურება განსაზღვროს. მაგრამ კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია, ქალისთვის, მამაკაცთან შედარებით, ნაკლები ანაზღაურება დაწესდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ქალია, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს.
_ კანონით ყველა თანასწორია _ თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით. რატომ არ იცავს ქალების გარკვეული ნაწილი თავის უფლებას შრომის დაფასებასთან მიმართებით? ან თუ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს, რატომ არ ხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება თანასწორობასთან მიმართებით?
_ დასაქმების ბაზარი ჩვენთან ძალიან შეზღუდულია. განსაკუთრებით კერძო სექტორში, სადაც ხელშეკრულების საფუძველზე ხდება შტატში აყვანა. ძალიან მარტივი მექანიზმი აქვს დამსაქმებელს თქვას, რომ ამოიწურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და ჩვენ თქვენ გემშვიდობებით. შესაბამისად, ცხადია, ეს ყველაფერი ადამიანს მოტივაციას უკარგავს. ამასთან, ქართულ რეალობაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სასამართლოს ჩართულობით, არასამართლიანად დასრულებულა _ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინსტიტუციები არ დაემორჩილა. რა უნდა მოვთხოვოთ კერძო სექტორს, როდესაც ერთ-ერთი წამყვანი სამინისტრო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება? შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს უსამართლობა ქალებს უკარგავს მოტივაციას, ენერგიას, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლონ.
ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია იმიტომ, რომ არ შეიძლება, არ უნდა ხდებოდეს კადრების გარჩევა გენდერული ნიშნის საფუძველზე. იმის წინააღმდეგიც ვარ, რომ ქალი იმიტომ უნდა მიიღონ სამსახურში, რომ ის ქალია და შენარჩუნდეს გენდერული ბალანსი. ცხადია, ეს არაპროფესიონალური მიდგომაა. მაგრამ როდესაც ქალი და მამაკაცი თანაბარ პოზიციაზე იმყოფებიან, თუ წამყვანი კომპონენტი მხოლოდ ის არის, რომ ეს კაცია და ამიტომ უნდა მიიღონ, ეს ძალიან არასწორად მიმაჩნია. თუ კადრებს ერთნაირი კვალიფიკაცია აქვთ, მაგრამ სამსახური კიდევ სხვა აქტივობების განხორციელებას მოითხოვს მათგან, ქალებს უნდა ჰკითხონ, _ იქნებ, შეუძლია მას ამ აქტივობის შესრულება? ჩვენ 24-საათიანი სამსახურებიც გვაქვს. ქალები მუშაობენ და, სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულადაც. პირველ ყოვლისა, იქნებ, ქალმა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა და შეუძლია თუ არა?
შესაძლოა, დამსაქმებლები თავს არიდებდნენ, რომ ქალებს გარკვეული ტიპის კომფორტი შეუქმნან, რომ, მაგალითად, თუ ქალს პატარა შვილები ჰყავს, ხელი შეუწყონ. ეს ასე არ უნდა იყოს, არამედ ასე უნდა მიუდგნენ, _ როგორ შევუწყოთ პროფესიონალს ხელი, მოახდინოს საკუთარი რესურსების რეალიზება.
ფაქტია, რომ კარგი კადრი პროდუქციის ხარისხს განსაზღვრავს. დამსაქმებელმა კადრის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენოს ის ფაქტი, რომ მას პირადი ცხოვრებაც აქვს. ძალიან ბევრი წარმატებული ქალი არსებობს, რომელსაც ოჯახიც ჰყავს, შვილებიც და წარმატებული კარიერაც აქვს. ეს დიდწილად დამსაქმებელზეა დამოკიდებული.
_ ქალების დასაქმების საკითხი დედაქალაქსა და რეგიონებში _ ამ მხრივ როგორი ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში?
_ რეალურად, დიდ ქალაქებში მეტი შანსია როგორც დასაქმებისთვის, ისე _ თვითდასაქმებისთვის. რეგიონებში ჩვენი მრეწველობა და წარმოება იმდენად განვითარებული არ გვაქვს. რაც არის, ყველაფერი კერძო ტიპისაა. რამდენადაც მეტად მოხდება ამ ყველაფრის წახალისება, ქალების ხელშეწყობა, მით უკეთესი იქნება ყველასა და ყველაფრისთვის.
ჩემი გამოგონილი არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ ქალებმა უფრო მეტი სიცოცხლისუნარიანობა გამოიჩინეს _ მცირე ბიზნესით კავდებიან და ა. შ. ნამდვილად არ მსურს იმის თქმა, რომ კაცები არ არიან მსგავსი ტიპის იდეების ორგანიზატორები. იმის ხაზგასმა მინდა, რომ საზოგადოების ქალებად და კაცებად დაყოფა არ შეიძლება _ ეს, იმთავითვე, არასწორია.
კანონმდებლობის თვალსაზრისით, თუკი მას პრაქტიკაში მოვიაზრებთ, სიმართლე რომ ვთქვათ, ქალები ნამდვილად არ იმყოფებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში _ უფლებების თვალსაზრისით. შესაძლებლობების თვალსაზრისით იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვი.
_ ტენდენცია რომ შეაფასოთ, წლების წინათ როგორი იყო ქალების ჩართულობა საჯარო თუ კერძო სექტორში და როგორია ეს მდგომარეობა უკვე წლების შემდეგ? წინ დგამს ჩვენი ქვეყანა ნაბიჯებს თუ _ პირიქით?
_ არ მგონია, რომ უკან ვდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ ამას მე თანმიმდევრულ პოლიტიკას არ დავუკავშირებდი. დასაქმების ბაზარს რაც შეეხება, ის, როგორც გითხარით, ძალიან მწირია. თუ მეტი წარმოება გაჩნდება, დასაქმების მეტი შესაძლებლობა იარსებებს, ეს, ცხადია, ქვეყნისთვისაც (ეკონომიკური პროდუქტის შექმნის თვალსაზრისით), ნამდვილად იქნება ძალიან მომგებიანი.
ქვეყნიდან ძალიან ბევრი ადამიანი არის გასული საზღვარგარეთ. ესეც ცუდი მაჩვენებელია.
_ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ბარიერები შეიძლება შეუქმნას ქალებს შრომის დაუფასებლობამ?
_ იმ ქალს, რომელსაც საკუთარი თავის რეალიზების საშუალება არ ეძლევა, ბევრი ბარიერი ექმნება. ეს ფაქტი ქალს იმ ფაქტებსა და გარემოებებზე მიჯაჭვულს ხდის, რომლის შეცვლის საშუალებაც მას ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარი სპეციალობით დასაქმების საშუალება გაუჩნდებოდა. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ქალებს აუცილებლად უნდა მიეცეთ საკუთარი რესურსების პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობა. ეს, ცხადია, ადამიანს თვითშეფასების ხარისხსაც უმაღლებს და მოტივაციას, საყრდენს აძლევს მას ცხოვრებაში. საშუალებას აძლევს, ცხოვრება საკუთარი შეხედულებისამებრ დაგეგმოს და იმ საზოგადოების ნაწილი იყოს, რომელიც ქვეყნის მარაგს ქმნის საერთაშორისო ბაზარზე წარსადგენად.
ვისურვებდი, რომ მალე ყველა ის შესაძლო ღონისძიება მოიძებნოს, დაიგეგმოს და გახორციელდეს, რაც ხელს შეუწყობს ყველა იმ პრობლემისა და დაბრკოლების აღმოფხვრას, რომელიც ქალების შრომის დაუფასებლობას ეხება.
_ რას საქმიანობს „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“ ჩვენს ქვეყანაში?
_ „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“ საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა. მას სხვადასხვა ტიპის აქტივობა აქვს. ის მუშაობს გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ოჯახში ძალადობის მიმართულებით, კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით და სხვ. ამ კონკრეტული მიმართულებებით ორგანიზაციის წარმომადგენლებს არაერთი ჯანსაღი და შედეგიანი პროექტი აქვთ გახორციელებული, უამრავი პროექტი აქვთ დაფინანსებული. რაც საქართველოში სახელმწიფო თავშესაფარია (მაგალითად, ოჯახში ძალადობის ფარგლებში), ყველაფერი „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ ხელშეწყობითაა დაფუძნებული. ფინანსური, საექსპერტო, ადამიანური და სხვა რესურსით, ძალიან დიდი საყრდენია ქართველი ქალებისთვის _ ერთ-ერთი სერიოზული მხარდამჭერი და დამფინანსებელი.
„გაეროს ქალთა ორგანიზაცია“ ჩვენს ქვეყანაში 2001 წლიდან არსებობს, როგორც (როგორც UNIFEM). ის საქართველოში შემდეგი ოთხი თემის ირგვლივ მუშაობს: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება; ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა; ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება და გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში. ცხადია, ოთხიდან ერთი ითვალისწინებს ქალების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში და მის გაძლიერებას ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით „გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“ ერთი ქვეთავის სათაურია: „თანაბარი ანაზღაურება და საერთაშორისო სტანდარტი“. ამ ნაწილის მიხედვით, ანაზღაურებას შორის სხვაობა არის დაყოფილი ახსნად და აუხსნელ ნაწილებად: „ახსნადი გენდერული სხვაობა ანაზღაურებაში ეხება იმ განსხვავებებს, რომელიც შესაძლებელია აიხსნას ქალისა და მამაკაცის ობზერვაციული მახასიათებლებით. (მაგ.: განსხვავებული სამუშაო დრო, განათლების დონე, გამოცდილება და სხვ.). აუხსნელი არათანაბარი ანაზღაურება ეფუძნება იმ განსხვავებებს, რომლის ახსნაც ვერ ხერხდება დაკვირვებითი ფაქტორებით. სწორედ ეს ფორმა მიიჩნევა დისკრიმინაციულად, რადგანაც არ უტოვებს მკვლევარს შესაძლებლობას, ახსნას სხვაობა ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებებს შორის, მაშინ როდესაც ისინი ასრულებენ თანაბარ სამუშაოს ან თანაბარი ღირებულების სამუშაოს“.
ეს ციტატა გულისხმობს, რომ ანაზღაურებებს შორის სხვაობა იმ შემთხვევაში არის გამართლებული, როდესაც ერთ კადრს (იქნება ის ქალი თუ კაცი) მეორე კადრზე უკეთესი პროფესიული განათლება, შესაბამისი გამოცდილება აქვს, როდესაც ამ კადრის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული ხარისხიანი პროდუქტი და ჯანსაღი შედეგი.
ყოველდღიურ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, ცხადად დავინახავთ, რომ, წინა წლებთან შედარებით, ქალები მეტად არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულები და მათი და მამაკაცების საერთო თანამშრომლობის შედეგად წარმოიქმნება ის დოვლათი, რომლითაც საქართველო მსოფლიო ასპარეზზე წარდგება. თუმცა საზოგადოება მაინც იყოფა ქალებად და კაცებად. საჯარო და ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი, დღემდე, არაერთი სახის სტატისტიკა და მონაცემი ორ გრაფად იყოფა – მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში და მაჩვენებელი მამაკაცების შემთხვევაში. დღემდე გვესმის საუბრები და მსჯელობები იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა.

მარიამ ტიელიძე