ფრთხილად, თაღლითები!..

39 წლის ლია მგელაძე ცოტა ხნის წინ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი ინტერნეტ თაღლითობის ახალი ტალღის მსხვერპლი გახდა. მისი სურათებით და მონაცემებით უცნობმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ანგარიში შექმნა, შემდეგ ლიას მეგობრებსა და ნაცნობებს დაუკავშირდა და მათ კონკრეტულ ანგარიშზე ფულის დარიცხვა სთხოვა. ლიამ ამ ფაქტის შესახებ მეგობრებისგან შეიტყო, შემდეგ ეს გვერდი ფეისბუქის ადმინისტრაციაში გაასაჩივრა და დაბლოკა.

ლიას მსგავსად ინტერნეტ თაღლითობაში უნებლიეთ ჩაერთო ნათია სირაბიძე. ის „ქრონიკა+“-ს თავისი ამბის დეტალებს უყვება:
„რამდენიმე მეგობარმა ერთდროულად მომწერა ვაიბერში, ჩემი სახელითა და გვარით, ჩემი ფოტოსურათებით შექმნილი ფეისბუქანგარიშის სქრინშოთი ჩამიგდეს, მეკითხებოდნენ, _ შენ ხარო?
როგორც აღმოჩნდა, ვიღაცამ ინფორმაცია და ფოტოსურათები ჩემი პირადი გვერდიდან მოიპარა, დუბლიკატი შექმნა, ჩემს მეგობრებს იმატებდა და თანხის „აჭარაბეთზე“ ჩარიცხვას სთხოვდა.
ისტორია ასეთი იყო: რომ ჩემი დაქალის შვილს პრობლემა შეექმნა და სასწრაფოდ უნდა ჩავურიცხო, ფული მაქვს, მაგრამ ვერ ვასწრებ ახლა სამსახურიდან გასვლას და ჩამირიცხე… ისეთი არაგრამატიკული ტექსტი იყო და ფამილარული მიმართვა _ ბევრი ამით დაეჭვდა, _ ასე ნათია არ საუბრობსო… თუმცა ჩარიცხვას რამდენიმე აპირებდა, მაგრამ მაინც ჩემთან გადაამოწმა.
სასწრაფოდ მივწერეთ ფეისბუქის ადმინისტრაციას და ნახევარ საათში დაიბლოკა, სამართალდამცველებსაც მივმართე და გამოძიება დაიწყო, მაგრამ რადგან ჩვენებს ფეისბუქზე წვდომა არ აქვთ, ალბათ დადგენა გაჭირდება, თუ ვინ იყო.
პირველ რიგში, ჩემს მეგობრებს ვთხოვე, ინფორმაცია გაევრცელებინათ, თუნდაც ჩემი პოსტი, რომ მსგავსი რამ ხდება; მედია რომ ხშირად გააშუქებს, ესეც გაფრთხილება იქნება, ასევე ყველამ უნდა მიმართოს სამართალდამცველებს, როცა ერთი სამაგალითოდ დაისჯება, სხვა ვეღარ გაბედავს.
მეგობრის მეგობრები ფულის მოცემას აპირებდნენ, რადგან იფიქრეს, მე ისე ტყუილად არ ვთხოვდი. ალბათ, ავტორიტეტულ ადამიანებს ეძებენ, ვისზეც ფიქრობენ, უარს არ ეტყვიანო. არადა, ისე შემრცხვა, როცა ვნახე, რა ტექსტით მიმართავდა და როგორ ანამუსებდა, ფული ჩამირიცხეთ სასწრაფოდო.
ათასი სტუდენტი მყავს და იმათაც მისწერა, ალბათ, ჯერ ყველას არ უთქვამს.

უმეტეს შემთხვევაში ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ჩნდება ე. წ. ფეიქ ანგარიში, რომელშიც სრულადაა გადატანილი მსხვერპლის პირადი ინფორმაცია. ახალი ანგარიშით დარეგისტრირებული მომხმარებელი ხალხს ამატებს და მათ „აჭარაბეთის“ ან სხვა სახის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას სთხოვს. მიზეზი ზოგჯერ კონკრეტული ან უცნობიცაა. საუკეთესო შემთხვევაში ანგარიშის ნამდვილი მფლობელი, ანუ დაზარალებული, ინფორმაციას ამ ტიპის თაღლითობის შესახებ იგებს და ყალბ ანგარიშს ბლოკავს, ასევე მიმართავს სამართალდამცველებს და ცდილობს, საკუთარი და სხვათა უფლებები დაიცვას.
ამ სცენარის მიხედვით, ბოლო პერიოდში, ბევრი თაღლითური შემთხევაა გამოვლენილი.. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია, კიბერდანაშაულის ახალი ფორმა კი ჩვენს რეალობაში უკვე შემოიჭრა..
ხშირად მსჯელობენ ტექნოლოგიური პროგრესის დადებით და უარყოფით მხარეებზე. განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ინტერნეტმა შეცვალა ადამიანიც და მისი ცხოვრებაც.
ინტერნეტი უზარმაზარი ინფორმაციის სივრცეა, რომელიც სრულიად უკონტროლოცაა.
სწორედ ამიტომაც, გარდა დადებითი შედეგებისა, რაც ინფორმაციის გავრცელებასა და სიახლეებზე წვდომას გულისხმობს, ინტერნეტმა ბევრი უარყოფითი შედეგიც მოიტანა.
საუბრობენ პოპკულტურის ვირუსულ გავრცელებაზე, რასაც ინტერნეტი და ეს სივრცე უწყობს ხელს. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით გააქტიურდა საუბრები ინტერნეტ თაღლითობებისა და დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.
ეს მსოფლიოში კიბერდანაშაულის მზარდი სტატისტიკით შეიძლება აიხსნას.
კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა. მაშინ, როდესაც საზოგადოება უფრო და უფრო იყენებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სახელმწიფო სულ უფრო მეტ მომსახურებას აწვდის მოქალაქეებს ელექტრონულად, კიბერდანაშაულის საფრთხე ქვეყანაში დღითი დღე იზრდება.
ეს არის ინტერნეტთაღლითობა ან ონლაინ სივრცეში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითაც და ადგენს კონკრეტულ სასჯელსა და სანქციებს მსგავსი ტიპის კანონდარღვევებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (284), კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება (285), კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება (286) და სხვ. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულთა (მუხლთა) ერთობლიობასაც. კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და შემდგომ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას (სსკ-ის 284-ედა 177-ე მუხლები).
დღესდღეობით კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტთაღლითობა/ქურდობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა დამონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა. შ.
კიბერდამნაშავეები, ძირითადად, იყენებენ სპამის მეთოდებს და სხვადასხვა მავნე პროგრამას. კიბერდანაშაულის მზარდი სტატისტიკა განპირობებულია კიბერსაკითხებზე საზოგადოების დაბალი ცნობიერებით.
საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყოფენ კიბერდანაშაულის სამ კატეგორიას:
1. კომპიუტერის გამოყენება კრიმინალურ აქტივობასთან დაკავშირებული ქმედებების განსახორციელებლად (ნარკოდილერის შავი ბუღალტერიის გადმოწერა);
2. კომპიუტერის დანაშაულის ინსტრუმენტის სახით გამოყენება
(არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით);
3. კომპიუტერი, როგორც დანაშაულის იარაღი (ვირუსების გავრცელება).
დანაშაულის ამ სახით მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია. ის აზარალებს როგორც ინდივიდებს, ასევე კომპანიებსა და ორგანიზაციებს და უფრო მასშტაბურ დონეზე _ სახელმწიფოსაც.
ქურდობა ინტერნეტის საშუალებით, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი და შეიძლება არასერიოზულიც მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურად სწორედ ონლაინ სივრცეში უკონტროლო ქმედებებმა და არსებული საშუალებების მრავალფეროვნებამ დამნაშავეებს მისცა საშუალება, ინტერნეტში ბევრად სწრაფად და შეუმჩნევლად ექურდათ.
კიბერდანაშაულის მზარდი სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა საჭიროებაზე მეტყველებს. პირველ რიგში, აჩენს კითხვას, რამდენად არის მზად ჩვენი სახელმწიფო სხვადასხვა სახის კიბერდანაშაულის თავიდან ასაცილებლად და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად?
საქართველოში მიღებულია კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც აწესებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს საჯარო და კერძო სექტორისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო, რომელსაც ევალება კიბერსივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი საამმართველოს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა კომპიუტერულ-ციფრული ექსპერტიზის ქვეგანყოფილება.
ასევე ჩვენმა სახელმწიფომ შეიმუშავა სახელმწიფო სტრატეგია და დეტალურად განისაზღვრა ის პრევენციის გზები და საშუალებები, რაც ამ მასშტაბური პრობლემის მოსაგვარებლად და შესაჩერებლადაა აუცილებელი.
კიბერსივრცეს არ გააჩნია საზღვრები. კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის კიბერსივრცეში გამართულ ფუნქციონირებას, ელექტრონული ტრანზაქციების უსაფრთხო განხორციელებასა დაქვეყანაში ეკონომიკისა დაბიზნესის შეუფერხებელ განვითარებას.

რა ძირითადი საშუალებები აქვთ კიბერდამნაშავეებს ინტერნეტ სივრცეში კანონდამრღვევი ფაქტების ჩასადენად და როგორია ეს სქემა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამცავი ბაზა ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად?

„ქრონიკა+“ კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტს ესაუბრა, რომელიც უშუალოდაა ჩართული ამ პრობლემის შესწავლის პროცესებში. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა ყურადღება პრობლემის კომპლექსურობასა და მართვის სფეროზე გაამახვილა:
„ტექნოლოგიების ეპოქაში პირად ინფორმაციაზე წვდომა საკმაოდ მარტივია, დაწყებული სოცქსელებიდან და დამთავრებული პირადი ტელეფონის ნომრით.
კიბერშეტევის განხორციელება ან უბრალო საიტის შექმნა, როგორც სქემა, რთულია. მას არანაკლები 3-4 სხვადასხვა სპეციფიკის სფეროს მცოდნე სჭირდება.
საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს როგორც ანგარიშიდან თანხის დაკარგვის, ასევე უფრო გლობალური კუთხითაც.
კიბერდანაშაულის თავიდან აცილების მექანიზმი ჩვენს ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ისეთი ძლიერი არა, როგორც აშშ-ში, რუსეთში, ჩინეთსა და ა. შ.
ამ სფეროში ვინც კარგი კადრი იყო, ქვეყნის გარეთ არის გაყვანილი. ჩვენთან ტექნოლოგიაც მოიკოჭლებს, რადგან ფინანსებს უკავშირდება. მაგრამ ჩვენი დონისთვის მაინც მისაღებია ეს დამცავი მექანიზმი.
რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენს ქვეყანაში კიბერდანაშაული საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამას უფრო წვრილი ხულიგნობის ან თაღლითობის ფორმა აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც ყურადღებაა მისაქცევი და ამ კუთხით აქცენტები უნდა გაკეთდეს. გადაიხედოს არსებული სტრატეგია და უფრო დაკონკრეტდეს მომხმარებლის უფლებები, ასევე გაიზარდოს ინფორმაციულობის დონე, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორნ დაიცვან თავი არსებული საფრთხეებისგან და კიბერდამნაშავეებისგან“.

გაეროს მონაცემების თანახმად, ეკონომიკური მოგების მიზნით ჩადენილ კომპიუტერულ დანაშაულთა რიცხვი (კომპიუტერული სიყალბე, კომპიუტერული თაღლითობა) მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში კიბერდანაშაულთა საერთო რაოდენობის ერთ მესამედს შეადგენს. ქვეყნების გარკვეული ნაწილის ანგარიშებში ჭარბობს ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა: „თაღლითობა ელექტრონულ ვაჭრობასა და გადახდების დარგში“; „თაღლითობა ინტერნეტ აუქციონებზე, როგორებიცაა ebay; „ფინანსური და პერსონალური ინფორმაციის წინააღმდეგ ჩადენილი კიბერდანაშაული“; „თაღლითობის სქემა ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ვებგვერდების მეშვეობით“.

პრობლემის სპეციფიკასა და საფრთხისგან თავის დაცვის გზებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი _ თეონა ტურაშვილი:
„ინტერნეტ თაღლითობასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია მოქალაქეთა ციფრული წიგნიერების ამაღლება. საკითხის სიახლიდან გამომდინარე, ინტერნეტ მომხმარებლებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი ონლაინ სივრციდან მომდინარე პოტენციური საფრთხეებისგან: პირადი მონაცემების უკანონო დაუფლება, ონლაინ თაღლითობა, ე. წ. სპამი, პაროლების გატეხვა, მათ სხვადასხვა ანგარიშებზე შეღწევა და მსგავსი გამოწვევები. ცნობიერების ასამაღლებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ციფრული უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდან, ინტერნეტთან და სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან (კომპიუტერი, iPad, მობილური თუ სხვ.) წვდომის გაჩენასთან ერთად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტორის _ მთავრობის, მედიის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების _ აქტიურობა და თანამშრომლობა.
ტექნიკურ ცოდნასთან ერთად აუცილებელია, მომხმარებლებმა იცოდნენ, რა სამართლებრივი ბერკეტები აქვთ მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მოქალაქეთა ნდობა, რომ ითანამშრომლონ ონლაინ დამნაშავეების გამოსავლენად. ამის მისაღწევად სასურველია, შესაბამის საჯარო დაწესებულებებს ჰქონდეთ პროაქტიური მიდგომა და აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან მათი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ. ასევე ინტერნეტ მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ რომელ საჯარო უწყებებთან შეუძლიათ გაიარონ კონსულტაციები თავიანთი უფლებების დასაცავად: მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი“.

კიბერდანაშაულის ერთ-ერთ ფორმას ბავშვთა პორნოგრაფიაც წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვანის დაშინებასა და მუქარას ინტერნეტის დახმარებით. მსგავსი ფაქტების სიმრავლესა და სავალალო შედეგებს, რასაც სუიციდიც თან სდევს, ჩვენს რეალობაში ვხვდებით.
პრობლემა მასშტაბურია, შეიძლება ითქვას, გლობალურიც კი. გამოვლენისა და დაძლევის გზებზე სფეროს ექსპერტები აქტიურად მსჯელობენ, მანამდე კი შეუზღუდავ კიბერ სივრცეში კიდევ უფრო შეუზღუდავია ბოროტმოქმედებისა თუ დამნაშავეების მოქმედების არეალი და მათი კანონდამრღვევი ქმედებების რიცხვი.
სწორედ ამიტომაც: ყურადღებით, ინტერნეტთან თაღლითები არიან!!!

ანა ურუშაძე