როდის გახდება ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს პრიორიტეტი?!

10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე აღინიშნება. იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეძღვნება და მიზნად ისახავს ამ საკმაოდ მასშტაბური პრობლემის შესწავლასა და პრევენციას.

საქართველოში უკვე წლებია, მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის სწორად და ეფექტიანად გატარების პრობლემა.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება, პარალელურად მზარდია ქცევითი აშლილობის მქონე ადამიანების სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში.
ბოლო კვლევების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს.
როგორც სფეროს ექსპერტები აფასებენ, ეს მაჩვენებელი საკმაოდ საგანგაშოა და ყურადღების გამახვილებასა და მეტ აქცენტირებას საჭიროებს.
მსოფლიოში ფსიქიკური პრობლემებით დაავადებულთა რიცხვი 450 მლნ-ს აღწევს. საერთო ავადობის ტვირთში შიზოფრენია, დეპრესია, ეპილეფსია, დემენცია, ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება და სხვა ფსიქიკური და ნევროლოგიური მდგომარეობები 13%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზით, 2030 წლისათვის საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებში, დაავადებათა ტვირთის მხრივ, დეპრესია მეორე მიზეზი გახდება.
საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების წილი დაავადებათა გავრცელების სტრუქტურაში 2,5%-ს შეადგენს.

ერთ-ერთ პრობლემად რჩება ის ფაქტიც, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რაოდენობის შესახებ. ეს, ერთი მხრივ არსებული დამოკიდებულებებით და სტერეოტიპებითაა გამოწვეული, მეორე მხრივ კი მიანიშნებს, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამ თვლად სიმრავლეს შეისწავლის.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსების წესებში ცვლილებების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა მდგომარეობა. რამდენიმე კერძო კლინიკაში გაუქმდა ფსიქიატრიული განყოფილებები, დარგის სპეციალისტები კი დაუშვებლად მიიჩნევენ ცალკე გამოყოფილი ფსიქიატრიული დაწესებულების არსებობას, რომელიც საკმაოდ სტრესულია პაციენტისთვის და გარიყვისა და საზოგადოებიდან მოწყვეტის შთაბეჭდილებას ტოვებს.

რა განაპირობებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვის ზრდას და რამდენად იწვევს ამ პრობლემას არსებული მძიმე სოციალური ფონი, „ქრონიკა+“ ესაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კლინიკურ მენეჯერ იოსებ ნანეიშვილს:

_ ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს. რამდენად საგანგაშოა ეს სტასტისტიკა და გაიზარდა თუ არა ეს რიცხვი ბოლო წლებში?
_ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული სტატისტიკა ძალიან მაღალია, თუმცა დაავადებათა აღრიცხვიანობის არასრულყოფილი სისტემისა და სოციალური სტიგმის გამო ოფიციალური სტატისტიკა რეალობას ვერ ასახავს, ამიტომ ეს მაჩვენებელი ანალიზს საჭიროებს. თუ გავითვალისწინებთ სტაციონარში მომართვიანობას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რიცხვი, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია.
_ თქვენი აზრით, უკავშირდება თუ არა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი არასწორად გატარებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკას და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს პოლიტიკა დღეს ჩვენს ქვეყანაში?
_ რადგან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რაოდენობა საგრძნობლად მაღალია, სახელმწიფოს მეტი რესურსის დახარჯვა მართებს ამ სფეროში, რათა შედეგზე ორიენტირებული ეფექტიანი სერვისები დაინერგოს.
სასურველია, აქცენტი გაკეთდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ადეკვატურ დაფინანსებაზე, რათა გაიზარდოს სფეროში დასაქმებული კადრების (მდგ. ჯგუფის ოკუპაციური თერაპევტები, ფსიქიატრები, ექთნები, ფსიქოლოგები-ფსიქოთერაპევტები, სოციალურ მუშაკები) რაოდენობა.
_ ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. იწვევს თუ არა მასობრივ ისტერიას ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და რამდენად დიდია ამის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე?
_ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მძიმე ცხოვრებისეული პირობები იწვევს ადაპტაციის დარღვევებს, რაც მოსახლეობაში მასობრივ სტრესს ქმნის. რადგან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთლობასთან, საჭიროა სხვადასხვა სექტორს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
საერთაშორისო კვლევების თანახმად დადასტურებულია, რომ სწორი ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის პირდაპირპროპორციულია.
_ რა შეიძლება გაკეთდეს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობის პრობლემის პრევენციისთვის და რამდენად მზადაა ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად?
_ აღნიშნული პრობლემების პრევენციისთვის საჭიროა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სერვისების ხელმისაწვდომობა და უტილიზაცია, როგორც სათემო ამბულატორიული მომსახურება, ასევე ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის სტაციონარული მომსახურეობა, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, საზოგადოების ინფორმირება არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე, სტიგმასთან ბრძოლა, აღნიშნული პრობლემების მქონე პაციენტების ოჯახის წევრების ინფორმირებულობა; ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვანია მედიისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა.

გახშირებული სუიციდური ფაქტები და დანაშაულებრივი ქმედებები, „მასობრივი ისტერია“, რომელიც გაზრდილ კრიმინალსა და სიკვდილიანობაში გამოიხატება, მიანიშნებს პრობლემის მასშტაბურობაზე საქართველოში.
რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის პრევენციისთვის და რამდენად არის მზად ჩვენი ქვეყანა ამ ნაბიჯების გადასადგმელად?
„ქრონიკა+“ ესაუბრება ფსიქიატრს, ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონიას:
_ ოფიციალური სტატისტიკით მძიმე ფსიქიკური აშლილობით აღრიცხული პირების რაოდენობა არის 102.977 (დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით), თუმცა ფსიქიატრიული სერვისის ფაქტობრივი მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია (49789) (2018 წლის მონაცემებით).
ზოგადად, მიიჩნევა, რომ თუ გავითვალისწინებთ ყველა ფსიქიკურ აშლილობას, ეს მოსახლეობის 25-30%-ს აღენიშნება, ხოლო ფსიქოზური აშლილობები (შიზოფრენია, შიზოაფექტური აშლილობა, ბოდვითი აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა და დეპრესია ფსიქოზური სიმპტომებით) მოსახლეობის 3-5%-ს აღენიშნება. თუ მათ სათანადო ზრუნვა არ ექნებათ, მაშინ ეს მთელ რიგ პრობლემებს იწვევს როგორც თავად ამ პირებისთვის, ასევე ირგვლივ მყოფებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის.
ფსიქიკური აშლილობების სიხშირე უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში. რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკას საქართველოში და სტრატეგიულ მიმართულებებს, ეს საკითხები თეორიულ დონეზე ძალიან კარგად არის დამუშავებული და დამტკიცებულიც მთავრობისა და პარლამენტის მიერ და აღიარებულიც, თუმცა ფინანსური და ადამიანური რესურსის დეფიციტის გამო განვითარება ძალიან ნელა, მაგრამ სწორი მიმართულებით ხორციელდება. ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი, ფინანსური სიდუხჭირე, ხვალინდელი დღის შიში და ა. შ., ანუ „სტრესული გარემო“ ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარემო ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლები და ბიოლოგიური ფაქტორებიც. ზოგადად, გარდამავალი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ქვეყნებში სტრესთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება.

დღემდე განხილვისა და კამათის საგანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა და მისი გამოწვევები ჩვენს ქვეყანაში. ამ მნიშვნელოვანი სფეროს დაფინანსება მართალია, ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ეს სტატისტიკური ცვლილება რეალობაში ნაკლებად აისახება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკას საქართველოში „ქრონიკა+“-თან აფასებს ფსიქიატრი ქეთევან სილაგაძე:
_ აღნიშნული ციფრები და სტატისტიკა ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გავრცელების სიხშირისგან. მეტიც, შესაძლოა, დაბალი მაჩვენებელი იყოს, რაც კვლავ მონაცემთა შეკრების ხარვეზს შეიძლება უკავშირდებოდეს. მსოფლიოში ბოლო წლებში ფსიქიკურ დაავადებათა სტატისტიკურ მონაცემებს მზარდი ტენდენცია აქვს, რაც, ერთი მხრივ, აღრიცხვიანობისა და დაავადებათა გამოვლენის გაუმჯობესებით შეგვიძლია ავხსნათ, ხოლო მეორე მხრივ თავად დაავადებათა გავრცელების სიხშირის გაზრდით.
ბოლო 20-30 წლის მანძილზე საქართველოში მომხდარმა პოლიტიკურმა, თუ სოციალურ-ეკონომიკურმა ძვრებმა, უდავოდ, ქართველი მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითი გავლენა იქონია. მნიშვნელოვნად გაიზარდა პოსტრავმული სტრესული აშლილობისა და ადაპტაციის დარღვევების რიცხვი, ასევე იმატა ბავშვთა ასაკში ქცევითი და ემოციური პრობლემების რიცხვმა. სამწუხაროდ, ზუსტი ციფრების დასახელება ნამდვილად გამიჭირდება, თუმცა გარემო ფაქტორები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტიოლოგიურ და ფსიქიკური დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს.
რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის მე-18 კონგრესიდან, რომელიც მეხიკოში გაიმართა. ერთ-ერთ მთავარ თემას, სწორედ, ფსიქიკურ დაავადებათა პრევენცია წარმოადგენდა. ანუ მენეჯმენტი მხოლოდ დროული აღმოჩენა და დაავადების სწორი მართვა როდია, არამედ უმნიშვნელოვანესია სწორი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რადგან თავიდან ავიცილოთ დაავადების გაჩენა. ამისათვის, პირველ რიგში, საზოგადოებაში (როგორც სამედიცინო, ასევე ზოგად პოპულაციაში) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაძებ ცნობადობის გაზრდა და ამ მეთოდით სტიგმასთან ბრძოლაა აუცილებელი; მრავალი მითისა და ცრურწმენის დარღვევა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას; ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა მოტივირება და მათი ენთუზიაზმის გაზრდა. უმნიშვნელოვანესია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ინტეგრირება პირველად ჯანდაცვის სფეროში და პრობლემების არა მხოლოდ ერთ სიბრტყეში, არამედ ჰოლისტიკურად განხილვა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა მზად არის ნაბიჯის წინ გადასადგმელად და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ანა ურუშაძე